პოეზია

დიმა ბახუტაშვილი – ლექსები

***

ერთხელ, ყველაფრით დაღლილი,

ყველა სიკვდილის შემდეგ,

ნაწანწალები ძაღლივით

შენს ცრემლის წყალთან შევდექ.

ვიცოდი, ვერ მიმიღებდი,

ვერ მოაღწევდი ჩემთან

შენ  – შვიდი და-ძმის იმედი

შენ  – ასი ბიჭის დედა.

ვიცოდი, შემოგცქეროდი

ჩემი გამშრალი ჭიდან

და ისევ იმას ვმღეროდი

რაც ბავშვობიდან მჭირდა:

 

გზა იყო, მაგრამ არც იყო

თოვდა და არცა თოვდა,

ცოცხალი წყალმა წაიღო,

მკვდარი იმ წყალსა მთხოვდა.

მე სულ პატარა ვიყავი

ბნელში ვეძებდი ლუკმებს,

დამსდევდა ყოფის ჭილყვავი

არ მამყოფებდა უკეთ.

.

სად შენი დიბის საბანი

შენი შინჯაფის ზედა,

სად ჩემი დაუსაბამო

და უსურვილო სევდა.

რადგან ამ სიკვდილს ვერ ამხსნი,

ამ საბნებს ვეღარ დახევ,

ცრემლები მაინც შემასვი

ცრემლით მომბანე სახე.

 

***

რამდენიმე ცხოვრება მქონდა

ერთში უცხო ენიდან შემოსული მოუქნელი ზმნა ვიყავი

კომფორტს ვერსად მივაგენი

შინაარსი ვერსად დავთესე

კავშირი ვერ დავამყარე მყოფადთან

 

რამდენიმე ცხოვრება მქონდა

მეორეში ყველაფერი დავკარგე

დავრჩი ორი-სამი პოპულარული მოსაზრება

ლოზუნგური სიმართლე

პლაკატების პრიალი

და სამოქალაქო თვითშეგნება

 

რამდენიმე ცხოვრება მქონდა

ერთში სტატისტიკას ვითვლიდი და ვისწავლე,

რომ 300 ათას აცრილ ბავშვზე რამდენიმე დაღუპული ნორმაა და სიკეთეა

რადგან ამ პოპულაციაში ამავე დაავადებით

უფრო მეტის გარდაცვალების რისკებს გამორიცხავს

სახელმწიფო კი ღმერთზე ლმობიერია

 

რამდენიმე ცხოვრება მქონდა

ერთში პოეტი ვიყავი

ყველაფერი მქონდა გარდა კეთილხმოვანი სახელისა

რომ მრქმეოდა გარსია ლორკა ან გიიომ აპოლინერი

მეც შედევრებს გამოვაცხობდი

მაგრამ ღმერთო რა ცუდად ჟღერს ეს დიმიტრი ბახუტაშვილი

 

რამდენიმე ცხოვრება მქონდა

ერთში პოლიტიკა მიყვარდა

ტრამპი კენედის ციტირებდა

კიმ ჩენ ინი რაკეტებს აგებდა

ვენესუელაში რუსები ხლართავდნენ ინტრიგებს

ჩინეთის კომუნისტური პარტია კრიპტოვალუტის ტოტალური კონტროლისთვის გამოყენებას გეგმავდა

შიმშილით მოკვდა ჩემი მეზობელი

 

რამდენიმე ცხოვრება მქონდა

ერთში მზარეული ვიყავი

პირველი კერძი უსახსრობის გამო ვერ გავაკეთე

მეორისთვის ახალი ხორცი ვერ ვიშოვე

მესამესთვის მოტივაცია შემომაკლდა

და პოეზიას დავუბრუნდი.

 

 

***

ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა!

სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?

 

ვიხილე შენი წერილი,

შენი ქათქათა ბარათი,

არც მოკლე, არც  გაწელილი,

არც სავსე დარდუბალათი.

ვიცანი, ცრემლი მადინა,

სხვა სიხარულში შეველი,

რატოა ასე ადვილად

დასაწვავ-დასახეველი

იმის უბრალო სინათლე

ტანში ზღვასავით გაშლილი?

სიზმარშიც აღარ მიმართლებს:

ხან, ხელები აქვს წაშლილი,

ხან, ხმას ვერ აწვდენს, საწყალი,

ვაი, რას აღარ ვიზამდი,

რომ თვალში მედგეს სხვა წყალი

ამ სულის მეგობრისათვის.

.

სოფლის ხენეში მინდვრიდან,

მზეს სად ნახავდა ღიღილო,

სანამ მზე ჩამოივლიდა,

ჩემო ღიმილის ღიმილო,

ის ვიცან

ვგავარ რომელსაც –

შენი სიცოცხლის წყაროდან,

რა მწარე წყალიც მომეცა

ზუსტად იმდენი მკმაროდა.

 

***

ამ ლექსს შენი თმის ფერსაც ვერ გავუმხელ

და იძულებული ვარ მეტაფორები მოვიფიქრო

ამ საშინელ რეალობაში.

უსულო საგანთა თვისებები აქ არ გამომადგება.

ჯერ ისედაც როგორი შეზღუდული ვარ:

ქვა, ხე, სახლი, ზეცა_

ამათ ვერ სცდება ჩემი ობიანი ენა

და მილიარდ მნიშვნელობას შორის

მხოლოდ შემჩნეულებს იყვარებს

და თანაც, უსულო რაცაა

შენ საერთოდ  არ შეგეფერება.

სულიერ საგანთა თვისებებიც დიდად არ გამომადგება,

აქაც ასეა:

ბეღურა ჩიტი, თოვლის ქალი,

სახელი ისტორიიდან, ან რომანიდან,

გვარიც შესაძლებელია,_

ამათ სინათლეს და სიცხადეს შენზე ვერ გადმოვიტან,

ფრაზის ელვარებისთვის ჩრდილად ვერ გამოგიყენებ.

არადა, როგორღაც ხომ უნდა აღინიშნო,

ვიფიქრე პირიქით უფრო შეიძლება,

შენი თვისებები სხვებს გავუნაწილო

და ვწერ სახლებზე, ჩიტებზე, ათას სისულელეზე.

სიყვარულით იცვლება კონტექსტი

და ჩიტი ჩიტი არაა

და სახლი სახლი არაა

არც სისულელე გამოდის სისულელე.

 

***

სად მოხვალ ღრუბლის ანგელოზო?

სულ ტყუილად მიღებ ფოტოებს

თავსხმა წვიმაში

მე ფეხიც კი არ ამერევა!

 

და ამოგძახი ქარის ენაზე, რომ თვალებიდან გაშრე,

აივნებიდან უცხო ბავშვები დამცინიან და სცივათ.

აივნებიდან – უცხო ბავშვები. და არ მაძლევენ საშველს-

აივნებიდან – ჩემი ცრემლები  და ბავშვებივით მცვივა.

 

ერთი ვარსკვლავი-ვიწრო ფანჯარა ამ გზის ბოლოში ლანდობს,

იქვე ტირიფის ძველი კუნძია და შეჩვეული ხველა.

მხოლოდ ტირიფის ძველი კუნძია. და მამა არის მარტო,

ერთი ვარსკვლავი-ვიწრო ფანჯარა, სულ ხელისგულისხელა.

 

***

ჩემი უკვდავი სული ხარ

ნუ ეფერები წკვარამს,

რომელმაც არც მიგულისხმა,

არათუ შემიყვარა.

იქნება ვერც ჰყო გულისხმა,

ისედაც ეჭვით მამჩნევ,

დამპალი მეგაპოლისის

შიშველ ზღაპარში დამრჩე.

იქნებ საერთოდ ვერ მიხვდე

ხვეწნა-ძახილის წყვეტილს,

ვერ დაიბერტყო ფეხიდან

ბრჭყვიალა სამხეცეთი…

გიგზავნი ცრემლის ბარათებს,

“მოვალს ღრუბელთა თანა”,

შენ, ვინც ჩემს მკერდში ანათებ,

ვინც ჩემ ეშმაკებს თვალავ.

შვიდივე შვიდი ფერიდან,

სამი ჩიტიდან ერთი,

გამოდი შენი ბნელიდან

ჩემს სიბნელეში შედი.

 

 

***

დაიწერა და იქმნა

გაფერადდა და გაჩნდა

გულის გულისკენ მირქმა,

უუნაზესი განცდა.

მუფარახო და ბრძამო

ჩემო უტკბესო სულო,

ერთხორცო, ერთოცალო,

მინდვრების დასასრულო.

გულისხმავ, დარდისგოგოვ,

ცხადო და შესახებო,

როგორ მიყვარხარ, როგორ,

საკუთარ სხეულს ვერ ვცნობ.

მომენატრე და ახდი,

ვამბობ, ვამბობ და გხედავ,

ვინაა შენზე ნაღდი

საყვარელი და დედა?!

საითაც გინდა გახე,

საითაც გინდა მიცან,

გჩუქნი საკუთარ სახელს,

განდობ ლურსმანს და ფიცარს.

შეყვარებულის დარდით,

უფსკრულებიდან ცამდე,

სადმე გიპოვი ნამდვილს,

ნამდვილს გიპოვი სადმე.

 

***

სიკვდილი ჩემი ღვიძლი ძმა არის

გაგაცნობ, როცა ჩემთან იქნები

მოგისმენია გლოვის საარი?

მოგასმენინებ და ჩაფიქრდები.

აქეთ არაა მზე და ნიავი

ყინულის ცეცხლით წვავს ჩემი ღამე,

გზად ვერ შეხვდები ადამიანებს

და მით უმეტეს ვერ შეიყვარებ.

ბნელია ჩემი ბინა და ტანი

ხშირად მძულს თავი, როგორც მძულს სხვები,

გაგიჭირდება, რომ ამიტანო,

დაგისველდება ცრემლით მუხლები.

ღმერთს ირონიით რას ვაჯობებდით

რა გზები ხატა, როგორ შეგვყარა,

აჰა, დღეები უგამარჯობო,

მიიღე ჩემი ზიზღის ქვეყანა.

როგორ შემომწვდი მაგსიშორიდან,

ხელები მხრებში როგორ ჩამკიდე

და სანამ სტუმრად ძმები მოვიდნენ,

რა უცნაური გახდა მაგიდა.

როგორ გამომყვა შენი სურნელი,

ორი შავი მზით როგორ გამათბე,

მაგრამ შენ არ ხარ ვინმე სულელი

და იცი, არც მე ვარ მოღალატე,

სიკვდილს ერთგული ძაღლივით ვიცავ,

სიკვდილს ვუმღერი, სიკვდილს ვენდობი,

ჩემი არსობის პურია მიწა,

ჩემი სულია უამინდობა.

გაგიჭირდება ჩემთან დარჩენა,

ჩემი ცისფერი თვალების ხათრით

და მეშინია ცრემლი გაჩვენო

ამ თვალებიდან, რომლებიც დათხრილ

ორმოებს გვანან, ნაღმების მერე,

ეგება ვინმემ ესაც დაგეგმა.

აგიტირდები და მომეფერე,

თუ სიყვარულში სახლი დამენგრა.

 

 

***

ბაღის გოგოა ჩემი გოგო, ბაღმა დაფარა,

ბაღმა დაიცვა, დაუყვავა, ბაღი ემშობლა,

ბაღის სულია ჩემი გოგო, ბაღი პატარა,

სულ პატარაა, ჩემი ცხელი სულის ეზოდან,

ჩემი გაშლილი უდაბნოდან, მტკივან თავიდან

ბაღის შრიალა ფოთლები ჩანს, ბნელი და ცივი,

ვუმზერ ისეთი დაჟინებით, ლამის გავგრილდი,

ლამის ფესვები ამოვგლიჯე ზღაპრის კაცივით.

მაგრამ დიდი ვარ სამოთხისთვის, მოუხეშავი

მტვრიანი, ცხელი, მოუქნელი, შეუსაბამო,

შორია ბაღი, სანუკვარი და საესავი,

და ყველა დილა მეზიზღება, ყველა საღამო,

სადაც ჩემ გოგოს ბაღი ფარავს, ნატერფალებზე

კვლავ ამოდიან გვიმრები და არაბიკები,

სადაც დავეძებ, ან ვკვდები და აღარ დავეძებ,

მზეში ვიქნები, ვიქნები თუ აღარ ვიქნები.

 

***

სხივმა გამოხრა ნისლები

სულიც მეწვის და ხორციც

სინათლის შხამით ვივსები,

ბნელ კუთხეებში გკოცნი,

მცველი ძაღლი ვარ, ავეშვი

ჯაჭვიც გამოხრა სხივმა,

ვდგავარ ჯადოსნურ ღამეში,

შენი სიკვდილი ვღირვარ,

ყინულის კლდეში მოძვრები

რა ცხელი ხარ და მწარე

მიყეფენ ჯიშის მოძღვრები

ჩემს სახსენებელს წვავენ,

მიწას ჩავხედავ, ჩავყმუვლებ,

თეოზე მიწევს გული,

ვდარაჯობ შენს ლურჯ საყურეს,

შენს ფერად რიდეს ვუვლი.

ფრთა მომაფარე მძინარეს

თუ დავიღლები, თორემ,

სიკვდილი მაინც წინ არის

არც როდის მიგვატოვებს.

© არილი

 

Facebook Comments Box