ინტერვიუ

დიბისი პიერი – ჩემი ცხოვრების წიგნები

კითხვის პირველი მოგონება

ენიდ ბლაიტონის შორეული მაგიური ხე იყო ჩემი პირველი დაუსურათებელი წიგნი. შვიდი წლის ვიყავი, ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში ვსწავლობდი. წიგნს მისმა იდეამ მიმაჯაჭვა: ხის კენწეროდან ღრუბლებში გამავალი კიბე. მის ზევით იყო სამყარო, სადაც განსხვავებული კანონები და წესები მოქმედებდა, სადაც შეგეძლო უდარდელად გეცეკვა – მაგრამ რაღაც დროის შემდეგ, მოულოდნელად, ამოვარდა ქარი და დაანგრია იქაურობა. ახლაც მგონია, რომ ეს წიგნი იმ ეტაპებს აღწერს, რომლებსაც ცხოვრებაში გავდივართ ადამიანები.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

წიგნი, რომელმაც უცნაურად მიმიზიდა, ართურ მილერის კომივოიაჟერის სიკვდილი იყო, გაუგებრობებისა და ოჯახური დისფუნქციის ჩამთრევი ნაზავი. პატივისცემის ნიშნად, ჩემს რომანში „ვერნონ გენიოს ლითლი“ ვერნონი ახსენებს პიესიდან ვილის მანქანის სახელს მაშინ, როცა საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს კარგავს.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

დაახლოებით 12 წლისამ ვიყიდე კარგი ფასის გამო. თვითონ წიგნი ლამაზი იყო და თან მოსალოდნელზე იაფი – ივლინ ვოს „დაკნინება და ვარდნა“. მისი აღმოჩენის წუთიდან, როცა საბოლოოდ დავიწყე მისი კითხვა, ისე ჩანდა, რომ იგი ადამიანების ცხოვრების ორბიტას მიჰყვებოდა, განმეორებებს, აღმასვლებსა და ვარდნებს, რომელთა დანახვაც დავიწყე ჩემ გარშემო.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

არაერთმა წიგნმა. თითოეული მათგანი მიღრმავებდა სურვილს. შემიძლია ვთქვა, რომ იყო ერთი წიგნი, ჯეკ კერუაკის გზაზე, რომელიც თინეიჯერობისას წავიკითხე და რომლის ავტორობაც მინდოდა სიმართლის არაფრიდან მოხელთების უნარის გამო.

წიგნი, რომელსაც დავუბრუნდი

მოზარდობისას ფილოსოფია ყველაფრის გასაღები მეგონა. ვფიქრობდი, რომ ბერტრან რასელის დასავლური ფილოსოფიის ისტორია კარგი დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ ეს ფილოსოფიის ისტორიაზე მეტად იმის ისტორია აღმოჩნდა, თუ რას ფიქრობდა რასელი სხვებზე. შემდეგ ხელახლა ვცადე ამ წიგნის დასრულება, მაგრამ შუა გზაზე რასელმა თავი მომაბეზრა.

წიგნი, რომელსაც ვუბრუნდები

რთული დრო მქონდა ცხოვრებაში, როცა პირველად წავიკითხე მოგონებები ეშმაკის კუნძულის შესახებ, ანრი შარიერის „ფარვანა“. ეს იყო გაქცევა და თერაპია და ხელახლა ვკითხულობ ხოლმე, თუკი პრობლემები მაქვს. ყველას ვურჩევ, ვინც საკუთარ ეშმაკის კუნძულზეა გამოკეტილი.

წიგნი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

მიყვარდა ჯორჯ კოკროფტის „ადამიანი კამათელი“. მისი იდეა: რომ ადამიანმა შეიძლება ყოველი გადაწყვეტილება შემთხვევითობას ანდოს – იმდენად მნიშვნელოვანი იყო, აღარ მაინტერესებდა, როგორ იყო დაწერილი და ამიტომ აღარც კი მახსოვს. საჩუქარი იყო ეს იდეა და დაბრუნება არ მჭირდება.

წიგნი, რომელიც გვიან აღმოვაჩინე

კაფკას „პროცესი“. ახალგაზრდობისას თავიდან ავირიდე მისი წაკითხვა, როგორც ერთ-ერთი იმ წიგნის, მასობრივი განხილვით ღირებულება რომ აქვს დაკარგული. როცა ბოლოს და ბოლოს წავიკითხე, დავფიქრდი იმაზე, რომ ბევრ რამეს მართლაც აქვს თავისი „შესაფერისი დრო“.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

აინ რენდის წიგნს „ატლანტმა მხრები გაშალა“ ვკითხულობ – იმის გასაგებად, რატომ ატარებდნენ ამდენ დროს მასთან ჰენრი კისინჯერი და ალან გრინსპენი. პირველ თავში ნათელი ხდება ყველაფერი.

ჩემი კომფორტული საკითხავი

ამჟამად ფარლი მოუეტის ნაცრისფერი ზღვის ქვეშ. ზღვასთან დიდი გრძნობები მაკავშირებს და ეს ერთ-ერთი საუკეთესო საზღვაო რომანია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ტალღებზე წერაც ისეთივე ხელოვნებაა, როგორიც მათი ხატვა.

© არილი

Facebook Comments Box