პოეზია

დიანა ანფიმიადი – ლექსები

 

ძილი, სიკვდილი

 

ძილში მესმოდა, შენ იყავი? ან იქნებ არც შენ,

იქნებ მთელი დღის მოსმენილი ჩიტების ნარჩენ

ხმებს მაწვეთებდა ძილის ღმერთი – ნამით მკვებავდა.

 

ძილში მესმოდა, სიკვდილის ღმერთს, ლამაზ თანატოსს

თითქმის შენნაირს, შენს სიმაღლეს და შენს თანატოლს

როგორ ღიმილით მიჰყვებოდი, როგორ თამამად.

 

ძილში მესმოდა, როგორც ფოთოლს, მორჩენილს, შემხმარს,

როგორ ელოდა შარიშურით გათელილ შენს ხმას,

შენ დასცინოდი, უღიმოდი, სულ არ ფრთხილობდი.

 

მას  მიჰყვებოდი ბედნიერი და სახეცვლილი,

ძილს ვერ წავართვი თავი, თითქოს ხსნა იყო ძილი

და როგორ შევძლებ, სიკვდილს შენი თავი წავართვა…

 

 

გადამალვა

 

შემჩნეულია საკუთარი გვამის გადამალვაში –

ჩემზეა ეს განცხადება,

რომლითაც ააჭრელეს ქალაქის ფასადები

ცაში არეკლილი  ფერადი ბილბორდები,

ავტობუსები და მეტროს ვაგონები.

ნეტავ თვალი ვინ მომადევნა, ვინ დამინახა?

შეუსაბამოდ ვიგინები,

არადა, ხავერდის ფეხსაცმელი,  საღამოს სამოსი,

ვიღაცას ფილოლოგის დისერტაციიდან

(უფრო  ციტირების ან სქოლიოს ნაწილი)

გადმოწერილი ვეგონები.

შემჩნეულია საკუთარი გვამის გადამალვაში –

ვკითხულობ განცხადებებს,

ქალაქი – ძველი საბეჭდი მანქანა,

ღამეს მისრესილი პეპლების მელანი –

მოკვდა პოეზია და გვამი გადავმალე,

კარგად გადავმალე და მაინც ვღელავ.

სად აღარ შევჩურთე – წიგნებში, კაბებში,

ვარდების კორომში, ქართულის გაკვეთილში,

(ჩუმად! სიტყვამ ისევ შიში მოიყოლა –

როგორ მოვიტყუო, გვამი თუ გაკვეთეს?)

აი, ამ ლექსშიც, ცოტათი გამოჩნდა

სულ ოდნავ – ფეხის ფრჩხილი ანდა თმის ნაწნავი,

ვერაფერს დამაბრალებ, ადვილად მოკვდა,

საერთოდ არ ვაწვალე.

წარწერა-  გადავშალე, ფურცელი – გადავხიე

და სახეც გავაქრე ქალაქის ფონიდან…

შემჩნეული ვარ ჩემი გვამის გადამალვაში,

შემრჩება მგონი…

 

 

 

ელეგია

 

მკვდართან სეირნობა ვის უნდა გაუკვირდეს?

ხელი გავუყარე, ლოყით მხრის ძვალზე მივეკარი,

ღმერთო, როგორ მიყვარს!

მივდივართ, გაზაფხულის მშვიდი საღამოა,

ქალაქის საათები მწუხრისას რეკავენ,

მივდივართ, კაბის კალთა, გულიც მიფრიალებს,

და თმით აკაციის ყვავილებს დავატარებ,

ვუყურებ, შუბლი ისეთი მაღალი აქვს

და კოხტა თავის ქალა, კეფასთან  ჩამტვრეული

შემდეგ პაემანზე  კეპით დაიფარავს.

ხელში ვარდების ჩამიხმა თაიგული,

იმდენი ხანია თითებმა დაიგულეს

ეს ბასრი ეკლები,

თითქმის შეიხორცეს, თითქმის შეიჩვიეს,

ისეთი ვინმეა, საშინლად საყვარელი,

მსუბუქად ეჭვიანი…

როგორი საღამოა, როგორი გაზაფხული,

თითქოს ერთ სუნთქვაში, ერთ წვეთში,

ერთ სკამზე და ატმის ყვავილის ბუტკოში ვეტევით

ჩავყურებ თვალების ძვირფას ფოსოებში,

ხელს ჩამოვაცურებ დრეკად ხერხემალზე

და გამქრალ ტუჩებში ვკოცნი გამეტებით.

მკვდართან სეირნობა ვის უნდა გაუკვირდეს?

 

 

 

ცოტა უკეთ რომ

 

ცოტა უკეთ რომ წერდე

ცოტა უკეთ რომ ახერხებდე სიტყვების პოვნას

ცოტა უკეთ რომ აშიშვლებდე სხეულს და თვალებს

ძვალი უკეთ რომ ანათებდეს

ცოტა უკეთ რომ ხასხასებდეს სისხლი ასფალტზე

თვალსაჩინოდ ფეთქავდეს გული,

და ცოტა უკეთ რომ ტიროდე, უფრო გაბმულად

ცოტა უკეთ რომ გიყვარდეს, უკეთ კვნესოდე,

ცოტა უკეთ რომ ეფერებოდე,

ცოტა უკეთ რომ ამბობდე, რასაც არ ფიქრობ,

ცოტა უკეთ რომ გტკიოდეს,

ცოტა უკეთ რომ წერდე

ამბავს მასზე, ვინც ყოველ ჯერზე

ერთი წუთით გაასწრო ღმერთის

შობას, წყალზე სვლას და აღდგომას,

ამბავს მასზე, ვინც ყოველ ჯერზე

ერთი წუთით დაასწრო სიკვდილს

ძილს, სიყვარულს და მარტოობას.

ცოტა უკეთ რომ წერდე,

უკეთ ყვებოდე,

ღმერთი რომ ბჭობდა

და კაცი იცინოდა

დიდხანს იცინოდა

იმდენს იცინოდა

კვდებოდა სიცილით

და  მესამე დღეს აღვიძებდა

მოკვდავი ღმერთი.

 © არილი

 

Facebook Comments Box