მაგრამ მის გულში სძინავთ ურჩხულებს
თამაზ ჩხენკელი
1
ბრძანებას უყოყმანოდ დავმორჩილდი და სამეფოს ტერიტორია დავტოვე, რათა საფუძვლიანად შემესწავლა ახალი მიწები და გავცნობოდი ამ მიწებზე მცხოვრებ ადამიანებს. სამომავლო გეგმების თანახმად, ეს მიწები სამეფოს ნაწილი უნდა გამხდარიყო, ხოლო ამ მიწებზე მცხოვრები ადამიანები სამეფოს – ქვეშევრდომები.
და მაინც რა სამწუხაროა, რომ სამეფოს საზღვრები აქვს!
ჩემი ერთგული მასწავლებელი, არისტოტე ჩემთან ერთად იყო და, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მასთან მოწყენა თითქმის შეუძლებელია.
სამეფო წიგნის მიხედვით, თითქმის არ ითვლება და ყველაზე მწარე მარცხი სწორედაც რომ თითქმის გამარჯვებაა, ხოლო ყველაზე ტკბილი გამარჯვება – თითქმის დამარცხება.
ჩვენი მდიდრული სამოსი და სრულყოფილი ცხენები სამეფოს საზღვართან ჩავაბარეთ მესაზღვრეებს და უკვე ღარიბულად ჩაცმულები წამხდარ სახედრებზე გადავსხედით, რათა ჩვენი გარეგანი ბრწყინვალებით თვალში არავის მოვხვედროდით.
რა დასამალია და, ძლიერ გამიჭირდა ყურადღების ცენტრიდან პერიფერიაში გადასახლება. არსებობა გარემოში, რომელშიც არისტოტეს გარდა არც არავინ იცოდა, რომ მე უფლისწული ვარ და გამუდმებით იმ ბედნიერ დღეებს ვიხსენებდი, როდესაც ეს ასე არ იყო.
არადა, დიდი დრო არც იყო გასული ჩვენი გამომგზავრებიდან, სულ თითზე ჩამოსათვლელი დღეები.
ბევრი რამ მახსენდებოდა და კიდევ უფრო მეტიც: მენატრებოდა, მაგრამ რადგან სამეფოს მომავალი განვითარებისა და განვრცობის საქმე აწმყოში ჩემგან ასეთ ქცევას მოითხოვდა, მე ერთგულად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.
ხშირად მახსენდებოდა დილის სეირნობები სასახლის ულამაზეს ბაღში და შესვენებები ოქროვანი ვაშლების ხის ქვეშ.
მთავარ რჩევებს მამა ყოველთვის სწორედ ამ ხის ქვეშ შეჩერებებისას მაძლევდა.
მე ამ დროს ყოველთვის ოქროვან ვაშლებს ვუყურებდი, რომლებიც მუდმივად სიმწიფეში არიან და ყურადღებით ვიმახსოვრებდი თითოეულ სიტყვას.
რჩევის მოცემას მამა ყოველთვის ერთი და იმავე წინადადებით იწყებდა:
ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ხალხი, ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს სასახლიდან შორს და ნუ გექნება მათგან რაიმე არაჩვეულებრივის მოლოდინი. ისინი უბრალოდ ჩვენ გვეკუთვნიან. სინამდვილეში ჩვენ ჩვენვე ავირჩიეთ საკუთარი თავი, მაგრამ სახალხოდ ღმერთებს ვაბრალებთ ამ საქმეს რადგან ჩვეულებრივი ადამიანების დამორჩილება ასე უკეთ გამოდის.
და ამ უცვლელ შესავალს მოსდევდა რომელიმე ფასდაუდებელი რჩევა, მაგალითად თუნდაც ასეთი:
თუ ჩვეულებრივ ადამიანებს ეჭვი შეეპარათ ჩვენს არაჩვეულებრიობაში მაშინ ისინი მოვლენ, მოგვკლავენ და მიიტაცებენ ყველაფერს. იყავი მედიდური და შეგეძლოს კვლა, გადაწვა, განადგურება, რადგან ის ვინც არ კლავს, არ წვავს და არ ანადგურებს ვერაფერს მოიპოვებს და ააშენებს და საბოლოოდ არსებულსაც დაკარგავს.
მახსოვს, როგორ მიბრძანა მამამ პირველად ადამიანის მოკვლა. 13 წლის ვიყავი და ხალისითა და ცნობისმოყვარეობით ჩავიდინე ეს.
ჩვენი სრულყოფილი ცხენების თავლის სარდაფში ჩავედით. იქ კედელთან მიყენებული კაცი დაგვხვდა.
მე ასეთი ადამიანი მანამდე არ მყავდა ნანახი: სხვა ფერის კანი, უკბილო, უთმო, ცახცახებდა და მამამ ყურში ჩამჩურჩულა:
მიდი, აიღე შუბი და ესროლე. ცახცახით თავს გაცოდებს, მაგრამ თუ შეიცოდებ, მაშინ ის მოგკლავს შენ, არ შეიცოდო არასდროს არავინ. აიღე შუბი.
მე, იქვე კედელთან მიყუდებული შუბის ასაღებად წავედი.
არისტოტე მას შემდეგ, რაც სამეფოს საზღვარს გავცდით, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ისე მელაპარაკებოდა, თითქოს მართლაც ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი.
დღეები მზიანი იყო და არც სიო იძვროდა, მაგრამ სიცხეზე მეტად ჩემი ჩვეულებრიობა მღლიდა და მაწვალებდა.
2
სულ უფრო და უფრო ვშორდებოდით მე და არისტოტე სამეფოს. უკან დასაბრუნებელი გზა მხოლოდ მან იცოდა.
შეიძლება მხოლოდ მე მეჩვენებოდა ასე, მაგრამ არისტოტე ისე მიყურებდა, როგორც უძლურ ბავშვს, რომელიც მისი მფარველობის გარეშე დაიღუპებოდა.
ადამიანი საკუთარი მოჩვენებების ჯამია. მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ მოჩვენებები სინამდვილედ აქციონ.
ასე მასწავლა მამამ.
კარგად მახსოვდა არისტოტესთან ჩემი პირველი შეხვედრა სასახლეში. სათამაშო დარბაზში ვერთობოდი: ჩემს საყვარელ თეთრ კატას წრუწუნებს ვაჭმევდი.
წრუწუნები ჩემი ბავშვური საჩვენებელი თითის ზომისები იყვნენ.
სწორედ ამ დროს მსახური შემოვიდა და მომახსენა, რომ მამა მიხმობდა.
მორიგი, ჩემი ბავშვური საჩვენებელი თითის ზომის წრუწუნა დავუგდე კატას და გასართობი დარბაზი სწრაფი ნაბიჯით დავტოვე.
არისტოტე მამას გვერდზე იდგა.
ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ წუთიდან ეს ადამიანი გვერდიდან თითქმის აღარ მომცილდებოდა.
მამამ მითხრა:
ეს არისტოტეა, ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი ყველა ცისა და ყველა მიწის შესახებ, ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი ყველა ცხოვრებისა და ყველა სიკვდილის შესახებ, ადამიანი, რომელიც ცნობს ყველა მცენარესა და ყველა ცხოველს, ყველა ფრინველსა და ყველა ქვეწარმავალს. დღეიდან ის შენი მასწავლებელი იქნება.
არისტოტემ თავი დამიხარა და თქვა:
ყველა თევზის ამოცნობაც შემიძლია.
სამეფო წესის თანახმად, დახრილ თავში წამოვარტყი ჩემი ბავშვური ხელი, რათა თავიდანვე გაცხადებულიყო, ვინ არის ბატონი და ვინ – მსახური.
არისტოტემ მორჩილების ნიშნად კიდევ უფრო დახარა თავი.
ამ დღიდან დაიწყო ჩემი განსწავლა.
ერთად გატარებული წლების განმავლობაში არც ერთხელ შემინიშნავს ის, რასაც ახლა ვამჩნევ არისტოტეს – თითქოს ის ჩემზე მაღლა დგას და მას აღარ სჭირდება ჩემი წყალობა. თითქოს აღარც ახსოვს სინამდვილეში ვინ ვარ, რადგან მხოლოდ მან იცის უკან დასაბრუნებელი გზა…
ხოლო ხალხი:
მგზავრობის გამო ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად მიწევს ჭამა და ძილი, ამ უცხო ადამიანების მზერაში ვეღარ ვხედავ იმას, რასაც სამეფოს მაცხოვრებლების მზერაში გამუდმებით ვხედავდი – წყალობისა და მფარველობის მოლოდინს.
ოდესმე ამ ადამიანებს, მათ შთამომავლებს და ამ მიწებს სამეფოს გავლენის ქვეშ აუცილებლად მოვაქცევ და ისინი გაიგებენ, ვინ ვარ სინამდვილეში და მათ თვალებში დავინახავ იმას, რასაც ახლა ვერ ვხედავ – წყალობისა და მფარველობის მოლოდინს.
მათი არცოდნა აუცილებლად შეიცვლება ცოდნით, მაგრამ არისტოტეს, რომლის მოღალატე, შეთანხმებას ამოფარებული სული სინამდვილეში მართლაც უკვე ჩვეულებრივ ადამიანად მიმიჩნევს, არ ელის პატიება. დადგება დრო და მე თავად მოვკლავ მას.
3
სახედრები დაიღალნენ ჩვენი ტარებით.
მე და არისტოტე დავიღალეთ სახედრებზე ჯდომით.
და ამიტომ სასტუმროსთან გავჩერდით.
სახედრები დავაბინავეთ და მერე ჩვენც დავბინავდით.
ირგვლივ სიღარიბეა.
სიღარიბის სიძულვილს ცეროდენობიდან მინერგავდა მამა და სამართლიანად მიმტკიცებდა, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გავაღარიბოთ სხვა ადამიანები, რათა ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ ტკბობა ჩვენი სიმდიდრით.
არისტოტე ცალკე ოთახში განთავსდა.
დავრჩი მარტო.
სიღარიბის სუნი მტანჯავდა და ერთხანს ადგილს ვერ ვპოულობდი. ფანჯარა გავაღე და გარედან კიდევ უფრო მძაფრი სიღარიბის სუნი შემოვიდა.
ფანჯარა მივკეტე.
მიკეტილი ფანჯრიდან თვალი მოვავლე სამეფოს მომავალ მიწას და იმაზე დავფიქრდი, აქაურობის მითვისების შემდეგ კიდევ უფრო როგორ გავაღარიბებდი აქაურობას.
პირველი, რაც თავში მომივიდა ის იყო, რომ ამ სასტუმროს მოვუნგრევდი შიდა კედლებს.
თვალწინ დამიდგნენ მონები წერაქვებით.
შემდეგ შიდა კედლებმორღვეულ შენობაში შევასახლებთ ადამიანებს და ისინი მორღვეული კედლების ამოშენებას დაისახავენ მიზნად, ფართობს ვერ გაიყოფენ შურისა და სიხარბის გამო და ჯერ ერთმანეთს დახოცავენ და მერე გადარჩენილები ამოაშენებენ კედლებს და ერთმანეთს გაემიჯნებიან.
გამიჯნულებს ამოშენებულ კედლებს ისევ დავუნგრევთ, საშვილიშვილოდ რომ დაიმახსოვრონ, ვინ არის ნამდვილი მბრძანებელი ამ მიწაზე.
სიღარიბის სუნმა თავბრუ დამახვია და ბარბაცით მივწექი ვიწრო საწოლზე.
თავი ღარიბულ კუბოში მეგონა.
მალე დამეძინა. დამესიზმრა სასახლის ბაღი. ოქროვანი ვაშლების ხის ქვეშ ვიდექი და ოქროვან ვაშლებს ვუყურებდი. მოკრეფა მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი.
ამ დროს ვიღაცამ შემაჯანჯღარა.
თვალები გავახილე და არისტოტე დავინახე.
მარჯვენა ხელით მანიშნა, რომ გავწეულიყავი. ადრე არასდროს გაუკეთებია ასეთი რამ.
თავს არის გასული და გონი აქვს წართმეული – გავიფიქრე.
მორჩილად გავიწიე. მისი სიკვდილით დასჯის მიზეზებს კიდევ ერთი დაემატა.
არისტოტე გვერდზე მომიწვა და გათენებამდე ვარსკვლავებზე მელაპარაკა.
მე სიტყვა არ დამიძრავს.
ვარსკვლავები ბავშვობიდან მაშინებენ.
იქნებ იქ უფრო ძლიერი სამეფოები არსებობენ?
არისტოტეს სუსტი სხეული აქვს, დარწმუნებული, ვარ დანის პირველივე შეხებით მოკვდება, იქნებ დანის დანახვამაც კი მოკლას.
4
გზა დილით გავაგრძელეთ. მამა ყოველთვის მაფრთხილებდა, რომ ერთადერთი, რასაც ვერ დავამარცხებდით, ბუნების კანონებია.
ეს მართლაც ასეა.
მზემ უფრო და უფრო დააჭირა.
მაინც მივიწევდით წინ და მოულოდნელად არისტოტემ გულზე მარჯვენა ხელი მიიდო და სახედრიდან ჩამოვარდა.
განვრისხდი, ვიფიქრე, რომ მზემ დამასწრო არისტოტეს მოკვლა. მივვარდი გულწასულ არისტოტეს და სახეში ვულაწუნე სილები და მუშტები.
ადამიანის ცემაში ხომ მოზარდობაში გავიწაფე, როდესაც ჩემ თანატოლებს ვეჩხუბებოდი, მხოლოდ მე ვურტყამდი მათ, ისინი განზრახ მაცილებდნენ მოქნეულ ხელებს. ერთხელ, შემთხვევით მოწინააღმდეგის მოქნეულმა ხელმა მარცხენა ყურზე გამკრა. მე მაშინ ჯერ კიდევ არ მყავდა მოკლული ჩემი ხელით არც ერთი ადამიანი, მაგრამ განკარგულებებს უკვე დაუბრკოლებლად გავცემდი.
ჩემი მოწინააღმდეგე ჩხუბში მცდარად მოქნეული ხელის დამსხვრევით დაისაჯა.
უშურველად გაწნული სილებისა და დარტყმული მუშტების შემდეგ მუხლებზე დავეცი და უკვე განსხვავებულ ვითარებაში მოხსენიებული მარცხენა ყური გულზე დავადე არისტოტეს.
ცოტა ხანში არისტოტეს სიკვდილში დარწმუნებული წამოვდექი და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოვქცეოდი არისტოტეს გვამს.
ისიც გამახსენდა, რომ ჩვენი მგზავრობის ასავალ-დასავალი და შინ მისაბრუნებელი გზა მხოლოდ არისტოტემ იცოდა.
აროსტოტეს გვამი მივატოვე და სრულიად მარტო გავუყევი გზას. არისტოტეს სახედარი არისტოტეს გვამთან დარჩა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვერ მოვითმინე და უკან მივიხედე. სახედარი აღარ ჩანდა. არისტოტეს გვამი კი იქ იყო, სადაც დავტოვე.
ადრე თუ გვიან ვიღაც ჩამოივლის და შეამჩნევს არისტოტეს გვამს. ეს დანამდვილებით ვიცოდი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ეს ვიღაც რას უზამდა გვამს, როგორ მოექცეოდა მას. შეჩერდებოდა თუ არა საერთოდ, იქნებ უბრალოდ ნაბიჯს აუჩქარებს, თუ, რა თქმა უნდა, ფეხით იქნება ან თუ არ იქნება, მაშინ ცხენს ან სახედარს ააჩქარებინებს სვლას.
მკვდრები არსად მიდიან, იქ რჩებიან სადაც მოკვდნენ…
5
შეწყვიტეთ თხრობა…
მესმის მისი ბრწყინვალების ხმა.
ღილაკს ვაჭერ ხელს.
თხრობა წყდება.
“სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, მინდა კიდევ ერთხელ გავისაუბროთ.” – მისი ბრწყინვალება ამბობს.
“რა თქმა უნდა…” – ვეთანხმები.
“ეზოში გავიდეთ…”
6
სამეფო კარზე უკვე 10 წელია, რაც მთავარ სამეცნიერო სასაკლაოს წარმატებით ვხელმძღვანელობ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ბრწყინვალება სიკვდილის ჩემ მიერ შეთავაზებული ვერსიით უკმაყოფილოა, უფრო სწორად, მის მართებულობაში ეპარება ეჭვი. არადა უნდა ვიჩქაროთ, რადგან, გამოთვლების მიხედვით, და, როგორც წესი, გამოთვლა ზუსტია ხოლმე, უფლისწული ხვალ დაიბადება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მის პაწია ტვინში ცხოვრების ისეთი ეპიზოდი ჩავამონტაჟოთ, რომლის შედეგადაც ის იმ დღესვე დაიღუპება.
ასეთი მძიმე დავალება ჯერ არ მქონია.
ჩემი ფუნქცია, ძირითადად, სხვადასხვა, ურჩი ბიუროკრატების და ოპონენტების განეიტრალებაა. მათი ტვინი იმდენად შერყვნილია, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სტანდარტული პროგრამით ვმუშაობთ. ვუმონტაჟებთ ტვინში პროგრამას, რომლის მიხედვითაც, ისინი კარგავენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ და მიღებული სტრესის გამო ძილში გულის შეტევით კვდებიან.
მისი ბრწყინვალება ამ პრაქტიკას “ტვინის მოწამვლას” უწოდებს.
შენობიდან გამოვედით.
7
“მე არ მოგმართავთ ამ წამს როგორც მეფე – ქვეშევრდომს, არამედ როგორც შეწუხებული მამა – მეცნიერს, მე მინდა, რომ ჩემს შვილს, რომელიც ხვალ დაიბადება, უმტკივნეულო სიკვდილი ერგოს, ბატონო პროფესორო.” – მის ბრწყინვალებას ჩემთვის ტიტულით პირველი შეხვედრის შემდეგ აღარ მოუმართავს – “სიკვდილის ეს ვერსია, რომელიც თქვენ მაჩვენეთ, ზედმეტად მძიმეა, ყველასგან მიტოვებული, უსახსროდ დარჩენილი ეგოისტი ალბათ ბოლოს თავს მოიკლავდა…“
“დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, ვიფიქრე, რომ ასეთი ვერსია…”
“მესმის…” – მაწყვეტინებს მეფე – “მაგრამ მეცოდება…”
“მოგონებები რომ წავშალოთ და მხოლოდ აწმყოში განვითარდეს მოვლენები…”
“არა, მე მინდა, რომ ჩემმა შვილმა იცოდეს, რომ უფლისწულია…”
“შემიძლია უფრო მსუბუქი და ლირიკული ვერსია შემოგთავაზოთ…”
“გთხოვთ, პროფესორო…”
.
8
გაღვიძებისთანავე წამოვდექი და აივანზე გავედი. ღრმად ჩავისუნთქე დილის ჰაერი და ბედნიერმა გავიფიქრე:
უკვე 18 წლის ვარ. დღეს ჩემი დაბადების დღეა!
ერთხანს ცას ვუყურე. თითქოს ჩემი დაბადება რაიმენაირად უკავშირდებოდა ცას.
ფრენა ცურვის ნაირსახეობაა ცაში. ამბობდა ხოლმე ჩემი ერთგული მასწავლებელი, არისტოტე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თვითნებურად გაემგზავრა სრულიად გაუგებარი მიზნებით მოგზაურობაში და მოგზაურობის დაწყებიდან სამიოდ დღეში სრულიად უაზროდ, მზის დაკვრით გარდაიცვალა.
მამას სურს, რომ მე ჩემი დაბადების დღის დასრულებისთანავე ამალასთან ერთად მისი გვამის სამეფოში დასაბრუნებლად გავემგზავრო.
საბრალო არისტოტე, გულდასაწყვეტია მისი ასეთი მოულოდნელი გარდაცვალება.
ხშირად ვფიქრობ და ვერ გამიგია, ყველაფერი, რასაც არისტოტე ამბობდა მიწისა და ცის შესახებ, ხუმრობა იყო, თუ ხუმრობით ნათქვამი სიმართლე.
საძინებელში შევბრუნდი. მსახურმა ხალათი მომაცვა და ჩანჩქერისკენ დავეშვი. ჩანჩქერი სინამდვილეში აბანოა, რომელშიც წყალი ჩანჩქერივით მოედინება. მამამ მოისურვა ასე და ვიღაც უცხოელი არქიტექტორი მოიწვია სასახლეში პროექტის შესაქმნელად.
მე იმ დროს პატარა ვიყავი და ეს ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.
9
სამეფოს გარეთ ხვალ პირველად გავალ.
მამამ გადაწყვიტა ასე: 18 წლამდე არ უნდა დამეტოვებინა სამეფო, უცხო ხალხების გავლენის ქვეშ რომ არ მოვქცეულიყავი. საბრალო არისტოტე ხშირად მესაუბრებოდა უცხო ხალხების შესახებ. მათი ამბები არისტოტემ არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა. ახალგაზრდობაში არისტოტე ჭეშმარიტების ძიებაში – თავად ამბობდა ასე – დახეტიალობდა სხვადასხვა მხარეში.
და აი, ხვალ მე პირველად გადავკვეთავ სამეფოს საზღვარს, რათა მისი გვამი დავაბრუნო სამეფოში,
ხალათი გავიხადე და ჩანჩქერის ცივი წყლის ქვეშ დავდექი. ცივმა წყალმა საბოლოოდ გამომაფხიზლა.
მსახურებმა ჩამაცვეს და ბაღში გავედი სასეირნოდ. მამა დიდი საზეიმო ცერემონიალის ჩატარებას აპირებდა საღამოს ჩემი დაბადების დღის გამო, მანამდე კი შემეძლო მეკეთებინა ის, რაც მსურდა.
მაგრამ რას ნიშნავდა სინამდვილეში ვაკეთო ის, რაც მინდა? რა თქმა უნდა, ამ წინადადების პირდაპირი მნიშვნელობით გაგება შეცდომა იქნებოდა. არც გამიგია პირდაპირი მნიშვნელობით. არსებობდა მამა, არსებობდა სამეფო და კიდევ: წესები და ინტერესები. ამ ყველაფრის გათვალისწინება სავალდებულო იყო და მხოლოდ მათი გათვალისწინების შემდეგ იმის კეთება, რაც მინდოდა.
10
თავლისკენ წავედი, ვიფიქრე, სრულყოფილ ცხენებს მოვინახულებდი, მაგრამ შუაგზაზე გადავიფიქრე და სასახლის ბაღის ბოლოში ხელოვნურად გაშენებული ტყისკენ წავედი. ეს ტყეც – ჩანჩქერის მსგავსად – მამის ბრძანებით გაშენდა.
ტყეში მუდმივად მხოლოდ ჯადოქარი ცხოვრობდა. ეს ჯადოქარი ოდესღაც მამას ერთგული სარდალი იყო, მაგრამ ერთხელ მან შეცდომა დაუშვა და მამამ ძველი დამსახურებების გამო ის სიკვდილით არ დასაჯა, ხელოვნური ტყე გაუშენა და იქ გადაასახლა, როგორც ჯადოქარი.
ტყეში შესვლა სასახლის ნებისმიერი მსახურისთვის იყო ნებადართული, თუმცა იქ სიარულით დიდად არავინ იწუხებდა თავს, მითუმეტეს ყველა ერიდებოდა ჯადოქართან გამოლაპარაკებას. გამონაკლისი მხოლოდ არისტოტე იყო. არისტოტე და ჯადოქარი კვირაში ერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხზე. ასეთ საუბრებს რამდენჯერმე მეც შევესწარი. რაც შეეხება მამას, ის არც იმჩნევდა არისტოტესა და ჯადოქრის შეხვედრებს და ისე იქცეოდა, თითქოს ასეთი რამ არც კი ხდებოდა.
ჯადოქართან პირისპირ არასდროს დავრჩენილვარ და რადგან იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და მამამ უფლება მომცა საღამომდე მეკეთებინა ის, რაც მინდოდა, ხელოვნურ ტყეში შებიჯება გადავწყვიტე, თუმცა გზაზე იქნებ გადამეფიქრებინა და, თავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის არ იყოს, ამ გზიდანაც მეგანა.
11
ხელოვნურად გაშენებულ ტყეში შევედი და ჯადოქრის ქოხისკენ წავედი. ჯადოქარი ტყეში მარტო ცხოვრობდა. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მოიპოვებდა ის ხელოვნურ ტყეში ნამდვილ საკვებს.
ჯადოქარი ქოხის წინ იჯდა. ჩემს დანახვაზე წამოდგა და მკითხა:
“თქვენო ბრწყინვალებავ, მარტო ხართ?”
“მარტო ვარ, ჯადოქარო.”
“ვიფიქრე, იქნებ არისტოტე გაცოცხლდა…”
“ვინც კვდება, აღარ ცოცხლდება.”
ვთქვი და ჯადოქარს თვალებში ჩავხედე.
12
არა, არა, ბატონო პროფესორო, არც ეს ვერსია ვარგა – მეუბნება და ეკრანს მიწვდის – ჯერ ერთი, ვერანაირი ლირიზმი მე ამ ვერსიაში ვერ დავინახე… ჯადოქარი კლავს უფლისწულს…
არ კლავს, თქვენო ბრწყინვალებავ, ჯადოქარი უფლისწულს უბრალოდ ჯადოქრობის მეშვეობით აქრობს – ვაზუსტებ სცენარს.
კი, ბატონო, აქრობს, სულ ერთია. თქვენ ალბათ ვერ ხვდებით, რა ხდება ჩემს გულში, რა ხდება ჩემს თავში. ის ხომ ჩემი შვილია და მე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით ვკლავ, რომ თავიდან ავარიდო ყველა ის განსაცდელი და ცოდვა, რომლებიც ცხოვრებაში მოელის. ვიღაცები სისინებენ, რომ მე ვითომ კონკურენტს ვიცილებ, არ არის ეს ასე, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ შვილს ძალაუფლების ხელში ჩაგდებით სურვილით მოუკლავს მამა, მე ასე არ ვუყურებ ცხოვრებას, მონაცვლეობა გარდაუვალია სიკვდილივით. ერთადერთი, რაც მე მსურს, ის არის, რომ ამ მკვლელობით დავიცვა ჩემი მომავალი შვილი ცხოვრებისეული განსაცდელებისაგან. იცით, პროფესორო, მე თქვენ საკმაოდ კარგად გიხდით იმისთვის, რომ თავი კარგად გაანძრიოთ და რამე მოიფიქროთ. ამბავი არ უნდა იყოს იმდენად კარგი, რომ მისმა პაწია ტვინმა გადარჩენის იდეა გამოიმუშაოს, არც იმდენად ცუდი, რომ მისი პაწია ტვინი პირდაპირ დანებდეს სიკვდილს, დრო ჯერჯერობით არის. საღამოს კიდევ გავისაუბროთ, იფიქრეთ…
და ოდნავ მოშორებით მდგომ მცველებს ანიშნა, რომ წასვლის დრო დადგა. დაძაბულად ამოვისუნთქე და ლაბორატორიისაკენ დავიძარი.
პროფესორო – მეფის ხმა მომესმა. სწრაფად მივტრიალდი
ერთი რამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, მსურს, რომ უფლისწულმა მეფის ხელებში დაასრულოს სიცოცხლე.
და მეფემ ისე გაარწია ხელები, თითქოს ახალშობილი ეჭირა.
© არილი