ესე

დავით ცარელაშვილი – სული რომ ამომდიოდა ანუ მოდერნისტული ეპოსი

„ღმერთმა დასწყევლოს ეს გზა“[1]

სული რომ ამომდიოდა

როდესაც ხანგრძლივი და მომქანცველი პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ, სერ უილიამ ჩარლზი სიბერისა და სიმშვიდის წლების გასატარებლად მშობლიურ იორკშირში დაბრუნდა და ბინა მამაპაპისეულ მამულში დაიდო, გადაწყვიტა, გაცდენილი დრო აენაზღაურებინა და წაეკითხა უკანასკნელ წლებში გამოსული ინგლისურენოვანი წიგნები (ის წიგნები, რომლებსაც მოდერნისტული ლიტერატურის სახელით ვიცნობთ), რომლებზეც ასე ბევრს საუბრობდნენ მისი ხანმორეული თუ ახალგაზრდა ნაცნობები. ვიქტორიანულ ლიტერატურაზე გაზრდილი ჩარლზი ძალზე გააკვირვა იმან, რაც იმ წიგნებში ამოიკითხა, მაგრამ ბევრად უფრო განცვიფრებული დარჩა ახალი ამერიკული ლიტერატურით, რომელსაც თითქოს არაფერი საერთო აღარ ჰქონდა ოკეანისგადაღმა დაწერილი, მე-19 საუკუნის თითო-ოროლა რომანთან, ასე რომ ამაყობდნენ მისი ამერიკელი კოლეგები, თვითონ კი თავშეკავებული, ოდნავ ირონიული ქათინაურებით ამკობდა. შედეგად, შეიქმნა არაერთი ჩანაწერი თუ მინაწერი, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა მისი მსჯელობები ახალ ამერიკულ ლიტერატურაზე. მათ დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და ამგვარად ჟღერს:

„გავეცანი ინგლისელი და ამერიკელი ავტორების წიგნებს და, უნდა ვაღიარო, ფრიად მოხიბლული დავრჩი ახალგაზრდა მწერლების ოსტატობით. ბრიტანელებს ოდითგან მოგვდგამდა წერის ნიჭი და, როგორც ჩანს, ნიჭის ამ უხვ მდინარეს არც ახალ საუკუნეში უწერია დაწრეტა; მაგრამ ამერიკულ მწერლობას, გამოვტყდები, ნიადაგ ეჭვის თვალით ვუმზერდი და როცა მათ გამორჩეულ ავტორებს, ირვინგს, კუპერს, პოს, ჰოთორნს, მარკ ტვენსა და დანარჩენებს ჩვენს სათაყვანო მწერლებს ვადარებდი, სიამაყის ცოდვანარევი განცდა მეუფლებოდა (განსაკუთრებით როცა იმ სათავგადასავლო აბდაუბდა, ვეშაპსამონადირეო წიგნს მიქებდნენ, რომელზეც, ამ ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეტი კარგი გამოხმაურება მესმის), თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელთა ახალმა თაობამ ჩვენზე არანაკლებ, თუ არა უკეთ, შეიმეცნა თანამედროვე სამყაროს სიავკარგენი, მათ წიგნებშიც რომ ასახულა და ზემოხსენებული ჩემი სიამაყეც, ვინ იცის, ეგებ სიბერის ჟამითაც, გვარიანად მიინავლა. ახალი ინგლისური ლიტერატურა, გავბედავ და ვიტყვი, იმ განუზომლად ნიჭიერი, ოღონდ ცოტა ჭირვეული და გვარიანად გულჩათხრობილი ყმაწვილკაცებისა და ყმაწვილქალების დაწერილს ჰგავს, რომელთაც განათლება ოქსფორდსა და კემბრიჯში მიუღიათ და თავიანთი ცოდნა თუ პიროვნული სირთულენი მრავალსაუკუნოვანი ბრიტანული დახვეწილობით შეუზავებიათ, აი ამერიკელებს კი, ეს ყოველივე ველური დასავლეთის, სამხრეთ შტატების მანკიერი და თანამედროვე მეტროპოლიების გამოცდილებით უქცევიათ დიდ ლიტერატურად. თუმცა მათ შორისაც ბევრი განსხვავებაა. თეოდორ დრაიზერის კითხვისას ფრანგული სოციალური რომანები მომაგონდა, კი, მშვენივრადაა დაწერილი, მაგრამ სიღრმე და ემოცია დამაკლდა; შერვუდ ანდერსონი უდავოდ ნიჭიერი მწერალია, მისმა ექსპერიმენტულმა მოთხრობებმა პატარა ამერიკული ქალაქების სატკივარი ჩემს პოლიტიკისგან გაუხეშებულ გულამდე მოიტანა და ჩამაფიქრა; სკოტ ფიცჯერალდი ყველაზე უკეთ გამოხატავს იმ ამერიკას, რომელიც დეპრესიამდე არსებობდა (მასზე ალბათ ცალკეც დავწერ), ჰემინგუეი კი თითქოს თანამედროვე მწერლის ეტალონია, მაგრამ მისი წერის სტილით ვერ მოვიხიბლე – ცოტა მშრალი მეჩვენება. ჯამში, ყველა კარგია, არა, ძალიან კარგი, მაგრამ კითხვისას განსაკუთრებული ემოციები ვერცერთმა ვერ აღძრა ჩემში და, რომ მეგონა, დავბერდი, გრძნობები დამიქვეითდა-მეთქი, ორ იაფფასიან გამოცემას გადავაწყდი მისტერ უილიამ ფოლკნერისას და ჰმმ, ყველაფერს მივხვდი, წლები სადღაც გაუჩინარდნენ, ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, თუ სადმე ლიტერატურული სამართალი არსებობს, ამ მწერალს დიდი მომავალი აქვს და, ცოტა უფრო ღრმადმორწმუნე რომ ვიყო, ვიტყოდი, მისტერ ფოლკნერის გულისა და გონებისთვის ღმერთი და სატანა ებრძვიან ერთმანეთს და მის გადასაბირებლად, დროდადრო, თავიანთი საუკეთესო თვისებებით – ზეციურითა და დემონურით აჯილდოებენ-მეთქი, იმდენად ჯოჯოხეთური ღვთაებრიობითაა მისი წიგნები ნაკვები… ჯერჯერობით მხოლოდ ორი წიგნი წავიკითხე, „ხმაური და მძვინვარება“ და „სული რომ ამომდიოდა“, რომელთაგან ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მომეწონა… მსახურთუხუცესი გავგზავნე, რათა მისი სხვა რომანებიც იშოვოს”.

 ძნელია სერ ჩარლზს არ დაეთანხმო, მითუმეტეს, რომ მასზე მეტი ვიცით და მწერლის მთელ შემოქმედებასაც კარგად ვიცნობთ, რადგან იმ დროისთვის, როდესაც ეს დღიური იწერება, ფოლკნერს ახალი რომანები ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია და სერ ჩარლზის მსახურთუხუცესს ბევრი-ბევრი „ჯარისკაცის ჯილდო“, „სარტორისი“ და „სავანე“ მოეძიებინა, რაც პატივცემულ დიპლომატს, სავარაუდოა, არცთუ მოხიბლულს დატოვებდა, რაკი ეს უკანასკნელი რომანი სავსეა ათასი ძალადობითა თუ დანაშაულით და ხანში შესული ბრიტანელისთვის ძალზე უსიამოვნო საკითხავი უნდა ყოფილიყო. „ხმაური და მძვინვარება“ დაახლოებით მაინც გასაგებია, რატომ მოეწონა სერ ჩარლზს; როგორც თავად აღნიშნავს, არ ელოდა, რომ ოკეანისგაღმა მწერლობაში საკუთარი ქვეყნის დიადი უახლესი წარსულის ნგრევისა და ბუნდოვანი მომავლის ანარეკლს გადააწყდებოდა; მაგრამ მეორე რომანში („სული რომ ამომდიოდა“) თუმცაღა მსგავსს ვერაფერს დაინახავდა, მაინც აღფრთოვანებული დარჩა პერსონაჟებით, ფორმით, ტრაგიზმით, კომიკურობით, აბსურდულობითა და მითოლოგიური პლასტებით, რაც ასევე ახასიათებდა მის თანამედროვე ბრიტანულ ლიტერატურას.

 იოკნაპატოფას ციკლის რომანების ფოკუსი, როგორც წესი, ოჯახებისკენაა მიმართული. თუ „ხმაური და მძვინვარება“ სამხრეთული არისტოკრატიული ოჯახის დაქცევასა და გადაგვარებაზე გვიყვება, ხოლო ფოლკნერის უფრო გვიანდელი რომანები სნოუპსების გვარის მიერ იმავე სამხრეთის მიტაცების შესახებ, „სული რომ ამომდიოდა“ ხელმოკლე ოჯახის ამბავია, რომელსაც არც წარსული აწევს მძიმე ლოდად ზურგზე კომპსონებივით თუ მაკქასლინებივით და არც განსაკუთრებული მატერიალისტური ამბიციები აწუხებთ სატპენებივითა თუ ზემოხსენებული სნოუპსებივით. მათი ისტორია ერთ წიგნში იწყება და, ფაქტობრივად, ერთ წიგნშივე სრულდება, იმ წიგნში, რომელიც ფოლკნერისთვის შემოქმედებითი გამარჯვების ან მარცხის სიმბოლო უნდა გამხდარიყო, რადგან პირველი რომანების წარუმატებლობის გამო მთელ იმედებს მასზე ამყარებდა („წერის დაწყებამდე გულში ვთქვი . . . ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემს დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები“)[2]. შესაბამისად, შემოქმედებით პროცესსაც განსხვავებულად მიუდგა. თუ მწერლის სიტყვებს დავუჯერებთ (და უნდა გვახსოვდეს, რომ ფოლკნერი ხშირად მიმართავდა მისტიფიკაციას წერის პროცესთან მიმართებით), „ხმაური და მძვინვარების“ წერისას ჯერ ბენჯის მონაკვეთი დაწერა და რომ იფიქრა, გაუგებარი გამომივიდაო, კვენტინის თავი დაამატა, შემდეგ, იმავე მიზეზით, ჯეისონის მონაკვეთი და ასე შემდეგ. ხოლო ახალი რომანის შესახებ ამბობდა: „სანამ ხელში კალამს ავიღებდი და პირველ სიტყვას დავწერდი, ვიცოდი, როგორ დაბოლოვდებოდა უკანასკნელი წინადადება.

 მწერალს რომ სათქმელი მოუმწიფდება, თან ისეთ ავტორს, როგორიც ფოლკნერია, რა რთულ პირობებშიც არ უნდა აღმოჩნდეს, ფურცელზე მაინც გადაიტანს და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. იმ დროს, 1929 წელს, მისისიპის უნივერსიტეტის ელექტროსადგურში მენახშირედ მუშაობდა ღამის ცვლაში, ჩაყრიდა ნახშირს ურიკაში, მიჰქონდა ცეცხლფარეშამდე და საცეცხლურში უკეთებდა. ღამეები ღამეებს მისდევდა, რუტინული საქმე იყო, დამღლელი და სულისშემხუთველი, მაგრამ როგორც კი ახალი რომანის ფაბულა, სიუჟეტი და პერსონაჟები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ მწერლის გონებაში, ცარიელი ურიკა გადმოაბრუნა, ასე ვთქვათ, საწერ მაგიდად გადააქცია, აიღო ფურცელი, კალამი და წერას შეუდგა. როგორც თვითონ იხსენებს, ღამის 11 საათისთვის ხალხი უკვე იძინებდა, საქვაბეში დიდი წნევის საჭიროება აღარ არსებობდა და ცეცხლფარეშიც აღარ ეუბნებოდა, ქვანახშირი მაკლდებაო. ექვსი კვირის განმავლობაში, ასეთ პირობებში წერდა წიგნს, რომელსაც „სული რომ ამომდიოდა“ უწოდა და სადაც ბანდრენების ოჯახის ეპიკური მოგზაურობა აღწერა, ოჯახის მატრიარქის, ედი ბანდრენის მშობლიურ მიწაზე დასამარხად რომ წამოიწყეს.

 ფოლკნერს ყოველთვის უყვარდა სათაურები, რომლებიც მწერლის თამამ განაცხადსაც წარმოადგენდნენ და, იმავდროულად, ტექსტსაც ორგანულად ერწყმოდნენ. თუ „აბესალომ, აბესალომს“ ბიბლიურ ნარატივთან მივყავართ, ხოლო „ხმაურსა და მძვინვარებას“ შექსპირის მაკბეტთან, „სული რომ ამომდიოდა“ ეხმიანება ოდისეას XI სიმღერას, რომელშიც ოდისევსის ჰადესის საუფლოში ჩასვლაა აღწერილი, სადაც აგამემნონი ოდისევსს თავისი მუხანათური მკვლელობის ამბავს უყვება: „მომაკვდავმა ერთი წამოვიწიე, მახვილისთვის მინდოდა წამეტანა ხელი, მაგრამ გამექცა ის ძაღლთაპირი დიაცი, სულამომდინარეს არც პირი დამიმუწა და არც თვალები დამიხუჭა“ [3].

 სხვა მოდერნისტი ავტორების მსგავსად, ფოლკნერიც ხშირად ეყრდნობა მითებსა და არქეტიპულ სახეებს თავის ნაწარმოებებში, მათ შორის მოგზაურობის ფაბულას, რომელიც არაერთ ანტიკურ, თუ შუა საუკუნეების მნიშვნელოვან ტექსტს უდევს საფუძვლად. და რამდენადაც ფოლკნერი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ამერიკელი მწერალია, რომელმაც, ალბათ, ყველაზე კარგად იცის თავისი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა, გასაკვირი აღარაა, რომ მის ძალიან ბევრ რომანში ვხვდებით სამოგზაურო ნარატივს, როგორც ამერიკული ყოფისა და ცნობიერების მთავარ ქვაკუთხედს. სწორედ ამიტომ, ბანდრენების მოგზაურობა მითოლოგიურ განზომილებას იძენს, ოღონდ ეგაა, მისი ეპიკურობა, გამომდინარე იქიდან, რომ რომანი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იწერება, რადიკალურად განსხვავდება ანტიკური თუ შუა საუკუნეების ეპოსის მასშტაბებისა და მორალისგან. როგორც ჯოზეფ კემპბელი განმარტავს, კლასიკურ ლიტერატურაში აღწერილი ეპიკური მოგზაურობები ძალზე გრძელი და სახიფათო წამოწყებებია, რომლებიც დიდ ძალისხმევასა და თავგანწირვას მოითხოვენ და, როგორც წესი, ღმერთების, ნახევრადღმერთების ან/და ღვთისდარი გმირების მიერ ხორციელდება. მოგზაურობის პარალელურად გმირი იზრდება, ვითარდება და წარმატებასაც აღწევს, თუმცა მის ზრდასა და განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ გმირის ქმედებებმა საზოგადოებაზეც მოახდინოს სასიკეთო გავლენა, რადგან ყოველი ასეთი წამოწყება დიადი მიზნითაა განპირობებული. ერთი შეხედვით, ფოლკნერის რომანის გმირების მოგზაურობაშიც მოჩანს აღნიშნული ელემენტები: ოჯახის მიზანი, გარდაცვლილ დედას უკანასკნელი სურვილი აუსრულოს და ჩრდილოეთ მისისიპიდან მშობლიურ ჯეფერსონში გადაასვენოს, ნამდვილად კეთილშობილურია; მთელი მათი მოგზაურობა სავსეა დაბრკოლებებით, რომლებსაც დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც გადალახავენ; დიდ მსხვერპლსაც გაიღებენ; და დასახულ მიზანსაც წარმატებით სრულყოფენ; მაგრამ მათი ეს, ვითომდა, კეთილშობილური მიზანი საკუთარი ეგოისტური, ყოფითი მოტივებითაა შებღალული და ნელ-ნელა გასაგები ხდება, რომ ოჯახის უფროსი, ენს ბანდრენი, კბილის პროთეზის გასაკეთებლად უფრო მიიჩქარის ჯეფერსონისკენ, ვიდრე მეუღლის თხოვნის შესასრულებლად; ქალიშვილს, დიუი დელს, მუცლის მოსაშლელი წამლის ყიდვა უნდა, მის პრაგმატულ ძმას, ქეშს, გრამოფონის, ხოლო ყველაზე პატარა ვარდამანს – სათამაშო მატარებლის. რაც მთავარია, მათ მოგზაურობას, მათ გარჯასა და მათ თავგანწირვას სასიკეთო შედეგი არ მოაქვს სოციუმისთვის და იმის ნაცვლად, ხალხის პატივისცემა მაინც დაიმსახურონ, საპირისპირო შედეგს იღებენ. მათი „გმირული სულისკვეთება“ კი მოდერნისტი მწერლის ხელში აბსურდის თეატრს ემსგავსება და კომიკურ ელფერს იძენს.

 მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი ფოლკნერის ერთ-ერთი საყვარელი თემაა და გვამები მის ბევრ ნაწარმოებში გვხვდება, იქნება ეს „ხმაური და მძვინვარება“, „ვარდი ემილისთვის“, თუ „გვამის შემგინებლები“, გარდაცვლილის ამგვარი მოგზაურობის ანალოგი, რომელსაც „სული რომ ამომდიოდა“ გვიხატავს, როგორც ფოლკნერის მკვლევარი და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ ჰემბლინი შენიშნავს, თითქმის შეუძლებელია ამერიკის სამხრეთის უახლეს ისტორიაში დაფიქსირებულიყო. სწორედ ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ რომანი მაინც შუა საუკუნეების საგმირო ეპიკური რომანსის ქარგაზეა აგებული, იგივე ჰემბლინი ვარაუდობს, რომ მწერლის შთაგონების წყარო მე-13 საუკუნეში მომხდარი ისტორიული მოვლენა გახდა. ინგლისის მეფე ედვარდ პირველის ბრძანებით მისი მეუღლის, ელეონორ კასტილიელის ცხედარი ჩრდილოეთ ინგლისიდან ლონდონში გადმოასვენეს, რათა ვესტმინსტერის სააბატოში დაეკრძალათ, მოგვიანებით კი, მისსავე პატივსაცემად, იმ თორმეტ ადგილას, სადაც პროცესიამ ღამე გაათია, სიმბოლურად, ჯვრები აღამართვინა. საგმირო რომანსებისგან განსხვავებით, ფოლკნერის რომანის გმირები ღარიბი ფერმერები არიან, მათ შორის ედი ბანდრენიც, რომელიც, მართალია, განათლების დონით ბევრად აღემატება ქმარ-შვილს, არც არისტოკრატია და არც სამეფო გვარის წარმომადგენელი, მაგრამ ფოლკნერი განსაკუთრებულ თანაგრძნობას იჩენს მის მიმართ და სურს, ისეთივე პატივი მიაგოს ბანდრენების ოჯახის დედას, როგორიც ლეგენდარულმა ბრიტანელმა დედოფალმა დაიმსახურა საუკუნეების უკან. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლის დაკრძალვა, დღევანდელი გადმოსახედიდან, არცთუ რომანტიკულად გამოიყურება – ძველებური ტრადიციის თანახმად, მისი შინაგანი ორგანოები ლინკოლნის კათედრალში დაიკრძალა, გული ბლექფრიარში, ხოლო სხეული ვესტმინსტერის საააბატოში – და ედი ბანდრენის უკანასკნელი მოგზაურობის ხასიათს იდეალურად ერწყმის. რომანში 15 ნარატორი და 59 მონოლოგია, საიდანაც ედი ბანდრენს მხოლოდ ერთი ეკუთვნის, მაგრამ სწორედ ეს ერთია ღერძი, რომლის ირგვლივაც იკვრება რომანის სიუჟეტი, ისევე როგორც მისი სიკვდილი კრავს, თუნდაც დროებით, დაშლილსა და დანაწევრებულ ოჯახს, რომლის წევრებიც, მათი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, ცდილობენ საკუთარი სათქმელი გადმოსცენ. მკითხველიც ერთი პერსონაჟიდან მეორეზე გადადის და ამგვარად ახერხებს გაარკვიოს სიმართლე, რომელიც არასანდო მთხრობელების წყალობით გამუდმებით ხელიდან უსხლტება; და ფოლკნერიც ყველა ღონეს ხმარობს, გზები დაუხლართოს, მიუხედავად იმისა, რომ „ხმაური და მძვინვარებისგან“ განსხვავებით, რომანში მეტ-ნაკლებად ლინეარულ ნარატივს გვთავაზობს – დასაწყისით, განვითარებითა და კულმინაციით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მწერალმა საკმაოდ რთული მისია იკისრა – განსხვავებული ხასიათის, მსოფლმხედველობისა და ფსიქიკის მქონე თხუთმეტი პერსონაჟი შექმნა და ყველას ინდივიდუალური ენა შესძინა. თუ წლების განმავლობაში მარკ ტვენის ჰაკლბერი ფინი იყო ის ტექსტი, რომელიც ყველაზე ავთენტური, რეგიონული ამერიკული ენით მეტყველებდა, მოგვიანებით, ეს როლი ფოლკნერის რომანმაც შეითავსა, ოღონდ, ცხადია, მისი გმირები ჰაკზე და ჯიმზე უფრო მეტს წვალობენ საჭირო სიტყვების საპოვნელად – სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე-20 საუკუნის ბინადრები არიან და მათი ლექსიკური მარაგი მათივე ფიქრების გასახმოვანებლად საკმარისი არ არის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ფოლკნერის თარგმნა ურთულესი საქმე უნდა იყოს და ვინც ამ მტანჯველ საქმეს შეეჭიდება, აპლოდისმენტებს იმსახურებს. რა თქმა უნდა, ის ანდაზაც გაგვიგონია, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო, მაგრამ ფოლკნერის ამ რომანს ნამდვილად გაუმართლა (ისევე როგორც მის ბევრ სხვა ნამუშევარს). მედეა ზაალიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფოლკნერის რომანი უშუალოდ ორიგინალი ენიდან თარგმნა, თანაც იმ დროს, როცა არც ინტერნეტი არსებობდა, არც ელექტრონული ბაზები და არც ონლაინ ლექსიკონები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ავტორების თარგმნის პროცესში. მედეა ზაალიშვილი ფოლკნერის შემოქმედებას კარგად იცნობს, მისი რომანის გადმოქართულებასაც ამ ცოდნით შეჭურვილი შეუდგა და შედეგად არაჩვეულებრივი თარგმანით გაამდიდრა ქართული ლიტერატურული სივრცე, რასაც, სულ ახლახან, მწერლის ადრეული ნამუშევარი, „ნიუორლეანული ჩანახატებიც“ შემატა. ზოგადად, ქართული მთარგმნელობითი სკოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფოლკნერის თითქმის ყველა რომანისა თუ მნიშვნელოვანი ნაწარმოების ქართული გამოცემა მოგვეპოვება, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის დიდი მოვლენაა, და სერ უილიამ ჩარლზე უპირატეს მდგომარეობაში გვაყენებს, ვისი სიტყვებითაც გვინდა ეს წერილი დავასრულოთ: „წიგნი რომ დავხურე, უკვე ბინდდებოდა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე… შემძრა… სახლის მეორე სართულზე ავედი და ჩემს წინ გადაშლილ შენაცრისფრებულ მინდვრებს გადავხედე, ქვის ყორეებით რომ დაუქსელავთ ჩემს წინაპრებს და, ვინ იცის, რამდენი დიდი მწერლის შთაგონების წყაროც გამხდარა. არ ვიცი, წიგნმა ასე ძლიერ რატომ იმოქმედა, ეგებ იმიტომ, რომ ასაკმა მიწია და სიკვდილის მსგავსმა მძაფრმა აღწერამ ჩემს ბებერ ძვლებსაც სუსხი მოჰგვარა… ვეჭვობ, ამ ახალ საუკუნეში ამერიკა ლიტერატურაშიც პირველობისთვის იბრძოლებს… ნეტა ჩემი შვილები როგორ არიან? რამდენი ხანია, არ გვისაუბრია, ახალ წელს ერთად არ შევკრებილვართ…“


[1] მედეა ზაალიშვილის თარგმანი

[2] თენგიზ ჩხაიძის თარგმანი

[3] თამაზ ჩხენკელისა და ზურაბ კიკნაძის თარგმანი

© არილი

Facebook Comments Box