ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  რეცენზია

დიანა ანფიმიადი – „ძველი წარწერები“ – მითი, ენა, პოეტიკა

 

არ არსებობს სამყაროში არაფერი ისეთი, რაც პოეზიის ენაზე არ ითარგმნება, თუ არ გჯერათ, ჰომეროსის „ილიადას“ ჩახედეთ. პოეზიის ენას შეუძლია ყველაფერი მოაქციოს თავის ყოფიერების სახლში, ყველაფერი პოეტურად მნიშვნელოვანი, პოეტურად რეალური, პოეტურად დადასტურებული გახადოს.

პოეზია პარადოქსია, რადგანაც არსებული, რეალური, გამოცდილი, უნივერსალური ენობრივი ფორმულებით უნდა შექმნას რაღაც არარსებული და ჯერარყოფილი. სამეტყველო ენა ერთგვარი სოციალური დიალექტის შესაქმნელად გამოიყენოს, რომლის გაგონება ყველას შეუძლია, გაგება კი – ბევრად ნაკლებს. ეს ისეთივე დიალექტური კუნძულია, როგორც, ვთქვათ, ფერეიდნულია ქართული ენის სხვა დიალექტებს შორის, რომელიც აღარც ძველი ქართულია, არც ახალი, თუმცა ორივეა ერთდროულად. ოღონდ თუ ფერეიდნულ დიალექტზე ჯერ კიდევ საუბრობს ირანის ქართულენოვანი სოფლების მოსახლეობის ნაწილი მაინც, ანა კალანდაძის, ვაჟა-ფშაველას, დავით წერედიანის ან თუნდაც, რუსთაველის ენაზე, არავინ საუბრობს, არც უსაუბრია. ეს სამეტყველო ენა არაა, ეს ისეთი ენობრივი რეალობაა, რომელსაც იდიოლექტს უფრო დავარქმევთ, რომელიც არასდროს გახდება ყოფითი ენობრივი კომუნიკაციების ენა, ეს საკრალური რიტუალის, ძველი თუ ახალი წარწერების ენაა. თუმცა, კაცმა არ იცის, ზოგიერთი თეორეტიკოსი ამტკიცებს, რომ ენა, თავისი არსით, ძირეულად ფიგურალურია, უბრალოდ, ფიგურების მნიშვნელობაა დავიწყებული. იქნებ ენის თავისთავადი, რეალური მდგომარეობა თუ ფორმა სწორედ პოეზიაა, ვინ იცის. ამ წაკითხვით შეიძლება სულაც ტყუილი აღმოჩნდეს ქართულ ენასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქრესტომათიული ფრაზა, რომელსაც დაწყებით კლასში მოსწავლეებს თუ ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ უცხოელებს ვეუბნებით-ხოლმე, რომ ქართულ ენაში როგორც ვწერთ, ისე ვკითხულობთ, გამოდის, რომ სულაც არაა ასე.

წაკითხვაზე გამახსენდა, სინამდვილეში, კაცობრიობის ისტორია სწორედ რამდენიმე წარწერის ისტორიაა, კაცობრიობის თუ კონკრეტული ქვეყნის. რომელიმე ნეკრესული „მბ ესე ჭური მე დავრგე” ან არმაზული „მე ვარ სერაფიტა“ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ომებისა და ლაშქრობების ამბები. წარწერებში შემონახული ისტორია ადვილად შეიძლება იქცეს მითად, ხოლო მითს ყველაზე დამაჯერებელი წყარო ჰქონდეს და ეჭვმიუტანელი ჭეშმარიტება გახდეს. ამ თვალსაზრისით, დავით წერედიანის ლექსი „ძველი წარწერები“ გარკვეულწილად გილგამეშის ეპოსიცაა და სინუჰეს ამბავიც, „ვეფხისტყაოსნის“ გამოგონილი ისტორიაც და ტროას რამდენიმე ფენის გათხრებით დადასტურებული ჰომეროსის რეალური სამყაროც, რომელიღაც მეფის მითური თავგადასავალი თუ მითური მეფის რეალური ისტორია, გმირებისა და გმირობების აღმწერ-დამმღერებელთა მატიანე.

„ძველი წარწერები“ ის ტექსტია, რომელშიც ქრესტომატიული სიზუსტითაა გადმოცემული დავით წერედიანის პოეტური ესთეტიკა, პოეტური მსოფლმხედველობა – სინტაქსის, ფონეტიკის, მეტაფორის, ამბის, პოეტური ნიშნის, ხმის, ენისა და მეტყველების ფორმებით, პოეტური ნარატივისა თუ მეტაენის კომპონენტებით. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ პოეტის მხოლოდ ერთ ლექსზე საუბარი შეიძლება სახიფათოც იყოს, მაინც სწორედ ერთი ლექსის რამდენიმე დეტალზე ვისაუბრებ, როგორც ნაწილზე, რომელიც მთელის ყველა თვისებას ატარებს.

პოეზია ის მოვლენაა, რომელიც ერთდროულად არსებობს და თან არ არსებობს, მითური არქეტიპების მსგავსად, რომელთა დაჯერებაც წარმოუდგენელია, ისევე, როგორც მათში ეჭვის შეტანა. დავით წერედიანი ამ ლექსში ცდილობს ამბავი მაქსიმალურად დამაჯერებელი გახადოს, თუმცა, ამავე დროს, კონკრეტულ დროსა თუ სივრცეს არცერთი დეტალით არ დააკავშიროს, არ მიაჯაჭვოს. პირველ რიგში, ეს დროსა და სივრცეში განფენილობა სინთეზური, კონცეპტუალური მეტაფორით, მეტაენობრივი და მეტატექსტური დეტალების გამოყენებით, ფრაგმენტარიზმით გამოიხატება.

ტექსტის რამდენიმე ეპიზოდად დაყოფით უკეთ შევძლებთ თვალი მივადევნოთ გამოხატვის ფორმათა წარმოუდგენელ პოლიფონიურობას, რომელიც ამ ლექსშია წარმოდგენილი.

რა შეიძლება ამ ტექსტს ვუწოდოთ? პოსტმოდერნული ეპოსი? პოსტმოდერნული ეპიტაფია? ხომ ხვდებით, კიდევ ბევრი უცნაური, ერთგვარად პარადოქსული მსაზღვრელ-საზღვრულის მოფიქრება შეიძლება.

პირველ ნაწილად პოეტური ფრაგმენტარიზმის სრულიად გენიალურ ნიმუშს გამოვყოფ, რომელიც ამ ტექსტის მთავარ კონცეპტუალურ მეტაფორას წარმოადგენს:

„მეფემან ბაგრატ მპყრობელმან… ყოვლთა ქართველთა… ვესევ…

და აღვაშენე… წევნითა… ღმრთისა… ტაძარი ესე…

…ითა ჩემითა აღაგო მან მაღალმან და ბრძენმან

ოსტატმან ა… ე… (სახელი არ იკითხება) მრწემ ვარ…

და დავესვენე წმიდასა… ამას… უფლისა… ცხრამე…

ცოდვანი ჩემნი… ითა და… ისაითა და… ამენ.“

რა არ გაგახსენდება ამ ტექსტთან მიმართებით, საპფოს ლექსების ჩვენამდე მოღწეული ნაწილი, ქართველ გადამწერთა მინაწერები, დავით აღმაშენებლის არსენ იყალთოელისეული ეპიტაფია, სულაც, საფლავის წარწერები ან არსენას ლექსი.

ფრაგმენტარიზმი კონცეპტუალური მეტაფორის ძალიან საინტერესო სახეა, მისი არაერთი ცნობილი ნიმუში შეიძლება გავიხსენოთ, მინაწერების, გაზეთის სათაურების, სულაც ქუჩის წარწერების ფორმით შექმნილი ტექსტები.

დავით წერედიანის ტექსტში ფრაგმენტარიზმი, წარწერის ციტირება ორმაგი მეტაფორაა, რადგან ტექსტი, რომელიც „გადაწერეს“ და მკითხველმა უნდა ამოიკითხოს, თავად ლექსის ავტორისაა, ისევე, როგორც მთლიანად ტექსტი, რომელშიც ეს ციტირება მეტაფორად გამოიყენეს. დაიბენით? ერთ პაწია დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება. ოსტატის სახელი არ იკითხებაო – გვეუბნება ავტორი, გვეუბნება ლექსის იმ ეპიზოდზე, სადაც ისედაც ბევრი რამ არ იკითხება, არც წლები, არც სიტყვები, არც განსასვენებელი ადგილი. ვკითხულობთ და ვფიქრობთ, პოეტო, როგორღაც ვხვდებით, რომ არ იკითხება, ლექსიც ამაზე არ დაწერე? რატომღა გვიმარცვლავ? ამ ისედაც ამოსაკითხ, ამოსამარცვლავ ტექსტში რატომ რწმუნდება ავტორი, რომ ნამდვილად მივხვდით, რომ ოსტატის სახელი უცნობია? იმიტომ, რომ ეს განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, იმიტომ, რომ ეს ფრაზაა ლექსის სემანტიკური საძირკველი და მთავარი ხაზი, ოსტატი და ავტორი უცნობი უნდა დარჩეს და მიუხედავად მისი ეპიკურობისა, „ძველი წარწერები“, გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიული ტექსტია.

გარეგრამატიკული, ერთგვარად, მეორეხარისხოვანი სიმბოლოების მხატვრულ სახედ გამოყენება გავრცელებული ლიტერატურული ხერხია, თუ პოლ ელუარისთვის სასვენი ნიშნების გამოუყენებლობაა მეტაფორა, გალაკტიონი დამატებით ინტონაციას სძენს ლექსს, ჯოისის, თეკერეის, გრიგოლ რობაქიძის მაგალითებს აღარ მოვიყვან, არც იმას ვიტყვი, რომ ილია ჭავჭავაძის პროზაში სასვენ ნიშნებს განსხვავებული, გამძაფრებული ფუნქციაც კი აქვს. პოსტმოდერნულმა ეპოქამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ეს მეტალინგვისტური და მეტაპოეტური ნიშნები, მაგრამ აქაც არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, ზოგიერთ ტექსტში ზედაპირზე დევს, რომ ავტორმა დიდხანს იფიქრა, ერთგვარად ტექნიკურად, სტრუქტურულად, ვიზუალურად თვალსაჩინოდ გამოიყენა წერტილი თუ მძიმე, ფრჩხილი, კვადრატული ფრჩხილი, ჭვირნიში თუ ქარაგმა, ტექსტი თავად ამბობს – მოდი და დაინახე, როგორი საინტერესო და ორიგინალური გამოსავალი მოიფიქრა ჩემმა ავტორმა. ზოგან კი ამ ტექნიკური თუ კონცეპტუალური სამუშაოს პროცესი არ ჩანს, იმდენად, რომ შეიძლება მეორეხარისხოვნადაც მივიჩნიოთ, საერთოდ არ ჩანს ავტორის ეს შრომა, ეს ოქრომჭედლის სამუშაო. დავით წერედიანის „ძველი წარწერები“ ტექსტების მეორე ნაწილს მიეკუთვნება.

საერთოდ, დავით წერედიანის პოეზია მეტად ლინგვისტურია. რას ვგულისხმობ? მთარგმნელმა, პოეზიისა და ენის უბადლო მცოდნემ ძალიან კარგად იცის ენის როლი და მნიშვნელობა. თავად ამბობს, რომ „ პოეზიის მომხიბვლელობა გაცილებით ღრმა ენობრივი შრეებიდან მოდის“ და „ლექსი მისკვნილია ენასთან“. შესაბამისად, იდეალურად, პროფესიონალურად იყენებს ლინგვისტურ და მეტალინგვისტურ საშუალებებს. იქნება ეს დიალექტი, ენის განვითარების საფეხურები, ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი – ენის ძირეული სტრუქტურებით დაწყებული, მეორეხარისხოვანი, ნაკლებმნიშვნელოვანი დეტალებით დასრულებული. ეს ყველაფერი მისი მეტაფორის მთავარი საშენი მასალაა.

მაგალითად, დასაწყისშივე ვთქვით, რომ ავტორის მიზანი ფაქტის გამითება, კონკრეტული მოვლენის ჩარჩოდან გაღწევაა, ამისთვის ის მრავალფეროვან გრამატიკულ „იარაღს“ იყენებს. ამ საშუალებებს შორისაა ძველი და ახალი ქართული ენის სტრუქტურები. ენის განვითარების ამ ორი საფეხურის შერწყმით დავით წერედიანი ენის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც არც ძველი ქართულია, არც საშუალო, არც ახალი. ეს მისი პოეზიის ენის ფორმაა. შევხედოთ ლექსის მეორე, პირობითად გამოყოფილ ნაწილს:

კედელზე, ვირემ წმიდანნი, თვალს ეფეთება სხვა რამ:

ხელაპყრობილი ხატია ჩაბალხთ-ბატონი გვარამ.

მზერა ჰქონდა და ორბული, ხელი ჰქონდა და მძიმე,

ქართლის მეფეზე გა-ცა-წყრა, სამგზის განაძო იმერს.

ჩაფით ჩაღლევდა ლომკაცი, ჯერზე ერკემალს ნთქავდა

(ეს ცნობაც შემოუნახავს საგვარეულო დავთარს).

შორ გზაზე უბით დაჰქონდა დედასამშობლოს მიწა.

სამთავეს ყადრი იცოდა, ცხენის, ქალის და ხმლისა…

საფლავის ლოდი გადარჩა, თვითონ საფლავი არა.

აქ: განისვენებს: – წერია – დიდი: მთავარი: გვარამ:

კაცნო: უბრძანეთ: შენდობა: მხნესა: მამაცსა: ქველსა:

გარდა: იცვალა: მაყრიონს: გრემის: დაქცევის: წელსა:

ამინ. ვახსენოთ. შევუნდოთ. წარსულია და გველმის.

ისე მამაცნი ყოფილან, უზაკველნი და ქველნი,

ისე ზარავდათ მომხდურებს მათი ძალი და სიმხნე,

რომ ზოგჯერ ეჭვიც გაკრთება: იყვნენ? არ იყვნენ? იყვნენ?

ტექსტში ძველი ქართული ენის გრამატიკის წესების დაცვით გამოყენებული ფორმების გვერდით ახალი ქართული ენისთვის დამახასიათებელი ფორმებია. ტმესის, ზმნისწინის არქაული ფორმის, არქაული სემანტიკის გვერდით თანამედროვე ქართულის ენის თანამედროვე სინტაქსური თუ ზმნური სტრუქტურებია, ასევეა, პუნქტუაციის ნიშნებთან დაკავშირებითაც. საერთოდ, რომელ ტექსტში შეიძლება ერთად გამოიყენებოდეს „უზაკველნი და ქველნი“ და „დედასამშობლო“? ან „ხატია“ და „უბრძანეთ შენდობა“, „გველმის“ და „შორ გზაზე“?

მთელი ტექსტის ენობრივი ქსოვილი მეტაფორაა, იმისთვის, რომ ავტორმა კიდევ ერთხელ გვითხრას, რომ ეს ამბავი არცერთ კონკრეტულ დროს თუ სივრცეს არ ეკუთვნის, ახალიცაა და ძველიც, ნამდვილიც და გამოგონილიც.

ამ იდეისთვის საკუთარი სახელებიც გამოიყენება. „ჩაბალხთ ბატონი“ (რომელიც ასოციაციით, ამირანის ეპოსის ღრუბელთ ბატონთან „გვაგზავნის“ და ისედაც იკვებება ეპოსით), გვარამ ( ძველი ქართული დაწერილობით გუარამ, რომელიც ბაგრატიონთან გვარის დამაარსებელს გვახსენებს და გრემთან, რომელიც ამ ლექსშია მოხსენიებული, კავშირი ვერ ექნება), ის ნახევრადმითურია, მაგრამ ამავე დროს ისეთი ძლევამოსილია, ქართლის მეფეს უბრაზდება და იმერეთში გააძევებს. მოკლედ, ამ სახელების მშვენიერ კალეიდოსკოპში დროთა კავშირი დარღვეულია, ეს დროის ჰორიზონტალური, რეტროსპექტული ხაზი არაა, უფრო მხატვრული ქრონოტოპოსია, მეტაფორული, მითური დრო, გნებავთ, სუბიექტური დრო.

აქვე კიდევ ერთხელ, იმისთვის, რომ დამაჯერებლობა არ დაკარგოს და მითოსში მეტისმეტად არ გადაგვკარგოს, ავტორი გვიზუსტებს: „(ეს ცნობაც შემოუნახავს საგვარეულო დავთარს). ამ ავტორისეული ფრაზებით ერთგვარად აბალანსებს – თუ ძალიან დააკონკრეტა, გააბუნდოვანებს, თუ მეტისმეტად მითოლოგიური გახადა- დააკონკრეტებს, დირიჟორის ჯოხივით გამოიყენებს დაზუსტებებს. თუ მეტისმეტად დეტალური აღწერა გამოუვა:

„შორ გზაზე უბით დაჰქონდა დედასამშობლოს მიწა.

სამთავეს ყადრი იცოდა, ცხენის, ქალის და ხმლისა…“ – აუცილებლად მიაყოლებს- „საფლავის ლოდი გადარჩა, თვითონ საფლავი არა.“ ან კიდევ

„ისე მამაცნი ყოფილან, უზაკველნი და ქველნი,

ისე ზარავდათ მომხდურებს მათი ძალი და სიმხნე“ – სანამ დავინახავთ, დავიჯერებთ, კონკრეტულ სახელ-გვარებს დავუკავშირებთ, ავტორი უცებ გამოგვაღვიძებს: „იყვნენ? არ იყვნენ? იყვნენ?“

მესამე პირობითი ნაწილი ლექსის ფინალია, ყველაზე ავტობიოგრაფიული, სუბიექტური ეპიზოდი, სადაც ავტორი ხედვის წერტილს ცვლის და სწორედ ის, უცნობი ავტორი შემოჰყავს. ეს იცით როგორი ეპიზოდია? ჰაგიოგრაფიულ ტექსტში რომ ავტორი გამოჩნდება – „და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენო“ – ან კიდევ ქართული ზღაპრების ფინალში მთხრობელი რომ მიუმღერებს- ჭიქა მეკიდა ყელასაო. ეს ისეთი ეპიზოდია, სადაც ავტორის ჩრდილი გაკრთება და ქრება.

დღეს აქ ერთია სავსებით უეჭველი და ცხადი:

ფრთხილად დახაზა ეტრატზე ნათლის, სიმართლის ხატი,

უჭვრიტა, განბჭო, განზომა, რა განასრულა ხაზვა,

და ოქრომჭედლის სიზუსტით ხედის თვალედში ჩასვა

მან ბრძენმან, ვითარ უწოდებს მეფე ქართველთა, ბაგრატ,

ოსტატმან, ვისი სახელიც არ იკითხება, გაქრა..

 

ვინ არის ეს ოსტატი? იქნებ პოეტი, რომლის ენობრივ სამყაროში მხოლოდ რამდენიმე განდობილი თუ დასახლდება? იქნებ ავტორი, რომელიც სწორედ ასე, ოქრომჭედლის სიზუსტით არჩევს სიტყვებს. იქნებ მთარგმნელი, რომელმაც თავისი სული თარგმანებს მისცა, მაინც მხოლოდ ავტორთა სახელით რომ მოიხსენიებენ? იქნებ რომელიმე ჰაგიოგრაფი თუ ჰიმნოგრაფი, რომელიც თავის ტექსტებს ასე აწერდა, ჩემგან, სულიწმიდის დახმარებით დაიწერა ეს ტექსტი და არა ჩემ მიერო? იქნებ „ვეფხისა და მოყმის ლექსის“ რომელიმე უცნობი ავტორი, ვისი სახელიც წაიშალა? ალბათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

ავტორი მოკვდა, ავტორი ცოცხალია – ასეთია პოეზიის ბედისწერა.

© არილი

Facebook Comments Box