„სერ ისააკ ნიუტონი – ადამიანთა მოდგმის მშვენება“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2019 წ. ავტ. გია მაჩაბელი. მხატვრული გაფორმება: რეზო გაბრიაძე. წინათქმის ავტ. გიგა ზედანია.
„ყოველგვარი სააზროვნო მოღვაწეობის მიზანია, გადააქციოს სასწაული ისეთ რამედ, რაც მისაწვდომია“.
ალბერტ აინშტაინი
„უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა“, ძველი აღთქმა.
სიბრძნე სოლომონისა.
„დილიდან მძიმე ამოცანას აკლავდა თავს ერთაოზი: 6:2=?“
„შერეკილები“
ბუნებამ არავითარი დაყოფა არ იცის. ბუნება ერთიანია! ჩვენი შეზღუდული გონება კი სიმარტივისათვის სამყაროს ანაწევრებს ფიზიკად, ბიოლოგიად, ფსიქოლოგიად და ა.შ. – ძნელია არ დაეთანხმო თეორიული ფიზიკის დიდი წარმომადგენლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, რიჩარდ ფეინმანის, ამ მოსაზრებას, მით უფრო მაშინ, როცა მრავალი საუკუნის მანძილზე მართლაც ასე იყო: პოეზიას, მეცნიერებას, ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას შორის არ იყო გავლებული მკვეთრი საზღვარი. არისტოტელეს „ფიზიკაც“ უფრო ფილოსოფიური ტრაქტატი იყო, ვიდრე ფიზიკის სახელმძღვანელო, მაგრამ დროთა განმავლობაში მეცნიერებამ და, ზოგადად, ადამიანის ინტელექტუალურმა საქმიანობამ სპეციალიზაციის ისეთ დონეს მიაღწია, რაც წინათ წარმოუდგენელი იყო. დღეს იშვიათია ერთ წიგნში ფილოსოფოსის, ფიზიკოსის, მწერლისა და მხატვრის ჰარმონიული, ბუნებრივი შეხვედრა (თავმოყრა), არადა, მრავალი საუკუნის წინ არაფერი უჩვეულო ამგვარ შეხვედრაში არ იქნებოდა, მეტიც, ასეთ წიგნს, ალბათ, ერთი, ფილოსოფოსი ავტორი ეყოლებოდა. თუმცა, XVIII-XIX საუკუნიდან მოყოლებული, ცალკე აღებული ერთი ადამიანის შეზღუდული გონება/დრო ვეღარ უმკლავდება ინფორმაციის სწრაფად მზარდ ნაკადს და სამყაროს დანაწევრებაც ინტელექტუალური საქმიანობის ცალკეულ დარგებად, აღარ გვეჩვენება არაბუნებრივად.
ილიას უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნს, „სერ ისააკ ნიუტონი – ადამიანთა მოდგმის მშვენება“ – ყდაზე ერთი ავტორის, ფიზიკის დოქტორისა და მეცნიერების პოპულარიზატორის, გია მაჩაბლის, გვარი აწერია, თუმცა გია მაჩაბლის შესანიშნავ ტექსტს გამორჩეული ხიბლის წიგნად აქცევს ფილოსოფოს გიგა ზედანიას წინათქმა („გრავიტაცია და გრადაცია“) და აღიარებული ხელოვანის, რეზო გაბრიაძის მხატვრული გაფორმება + მოთხრობა „ვორი პლიუსით თუ სამი მინუსით?“
ცხადია, გასაკვირი არ იქნება, თუკი ნიუტონზე საუბრისას ხშირად ვახსენებთ გრავიტაციას. არც ის იქნება გასაკვირი, თუკი ვიტყვით, რომ ამ წიგნის მიზიდულობის (გრავიტაციის) ცენტრი სწორედ ის ადამიანია, რომლის საფლავის ქვასაც შემდეგი სიტყვები აწერია:
„აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი,
რომელმაც გონების თითქმის ღვთიური ძალით
პირველმა ახსნა პლანეტების მოძრაობა და ფორმა
თავისი მათემატიკური მოდელის საშუალებით.
მან პირველმა გამოიკვლია სხივების ნაირგვარობა და,
აქედან გამომდინარე, ფერების თავისებურება,
რომელთა შესახებ მანამდე არავინ იცოდა.
…
მოკვდავთ უხაროდეთ, რომ მათ შორის ცხოვრობდა
ადამიანთა მოდგმის ასეთი მშვენება“.
დიახ, ისააკ ნიუტონია ამ წიგნის მიზიდულობის ცენტრი, შემკვრელი და სულის ჩამდგმელი ძალა, რომელმაც ერთ სივრცეში, ერთ წიგნში მოუყარა თავი ფილოსოფოსს, ფიზიკოსსა და ხელოვნების ოსტატს. ისიც ვთქვათ, რომ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონით, მიზიდულობის ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულია სიმძიმისა, ამ შემთხვევაში ავტორთა სიმძიმისა, იმ ავტორებისა, რომლებიც თავიანთი ტექსტებით ასევე ინტენსიურად ურთიერთქმედებენ.
წინათქმაში („გრავიტაცია და გრადაცია“) გიგა ზედანია წიგნის ყველა ნაწილს ეხმიანება: გვაცნობს ნიუტონის ხატების დუალურ ბუნებას, რომ სერ ისააკი კაცობრიობისთვის ხან ლამის დემონური ფიგურაა, რომელიც თავისი აზროვნების ძალით ტოტალურად ცვლის სამყაროს, ხან კი ისეთი „ადამიანური მეცნიერია“, რომლისთვისაც არაფერი ადამიანური, მათ შორის კომიკური (თავში ვაშლის დაცემა რომ უნათებს გონებს) უცხო არ არის; წარუდგენს მკითხველს გია მაჩაბლის – შესანიშნავი ქართველი ფიზიკოსისა და ინტელექტუალის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის ტექსტს, როგორც საუკეთესო შესავალს ნიუტონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში და ბოლოს, ვრცლად მიმოიხილავს რეზო გაბრიაძის – დიდი ქართველი ხელოვანის (მწერლის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მოქანდაკის) გრავიტაციით მოჯადოებას, მის უსასრულო მცდელობას, შეებრძოლოს და დაძლიოს გრავიტაცია, მცდელობას, თავის (გაბრიაძის) ნივთიერ თუ სიტყვიერ სამყაროს მოარგოს სულ სხვაგვარი ფიზიკის, „გაბრიაძის ფიზიკის“ კანონები, რომელთა შესაბამისად, სიყვარული ვერტიკალურია და, მისი ეს ვერტიკალურობა „ექსპერიმენტითაც“ დასტურდება: ვის არ გამოუცდია საკუთარ თავზე, რომ „პირველი სიყვარული ცაში თუ აგაფრენს!“
ამგვარი გადაძახილი რეზო გაბრიაძის შემოქმედებასთან გია მაჩაბლის, ანუ წიგნის ძირითად ტექსტშიც არაერთია. თუნდაც ის თავი ავიღოთ, ენტროპიაზე რომ მსჯელობს ავტორი. თხრობა „შერეკილებიდან“ მოხმობილი ციტატით იწყება:
„მოიწყინა ქრისტეფორემ, მალიხულია სენი დაემართა, მელანქოლიის მსგავსი. ერთაოზს მალარიამ გაუხსენა. იწვა საწყალი ქვაბთან, კანკალებდა და ენთროპიის ზრდის კანონზე ფიქრობდა კასპის ჭილოფში გახვეული“.
ამის შემდეგ, გასაგები რომ გახდეს, რაზე ფიქრობენ შერეკილები, გია მაჩაბელი მკითხველს აცნობს თერმოდინამიკის მეორე კანონის შინაარსს, რომ ეს კანონი შემზარავია, რადგანაც ნებისმიერი ჩაკეტილი სტატისტიკური სისტემა დროთა განმავლობაში მიისწრაფის ქაოსისაკენ. ცოცხალი ორგანიზმისათვის „ქაოსისკენ მისწრაფება“ სიკვდილისკენ სვლას ნიშნავს, ენტროპიის ზრდაც, საბოლოო ჯამში, სიკვდილით სრულდება და აკი, პოემის ფინალში, ერთაოზიც და ქრისტეფორეც გადიან გაღმა, მარილზე…
ენტროპიისა და თერმოდინამიკის მეორე კანონის, ასევე ნიუტონის კანონების გარდა, წიგნში შეხვდებით მსჯელობას ფიზიკის ლამის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია ისააკ ნიუტონთან, ნიუტონთან კი ყველაფერი კავშირშია, ვინაიდან ის, რაც ნიუტონამდე იყო, ნიუტინისკენ მიემართება და რაც ნიუტონის შემდეგ შეიქმნა, ნიუტონიდან იღებს სათავეს, თუმცა ფიზიკა და ნიუტონის მიღწევები წიგნის მხოლოდ ერგვარი ვარჯია, რომელიც მჭიდროდ არის შევსებული სხვადასხვა სიდიდის ტოტებითა და ფოთლებით – შესაბამისი ეპოქების კულტურული, მეცნიერული, თეოლოგიური, პოლიტიკური და ა.შ. კონტექსტებით. რეზო გაბრიაძეც გია მაჩაბლის მიერ მოთხრობილ ამბავს ადარებს გრანდიოზულ შენობას, რომელსაც საუკუნეებით აგებდა ადამიანი.
„თითქოს ავტორს მივყავარ რაღაც უსასრულო შენობაში და მაძლევს საშუალებას, განვიცადო ამ შენობის მშენებლობის მსვლელობა. რაც ყველაზე უფრო მაჯადოებს ამ წიგნში, არის რწმენა, იმ დიდი მშენებლების ღვთაებრივი რწმენა, მათი სურვილი, გაიგონ მისი ჩანაფიქრი. ეს მოგზაურობა ამ წიგნში უდიდესი შთაბეჭდილებაა ჩემთვის“, – წერს თავისი მოთხრობის და, შეიძლება ითქვას, მთლიანად წიგნის post scriptum-ში რეზო გაბრიაძე – მწერალი და მხატვარი, რეჟისორი და მოქანდაკე, რომელიც თვითონ არის განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ გრანდიოზული შენობის თუ მშენებლობის არქიტექტორი. ვგულისხმობ „გაბრიაძის სამყაროს“, როგორც მას მწერალმა ანდრეი ბიტოვმა უწოდა.
„ასეთ მკაფიო მაგალითს სცენარისტის პირველადობისას პირადად მე არ ვიცნობ. ჩემთვის გაბრიაძე ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც შეძლო თავისი სცენარის მიხედვით შექმნილ ფილმებში დაედასტურებინა დამოუკიდებელი არსებობა. იგი კი არ შთანთქეს რეჟისორებმა, არამედ მეტი ან ნაკლები წარმატებით განახორციელეს. და რაც უფრო ზუსტად, მით უკეთესად. გაბრიაძე, რეჟისორს თავის ნებას თავს ახვევს იმიტომ, რომ უბრალოდ და გაწაფულად კი არ იწერს სიუჟეტურ ისტორიებს – იგი ქმნის სამყაროს. ეს სამყარო წარმოიქმნა და გამოიკვეთა მისი კალმის ქვეშ, და მაშინ ყველა მიხვდა, რომ ეს სამყარო ყოველთვის იყო: მიმოიხედეს და იცნეს იგი. გაუხარდათ, თურმე, სად ვცხოვრობთ!“ – წერდა ანდრეი ბიტოვი ჯერ კიდევ 35 წლის წინ.
გაბრიაძე თავისი სამყაროს ნიუტონია. შესაბამისად, მისი სამყაროს კლასიკურ მექანიკაში გაბრიაძის კანონები მოქმედებენ. გაბრიაძის მიზიდულობის კანონის ფორმულაშიც
G ანუ „გრავიტაციის მუდმივა“ გვარის (Gabriadze) პირველი ასოს მიხედვითაა ნაწარმოები, ხოლო R – სახელის (Rezo) პირველი ასოს მიხედვით. „შერეკილებშიც“ რიცხვი π, 3,1415… კი არ არის, როგორც საყოველთაოდ არის მიღებული, არამედ 3,16-ია პლუს სიყვარული პლუს ოჯახი (სხვათა შორის, ძველ ეგვიპტეში წრის ფართობის საპოვნელად „პის“ სწორედ ამ მნიშვნელობას – 3,16-ს იყენებდნენ). „პი“-ს ეს მნიშვნელობა გაბრიაძემ მიახატა მარგალიტა ამყოლაძის პორტრეტს პოემა „შერეკილების“ პირველ გამოცემაში, ფორმულები და რიცხვები ასევე აქვს ჩაწნული გრძელ და ხვეულ თმებში ნიუტონის პორტრეტსაც, რომელიც გია მაჩაბლის წიგნის ყდაზეა გამოტანილი. ნიუტონის კანონებისა და ბინომის გარდა დიდი მეცნიერის სახე, უფრო ზუსტად ლოყა, დამშვენებულია ნიუტონის ღაჟღაჟა ვაშლით, აი, იმ ვაშლით, რომელიც ყველასათვის ცნობილი გადმოცემით, თითქოსდა, დაეცა ნიუტონს და, რომელმაც მეცნიერს მსოფლიო მიზიდულობის კანონზე აუხილა თვალი… თუმცა, შესაძლოა, ნიუტონის ეს ვაშლიც ასევე გაბრიაძის სამყაროშია მოყვანილი იმ დროში, როცა „ქიმია არ იყო და ვაშლში ჭია ცხოვრობდა“.
გრავიტაციას უტრიალებენ გაბრიაძის პერსონაჟები „ქინ-ძა-ძა“-ში, „შერეკილებში“; გრავიტაცია დაძლეული და განულებულია ნიუტონის შესახებ დაწერილ ამ წიგნში ჩართულ მოთხრობაში „ვორი პლუსით თუ სამი მინუსით?“. რეზო გაბრიაძისათვის გრავიტაცია მთავარი მასალაა მარიონეტების თეატრშიც. როგორც გიგა ზედანია შენიშნავს ჰაინრიხ ფონ კლაისტის ნაშრომზე („მარიონეტების თეატრის შესახებ“) დაყრდნობით, მარიონეტის ყველა ასო სწორედაც რომ მიზიდულობის კანონს მისდევს. გრავიტაციის ერთგვარი ძეგლია გაბრიაძის ცნობილი კოშკიც, რომლის სიმეტრია შეგნებულად არის დარღვეული იმის საჩვენებლად, თუ რა შეუძლია მსოფლიო მიზიდულობის ძალას. ამ ძალის ყველაზე ცნობილი ილუსტრაცია პიზის კოშკია თავისი დახრილობითა და გალილეო გალილეის ცდებით, თუმცა პიზის კოშკი ნიუტონის სამყაროს ნაწილია, შავთელის ქუჩაზე მდებარე კოშკი კი – გაბრიაძის სამყაროსი.
რომელი სამყარო უფრო თვალსაჩინო და გამძლეა – დიდი მეცნიერის მიერ შექმნილი თუ დიდი ხელოვანის მიერ გამოგონილი? რა არსებითი განსხვავებაა მათ შორის?
გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი ამბობს, რომ ხელოვნების სრულყოფილი ნაწარმოები ყოველთვის სწორუპოვარი იქნება და არასოდეს დაბერდება.
„ცალკეულმა ინდივიდმა შეიძლება სხვადასხვაგვარად შეაფასოს მისი მნიშვნელობა, მაგრამ ვერავინ ვერასოდეს იტყვის სრულყოფილ მხატვრულ ნაწარმოებზე, რომ ამას სრულყოფილებით მისი სწორი სხვა ნაწარმოები „აღემატება“. ამის საპირისპიროდ, ყოველმა ჩვენგანმა იცის, რომ მეცნიერების სფეროში მის მიერ გაკეთებული საქმე 10, 20, 40 წლის შემდეგ მოძველდება. ასეთია ბედი, უფრო მეტიც, ასეთია აზრი მეცნიერული შრომისა. ამ აზრს ექვემდებარება და ემსახურება მეცნიერება, და სწორედ ეს წარმოადგენს მის სპეციფიკურ განმასხვავებელ ნიშანს კულტურის ყველა სხვა ელემენტებთან შედარებით. მეცნიერებაში ყოველი სრულყოფილად შესრულებული ჩანაფიქრი ნიშნავს ახალი „საკითხების“ დასმას. იგი მთელი არსებით ითხოვს თავის თავზე აღმატებულს. ამას უნდა შეურიგდეს ყველა, ვისაც სურს ემსახუროს მეცნიერებას“ („მეცნიერება, როგორც მოწოდება და პროფესია“. თარგ. თამაზ ჩხენკელისა).
მაქს ვებერი იმასაც შენიშნავს, რომ ხელოვნების მსგავსად, დიდი მეცნიერული შრომებიც დიდხანს ინარჩუნებენ თავიანთ მნიშვნელობას და დიდხანს ჰგვრიან „ტკბობას“ ადამიანებს. ცხადია, ისინი მეტად დაატკბობენ საკითხში გარკვეულ ადამიანებს, რომლებმაც, რეზო გაბრიაძეს რომ დავესესხოთ, თავი დააღწიეს „განათებულ სიბნელეს“ ისე, როგორც გაბრიაძის დიდებული პოემის მთავარმა პერსონაჟმა.
„აქ უნდა დავემშვიდობოთ ერთაოზ ბრეგვაძეს, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა სხვა სოფლელი ბიჭებისგან, მათსავით განათებულ სიბნელეში იმყოფებოდა და ვერც კი წარმოედგინა, თუ რამე არსებობდა ამ ქვეყანაზე გორების, ხეების, ორშიმოს, ძროხის და ვალების გარდა“, – ასე აღწერს რეზო გაბრიაძე ძველ ერთაოზს, როგორიც ის იყო ნასტუდენტარ ფიზიკოსთან შეხვედრამდე. სწორედ ამაში, „განათებული სიბნელიდან“ გამოსვლის სურვილის გაღვიძიებაში, დაეხმარება ყველა ასაკის ადამიანს ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის გამოცემული „სერ ისააკ ნიუტონი – ადამიანთა მოდგმის მშვენება“. აკი, წერს კიდეც წიგნის ბოლო გვერდზე რეზო გაბრიაძე: „ეს წიგნი აუცილებელია ყველასათვის: მოსწავლეებისათვის და ღრმა მოხუცებისათვის. ის ძალიან მოგეხმარებათ ლოცვაშიც… მათემატიკა და ფიზიკა ეხება ყველას და უნდა უყვარდეს ყველას. ეს პოეზიის, ჭეშმარიტების გაგებისა და ღრმა რწმენის სახეა. მათემატიკა და ფიზიკა მუსიკაა. რა საცოდავია ადამიანი უმუსიკოდ“.
მათემატიკა და ფიზიკა მართლა უნდა უყვარდეს ყველას, რადგან ეს სჭირდება ადამიანს და სჭირდება არა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ ენტროპიის ზრდა შეანელოს, ანუ გადადოს როგორც თავისი, ასევე სამყაროს აღსასრული, შესაბამისად, ეს სჭირდება სამყაროს შემოქმედსაც, რომლის წინაშეც, როგორც დიდი აინშტაინი იტყოდა, ყველანი ერთნაირად ჭკვიანები ვართ, უფრო ზუსტად – ერთნაირად სულელები.
© არილი