პროზა

დათო ქარდავა – რკინის ბაყაყის წელიწადი

jimsher-dato-23

ერთხელ მე და მამაჩემმა ყანა გავთოხნეთ, ორმა, ნადისა და მეზობლების დახმარების გარეშე. გავთოხნეთ უსაშველო გვალვაში, ივლისის მდუღარე დღეებში, არავინ რომ არ თოხნიდა… მთელი კვირა ვთოხნეთ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, როგორც სოფელში იტყვიან, ოთხი ჩარექი გაქვავებული, გაკერპებული მიწა. მხოლოდ შუადღით, ორი-სამი საათით გამოვდიოდით სულის მოსათქმელად და თუთის ჩრდილებში მთვლემარე მეზობლების გასახალისებლად. გიჟებად გვთვლიდნენ. სოფელს კი ისე არაფერი ახალისებს, როგორც გიჟების ცქერა.

„მოქნეული თოხები ნაპერწკლებად კვესავდნენ ვერცხლსა და მზეს“.

ხუან რამონ ხიმენესი, „პლატერო და მე“

„საზიზღრობაა ადრე ხელის ჩაქნევა, ადვილად ხელის ჩაქნევა…“

ვაჟა გიგაშვილი, „დღე და ჟამი“

“ხესავითაა ადამიანი, მიწა სჭირდება“.

ნიკოს კაზანძაკისი, „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“

ვერიჩკა

როცა პირველი დევნილები გამოჩნდნენ, ვერიჩკა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ოთხმოცი წლისას, წელში მოხრილ-მოკაკვულსა და ფეხებდაბრეცილს ხან ასთმა ახრჩობდა და ხანაც საპონივით გალეული ღვიძლი, რომელიც სითხით უვსებდა ლამის ძუძუებამდე ამოსულ სასაცილოდ გატიკნულ მუცელს და სულს უხუთავდა.

მიჩვეული იყო ტკივილს, გაჭირვებას, ობლობას, ქვრივობას, ჩვილი შვილების სიკვდილს და ყველაფერ ამასთან რა მოსატანი იყო ავადმყოფობა, სხეულის ჭირვეულობა! იცოდა, როგორ წაეყრუებინა ტკივილისთვის, როგორ არ ეფიქრა ავადმყოფობაზე, როგორ არ დაეთმო დაუძლურებული სხეულისთვის – არ მიეცა საშუალება, გამოეკეტა შინ. არ იმჩნევდა მოახლოებულ სიკვდილს, არ ღალატობდა წესს და კვლავინდებურად ჯიუტად უვლიდა თავის პატარა ეზოს, კარ-მიდამოს – ტალავრის გასწვრივ ჩამორიგებულ სხვადასხვა ფერის ბალბებსა და ხავერდივით ერთ სიმაღლეზე გაკრეჭილ კოინდარის მოლს. დაბობღავდა მტკაველისოდენა ნაბიჯებით, თხრიდა და წიწკნიდა ღობის ძირებში ამოზრდილ ბალახს, აგროვებდა ღამის განმავლობაში ჩამოცვენილ ფოთლებს და ვენახში გაჰქონდა.

სანამ ვერიჩკა ცოცხალი იყო, ეზოში არ ხარობდა სარეველა, რკინას არ ჭამდა ჟანგი, კედელს – ხავსი, ტანსაცმელს ჩრჩილი, კარადებს – ჭია, იატაკს არ ფარავდა მტვერი, პურს არ უჩნდებოდა ობი, ხოლო წიწილებს არ იტაცებდა სინდიოფალა. აღარაფრის თავი არ ჰქონდა, წინდებსაც კი ვეღარ ქსოვდა შვილიშვილისთვის, მაგრამ სიციარიელის ამოსავსებად, ხელგარჯილობაზე მეტად, მისი ფიზიკური ყოფნა, არსებობა იყო მნიშვნელოვანი!

ეზოდან აღარ გადიოდა. როცა შაქარი, ასანთი ან სხვა რამე შემოელეოდა, სახლის წინ, გზაზე გავიდოდა და მეზობლის ბავშვებს გასძახებდა, გენა, ნოქართან რომელი გემეგზავნებითო. შრომისა და სიბერისგან დაგრეხილ ცალ ხელში შუაზე გაკეცილი ქაღალდის ფული ეჭირა, მეორეში კი – ვაშლის ჩირი ანდა ჩამიჩი, ჩურჩხელა ან სულაც იმავე ნოქართან იმავე ბავშვების მიერ რამდენიმე დღის წინ ნაყიდი კანფეტი. წყაროზეც მეზობლის ბავშვები დაარბენინებდნენ ვერიჩკას შაბიამნისფერ კაფენიკს ემალის ფსკერზე აქა-იქ ჟანგის მსხვილი წერტილები რომ გასჩენოდა. სწორედ ამ კაფენიკის მაღალყელიანი თავსახურიდან უყვარდა წყლის დალევა ვერიჩკას შვილიშვილს, როცა ზაფხულის არდადეგებზე ჩადიოდა ხოლმე.

სიარული მხოლოდ ასაკისა და ავადმყოფობის გამო როდი უჭირდა. გამოხვეულიყო სხვადასხვა ზომისა და სისქის უამრავ თავშალსა და მოსასხამში. ეცვა ბამბაზიის ხალათი, თავისივე მოქსოვილი სქელი ჟაკეტი და უსახელო სათბურა. ფეხზე რომ არ შესცივნოდა, ზამთარ-ზაფხულ ბამბის ხორცისფერი ჩულქები და მატყლის წინდები ჰქონდა ამოცმული, რის გამოც ორი-სამი ზომით დიდ კალოშებს დაათრევდა. ასე ებრძოდა გაცივების ველურ შიშს, წლების წინ რომ ჩაუსახლდა, როცა უზარმაზარ ფარდულში, სარაიაში, თამბაქოს კემსვის დროს გაცივდა. ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე, კრუნჩხვები, ყინულის აბაზანები… ბოლოს გადარჩა, მაგრამ დარჩა ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობა, ასთმური შეტევები და გაციების შიში, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ სიბერეში, როცა სიკვდილის სუსხი ისედაც ძვლებამდე ატანს, ვერიჩკამ თავშლებით, ხალათებითა და ჟაკეტებით სცადა დაუძლურებული სხეულის გათბობა და დაცვა? მთელი დღე მაინც მიწაში ჰქონდა თავი ჩარგული და ღობის გასწვრივ ამოზრდილ სარეველას ებრძოდა – წიწკნიდა და ფესვებიანად თხრიდა, თუმცა ბალახი ისე ჯიუტად იზრდებოდა, იმ სიღრმეზე იდგამდა ფესვებს, რომ ცხელ გულზე გაიფიქრებდა ხოლმე, ქეთოს ხელი ხომ არ ურევია ამ საქმეშიცო.

არადა, რა ჰქონდათ ვერიჩკას და ქეთოს გასაყოფი?

ერთ დროს დარდისა და სიხარულის გამზიარებელი მეზობლები ერთმანეთს მიუქსია მკითხავმა, კოდელმა ნინამ, რომელსაც ქეთო, სოფლის სხვა ქალების რჩევით, სამარჩიელოდ ეწვია ორი წლის წითელი მამლით, ლიტრა თაფლითა და სამმანეთიანი ჩითის საკაბით.

სოფლის ქალებს მკითხავი მაშინ ახსენდებათ, როცა ბედი იგვიანებს ან როცა უბედურება ეწვევათ უდროოდ. ქეთოსთან მეორე ამბავი იყო, ქეთოს უბედურება ეწვია… ეწვია კი არა, სახლის კარი და გულისფიცარი შეუნგრია, როცა დილით შინიდან გასული მისი კაცი, ხისმჭრელი ბესია – ჯერ ისევ ახალგაზრდა, ომიდან მშვიდობით დაბრუნებული, ღონიერი და მარჯვე – საღამოს თავგაჭეჭყილი და ძვლებდამსხვრეული მიუსვენეს. გონზე რომ მოვიდა, უფროსმა მაზლმა უთხრა, წაბლის ტოტმა მოიყოლაო. ქეთო ვერ იჯერებდა ომსგადარჩენილ ბესიას ასე უბრალო სიკვდილს. როგორ უნდა მოეკლა ხეს? თუნდაც გოლიათურად ტოტებგაფარჩხულსა და საშიშად ფესვებდაგრეხილს? განა, ერთი და ორი წაუქცევია? ერთი და ორი უქცევია ფიცრად და შეშად? არა სჯეროდა! ფრონტზე, სადაც უფრო მეტი ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცი იყო, ვიდრე ხეები ჭიაურის ტყეში, ისე გადაურჩა სიკვდილს, რომ თითიც არ გაჰკაწვრია და, აქ, ლამის თავის სახლში, ძმებსა და მეზობლებს შორის ჩამდგარს, მშვიდად მოშრიალე წაბლი, რომლის მსგავსი ასობით წაუქცევია, როგორ გამოიღებდა ხელს, როგორ მოერეოდა და დაუბნელებდა მზეს?

მოთქვამდა ქეთო – სახედახოკილი და მაჯებდაჭმული, თავგაჭეჭყილი ბესია კი იწვა ოთახის შუაგულში, მიტკლის ზეწრის ქვეშ და უპასუხოდ ტოვებდა ყველა შეკითხვას. არადა, ტყეში პირველად შესულმა სოფლის პატარა ბიჭებმაც კი იცოდნენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ლამის ქერქამდე ჩაჭრილი მსხვილი ტოტის ქვეშ შესვლას, მაგრამ სხვანაირად რომ ვერ მიუდგა? რა არ იღონა, რა არ გააკეთა! ისე ღრმად ჩაჭრა, რომ, წესით, კი უნდა დაეძლია სიმძიმეს და მოშორებოდა ხის ტანს, მაგრამ არა, უზარმაზარი ტოტი უძრავად იდგა ერთ ადგილზე, როგორც საშველად გაშვერილი ხელი და ჯიუტად ელოდებოდა მსხვერპლს! ბესიამაც იფიქრა, რადგან არ იძვრის და ზემოდან დაწოლაც არაფერს შველის, მივალ, ქვემოდან მივუდგები და ცოტას კიდევ ჩავჭრი, ისე მკვიდრად არის მიხორცებული, უეცრად ვერ მოწყდება, გასკდომის ხმასაც უთუოდ გავიგონებ და დროულად გავეცლებიო, მაგრამ როგორც კი ტოტის ძირში დადგა, როგორც კი ხერხი შემართა, ხემ ერთი დაიგრგვინა, თითქოს მეხი გავარდაო და, როგორც ადამიანმა იცის ხოლმე ქვის სროლის დროს ხელის სწრაფად დაქნევა, ისე დაიქნია ლამის ადამიანის სიმსხო ტოტი და ტანზე მიისრისა ბესია, რომელიც, ვიდრე სხვა ხის მჭრელები აცვივდებოდნენ ხეზე და მკვლელ ტოტს დაუშენდნენ ნაჯახებს, დიდხანს ეკიდა გახეთქილ-გაჭეჭყილი თავით, უმწეოდ იქნევდა ხელ-ფეხს და ქვემოთ, ხის ძირში შავი სისხლის გუბეს აყენებდა.

იტირა ქეთომ, სახე დაიხოკა, ბარძაყები დაიჩქმიტა, ორმოცი დღე ფეხი არ გაუდგამს ეზოდან, მაგრამ ვერ შეეგუა ქმრის ასე იოლად დაკარგვას. მთელი ოთხი წელი ელოდებოდა, ღამეებს ათენებდა, სანთლებს ანთებდა, ეკლესიაში დადიოდა… არ სჯეროდა უბედური შემთხვევის, გაუფრთხილებლობის. ვერ იჯერებდა, რომ მის დაღუპვასა და ამოგდებაში, არავინ იყო დამნაშავე, არავის ხელი ერია…

ერთ დღეს როგორღაც მოიკრიბა ძალა და წავიდა მკითხავთან. სიბერით არ მომკვდარაო, უთხრა კოდელმა ნინამ, არც დანით მოკლულსა ჰგამს, ავი თვალის ამბავი უნდა იყოსო.

ვინ დამღუპაო, შეიცხადა ქეთომ, ვინ ოხერმაო.

კოდელმა ნინამ კიდე, უბედურო და მოტყუებულო ქეთო, რა გარე-გარე დაეძებ მტერსა, როცა ინდე მანდვე გყავს გვერდში უხსენებლი და შენი უბედურებით გახარებული მძლოკვიო.

რათა, ქალო, რათ უნდა ჰხარობდესო, უფრო მეტად შეიცხადა ქეთომ.

რათა და შურიანია, გული უსკდება შენი კარგი ქალობითო.

ქეთოს გვერდში ვერიჩკას მეტი არავინ ჰყავდა, მეორე მხრიდან ჭაობიანი ადგილი და ალვის ხეების მწკრივი ესაზღვრებოდა, იმის იქით კი სოფლის კანტორის ორსართულიანი ხის შენობა იდგა.

ღმერთო მომკალიო, შეჰკივლა ქეთომ და გაახსენდა, რომ ვერიჩკას ქმარი ომში ჰყავდა დაკარგული. მაინც იკითხა, კი მაგრამ, როგორ, რანაირად შეუძლიანო.

უიმე, როგორ თუ რანაიარადო, ღოჯები გამოაჩინა მკითხავმა, ჯადოს ახსნაა ძნელი, თორემა ჯადოს გაკეთება ყველას შეუძლიანო.

როგორო, ისევ იკითხა ქეთომ.

როგორ და უჩუმრად აიღებს დასაღუპის ტანსაცმლის ნაჭერს, შეახვევს ფოთლებში და მყუდრო ადგილას შეინახავსო. მერე სავსე მთვარეზე მალულად მივა, გამოიტანს შენახულს, ჩაიტანს წყაროზე და თან გამდინარე წყალში გაავლებს და თან სავსე მთვარეს შეუმღერს, შენთან ერთად დაილიოს და დადნეს, შენთან ერთად დაილიოს და დადნესო…

ქეთო რომ მოასულიერეს, ცეცხლსა ჰყრიდა თვალებიდან. ომიდან ჩამოყოლილი ჯარისკაცის ფარაჯა აჩუქა უბედურმა ბესიამ ვერიჩკა-კუდიანის შვილოსო, გაჰკიოდა, რამდენჯერ მინახავს წყაროზე როგორ ავლებდა წყალშიო.

მორჩა, იმ დღიდან მოყოლობებული სიტყვა აღარ უთქვამთ, ერთმანეთი რომ არ დაეწყევლოთ. დადგებოდა შუა ეზოში ქეთო, პირით ვერიჩკას სახლისკენ, ცას აჰხედავდა და ხმამაღლა, ვერიჩკას გასაგონად იტყოდა:

ვინც შენ მოგკლა, მოკვდეს თვითონაც,
ვინც შენ სული დაგილია,
მასაც სული დეელიოს,
ვინც შენ ხორცი დაგიფლითა,
მასაც გული დეეფლითოს.

არც ვერიჩკა რჩებოდა ვალში: შენ ჩაყევი ჩამავალ მზეს, არ გეღირსოს შავის გახდა…

სოფლის მღვდელმა სცადა ქალების შერიგება: „დაიცხრეთ რისხვა, დედაკაცებო, განა არ იცით, რომა წყევლა მაწყევარისაა?!“ მერე სახარება მოიშველია, აკი, იესოც მოძღვრავდა მოწაფეებს, რაც შენთვის არ გინდა, სხვისთვის არ ისურვო, ხოლო კარგი რაც შენთვის ისურვო, სხვასაც უსურვეო, ყურად იღეთ უფლის სიტყვა, არ განარისხოთო, უთხრა ეკლესიის ეზოში წაკიდებულ ქალებს და პირჯვარი გადაიწერა, მაგრამ ვინ მოუსმინა! კოლმეურნეობის თავმჯდომარეს არ დაუჯერეს და მღვდელი ვინ იყო?!

ვერიჩკა და მიწა

ვერიჩკა პირველი ლტოლვილების გამოჩენიდან ერთი წლის თავზე მოკვდა.

ქვევრების რეცხვა რომ დაიწყეს, ლოგინიდან ვეღარ დგებოდა. ჯერ ფეხები დაუსივდა, მერე მუცელი ექცა რუმბივით. წყალი ჩამიდგაო, ოხრავდა. მძიმედ სუნთქავდა. შვილმა ექიმთან წაიყვანა. საავადმყოფში უთხრეს, ღვიძლის ამბავია, ძველი სარცხივით აქვს დალეული, წესით, ცოცხალი აღარ უნდა იყოსო და არ დაიტოვეს. არც ვერიჩკამ ისურვა საავადმყოფში გაჩერება, ჩემ სახლში წამიყვანეთო, სიყვითლეშეპარული თვალები დააბრიალა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე იკითხა, გარევენახში რამდენი დაიკრიფაო.

გარევენახის დარდი ჰქონდა, ადრე ქარხნისა რომ ერქვა. ის, დიდი ქვეყანა რომ დაიშალა, ზღვასავით უკიდეგანო ვენახი, ლამის კავკასიონის ქედიდან ალაზნამდე, სოფელს გაუნაწილეს. კაცებმა ივარგეს, ფეხები გადაყარეს, იდაყვები აამუშავეს, პირველი მიცვივდნენ ვენახშიც და საბჭოშიც და ყველაზე მოვლილი პლანები შეიხვედრეს – მაღლები, გამართულები, ლარივით გაჭიმულები. ვერიჩკასავით ქვრივებსა და მარტოხელებს, შვილები რომ ქალაქში ჰყავდათ გაქცეული, დავარდნილი შეხვდათ – გამხმარი და გაველურებული, მავთულებდაწვეტილი, ბოძებჩაქცეული, შალაფა რომ ევლებოდა ზემოდან.

გარევენახში დაკრეფილი ყურძენი ერთ კაჭკაზე დაეტია. ძირში დაფენილი ცელოფნის ნაჭერი ვერ აკავებდა ყურძნის მღვრიე წვენს და სოფლის მტვრიან გზაზე, ფუტკრებისა და სხვა მწერების გასახარად, შავ, კლაკნილ კვალს ტოვებდა. არ ღირდა ამისთვის მოცდენაო, თქვა კაჭკის პატრონმა ბაწარა შოთიამ და აღარ დარჩა პურის საჭმელად. გასამრჯელოდ მიღებული არყის ლიტრიანი ბოთლი ხელნასა და ჭალებს შორის მიმაგრებულ ხის ყუთში ჩადო და, “აჩუს” ძახილით, ხრიგინით გაშორდა იქაურობას.

სამაგიეროდ ივარგა შიდა ვენახმა, რომელსაც ქალაქში მცხოვრები შვილი უვლიდა შორიდან. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ქალაქი შეუკრავდა ხელ-ფეხს და ვენახიც ვერიჩკას მოსავლელი ხდებოდა. აპარატის აკიდება და წამლობა არ შეეძლო, არც გამობარვა და გასხვლა, მაგრამ გამოულევლად ჰქონდა დანაზოგი, სავსე ქვევრები და ბოცები, რომელთა შიგთავსიც გრძელი ზამთრის, შობისა და აღდგომის შემდეგ ფულზე მეტად ფასობდა სოფელში. ჰოდა, ხშირად ღვინოსა და არაყზე, იშვიათად კი ფულზე, აბარვინებდა თამაზას და ნოდარას, ასხვლევინებდა ნადიას და მაყვალას, აწამვლინებდა ჟორას და ბადრიას…

პირველ სართულზე, ზალაში დაასვენეს. ალაზნიდან ამოტანილი ქვითა და აგურით აშენებულ სახლს მეორე სართული საჭიროების გარეშე ჰქონდა დადგმული. ასე აშენებდა ყველა და ვერიჩკამაც ასე ააშენა, როცა ალიზის სახლის დანგრევა გადაწყვიტა. მეორე სართულის ცარიელ ოთახებში წითლად შეღებილ იატაკს მკრთალად აჩნდა წლების წინ დატოვებული ნაფეხურები და იდგა სიცარიელის – მტვრისა და ნესტისგან დასველებული გაჯის სუნი. რისთვის უნდოდა ამოტოლა სახლს რომ აშენებდაო, იკითხა პანაშვიდზე მისულმა ნათესავმა. თვითონაც ამ დღეში იყო. კუხნა და სამი ოთახი ჰყოფნიდა, დანარჩენი გამოკეტილი ჰქონდა. ოცი წელია, ავაშენე და მეორე სართულის კედლები ჯერაც არ შემილესავს, პოლი ჯერაც არ დამიგიაო, თქვა, მასალაც იქვე მიყრია, სულ დარჩეული წაბლის ფიცრები, იმერეთიდან ჩამოტანილი, მარა რათ მინდა, ვისთვის გავაწყო, თაგვებისთვის?

ბოლოს ამ წაბლის ფიცრებისგან შეკრეს ვერიჩკას კუბო. მერე შავი თუთის ქვეშ დადგმულ მაგიდასთან ჩადგნენ რიგში ფულის ჩასაწერად. ვიღაცამ თქვა, საწყალი ნიკალა, როგორ ერთლარიანზე დაუხატავთ, ღარიბი და ობოლი რომ იყო, ალბათ იმიტომო.

ვერიჩკაც ობოლი იყო, მერე დიდობაშიც, ნაადრევად რომ დაქვრივდა და ქალაქმა რომ გამოგლიჯა ხელიდან ერთადერთი შვილი, მარტოს მოუწია ცხოვრება, მაგრამ მაინც ვერ შეეგუა მარტოობას. დღისით მუშაობდა, ხალხში ტრიალებდა და ყველა – ქალი, კაცი, ბავშვი, ქათამი, ღორი, ძროხა თუ ძაღლი მისი მოკავშირე იყო, ღამით კი მეზობლის ბავშვს იტოვებდა, ჭკუასუსტ ლალიას, რომელსაც ვერიჩკას ფეხებში ძილი ერჩივნა მთვრალი მამის მუშტებსა და დედის ცრემლებს…

ბოლოს მაინც მარტო დარჩა: საფლავის ქვაზე ქმარი ამოუყენეს გვერდში, მაგრამ მიწაში ხომ მარტო იწვა?

ქმარი უგზოუკვლოდ დაიკარგა დასავლეთ უკრაინაში. 39-ში გაიწვიეს. ომი რომ დაიწყო, ლვოვთან მსახურობდა. ერთი-ორი თვე კიდევ მოდიოდა ჯარისკაცის სამკუთხა წერილები, მაგრამ მერე შეწყდა. ომის დასრულების შემდეგ ცნობა მიიღო კომისარიატიდან: „რიადავოი ვახტანგ იასონოვიჩ რ…შვილი. 1921 გოდა რაჟდენია. ორუდიინნი ნომერ. ვოენნაია ჩასტ 26520. პროპალ ბეზ ვესტი“.

კაცმა არ იცის, ეღირსა თუ არა მიწა. სამახსოვროდ დარჩა მხოლოდ პასპორტისთვის გადაღებული ერთი ფოტო და ჯარიდან გამოგზავნილი წერილები – გახუნებული და გაცრეცილი ფურცლები, გადაკეცილ ადგილებში დაშლილი და გულისამაჩუყებლად ხელმოწერილი: გწერს შენი ბიჭი ვახტანგი.

ვერიჩკა ჭრელი ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.

ეკლესიაც პირობითად ეთქმოდა, ერთი ნამცეცა ეკვდერი იყო, რიყის ქვით აშენებული და გაშავებული კრამიტით დახურული. თავის დროზე წმინდა თევდორეს სახელზე აუშენებიათ, მაგრამ ერთხელ ყაჩაღებს ნაძარცვის გასაყოფად გაუთევიათ ღამე და დაბრმავებულან. ხატის ძალამ გაჭრაო, უთქვამს სოფლის მღვდელს და სოფელსაც აუტაცებია, ჭრელია ჩვენი ეკლესია, ჭრელი ანუ მჭრელიო.

ორი დღის გარდაცვლილი იყო, ახალი ტანსაცმელი რომ ჩააცვეს. დაფეთდნენ მეზობლის ქალები. თითქოს სძინავსო, ისე ეხრებოდა ხელი, ფეხი და სხვა ყველა სახსარი. სხეული არც შემდეგ დღეებში გაქვავებია, არც გვამურ ლაქებს დაუფარავს კანი. სამძიმრის სათქმელად მისული ქალები ხმამაღლა ოხრავდნენ, ლოყებს იხოკავდნენ და ვიშვიშებდნენ, კარგს არაფერს მოასწავებსო. მერე ერთმა თქვა, კოდელ ნინასთან გავაგზავნოთ ვინმეო.

გასვენების დღესაც ასე იყო – ხელი-ფეხი ცოცხალივით ეხრებოდა, ხორციც არ გაშეშებოდა ისე, როგორც გვამს ემართება ხოლმე, თუმცა ამ დროს უკვე მთელმა სოფელმა იცოდა კოდელ ნინას ნათქვამი, წლისთავამდე ვინმეს გაიყოლებსო.

ყველამ ქეთოზე იფიქრა, გასაგებია რატომაც…

მთელი წელი ელოდა სოფელი ქეთოს სიკვდილს. ქეთოც ელოდა. ყველა წვრილმანზე ლოგინში წვებოდა. შაკიკის შეტევა კიბოდ ეჩვენებოდა, სიცხე – ფილტვების ანთებად, წელის ტკივლი – ნეფრიტად… საკვების ნაცვლად წამლებს იღებდა, წყლის ნაცვლად – გვირილისა და ვარდკაჭაჭის ნახარშს. გახდა, გაყვითლდა და ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ ეზოში საწოლით გაჰყავდათ ხოლმე, მაგრამ მზის სინათლესაც ვეღარ იტანდა, დაწოლილსაც კი თავბრუ ეხვეოდა და უფანჯრებო საკუჭნაოში შეყვანას ითხოვდა.

ვერიჩკას წლისთავამდე ორი თუ სამი კვირა რჩებოდა, როცა ხმაურით გაიღო კარი და ჩაბნელებულ საკუჭნაოში შემოჭრილ სინათლის მძლავრ ნაკადს ქეთოს შვილიშვილის მხიარული შეძახილი მიჰყვა: ადექი, ბაბო, აღარაფერი გიჭირს, შოთია მოკვდა, შოთია!

ვინ შოთიაო, ძლივს ამოილუღლუღა ლოგინში ჩაკარგულმა ქალმა.

ვინა და ბაწარა შოთია, წუხელ მამკვდარა, კაჭკიდან გადმოვარდნილა ღელეწყალზე და ქვაზე დაუსხია ტვინი. გამაძღარი ყოფილა, დილით უნახავს მეველე ფიროსო.

მა, კოდელმა ნინამ რო თქვაო, ვერ იჯერებდა ქეთო.

შენ არა ყოფილხარ, შოთია უგულისხმია, შოთიაო, – უყვიროდა შვილიშვილი, – ადე, ბაბო, ადე, თონე გაახურე, ქათამი დაკალი, არ დაიღალე ამდენი წოლითაო?

ძალიანაც კი უნდოდა, მაგრამ აღარ შეეძლო, ერთთავად კუბოში ჩასვენებულ ვერიჩკას დამსგავსებოდა. ივლისი იყო და სიცივისგან აძაგძაგებდა. მზე ანათებდა და ვერაფერს ხედავდა. პირს აღებდა და ხმა აღარ ამოსდიოდა…

მიწა

ერთ დღეს გაასვენეს ბაწარა შოთია და ქეთო. ვერიჩკას მახლობლად, ჭრელი ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. გვალვისგან ისე გამხმარიყო მიწა, რომ მთელი დღე ჭრიდნენ საფლავს. ნიჩაბს ნაშალი მიწის ამოსაყრელადაც ვერ ხმარობდნენ. ნაშალი არც ეთქმოდა ლოდებივით მსხვილ კოლბოხებს. წერაქვითა და ძალაყინით თუ გატეხდი ყამირს, რომელსაც ვერც მესაფლავეთა კისრებიდან ღვრად ჩასული ოფლი ალბობდა და ვერც დასახედად მოსული ჭირისუფლის ცრემლი… დრო იყო ისეთი, მარტო მიწა კი არა, ლამის ყველაფერი ქვად ქცეულიყო. მარტო მესაფლავები როდი ებრძოდნენ მზისგან დახეთქილ მიწას. სოფლის მეორე ბოლოში, სწორედ ასეთივე გაქვავებულ, ავად გამოგვალულსა და დახეთქილ მიწას ურტყამდა თოხს ორი კაცი, ქალაქიდან სოფლად ჩასული ვერიჩკასიანები – შვილი და შვილიშვილი. ურტყამდნენ მიწას, რომელიც ვერიჩკას დაეტოვებინა და რომელზეც მეზობლისგან ნასესხები სიმინდი დაეთესათ, მაგრამ უსაშველო გვალვების გამო სიმინდი დაეჯაბნა სარეველას – ლაღად მობიბინე შალაფასა და ამბროზიას. მეორე პირი გათოხნის დრო მოსულიყო, სოფელს კი უსაშველო გვალვის გამო მხოლოდ ერთხელ გაეთოხნა, მეორეს შეუძლებლად მიიჩნევდნენ, მამა-შვილს კი პირველიც დაუგვიანდათ, არადა გაუთოხნავად რას მოგცემდა ისედაც წეფხი – მჭლე და ცუდი მიწა?

მაინც ამ მიწის იმედად იყვნენ, მიწისა, რომელში დაფლულ სიმინდს ცალკე მზე ჭამდა და ცალკე – სარეველა. კაცმა რომ თქვა, ამ მიწის მცენარეულ საფარს სიმინდი არც კი ეთქმოდა. უფრო სიმინდის იმედი იყო, ოცნება სიმინდზე, მაგრამ ამ იმედისა და ოცნების მეტი სხვა არაფერი ჰქონდათ: არც სამსახური და არც დანაზოგი.

ქალაქიდან გამოექცნენ შიმშილს, რომელიც დარდთან და უიმედობასთან ერთად მოიტანეს ლტოლვილებმა თავიანთი გადამწვარი სოფლებიდან და ქალაქებიდან.

სახლები ვერ იტევდნენ ადამიანებს. მათი სამყოფი არც სკამი იყო, არც საწოლი, არც საჭმელი და არც დანა-ჩანგალი. სტუმრებივით მიიღეს და ისინიც სტუმრებივით იქცეოდნენ, მაგრამ როცა სტუმრობა დიდხანს გაგრძელდა, აღარ მოეწონათ არც მასპინძლებს და არც თავად სტუმრებს, რომლებიც სტუმრობის ას წელს დათმობდნენ მასპინძლობის ერთ წელში…

ერთხელ მამა-შვილი ფეხით მიუყვებოდნენ რკინიგზას. ბიჭი რელსზე მიაბიჯებდა, გამოცდილი მუშაითივით იცავდა წონასწორობას. მამა განძელებზე მიჯახირობდა. განძელებზე სიარული მოუხერხებელია: თითოს გამოტოვებით რომ იარო, ძალიან ფართო ნაბიჯები უნდა გადადგა, გამოუტოვებლად კი – უჩვეულოდ მოკლე, ასე რომ რელსზე სიარული სჯობია – თან ხალისობ, თან დროსაც იგებ. ბიჭი სწრაფად მიაბიჯებდა, მამას უსწრებდა და გასაკვირია არაა, რომ პირველმა შენიშნა რელსებს შორის ამოსულ ბალახსა და ზეთით გაპოხილ განძელებს შორის თეთრად მოელვარე თავის ქალა. დაიზაფრა. მამამ უთხრა, რკინიგზის მახლობლად, გორაკის თხემზე, ძველი სასაფლაოაო, და ჩამოშილი საფლავები დაანახვა. მერე იხუმრა, ყველა გარბის ამ ქალაქიდან, აგე, მკვდრებმაც კი ფეხი აიდგესო…

ბიჭი პირველად იდგა ყანაში. იქნევდა თოხს და მამას უსმენდა. ახლოს შემოუთოხნე, ყურადღებით, ფესვები არ გადაუჭრა. შალაფა და სიმინდი ერთმანეთში არ აგერიოს. შალაფას უფრო ბასრი ფოთლები აქვს, უფრო მუქი, მოშავო, სიმინდი კი ღია მწვანეა, წინა დღით წასმულ ზელიონკასავით… ორი და სამი თუ შეგვხვდება ბუჩქად ამოსული, ყველაზე მსხვილი დატოვე, თორემ არცერთი ივარგებს, ტაროს ვერ გამოიბამენ. მიწიანად თუ მოირყა, უკეთესია, მეტ ტენს აიღებს.

შვილი უსმენდა მამას. უსმენდა თოხის ცემის ხმასაც, თითქოს მიწასთან მებრძოლი თოხებიც ამბავს ჰყვებოდნენ თავიანთ ენაზე, გაბმული ბაკა-ბუკით, მორზეს მონათესავე ენით და ასე ეხმიანებოდნენ ამ მიწის ჭეშმარიტ პატრონს – ვერიჩკას, რომელიც მიწად ქცეულიყო.

ბიჭი ცდილობდა, არ ჩამორჩენილიყო, მალიმალ სწევდა თავს და უყურებდა მამის სველ, მოხრილ ზურგს და მოკლე ჩრდილს, რომელიც სულ უფრო და უფრო შორდებოდა. ბოლოში რომ გავიდოდა, მერე შვილის კვალში გადადიოდა და იქ იწყებდა თოხნას, კვალს უმოკლებდა. თუკი შვილი გადაასწრებდა, ძალზე იშვიათად ასეც ხდებოდა, ყანის თავში გავიდოდა და იქ ელოდებოდა მამას. ალვის ჩრდილიდან გაჰყურებდა დათოვლილ მთებს. კავკასიონი ისე ახლოს იყო, რომ დაღლილი ბიჭი ფიქრობდა, ახლა მივბრუნდები, ზურგით მივეყუდები და წავუძინებო. მერე თვალებს დახუჭავდა და ესმოდა ლითონისა და გაქვავებული მიწის ხმა, რომელშიც ლუკმაპურისთვის მებრძოლი კაცის მუდარა მოისმოდა:

მომეცი შენი ნაყოფი, მომეცი ქვიშასავით ბევრი მარცვალი – შენი მარგალიტები, მომეცი ძალა და მე დაგიბრუნებ ჩემი სხეულის ყველა სითხეს, ყველა ძვალს; ჩემს მარილს, მარგალიტივით თეთრ კბილებს; ჩემს უთვალავ თმას, ქვიშასავით რომ მაყრია; ჩემს ძლიერ ხელებს, ფრთებზე მეტად რომ მარგია. არ დაგრჩები ვალში, დაგიბრუნებ ყველაფერს. მოგცემ ჩემს სხეულს, როგორც ვერიჩკამ მოგცა, მე ვიქცევი მიწად, მე გავხდები შენ!

მაგრამ მიწა მარტო არ იყო. მზეც მათი მოწინააღმდეგე იყო. უფრო სასტიკი და დაუნდობელი, ვიდრე გაქვავებული მიწა. თითქოს დავიწყებოდა თავისი პირვანდელი მოვალეობა და დახმარების ნაცვლად, ხელს უშლიდა ადამიანებს. პირისპირ ბრძოლაში უთუოდ დამარცხდებოდნენ. სხვა გზა არ ჰქონდათ, უნდა მორიდებოდნენ, მზის ამოსვლამდე უნდა გასულიყვნენ სახლიდან. მთვარის შუქზე რომ შეგვეძლოს იასონასავით, ასე არ ვიწვალებდითო, უთხრა ერთხელ მამამ და უამბო თავისი პაპის ამბავი. იასონა მზეს გაურბოდა, საერთოდ არ ენახვებოდა, მთვარის შუქის იმედად იყო, მის ამოსვლას უცდიდა და მის მკრთალ შუქზე თოხნიდაო. ისე ჰქონია თვალი გაჩვეული, რომ გამარგვლისას ზედმეტს არ გააყოლებდა, მამა-შვილს კი მზესთან უწევდათ შეჯიბრი. მზე ყველგან იყო და ყველაფერს ახმობდა, გარდა სარეველა ბალახისა, რომელსაც ბიჭი ვერ ცნობდა. „ეს იასამნისფერი ხარისთვალაა, – უხსნიდა მამა, – ის ოქროსფერი, დაბალი ყვავილით, ლომისკბილას ჯაგებია, აი, იქით, ხელი გაიშვირა, ყანის პირზე რომაა, ხვართქლას ეძახიან, შხამიანია, მაგრამ თივაში უვნებელი ხდება. ბიჭმა ხელს გააყოლა მზერა და დაინახა ზაფხულის ცასავით ლურჯი ყვავილები მზესავით ყვითელი გულით“. მერეც, თოხნის დროს, მამა გასძახებდა ხოლმე, ეს კურდღლისცოცხას ეკალბარდებია, ის ღორის ბირკა…

* * *

გზას რომ დაადგნენ, სოფელს ჯერ ისევ ეძინა, მხოლოდ სამჭედლოდან ისმოდა საბერველის ქშენის ხმა, გრდემლსა და უროს შორის მოქცეული ლითონის წკარუნი.

ჯერ ძაღლი გამოენთო ფოსფორის მანათობელი თვალებით, მერე ქიტესამაც გამოიხედა, სოფლის მჭედელმა. შიშველ სხეულზე ტყავის წინსაფარი ეკეთა და ოფლისგან ალაპლაპებულ დაძარღვულ ხელში რკინის მარწუხი ეჭირა. ზურგსუკან თეთრი აგურის ქურა ვარვარებდა, გრდემლზე ახალგამოჭედილი ნალი ეგდო და წითელ-ყვითლად ღვიოდა.

მარწუხიანი ხელით მხარზე გადებულ თოხებზე ანიშნა, რას აპირებო.

სხვა გზა არ გვაქვსო, უთხრა მამამ, ახლა თუ არ გავთოხნეთ, რაც დავთესეთ, იმასაც კი ვერ ავიღებთ, შიმშილით დავწყდებითო.

ვერ გათოხნითო, უთხრა მჭედელმა, ამ გრდემლზე უფრო მაგარია მიწა, მოდი აბა, დაცხე ეგ შენი თოხი, რა გამოვაო.

ქიტესა-მჭედელიც ემალებოდა მზეს, ღამე მუშაობდა. მის ხელში ყველაზე მკვრივი ლითონიც კი ცომივით რბილდებოდა. ჭედდა ნალებს, სამსჭვალებს, დანებს, ღუმლის კარებს, სალტეებს ურმის ბორბლებისა და კასრებისათვის, თოხის პირებს, ფიწლებს, ეჟვნებს, საჩხრეკებსა და სოფლისთვის საჭირო ბევრ სხვა ნივთს. ბიჭს საათობით შეეძლო სამჭედლოს წინ დგომა და გავარვარებული ლითონის ყურება. როცა პატარა იყო, ვერიჩკა ეზოს კარს გაუღებდა, ქუჩაში გამოშლილი ბაშვებისკენ უბიძგებდა და ეტყოდა, წადი, იბურჭალე, ბებოო. ისიც თამაშ-თამაშით გაუყვებოდა სოფლის მტვრიან გზას და სადაც უნდა წასულიყო, რაც უნდა გაეკეთებინა, ბოლოს მაინც მიადგებოდა სამჭედლოს. მერე იდგა და საათობით მისჩერებოდა ქიტესას ბრძოლას ლითონთან. თვალს ვერ წყვეტდა მოგიზგიზე რკინას, მქშინავ საბერველს, უკვე დამზადებულ ნაკეთობებს, მიმოფანტულ ხელსაწყოებს, წყლიან ვედროდან შიშინით ავარდნილ ორთქლის ღრუბელს. ლითონის წკარუნიც აჯადოებდა, დაჰკა-დაჰკას რიტმული მელოდია. ვერაფერი მოსწყვეტდა ამ სანახაობას, თითქმის ვერაფერი, მხოლოდ ბაყაყებს შეეძლოთ მისი ყურადღების მიპყრობა, დამშრალი ტბორებიდან აშლილ ბაყაყებს, რომლებიც სამჭედლოს კედელთან იყრიდნენ თავს, სადაც არტეზიული ჭებიდან დაღვრილ წყალსა და სინესტეს ეტანებოდნენ.

ნაწვიმარზე ბაყაყები ვერიჩკას სახლის ხავსიან ძირშიც გროვდებოდნენ, მაგრამ მერე, როცა მზე დააჭერდა, როცა სიცხე ყველაფერს დაშაშრავდა, ბაყაყებიც ნელ-ნელა უჩინარდებოდნენ. ბიჭი ვერაფრით ხვდებოდა, სად მიდიოდნენ ეს საოცარი არსებები.

მჭედელი კეთილი ღიმილით არწმუნებდა ბიჭს, ბებიას ბაყაყებია, ბუზებისა და კალიების დევნაში გზა აებნათ და უკან ვერ ბრუნდებიან, დაიჭირე და წაუყვანე, ნახე როგორ საბრალოდ აღებენ პირს, წამიყვანეო, გეხვეწებიან.

ბიჭი უნდობლად გახედავდა, მჭედელი კი მეტი გულმოდგინებით არწმუნებდა, ჩემი ბაყაყები ასეთები არ არიან, ჩემები რკინისები არიანო და ჰპირდებოდა იმ საოცარი რკინის ბაყაყების ჩვენებას და ჩუქებას, რომლებიც სოფლიდან შორს წასულიყვნენ, რადგან, მჭედლის თქმით, სოფელში რკინის ბუზები არ დაფრინავენ და რკინის ბაყაყები კი მხოლოდ რკინის ბუზებს ჭამენო.

„გინახავს რკინის ბუზი?“ – ჰკითხავდა ბიჭს.

არაო, უპასუხებდა გაოცებული.

ანდა როგორ ნახავდიო, შეიცხადებდა მჭედელიც, ისინი ხომ ძალიან შორის არიან, იქამდე რომ მიხვიდე რკინის ქალამნები უნდა გეცვასო. მერე ჰკითხავდა,

რკინის ქალამნები თუ გაქვსო.

არაო, უმალ დაღონდებოდა ბიჭი და ყურებს ჩამოყრიდა, მაგრამ მჭედელი მალევე გაამხნევებდა, შენ მაგაზე არ იდარდოო, ეტყოდა, რომ წამოიზრდები, ზომას აგიღებ და მე გამოგიჭედავ რკინის უცვეთ ქალამნებს, მერე კი ვერაფერი დაგიდგება წინ, წახვალ და ნახავ როგორ იჭერენ რკინის ბაყაყები რკინის ბუზებსო. ეგ კი არა, თუ მანამდე დაბრუნდნენ, ერთ რკინის ბაყაყს შენ გაჩუქებო. და ბიჭსაც უხაროდა, უზომოდ კმაყოფილი იჭერდა სამჭედლოს წინ ჩამწკრივებულ ნამდვილ ბაყაყებს – მორუხო-მომწვანო ზურგებით, თეთრი, რბილი მუცლებით, გრძელი უკანა კიდურებით, გადმოცვენილი თვალებითა და დაფჩენილი პირებით, – იჭერდა, მუჭებში ბღუჯავდა და მიარბენინებდა ვერიჩკას სახლისკენ.

ერთი ხანობა მჭედელი კიდევ არწმუნებდა მამა-შვილს, ხელი აიღეთო უიმედო საქმეზე. ეუბნებოდა, სასწაული რომ მოხდეს და ბოლომდე გათოხნოთ, თუ წვიმა არ მოვიდა, ივლისის მზე მაინც დაწვავს და გაახმობს მაგ თქვენს დაგვალულ სიმინდსო.

ვერ დაარწმუნა.

წასვლას აპირებდნენ, როცა სამჭედლოს კედელთან თითქოს ქვა ამოძრავდაო, რუხად დახორკლილი ბაყაყი შეტოკდა. მჭედელმა ბიჭს გაუცინა, ხომ არ წაიყვანო. ბიჭსაც გაახსენდა ბავშვობის ამბავი და ხუმრობითვე ჰკითხვა, სად არიან ის თქვენი რკინის ბაყაყები, რომ მპირდებოდითო. მჭედელმა გაიცინა და ასაკისთვის შეფერებელი საღი კბილები გამოაჩინა. გახსოვს, არ დაგავიწყდაო, ჰკითხა. ბიჭმა, დღემდე ველოდებიო. მერე უთხრა, ეტყობა ქვეყნიერებას მოედნენ ეგ თქვენი რკინის ბაყაყები, ნამდვილები გაყარეს და საშველიც იმიტომ არ არის, რკინის ბაყაყს ვერავინ მოკლავს და მკვდარი ბაყაყის გარეშე კი წვიმა არ წამოვაო. ბევრი იცინეს. ბოლოს მჭედელმა კიდევ ერთხელ ურჩია, ხელი აეღოთ უაზრო საქმეზე, მაგრამ მამამ, ასე იოლად ვერ ჩავიქნევთ ხელს, უნდა ვცადოთო, თქვა და გზა განაგრძეს.

ვიდრე გზიდან გადაუხვევდნენ, ბიჭმა უკან გაიხედა: ჯერ ისევ ბნელოდა, სამჭედლოდან გამოსულ მკრთალ სინათლეზე მჭედლის ძაღლს ენა გადმოეგდო და ქასქასებდა.

როგორც წისქვილის იატაკი იფარება ხოლმე ფქვილით, ისე იყო სოფლის გზა მტვრით დაფარული. ჯერ არ გათენებულიყო და სოფელს უკვე ბუღი ასდიოდა. ფრჩხილისოდენა ახალი მთვარე ისე აივსო და დაიცალა, რომ ამინდმა ოდნავადაც კი არ შეიცვალა ზნე. თვე სრულდებოდა, წყლის წვეთი არ ენახა მიწას. ეზოებიც გადაიხრუკა და დაიხაშმა.

მიდიოდნენ სოფლის გზაზე, მტვერში მიადგაფუნებდნენ ფეხებს და კიდევ დიდხანს ჩაესმოდათ ყურებში ქიტესას ჩაქუჩის კაკუნი, რომელიც ძალიან ჰგავდა თოხის მიწასთან შეჯახების ხმას.

გვალვას მართლა გაექვავებინა მიწა. ქვასავით ირეკლავდა თოხის პირს. მძიმედ, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ. კვალი რომ გაიტანეს – ორ-ორი კვალი მიჰქონდათ – მზე უკვე თავზე დაჰყურებდათ. მდუღარე ზეთივით ეღვრებოდათ ქარვისფერი სინათლე. სტკიოდათ თითები, მაჯები, წელი… დამღლელი და მტკივნეული იყო, როცა მოქნეული თოხი მიწაში ჩაფვლისა და სიმინდზე მაღალი ამბროზიის ფესვების გადაჭრის ნაცვლად, წკრიალით ირეკლებოდა მიწიდან. ირეკლებოდა და ტკივილად უბრუნდებოდა დაკრუნჩხულ ხელის მტევნებს, რომლებსაც ცალკე ტკივილის, ცალკე კი ოფლისგან დასველებული და ფუთქებდახეთქილი ხელისგულების გამო უჭირდათ თოხის მძიმე ტარის დაჭერა, ტარისა, რომელიც ორი დღის შემდეგ ისე ლაპლაპებდა, თითქოს სპილოს ეშვისგან ყოფილიყო გამოთლილი, მაგრამ ტარზე მეტად ლაპლაპებდა თოხის პირი – ალესილი და სარკესავით გლუვი, რომელიც მზეს ეჯიბრებოდა ელვარებაში.

როცა მიწა გაკერპდებოდა, როცა რამდენიმე მოქნევა არ შველოდა, იწყებდნენ თოხის პირების აქეთ-იქით ტრიალს. ხან ცერად ურტყამდნენ, ხანაც – კუთხით, ისე, თითქოს წერაქვი ეჭირათ. იხუმრეს კიდეც, წერაქვით რომ გვეთოხნა, ნაკლებს ვიწვალებდითო.

მიწიდან ავარდნილი მტვერი კი აღწევდა პირში, ცხვირის ნესტოებში, თვალებში… იძულებული იყვნენ არა მარტო მზისგან დაეცვათ თავი, არამედ ამ ყველგან შემღწევი და სულის შემხუთველი მტვრისგანაც. ისე ჰქონდათ თავი და სახე შეფუთული, როგორც უდაბნოს ქარიშხალში მოყოლილ ბედუინებს, როგორც საქმეზე გასულ ყაჩაღებს. მოუჩანდათ მხოლოდ მზისგან, მტვრისგან და ოფლისგან დაწითლებული თვალები, მალიმალ ახველებდნენ და აფურთხებდნენ ტალახს.

მზესა და გამომშრალ მიწას ემატებოდა სარეველა ბალახის სამართებლის პირივით ბასრი ფოთლები, რომლებიც შეუმჩნევლად უსერვადნენ ხელებს, ტანს, სახეს, ვიდრე არ მიხვდნენ და არ შეიფუთნენ ისე, როგორც მათი ლტოლვილი ნათესავები ფუთავდნენ მანდარინის ხეებს ზამთრის სუსხიან ღამეებში, მაგრამ მთავარი მოწინააღმდეგე მაინც მზე იყო, ამოსვლის პირველი წუთებიდან რომ ღვივოდა ისე, როგორც რკინა ქიტესას სამჭედლოში.

ერთადერთი მოკავშირე ჰყავდათ – უკვე გაკეთებელი საქმე, გათოხნილი კვლების გეომეტრია. მოჭრილი ბალახი სწრაფად ხმებოდა და ერთგვაროვანი უკიდეგანო მწვანე ზღვა, დახრჩობით რომ ემუქრებოდათ, გარდაიქმნებოდა ლარივით გაჭიმულ მწვანე ზოლებად, რომლებიც, სარეველების ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ლაღად სუნთქავდნენ და შრიალებდნენ.

ყანიდან შუადღით გადიოდნენ. როგორც კი ჩრდილს დაჰკარგავდნენ, თოხებს მხარზე გაიდებდნენ, ვერიჩკას კაფენიკში ჩარჩენილ თბილ წყალს იქვე, სიმინდის ძირებში დაღვრიდნენ და იმავე გზით ბრუნდებოდნენ, რომლითაც მოვიდნენ.

გზაზე კიდევ უფრო მეტი მტვერი იდო, კიდევ უფრო მაღლა ადიოდა ბუღი, რომელშიც გახვეულ მამა-შვილს უშნოდ ეხუმრებოდნენ თავიანთი სახლების წინ, ჩრდილში ჩამომსხდარი სოფლის კაცები, სარეველასავით რომ მოსდებოდათ აფუებულ სახეებზე ხშირი თმა-წვერი. ძირს ყრიდნენ ხშირი თამაშით გაბერილ კარტს და ხმაურობდნენ, თვალებს არ უჯერებდნენ, სად გაგონილა, ასეთ გვალვაში თოხნაო, ცოდო ხართ, კაცო, ვერა ჰხედავთ, მზე რა დღეშია, სულ დაბლა იწევს, ლამის თოხით გამოედოთ, ახლა ყანაში დგომა იქნებაო? უფრო მწარესაც ეტყოდნენ, ქირქილითა და დაცინვით, გეტყობათ, ქალაქში ასფალტი გაქვთ ნათოხნი და ამ ქვასავით მიწის ჩიჩქნა გეადვილებათო. ასფალტს რათ უნდა თოხნა, იტყოდა კიდევ ერთი, მოიტეხე ჭადივით და ჭამეო. ერთ-ორ სიტყვას ესენიც ეტყოდნენ, უფრო მამა, რომელიც ხუმრობას ხუმრობით უპასუხებდა, სიცხისა თქვენ გეშინოდეთ, ცოფიან ძაღლებსო, ჩვენ რას დაგვაკლებსო, მაგრამ დიდხანსაც არ უჩერდებოდა, შვილსაც აჩქარებდა, შინ უნდა მისულიყვნენ, მტვერი უნდა ჩამოერეცხათ სახიდან, ტანიდან, სიცხე გამოედევნათ თვალებდან, ფეხისგულებიდან, რომლებიც სამზარეულოს ნესტიან სოხანეს ისეთი ნატერებით ეკვროდნენ, როგორც ხის ბაყაყები ნაწვიმარ ფოთლებს. უნდა დაესვენათ, წაეძინათ და ესადილათ გობში ჩაწყობილი, ტილოთი დაფარული შოთი პურებით, კვირიდან კვირამდე რომ უნდა ეკმარათ და მიეყოლებინათ რძისფერ, მღვრიე წათხში მოტივტივე მარილიანი ყველი, დიდი ნასვრეტებიდან უწვეტად რომ გადმოსდიოდა ქარვისფერი სიმლაშე, თითებს რომ მიუყვებოდა, რომ ჩაცდებოდა მტევანს და, იდაყვამდე არ მისული, წვეთავდა ისე დინჯად, როგორც ლოლოები თებერვლის მზიან დღეებში.

ვენახიდან ვედროთი გამოჰქონდათ ატამი, პატარა და უფერული, რომელსაც უხვად ისხამდა დაგვალული, ვენახის ატმის მცირე ვარჯი. ნაყოფი ისეთი ფერისა ჰქონდა, მკვახე გეგონებოდა, მაგრამ სინამდვილეში თაფლივით ტკბილი იყო, წვნიანი, ძარღვიანი და სახლეჩი, რომელსაც გახუნებული, სიყვითლეშეპარული მწვანე-ხავერდოვანი კანიც იოლად სძვრებოდა. თუ მოხერხებულად ჩაავლებდი თითებს და ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმათულებით დაატრიალებდი, შეგრჩებოდა უგემრიელესი ატმის ორი ნახევარსფერო, რომლის თეთრი შიგთავსის ცენტრში მშრალად ესვენა შინდისფერი, დანაოჭებული კურკა.

შვილმა ატმების ხლეჩვისას შეიტყო, რომ ატმებიც, ქალებისა არ იყოს, ორ ნაწილად იყოფიან, სახრავებად და სახლეჩებად. სხვა დროს და სხვა გარემოში, ამაზე ბევრს იცინებდნენ, მაგრამ ახლა არ შეეძლოთ. ცაცხვის ჩრდილში მიწოლილებს მალევე მოაკითხავდა მოუსვენარი ძილ-ღვიძილი და გამომშრალი სხეულები ორი საათით დაივიწყებდნენ მზის სიმწვავეს, თოხის სიმძიმესა და მიწის სიმაგრეს. მერე, როცა ჩრდილი ნაბიჯისხელა გახდებოდა, ისევ ყანის გზას გაუდგებოდნენ და ისე მიათრევდნენ სხეულებს, თითქოს წინ გაგდებულ თავიანთ ჩრდილებზე იყვნენ გამობმულნი. ისევ დგებოდა მტვრის ბუღი, რომლიდანაც ამოწვერილი თოხის პირები მზეზე დაყრილი სარკის ნატეხებივით ლაპლაპებდნენ და სალაზღანდაროდ იწვევდნენ თუთის ჩრდილებში, სკამებზე ჩამომსხდარ სოფლელ კაცებს. ე, ბიჭო, ღამე მაინც თოხნე პაპაშენ იასონასავით, სოფელი იოლად გაცვალე ქალაქში და მზის მთვარეში გაცვლა რაღა გაგიხდა, ჯიშში მაინც არა გქონდეთო.

იასონა მართლა თოხნიდა ღამით, ფრჩხილივით გალეულ მთვარეზეც კი ჭოტივით უელავდა თვალები, არ იღლებოდა, მაქოზე სწრაფად გაჰქონდა და გამოჰქონდა წყვილი კვალი და არ იღლებოდა, ზეზეულადაც კი არ ისვენებდა, ნიკაპსაც კი არ ჩამოდებდა თოხის ტარზე… ერთ მეზობელს უნახავს ღამით ყანაში მომუშავე და მერე სხვებსაც უამბო, კაცო, ანკესივით სულ ზევით ჰქონდა აშვერილი ეს ოხერი თოხიო და მართლა ასე იყო, ვერავინ გაუსწორდებოდა, ვერავინ აუბამდა მხარს, წუთით არ შეისვენებდა. სამაგიეროდ დღისით, მზე რომ გააქრობდა მთვარეს, მიაფენდა ასწლოვანი ცაცხვის ძირში თუშურ ფარდაგს და თვითონაც ზედ მიეგდებოდა სადილამდე.

ისედაც არ აპირებდა გაჩერებას და პაპის ხსენებაზე საერთოდ ხმის გაუცემლად გაეცალა იქაურობას. იასონაზე ფიქრი ყანაშიც შეჰყვათ, მერე აღარ ახსოვდა შვილმა ჰკითხა თუ თავისით დაიწყო მოყოლა. ათი თუ თორმეტი წლის იქნებოდა, იასონა რომ მივიდა შინ, ხელ-პირი დაიბანა და ქათამი დაკალი, ხაჭაპურები დააცხვეო, რომ უთხრა თავის ქალს. მერე ყველანი მიიწვია მაგიდასთან. ისადილა. სამი სტაქანი რქაწითელი დალია და თავზე ხელი გადაუსვა გვერდით მჯდომ შვილიშვილს. მერე თქვა, მგონი მაჩვია მოჩვეული, გავალ ვენახის ბოლოში, იქნებ გამიმართლოსო. თოფი რომ გავარდა, ბებია სუფრას ალაგებდა, შვილიშვილი შუკოს აბზრიალებდა შინდის ტოტზე გამობმული პრეჟით. ბაბუამ მაჩვი მოკლა, ბაბუამ მაჩვი მოკლაო, პლანებში გარბოდა ბიჭი და სახეში ვაზის ფართე ფოთლები სცემდა, უკან ვაი-ვიშით მისდევდა მოხუცი ბებია, რომელსაც თავიდანვე არ სჯეროდა მაჩვის ამბავი. ჭერმის ძირში ეგდო, ეტყობა ხეს მიეყუდა, მაგრამ უსულო სხეულმა თავი ვეღარ შეიმაგრა და გვერდზე გადაწვა. ორივე ფეხიდან გაეძრო ჩექმები, ფეხებთანვე ეგდო ორლულიანი თოფი, ომში დაკარგული სამი შვილიდან ერთ-ერთმა რომ ჩააბარა, თვალის ჩინივით მოუფრთხილდი მამაჩემოო. იასონა მამიკლეს, იასონა მამიკლეს, მოთქვამდა ბებია. ბიჭი ვერ ხვდებოდა, ვის შეეძლო მოეკლა. მაჩვს? ვერც მერე გაიგო ვერაფერი, როცა ყველა ამბობდა, იასონამ თავი მოიკლაო, მაგრამ ბებია ჯიუტად იმეორებდა, მამიკლეს იასონა, მამიკლეს კაციო.

საწყობის ქურდობა დააბრალეს. დარაჯი იყო და დააბრალეს. რაიონიდან გამომძიებლები ჩამოიყვანეს ძაღლებით. ყველა დაკითხეს, მათ შორის იასონაც. დანაკლისია, დანაკლისიო, უმეორებდნენ უწყვეტად. რამდენჯერმე დაიბარეს კანტორაში და ხელწერილით გაუშვეს. მერე რომ გაიგეს, სამი შვილი ჰყავდა ომში დაკარგული, შეეშვნენ, იფიქრეს, მოხუცია, ალბათ ჩაეძინაო. თან სულ რაღაც ათი წველა ყველი იყო დანაკლისი, მეტი კი არა… ეგონა ამით დამთავრდა ყველაფერი, ჩეკისტებმა დაივიწყეს, მაგრამ სოფელს ახსოვდა, სოფელი ვერ ისვენებდა, ენა ექავებოდა, ჰოდა, ერთხელაც ზაფხულის ისეთსავე გვალვაში, როგორსაც მამა-შვილი ებრძოდა ახლა, წყაროსთან მისულმა იასონამ ჯერ ხელ-პირი დაიბანა, მერე კისერი შეუშვირა ყინულოვან ნაკადს, ბოლოს კი დაეწაფა წყაროს მილიდან გადმომსკდარ წყალს და დიდხანს არ გააჩერა მუშტივით დაბერილი ყრონტი. სწორედ ამ დროს მიაძახა ვიღაცამ, ბიჭო, ბიჭო, არ ჩაიწმინდა მლაშე ყველით ჩამწვარი ყელიო?! ყურებს არ დაუჯერა, არ უნდოდა დაეჯერებინა. წინა დღით კომისარიატიდან მოსულმა ხალხმა ბიჭების ფოტოები სთხოვა, შინ მოუსვლელთა მემორიალისთვის, სოფლის კანტორის წინ რომ შენდებოდა. ახლა კი რა გამოდის, მათ ხსოვნასა და გმირობას რანაირი ფასი ექნება, თუკი გამზრდელი მამა საწყობის ვირთხა და ქურდია? მოკვდა და აღარ დარჩა! არც კი მიტრიალებულა, არც კი უცდია გაერკვია ვინ იყო და რას ერჩოდა. ხმით თითქოს ეცნო, მაგრამ… დაიმხო თავზე სველი თუშური ქუდი და ფართე ნაბიჯებით გაშორდა იქაურობას. ერთი კვირა იარა და იბორგა თავზარდაცემულმა, მერე თითქოს დამშვიდდა, ძველ იასონად იქცა და სადღაც ათი დღის თავზე სიდონიას, ჯიუტად რომ ელოდა ფრონტზე დაკარგულ შვილებს, ქათამი დააკვლევინა…

გამწარებულებმა თოხნეს, თავგამეტებით, თითქოს გავარვარებული თონის ფსკერზე თოხნიდნენ. ოფლიც აღარ სდიოდათ, მიწასავით გამოშრნენ და გაქვავდნენ. რაღაც უხილავი ზღვარი გადალახეს. უგრძნობი გახდნენ. სიცხეც აღარ აწუხებდათ. ხანდახან წამიერად შეამცივნებდათ და ზნესავით დაუვლიდათ ხოლმე სიცივის ჟრუანტელი. ხელებიც თითქოს მჭედლის მარწუხებად ექცათ, ისეთი ძალით ჩაევლოთ თოხისტარებისთვის. თოხნაში გართულებმა ვერ შეამჩნიეს, როგორ გადაევლო მზე ალვის ხის წვერებს, როგორ გაკრთა მისი წითელი შუქი გაშავებულ ფოთლებს შორის და როგორ დაღამდა.

მთელი კვირა იარეს, მთელი კვირა თოხნეს და ყლაპეს მტვერი – მზის ამოსვლიდან ჩრდილის გაქრობამდე, ჩრდილის გაჩენიდან მზის ჩასვლამდე. არავინ იყო მათი შემწე, გარდა გაკეთებული საქმისა – უკვე გათოხნილი ყანისა, რომლის წილი დღიდან დღემდე იზრდებოდა. შვიდი დღე მოუნდნენ ყველა კვალის გავლას, ყველა სარეველის მოთხრასა და მოჭრას. რაც მათზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთეს. ახლა თუ ერთ-ორ დღეში არ გაწვიმდებოდა, ხელისგულზე დარჩენილ გაშიშვლებულ სიმინდის ღერებს, მუხლამდე რომ სწვდებოდათ მთოხნელებს, იოლად დაწვავდა და გაახმობდა მზე. ვერ მოასწრებდა გაზრდას და ტაროს გამოღებას. ამდენ ოფლსა და ტკივილს წყალი წაიღებდა, წყალი, რომლის წვეთი არ ენახა მიწას აგერ უკვე თვენახევრის განმავლობაში.

* * *

გვიან მორჩნენ. ღრუბლებს შორის სუსტად ატანდა მთვარის მკრთალი შუქი. ყანა ვერცხლისფრად შრიალებდა. აქა-იქ იელვა და ქარმა წამოუბერა. ბიჭმა მარილიანი საულვაშე გაილოკა და გადააფურთხა. წვიმას აპირებსო, თქვა და უვარსკვლავო ცას ახედა. მამამ ბეჭზე გაიდო თოხი, ცარიელ კაფენიკს წამოავლო ხელი და წავედითო, უთხრა. მალე წვიმის პირველი წვეთიც გაგორდა გზაზე დაფენილ მტვერში და შავად დასორსოლავდა. სოფელს არ ეძინა. ქუჩაში გამოფენილიყვნენ და მათ ელოდნენ. კაცებმა, ახლა თუ იწვიმა, სოფელში მარტო თქვენ აიღებთ მოსავალსო. ოთარამ თქვა, დილით ვიყავი ყანაში, შალაფა და სიმინდი ვერ გავარჩიე ერთმანეთისგან, ჩვენ აღარც წვიმა გვიშველის და აღარ გვალვაო. მერე ელვისგან წამიერად განათებულ ცას ახედა და თქვა, რაღაც ცუდად ოხუნჯობს ელია, ცუდად ალაპლაპებს ამ მოკუპრულ ცას, ემანდ სეტყვა არ მოგვაყაროსო. სეტყვის ხსენებაზე დარჩიამ სამჯერ გადააფურთხა, მერე პირჯვარი გადაიწერა და ჩაშავებულ ცას ასძახა:

„ახა წმინდაო ელია,

რასა მოგიწყენია,

თეთრი ფერის მხარ-ბეჭი

შენთვის მოგვირთმევია,

შენ მოიყვან წვიმასა,

ჩვენ დაგიკლავთ ციკანსა“.

გაწვიმდა. წვრილად ცრიდა. ბიჭი გახურებულ, გამომშრალ სახეს უშვერდა წვიმის წვეთებს. პირით დაჭერაც სცადა. მალე სახე დაუსველდა. თითქოს უხილავი ხელის მოქნეული უსუპიდან ეპკურებოდა აიაზმის შხეფები.

შინ დაბრუნებულებს დენი არ დახვდათ. ესე იგი, მართლა იწვიმებს, თქვა მამამ, მთავარია, სეტყვა არ მოვიდეს, თორემ დავიღუპებითო. არ უვახშმიათ, ისე დაწვნენ დასაძინებლად.

ბიჭს აღარ ახსოვდა, მამის ყვირილმა გააღვიძა თუ გრუხუნმა, თუნუქის სახურავის ჟღრიალმა. ქარი და წვიმა ასკდებოდა ფანჯრებს, კარის შემომტვრევას ლამობდა. დროგამოშვებით თეთრად ინათებდა და დაგვიანებული ქუხილი აყრუებდა იქაურობას. მამა ფანჯარასთან იდგა და რაღაცას იძახდა. მერე მობრუნდა და შვილის დასანახად ჩაიქნია ხელი. ბიჭი ყველაფერს მიხვდა! მამამ ამასობაში ჯარისკაცის წყალგაუმტარი ლაბადა მოისხა და გარეთ გავიდა. ბიჭი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. გავარდა მეხი და იქაურობა ვერცხლისფრად გაანთა. ბიჭმა შეამჩნია, ჩაბნელებული წინკარი თეთრად იყო დაწინწკლული. თვითონაც აპირებდა გასვლას, მაგრამ მერე მეხსიერების ძაფი გაუწყდა. არ ახსოვდა, გავიდა თუ – არა. კვლავ ლოგინში იწვა და ძილ-ღვიძილში ბორგავდა. დაესიზმრა ვერიჩკა, ცოცხით და აქანდაზით ტრიალებდა ეზოში. გვიდა და თეთრ მარცვლებს აგროვებდა საიდანღაც გაჩენილ უზარმაზარ გობში. სიზმარში ვერიჩკა აღარ იყო ისეთი რბილი და ფაფუკი, როგორიც ახსოვდა. ნაგვალ მიწასავით გაქვავებულიყო, სამაგიეროდ, ფეხი ეფლობოდა რბილსა და ნესტიან მიწაში. აგროვებდა ეზოში მიმოფანტულ მარცვლებს და თან ეუბნებოდა, ნუ გეშინია, ბებო, ნუ გეშინიაო. სხვა რამეც უთხრა, მაგრამ აზრი ვერ გაიმოიტანა, მერე კლავ გაიგონა ვერიჩკას ნათქვამი, არ გვეშვება ქეთო, არ გვეშვებაო… თან არ ჩერდებოდა, გვიდა გადამდები სიმშვიდით, გობში ჩაყრილი ყინულის ნამსხვრევები კი სიმინდის მარცვლებად იქცეოდნენ. არაფერი გამოუვა, ბებო, არაფერიო, ამბობდა მშვიდად…

დილით რომ გაიღვიძა, გაუჭირდა სიზმრისა და ცხადის გარჩევა.

აღარ წვიმდა. გამოედარა. მზე ჯერ არ მოდგომოდა ფანჯარას, მაგრამ ყველა წვეთიდან, ყველა გუბიდან, ყველა ფოთლიდან თუ სახურავიდან ირეკლებოდა მისი ჯერ კიდევ გრილი სხივები. ჰაერი დაწმენდილიყო. ახალჩავლილი ნახირის სუნიც კი გამოარჩია. იმედით ავსებდა სასიამოვნო სიგრილე, სველი მიწის სუნი და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი. ქუჩიდან მამის ხმა შემოესმა. მოეჩვენა, რომ იცინოდა. რა აცინებს? გაიფიქრა მექანიკურად. მერე ისევ წუხანდელი ღამე და სიზმარი გაახსენდა. იქნებ, საერთოდ არ წამომდგარა ლოგინიდან და ყველაფერი დაესიზმრა? არც სეტყვა ყოფილა და არც ყინულის მარცვლებით გადათეთრებული ეზო? იქნებ, არც ფანჯარას აკრული მამა უნახავს? იქნებ, ესეც სიზმარი იყო? მარტივად შეიძლებოდა შემოწმება, მაგრამ არ ჩქარობდა წამოდგომას. არ ეთმობოდა ეს სიმშვიდე, გაჩერებული დრო, სულის მოთქმა რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ვიდრე ლოგინში იწვა, ვიდრე თავს იმძინარებდა, სამყაროც მასთან ერთად ისვენებდა. იცოდა, ამ გაჩერებულ დროზე – წამებსა და წუთებზე დაშენდებოდა მომავალი – ბედნიერი ან უბედური, მათი შრომაც ან გამოიღებდა ნაყოფს, ან დასეტყვილ ყანაში ჩაიკარგებოდა, წლების შემდეგ კი მოეჩვენებოდა, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ეს იყო ერთდაერთი და ლოგიკური გაგრძელება – მაცოცხლებელი, გადამრჩენელი წვიმაც და დამღუპველი, გამანადგურებელი სეტყვაც, მაგრამ ეს ყველაფერი იქნებოდა მერე, როცა ლოგინიდან წამოდგებოდა, როცა გაჩერებული დრო ისევ დაიწყებდა დენას, ახლა კი იწვა და ახლო წარსულში ეძებდა მისთვის სასურველი მომავლის ფესვებს. იქნებ, ყინული კი არა, სიმინდის მარცვლები ეყარა ეზოში? იქნებ, შუადღეს ქათმებისთვის დაყრილი მარცვლები დარჩა აუკენკავი? განა ადვილია ღამით, მინდორში მიმოფანტული ყინულისა და სიმინდის მარცვლების გარჩევა? ბიჭმა წარმოიდგინა, როგორ მივიდა ფანჯარასთან, როგორ გაანათა არემარე ელვამ და დაინახა თეთრი მარცვლებით დაფარული წინკარი. მგონი, დავიღუპეთ, უღონოდ თქვა მამამ, საკიდიდან ჯარისკაცის წყალგაუმტარი ლაბადა ჩამოხსნა, მოიცვა და გარეთ გავიდა. ბიჭი უყურებდა, როგორ დადიოდა გაჟივჟივებულ მინდორში მამამისი, როგორ იხრებოდა და აგროვებდა თეთრ მარცვლებს. მერე წარმოიდგინა, როგორ დაბრუნდა ჩქარი ნაბიჯით უკან, როგორ შემოვარდა ოთახში, როგორ წურწურით ჩამოსდიოდა წვიმისგან ფერშეცვლილი, დამძიმებული ლაბადიდან წყალი და როგორ აჩვენა გახარებულმა ხელისგულზე დაყრილი თეთრი მარცვლები, ოღონდ ყინულის კი არა, სიმინდის მარცვლები…

ამასობაში მზე მოადგა ბიჭის ოთახს. ფანჯრიდან კომშისა და კარალიოკის დამტვრეული ტოტები მოჩანდა. მამა გზაზე გასულიყო და ნაწვიმარზე გაჩენილ გუბეს აშრობდა. ხრიალით უსვამდა ნიჩაბს და თხრილისკენ მიერეკებოდა ამღვრეულ წყალს, რომელშიც გაცივებული თეთრი მზე ირეკლებოდა. ყოველ მოსმაზე ქრებოდა გუბეში ჩავარდნილი ეს თეთრი მზე, თითქოს წყალს გადაჰყვაო, მაგრამ როგორც კი წყალი დამშვიდდებოდა, როგორც კი ტალღები ჩაქრებოდა, კვლავ გამოანათებდა.

© არილი

Facebook Comments Box