რეცენზია

დათო ქარდავა – მოდი, ვნახოთ თბილისი…

tbilisi elisashvili

 „ქალაქი ჩემთვის წიგნია…“ – შოთა ჩანტლაძე

მომავლის ხილვის საფუძველად უნდა ვაქციოთ წარსულის წვდომა და აწმყოს აუხირებელი შეცნობა“ – კარლ იასპერსი

ალექსანდრე ელისაშვილი, „როგორ შეიცვალა თბილისი“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2013.

იცვლება ქალაქი და იცვლება მასში მცხოვრები ხალხიც ისევე, როგორც ყველაფერი სამყაროში – არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, თუმცა აზრს მოკლებული არ იქნება, თუკი ვიკითხავთ, რა ცვლის ქალაქს? როგორია ქალაქისა და მისი მოსახლეობის მიმართება გარდაუვალ ცვლილებებთან? ადამიანი ცვლის ქალაქს თუ ქალაქი – ადამიანს? რომლის გავლენა უფრო ძლიერი, მნიშვნელოვანი და ბიძგის მიმცემია? როგორია დროის (როგორც ასტრონომიულის, ასევე ისტორიულის) გავლენა ქალაქზე? – ეს და კიდევ სხვა ბევრი შეკითხვა აგაფორიაქებთ, როცა ალექსანდრე ელისაშვილის წიგნს – „როგორ შეიცვალა თბილისი“ – წაიკითხავთ.

შესავალში თავად ავტორიც წერს, რომ ყველა ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და ამ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, ცვლილება ახასიათებს, არც ერთ ქალაქში არაფერია სტატიტკური, გაყინულ-გაშეშებულიო, თუმცა იქვე შენიშნავს, ცვლილებაც არის და ცვლილებაცო.

რაშია საქმე?

კვლავ ავტორს მოვუსმინოთ:

„ალბათ, ძნელად მოიძებნება ქალაქი, რომლის ისტორიულ ცენტრს, უკვე ჩამოყალიბებულ განაშენიანებას იმდენი ჩარევა განეცადოს, რამდენიც 1921 წლის მერე დაიწყო და დღემდე გრძელდება თბილისში. უბნები, მოედნები, ქუჩები, ხიდები, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის საკულტო ნაგებობები საბჭოთა ხელმძღვანელებისა და დამოუკიდებელი საქართველოს მმართველების ხშირად აკვიატებულ ურბანულ ხედვებსა და გემოვნებას შეეწირა. ეს წიგნი სწორედ ამ სახეცვლილებებზეა, იმ ადგილებსა და ნეგებობებზე, რომლებიც იყო თბილისში და ძალიან შეიცვალა, ან სულაც გაქრა და მხოლოდ ფოტოებზე შემორჩა“.

დროში ცვალებადი თბილისი – სწორედ ეს არის ამ წიგნის მთავარი საგანი, რომლის აღსაწერად ავტორი ტექსტის გარდა უხვად იყენებს ვიზუალურ მასალას ფოტოების სახით. რეტროსპექცია მოიცავს პერიოდს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე და სწორედ ამ, ძველი და ახალი ფოტების თვალიერებისას იჩენს თავს დროისა და სივრცის პოეტურობა, რომელიც თბილისის მძიმე ხვედრისა და უზარმაზარი დანაკარგის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ სევდითაა დაღდასმული. ალბათ, ამ ფოტოებზე შემორჩენილ ქალაქს მისტოროდა იოსებ გრიშაშვილი, როცა ძველ თბილისს ემშვიდობებოდა თავის ცნობილ ლექსში:

ძველო თბილისო! ჩემი მიზნები

აღარ მაქვს, გულში რომ გინახავდი

გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები

ძველო თბილისოგტოვებნახვამდის….

მხოლოდ ფოტოებზეა შემორჩენილი, მაგალითად შიიტური მეჩეთი, იტალიური ოპერის შენობა, სასახლის ქუჩა, ვანქის ტაძარი და სხვა მრავალი მატერიალური თუ სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც წლების განმავლობაში ამშვენებდა თბილისის სივრცულ ქსოვილს და რომლებმაც ვერ გაუძლეს დროის ცვალებადობასა თუ სტიქიურ უბუდურებას (განსაკუთრებით ხანძრების სახით) და ვერ მოაღწია ჩვენამდე, თუმცა ნებისმიერი სტიქიის შემოტევა უმნიშვნელოდ ჩანს იმასთან შედარებით, რაც ადამიანმა დამართა თბილისს. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი, როცა ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა წარსულთან ბრძოლასა და თბილისის ევროპეიზებას ძველი ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი განუმეორებელი ხასიათი და სივრცული სტრუქტურა შესწირეს. მაგალითად, სანაპიროს მშენელობას შეეწირა თბილისის ყველაზე კოლორიტური ნაწილი – მტკვარზე დაკიდულაივნებიანი სახლები და მდინარიდან ამოზრდილი ქარვასლები, თუმცა ალექსანდრე ელისაშვილის ამ წიგნიდან კარგად ჩანს, რომ საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებული ცინიზმით ეპყრობოდა საკულტო ნაგებობებს. ავიღოთ თუნდაც ოთხმეოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია, რომელიც აბანოთუბნის მახლობლად იმ ტაძრის ადგილზე იყო აშენებული, სადაც აბო თბილელს მოჰკვეთეს თავი. ფრაგმენტი წიგნიდან:

„მოგვიანებით ამავე ადგილას უკვე გუმბათიანი ეკლესია იდგა (ეს ეკლესია კარგად ჩანს მე-19 საუკუნის ფოტოებზე), რომელიც სადავო და საცილო იყო ქართველებს, ბერძნებსა და სომხებს შორის. ეს დავა, ჩვეულებისამებრ, თავისებურად გადაჭრეს ბოლშევიკებმა – 20-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს. მიგვიანებით ნაეკლესიარზე საზოგადოებრივი ტუალეტი აშენდა“.

ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქციას ემსხვერპლა ვანქის დიდებული ტაძარი, ხოლო მეტეხის ხიდის მშენებლობას – უნიკალური, შიიტური მეჩეთი, რომლის შესახებაც ალექსანდრე ელისაშვილი წერს:

„მეჩეთი მეტეხის კლდის გადმოღმა იდგა, მისი კედლები მტკვრის კალაპოტზე ოსტატურად იყო ამოყვანილი. ცნობილია, რომ მას ჰქონდა უპრეცედენტოდ დაბალი მინარეთი, ვინაიდან ქართველებმა სპარსებს არ დაანებეს, ის სიონის ჯვარზე მაღალი აეგოთ. მეჩეთის გუმბათი და მინარეთის კოშკი ცისფერი შორენკეცებით იყო მოპირკეთებული, ამიტომ მას „ცისფერ მეჩეთსაც“ ეძახდნენ. ეს მეჩეთი, როგორც ჩანს თვალში არ მოუვიდა საბჭოთა საქართველოს მმართველს, კანდიდ ჩარკვიანს და 1952 წელს მისი დანგრევა ბრძანა. უნდა ითქვას, რომ არაერთმა ქართველმა მეცნიერმა გამოთქვა პროტესტი ძეგლის განადგურებასთან დაკავშირებით, თუმცა სტალინის რეჟიმის დროს, ცხადია, პროტესტი ამაო გამოდგა. განადგურებული მეჩეთიდან მხოლოდ და მხოლოდ გუმბათისა და მინარეთის ცისფერი შორენკეცებია შემორჩენილი, რომლებიც ხელოვნების მუზეუმში ინახება“.

თუმცა, ავტორი ამავე წიგნში (ოღონდ სხვა პარაგრაფში) შენიშნავს, რომ შაჰ ისმაილის დანგრეული მეჩეთის ხის კათედრა, ანუ მიმბარი ამჟამად ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე სუნიტურ მეჩეთში დგასო.

წიგნის ცალკეულ პარაგრაფებს შორის ამგვარი ბმების გამო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „როგორ შეიცვალა თბილისი“ არ არის ფოტოების მშრალი, ერთმანეთისგან იზოლირებული აღწერა. ალექსანდრე ელისაშვილი საგნის – თბილისის ისტორიისა და მისი კულტურის საფუძვლიანი ცოდნის წყალობით ოსტატურად ალაგებს ქალაქის მრავალფერწახნაგოვანი მოზაიკის დეტალებს. ერთი პარაგრაფი არ ნიშნავს ერთი ადგილის (შენობის, ქუჩის და ა.შ.) ავტონომიურ ისტორიას. თბილისი ხომ, ისევე როგორც ყველა ძველი ქალაქი, უამრავი, ერთმანეთთან დაკავშირებული მიკროტოპოსისაგან შემდგარი ერთიანი ორგანიზმია. ფოტოების თანმხლებ ტექსტებში კარგად ჩანს ეს კავშირები, რომელთა გარეშე თბილისი ვერ იქნებოდა შთამბეჭდავი და, შეიძლება ითქვას მისტიური ქალაქი, რომელშიც უსულო საგნებსაც კი საოცარი ამბავი გადახდებათ ხოლმე თავს. ავიღოთ თუნდაც თბილისის უძველესი ქანდაკებების – გრიფონების ისტორია, რომელიც 1851 წელს დაიწყო, როცა გაბრიელ თამამშევმა ერევნის (თავისუფლების) მოედანზე აგებულ ქარვასლას დარაჯად ოთხი რკინის გრიფონი – მითიური ლომ-არწვი დაუყენა:

„1934 წელს ლავრენტი ბერიამ მოედნის გაფართოების მიზნით თამამშევის ქარვასლა დაანგრია, ხოლო გრიფონები გმირთა მოედანზე აგებული ხიდის დასამშვენებლად გადაიტანა. 1970-იან წლებში გმირთა მოედნის რეაბილიტაციის დროს ხიდი გადააკეთეს და გრიფონები აიღეს. ოთხიდან ორი გრიფონი თბილისის ისტორიის მუზეუმის მახლობლად გადაიტანეს. 90-იან წლებში ჯართზე მონადირეთა წყალობით, გიფონებს თანდათან შემოეძარცვათ ფრთები, ფეხები, კუდები და ერთობ საბრალო შესახედავები გახდნენ, თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისის მერიის ინიციატივით მრავალჭირნახულ გრიფონებს რესტავრაცია ჩაუტარეს, შავად შეღებეს და თავისუფლების მოედანზე ძველი სამყოფელის მახლობლად, საკრებულოს შენობის შესასვლელთან დადგეს“. წიგნში გრიფონების მთელი ეს ოდისეა გაფორმებულია შესაბამისი ვიზუალური მასალით, რომელიც ლამის საუკუნენახევარს მოიცავს.

თბილისის კულტურულ გარემოზე დაწერილი წიგნის კითხვისას ბუნებრივია შეხვდებით ბევრი ისეთი მეწარმის, არქიტექტორის, ლიტერატორის, მუსიკოსისა თუ სხვა პროფესიის გავლენიანი მოქალაქის გვარ-სახელს, რომელთა ძალისხმევის გარეშე ქალაქს ვერ ექნებოდა ის იერი, ხასიათი და შინაარსი, რომელიც მას სხვა დასახლებული პუნქტებისგან გამოარჩევს. ამ ხალხის ღვაწლი, გავლენა და დანატოვარი იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ გიჩნდება განცდა თითქოს ისინი არც არსად წასულან და ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. მათი ნაწილი მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონებში განისვენებს, ნაწილი კი –  გრიგორიანელთა, კათოლიკეთა და მუსლიმთა სასაფლაოებზე.

ძნელია იყო ისტორიკოსი, ძველი ქალაქისა და  მისი ყოფის,  კულტურის მკვლევარი და არ იყო ტაფოფილი (ბერძ. taphos – საფლავი, philia – სიყვარული), ანუ სასაფლაოების მოყვარული. ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც ალექსანდრე ელისაშვილია, რომელიც გულისტკივილით აღწერს სოლოლაკის კათოლიკური სასაფლაოსა და გორხანის (აზერბაიჯანელთა პანთეონის) ისტორიას:

„აზერბაიჯანელთა ნეკროპოლისი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ულამაზეს ადგილას მდებარეობს. აქ საუკუნეების განმავლობაში თბილისელ მუსლიმთა სასაფლაო იყო და დიდ ტერიტორიას მოიცავდა, თუმცა საბჭოთა პერიოდში საფლავთა უმეტესობა ტრაქტორებით მოასწორეს და გორხანაზე რამდენიმე გამოჩენილი პირის (მირზა ფათალი ახუნდოვის, მირზა შაფი ვაზეჰის და სხვათა) საფლავი დატოვეს“.

კიდევ უფრო ტრაგიკულია ბედი კათოლიკეთა სასაფლაოსი, რომელიც დღევანდელი ჭონქაძისა და გერგეტის ქუჩების კუთხეში მდებარეობდა, მოიცავდა  13 ათას კვადრატულ საჟენს, ეკუთვნოდა წმინდა როზარიას ძმობას და ექვემდებარებოდა თბილისის ღვთისმშობლის მიძინების რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას:

„…სასაფლაოს ტერიტორია ძველ თბილისელთა საყვარელი სასეირნო ადგილი იყო, ვინაიდან ამ ადგილიდან იშლებოდა შესანიშნავი ხედი ქალაქზე და თავად სასაფლაოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე ინგლისელი სამხედრო ინჟინრის, გენერალ-ლეიტენანტ მონსინის მიერ შირაზიდან და ინდოეთიდან გამოგზავნილი ვარდების ბაღი ყვაოდა. ტერიტორიის შუაგულში უშუალოდ სასაფლაო, მცირე კათოლიკური ეკლესია და სამრეკლო იყო. 1893 წელს შედგენილი სასაფლაოს გეგმიდან ვიგებთ, რომ სოლოლაკის კათოლიკურ სასაფლაოზე საგვარეულო სამარხები ჰქონდათ: ანდრონიკაშვილებს, თუმანიშვილებს, ჩიქოვანებს, ბაქრაძეებს, ზუბალაშვილებს, მიზანდარებს, მაისურაძეებს და სხვებს. სოლოლაკის კათოლიკური სასაფლაო 1920-იან წლებში ბოლშევიკებმა გააუქმეს და მის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და სხვა სახის ნაგებობები ააშენეს“.

ამ ტექსტსაც ახლავს ილუსტრაციები: მე-19 საუკუნის 90-იანი წლებით დათარიღებული ფოტები სასაფლაოს ახლო და შორი ხედებით; სასაფლაოს გეგმა, მის ადგილზე აშენებული სახლების ფოტოები და ერთიც, 2013 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც გერგეტის ქუჩაზე ნაპოვნი საფლავის ქვის ნატეხია აღბეჭდილი.

წარსულისადმი ვანდალური დამოკიდებულება მთელი მე-20 საუკუნე გაგრძელდა და 21-ეშიც გადმოგვყვა. ქრესტომათიულია იმელის – მარქსიზმ-ლენინიზმის ყოფილი ინსტიტუტის შენობის მაგალითი: ჯერ იყო და, 1990 წელს, როცა ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, ე.წ. ურა-პატრიოტებმა დააზიანეს ფასადის ბოლშევიკური შინაარსის ბარელიეფები, რომელთა ავტორები ცნობილი ქართველი მოქანდაკეები, თამარ აბაკელია და იაკობ ნიკოლაძე იყვნენ, 2007 წლიდან კი შენობის ფიზიკური არსებობა დადგა საფრთხის ქვეშ, რადგანაც ფინანსური კრიზისით დამფრთხალმა ინვესტორმა ნახევრად დანგრეული და გამოშიგნული შენობა (რომელიც უსინდისოდ გაწირა თბილისის მერიამ) მიატოვა და ბედის ანაბარა დატოვა.

ალექსანდრე ელისაშვილის ეს წიგნი სავსეა ამგვარი დრამატული ისტორიებით, რის გამოც შეუძლებელია მისი წაკითხვა-დათვალიერება მორალური გულდამშვიდებით. წარსულის გამოცდილება, რომლის მიხედვითაც თბილისის ქალაქგეგმარებაში ხან იდეოლოგია იჭრება, ხანაც ძალაუფლებასთან ნაჯვარი კაპიტალი, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. აკი, ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგი, ლორენ აისლიც წერდა: „ყველა საზოგადოებას აქვს თავის თავსა და თავის ცხოვრების წესზე რაიმე წარმოდგენა. ამ წარმოდგენაში აისახება ხოლმე მილიონობით ადამიანის სწრაფვა და ოცნება. თუკი მასში მხოლოდ აწმყოს მოვლენებია ასახული, თუკი დაკარგულია ტრადიციები, თუ წარსული დავიწყებას ეძლევა, მაშინ მთელი საზოგადოების მოზაიკა თანდათანობით დამახინჯდება“.

სწორედ ამ უნიკალური მოზაიკის დამახინჯების შეჩერების მცდელობაა წიგნი „როგორ შეიცვალა თბილისი“, რომლის ავტორი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობითაც ცდილობს ქალაქის უნიკალური სივრცული სტრუქტურის გადარჩენასა და შენარჩუნებას. დაინტერესებული მკითხველი სწორედ ამ წიგნიდან მიიღებს ამომწურავ პასუხს კითხვაზე, თუ რისთვის იბრძვის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დაფუძნებული თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარი“, რომლის აქტივისტები საპროტესტო აქციებითა და საგანმანათლებლო საქმიანობით ცდილობენ თბილისელთა აყოლიებასა და მათი დახმარებით თბილისის, როგორც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქისა და თბილისის, როგორც უნიკალური საცხოვრებელი გარემოს დაცვას.

ცხადია, არ არსებობს ქალაქი მოქალაქეთა გარეშე, ისევე როგორც წიგნი მკითხველის გარეშე. ალექსანდრე ელისაშვილის ამ წიგნმა ერთნიც უნდა მიიზიდოს და მეორენიც. სამწუხარო და გულდასაწყვეტია ის,  რომ მათ შორის ვერ იქნება წიგნის იდეის ავტორი, პროფესორი ვახტანგ როდონაია – სამაგალითო მოქალაქე, მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მრავალი წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი, რომელმაც შთააგონა ალექსანდრე ელისაშვილს ამ წიგნზე მუშაობა და, რომლის ნათელ ხსოვნასაც ეძღვნება ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი. ამასთან, ავტორის დაპირებით, ამ წიგნს გაგრძელებაც ექნება. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ შეიცვალა ორთაჭალა, ხარფუხი, რიყე, აბანოთუბანი, კალა, სოლოლაკი და მთაწმინდა, წინ კი, როგორც ალექსანდრე ელისაშვილი გვპირდება, ზემელის, ვერა-ვარდისუბნის, გმირთა მოედნის, ვაკის, ავლაბრის, ხოჯივანქის, ჩუღურეთის, პლეხანოვისა და სხვა ადგილთა სახეცვლილების შთამბეჭდავი ტექსტური- და ფოტომასალა გველის, რაც შეუძლებელია არ გვაღელვებდეს. კვლავ ანთროპოლოგებს რომ დავესესხოთ, ადამიანის გარდა, ხომ არ არსებობს დედამიწაზე სხვა ცხოველი, რომელსაც წარსულის დამახსოვრება და მომავალზე ფიქრი შეუძლია.

გვახსოვდეს თბილისის წარსული, ვიფიქროთ მის მომავალზე – გვეუბნება ალექსანდრე ელისაშვილი წიგნით „როგორ შეიცვალა თბილისი“.

© “არილი

Facebook Comments Box