Uncategorized

დეივიდ რანსიმენი – Fergie Time

ALEX-FERGUSON-WATCH 4343

ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

დევიდ რანსიმენის ეს წერილი ვრცელი რეცენზიაა ალექს ფერგიუსონის წიგნზე „ჩემი ავტობიოგრაფია“. წიგნი სულ ახლახან ქართულადაც გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“ (მთარგმნელი ივანე ჩხიკვაძე). წერილი გამოქვეყნდა The London Review of Books-ში, 2014 წლის იანვარში.

ალექს ფერგიუსონს შეთქმულების თეორიების სჯერა, თუმცა მთლად კონსპიროლოგს ვერ ვუწოდებთ. შეთქმულების თეორიების მომხრეები ყოველდღიური მოვლენების უკან ფარულ გარიგებებსა და ტყუილს ხედავენ. მათი ურყევი პოზიციაა, რომ სადღაც ვიღაც ყოველთვის რაღაცას გეგმავს. აი, კონსპიროლოგები კი უფრო შორს მიდიან: ისინი წერტილებს აერთებენ და ერთი შეხედვით დაუკავშირებელ შემთხვევებს ერთმანეთთან აკავშირებენ; ყოველი მოვლენის ასახსნელად ერთადერთ განმარტებას ეძებენ. შეთქმულების თეორიის მომხრისთვის არაფერია სრულიად უვნებელი. კონსპიროლოგისთვის არაფერია სრულიად შემთხვევითი. შეთქმულების თეორიის მომხრეები ცბიერები, ეჭვიანები და ანტაგონისტურები არიან, მათთან ურთიერთობა ყველას უჭირს. სამაგიეროდ, ცხოვრებაში გზის გაკაფვა შეუძლიათ და თავიანთ პარანოიას ჭეშმარიტ ძალაუფლებად გარდაქმნიან. აი, კონსპიროლოგები კი, მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად შეშლილები არიან.

შესაძლოა, ფერგიუსონი კონსპიროლოგი იყოს, მაგრამ თუ ასეა, აშკარად არ იმჩნევს. ამ წიგნში, მის მეოთხე ავტობიოგრაფიაში, მთელი თავი ეძღვნება ფერგიუსონის არასაფეხბურთო გატაცებებს. ფერგიუსონი ძლიერ დაინტერესებულია პრეზიდენტ კენედის მკვლელობის კვლევით და ამისთვის ბევრი დრო და ფული მიუძღვნია, აგროვებს დოკუმენტებს, ვიდეოჩანაწერებს და არტეფაქტებს. აუქციონზე ჯერალდ ფორდის მიერ ხელმოწერილი “უორენის კომისიის” მოხსენება იყიდა. განსაკუთრებით უფრთხილდება პრეზიდენტის გვამის გაკვეთის დასკვნას. ტრაგიკული მოვლენის ამსახველი ფოტოები “მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე მის კაბინეტში მაგიდაზე ეწყო (წარმომიდგენია, აღელვებული თანაშემწეები მასთან საყვედურების მისაღებად როგორ შედიან და უცებ დილი-პლაზისა და ბალახიანი გორაკის ფოტოებს ხედავენ; ეს სცენა ნებისმიერს გამოაცოცხლებდა). თუმცა ფერგიუსონი არ ამხელს, თავად რას ფიქრობს პრეზიდენტის მკვლელობაზე ან რას ეძებს ამ დოკუმენტებში. ჯონ ფ. კენედით დაინტერესება, ასევე წიგნების კოლექციონერობითა და ყოველივე ამერიკულით – ლინკოლნით, ამერიკის სამოქალაქო ომით, ამერიკული ფეხბურთით – მისი გატაცების ნაწილია. ფერგიუსონი ღვინის კოლექციონერიცაა; როგორც თავად ამბობს, “დამღლელი საფეხბურთო საქმიანობისგან განსატვირთად” დოღსაც ესწრება ხოლმე.

როცა სიტყვა საფეხბურთო საქმიანობაზე ჩამოვარდება, ფერგიუსონი უფრო მეტად გულახდილი ხდება და თავის ეჭვების სრულ სპექტრს გვიმხელს. ამ წიგნის ერთ-ერთ საუკეთესო და ღიმილის მომგვრელ სცენაში აღწერილია შემთხვევა, როცა ფერგიუსონი 2004 წელს “ევერტონიდან” უეინ რუნის შესაძენად მოლაპარაკებას აწარმოებდა. ფერგიუსონი კაბინეტში იჯდა. “ევერტონის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბილ კენრაიტი ცრემლებს აღვარღვარებდა. ატირებული კენრაიტი სადღაც რეკავს და ყურმილს ფერგიუსონს აწვდის. ფერგიუსონს ხანდაზმული ქალის ხმა ტუქსავს:

– ნურც გაიფიქრებთ, რომ იმ ბიჭს უფასოდ ჩაიგდებთ ხელში. ის ბიჭი ორმოცდაათი მილიონი გირვანქა ღირს.

ეს ქალი კენრაიტის დედა იყო. ფერგიუსონი იხსენებს, როგორ დააბნია ამ სატელეფონო ზარმა:

“დეივიდ მოიესი დაჟინებით მომჩერებოდა. ვიფიქრე, სცენა ხომ არ დამიდგეს, ხომ არ მეთამაშებიან-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, ბილის თეატრალური წარსული ჰქონდა. უცებ გონებაში აზრმა გამიელვა: აუცილებლად უეინის სამედიცინო ისტორია უნდა შევამოწმო! იქნებ ფიზიკური ნაკლი აქვს და გამოგვრჩა? იქნებ ფასის ასაწევად ოინს მიწყობენ? შემეშინდა, ვაითუ გაუგონარი თაღლითობის მსხვერპლი გავმხდარიყავი!”

ფერგიუსონს ეჭვიც არ ეპარება, რომ ფეხბურთი სასტიკი ბიზნესია. მოწინააღმდეგეს ერთი გოჯიც რომ დაუთმო, ყველაფერს წაგართმევს. ეს მხოლოდ მეტოქე გუნდებს კი არა, შენივე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებსა თუ მოთამაშეებსაც ეხება. ამიტომაც ფერგიუსონი დიდად აფასებს ერთგულებას; რადგან ხალხი, ვისაც ვერ დაეყრდნობი, ადრე თუ გვიან, ცარიელზე დაგტოვებს. ოქროს შუალედი არ არსებობს. როგორც კი ფერგიუსონი იეჭვებს, რომ მოთამაშე ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, საკუთარ იმიჯსა და კარიერაზე ზრუნვას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედს“, მაშინვე მისი კლუბიდან გაშვების გზების ძიებას იწყებს. ეს თვისებები მან თავის მასწავლებლისგან, დიდი შოტლანდიელი მწვრთნელისგან, შედარებით მშვიდი, მაგრამ შეგირდზე არანაკლებ სასტიკი ჯოკ სტეინისგან შეიძინა. სწორედ სტეინმა ასწავლა ფერგიუსონს, შენს მოთამაშეებს ნუ შეიყვარებ, რადგან ისინი აუცილებლად გიღალატებენო. მანვე დაარიგა, ნუ გგონია, რომ კლუბის მფლობელები მწვრთნელებს თანაუგრძნობენო.

– გახსოვდეს, ალექს, – გააფრთხილა სტეინმა იგი, – ჩვენ მათგან განვსხვავდებით. ისინი კლუბს განაგებენ. ჩვენ მათი მუშები ვართ.

– ჩვენ და ისინი ცალ-ცალკე ვდგავართ, – ამატებს ფერგიუსონი, – ჩვენ მოჯამაგირეები ვართ, ისინი – მიწათმფლობელები.

 

ფერგიუსონი არ მალავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ხელფასით უკმაყოფილო იყო და თავს დაუფასებლად გრძნობდა. კლუბში, რომელიც კომერციულ საწარმოდ აქცია, არასდროს ჰქონია მნიშვნელოვანი წილი. კლუბის თანამესაკუთრე არასდროს ყოფილა. ალბათ ამით აიხსნება, რატომ მოსწონდა მას ძმები გლეიზერები, რომლებიც 2005 წელს კლუბს დაეპატრონნენ და ვალებით დაამძიმეს; ამან მრავალი გულშემატკივარი განარისხა, გლეიზერებმა ჩვენი კლუბი თავიანთ მეწველ ძროხად გადააქციესო. მათმა ნაწილმა ფერგიუსონს მოუწოდა, ჩვეულებრივი გულშემატკივრებისადმი სოლიდარობის ნიშნად გადამდგარიყო. ფერგიუსონს გადადგომა წამითაც არ უფიქრია. ძმები გლეიზერები, მრავალმხრივ, სწორედ მისთვის მისაღები მეპატრონეები იყვნენ. ჯერ ერთი, ძმებს დირექტორთა საბჭოს მუდმივი წევრები გარეშე პირებად მიიჩნევდნენ, მერე მეორე, არასაიმედო ბიზნეს-მოდელმა ძმები ფერგიუსონზე, ბრიტანული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელზე, მეტისმეტად დამოკიდებული გახადა. გლეიზერებს ფერგიუსონი დაწყებული საქმის გასაგრძელებლად და ჯილდოების კარადის გასავსებად სჭირდებოდათ. ფერგიუსონის მხარდაჭერა მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ღალატს გულში ვერც კი გაივლებდნენ.

ხალხის დაპირისპირებულ მხარეებად დაყოფის სწორედ ამგვარ თვისებას უნდა მივაწეროთ სადოღე ცხენთან, „გიბრალტარის კლდესთან“ დაკავშირებული  გაუგებრობა, რომელშიც ფერგიუსონი გაეხვია. ისევე, როგორც სხვა მრავალ ინციდენტზე, ფერგიუსონი ამ შემთხვევაზეც დუმილს ამჯობინებს და მას წიგნში მხოლოდ გაკვრით ახსენებს. ფერგიუსონი და ძალიან მდიდარი ირლანდიელი ბიზნესმენი ჯონ მანიე ცხენს საზიაროდ ფლობდნენ. მანიე ბიზნეს-პარტნიორ ჯ. პ. მაკმანუსთან ერთად ათასგვარი ბიზნეს-საქმიანობის გარდა, ცხენების მოშენებითა და ვალუტით ვაჭრობითაც იყო დაკავებული. თავიდან ყველაფერი უბრალო გართობისთვის დაიწყო, მაგრამ თანდათან, მას შემდეგ, რაც „გიბრალტარის კლდე“ მოგებას დაეჩვია და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადოღე ცხენად იქცა, ვითარება ერთობ დასერიოზულდა. როცა „გიბრალტარის კლდის“ საჯიშედ გამოყენებისთვის დიდძალი თანხის გადახდა დაიწყეს, ფერგიუსონმა წილი მოითხოვა, მაგრამ მანიემ უარი უთხრა, მხოლოდ დოღში მოგებული თანხის გაყოფას შეგპირდიო. არადა, საქმე ასობით ათასს კი არა, უკვე ათობით მილიონ გირვანქა სტერლინგს ეხებოდა. ფერგიუსონმა სამოწყალოდ გადაგდებული თანხის აღება იუარა და, ბოლოს და ბოლოს, მეპატრონეთა რიგებში გადანაცვლება მოინდომა. მისთვის ეს იყო დაპირისპირება ხელფასსა და სამართლიანობას, ყმასა და ბატონს, „ჩვენსა“ და „მათ“ შორის. ფერგიუსონს ეგონა, ირლანდიელები ჩემებურები არიანო და ძლიერ განრისხდა, როცა გაირკვა, რომ კვლავ ღობის იქითა მხარეს აღმოჩნდა. მან თავისი უფლებების დაცვა გადაწყვიტა, მაგრამ მანიემ და მაკმანუსმა, რომელთა საეჭვო, ერთმანეთში გადახლართული ფინანსური და პოლიტიკური და აზარტული თამაშებისადმი ინტერესების შემხედვარე, ნებისმიერი ჩვენგანი კონსპიროლოგად იქცეოდა, ფერგიუსონს კუთვნილი ადგილი მიუჩინეს. ცბიერმა ბიზნესმენებმა აქციონერთა დასაფრთხობად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების შესყიდვა დაიწყეს. ფერგიუსონი მიხვდა, რომ ძლიერ მეტოქეებს შეხვდა და უკან დაიხია. კლუბში ფერგიუსონის გაკრიტიკება ერთადერთმა ადამიანმა, გუნდის კაპიტანმა როი კინმა გაბედა. მან სხვა მოთამაშეების თვალწინ დაადანაშაულა მწვრთნელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სადოღე ცხენის გამო უღალატეო. ფერგიუსონმა მყისვე დაასკვნა, როი კინის კლუბიდან გაშვების დრო მოსულაო.

ფერგიუსონს ძალაუფლების და კონტროლის ერთმანეთისგან განსხვავების უნარი ჰქონდა და ეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ პოზიციის გამყარებაში ეხმარებოდა. „ძალაუფლება მაშინ არის სასარგებლო, თუ მის გამოყენებას აპირებ, – წერს იგი, – მე კი კონტროლირებას ვისახავდი მიზნად… ყველას ჰგონია, რომ ჩვენს სფეროში დიდ გადაწყვეტილებებს ძალაუფლების გასამყარებლად იღებენ, სინამდვილეში კი მთავარი კონტროლია“. ძალაუფლება შენი ავტორიტეტით სხვაზე ზემოქმედებაა, ხოლო კონტროლი ისაა, როცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შენი გაგაქვს. ფერგიუსონს ერთი საინტერესო მეთოდი ჰქონდა, არასდროს საყვედურობდა დამნაშავე ფეხბურთელს, როცა ის ამას ელოდა. ბევრ მწვრთნელს სჩვევია აღშფოთება და განრისხება, თუკი მოთამაშე ზღვარს გადადის. ფერგი უბრალოდ თავს არიდებდა ამ ფეხბურთელს და ბოლოს მწვრთნელის დუმილით აღელვებული მოთამაშე თავად მიდიოდა მასთან, არ ანაღვლებდა, თუნდაც რისხვა დასტყდომოდა თავს. როცა News of the World-მა 2010 წელს უეინ რუნის პირადი ცხოვრების დეტალები გამოააშკარავა, ფერგიუსონმა მოსალოდნელი გართულებები იყნოსა: ფეხბურთელები, რომლებიც ცოლებს ღალატობენ, ხშირად მწვრთნელსაც ღალატობენ. თუმცა ფერგიმ არაფერი შეიმჩნია. „იმავე დილით არ დავურეკე. ვიცოდი, რომ ეს ენდომებოდა. თავშეკავებულობა გამოვიჩინე. ის ალბათ ჩემს სატელეფონო ზარს უცდიდა, ეგონა, მეგობრულად მხარში ამოვუდგებოდი. მე კი პრობლემასთან ასე გამკლავება არ მჩვევია“. ზოგჯერ ურჩ მოთამაშეებს იმდენად აწუხებდათ ფერგიუსონის უყურადღებობა, რომ მთავარ მწვრთნელს მათი დედები ურეკავდნენ და სთხოვდნენ, საბრალო ბიჭს ნუღარ აწამებთო.

რასაკვირველია, ფერგიუსონს წყობიდან გამოსვლაც შეეძლო. ძალიან ფიცხი იყო და ხშირად უნანია თავისი სიფიცხე, თუმცა ეჭვები სწრაფად ეფანტებოდა. „თამაშების შემდეგ უგუნებობა შემომიტევდა და გავცეცხლდებოდი ხოლმე. ამით არასდროს მიამაყია. ისეთი ღამეებიც ყოფილა, შინ მოსალოდნელი ცუდი შედეგების შიშით რომ წავსულვარ. ვფიქრობდი, ხვალ საწვრთნელ ბაზაზე რომ მივალ, მოთამაშეები აღარ დამელაპარაკებიან-მეთქი. მეგონა, გაბრაზებულები ჩემს წინააღმდეგ პირს შეკრავდნენ. თუმცა ორშაბათობით ისინი ჩემზე უფრო შეძრწუნებულები მხვდებოდნენ“. ფერგის ერჩივნა, თავად წაექეზებინა ფეხბურთელები შეთქმულებისკენ, რომელსაც ყურადღებას არ მიაქცევდა – ბოლოს და ბოლოს, შეთქმულებები სამყაროს მისეული ხედვის ნაწილია – ვიდრე მოულოდნელი გადატრიალება მოეწყოთ მისთვის. ფერგიუსონს თუ რამის ეშინია, ეს წამიერი ჩავარდნაა, რაც სრულ უკონტროლობას უღებს კარს.

ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, ისიც ოჯახში. 2001 წელს, ათი წარმატებული საფეხბურთი სეზონის შემდეგ, ფერგიუსონმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა, მით უმეტეს, ჯანმრთელობის მდგომარეობამ ცხადად აგრძნობინა ხნოვანება (2001 წელს ფერგი 60 წლისა შესრულდა). მის ცოლს, კეტისა და სამ ზრდასრულ ვაჟს ეს აზრი არ მოეწონათ, რადგან მშვენივრად მოეხსენებოდათ, რომ უსაქმოდ დარჩენილი ფერგი ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე წუხილს დაიწყებდა და სინანული შეიპყრობდა. ქრისტეშობის ღამეს, როცა ფერგიუსონს ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინა, მისმა ცოლმა და შვილებმა საიდუმლოდ ითათბირეს და მასთან შეკამათება გადაწყვიტეს.

„სამზარეულოში ამბოხება მზადდებოდა“, – წერს ფერგიუსონი. შეთქმულები მას ღიად დაუპირისპირდნენ. „ამბოხების მოთავე სამზარეულოდან გამოვიდა და ფეხზე ფეხი წამკრა გასაღვიძებლად. კარის ზღურბლზე სამი ფიგურა დავინახე, ჩემი სამივე ვაჟი სოლიდარობის ნიშნად მხარდამხარ იდგა“. ფერგიუსონს აუწყეს, მსჯელობის შედეგად დავასკვენით, რომ პენსიაზე გასვლა უნდა გადაიფიქრო და სამუშაოს დაუბრუნდეო. მათი აზრით, ფერგიუსონს უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეეძლო. ცოლ-შვილი სიმართლეს ეუბნებოდა და ამას ფერგიუსონიც ხვდებოდა. და მაინც, მას ჭკუით აჯობეს. „მაშინ მივხვდი, რომ ხუთი წუთით თვალის მოხუჭვაც არ შეიძლება“, – ნახევრად ხუმრობით წერს იგი. თუმცა მხოლოდ ნახევრად ხუმრობით.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ფერგიუსონი კონტროლზე გადარეული ნამდვილად არ არის. მან იცის, რომ ზოგიერთ რამეზე დარდი არ ღირს. მოედანზე ბევრი ისეთი რამ ხდება, რასაც ვერც თვითონ და ვერც ვერავინ ვერ გააკონტროლებს. თავიანთ წიგნში „რიცხვების თამაში: თუ გგონიათ, ფეხბურთზე რამე იცით, მწარედ შემცდარხართ“, კრის ანდერსონი და დეივიდ სელი აღნიშნავენ, რომ თითქმის ორმოცდაათი პროცენტი იმისა, რაც საფეხბურთო მოედანზე ხდება, სრულ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ბურთი მრგვალია! ამით აიხსნება რატომ უგებს ხანდახან ცუდი გუნდი კარგ გუნდს, ან რატომ ქმნის ერთი გუნდი ბევრ მომენტს, მეორეს კი გადამწყვეტი გოლი გააქვს. მწვრთნელები, მოთამაშეები და საფეხბურთო საქმიანობაში ჩართული სხვა ხალხი დარჩენილი ორმოცდაათი პროცენტისთვის იბრძვიან. ფერგიუსონი ამას ინსტინქტურად ხვდება. „ჯანდაბა, ეს ფეხბურთია!“ – ასეთი კომენტარი გააკეთა მან 1999 წლის საღამოს, როცა მისმა კლუბმა მიუნხენის „ბაიერნს“ ევროპის ჩემპიონთა თასი წაგლიჯა; გერმანელებმა უკეთ ითამაშეს, მაგრამ დამატებულ დროში გატანილი ორი გოლის წყალობით ტიტული „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიპოვა. იგი იღბალს ენდობა, მაგრამ თუ ბედი უმუხთლებს, არ წუწუნებს. როცა ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლით „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2011-2012 წლების სეზონის პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული წაართვა, ფერგიუსონს ეწყინა, მაგრამ დიდად არ დამწუხრებულა. მსგავსი რამ ხდება. ის ყოველთვის თამაშის იმ ასპექტზეა კონცენტრირებული, რომელზე ზემოქმედებაც ხელეწიფება. მისი სამწვრთნელო ნიჭი ნებისყოფის ძალის საჭირო მომენტში, სათანადო ადგილას გამოყენებაში მდგომარეობს. ის თავის ფეხბურთელებს წინსვლისკენ მოუწოდებს, მეტოქეებს აღიზიანებს და მსაჯებს საყვედურობს – ხელთ არსებულ ყველა უპირატესობას იყენებს. მისი მთავარი სამიზნე ადამიანები და მათი სისუსტეებია და არა – ბურთი და მისი სიმრგვალე.

ამგვარად, ფერგიუსონს სპორტული მეცნიერებისთვის დრო არ რჩება, ყოველ შემთხვევაში, ყოველი პრობლემის მოსაგვარებლად მეცნიერულ კვლევა-ძიებას არ მიმართავს. ფერგიუსონი იმ მწვრთნელებს არ ჰგავს, ყველაფრის გასაღებად რიცხვები რომ მიაჩნიათ და სტატისტიკას ჩაჰკირკიტებენ. ერთხელ ეიდი ბუთროიდს ჩამოვართვი ინტერვიუ, მაშინ ჯერაც „უოტფორდის“ მწვრთნელი იყო, იმ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდი პრემიერ ლიგაში გადმოვიდა. მითხრა, 2003 წელს გამოცემულ მაიკლ ლუისის წიგნს, „მანიბოლს“[2] ვკითხულობო. წიგნმა გადატრიალება მოახდინა ბეისბოლში. მასში აღწერილია, როგორ შეიძლება გრაფიკებისა და ცხრილების და სტასტიკური ანალიზის მეშვეობით გამარჯვების ფორმულის შექმნა. ბუთროიდის თქმით, ანალიტიკოსთა ჯგუფი ახლა თავდაუზოგავად მუშაობდა ამ ჯადოქრობის ფეხბურთში დასანერგად. კოდის გასაშიფრად ექვსი თვე დაგვჭირდებაო, მითხრა მან. ექვსი თვის შემდეგ უოტფორდი პრემიერ ლიგიდან გავარდა. ამ ბოლო დრომდე ბუთროიდი „ნორთჰემპტონ სიტის“ წვრთნიდა, მაგრამ როცა გუნდმა მეორე ლიგის ბოლოსწინა ადგილიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, დაითხოვეს. ფერგიუსონი ასეთ იაფფასიან სატყუარას არასდროს წამოჰგებია. წიგნში ფერგიუსონი მადლობას უხდის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომსახურე პერსონალს და ამ ჩამონათვალში „ტონი სტრადუიკი და მისი დაუღალავი სპორტული მეცნიერები“ „მრეცხავი გოგონების“ გვერდით წერია.

ეს წიგნი მრავალმხრივ ანტი-„მანიბოლია“. ლუისი მწვრთნელებს მოუწოდებდა, საკუთარი თვალის ნაცვლად უტყუარ რიცხვებს მინდობოდნენ. ფერგიუსონი თავისი ალღოს და განსაკუთრებით, თვალების ერთგული რჩება. მხოლოდ იმას ეყრდნობა, რასაც ხედავს. მისი გამჭოლი მზერა სხვათა სულის სიღრმეებს სწვდება და ხვდება, ვისთან აქვს საქმე. როცა რიო ფერდინანდი დოპინგ-ტესტზე არ გამოცხადდა და თამაში აუკრძალეს, ფერგიუსონი არც კი დაეჭვებულა, რომ ეს მხოლოდ უბრალო გაუგებრობა იყო: მან მშვენივრად იცის, როდის აქვთ მის ფეხბურთელებს პრობლემა ნარკოტიკებთან ან სტეროიდებთან, რადგან ამას მათ თვალებში ხედავს. როცა ქვასავით მტკიცე სერბმა მცველმა ნემანია ვიდიჩმა აუწყა, სამხედრო სამსახურში მიწვევენ, კოსოვოს დასაცავად უნდა წავიდეო, მყისვე დაუჯერა – ეს სერბის მზერაში იკითხებოდა. ხოლო თუ საფრთხე ძალიან სერიოზული ხდება, ფერგი მისი შემჩნევის სხვა გზებს პოულობს. როგორც კი აბუ-დაბიდან „მანჩესტერ სიტიში“ ფულის შედინება დაიწყო, ფერგიუსონი დარწმუნდა, რომ მისი კლუბისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თანაქალაქელი მეტოქეები იქცეოდნენ. „საშიშროება ლონდონიდან ან მერსისაიდან აღარ მოდიოდა. იმდენად ახლოს იყო, სუნსაც კი ვგრძნობდი“.

თუმცა, გარკვეულწილად, ფერგიუსონი „მანიბოლის“ ფილოსოფიის განსახიერებაა. ისევე, როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობაში, სადაც მცირედი უპირატესობაც კი უაღრესად მნიშვნელოვანია, ფეხბურთშიც ყველაზე მეტად დროს აფასებენ. ფერგიუსონი არასდროს ხარჯავდა დროს ფუჭად. იგი ყოველთვის მოუწოდებდა თავის ფეხბურთელებს ბოლო წუთამდე ებრძოლათ, რადგან მეტოქეები სწორედ ამ დროს სუსტდებოდნენ, განსაკუთრებით, „ოლდ ტრაფორდზე“. „ფერგი თაიმს“, ანუ „ფერგის დროს“ – როცა ფერგიუსონი მსაჯებს აიძულებდა საშინაო თამაშისთვის კიდევ ერთი წუთი დაემატებინათ, რათა მის კლუბს ბოლო იერიშის განხორციელება მოესწრო – შედეგი მოჰქონდა. ფერგიუსონი ამტკიცებს, მსაჯებს სულაც არ ვემუქრებოდი, მხოლოდ მოწინააღმდეგეს ვახსენებდი, რომ „იუნაიტედი“ ბოლოს მაინც თავისას აღწევსო. ფერგი გუნდს ისე წვრთნიდა, რომ ფეხბურთელები სეზონის მეორე ნახევარში ფიზიკურად ძლიერნი ყოფილიყვნენ, რადგან იცოდა, მეტოქეები ზეწოლას ვეღარ გაუძლებდნენ. მან ჭკუით აჯობა იმ მწვრთნელებს (და მათზე დიდხანს გაძლო თანამდებობაზე), რომლებიც ვერ ითმენდნენ და პრობლემის მოგვარების სწრაფ ხერხს ეძებდნენ – ჯადოსნურ ჯოხს, რათა უწინდელი დიდება ჯოხის ერთი აქნევით დაებრუნებინათ. რაფაელ ბენიტესი, „ლივერპულის“ მწვრთნელი, რომელიც, როგორც ჩანს, ფერგიუსონს სხვებზე მეტად არ მოსდის თვალში, შეცდა და ფერგიუსონის გაღიზიანება მოინდომა. ფერგიუსონმა დამცინავი პასუხი გასცა: „ის შეცდა, რომ სპორტული კონკურენცია პირად დაპირისპირებად აქცია. ასეთ შემთხვევაში ჩემთან არანაირი შანსი არ გაქვთ, რადგან მოთმინების უნარი გამაჩნია. მე ზურგს წარმატებული კარიერა მიმაგრებდა. ბენიტესს ჯილდოების მოპოვება სწყუროდა, თან, მე მებრძოდა. უგუნურად იქცეოდა“.

ფერგიუსონს გამოცდილება ემატებოდა და ყოველ წელს უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ხოლო სხვა მწვრთნელები სუსტდებოდნენ და სამსახურს კარგავდნენ. მან „მანჩესტერ სიტის“ 14 მწვრთნელი გაისტუმრა, მათ შორის, რობერტო მანჩინიც, ერთადერთი მწვრთნელი თანაქალაქელთა კლუბისა, რომელსაც ჩემპიონის წოდება დაუთმო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ სათავეში ფერგიუსონის ყოფნისას, „ლივერპულმა“ ცხრა მწვრთნელი გამოიცვალა, „ჩელსიმ“ – ჩვიდმეტი და მათგან მხოლოდ ჟოზე მოურინიუმ სძლია ფერგის, ოღონდ დიდხანს ვერც მან გაძლო თანამდებობაზე. ფერგიუსონის აზრით, ყველა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხების ფორმულას ეძებდა; არადა, ამის გაკეთების ერთადერთი გზა გრძელვადიანი გეგმების დასახვა და გუნდის გაძლიერება იყო. „ფეხბურთელებს ისე ყიდულობდნენ, თითქოს ფაზლის ნაკლული დეტალები ყოფილიყვნენ, – წერს ფერგიუსონი, – სასოწარკვეთილები წინდაუხედავად იღებდნენ გადაწყვეტილებებს“. ფერგიუსონმა იცოდა, რომ ფეხბურთი ფაზლი ვერ იქნება, რადგან ძალიან უწესრიგო და დამღლელი რამ არის. თუ მწვრთნელთაგან ვინმე ოდნავ მაინც ჰგავდა ფერგიუსონს, არსენ ვენგერია, რომელიც უკვე მეჩვიდმეტე სეზონს ატარებს „არსენალში“. თუმცა ფერგიუსონს ვენგერიც კი სულსწრაფი ეჩვენებოდა. მისი თქმით, ვენგერი მეტისმეტად გაიტაცა იდეალური ფეხბურთელის ძიებამ, რომელიც „არსენალის“ სისტემაში ზუსტად ჩაჯდებოდა. ვენგერი მოუქნელი და უხასიათო გახდა.

ვენგერზე მცდარი შეხედულება არსებობს, რახან ფრანგია და პროფესიონალის იერი აქვს, ყველას ჰგონია, რომ ფართო თვალსაწიერის მქონე, განათლებული ადამიანია. ვენგერის ახლო ნაცნობები აღიარებენ, რომ მას მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებს. მის წიგნის თაროებზე, სადაც წესით, წიგნები უნდა ეწყოს, საფეხბურთო დი-ვი-დი დისკებს იპოვით. ვენგერი ახირებული ადამიანია, მონომანი. ეს ფერგიუსონსაა, ტრადიციულ ფეხბურთის ადამიანს, წიგნები, ღვინო და ცხენები რომ უყვარს. როგორც კი ვენგერი თავისი ახირებების ტყვეობაში მოექცა და ჯილდოების რაოდენობამ იკლო, ფერგიუსონმა მისი მძიმე მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტა. როცა „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, რობინ ვან პერსის ხელში ჩაგდება მოინდომა, ფერგიუსონმა მყისვე შესთავაზა ვენგერს ჰოლანდიელს ჩვენ ვიყიდითო. მან იცოდა, რომ ვენგერს ვან პერსის „სიტიში“ გადასვლა არ სურდა, რადგან ეშინოდა, „არსენალი“ „სიტისთვის“ ფეხბურთელების აღმზრდელ კლუბს დაემსგავსებაო. ვენგერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ანკესს წამოეგო და მთავარი ჯილდო დაუძინებელ მტერს იმაზე იაფად დაუთმო, ვიდრე სხვები სთავაზობდნენ. ვენგერი სისუსტის დამალვას ცდილობდა, ფერგიუსონს კი სწორედ ასეთი სისუსტეებით სარგებლობა უყვარს.

„ჩემი ავტობიოგრაფია“ ადვილად წასაკითხი წიგნი არ არის, წვრილმანებით გაჯერებული, მონოტონური ტექსტია. ფერგიუსონი გამუდმებით უბრუნდება მისთვის მტკივნეულ თემებს: ფეხბურთელებს, რომლებმაც იმედი გაუცრუეს; ჩაშლილ გარიგებებს; ხალხს, რომლებსაც მეტი მოეთხოვებოდათ და არ უნდა შემცდარიყვნენ. ფერგიუსონი რაიმე თემის განხილვას იწყებს, უეცრად წყვეტს და რამდენიმე გვერდის შემდეგ აგრძელებს; არა იმიტომ, რომ რამე აქვს დასამატებელი, არამედ იმიტომ, რომ ეს საკითხი ჯერაც აწუხებს. მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მასთან მარტო რჩება ოთახში, ხოლო ფერგიუსონი თავის დარდსა და გასაჭირზე გაუთავებლად წუწუნებს და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევს. შესაძლოა, ასეც იყო ჩაფიქრებული. ფერგიუსონის გოუსთრაიტერი[3] პოლ ჰეიუორდია, დღევანდელ სპორტულ ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი საუკეთესო. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჰეიუორდი საკუთარ აზრს სრულიად ახშობს და ფერგიუსონის ჭეშმარიტ ხმას გვასმენინებს. თითქოს წიგნს კი არ ვკითხულობთ, ფერგიუსონის დაუმონტაჟებელ ინტერვიუს ვუსმენთ, რომელშიც შეუფერხებლად, რასაც უნდა, იმას ლაპარაკობს. მისი ტონი აგრესიული და მუქარით სავსეა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ადამიანის ნამდვილ გემოს შევიგრძნობთ. ახლახან გამოსული კიდევ ერთი ავტობიოგრაფია, რომელიც მსგავსად იკითხება, ტონი ბლერს ეკუთვნის და ისეთი დაუწყობელი, ცვალებადი და თვითორიენტირებულია, რომ  ძნელია მის უტყუარობაში ეჭვი შეგეპაროს. ბლერი ერთი თემიდან მეორეზე ისე უცნაურად გადახტება ხოლმე, ხვდები, მისი ტვინი აშკარად ასე ფუნქციონირებს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ორი ადამიანის მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი, ორივე ავტობიოგრაფია მოსალოდნელზე ბევრად უკეთ გაიყიდა; კვირაში ფერგიუსონის ავტობიოგრაფიის ასობით ათას ეგზემპლარს უკვეთავენ და, როგორც ჩანს, უამრავი ადამიანი საშობაოდ არასასურველ საჩუქარს მიიღებს. რასაკვირველია, წარმატებული გაყიდვები ფერგიუსონის და ბლერის ცნობადობის დამსახურებაცაა, მაგრამ ნურც ტექსტის ავთენტურობას დავუკარგავთ წვლილს.

ეს ორი წიგნი ერთგან იკვეთება. ფერგიუსონი აღნიშნავს, რომ ბლერი მას თავის ავტობიოგრაფიაში ახსენებს.

„მაშინ ჯერაც პრემიერ-მინისტრმა ბლერმა გორდონ ბრაუნის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ აზრი მკითხა. გორდონი ჩემს მეზობლად, ნომერ 11 სახლში ცხოვრობდა. მახსოვს, ტონის სახელი არ დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის აინტერესებდა, სუპერვარსკვლავებს როგორ ვუმკლავდებოდი. ასე ვუპასუხე:

– ჩემს საქმეში უმთავრესი კონტროლია. როცა ვარსკვლავები კონტროლს აღარ ექვემდებარებიან, თავიდან უნდა მოიშორო.

მითხრა, გორდონთან პრობლემები მაქვსო, მაგრამ ჩემთვის არ უკითხავს, როგორ უნდა მოქცეულიყო. მეც ზოგადი პასუხი გავეცი, რადგან სხვის პირად საქმეებში ჩარევა არ ვისურვე“.

ფერგიუსონს ბრაუნთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე ბლერთან. ორივე კენედის მკვლელობის გამოძიებითაა გატაცებული (ფერგიუსონის კოლექცია ბრაუნის მიერ გამოგზავნილი კენედიზე შექმნილი წიგნებითა და დი-ვი-დი დისკებით არის გამდიდრებული). ორივენი კარგად ერგებიან შეთქმულების თეორიების მომხრეთა ყალიბს, ეჭვიანები, ულმობლები და ფიქრიანები არიან, გამუდმებით თან სდევთ განცდა იმისა, რომ საბოლოოდ, ერთმანეთის პირისპირ „ჩვენ“ და „ისინი“ დავრჩებით. ბრაუნი, მიუხედავად რეპუტაციისა, კონტროლზე გადარეული არ ყოფილა. ფერგიუსონის მსგავსად, მასაც ესმოდა, რომ ყველაფრის მართვა შეუძლებელია (ეკონომიკაც ისეთივე არასტაბილური რამაა, როგორც ფეხბურთი). ბრაუნს მხოლოდ გავლენიანი ხალხის მართვა უნდოდა, რომ მისთვის არაფერი დაეშავებინათ. თუმცა, ფერგიუსონისგან განსხვავებით, ბრაუნს დრო არ ეყო. „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის საწყის პერიოდში კინაღამ ფერგიუსონსაც ამოეწურა დრო და სამი უშედეგო და უტიტულო სეზონის შემდეგ დათხოვნას ძლივს გადაურჩა. თუმცა ფერგიუსონს ბედმა გაუღიმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ასოციაციის თასის მოგება შეძლო და მას შემდეგ ფერგის უკან აღარ მოუხედავს. ბრაუნს ბედმა არ გაუღიმა. სამაგიეროდ, ტონი ბლერს სწყალობდა ბედი. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა და მიიღო საკმარისი დრო იმისათვის, რომ რასაც მოისურვებდა, ის ეკეთებინა. ბლერმა დრო ფუჭად დახარჯა. ბლერის ადგილზე ფერგიუსონი ბრაუნს მოხსნიდა („ვერასდროს ვხვდებოდი, რატომ უნდა დავწოლილიყავი ყოველ ღამე აღელვებული, თუკი პრობლემის გადაჭრა შემეძლო“). ბრაუნსაც რომ ბლერივით საკმარისი დრო ჰქონოდა, უფრო მეტს მიაღწევდა. სამწუხაროდ, მან მხოლოდ სამ წელს გაძლო თანამდებობაზე, ეს დრო კი, როგორც ფერგიუსონი აღიარებს, მტრების დასამარცხებლად არ კმარა.

© “არილი


[1] სიტყვასიტყვით: “ფერგიუსონის დრო”; ფრაზა, რომელსაც ინგლისურ ფეხბურთში იყენებენ. მეტისმეტად გახანგრძლივებული დამატებული დრო, როცა ჩამორჩენილი ტოპგუნდი ანგარიშს ათანაბრებს ან მატჩს იგებს. ხშირად დამატებული დროის გაწელვა მოწინააღმდეგე გუნდის უკმაყოფილებას იწვევს. დამატებულ დროში “მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთხელ მოუგია მნიშვნელოვანი მატჩები. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1993 წელს “შეფილდ იუნაიტედთან” პრემიერ ლიგაში და 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებები. ორივე შემთხვევაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონობა მოიპოვა.

[2] moneyball – საბეისბოლო ტერმინი. გულისხმობს ბეისბოლის ანალიზს სტატისტიკური მონაცემების მეშვეობით. ამ თემაზე ცნობილი ფილმიცაა გადაღებული, ბრედ პიტის მონაწილეობით.

[3] ghostwriter – ავტორი, ვინც, სხვას უწერს მემუარებს, მოხსენებას და ა.შ. ფაქტობრივი ავტორი. სიტყვასიტყვით: “მწერალი-აჩრდილი”.

Facebook Comments Box