ესე

დათო ქარდავა – “ქართველს სომხისაგან რათ განარჩევთ!”

ძველ თბილისში, გასაგები მიზეზის გამო, მხოლოდ ფოტოებითა და ტექსტებით შეგვიძლია შევიხედოთ, თვალი შევავლოთ უხმო ქალაქს, რომლის ყველაზე ჭრელი და ხმაურიანი ნაწილი ასე აღწერა იოსებ გრიშაშვილმა თავის „საიათნოვაში“:

„აქ შეხვდებით მრავალ თრინჯულ ხალხს. აქ დუქნებია: ალაფებისა, დერციკებისა, ჭონებისა, მიკიტნებისა, მეთევზეებისა. აქვეა ექიმბაშების აფთიაქი, სადაც იყიდება: ჰინა, მურდასანგი, ბასმა, ინდუსყაირი, ხაშხაში, თიახფარუხი, დარიჩინი, ზარიშკი, ჯავზი, ყარამფილი და იახოსთვის თუ დეკოხტისთვის შესამზადებელი სხვადასხვა სანელებელი მცენარეულობა. აქვე არიან ხელზე მოვაჭრე კინტოები, რომელთაც თავზე თასაკით უჭირავთ უხელოდ მთელი თაბახი ხილეულით დატვირთული. აქ სოლინარიდან წყალს ავსებენ თულუხჩები, აქ ყოველ დილით ურმებით მოდის ყაზახ-ბოჩალოდან სურსათ-სანოვაგე. ტაბახმელიდან სახედრებით მოაქვთ გუდურა, ფიჩხი, შეშა-ნახშირი და სხვ. ნახშირთან დგანან პატარა ბიჭები, რომელთაც მეტსახელად „გროშუას“ უწოდებენ, ალბათ იმიტომ, რომ მყიდველმა ერთი ორიოდე გროში აჩუქოს და სახლში წააღებინოს. საპალნეს ეს გროშუა დასცლის და ვირს და ტომარას ცალებს ისევ პატრონს უბრუნებს. აქვე არიან ფალნიანი რაჭველი მუშები, აქვე დგას მიკიტნის ბიჭი და ბოზბაშს ქაფსა ხდის. ნაპირა ვაჭრების წინ კი დგას გაღვივებული მაყალი, რომელზედაც შიშინებს მცვრიანი შიშლიგი“ (ი. გრიშაშვილი, „საიათნოვა“).

1883 წელსაც, როცა 14 წლის ჰოვანეს თუმანიანიანი პირველად ჩავიდა თბილისში, მასაც მოეჩვენა, რომ ქალაქში კი არა, ერთ უზარმაზარ ქორწილში მოხვდა.

„ზურნა, დოლი, დაირა, ნაღარა, ტაში-სიცილი, ცეკვა, სიმღერა, და თანაც არა სახლში, არამედ გარეთ, სახლების წინ სახურავებზე. კვირას და სადღესასწაულო დღეებში ხომ თავი უნდა გვქონოდა ამდენის ატანის. მორთულ, მოკაზმულ ქალაქს წკრიალი გაჰქონდა“.

ძველი თბილისის ამსახველი უამრავი ფოტოა შემორჩენილი, თუმცა ყველაზე მოუხელთებელი მაინც ეს „წკრიალი“ და პოლიფონიაა, უფრო ზუსტად ქალაქის ხმა, რომელიც ბევრი ენის ერთგვარი ნაზავი, პარციალური ენაა, აღასი აივაზიანს რომ დავესესხოთ, თბილისური ესპერანტოა, რომელშიც  ქართული, სომხური, რუსული, თათრული, სპარსული და ა.შ. ისე არეულან და გათქვეფილან ერთმანეთში, როგორც ინგრედიენტები შეითანბაზარში მოხარშულ ჰარისაში.

ასიკო ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“  თუ გახსოვთ, კნიაზ დავით ჯამბარაშვილის დასათეთქვად და ტაისიას დასახსნელად რომ მიიჩქარიან საქუას ძმაკაცები ავეტიქა, გიჟუა, ფიჩხულა და სოსანა (ქალაქის ბიჭები), რას ეუბნება ავეთიქა გიჟუას?

„მერე შენ იცი, ტუტუცების უსტაბაშო, შენებურად შარი მოუდე და ისე დანაყე, რომ ძვალი და რბილი ჰარისასავით აერიოსო!..“

ჰარისა ტფილისური (ასურელების სადღესასწაულო) კერძია ფაფის მსგავსი, კეთდება დათეთქვილ ხორბლისაგან, რომელსაც ხორცით აზავებენ, ხორცი კი იხარშება იმდენ ხანს, ვიდრე  მთლად არ ჩაიშლება. სწორედ ასე იყო ქალაქის ენაში ბევრი სხვა ენა და მათ შორის სომხურიც, ჩაშლილი.  არადა, ქართველებისა და სომხების კინკლაობისა და მეტოქეობის ამბავი საყოველთაოდაა ცნობილი. როგორც ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე წერს, ამ დაპირისპირებისთვის ნოყიერი ნიადაგი მიუცია ქართველებისა და სომხების ტრადიციული სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის განსხვავებულობას: ქართველები, ძირითადად, მიწათმოქმედები იყვნენ, სომხები კი – ხელოსნები და ვაჭრები. ამ განსხვავებას ხედავს ბარონი დე ბაიც, რომელმაც საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში იმოგზაურა:

„უსამართლობა იქნება არ ვაღიაროთ მათი [სომხების] უნარიანობა და შეუპოვრობა. ურთიერთთავდებობა, კომერციის ნიჭი, რომელიც უზრუნველყოფს მათ დღითიდღე მზარდ უპირატესობას. თავიანთი წარსულით ისინი მომზადებულნი აღმოჩნდნენ დღევანდელი მატერიალური ცხოვრების მოთხოვნილებისადმი.  <…> ქართველები კი ასეთები არ არიან. მათ უცებ გაიარეს ფეოდალური წყობა, შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ჩათვლით. ამ ხალხის ისტორიული ცხოვრება ხანგრძლივი ბრძოლა იყო, სადაც ბრწყინავდა მათი გმირობა, დიდი სიყვარული იარაღისადმი. მათი გულუხვობა, მათი ხასიათის სიდიადე ნაკლებად ეხამება თანამედროვე ცხოვრების წვრილმან ანგარებას”.

„XIX საუკუნეში, განსაკუთრებით ქართველი არისტოკრატია, ვერ ახერხებს ფეოდალური ცნობიერებიდან გათავისუფლებას და ახალ საბაზრო ურთიერთობებზე გადაწყობას, რის გამოც მისი ქონების დიდი ნაწილი სომეხი ბურჟუაზიის ხელში გადადის. ასეთ პირობებში მდიდარი სომეხი გაღატაკებული და დავალიანებული ქართველისათვის ისეთივე მტრისა და სისხლისმსმელის ხატებად იქცევა, როგორიც მდიდარი ებრაელია გერმანელი ან რუსი ნაციონალისტებისათვის“ (გიორგი მაისურაძე, არმენოფობია, რადიო თავისუფლება, 2011 წ).

ეს დაპირისპირება ქართულ არისტოკრატიასა და სომხურ ბურჟუაზიას შორის XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი თემაა – ერთ მხარეს თავქარიანი და უყაირათო, ქეიფს გადაყოლილი ქართველი თავადები („გავყიდე  მამული, ვიყიდე ხრამული“) დგანან, მეორე მხარეს კი – ანგარიშიანი სომეხი სოვდაგრები („სომეხი ხომ არა ვარ, რომ ქირაობით ვიცხოვრო, თავადიშვილი ვარ, კაი ოჯახის და გვარის შვილი“). ამ დაპირისპირების ტიპური  გამოძახილია ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“ სოლომონისა და თავად ალექსანდრეს დიალოგი:

„ – კნიაზო! ნუ გეწყინებათ, მაგრამ ერთი სიტყვა მინდა მოგახსენოთ!

– მიბრძანეთ, თქვენი ჭირიმე!

– ამას მოგახსენებთ, რომ ქართველები დაუდევნელები ხართ და არა ფიქრობთ ხვალისთვის. აი, მაგალითებრ: კურთხეულს მამათქვენს ოცდაათი თუმანი მაშინვე რომ გადაეხადა, ახლა იმისი შვილი ოთხასსამოცდაცამეტ თუმანსა, ცხრა მანეთსა და ხუთ შაურ ნახევარსა არ გადაიხდიდა.

ესა ვთქვი და მაშინვე ვიგრძენ უგუნური წინდაუხედაობა ჩემი, მაგრამ რაღას გავაწყობდი!

– სარწმუნო ბრძანდებოდეთ, სოლომონ ისაკიჩ! – მითხრა ალექსანდრემ – მე ვალს არ ავიღებ. თუ ავიღებ როგორმე, ოცდაათ თუმანსა ხუთას თუმნამდინ არ ვაქცევ. ნუ გავკიცხავთ ჩვენ მამებსა, რომელთაც მცირედი ვალი ერთი ასად გარდაუქცევიათ; იმათ ჰქონდათ ათასი შესაწყნარებელი მიზეზები. მაგრამ მე გკითხავთ თქვენ: ქართველს სომხისაგან რათ განარჩევთ! განა არ არიან ქართველები ხელმოჭირებულნი და ხვალისთვის მზრუნველნი და სომხები გამბნევნი?!“

დაპირისპირების ეს ამბავი ცხადია XIX საუკუნეში არ ჩარჩენილა და არ ამოწურულა, მერეც გაგრძელდა, თუმცა ბევრად ნაკლები სიმძაფრით, რადგან XX საუკუნის 20-იან წლებში ჩრდილოეთიდან მოვარდნილმა წითელმა ნიაღვარმა ერთმანეთისგან დიდად არ განასხვავა და არ დაინდო კლასობრივად მიუღებელი როგორც ქართველი თავად-აზნაურობა, ასევე სომხური ბურჟუაზია. გალაკტიონ ტაბიძის დღიურში იძებნება 1936 წლით (19/I/1936) დათარიღებული ჩანაწერი, რომელიც სოლომონ ისაკიჩისა და თავად ალექსანდრე რაინდიძის დიალოგის ერთგვარ გაგრძელებადაც შეიძლება მივიჩნიოთ:

– ჩვენა – ეუბნება სომეხი ვართანა „კნიაზ“ ნიკოს – თქვენ გეძახდით ტუტუც თავადიშვილებს. ხშირად მიფიქრია, ე რა ოხრის ფასად ჩამიგდო ხელში მამული კნიაზმა-მეთქი. ვამბობდი, იქეიფებს, ეს სულელი, და მეტი არა შერჩება-მეთქი. ახლა ტუტუცები ჩვენ გამოვდექით: თქვენ ქეიფი მაინც შეგრჩათ და ჩვენ კი რა? მახლას! ჭკვიანები თქვენ გამოდექით და ტუტუცები ჩვენა!”

ცხადია, ამ განსხვავებას უცხო თვალიც ხედავდა. ცნობილი გერმანელი მეცნიერი ედუარდ აიხვალდი, რომელმაც კავკასიაში XIX საუკუნის 20-იან წლებში იმოგზაურა („საქართველოს შესახებ“. გამომცემლობა „არტანუჯი“, 2005 წ), მსგავსი კლიშეთი ცდილობდა თბილისში მცხოვრები სომხებისა და ქართველების დახასიათებას, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ ქართველი ხალხის ხასიათზე არ შეიძლება მსჯელობა ქალაქ ტფილისის მოსახლეობის მიხედვით, რადგან აქ ძველთაგანვე ისინი სხვა ხალხებში შერეულნი არიანო.

“სხვა ხალხებში შერეულობა“, ენობრივი სესხებები და, ზოგადად, ურბანული დიფუზია, თბილისში მცხოვრები ცალკე აღებული ყველა ხალხისთვის იყო დამახასიათბეელი, რასაც ადასტურებს კიდეც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების  სტატისტიკურ მასალათა კრებული („Сборник статистических сведений о Кавказе”), რომელშიაც თავმოყრილია  სტატისტიკური მონაცემები კავკასიის, მათ შორის, ცხადია, ტფილისის შესახებ.

შოთა კაკურია 1979 წელს გამოცემულ წიგნში „ქ. თბილისის მოსახლეობა 1803-1970 წწ.“  წერს, რომ 1876 წელს ჩატარებული აღწერისას მოსახლეობის ეროვნებებად დაყოფა ხდებოდა დედაენის მიხედვით, ე. ი. ვინც ჩათვლიდა თავის დედაენად რუსულს, ის მიეკუთვნებოდა რუს ეროვნებას, ვინც ქართულს — ქართველ ეროვნებას, ვინ სომხურს — სომეხ ეროვნებას და ა. შ.:

„თბილისის მოსახლეობის აღწერისას სააღწერო ფურცელში კითხვა „ეროვნება“ შეუტანიათ იმიტომ, რომ თბილისში მცხოვრები სომხების უდიდესი ნაწილისათვის ქართული ენა ყოფილა დედაენად მიღებული, ამიტომ ცალკე ეროვნებათა ზუსტი განსაზღვრისათვის შემოუღიათ კითხვა „ეროვნება“, მაგრამ „აღწერის სიის ფურცელში“ კითხვა „ეროვნება“ გამორჩენიათ და, მაშასადამე, ვინც აღწერა გაიარა აღნიშნული სიის ფურცლის მიხედვით, მათი ეროვნება გაურკვეველი დარჩენილა, თუმცა მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ცხრილებისა და სააღწერო ფურცლების ერთმანეთთან დაპირისპირებით და შედარებით კავკასიის სტატისტიკურ კომიტეტს მაინც მოუხერხებია თბილისის მთლიანი მოსახლეობის ცალკეულ ეროვნებად დაყოფა, რაც მხოლოდ მიახლოებით წარმოდგენას იძლევა მისი ეროვნული შემადგენლობის რაოდენობაზე. 1876 წლის 25 მარტის აღწერით თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენდა 104 024 სულს, ეროვნებათა მიხედვით კი ყოფილა 41 სხვადასხვა ეროვნების მცხოვრები: ქართველი – 22,2 ათასი (21,4%); სომეხი – 37,6 ათასი (36,2%); რუსი – 30,8 ათასი (29,6%); პოლონელი – 2,7 ათასი (3,4%); თათარი – 2,5 ათასი (2,4%);  გერმანელი – 2,1 ათასი (2,1%) და სხვ“.

ამ ანგარიშიდან კარგად ჩანს, თუ რა რთული (შესაძლოა შეუძლებელიც კი) იყო ენის (ცოდნის) მიხედვით თბილისის მოქალაქის ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების დადგენა.

სხვათა შორის, გაერთიანებული სამეფოს მომავალი უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სერ ოლივერ უორდროპი, XIX საუკუნის მიწურულის თბილისის მოსახლეობაზე საუბრისას, ახსენებს არა მხოლოდ ამა თუ იმ ეროვნების წარმომადგენელთა რაოდენობას, არამედ საქმიანობის სფეროსაც, რომელთანაც მოცემული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო დაკავშირებული თუ გაიგივებული.

 ”თბილისში ცხოვრობენ არა მხოლოდ ქართველები,  –  ამბობს უორდროპი,  – არამედ რუსები (სამოქალაქო მოსამსახურეები და ჯარისკაცები), სომხები (ვაჭრები და მევახშეები), სპარსელები, თათრები, ცოტა ევროპელები, სახელდობრ, გერმანელები (კოლონისტები შვაბიიდან), ფრანგები (მკერავები, სასტუმროს მეპატრონეები) და სხვა.”

ძველი თბილისის თითოეულ უბანში ცხოვრობდა უპირატესად ერთი რომელიმე ეროვნების მოსახლეობა. ასეთი უბნები ჰქონდათ სპარსელებს, ებრაელებს, სომხებს, რუს-მალაკნებს და ა.შ. გამონაკლისს წარმოადგენდა ალბათ სოლოლაკი, სადაც ქართველი არისტოკრატები, რუსი მოხელეები, სომეხი ვაჭრები და სხვა ეროვნების მდიდარი თბილისელები სახლობდნენ. ბუნებრივია, რომ თბილისის (როგორც რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის ელიტა) თავის საქმიან ცხოვრებაში რუსულს იყენებდა. ცხადია რუსულს იყენებდნენ გარეუბნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ღარიბულ უბნებშიც, თუმცა იყენებდნენ ბევრად უხეიროდ (შეიძლება ითქვას კომიკურადაც), ვიდრე გოლოვინსა და მიხეილის გამზირებზე, დაახლოებით ისე, როგორც არტემ ახნაზაროვის შეყვარებული კინტო,  წლების შემდეგ რეზო გაბრიაძემ კოჯრის ტყეში რომ გადასვა და ხეჩუა რომ დაარქვა:

პაჟალეი, ტებე ლუბიმ,

დლია ტებე დუშუ გუბიმ.

ტვოი ტურნური ი პრუჟინა

მაია გალავა პავრედილა.

ზაჩემ მნე ნიხოჩიშ ლუბიტ,

ზაჩემ ხოჩიშ მენე უბიტ?

ზაჩემ მოი გალავა მაროჩიტ ი ტუდი-სუდი ვაროჩიტ!

ანგელ რაია, დუშა იაშჩიკ!

ია ტვოი ლაკეი, სტოროჟ, იამშჩიკ!

პადი კამნე, პადი ბლიზკი, ჰაცელუემ ტუბე ვისკი…

რაზ პასმატრი, მიგნა გლაზმი, პატომ ხოჩიშ, დუშუ ვაზმი!..  [არტემ ახნაზაროვი, “კინტოს წერილი” (რუსის ქალთან მიწერილი)]

ძველი თბილისის  საყოფაცხოვრებო-სასაუბრო ენაც დაახლოებით ამ თარგზე იყო გამოჭრილი: სიტყვათა შეკავშირების წესები ანუ სინტაქსი ქართულია, ხოლო საკუთრივ სიტყვები, ლექსიკური ერთეულები ისეთივე ჭრელია, როგორც თბილისის ეთნიკურ-ლინგვისტური შემადგენლობა.

„თბილისი, როგორც საქართველოს გული, ბევრ უცნობ სიტყვას იკრებს თავის გარშემო. თბილისის ენა ძარღვიანი ენაა, ფერადოვანია. ხშირად ზოგიერთი ტერმინი ამ ენაზე ისე მკვეთრად და მოსხლეტილად ისმის, რომ არსებული საგნის შესატყვისი გულსავსედ გამოკრთის. თბილისურ ენას აქვს ინტონაციების საიდუმლოება და მეც 30 წელია სათუთად ვკრებ თბილისში განაგონ სიტყვებს, რომლებიც არც ერთ ლექსიკონში არ არის მოხსენიებული“,  –  წერდა იოსებ გრიშაშვილი თავის „ქალაქური ლექსიკონისთვის“ დაწერილ  წინასიტყვაობაში.

თბილისის ჰქონდა საოცარი უნარი, შეერწყა და თავის ყაიდაზე გარდაექმნა აღმოსავლურ-დასავლური ყოფისა და კულტურის მძლავრი ნაკადები, თბილისურ მეტყველებად ექცია ლინგვისტური სიჭრელე და ქაოსი.

„თბილისის მრავალეროვნობა არასოდეს უშლიდა ხელს იმას, რომ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებულიყო საკუთრივ თბილისელი მოქალაქის ტიპი, რომელშიც ორგანულად იყო შეხამებული სხვადასხვა ერისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებანი ქართული ენისა და ქართული ხასიათის პრიმატით: ვახუშტი ბატონიშვილი — „მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს სპარსნი მაჰმადიანნი, ხოლო ციხეს გარეთ უფროს სომეხნი და მცირედ ქართველნი, ქცევა-ზნით ქართულითა“ [„სკოლა და ცხოვრების“ ყოველკვარტალური დამატება. ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში №4. 1983. „იოსებ გრიშაშვილი და თბილისური ქართული“. ბესიკ ჯორბენაძე].

ქალაქი სწორედ ამ თბილისურ ენაზე ლაპარაკობდა, მისი ვიწრო ქუჩაბანდებიდან თუ ფართო პროსპექტებიდან, ევროპული ყაიდის სასახლეებიდან თუ მოხარატებული აივნებიდან, ღია ბანებიდან თუ ვიწრო  სანთურებიდან მოისმოდა თბილისური ესპერანტო – ქართულ ყაიდაზე გარდაქმნილი ქალაქური ენა, რომელიც ცხადია არ იყო ოფიციალურად მიღებული სალიტერატურო,  სამწერლობო ენა, ამიტომაც ბევრი ერჩოდა მას: როგორც კი ეს ენა ზეპირი მეტყველების ფარგლებს გასცდებოდა და საგაზეთო პუბლიკაციების თუ „გროშიანი წიგნების“ სახით ქაღალდზე დამკვიდრებას შეეცდებოდა, როგორც წესი, კვლავ იფეთქებდა ხოლმე დავა, ოღონდ ამჯერად „დარბაისლური ქართულისა“ და „კინტოთ კილოს“ გამიჯვნის მიზნით.

„საკვირველია, ჩუენნი ქართული ენა რათ გაასომხეს ასე უწყალოდ? – კითხულობდა გრიგოლ ორბელიანი,  – მაგრამ მიზეზი ესრეთის ცვლილებისა შევიტყვე დღეს „დროების“ №44-დამ, რომელშიაცა ვიღაცა ჰსწერს, რომ „ახალი სტილი შემოდის“. ამ სიტყვამ უფრო გამაკვირვა და შემაწუხა. რათა ჰგონიათ ეს სტილი ახლად? ჰსწორედ ამ ენით ლაპარაკობენ თბილისის ბაზარში სომხები, ურიები, თათრები…“

„ამ ენით ლაპარაკს“ გრიგოლზე მეტად და საფუძვლიანად ერჩოდა  ვახტანგ ორბელიანი, რომელიც 1884 წელს დაწერილ თავის ცნობლ ლექსში („პოეტს“) ამბობდა:

„მე არ მიყვარს კილო მუხამბაზისა,

კინტოთ კილო, კილო შუა-ბაზრისა;

იმ კილოთი რა იმღერო, პოეტო,

თუ არ ღვინო, ტოლუბაში და კინტო,

მათ დუდუკი, დიპლიპიტო და ზურნა,

მათ უაზრო ლაზღანდრობა, ყიჟინა?

მე არ მიყვარს სურათები ამგვარი.

მუხამბაზით სხვას რას იტყვი, მითხარი?“

აი, ასე უპასუხა ვახტანგ ორბელიანმა ქართული ურბანისტული პოეზიისა და ე.წ. შაურიანი ლიტერატურის მოზღვავებას, რასაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისში. როგორც გიორგი შაყულაშვილი წერს (“ძველი თბილისის პოეზიის ისტორიიდან”, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1987 წ.), „შაურიანი ლიტერატურა“ უწოდეს აღმოსავლური ლიტერატურის ტრადიციებზე აღზრდილ ძველი თბილისის პოეტთა იაფფასიან, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გამოცემულ თხზულება-წიგნაკებს:

„კომერციული საქმით დაინტერესებული გამომცემელთა ერთი ნაწილი ყურადღებას არ აქცევდა ლიტერატურის აღმზრდელობით-ესთეტიკურ მხარეს და ზედიზედ ბეჭდავდა ისეთი სახის პროდუქციას, რომელიც ქართველი ინტელიგენციის სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. ძველი თბილისის ურბანისტული პოეზია დიდ ყურადღებას უთმობდა ჰედონიზმს, სუფრის თემატიკას, სატრფიალო და რელიგიურ-სოციალურ საკითხებს. ძველი თბილისის პოეზიის წარმომადგენელთა შემოქმედების დიდი წილი თავდავიწყებისა და მომავალზე ფიქრის უკუგდების აპოლოგიაა“.

თბილისური „შაურიანი წიგნების“ ცნობილი ავტორებია: ანტონ განჯისკარელი (ანტონ ხუდავერდიანი) –  „ჯიბგირი ვარ“; „კინტოს გოდება“; დავით გივიშვილი – „ქვრივი რით სჯობს ქალწულსა“ და სხვ.; გიორგი სკანდარნოვა – „მსუნაგი კაცის ცხოვრება“, „კინტო საქულას შიქასტა და ბაიათები“, „საარშიყო სარკე“;  გ. მატინიანცი –  „არ შეგცივდეს „ბარაშკა“, ქართული, სომხური და თათრული ახალი ლექსები“ და ა.შ.  – 

თამარ გომართელი, წიგნში „მოდით, გავიხსენოთ…“ (გამომცემლობა „მერანი“. 1986 წ.) შენიშნავს,  სკანდარნოვას ლექსების ენა ქალაქურია, სომხური მიმოქცევითო, რაც გასაკვირი არაა, რადგან გიორგი სკანდარნოვა ტფილისელი სომეხია (ხელობით მღებავი, შპალერების გამჩითავი), სკანდარიანი, სკანდარ-ნოვა კი საიათნოვას მიბაძვით დაურქმევია.

როგორც იოსებ გრიშაშვილი ამბობს თავის „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ („სახელგამი“, 1927 წ.), გიორგი სკანდარნოვა და დავით გივიშვილი   –  ეს ორი მგოსანი თბილისის  დაბალ მოსახლეობაში ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ზედა ფენებში  –  ილია და აკაკი, მაგრამ ისე გარდაიცვალნენ, რომ მათზე ერთი ჩქამიც არ დაძრულაო. „მე მხოლოდ მინდა დავიწყების სუდარა მოვაცილო ადამიანებს, რომელთა შემოქმედებაც ტფილისის მდაბიო ხალხის რამდენიმე თაობას ასაზრდოებდაო“.

მაგრამ გრიშაშვილმა დიდად ვერ უშველა ერთ დროს „მდაბიო ხალხის ტვინის მეჯლისზე მუდმივ თარფებად“ მყოფ პოეტებს, ვერ უშველა ორი მიზეზის გამო –  „მუხამბაზური სიუჟეტებისა“ და ქალაქური ენის გამო. ცოტა თუ იზიარებდა ქართველი ლიტერატორის, მთარგმნელ-პოლიგლოტისა და ლიბრეტისტის პეტრე მირიანაშვილის (1860 -1944 წწ)  მოსაზრებას ქალაქური ლექსიკის, ტფილისის განსაკუთრებულ კილოს მნიშვნელობის შესახებ:

„საზოგადოდ ქალაქელი სომხობა და მასთან ქართველობაც კიდე ლაპარაკობს ისეთ ქართულს, რომ გულდასმით დამკვირვებელი არაერთ ძვირფას სიტყვასა და სიტყვის საქცევს უპოვის. თქმა არ უნდა, ქალაქი, ფრთხილისა და ხელოვანის მუშაკის მომლოდინე, ჩვენი ენის საუნჯეს მრავალ ობოლ მარგალიტს შესძენს, მხოლოდ მეტის-მეტად საჭიროა, ფეხი მოიკიდოს ჩვენს მწერლობაში მისმა მოხდენილმა და შნოიანმა საუბრის კილომ, რომელიც ღირსია ამ პატივისა, როგორც ჩვენი მოქალაქეობრივის ცხოვრების სათავეში მდგომი. და თუ ეს პატივი არ ვაღირსეთ, ქალაქი ვერ ითავადებს“.

ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემის ვარსკვლავების – სკანდარნოვას, გივიშვილის, განჯისკარელის, ბეჩარას და სხვათა ბედი გაიზიარა არტემ ახნაზაროვმაც, რომელიც ქალაქური ცხოვრების შესახებ შესანიშნავ ფელეტონებს ბეჭდავდა ილიას „ივერიაში“.

„იქ, სადაც ახნაზაროვი თავისის მსუბუქის სატირის ფარ-ხმალით შეიარაღდება, მომხიბლავია. მისი ტექსტები ძალდაუტანებლობის კომიზმით არის აღსავსე“,  –  წერდა ცნობილი ლიტერატორი კიტა ბუაჩიძე 1912 წელს კერესელიძის  სტამბაში დაბეჭდილი და ოსკარ შმერლინგის კარიკატურებით გაფორმებული არტემ ახნაზაროვის „ლექსებისა და სცენების“ წინასიტყვაობაში. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ კრებულის ვრცელი, პროზაული ნაწილი, რომლის პერსონაჟები, ძირითადად დაბალის ფენის სომეხი თბილისელები –  კინტოები, ხელოსნები, ვაჭრები და ა.შ.  თავიანთი ტკბილ-მწარე ცხოვრებითა და „ქალაქური ლექსიკონის“ გარეშე ძნელად გასაგები, მაგრამ საოცრად საამური თბილისური ენით აცოცხლებენ ძველ ქალაქს.

„პატარა დახურული ბაზაზხანა ვინ არ იცის, ამ საკვირველს ბაზარში თითქმის ყველა გლეხიც კი ყოფილა, არამც თუ ქალაქელი. ჯვრის-მამის ეკლესიის ქვემოდ ქუჩა ჩადის, ამ ქუჩის ზემო თავში  ესრედ წოდებულ „ჯვრის-მამის ლავაშებს“ აცხობენ და კუბოებს აკეთებენ, ამათ ქვემოდ-კი სულ ბაზაზები არიან. ამ ბაზაზების დუქნებს გვერდზედ კიდევ პატარა შესახვევია, სადაც თელეთელებს რძე-მაწონი ჩამოაქვთ და მექოშეები და მექალამნეები  სხედან. დილის ათი-თერთმეტი საათია და თითქმის მთელი ბაზაზახანა გაჩაღებულია. მუშტრის დროა. ამ დროის ვაი იმას, ვინც ამ ქუჩაზე გაივლის, უეჭველად რომელსამე ბაზაზის შეგირდი ჩამოეკიდება კალთებზედ, ვაჟკაცი იქნება თუ მანდილოსანი, სულ ერთია, და თავის ოსტატის დუქანში შეათრევს“,  –  ასეთია „ბაზაზხანის სურათი“, სადაც გეურქა ზემო დუქნიდან სამუთაქე ჩითსა სთავაზობს ასაკიან ქალბატონს, ცოტა ქვემოთ მიღდისა საპერანგედ „სხვილ, თათახიან მიტკალს“ ურჩევს იმერელს, პატარა ბიჭი კი თავბრუს ახვევს დედიჯან-ქალბატონს, ყველაფერს მოგართმევთო, ეუბნება, ჩითი, მიტკალი, დარაია, ბამბაზიონი, მადარფაკი, ყალამქარი, ქიმშირი, ყუთნი, ალფაკა, ტერნო, მოვი, ალიში,  თანაც სულ ახალ-ახალი მოტანილი, ზაგრანიცურიო. მეორე მხრიდან კი პოღოსა ეფიცება კნიაზს, სურფ ნიშანი გამიწყრეს, თუ სხვას მივცე ამ ფასადო, მაგრამ ყველაზე იარამაზი ბეგლარა სულ ბოლოსთვის ჰყავს შემონახული ავტორს:

„ჰა, რა მინდაო, ბიჭო, სუდარა? აქ მობძანდი, დედი, აქ არის, მკვდრებისთვის სულ ჩემგან ხარჯამენ. სუდარა მოგცე, ხუთი წელიწადი წვიმა-ტალახმა და ჭიამ, იმ ჭიამ, ჩვენც რო დაგვიზაკუსკებს, დედიჯან, — ვერა დააკლოს-რა. რამდენი სუდარა გინდა, დედი? თქვი, ნუ მაბანდებ. ვა, დალოცვილო, ვაჭრობ კიდეცა?! სუდარას ერთი ფასი აქვს, დედიჯან, ქვეყანა გადაბრუნდება, სუდარას ფასი არ გამოეცვლება. რამდენი მამკვდარა, აბა წადი ჰკითხე. ვინ მოკვდა, დედი? ვა, მართლა! კაცო, ორი კვირა არ იქნება ბაზაზხანაში ჩამოიარა. ექვსი თვე ფეხზედ არ წამომდგარაო? რა ვიცი, მე კი ესე მახსოვს და, იქნება ვისმე მივამგზავსე. ძალიან კაი კაცი იყო, ღმერთმა სულით გაანათლოს, დედი (ცრემლებს იწმენდავს). წაიღე, დედი, წაიღე, ის იმისთანა კაცი იყო, რომ არ მოგატყუებ. ჰო, აი კუბოებსაც ჩემს გვერდით აკეთებენ, დედი, ჯვარის მამის პურიც ბევრია, ქელეხისთვის მოგინდება. ჰა, კარგი იყიდე, მკვდარი გაცივდა. დალოცვილო, ახლა წიწაკის მურაბა ნუ გახდები და. გინდა შენი მკვდრები იჯარით ავიღო, დედი, ვივაჭრო, ხეირი არ მინდა. მადლის გულისათვის, ცხონებულს მინდა სიკეთე ვუყო… საიქიოს გადამიხდის…“

ტფილისური სიტყვა-გამოთქმით, ე.წ. ყარაჩოღული სიტყვებით მდიდარია „რა მასმევს ღვინოს? (კინტოს მონოლოგი)“, რომელიც პირველად (ისევე როგორც ა. ახნაზაროვის ტექსტების უმეტესობა) პირველად „ივერიაში“ დაიბეჭდა:

„<…> რა მასმევს ღვინოს?… რა და შუშა კიტრი, თავის კომბოსტოს ფოთოლში გახვეული მოთლით, სველი, წინწკალ-შეყრილი ჩარექა, დუდუკის ტკბილი კვნესა-ტირილი, “ლოთებო, ნეტავი ჩვენა’”,ჩასპანდ კულა-ყანწის “კლ-კლ-კლ” მასმევს, რა ვიცი კიდევ. რა მასმევს ღვინოს?… შენ ისა სთქვი რა მიშლის, თორემ სმით რა არ მასმევს, რადა, შენი ძმა-ბიჭობა, გენაცვა სულის კლიტეში, შენი ლოთი-ფოთურობა, თქვენ გაგზავნეთ ქრისტიანობა, ქვეყნის რჯული და ადათი, ჭირი და ლხინი, მტერი და მოყვარე… ვინ მოთვლის?

რა მასმევს ღვინოს?… ეშმაკი და ქაჯი, რა ვიცი რა მასმევს-და, ცაკანას ჭიჭყინა თევზი, მელქუას ჩიჟი-პიჟებიანი ხაში, შამაიის ალათ-მალათი, შიშხინა და მცვრიანი ღორის მწვადი, ცივად მოხარშული დედალი, გულში რომ ყვითელი დაუნაჭუჭებელი კვერცხები გამოსჩრია, წითლად დაბრაწული ინდაურის ფრთაბარკალი, ალზედ გატუსული ბურვაკის ნეკნები, მარილში დახალული ფსტა-ნუში… სად მახსოვს რა მასმევს ღვინოს?… ერთმანეთში საყვარლებსავით ჩახვეულ-ჩახუტული ვაზის რქაფოთოლი, პატარძლის ხელით დაკრეფილი და კოხტა ვირით მოტანილი პრასა-ნიახური, აღდგომის კვერცხსავით ჭიაფერში ამოვლებული ბოლოკი, თალიში ხახვი, კბილებში რომ კნაწა-კნუწი გააქვს, ჩაბიჟბიჟებული და ძმარ გამჯდარი მუჟუჟი… შენ დათვალე.

რა მასმევს ღვინოს?.. ჩემის ტოლ-ამხანაგის, ჩემსავით ბეჰაია ლოთის, სიყმემკვდარ ყარაჩოღელის “გამარჯობა. გაგიმარჯოს”, “ალავერდი-იახშიოლი” მასმევს, რა უნდა მასმევდეს. დუდუკის ტკბილს ხმაზედ ატეხილი ეშხი მასმევს. აბა ერთი თათარიახნად ორი ჩარექა გადაჰკარ, მერე ორთაჭალას მტკვრის პირად კუპრიას დუდუკი ააზუზუნებინე და გაიგებ რაც მასმევს. ყური დაუგდე, კუპრია რომ დუდუკს ჩაუშაქრებს და ჩაუტკბილებს, ჩააკაკან-ჩაარაკრაკებს, ასწევს, აიტანს, ჰაერში წავა და შენც თან წაგიღებს და მაშინ შეიტყობ, რაც მასმევს… გული ჭიანურივით კვნესას დაგიწყებს და ზურნის ეშხიანი ჰანგი გვერდებში გაგიჯდება, სული ჰაა, საცაა ყანყრატოში ამოგივა… ფიალა გიჭირავს და გონებით ვარსკვლავებში ჰფრინავ, არც სხვა გახსოვს, არც შენი თავი, გარშემო ღრუბლები გახვევია, გული ლამის ისე გიფრინდეს საგულედან, როგორც მელქუას ბადიდან ჭიჭყინა ამოფართხალდება ხოლმე, – ის მასმევს”.

1938 წლის „ლიტერატურულ საქართველოში“ (N10) დაიბეჭდა წერილი  არტემ ახნაზაროვის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლის შესრულების გამო, რომელშიც ბუნებრივია დიდი ადგილი დაეთმო მწერლის ლიტერატურულ საქმიანობას, მის „მოთხრობებს თანამედროვე ცხოვრებიდან, მოხერხებულ, მოსწრებულ ლექსებს, ფელეტონებს, რეცენზიებსა და წმინდა წყლის იუმორისტიკას“.

„მისი სიტყვა იყო მკვეთრი, მოსწრებული და დამკოდავი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აკაკის შემდეგ (გაიხსენეთ აკაკის „ცხელ-ცხელი ამბები“ „დროება”-ში) ახნაზაროვისთანა ცოცხალი, მახვილი და თანამედროვეობის კვალში მიმდევარი ფელეტონისტი არა გვყოლია. თუ შედარებაზე წავა საქმე, თავისი შუშხით, სიმწვავით და კომპოზიციით ახნაზაროვის ფელეტონები დიაღაც არ ჩამოუვარდება ერთ დროს რუსეთში კარგა ცნობილ დოროშევიჩის ფელეტონებს. ამავე დროს ახნაზაროვი არის უსათუოდ საყურადღებო სტილისტი, მისი ქართული მდიდარია და მხატვრული, ყველასათვის გასაგები და თან ლიტერატურული. ტყუილი არ იქნება ვსთქვათ, რომ დიდხანს ჩვენს ლიტერატურაში ამ სტილს ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ამ ქართულზე იზრდებოდა ბევრი მაშინდელი ხელოვანი მწერალი“ (შალვა დადიანი, „ლიტერატურული საქართველო“, 1938 წ. N10).

4 წლის შემდეგ ამავე გაზეთში (1942 წ.  N14) გამოქვეყნდა არტემ ახნაზაროვის ნეკროლოგი, რომლის მიხედვითაც, „ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღზრდილი ა. ახნაზაროვი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული სტილის ფელეტონის ერთ-ერთ შემქმნელად, რადგან მან ამ ჟანრს უთუოდ თავისებური ქართული კოლორიტი და სპეციფიური ქართული სიმძაფრე მისცა“.

ასეთი შეფასებების მიუხედავად არტემ ახნაზაროვი ვერ მოხვდა ქართული ლიტერატურის კანონის ყველაზე შორეულ პერიფერიაზეც კი. მას ვერ უშველა ვერც „მდიდარმა, ყველასათვის გასაგებმა და ლიტერატურულმა ენამ“, რომლითაც მისი პერსონაჟები – დიდწილად თბილისელი სომხები – კინტოები, ვაჭრები, ხელოსნები საუბრობდნენ („ბაზაზახანის სურათი“ , „რა მასმევს ღვინოს?“, „რად მიყვარხარ?“, “ოჰანეზას ნადირობა“,  „გეურქას მასლაათი“,  „წყალ-კურთხევა დღეს“, „კარაპეტა ხოლერის დროს“ და ა.შ.) და ვერც ქართული ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანმა ადგილმა და გარემომ თბილისის სახით, სადაც მისი პერსონაჟები მოქმედებდნენ. უფრო პირიქით მოხდა, გმირი – კინტო, მოქმედების ადგილი – შუა ბაზარი –  საკმარისი აღმოჩნდა მკაცრი განაჩენისთვის, ახნაზაროვის შემოქმედებაც მოენათლათ „მუხამბაზის კილოდ“ და, ფაქტობრივად, ე.წ. შაურიან ლიტერატურად. გარკვეული როლი ითამაშა იმანაც, რომ ახნაზაროვის სიცოცხლეშივე დრომოჭმულად, ანაქრონიზმად გამოცხადდა როგორც ძველი ტფილისი  (20-იანი წლებიდან იწყება თბილისის გარდაქმნის, ევროპეიზების პროექტი), ასევე მისი პერსონაჟები.

„აგერ, რომ კინტო მღერის ლოთურად:

ღვინო დამისხით, ჯეელებო, დამისხით ღვინო,

ცეკვავს მასხრულად

და ფეხებზე ჰკიდია ყველა,

თავისი თავიც, ოხრობს და ლხინობს, –

მეორე მხრით მას ფოლადის კაცი

დაჯერებული და შემქმნელი

დღევანდელი დღისა –

უცქერ პირქუშად

ცხოვრების ამ საბრალო ნარჩენს

და მუშტს უღერებს ინდუსტრიისა“. [„ფიქრები თბილისზე“. იონა ვაკელი (მეგრელიძე). 1930 წ.]

ფოლადის კაცებმა ნელნელა გააქრეს ძველი ქალაქი, სულ მალე კი თბილისურმა ენამ და თბილისის მოსახლოებამაც დაიწყეს მკვეთრად გაქართულება/გაქართველება. თბილისი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი პერიფერიული ქალაქიდან იქცა ქართული სახელმწიფოს დედაქალაქად. სწორედ ამ პროცესის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული წინააღმდეგობის გამოძახილია 1920 წლის 2 იანვრის  „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული წერილი  „პატარა შენიშვნები. საახალწლო კარიკატურა და უკმაყოფილებანი“, რომელშიც ვკითხულობთ:

„ზოგიერთი ჩვენს სახელმწიფო სამსახურში მყოფიც კი გაურბის საქართველოს მოქალაქეობას. იყო ასეთი შემთხვევებიც, როცა მათ საანკეტო ფურცელი წარუდგინეს, სადაც საჭირო იყო სხვათა შორის ქვეშევრდომობის აღნიშვნა, მათ ბევრი არ უფიქრიათ აიღეს და დასწერეს ტფილისის მოქალაქენი ვართო. რას ნიშნავს ეს? რუსი სოციალისტ-რევოლიუციონერი ტფილისელი ხუდადოვი ამტკიცებდა – ტფილისი საქართველოს განაპირა ქალაქია, ის ქართველებს არ შეუქმნია, ამიტომ უნდა დარჩეს ინტერნაციონალურ ქალაქადო. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით არშაკ ზურაბოვის ჯგუფის საარჩევნო პლატფორმა შეიცავდა ტფილისის სრულიად გამოყოფას საქართველოსგან და ცალკე სახელმწიფოს, თუ რესპუბლიკად აღიარებას“.

საქართველოს პოლიტიკური თუ კულტურული კლასი დღემდე ნეგატიურად რეაგირებს თბილისის არაქართულ, განსაკუთრებით კი სომხური ელემენტებით მდიდარ წარსულზე. არტემ ახნაზავროვს ამ მხრივაც არ გაუმართლა. მწერალი ვაკის სასაფლაოს მწერალთა პანთეონშია დაკრძალული („არტემ ახნაზაროვი დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც მწერალი, რომელმაც თავისი წარუშლელი კვალი გაავლო ქართული პერიოდიკის ისტორიაში“, – ფრაგმენტი ნეკროლოგიდან), თვითონ  ახნაზაროვიც ლიტერატურის მუზეუმისათვის დაწრილ თავის ავტობიოგრაფიაში წერს, „მე, არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი დავიბადე ქ. თბილისში, 1866 წელს, 1 ოქტომბერს, ხელოსნის ოჯახში. შთამომავლობით გლეხი, ქართველიო“, მაგრამ საქართველოს თეატრალური ენციკლოპეედიის მიხედვით,  „არტემ ახნაზაროვის წინაპარი არაბეთიდან გადმოხვეწილა საქართველოში (ახნაზარი არაბულად ნიშნავს – ღვთის მსახურებას), აქ კი სომეხ გრიგორიანთა სარწმუნოება მიუღია და ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, ქართული წერა-კითხვა უსწავლებია ბებია ელისაბედს,  რომელიც ამ საქმის „ოსტატად“ ითვლებოდა მთელ ახლობლობაში“.

როგორც ჩანს, გარკვეული როლი მწერლის ეთნიკურმა წარმომავლობამაც ითამაშა. საყურადღებოა ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში დაცულ რამდენიმე წიგნზე თავად გრიშაშვილის მიერ გაკეთებული მინაწერები:

I – რუსულ-ქართული იურიდიული ლექსიკონი. ტფ., 1920. კანზე მინაწერი: „ეს წიგნი შეადგინა ა. ახნაზაროვმა. ავტორი იმიტომ არ აწერია, რომ გ. ჟორდანიამ წაშალა: „სირცხვილია, სომხური გვარი ეწეროს ქართულ ლექსიკონსაო“. ასე მითხრა თვით ავტორმა. ი. გრ. 1920. 20/IX.“

II –  „ბაბაევ-ბაბაიანი ა. „ფილტვების ჭლექის (ზღმურდლურას) გადამდებლობა და საშუალებანი ამ სენის გავრცელების წინააღმდეგ“. ნათარგმნი ა. მ. ახნაზაროვის მიერ ექიმის ვოლსკის რედაქციით. ტფ., 1889“. მიწერილია: „სტამბა როტინიანცისა. ამ წიგნზე აკაკიმ იოხუნჯა – ქართული რაღააო!“.

თუმცა, როგორც უნდა იყოს, არტემ ახნაზაროვი თავისი დროის უდავოდ მნიშვნელოვანი ქართველი ავტორია. თუ ძველი თბილისის მხოლოდ ფოტოების დათვალიერება არ გაკმაყოფილებთ და მისი „წკრიალისა“ და პოლიფონიური ხმიანობის მოსმენაც გინდათ, მაშინ უყოყმანოდ უნდა გადაშალოთ ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ ძველი ნომრები და წაიკითხოთ მასში „ორანის“, „ჩიორასა“ და „მანოელიძის“ ფსევდონიმებით დაბეჭდილი არტემ ახნაზაროვის მოთხრობები, ფელეტონები, ლექსები, რეცენზიები და იუმორისტული ჩანახატები. ამავეს გირჩევდათ, ალბათ, რუმინული წარმომავლობის ფრანგი ფილოსოფოსი, ემილ ჩორანიც, რომელიც ამბობდა („ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“. გამომც. “დიოგენე”. 2018 წ), თუ ქვეყნის გაცნობა გინდა, მის მეორეხარისხოვან მწერლებს უნდა მიმართოო:

„მხოლოდ ისინი წარმოგვიდგენენ ქვეყნის ნამდვილ ბუნებას. დანარჩენები ან გმობენ, ან სახეს უცვლიან თანამემამულეების არარაობას“.

© არილი

Facebook Comments Box