სიტყვა, თქმული გოეთეს ინსტიტუტში გამართულ სემინარზე, რომელიც მიეძღვნა ეროტიკას უახლეს ქართულ სიტყვიერებაში
ამ თემაზე ლაპარაკი ლაშა ბაქრაძემ ერთი კვირის წინ შემომთავაზა. დავთანხმდი და მივხვდი, რომ დარჩენილ დროში ვერ მოვასწრებდი აქამდე წაუკითხავი ყველა იმ ტექსტის გაცნობას, რომელიც ბოლო 10-11 წლის მანძილზე შეიქმნა და რომელშიც, ალბათ, შესაძლებელია ეროტიკული თემის, პასაჟების, მოტივების, ეპიზოდების, მიმართებების და ა.შ. დაძებნა. ამიტომაც ვჯერდები უკვე წაკითხულს, რაც, ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ცოტაა და ყველა შენიშვნას, ყოველი, ჩემთვის უცნობი ახალი მოთხრობისა თუ რომანის სათაურს მოვისმენ სიხარულით.
მწირი ცოდნის გარდა სირთულეს ქმნის ეროტიკისა და ეროტიკულის განსაზღვრება ლიტერატურაში. ნათელია, რომ წმინდა ლიტერატურათმცოდნეობითი მსჯელობა აქ მოთხოვნილი არ არის და, გულახდილად გითხრათ, ხელიც არ მიმიწვდება. მაქსიმუმი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, ნახევრადპროფესიონალი მკითხველის დაკვირვებებია.
ლიტერატურაში ეროტიკის განსაზღვრებას რაც შეეხება, ესეც ფუჭი საქმეა. იურისტები მრავალგზის დაშვრნენ ნაბეჭდ, ვიდეო თუ აუდიო პროდუქციაში ეროტიკისა და პორნოგრაფიის დეფინიციათა ჩამოყალიბებისას, შეეცადნენ ამ ორ ფენომენს შორის მიჯნის დადებას. არსებობს რამდენიმე ათეული განსაზღვრება. და მაინც, კაზმულ სიტყვაში ასეთი მიჯნა მოუხელთებელია. ამიტომაც, ლიტერატურაში ეროტიკაზე ლაპარაკისას ვეყრდნობით არა ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, არამედ ისეთ პირობით, არასაიმედო და სუბიექტურ რამეს, როგორიცაა ესთეტიკური სენსორიკა.
ეროსი, მოგეხსენებათ, ღვთაებაა და ღვთაებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ როგორც კატაფატიკურად, ისე აპოფატიკურად. მე დავიწყებ აპოფატიკური ეროსისმეტყველებით, ანუ შევეცდები მოვნიშნო, სად არ არის და რა არ არის ეროტიკული ახალ ქართულ ლიტერატურაში.
წესისამებრ, ეროტიკა უფრო მძაფრია და მხურვალე, როცა ის აღმოცენდება ერთმანეთისთვის მანამდე უცხო პერსონაჟებს შორის. ეროტიკა ცოცხალია, სანამ არსებობს უცხოობა. ამასთან, აუცილებელი ელემენტია უბიწოების არარსებობა. სხვისი ქალი, თუ გნებავთ, სხვისი ცოლი სასურველია. ეს საუკუნეების ტრადიციაა ლიტერატურაში და უახლესი ქართული პროზაც ამ ტრადიციას ეხმიანება. ეროტიკული მუხტი ხშირად ჩნდება შორეული ქალის მიმართ, “აი ახლობლის ბიძაშვილის ცოლის უფროსი და რომ არის ხოლმე შარაფში” (აკა მორჩილაძე, “აგვისტოს პასეანსი”)… საერთოდ, აკა მორჩილაძესთან ეროტიკული თემა თითქოს არ იშლება, მაგრამ ხშირია ეროტიკული დაძაბულობა, ან დაძაბულობა ეროტიკის “ნიადაგზე”. მის ტექსტებში ეროტიკა შეკავებულია და ცოცხლობს ნართაულებითა და ძუნწი დეტალებით. მოგეხსენებათ, ესეც საუკუნეებში შემონახული ხერხი გახლავთ ეროტიკის გამოსახვისთვის. უცხოობა, იდუმალება, იმორალურობა – აკა მორჩილაძესთან გამიზნულია ეროტიკის დემონიზებისათვის, რაც მან ერთი წიგნის სათაურშიც კი გამოიტანა (“შობა ღამის ალქაჯები”). უცხოობა და სიშორე, როგორც ეროტიკის აუცილებელი და საკმარისი პირობა, ჩანს “ტერცო მონდოშიც”: ამ მოთხრობაში ერთ პერსონაჟს მეგობრის უცხოელი ქალი იზიდავს, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ეს ქალი ქართველია. მეგობარი და ქალი ერთად ცხოვრობენ, მაგრამ – არა საქართველოში. საქართველო ახალ ქართულ ლიტერატურაში ჯერ არ არის ის ადგილი, სადაც არაფორმალიზებულმა ეროტიკულმა ურთიერთობებმა შეიძლება დიდხანს გაძლონ გაუნელებლად. კიდევ ერთი ნიუანსი უცხოობის არგუმენტისთვის: თუ უცხოა, ეგებ მნიშვნელობა არც ჰქონდეს, როგორია ქალი: ზაზა ბურჭულაძის “წერილი დედას” პერსონაჟის პარტნიორი მისი ჰეტეროსექსუალური დებიუტის დროს, რბილად რომ ვთქვათ, შეუხედავი გარეგნობის ქალია, მაგრამ თბილისელი რუსი. ამ ქალის იერის და თითქოს უგემური კოიტუსის მიუხედავად, პერსონაჟი ბედნიერია. ვფიქრობ, ეს არის ზაზა ბურჭულაძის მრავალ პასუხთაგან ერთ-ერთი, გაცემული ქართული ლიტერატურის ახალი სტერეოტიპებისათვის. ბოლო 10-12 წლის ქართულ პროზაში პერსონაჟებს ხშირად ემართებათ ფრუსტრაცია ქალთან პირველი შეხების შემდეგ. ბურჭულაძის ტექსტში კი პირიქითაა.
და მაინც, უახლესი ქართული პროზის პერსონაჟი მამაკაცები თანდათან მთლიანად ერთვებიან ქართველ პერსონაჟ ქალებზე. დაბრუნება სულაც არ მიმდინარეობს მშვიდად და გლუვად. ის კონფლიქტურია, აღბეჭდილია ახალი მიმართებებით, თავისებური სიტლანქით, დაუხვეწავი მოძრაობებით.
მოკლედ, სად არ არის ეროტიკა ქართულ პროზაში? ის არ არის ოჯახში. და ამას აქვს ასევე ხანგრძლივი ტრადიცია, როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ლიტერატურაში. მეტიც, ოჯახი ეროტიკის უარყოფაა და ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებად მე სამ ტექსტს შეგახსენებთ სახელდახელოდ: “კაცია-ადამიანს”, “ჯაყოს ხიზნებს” და “ამბრნი, უმბრნი და არაბნი”-ს. ნაირა გელაშვილის ამ მოთხრობის პერსონაჟი მამაკაცი ოჯახურ ცხოვრებას, ცოლთან ცხოვრებას “დაკანონებულ მრუშობას” უწოდებს. წინა თაობებიდან მგონი, ერთადერთი მწერალი, ვინც შეეცადა (და მოახერხა) ეროტიკის ელემენტი შეეტანა ქართულ ოჯახში, რეზო ინანიშვილია. და ამ შემთხვევაშიც შეიძლება ვილაპარაკოთ არა სექსზე, არამედ მსუბუქ ეროტიკაზე, ინტიმზე, გამჭვირვალე, ოსტატურ ნართაულებსა და იშვიათ ზუსტ დეტალებზე.
უახლესი ქართული ტექსტები კი საერთოდ განძარცულია ოჯახური ეროტიკისაგან. თუ ეროტიკული იმპულსი იღვიძებს დაოჯახებულ პერსონაჟებში, აუცილებლად სხვა, არა ოჯახის წევრის, ანუ მეუღლის მიმართ. ამ აზრით, ეროტიკული ტალღა (მე უფრო მას მოზაიკას ვუწოდებდი) უახლეს ქართულ პროზაში უაღრესად ტრადიციონალისტურია. და აქ უნდა ვახსენოთ ზაზა ბურჭულაძის კიდევ ერთი პასუხი ასეთი ტრადიციისა თუ სტერეოტიპისადმი: ესაა სიმფსონების ქართული ოჯახი.
ჰომეროს და მარჯ სიმფსონების ცნობილი ეპიზოდი, ვფიქრობ, გამოწვევაა ქართული მწერლობისათვის, რომელსაც ეუხერხულებოდა, ელაპარაკა ოჯახისა და სექსის კავშირზე. ვიცი, რომ ვაჭარბებ და მაინც ვამბობ: ქართული პროზის ოჯახებში მთელი 15 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე შეგუბებულმა ვნებამ ამ ორი, კრეტინი პროტოტიპების მქონე პერსონაჟის ერთქმნაში ამოხეთქა. ამიერიდან ცოლ-ქმარს შორის სისხლსავსე და ინტენსიური სექსი შესაძლებელია ქართულ ტექსტშიც. ოღონდ ეგ არის, რომ ეროტიკული აფეთქება მეუღლეებს შორის ხდება მაშინ, როცა უკიდურეს ზღვარს აღწევს მათი ურთიერთგაუცხოება. ანუ სიმფსონების ეპიზოდი – ეს არის შემთხვევითი, ერთჯერადი განმუხტვა და მეამბოხური შერიგება ეროტიკის გამოსახვის ნაცად ხერხებთან. სწორედ ეს ეპიზოდი აქცევს მოუხელთებლად ზღვარს ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. ეს ძალიან გულმოდგინედ დაწერილი პაროდიული ტექსტია. პაროდიულია იმიტომ, რომ შეუძლებელია, შეეხმიანო დიდი ხნის ისტორიის მქონე ეროტიკულ მოტივებს ლიტერატურაში და სერიოზული სახით შემოიტანო ისინი ეროვნულ სიტყვიერებაში ისე, თითქოს მანამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. ამ მხრივ, ქართულ ხელოვნებაში ეროტიკის ყველაზე ადეკვატურ განსხეულებად მიმაჩნია არა, ვთქვათ, ია ფარულავა, არამედ ხათუნა იოსელიანი – ქალბატონი, ბებია, პირველი ქართველი სექს-სიმბოლო კინოში – როგორც ნიშანი იმისა, რომ ეროტიკის მანიფესტაციას ჩვენში გვარიანად დააგვიანდა.
ახლა შევეცდები, ვუპასუხო მეორე კითხვას: რა, უკეთ, ვინ არის ეროტიკული უახლეს ქართულ ლიტერატურაში? ზემოთ მოგახსენეთ, რომ ქართველი პერსონაჟი მამაკაცები უბრუნდებიან ქართველ პერსონაჟ ქალებს (გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს: აკა მორჩილაძის ჯორჯ ჯეფერსი და შერილი, “შენი თავგადასავლიდან”). ჩემი დაკვირვებით, ბოლო ათწლეულის ქართულ პროზაში ქალი საკმარისად არის აღქმული და ნაგრძნობი საიმისოდ, რომ ვთქვათ: ეს არ არის უსქესო ლიტერატურა. მკვეთრი პერსონაჟი ქალი ამ ლიტერატურას აკლია, მაგრამ არ აკლია ქალთან დაკავშირებული ეროტიკული განცდები თუ მიმართებები. ქალი ტექსტებში ჩანს და ჩვენ ვხვდებით, რატომ შეიძლება მოუნდეთ მასთან სიახლოვე. იმავეს ვერ ვიტყვი პერსონაჟ მამაკაცებზე: ისინი მოქმედებენ, სურთ, ისწრაფიან, მაგრამ ჯერ არ ჩანს, რას წარმოადგენენ კაცები ქართული ლიტერატურის პერსონაჟი ქალებისათვის. ამ დროს სულერთია, ვინ ქმნის ლიტერატურას – მამაკაცი თუ ქალი ავტორი. დასამახსოვრებელი პერსონაჟი კაცები არიან – მაგრამ მათ იმახსოვრებ არა როგორც ეროტიზმით მარკირებულ პერსონაჟებს. არიან პერსონაჟი ქალები, რომელთაც მამაკაცები ჰყავთ, მამაკაცებს ეტანებიან ან კაცებმა უკვე მიატოვეს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მკაფიოდ არ ჩანს, რა ეროტიკული ღირებულება აქვს მათთვის მამაკაცს. რუსი მწერალი და ლოგიკოსი, ალექსანდრ ზინოვიევი იხსენებს, როგორ დასცინოდა მარქსიზმის დებულებებს სტუდენტობაში: მაგ., ქალი – ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც მოცემულია ჩვენს შეგრძნებებში. მსგავს რაღაცას ვერ იტყვი ახალი ქართული ტექსტების პერსონაჟ კაცებზე: როცა საქმე ეხება ეროტიკულს ლიტერატურაში, მათი სახეები ბუნდოვანია. ჩვენ ვერ ვიგებთ, რატომ, როგორ ან რით აღძრავს მამაკაცი ეროტიკულ იმპულსს. რაც შეეხება განცდებს – კაცები მოცემულნი არიან პოსტეროტიკულ განცდებში (სოფიო კირვალიძის პროზა).
და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო ზაზა ბურჭულაძე და მისი ჰომეროს სიმფსონი. “სიმფსონების” ყველაზე ცნობილი თავი მიმაჩნია მცდელობად, მხატვრულ ტექსტში მამაკაცი აღდგეს თავის უფლებებში: აჩვენოს, რატომ არის კაცი სხვისთვის მიმზიდველი, რა აღიძვრის კაცში სექსის დროს ან სექსის სახელით, მოკლედ, გამოიკვეთოს მამრი, როგორც ეროტიკული ერთეული. სხვა საქმეა, რომ ეს კეთდება ჰომოსექსუალური ვნების აღწერით ანუ უკიდურესად პაროდიული პათოსით.
მე ვცდილობ, შორს ვიყო იმ აზრისაგან, რომ ლიტერატურა სინამდვილის მხატვრული ასახვაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეროტიკულ ტალღას უახლეს ქართულ პროზაში სწორედ გამონაგონი აკლია.
დასასრულს, მინდა კიდევ ერთი ეროტიკული მიმართების გაქრობა აღვნიშნო ახალი თაობის ქართული ლიტერატურიდან: ეს არის საკუთარი ქვეყნისადმი ინცესტუალური სიყვარულის მინავლება. არ ვიცი, რა ხდება მთლიანად პოეზიაში, მაგრამ ვის ტექსტებსაც (პროზაულსაც და პოეტურსაც) მე ვეცნობი, მასთან ვერ ვაწყდები ჩვენთვის კარგად ნაცნობ პატრიოტულ ხატებსა თუ კლიშეებს. ახალი თაობის მწერლებმა და, იმედი მაქვს, მათმა მკითხველებმაც უკვე ვიცით, რომ სანამ საქართველო დედა-სამშობლოა, დღევანდელი პატრიოტები მას ყოველთვის იხმარენ. მე მივესალმები სამშობლოსადმი ეროტიზმის დაშრეტას ქართულ სიტყვიერებაში.
© “წიგნები – 24 საათი”