პროზა

დათო ქარდავა – Samaritian’s Purse

„ზეცაში ზოგვით იქცევიან და ჩაუქრიათ ყველა მნათობი“  

                                    „მაკბეტი“, ივანე მაჩაბლის თარგმანი

კარი გაიხურა და ქვევით დაეშვა. ახალ წლამდე ერთი დღე რჩებოდა. სადარბაზოში ციოდა. ნელა ჩაიარა კიბე. საფეხურებზე დილით დაქცეული წყალი გაყინულიყო. ეზოში ცეცხლი დაენთოთ და თბებოდნენ. მოეთოვა. გზაზე მანქანებს ევლოთ და თოვლი ტალახში აზელილ ფაფად ექციათ. ცდილობდა მარჯვენა ფეხის მხოლოდ წვერს დაყრდნობოდა. ცდას არ აკლებდა, მაგრამ ბათინკის დამსკდარი ლანჩიდან შესული სისველე მაინც აღწევდა სიღრმეში და სულს უმწარებდა.

„თემო, დენი მოვა?“- ჰკითხეს ცეცხლთან. მხრები აიჩეჩა, მე რა ვიციო, შეჩემა.

არადა, ახალ წელს დენი ყოველთვის მოდიოდა. დილიდან შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ, ახალი წლის დადგომამდე, 31-ში რაღაცნაიარად მაინც მოდიოდა. ეგ არის, წინასწარ არავინ იყო დარწმუნებული, რომ ახალ წელს დენი დანამდვილებით იქნებოდა, რომ ახალ წელს სიბნელეში არ შეხვდებოდნენ. ერთგვარი ავი მოლოდინით იყო გაჟღენთილი გარემო, მაგრამ ბოლოს მაინც მოდიოდა ხოლმე.

ცივი ზამთრები იცოდა მაშინ. უხვი ნალექით, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნით და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანებით. ერთხელ ცოლის ნათესავმა, რუსულის მასწავლებელმა ქალმა იხუმრა, მგონი ცდებოდა наш дорогой Александр Сеергевич ჩვენი ძვირფასი ალეკსანდრ სერგეევიჩი, როცა ამბობდა, ჩრდილოეთის ზაფხული, სამხრეთის ზამთრის კარიკატურააო. что-то რაღაც, ძალიან დაუკნინებია კლასიკოსს ჩვენი, სამხრეთული ზამთარიო, წუხდა პედაგოგი, ну-ка აბა, გაიხედე ფანჯარაში, ჩვეულებრივი ამბავია იმგვარი თოვა, ხეებს რომ ტოტებს დაამტვრევს და სახლებს რომ სახურავებს ჩაუქცევსო.

მართალიც იყო. მაშინ გამორჩეულად ცივი ზამთრები იცოდა. ერთს რომ მოთოვდა, მორჩა, გაზაფხულამდე დამალავდა მიწას! გზებს! ტროტუარებს! კიბეებს! – ყველაფერს ყინავდა, კვირების განმავლობაში არ წყდებოდა თოვა, ამატებდა და ამატებდა! წინა ღამით გაყინული გუბეების ზედაპირები დღისით იმტვრეოდნენ და ხელახლა გაყინულები უშნოდ იხორხლებოდნენ. გარშემო სულ ეს ყინულები და გაყინული თოვლის ბორცვები იყო, ბერინგის სრუტეში ჩარჩენილი ჩელუსკინის ეკიპაჟივით ცხოვრობდა ქალაქი.

კოცონთან არაყს სვამდნენ დოდიკა და გიალო. თემომაც დალია. მთვრალები იყვნენ და რკალი, რომელსაც ცეცხლი ათბობდა და ანათებდა აღარ ჰყოფნიდათ. აქ როდემდე ვიდგეთ, რამე ვქნათო, ამბობდნენ და ცეცხლში აპურჭყებდნენ.

აი, რო ვიცოდე, რომ არ დამიჭერენო, ამბობდა დოდიკა, ვიყაჩაღებდი, ბოზიშვილი ვიყოო!

დოდიკას მალე დაიჭერენ, აყვანის დროს მუცელში დაჭრიან, ექიმები ნაწლავს გამოუტანენ გარეთ და ძლივს გადაარჩენენ, რვა წელს მიუსჯიან და ხუთი წლის მერე დაიბრიდება გარდაიცვლება რესბალნიცაზე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჭლექით ტუბერკულოზის რაღაც ავი, რეზისტენტული ფორმით.

თემოს ბევრჯერ ჰქონდა ეს პიანი ბაზარი მთვრალების საუბარი მოსმენილი და ყურადღებას აღარ აქცევდა. ცეცხლთან უფრო ახლოს მივიდა. ვიდრე ჩაქრება, ფეხს გავიშრობო, იფიქრა.

ეგრე, ფაიზაღი ზუსტად რომ ვიცოდე, არ მომკლავენ, ომშიც წავიდოდი, რაზეა ბაზარიო საუბარიო, თქვა გიალომ, დედას მოვუტყნავდი ვუტირებდი ყველას და მერე არხეინად ჩავაფსამდი მოვშარდავდი ზღვაში,  ჩაიკებსაც თოლიებსაც დავაფრთხობდი, ფსოუს წყალსაც დავლევდი… და ვაფშე საერთოდ ათას ყლეობას სისულელეს გავაკეთებდი, მაგრამ, ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, პირველივე დღეს გამაგორებენ ბოზი კურდღელივით! ჰოდა, ამიტომაც მაქვს ტრაკი დაყენებული ვარ ჩემთვისო.

გიალოს სამეგრელოში მოკლავენ, სამოქალაქო ომის დროს, მის გვამს გზის პირას იპოვიან თბილისში მომავალი იკარუსის მგზავრები, ვიწრო პრახოდში გასასვლელში დააწვენენ, ქალაქში ჩაიტანენ, მაგრამ არავის ეცოდინება მისი მისამართი და ავტობუსის მძღოლი მხოლოდ მესამე დღეს მოახერხებს გაბერილი გვამის ჭირისუფლისთვის გადაცემას.

თემომ ისევ წაუყრუა. ცეცხლმა ფეხი გაუთბო. ბოლიც კი აუვიდა დამსკდარ ლანჩას. შეეშინდა,  ცეცხლი მოეკიდებაო და სწრაფად დაიხია უკან. ახლა გაყინული ხელები მიუშვირა კოცონს, რომელშიც მეზობელი კორპუსების პადიეზდებიდან სადარბაზოებიდან გამოტანილი კარ-ფანჯარა იწვოდა. მანამდე თავიანთი სადარბაზოებიდან გამოიტანეს და დაწვეს. ბევრად უფრო ადრე დაწვეს ფეხბურთის კარის შტანგები ძელები – აპალუბკებიდან ხარაჩოებიდან მორჩენილი ფიჭვის თუ ნაძვის უხეშად გათლილი მორები, ჯერ კიდევ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლებმა რომ ჩაყარეს, საღამოობით ფეხბურთის თამაშით რომ შეექციათ თავი. დამთავრდა მშენებლობა, ბეტონის კორპუსები ნელ-ნელა გაივსო ხალხით და მშენებლების ხისძელებიანი საფეხბურთო მოედანი უბნის ბიჭებს დარჩათ. მერე, ბევრი წლის შემდეგ, როცა შუქი აღარ ქრებოდა და ზამთარსაც ისე ცვლიდა ხოლმე გაზაფხული, რომ ერთხელაც არ მოთოვდა, მიხვდნენ, რომ ამ მოედნისა და ხარაჩოებისგან შეკრულ ფეხბურთის კარებზე უკეთესი არაფერი ჰქონიათ ცხოვრებაში.

მაშინ ცეცხლს ბინებშიც ანთებდნენ. მართალია ჯერ არავინ დადიოდა ეზო-ეზო ხმის გამაძლიერებლით, მაგრამ რადიატორებისა და „ცენტრალური გათბობის“ იმედი უკვე აღარავის ჰქონდა, ფეჩი თუნუქის ღუმელი კარგი გამოსავალი იყო! მრავალსართულიანი კორპუსები, ფანჯარებში გაყოფილი ღუმელის საკვამურებით, პირველი თბომავლებივით ხრჩოლავდნენ, თუმცა, ცხადია, მიწაზე მიყინული ეს რკინა-ბეტონის თბომავლები ადგილებიდან ვერ იძროდნენ! ვერ იძროდნენ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ საწვავს მოიხმარდნენ – იქნებოდა ეს გამხმარი, ზღარბივით გაშლილი გირჩები, რომლებსაც ქალაქელები სკვერებში აგროვებდნენ თუ ფიჩხი, რომელიც მტკვრის ჭალებიდან გამოჰქონდათ. ერთხელ ხის დამპალი შპალი განძელიც მოათრია თემოს სიმამრმა. კარგად იწვოდა, მაგრამ შავ ბოლს უშვებდა და მაზუთის უსიამოვნო სუნს აყენებდა, თუმცა ვინ დაეძებდა სუნს, სად იყო ასარჩევი საწვავი?! ფეჩში დაიწვა ყველა ძველი ნივთი, რასაც ცეცხლი მოეკიდა: სავარძელი, ზამბარებამოჩრილი ტახტი, იატაკიდან აგლეჯილი ლინოლიუმი, ქუსლებმოღრეცილი ფეხსაცმელები, ძველი ჩანთები, მათ შორის ფრანგული საკვოიაჟი, რომლითაც პარასკევობით, ლექციების შემდეგ, შინ მოჰქონდა ხოლმე „ელექტრონიკაში“ ნაყიდი წიგნები. ძველი, კარგი ჩანთა იყო, მკვიდრად ნაკერი, ერთი შეხედვით თითქოს თხელი, მაგრამ სინამდვილეში გვარიანად ტევადი და გამძლე. გაახსენდა, ერთ წამოღებაზე როგორ წამოიღო ფეიმანის ლექციების ათივე ტომი, მანამდე კი – ლანდაუ-ლიფშიცის თეორიული ფიზიკის მრავალტომეული.

ცოტა ხანში ვერც შინ – სარდაფში ან სხვენში, ვერც გარეთ – ქუჩაში ვეღარაფერს იპოვიდი ისეთს, რასაც ცეცხლი მოეკიდებოდა, რაც თუნდაც უმნიშვნელო სითბოს მაინც გამოჰყოფდა. ქუჩებს აღარავინ გვიდა, აღარც ნაგავი გაჰქონდა ვინმეს, მაგრამ საწვავად ვარგისი საგნები ისე გამქრალიყო, როგორც კატები და ძაღლები ბლოკადაში მყოფი ლენინგრადის ქუჩებიდან.

სარდაფიდან ციგა ამოიტანა და შეშის მოსატანად წავიდა. თელაველი ნათესავი ჰყიდდა. ნისიად გამოატანა. ისე მოგცემდი, გაჩუქებდიო, უთხრა თემოს, მარტო ჩემი რო იყოს ვაფშე  საერთოდაც სახლში მოგიტანდიო, მაგრამ მარტო არ ვარ და არ გამოვაო.

  • წამაგიჩიტავთ ბალღი, ხო იცი? – უთხრა შვილზე, რომელიც თემოს ახლდა. – ე რამოტოლა გაზრდილხარ, დათუავ, მარტოკამ უნდა ზიდოო?

მაშინ ციგით შეშის მოტანაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბავშვებს უხაროდათ ასეთი შრომა, ციგას ადევნება. თემომ ვერაფრით დატოვა შინ, ვერაფრით დაიყოლია, ახლა კი მამას ეხმარებოდა ხუთი წლის ბიჭის სიჯიუტითა და მონდომებით, შეშით დატვირთულ ციგას უკნიდან აწვებოდა, ხშირად უცურდა ფეხი და, მოხმარების ნაცვლად, ზედ ეკიდებოდა. ციგას ამძიმებდა მთელი თავისი თექვსმეტი თუ თვრამეტი კილოთი.

  • ყოჩაღ, დათუნა, უშენოდ რას ვიზამდი! – უთხრა შვილს, როცა ეზოში მივიდნენ.

დენი ისევ არ იყო. ლიფტი არ მუშაობდა. ზურგით აზიდა. სულ ოთხი ტომარა იყო, თითო ტომარაში – ოცდაორი ნაჭერი: ნაწილი – რცხილა, ნაწილი – წიფელი. შეშას ისეთი სუნი ასდიოდა, ახალი მოჭრილი უნდა ყოფილიყო. თოვლიც მიყინვოდა ზედ. სითბოში დნობა დაიწყო და დასველდა. ფეჩშიც შიშინით იწვოდა. ვაჟა-ფშაველაზე წაკითხული გაახსენდა (იქნებ, ექსკურსიაზე უთხრეს ჩარგალში?), თუნუქის ღუმელი არ მოსწონდა, შუაცეცხლი ერჩიაო, აქაოდა, ცეცხლს თუ თვალით არ ვხედავ, ისე სითბოს რა გემო აქვსო.

„დენი მოვა?“ – ცოლმაც ჰკითხა.

რას მეკითხებიო, მხრები აიჩეჩა.

მაშინ სინათლის ყველაზე იაფი წყარო ზამთრის ნელ-თბილი მზე იყო. დაღამდებოდა, ჩავიდოდა მზე და ჩაბნელდებოდა ქალაქიც. მოთუხთუხე წითელი გენერატორები მერე გამოჩნდა, ისევე როგორც დიდი აკუმულატორები ტუტე ხსნარებით, მატარებლებიდან მოხსნილები, უზარმაზარი და უმძიმესი ქილებით, კაუსტიკური სოდის მყრალი, მწველი და სლიპინა ხსნარით, ტრანსფორმატორებად გადაკეთებული შედუღების აპარატებით, რომლებსაც ტელევიზორების ამუშავება და სამი-ოთხი ნათურის განათება შეეძლოთ –  ეს ყველაფერი გვიან 90-იანებში შემოვა, მანამდე კი ფანჯრებიდან ფსელივით იღვრებოდა სანთლისა და ლამფის ყვითელი, უძალო სანთლე. ზოგი მთვარის მკრთალ შუქსაც სჯერდებოდა, ზოგი დაღამებისთანავე წვებოდა, თუმცა ჩართულს ტოვებდა ვიკლუჩატელებს ჩამრთველებს, დენის მოსვლა რომ არ გამოჰპარვოდათ. წვებოდნენ ტანზე გაუხდელადაც. საძინებლებში ისე ციოდა, ვერ მიხვდებოდი, ლოგინზე წამომჯდარი ადგომას აპირებდა თუ – დაწოლას. ლოგინში დასაწოლად ფეხსაცმლის გახდაც კმაროდა. ადრე იძინებდნენ და მერე ძილში ჩაესმოდათ სროლისა და აფეთქების ხმები, ყვირილი, ტირილი, ძაღლების გაუთავებელი ყმუილი და წკავწკავი.

ეზოში დაბრუნდა. აღარ სვამდნენ. ცეცხლიც მინავლულიყო. საქმეზე გაჰყვა ბიჭებს. უცბათ იარაღი დასჭირდათ ყოველი შემთხვევისთვის. თემოს ჰქონდა. ბიძაშვილის AK-47-ს ინახავდა, გვარიანად გაცვეთილს, უკონდახოს. ღამით მიადგებოდნენ ხოლმე ბიჭები, ტყვიები ვიშოვეთ და გვასროლინეო. ესეც ასროლინებდა. ბევრს ჰქონდა მაშინ ავტომატი, ტყვიების შოვნაც არ ჭირდა.

დღის სინათლეზე მივიდნენ, სადღაც ველის სატვირთო სადგურთან. სადღაც აქ, საბჭოთა კავშირის დროს ბარიგების სპეკულანტების ბაზრობა იმართებოდა ხოლმე. ბეტონის გრძელი ფილებით შემოსაზღვრული დიდი ტერიტორია იყო – დაშლილი ავტომობილების სამყარო, სადაც ყველაფერი ავტომობილის ზეთით იყო გაპოხილი. ფეხს რომ დადგამდი, მიწიდან როგორც სველი გუბკიდან ღრუბლიდან, ზეთი ამოდიოდა. ზეთის სუნით იყო გაჟღენთილი ჰაერი და იქ მყოფი ადამიანების გაგლესილ-გაზინტლული ტანსაცმელი, რომელიც სარკესავით ლაპლაპებდა და ირეკლავდა მოქუფრულ ცას, სადაც ისეთი შავი ღრუბლები შეყრილიყო, კაცი იფიქრებდა, რომ გაწვიმდეს, უთუოდ ზეთის  წვიმა წამოვა და უფრო მეტად გააშავებს ისედაც შავებში ჩაცმული ამ შავ-შავი კაცების შავ ტანსაცმელს, შავ თმებს, შავ ულვაშებს და შავ ხელებსო. ამ შავ ხელებითაც სულ მუდამ შავი ტილოები ეჭირათ და გულმოდგინედ იწმენდნენ ზეთივით შავ, ბლანტად ჩამოღვენთილ ოფლს. გარშემო დაშლილი ავტომობილების მთები იდგა. საბურავებსა და სათადარიგო ნაწილებს ბოლო არ უჩანდა. საითაც გაიხედავდი, ყველგან ეს ნაწილები დაგხვდებოდა, ამ ნაწილებს ეხებოდი ხელით და ამ ნაწილებს ადგამდი ფეხს. რაღაც სასწაულად მიწაზე კენჭი რომ დაგენახა, ვერაფრით დაიჯერებდი, რომ მართლა კენჭი იყო და არა ავტომობილის რომელიღაც დეტალი, კარბურატორიდან თუ სიჩქარის კოლოფიდან ამოვარდნილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შიდაწვის ძრავას ანდა ელექტროგაყვანილობას ამუშავებდა, ახლა კი აქ ეგდო, როგორც უსარგებლო ნივთი.

ამათაც შავები ეცვათ და იმათაც. მაშინ ყველას შავები ეცვა, ოღონდ ისინი უფრო მყარად იდგნენ ზეთით გაპოხილ მიწაზე. ამათ ხან ფეხი უცურდათ და ხანაც ეფლობოდნენ. დიდხანს არ ულაპარაკიათ. ესენი უყვებოდნენ, ისინი უსმენდნენ: იმენა დამწვარი მატორებითაა გაძეძგილი გატენილი! სპილენძს მიაქვს იქაურობა! ნერჟავეიკის უჟანგავი ფოლადის მთებია! უზარმაზარი ბალვანკებია სხმულებია ჩამარხული! ჩუგუნიც თუჯიც! რეემკას მთელი ატხოდები  ნარჩენები აქ მოდიოდა, სუტკაში დღე-ღამეში სამი-ოთხი რეისი გზობა კეთდებოდა…  კაროჩე მოკლედ მთელი მენდელეევის ტაბულაა დამარხული!

ამათგან ერთი მანქანაში გადაისვეს და მერე ყველა ერთად კიდევ უფრო შორს, ქარხნებისკენ წავიდნენ. იქაც მალე მორჩნენ ყველაფერს. ფარების შუქზე მოზომეს ტერიტორია და მალევე გამობრუნდნენ უკან. ავტომატი რომ ჰქონდათ, არც არავის დაუნახავს. მერე წლების შემდეგ ხშირად უფიქრია, კიდევ კარგი, რომ არ დაუნახავთ, თორემ ტრაკში უკან გაგვთხრიდნენ იმ თავის რაჟოკიანად სავაზნე კოლოფიანადო.

დაღამდა. დენი არ მოვიდა. ბნელ ქალაქში მანათობელი ფრანებივით ციმციმებდნენ ახალ დროებას მოყოლილი სავაჭრო ჯიხურები – მაძღარი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი კაპიტალიზმის ბჭყვიალა შხეფები. სიცოცხლის ერთადერთი ნიშანიც ეს იყო – წყვდიადის გამფანტავი ჯიხურები, რომლებიც ყველაზე ძლიერი გრავიტაციით იზიდავდნენ იმედის ბოლო ხავსმოჭიდებულ მშიერ და გაყინულ ადამიანებს. ღამით, რა დროსაც გინდა გამოსულიყავი ქუჩაში, ამ ჯიხურებში სულ ენთო სინათლე, სულ იჯდა ვიღაც. როგორც წესი, ეს ვიღაც ქალი უნდა ყოფილიყო, კაცი-გამყიდველი ჯერ ისევ ტეხავდა სირცხვილი იყო, კაც-გამყიდველს აუცილებლად გაუტრაკებდნენ აუშარდებოდნენ. ამიტომაც ვაჭრობდნენ ქალები: ქალები უმკლავდებოდნენ ფხიზელ, მთვრალ და კაიფში მყოფ მხედრიონელებს, გვარდიელებს, იარაღიანებს, უიარაღოებს, კაიბიჭებს, ძაღლებს პოლიციელებს… ოღონდ ეს ქალები მთლად მარტოც არ იყვნენ იმ თავიანთ ორ კვადრატულ მეტრ ხვავრიელობაში, ამ ქალებს სულ ჰყავდათ ვინმე ირიბად გამომქომაგებელი – ქმარი, მამა, შვილი, საყვარელი ან რამე სხვა სტატუსის მქონე კაცი, რომელიც ჯიხურშივე იჯდა გაღვივებული სიგარეტით ხელში და უხერხულად განზემზირალი. თემომ იცოდა, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ამ ქალებს ეს კაცები დიდად ვერც დაიცავდნენ, ვისაც ეკუთვნოდა, წასაღებს მაინც წაიღებდა. წასაღები კი ბევრი იყო: ამ ჯიხურებში იყო ის, რაც აღარ იყო მაღაზიებში და იყო ისიც, რაც არასოდეს ყოფილა მაღაზიებში: Efes Pilsener – დაბალ, მუცელგაბერილ ბოთლებში; Tuborg – მწვანედ შეღებილ თუნუქის ქილებში; ყველა მოცულობის Coca-Cola, Pepsi; Amaretto ნუშის ეგზოტიკური გემოთი; Absolut Vodka – ლურჯად, ლამაზი კალიგრაფიით აჭრელებულ გამჭვირვალე ბოთლებში; Chips-ები, Chupa Chups-ები და შოკოლადის მთელი სამყარო: Snickers, Mars, Bounty, Milky Way, Ritter Sport და ბევრი სხვა – ამ ყველაფრით იყო გამოვსებული ჯიხურები, მაგრამ ამ ყველაფერს ფული უნდოდა, ფულს კი აღარ იძლეოდნენ, ფული უნდა გეშოვნა!

როგორც წესი, ფული უბნის გარეთ იშოვებოდა. თუ უბანიდან არ გახვიდოდი, უკეთეს შემთხვევაში, აკუმულატორს მოიპარავდი მეზობლის ნოლტრიდან ნოლსამიდან ანდა ბენზინს ამოხაპავდი წვრილი შლანგით, ისიც მანამდე, ვიდრე ჭკუას ისწავლიდნენ და საღამოობით შინ დაბრუნებული „თამაზა ძიები“ და „ჯემალა ძიები“ სახლებში არ აიტანდნენ აკუმულატორსაც და ბენზინსაც, ქოშინით, სვენებ-სვენებით, თუნდაც  მეცხრე სართულზე და უფრო მაღლაც.

ასე რომ, მაშინდელი სამყარო ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ვინც ეზოებში დანთებულ კოცონებთან იდგნენ და ვინც შინდისფერი ნოლსემებითა ნოლშვიდებით  თუ მოკრიასფალტისფერი სველიასფალტისფერი ნოლძევიტით ნოლცხრებით დვიჟენიობდნენ მოძრაობდნენ უბნებს შორის.

ვინც იდგნენ, ისინი არაყს სვამდნენ, ვინც მოძრაობდნენ – როგორც წესი, უფრო სერიოზული ნივთიერებებით იწამლავდნენ თავს, თუნდაც წითელი ხიდიდან ჩამოტანილით და ბაშებად თავებად დაფასოებულით.

ხშირად ისე ხდებოდა, რომ რომელიმე დოდიკა ან გიალო ეზოში მოგიზგიზე კოცონიდან უბნის მიღმა, რომელიმე საძმოში (ანდა როგორც მაშინ იტყოდნენ, ფორმირებაში) გადაინაცვლებდა და, ორიოდე კვირაში ჩაბნელებულ უბანს ერთით მეტი შინდისფერი ნოლშვიდის ან სველიასფალტისფერი ნოლცხრის ფართა მძლავრი შუქი გაჰკვეთდა, სულ ცოტა ხანში კი „ცხელი წერტილიდან“ დაბრუნებული დოდიკა თუ გიალო სადარბაზოსთან მიყენებული გრუზავიკიდან სატვირთო მანქანიდან ჩამოცლიდა მძიმე ფუთებს, ჩანთებს, ჩემოდნებს, ავეჯის ნაჭრებს ან ნებისმიერ სხვა ნივთს, თუნდაც მარმარილოს ნიჟარას ან ირმის უზარმაზარ რქებს.

ნოლსემები და ნოლძევიტები ხშირად აკითხავდნენ ღამის ჯიხურებს, სადაც ასევე იყიდებოდა სახელობითი ნამცხვრები – ლიას ჩიტის რძე, მაგულის მედოკი, თამარას იდეალი, ლუიზას ნაპოლეონი და ა.შ. რომლებსაც ყოჩაღი ქართველი დიასახლისები უკვე აცხობდნენ და აბარებდნენ, თუმცა განსაკუთრებული კაიფი ნეტარება იყო  წაკიმარებულზე თვლემის შემდეგ სნიკერებითა და მარსებით პირის გამოტენვა, რაც კოცონთან მდგომი ტიპებისთვის მიუწვდომელი ამბავი იყო და ამ მიუწვდომლობის ერთგვარი გამოვლინება უნდა ყოფილიყო ურბანული ლეგენდა სადღაც ჩატარებულ კონკურსზე სნიკერსის ჭამაში – ვინ მეტს შეჭამდა ისე, რომ წყალი არ დაეყოლებინა! და დაუჯერებლად ეჩვენებოდათ, რომ კონკურსში გაიმარჯვა კაცმა, რომელმაც ერთ საათში მხოლოდ 16 ცალი სნიკერსი შეჭამა! ბოლოს იმით იმშვიდებდნენ თავს, რომ უწყლოდ, ალბათ, ძალიან ძნელი უნდა იყოს, ნერწყვი სქელდება და ყლაპვა ჭირსო.

ის საქმე, რომელზეც იარაღის გამო გაიყოლეს, კარგად დასრულდა. უკან დაბრუნებულებმა დოდიკას მამის გარაჟში დალიეს ლიტრიანი „სიბირსკაია“, ხელადასავით ბოთლში რომ ესხა. მარილიანი კრეკერი და თურქული პეჩენია ნამცხვარი მიაყოლეს. წავალო, რომ თქვა, არავინ მიაქცია ყურადღება. დოდიკას მთვრალი მამა ვიღაცა ტიპის უმტკიცებდა, თურქული ყველაფერი ნაგავიაო და პეჩენიისთვის ცეცხლის მოკიდებას ცდილობდა. პეჩენია არ იწვოდა, მაგრამ დოდიკას მამა თავისაზე იდგა და იყო დიდი ყაყანი.

გარეთ რომ გამოვიდა, დენი ისევ არ იყო. ფული ვიშოვეო, გაიფიქრა კმაყოფილმა. რაც უნდა ყოფილიყო, ეს საქმე ვერ იქნებოდა ბოლომდე კანონიერი, მაგრამ არც დანაშაული  ყოფილა – მკვლელობა ან ყაჩაღობა. ვიღაც ხალხი შეახვედრეს ერთმანეთს და უჩვენეს რაღაც საგნები, რომლებიც არავისი იყო. თან თემოს როლი ამ საქმეში არ ყოფილა მთავარი და გადამწყვეტი. მაყუთიც ფულიც როლის შესაბამისი მისცეს, მაგრამ ეს იყო თემოს პირველი ფული. ამ ფულით ბათინკებს გამოცვლიდა, კომერციულ დენს გამოიყვანდა და ცოტა კიდევ მორჩებოდა.

თოვდა. მიაბიჯებდა სიბნელეში გაყინულ ტროტუარზე და მარჯვენა ფეხს მთელი ტერფით, დაუნანებლად დგამდა. აღარ აწუხებდა ფეხსაცმელში შესული სისველე და ფიფქებსაც არხეინად უშვერდა სახეს. თავი შინდისფერი ნოლსემიდან ნოლშვიდიდან გადმოსულ მაგარ ტიპად წარმოედგინა. სხეულშიც გრძნობდა შესაბამის დაჭიმულობას. კუნთები სასიამოვნოდ დამძიმებოდა, მყარად დგამდა ნაბიჯს, ფეხი არ უცურდა მოლიპულ გზაზე, თითქოს უკეთესადაც ხედავდა. სათვალე მოიხსნა და გულისჯიბეში ჩაიდო. უძილოსა და მსუბუქად ნასვამს ხმაც რაღაცნაირად დაბოხებოდა. სადღაც მკერდის სიღრმიდან ამოსდიოდა ლამაზი, დაბალი ბანი. მიდიოდა გზის გასწვრივ ჩამწკრივებული ჯიხურების ჯაჭვისკენ. ზუსტად იცოდა, რომელ ჯიხურთან უნდა მისულიყო და ვისგან ეყიდა Snickers, Mars, Bounty, Milky Way, Ritter Sport, Twix, Nuts, M&M’S… ეყიდა თითო-თითო ცალი და მიეტანა თავისი ხუთი წლის შვილისთვის, რომელსაც სული მისდიოდა ამდენი ტკბილეულის ერთად დანახვზე, თვალს ვერ სწყვეტდა შოკოლადებით სავსე ჯიხურებს, მაგრამ იქცეოდა ზრდასრული ადამიანივით და მცირე დამუნათების შემდეგ მორჩილად დაჰყვებოდა დედას – აღარ ითხოვდა შოტოლადებს, აღარ ჭირვეულობდა, თუმცა ყოველთვის ვერ ერეოდა სურვილს, რომელიც უცნაურად ავლენდა თავს. ბავშვმა ზეპირად იცოდა მარსის, სნიკერსის, ბაუნტისა და სხვა კანფეტების ბჭყვიალა რეკლამების ტექსტები და როცა რომელიმეს მოკრავდა ყურს, მაშინათვე წყვეტდა თამაშს და შესაშური სიზუსტით, სიტყვასიტყვით იმეორებდა აზრისგან დაცლილ ამ ტექსტებს, მაგრამ ამასაც არ სჯერდებოდა და ისე ახლოს მიდიოდა ტელევიზორთან, ისე ეკვროდა დაბალი ძაბვის გამო აციმციმებულ ეკრანს, თითქოს შეჭმას უპირებდა მარსის, სნიკერსის, ბაუნტისა და სხვა კანფეტების ელექტრონულ გამოსახულებებს. ბავშვის ამგვარი ქცევის გამო გულმოკლული ხშირად წარმოიდგენდა, ფულს რომ იშოვნიდა, როგორ გაავსებდა პარკს შოკოლადის ბატონჩიკებით ფილებით, როგორ დაუხვავებდა მაგიდაზე კანფეტების ზვინს, როგორ გაიხარებდა დათუნა, როგორი ყიჟინით გამოხატავდა ამ სიხარულს, როგორ მოითხუპნიდა პატარა, ლამაზ პირს და უზომოდ მადლიერი როგორ ჩაეკვრებოდა გულში ბედნიერ მამას, რომელმაც, როგორც იქნა, იშოვა ფული და ოცნება აუსრულა პატარა შვილს.

როცა დენი მოვიდოდა, ტელევიზორში, ყველა არხზე, სულ ამ კანფეტების თვალისმომჭრელი რეკლამები გადიოდა: ხან მდინარეებად მოედინებოდა შოკოლადისა და კარამელის მძლავრი ნაკადი, რომელსაც გზად თხილისა და ქიშმიშის ზვავი ერეოდა და ხანაც ლაჟვარდოვანი ოკეანიდან ამოსული ულამაზესი ქალწულის ხელში იოლად იხლიჩებოდა ქოქოსის ზემკვრივი კაკალი და მისი შიგთავსის თვალისმომჭრელი სითეთრე ყავისფერი შოკოლადით იფარებოდა…  სამოთხის ამ ნეტარებაში ყველა ბედნიერი და ლმაზი იყო. ვიდრე დედა დაარწმუნებდა კანფეტების მიუწვდომელ სიძვირეში, დათუნა ხშირად ეკითხებოდა: „მამა, როდის წავუსნიკერსებთ?“ მამას კიდევ პასუხი არ ჰქონდა. ჰოდა, ახლა ამ კანფეტებზე უკეთეს საჩუქარს ვერ გაუკეთებდა პატარას. თავისი ბავშვობაც გაახსენდა. ძალიან ცუდად რომ იყო, ყველა ნათესავი მის გულის მოგებას რომ ცდილობდა, უჩვეულოდ გულმორბილებული მამის შეკითხვაზე, რამე ხომ არ გინდაო, დაუფიქრებლად რომ უპასუხა, ათი პედრო, ათი დონალდო და ათი სიგარეტის კევი, რომლებსაც ციგანკები ბოშა ქალები ჰყიდიან უნივერმაღის წინო.

იცოდა რომელ ჯიხურში უნდა ეყიდა. გამყიდველ ქალს სახეზე ცნობდა. ადრე რამდენჯერმე არაყი და სიგარეტი იყიდა და ახლაც მასთან მივიდა. მივიდა იმიტომ, რომ ერთხელ ამ  ქალის მზერაში რაღაც სიბრალულის თუ ქედმაღლობის მაგვარი დაიჭირა. თხელკოლოფიანი „მაგნას“ ყიდვა უნდოდა. კუპონები ჰქონდა, მაგრამ კუპონებში არ მიჰყიდა. კუპონებში მარტო „პრიმა“, „პალიოტი“ და „80“ გვაქვსო, უთხრა და გაუღიმა იმ თავისი ჯიხურის ღია სარკმლიდან. უხერხულად იგრძნო თავი. გაუტყდა შერცხვა და გაწითლდა. ვერ მიხვდა, რა უფრო მეტი იყო ამ ღიმილში, სიბრალული თუ ქედმაღლობა. ბედად სათვალის ლინზებიც ზუსტად მაშინ დაეორთქლა. რომ მოიხსნა, ვეღარაფერი დაინახა და უარესად აირია. ვინ ვგონივარო, გაიფიქრა, რაღაც ყლეობის სისულელის თქმა დააპირა, მაგრამ ვერც ეგ გაბედა. ახლა კი ფული ჰქონდა და სხვანაირად თავდაჯერებული იყო.

„ეს, ეს, ეს და ეს! მოკლედ, ყველა თითო-თითო ცალი. ერთი ბლოკი „მაგნაც“… ეგ, არა, თხელ პაჭკაში კოლოფში, ერთიც „ამარეტო“.

ქალმა ყველაფერი ჩაალაგა. თემო მშვიდად ელოდებოდა. ქალი გამოკვეთილად თავაზიანად ემსახურებოდა, მაგრამ ამან დაიკიდა. ფული გადაუხადა, ნავაჭრი გამოართვა და კაიბიჭის მძიმე ნაბიჯით, დასტოინად ღირსეულად გაეცალა სამგზავრო გემივით შიგნიდან განათებულ ჯიხურს.  ასე იარა, ვიდრე სიბნელეში არ შერგო თავი. გაჩერდა. კანფეტების პარკში ჩაყო ხელი და ვნებიანად მოაფათურა. სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. წარმოიდგინა, როგორ გაუხარდებოდა თავის პატარა შვილს ამ უგემრიელესი და ულამაზესი კანფეტების ნახვა, ამ მძიმე, მკვრივი, ოთკუთხედი სრულყოფილებებისა… და უეცრად გაშეშდა! მოეჩვენა, რომ ერთი ფილა დამტვრეულია! არა, არ მოჩვენებია, ნამდვილად ორად იყო გაყოფილი! გაბრაზდა! ძალიან გაბრაზდა! მკვეთრად შემობრუნდა, ხმამაღლა შეიგინა და ჯიხურისკენ გაალაჯა გიგანტური ნაბიჯებით, პროფესიონალი მკვლელის თავდაჯერებით!

ქალს ჯიხურის სარკმელი დაეხურა. ვიღაც ყმაწვილი ეჯდა წინ და სერიოზული სახით პასეანს უშლიდა. უხეშად მიუკაკუნა მოხრილი საჩვენებლი თითის წვერით, ერთი წუთითო. ქალმა, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, საოცარი სისწრაფით აალაგა სიძველისგან დარბილებული ბანქო და გამოჰხედა, გისმენთო. თემომ, ქალო,  შიგ ხომ არა გაქვს, რას კადრულობო! ქალი გაფითრდა. ამან კიდევ, ახალი წელია, ბავშვისთვის მიმაქვს საჩუქრად, შენ კიდევ ძველი, დამტვრეული კანფეტები შემომტენეო მომეციო?!

ქალს შეეშინდა, რას ამბობთ, რა ძველი, ზუსტად მახსოვს, არც ერთი არ ყოფილა დამტვრეულიო.

აბა, ეს რა არისო, უთხრა და დახლივით გადმოშლილ სარკმელზე დააგდო ის ერთი გატეხილი ფილა.

ქალმა სწრაფად დაავლო ხელი, სინათლეზე დახედა და მალევე შეცვლილი ხმით უთხრა: არა, რას ბრძანებთ, გატეხილი არაა, უბრალოდ, ასეთია ეს კანფეტი, ბაუნტიში ორი ცალი დევს! აი. ყველა ეგეთია, ნახეთო და მთელი ყუთი დაუდგა წინ.

თემოს არაფერი უთქვამს. მაგრა გაუტყდა ძალიან შერცხვა. სწრაფად გამოართვა და უკან სიბნელეში დაბრუნდა.

მიდიოდა მოშვებული, ინერციით დგამდა ნაბიჯებს, კუნთების ძალისხმევის გარეშე. აღარც უცნაურ დაჭიმულობას გრძნობდა სხეულში და აღარც თავისი ხმის ახლებური ჟღერადობა ახარებდა. სათვალეც მალე მოიკითხა, როცა ახალგაყინულ გუბეში რამდენჯერმე ჩაკრა ისედაც გვარიანად დასველებული ფეხი.

შვილის საქციელმა კიდევ უფრო გაუფუჭა ხასიათი. არც სიხარულის ყიჟინა ყოფილა და არც შოკოლადით გამოტენილი პირი. არადა,  ვიდრე „გატეხილი“ შოკოლადის ფილის გამოსაცვლელად დაბრუნდებოდა, კიდევ ერთხელ წარმოიდგინა კანფეტების გადაცემის სცენა:  გაოცებული მისჩერებია ბავშვი საჩუქარს. თვალები დაჭყეტილი აქვს, არ ახამხამებს, ფართოდ დაუღია პირიც, ხმას ვერ იღებს. ერთი ხანობა ვერ იჯერებს, რომ მისია ეს ენით აუწერელი სიმდიდრე. მერე მთელ ხმაზე ყვირის: თოვლის ბაბუამ გამომიგზავნა, თოვლის ბაბუამ, დათუნამ წაუსნიკერსოსო! ოღონდ მაინც არ ხსნის. იმის ნაცვლად, რომ გახსნას და ჩაკბიჩოს, იწყებს შოკოლადის ფილებით თამაშს. ხან ავტომობილებივით აჯიბრებს ერთმანეთს, ხან ერთმანეთზე აწყობს და სახლებს აშენებს. როდის-როდის გადაწყვეტს, გახსნას და შეჭამოს, მაგრამ  უჭირს ქაღალდის შემოცლა თავისი პატარა, ბუნჩულა თითებით, თუმცა დედას მაინც არ ანებებს, შემიჭამო, ჯუჯღუნებს. ბოლოს, როგორც იქნება, გაარჩევს და ხარბად ჩაყლაპავს ჯერ სნიკერსს (წაუსნიკერსებს), შემდეგ იმ წყეულ ბაუნტის… – ასე წარმოედგინა თემოს, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. დათუნამ სწრაფად გამოართვა კანფეტებით სავსე პარკი და იქვე მაგიდასთან მიდგმულ სკამზე დადო. მადლობაც მხოლოდ მას შემდეგ გადაუხადა, რაც დედამ შეახსენა, აბა, რა უნდა უთხრა მამიკოსო. „მაად-ლოო-ბაა!“ – უგულოდ დაუმარცვლა შვილმა და სწრაფად დაუბრუნდა ფეჩთან დაგებულ ფარდაგს, რომელზეც სხვადასხვა ზომის უამრავი ფერადი საგანი იყო გაშლილი, მათ შორის ხისგან გამოთლილი ულამაზესი თვითმფრინავი, რაღაც კუკურუზნიკის, An-2-ის ამერიკული ანალოგი წითელი კორპუსითა და სასაცილოდ დიდი ყვითელი პროპელერით; სახტუნაო ფოსფორის მანათობელი ლახტით; გასაფერადებელი პინგვინი 30 ფერის ფლომასტერით; ხისგან დამზადებული  Крестики Нолики-ის სათამაშო (დაფა და ქვები), რომლის ხისსავე პატარა ყუთისთვის კოხტად წაეწერათ Tic-tac-toe; კბილის ორი ულამაზესი ჯაგრისი Big Ball – ერთი ყვითელი და ერთი წითელი; საბანივით დიდი და ფაფუკი პირსახოცი; რუბიკის კუბიკი; ლურჯი ბურთი squeeball; la quinta-ს ყვითელი საპონი citros თავბრუდამხვევი არომატით; ხისგან გამოთლილი სასტვენი – wooden train whistle; ზეფირის ფერად-ფერადი დაგრეხილი ჩხირები და ბევრი სხვა რამ – ყველაფერი ეს ჯერ კიდევ დილით კოხტად ეწყო აბრეშუმის ბაფთითა და ანგელოზის დახატული ფრთებით დამშვენებულ მუყაოს ყუთში, რომელიც ამერიკის საელჩოს ღიმილიანმა თანამშრომელმა, საბავშვო ბაღის დირექტორის თანხლებით, სახლში მიუტანა დათუნასა და მის სხვა ჯგუფელებს.

ეს რა არისო, თქვა თემომ და დაწვდა ცარიელ ყუთს. Christmas Child ეწერა ერთი მხრიდან, Samaritian’s Purse – მეორე მხრიდან. მერილენდიდან გამოეგზავნათ ბედნიერ ამერიკელ ბავშვებს განასაცდელში მყოფი ქართველი თანატოლებისათვის.

პირველი საათი იქნებოდა, კომერციული დენის გამოსაყვანად ელექტრიკი ელექტრიკოსი რომ მოვიდა. პურის ქარხნიდან გადმოჭიმა კაბელი. ახალი, მეორე სოჩიკიც მრიცხველიც დააყენა. უთხრა, როცა დენი გექნება, ეს მრიცხველი არ დაწერს, როცა დენი გაითიშება, ამ კნოპკას ღილაკს დააწვები და  კომერციული დენი ჩაირთვება, მრიცხველიც ამუშავდება და ყველა პრიბორი ელექტრომოწყობილობა, რასაც ჩართავო. მართლაც, დააწვა და თვალისმომჭრელად განათდა წინკარი, შორიდან სიმღერის ხმა მოესმა. Last Christmas, I gave you my heart – ქართველი მომღერლის შესრულებით. ჩართული დაეტოვებინათ ტელევიზორი. ფული გადაუხადა და თითო-თითო დავლიოთო, მაგიდასთან მიიწვია. ელექტრიკოსმა, სამის ნახევარია, გამოდის, უკვე 31 დეკემბერია, ჰოდა, დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, სინათლე და სიხარული არ მოგკლებოდეთო. თემომაც დალია, მაგრამ ხასიათი მაინც არ გამოუკეთდა. ხელოსანიც აღარ წავიდა. კლასელის ძმა აღმოჩნდა. ის ლაპარაკობდა, ეს უსმენდა. რუსეთიდან ახლა დავბრუნდიო, არაფერი მაკლდა, არც ფული, არც სასმელი, არც ქალები, მაგრამ ვერ გავძელი, საქართველო მომენატრაო, მერე რა, რომ დარხეული გვაქვს გვიჭირს და არც დენი გვაქვს, არც გაზი, არც ფული და არც სამუშაოო, მთავარი საქართველოა, არ უნდა მივატოვოთ, როგორც მოხუც დედას ისე უნდა მოვუაროთ მისმა შვილებმა, საქართველოს გაუმარჯოსო. თემომაც, გაუმარჯოსო, სხვა არაფერი უთხრა. იმ თავის კლასელისგან იცოდა, რომ სადღაც ტიუმენში ყოფილა გადაკარგული, აღარც წერილებს იწერებოდა და აღარც რეკავდა. დედა გარდაგეცვალაო, მოატყუეს და ისე ჩემოიყვანეს. ახლა უკან წასასვლელი ფული არ ჰქონდა და ვეღარ მიდიოდა.

ელექტრიკოსი ხუთი საათისკენ წავიდა. თემომ საძინებელში შეიხედა, უნდოდა ცოლისთვის ეთქვა, ჩავაცილებ და დავბრუნდებიო. ეძინათ. ბავშვსაც საჩუქრის ყუთისთვის მოეხვია ხელი და მშვიდად ფშვინავდა. ფრთხილად გამოხურა კარი. სადარბაზოში ბნელოდა. ხელის მექანიკური ფანარით უნათებდა. საფეხურები კიდევ უფრო მატად გაყინულიყო. გარეთაც მაგრად ციოდა. უცბად გამოფხიზლდნენ. საცაა გათენდებაო, თქვა ელექტრიკოსმა და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით გაუდგა გზას. მარტო დარჩენილმა, ბარემ მოვწევ და მერე ავალო, გაიფიქრა. სიგარეტს მოუკიდა და ხუთიოდე ნაბიჯით მოშორდა სადარბაზოს. გაჩერდა. მოტრიალდა და ჩაბნელებულ კორპუსს ახედა. ორ-სამგან ლამფა ენთო. მისი ფანჯრებიდან  მკვეთრი სინათლე იღვრებოდა. უფრო ზემოთ მთვარე ანათებდა სუსტად, ვარსკვლავები ძლივსშესამჩნევად ბჟუტავდნენ. უეცრად მთელი კორპუსი განათდა და ვიღაცამ იყვირა მთელ ხმაზე, შენი ჩამრთველის დედა მოვტყანო!

© არილი

Facebook Comments Box