რეცენზია (თარგმანი)

დევიდ დემპსი – ნორმან მეილერის "შიშვლები და მკვდრები"


დევიდ დემპსი
პასუხი მათ, ვინც ომის მომხრეა
ნორმან მეილერის “შიშვლები და მკვდრები”

ვფიქრობ, ნორმან მეილერი არ უნდა დავძრახოთ იმისათვის, პირდაპირი იერიშით რომ შეეცადა იმის აღებას, რაც მასზე უკეთესად მიჩნეულმა მწერლებმა ბრძოლის სხვა ხერხებით ვერ მოიპოვეს. მისი რომანი “შიშვლები და მკვდრები” უსასრულო, სულისშემძვრელ კივილად აღიქმება, თანამედროვე ომის მთელ სისასტიკეს და დაუნდობლობას რომ ამხელს. ეს არის მართლაც ამბიციური ნაწარმოები, მაგრამ გაბედული და უკომპრომისო. მე მას თამამად მოვიხსენიებ იმ საუკეთესო წიგნების გვერდით, რაც კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაწერილა. მიუხედავად ცალკეული მოსაწყენი პასაჟებისა, სადაც ხშირად ერთსა და იმავეს გვიმეორებენ, მიუხედავად დაჟინებული მრავალსიტყვაობისა და ანალიტიკური მომენტების სიჭარბისა, ეს არის ცინცხალი ნიჭით დაჯილდოებული სულ ახალგაზრდა, ოცდახუთი წლის კაცის ძლიერი და შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომლის აქა-იქ მიმოფანტული “ჩავარდნები” მხოლოდ იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ავტორს მოუხელთებელის შეწვდომა უფრო განუზრახავს, ვიდრე მისი ხელთ გდება და მუჭში გამომწყვდევა.
“შიშვლები და მკვდრები” უსაშველოდ დიდი რომანია, იმედგაცრუების მძლავრი ტალღით ნაპირზე გამორიყული! იგი ოცნების უფლებასაც კი არ გვიტოვებს და ისეთ უმოწყალო კანონადად ჩაგვესმის ყურში, რომლის დროსაც თითოეული ობიექტი თუ სამიზნე სულ ცოტა სამჯერ მაინც იწვნევს დარტყმას. გარდა ამისა, ეს არის მთავარი გმირის, გალაჰერის სექსუალურ განცდათა და ქმედებათა გუდმოდგინე რესტავრაცია. რომანის სტილი, არც მეტი არც ნაკლები, სალდაფონურია, გნებავთ ქუჩური, რაც, ალბათ, ბევრი მკითხველის სმენას შეურაცხყოფს, თუმც გაზვიადებული აქ თითქმის არაფერია: მეილერის მეომრები ხომ ადამიანებია, დათრგუნული, აგონიით განაწამები არსებები. ეს რომანი ომზე მოგვითხრობს და სისხლს გვაყურებინებს, ამიტომაც ის აისივით მეწამულია. ეს არის გაბედულ იერიშთა მთელი სერია, რომელთა დროსაც ობიექტი რატომღაც აუღებელი რჩება. ისე კი, ცოტა ჭირს იმის გარკვევა, ამ ობიექტში რა იგულისხმება.
მისტერ მეილერს აშკარად არ მოსწონს ომი, არც მასში მონაწილე მებრძოლებითაა აღტაცებული (ამისთვის, ცხადია, ორიგინალობას ვერ დავაბრალებთ). იგი ყველანაირად ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ომის მთელი საშინელება მის მონაწილეთა ბუნებიდან მომდინარეობს, მათი ბუნება კი, თავის მხრივ, ომსა და სამხედრო ატმოსფეროს დაუმახინჯებია. არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე! მეორე მსოფლიო ომამდელი ახალგაზრდობა ისე იყო დეპრესიით მოდუნებული, რომ საყოველთაო დემოკრატიის ფხიზელ გუშაგად ვერა და ვერ გამოდგებოდა!
რომანის ორი პერსონაჟი ებრაელია, ერთიც – ეთნიკური მექსიკელი; ამერიკელი ხალხის ოცნება მათ ჯერ ბოლომდე ვერ “გაუმშობლიურებიათ”. მაგრამ რას ვერჩით, როცა თავად ამერიკელებს ბევრი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი და საკამათო. აზრთა ასეთი სხვადასხვაობა მშვიდობის დროს, ასე თუ ისე, ასატანია, ომში კი, შეუდარებლად გამწვავებული: სამხედრო ატმოსფერო ხომ არნახული აგრესიით მუხტავს ადამიანებს, სწორედ ეს არის რომანის კვინტესენცია და მთავარ გმირსაც, გალაჰერს, მისი ცხოვრების არცთუ სახარბიელო პერიოდში მოვიხელთებთ წიგნის ფურცლებზე.
მეილერი ამ წარმოსახვით ომს მებრძოლთა ჯგუფის, ერთი გენერლის და კიდევ ერთი მაიორის თვალით გვაყურებინებს. ესენი უკვე ადამიანები აღარ არიან; რაღაც ერთიან, საშინელებით ათრთოლებულ, გაშიშვლებულ ნერვად უფრო აღიქმებიან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს “საბრძოლო ერთეულები” სულიერი არსებანი, ცალკეული ინდივიდები იყვნენ ოდესღაც. რომანში ღრმად არის შესწავლილი მათი ხასიათები და იგი ბრწყინვალე რეტროსპექტული ჩანახატებით წარმოგვიდგება. სწორედ ეს მოქნილი ჩანახატები ადასტურებენ, რომ მეილერი ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი შემოქმედია. აი, ძირითადი სიუჟეტი კი ინერტულობით გამოირჩევა… დუნე, უსიცოცხლო თხრობის მსხვერპლს ემსგავსება. ბრძოლის ყველა დეტალის მხატვრულად “გადათარგმნა” არაფერს მატებს ტექსტს, მხოლოდ ამძიმებს. ამასთან ერთად, პერსონაჟთა წარსული და აწმყო ერთმანეთს მეტისმეტად სუსტად უკავშირდება, და მეტსაც გეტყვით: გენერალი, რომლის ხასიათის გამოძერწვაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ რომანში, ჩვეულებრივი ფაშისტის ინტელექტუალური ვერსიაა, სხვათა შორის, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული.
მაგრამ ეს თვალშისაცემი ხარვეზები ბევრს მაინც ვერაფერს აკლებს ნაწარმოებს. აქ ხომ უამრავ ოსტატურად ნაქსოვ სიუჟეტს გადააწყდებით: თვეზე მეტია, რაც გალაჰერს შეატყობინეს, რომ მისი ცოლი გარდაიცვალა, ის კი კვლავ იღებს ქალის ბარათებს, დაწერილს იქამდე, ვიდრე ის მშობიარობას გადაჰყვებოდა; უილსონის დაღუპვის ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია, რაც კი ოდესმე ომის თემაზე დაწერილ წიგნებში ამომიკითხავს; ვერაფერი დამავიწყებს სერჟანტ კროფტის სადისტურ სახეს, რომელსაც სურს საკუთარი ჯარისკაცები ფრიალო კლდეებზე აძრომიალოს. რატომ, ამაზე ნუ დაფიქრდებით… უნდა და მორჩა! ყოველივე ეს “ომის გულიდან” ამოზრდილი ტრაგედიაა, ტრიუმფი სენტიმენტალობას მოკლებული რეალიზმისა. “შიშვლები და მკვდრები” უბრწყინვალეს წიგნად არ მიმაჩნია, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო დანიჭიერი ამერიკელი მწერლის დაბადების საბუთად ხომ გამოდგება!

The New York Times Book Review
1948, 9 მაისი

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box