შოთა იათაშვილი
“რიგითების” მარადიული
დავით ქართველიშვილი, “იყო საღამო, იყო დილა” (რომანი); თბ.
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. 2006.
რას ფიქრობენ “რიგითი მოქალაქეები” მარადიულზე? – აი, კითხვა, რომელიც აწუხებს დავით ქართველიშვილს ამ რომანში. მაგრამ წიგნიერ სამყაროს თუ მცირე ხნით მაინც გავერიდებით და გულწრფელი, მარტივი ფიქრების ზღვაში თამამად შევცურავთ, ალბათ ვიგრძნობთ სწორედ იმ განწყობას, ფიქრის იმ სტილს, რაც ამ რომანის პერსონაჟებშია გამოკვეთილი:ბანკირებში, ძველ ბიჭებში, სვეტ ქალებში, საქმოსნებში, მეომრებში, მაღაზიის გამყიდველებში, ყვითელი პრესის ჟურნალისტებში… ანუ, ჩვენი ქვეყნის “რიგით მოქალაქეებში”, რომლებიც თავზე ტალანტგადაბერტყილი უმცირესობის წარმომადგენლებივით მოკვდავნი არიან და მათსავით უწევთ სამოთხეზე, ჯოჯოხეთზე, სულზე, ცოდვაზე, სასწაულზე, სიყვარულზე თუ უფალზე ფიქრი.
მაგალითად, რომანის მთავარ გმირს, ახალგაზრდა ბანკირ თაზო ბერიძეს ცხადი წარმოდგენა აქვს შექმნილი ჯოჯოხეთზე, ასევე დალაგებულად და დამაჯერებლად გამოხატავენ სხვანიც საკუთარ “მეტა”-მოსაზრებებს. ერთი კია, ეს დაწმენდილი სურათ-ხატები არცთუ იშვიათად იმღვრევა, რამეთუ ქართველიშვილის “რიგითი მოქალაქეები” მთელი რომანის განმავლობაში ერთმანეთის ბედისწერის სინჯარებს უმოწყალოდ ანჯღრევენ.მატულობს კითხვები, ეჭვები, შფოთი… დეტექტიური ჩახლართულობა ავტორისთვის ტრამპლინია მარადიული ღირებულებების ჩახლართულობის საჩვენებლად. თუმც, სანამ ეს ხლართები გაჩნდება, ტექსტი თითქმის მთლიანადაა ჩაძირული ბანალური, იოლადცნობადი ქმედებებისა და დიალოგების ველში. ამ მონაკვეთებში იგი თითქოსდა არანაირად არ განსხვავდება “უბნის ესთეტიკის” უთვალავი თანამედროვე ნაწარმოებისგან. მაგრამ ასეთ პროდუქციასთან სხვაობა ქართველიშვილთან მით უფრო თვალშისაცემია, რამდენადაც მსგავსების შიში მასთან გადალახულია. მეტიც, სწორედ მსგავსი გარემოსა და ტიპაჟების “ღვთიური ვერბალიზაციით” ხდება რომანის სრულიად სხვა რეგისტრში გადაყვანა.
ხანდახან ღიმილიც შეიძლება მოერიოს მკითხველს, იმდენად არაბუნებრივები ჩანან მარადიულზე მომუსაიფე ეს ჩერჩეტი გოგოები თუ ფულის კეთებას გადაყოლილი ბიჭები. თუმც იგრძნობა, რომ ავტორი სულაც არაა ამის წინააღმდეგი. ეს ხომ მისი მთავარი კონტრაპუნქტია და მთელი ძალისხმევაც იქითაა მიმართული, რომ ასეთი შეუსაბამობა თანდათანობით რომანის ყველაზე წრფელ და შთამბეჭდავ ინტონაციად იქცეს.
არადა, როცა ავტორის ამ ინტონაციას ბოლოს და ბოლოს გულით მიენდობა მკითხველი, მას იმედგაცრუება მოელის, რადგან აღმოჩნდება, რომ პერსონაჟთაგან ზოგიერთნი უფლის ხსენებასა და ღვთიურზე მსჯელობას საკუთარი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად იყენებდნენ.
და უცებ, ერთი ხელის მოსმით ანგრევს ძლივს ნაშენებ ამ მარადიულზე მოფიქრალ პრიმიტივთა გარკვეულწილად უტოპიურ სამყაროს ავტორი. მერე კი რომანში აქამდე მოქმედი ყველა პირისაგან აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟი გამოჰყავს სცენაზე: აი, ისეთი, დაახლოებით პედრო ალმოდოვარის ფილმებში რომ შეიძლება შეგხვდეს. ბატონი ტობიას ჰილი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებამ მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, ყველაფერი გამოსცადოს ცხოვრებაში. და ის მიზანმიმართულად იწყებს დასახული გეგმის განხორციელებას. 25 წლის ასაკში მიხვდება, რომ ყველაფრის გამოსაცდელად საჭიროა სქესის შეცვლა. ის შეიცვლის სქესს და ხუთი წელი ქალის თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს. შემდეგ არ მოეწონება ქალობა, კვლავ საოპერაციო მაგიდაზე დაწვება და ისევ კაცად იქცევა. რაღაც მომენტში ის გააცნობიერებს, რომ ორად ორი რამ დარჩა გამოსაცდელი: Mმკვლელობა და თვითმკვლელობა. და ის, თბილისის ერთ-ერთი ბანკის 64%-ის მფლობელი, თავის პროექტს თბილისში ასრულებს: კლავს რომანის ერთ-ერთ პერსონაჟს და იკლავს თავს.
დავით ქართველიშვილს ტობიას ჰილის ცხოვრების გზა სხარტად და შთამბეჭდავად აქვს ასახული. და მიუხედავად სტილური პოლარულობისა, მისი წინამორბედიც ხელად ჩნდება თვალწინ: დოსტოევსკის კირილოვი. ადამიანი, რომელიც თავს იდეის გამო იკლავს. იკლავს, რათა დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ ისაა საკუთარი თავის ღმერთი. ტობიას ჰილი, შეიძლება ითქვას, კირილოვზე შორს მიდის: ის იდეის გამო სხვასაც კლავს და თავსაც იკლავს. და მიუხედავად ამ გაორმაგებისა, ის მაინც კირილოვის შარჟად აღიქმება. ამის მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ კირილოვში მობობოქრე ეგზისტენციალურ-მეტაფიზიკური სული ბატონ ტობიასთან ჩანაცვლებულია დღევანდელი ეპოქისათვის ნიშნეული თამაშის ესთეტიკით. აკი თავად უწოდებს იგი საკუთარ ექსპერიმენტს თამაშს, სახელად “ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო”…
რისთვის დასჭირდა ავტორს ეს ტრაგიკული შარჟი რომანის კუდისაკენ? ვითომ იმისათვის, რომ პროფანული რელიგიური ტექსტის სავარაუდო სახიფათო იმიჯი თავადვე დაენგრია? რომანის დეკონსტრუქციული ვნებანი ფინალისკენ აშკარად თავს იჩენს, ბოლო სცენა კი საერთოდ სხვა რეჟისორული წესებითაა დადგმული და ტექსტის მთლიან ინტონაციასაა აცდენილი: ტერორისტების მიერ თვითმფრინავიდან სულელურად გადმოყრილი თაზო და მილინდა მიწისაკენ მოექანებიან და ერთადერთი იმედი მათი გადარჩენისა სიყვარულია, რომელმაც იქნებ “შეასხას მათ ფრთები?”
ძნელი სათქმელია მიზეზი ყოველივე ამისა…ადვილია იმათი მცირედმორწმუნეობაში დადანაშაულება, ვინც ასეთ ფინალზე მწარედ გაიცინებს ანდა ბოლო სტრიქონებით იმედგაცრუებული წიგნს შორს მოისვრის. ადვილია იმის თქმაც, რომ ავტორმა უბრალოდ ტექსტი ღიად დატოვა…ბევრი რამაა ადვილი… რთული კი ალბათ მაინც ამ უცნაური რომანის დაწერა იყო: ღვთის შვილების ასეთ ჭრელ კონტიგენტზე და მათ სახიფათო კავშირებზე რომ მოგვითხრობს.
©“ცხელი შოკოლადი”