
ახალი ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ
ეს სათაური მომდინარეობს ფილიპ ლაკუ-ლაბარტის ნაშრომიდან „ჰოლდერლინი და ბერძნები“[2], რომლის თემატიკაც ქვეტექსტად გასდევს ჩემს ნაწერს, ისევე როგორც დომინიკ გრანმონის „კავაფისის საბერძნეთს“ – ტექსტს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვემოთ წარმოდგენილი ჩემი მოსაზრებების ჩამოყალიბებასა და მოწესრიგებაში. ლაკუ-ლაბარტის ტექსტიდანვე ვსესხულობ ჰაინერ მიულერისეულ წანამძღვარს, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდები.
მემკვიდრე თავისი მემკვიდრეობის დაფასებას მაშინ იწყებს, როდესაც მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. და ეს საფრთხე მემკვიდრეობის დაკარგვისა, ან აღმოჩენა იმისა, რომ მას არ ეკუთვნის მემკვიდრეობა, მასში ააქტიურებს მესაკუთრეობის მექანიზმს.
ნებისმიერი რამის მოცემულობად ან გარანტირებულად მიჩნევა თავისთავად გამორიცხავს მის გააზრებულ შეფასებას.
ამ საფრთხისშემცველი დებულებით დაწყება ჩემთვის ხელსაყრელია საიმისოდ, რომ პერიფერიიდან ცენტრში გადავინაცვლოთ, პრობლემის პერიმეტრიდან მის გულში შევიდეთ, სიმშვიდიდან შეშფოთების მდგომარეობაში გადავხტეთ. მოდი, გავბედოთ რადიკალურობა, ოღონდ არა უშედეგოდ, გავბედოთ და მივეცეთ უკიდურესობას.
ანუ გამოსავალს, მომაკვდინებელ გამოსავალს.
ასე და ამგვარად, ზემოთ მოტანილ დებულებას პირდაპირ საფრთხის ზონაში შევყავართ. თითქმის ასოციაციურად გადავყავართ სხვადყოფნის მდგომარეობაში.
ჩვენს შემთხვევაში კი, სხვადყოფნა არის საბერძნეთი.
საბერძნეთი გამორიცხავს მასთან თავის გაიგივებას. გამორიცხავს იდენტობას.
და მის ყველა პროდუქტსაც – შინაურობას, ნათესაობას, ფლობას, უსაფრთხოებას.
ჩვენ კი, როგორც ამ გეოგრაფიული რეგიონის მაცხოვრებლებს, მხოლოდ იმის უფლება გვაქვს, რომ ბერძნებზე ვისაუბროთ როგორც უცხოებმა.
ვისაუბროთ მათზე – მხოლოდ და მხოლოდ როგორც უცხოებზე.
ჩვენ – როგორც არაბერძნებმა.
და რანი ვართ ჩვენ როგორც არაბერძნები?
მაცხოვრებელნი იმ გეოგრაფიული რეგიონისა, სადაც დასახლდნენ ადამიანები, რომლებმაც სცადეს რამედ ქცეულიყვნენ. ამ მცდელობამ და მისმა ნაყოფმა კი ისინი ბერძნებად აქცია.
აი, ჩვენ მსგავსის მცდელობაც კი არ გვაქვს. ვინაიდან გვჯერა, რომ ბერძნები ვართ.
არადა, არ ვართ ბერძნები.
თავისთავად მოცემული და გარანტირებული ხომ გამორიცხავს მცდელობას.
მცდელობის გამორიცხვა კი გამორიცხავს ჩვენს ბერძნებად ქცევის შესაძლებლობას. ვინც არ ვცდილობთ, რომ ბერძნებად ვიქცეთ, არც ვართ და ვერც ვერასდროს გავხდებით ბერძნები.
ესეც ერთი სერიოზული მიზეზი საიმისოდ, რომ ვერასდროს დაუბრუნდნენ პართენონს მარმარილოები. მათი დაბრუნება ეროვნულ მიზანს უნდა წარმოადგენდეს, ვინაიდან მხოლოდ ასე მიიღწევა სასარგებლო რღვევა, მოპოვებულის განგრძობითი მსხვრევა. მემკვიდრე ხვდება, რომ უნდა იბრძოლოს, რათა მისი მფლობელობის უფლება აღიარონ იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც მოცემულობად და გარანტირებულად მიიჩნევა. ეს კი მიხვედრაა, ტრაგიკული მასშტაბის მქონე მიხვედრა.
საბერძნეთი ბერძნებს არ ეკუთვნით.
და ესაა ტრაგიკული მასშტაბი.
ბერძნები არიან ბერძნები, რადგან და როცა მათ არ ეკუთვნით საბერძნეთი.
ამის საპირისპირო, დემაგოგიური და დამაბნეველი სლოგანი კი სინამდვილეში, ძალიან ანტიხალხური და არსებითად ანტიბერძნულია; იგია დღევანდელი არაფრობის დაბადების მოწმობა, რომელიც მაამებლურად მოქმედებდა მესაკუთრეობის ატავისტურ შეგრძნებაზე და თავისი მომსყიდველი მაცდუნებლობით თავმოტყუებული მფლობელობის იაფფასიან და კომფორტულ თავდაჯერებულობას უზრუნველყოფდა.
ვინაიდან ამ სლოგანის ქვეშქვეშა სიიაფის მიღმა იმალებოდა დაკარგვის უკიდეგანო შიში.
უკვე აღსრულებული დაკარგვისა.
ბერძნები არ ეკუთვნიან საბერძნეთს.
ბერძნები არ არიან ბერძნები.
მაშ, რანი არიან ისინი?
არაფერი.
და აი, სასიხარულო ცნობაც!
არაფერი.
სწორედ ეს უზრუნველყოფს კოსმოგონიურ შესაძლებლობას იმისა, რომ ბოლოსდაბოლოს რაღაც დაიწყოს.
თუმცა ეს მოიცავს საფრთხესაც იმისა, რომ ყველაფერი დარჩეს იქ, სადაც არის.
მფლობელობისგან მოგვრილ მუქთა თავისმოტყუებაში.
ჩვენ გარშემო ყველაფერი იმაზე ღაღადებს, რომ ეს მეორე უნდა აღსრულდეს.
თავის დამამშვიდებელი დარწმუნებულობა იმაში, რომ მემკვიდრეობა უდავოდ და უპირობოდ ჩვენ გვეკუთვნის, ურთიერთდამოკიდებულების უმთავრეს ფორმად ეროვნულ სტერილობას ამკვიდრებს, მმართველ ცნობიერებად – ჩაბღაუჭებას მონაპოვარზე, განგრძობითობის უზრუნველსაყოფად კი – სტერეოტიპების აკვიატებას.
ამ განგრძობითობის ინტერპრეტაციის ყველა სქემა სახეზე გვაქვს – იდეოლოგიურიც და გეოფიზიკურიც.
ყველა მათგანი განხორციელდა და ყველამ მარცხი განიცადა. გამოუვალ მდგომარეობამდე მივიდნენ. აწარმოვეს ფსევდოშეგრძნებები. დაინაწილეს არარსებული როლები. მიიწერეს ცრუ სტატუსები. სხვადასხვა გზით მოგვატყუეს მაშინაც, როცა სახის არარსებობის პირობებში ნიღბის თვითკმარობა შემოგვაჩეჩეს.
ცივილიზაცია მოცემულის კვლავწარმოებით არ იქმნება.
ცივილიზაციას არ ქმნის თავისთავად მოცემულის, გარანტირებულის მაცდუნებლობა.
წარმომადგენელმა იმ ფუნდამენტური თაობისა, რომელმაც საბერძნეთის მისაკუთრების ერთ-ერთ ვერსიად მისეული საბერძნეთი შემოგვთავაზა, იკითხა კიდეც: „იქნებ ის ყველაფერი, რასაც საბერძნეთზე ვფიქრობდით, ტყუილი იყო და ჩვენი ტვინის მონაჩმახი?“
და აი, პრობლემის სათავეც აქაა.
ჯერ კიდევ ხელშეუხებელია იგი. ვინაიდან მასთან შეხება გაუსაძლისია.
ჩვენ ვართ არაფერი.
მხოლოდ ამაში დარწმუნებულობა წარმოშობს ენერგიას, მხოლოდ ეს აგვამოქმედებს, გვიბიძგებს იმის მცდელობისაკენ, რომ მიზანს მივაღწიოთ.
და რა არის მიზანი?
რომ გავხდეთ ბერძნები.
რა გზით?
ბერძნების უცხოდ აღიარებით.
თუ საერთოდაც გვაღელვებს ეს.
მათთან იგივეობა, ანუ მათთან გაერთმნიშვნელოვნება ნიშნავს, რომ ვართ არავინ. არავინ არც არის და შეუძლებელია იყოს ბერძნების იდენტური. არავინ ბერძენი არ არის.
ის ხდება ან ცდილობს, რომ გახდეს ბერძენი.
მუდამ უცხოდ მყოფად დარჩენით.
უცხოს იდენტობით ჩვენ მათ დასში გადავდივართ, ვისაც უნდა, რომ საბერძნეთისკენ ისწრაფოდეს.
იმავე მიწაზე რომ ვცხოვრობთ, არაფერს ნიშნავს.
სინამდვილეში სტუმრად ვართ. ისინი – ბერძნები ჩვენ გვმასპინძლობენ.
ჩვენი სახლის საძირკველში ძველ ბერძენ ტრაგიკოსთა სახლები რომაა ჩამარხული, ესეც არაფერს ნიშნავს – არაა საკმარისი საიმისოდ, რომ ტრაგიკოსებად ან ტრაგიკოსთა ნათესავებად თუ გამგრძელებლებად ვიქცეთ. ტრაგიკულობა სხვა საძირკველთა ამბავია, რაშიც ეჭვი არავის ეპარება მათგან, ვინც ცხოვრება და შემოქმედება შეუწყო მწუხარე მკვეხარობას იმ ე.წ. სახალხო შეგრძნებისა, რომელსაც თვითონვე აღვივებდნენ დაუსრულებელი გაუმაძღრობითა და ეგოცენტრული მონომანიით.
ჩვენი აივნიდან აკროპოლისს რომ ვხედავთ – ეგეც არაფერს ნიშნავს. ხედი იდენტობის გარანტი არ არის. პეიზაჟი განგრძობითობის საფუძველს არ წარმოადგენს. არ შევყავართ იმ სულისკვეთებაში, რომელმაც შვა პეიზაჟის მითოლოგიზება. გეოგრაფიის გარდაქმნა ბუნებიდან პოეზიად.
და იმავე ენაზე რომ ვსაუბრობთ, ესეც არაფერს ნიშნავს. ენაზე უნდა იფიქრო იმისთვის, რომ ამ ენაზე ილაპარაკო. ჯერ ვფიქრობ ენაზე და მერე ვლაპარაკობ. და აქ ვინ ფიქრობს ენაზე? ამ გეოგრაფიული რეგიონის რომელი მაცხოვრებელი ლაპარაკობს ამ ენაზე იმიტომ, რომ მასზე ფიქრობს?
საბურვლის ჩამოხსნით განცხადდება მტკიცედ სასურველი, არარსებულის არსებულად გარდაქმნის გზების შექმნა. ფორმათა აგება.
მიღწევა მიუღწეველი მიზნისა.
ისევ თავიდან.
ისევ და ისევ.
არაფრობიდან.
აღესრულება შეუძლებლის გააზრება.
ანუ მოშლა იმ საზღვრისა, რომელიც ყოფს მას, რაც გვგონია რომ ვართ იმისგან, რაც სინამდვილეში არ ვართ.
ეს მცდელობა კი არის ბერძნული.
იმისათვის, რომ რომელიმე ხალხი შემოქმედებითი იყოს, უნდა გამოცადოს დანაკლისი იმისა, რამაც იგი აიძულა დაეჯერებინა, რომ არსებობს. და შექმნას ის ხერხები, რომლებითაც ამ დანაკლისს შეივსებს. ამგვარად იქმნება ცივილიზაციები. სიცარიელის ამოვსებით. შეუძლებელი ამოვსებით.
თუმცა სწორედ შეუძლებელია, ჭეშმარიტ მცდელობას რომ გულისხმობს. შეუძლებელი ამოვსება დანაკლისისა და სიცარიელისა.
ჩვენ გარშემო ყველაფერი ღაღადებს, რომ დანაკლისი და სიცარიელე არათუ არ ამოივსება, არამედ გაგრძელდება მათი დანაკლისად და სიცარიელედ განცდა. ანუ, არანაირი მცდელობა არაა საჭირო.
ჩვენ გარშემო ყოველივე ღაღადებს, რომ ის რაც გვაქვს, გვაქვს უეჭველად და ის რაც ვართ, უეჭველად ვართ.
ესეც გამხატვრულებისა და გონებაშეზღუდულობის განმარტება.
არაფერიც არ გვაქვს და არაფერიც არ ვართ.
ამ არაფერში გამოითქმება ყველაზე უფრო სასიხარულო ცნობა, ერთადერთი ჭეშმარიტი ხარება.
რას გვამცნობს იგი?
იგი გვამცნობს: ესაა ნამდვილი საწყისი წერტილი. დაიწყეთ, ყველაფერი შეგიძლიათ, გამოძვერით ხაფანგიდან, მოშალეთ ხლართები, გაბედეთ და გამოეხსენით სიცრუესა და ნიღბებს! ნუ გეშინიათ, არსებობენ სხვა პერსონაჟებიცა და სხვა მონათხრობებიც, სტერეოტიპებიდან გამოუძერწავ ტალახში გადაინაცვლეთ, გაყინული მზერიდან უფსკრულისმიერ გამოხედვაზე გადადით! გამოძერწეთ ცეცხლი!
საშინელი მოთხოვნაა.
საჭიროებს შემოქმედებითობას.
საფრთხეში ყოფნას. გამბედაობას.
მოითხოვს სიცოცხლეს.
მოითხოვს მიღებას მცდელობისა, რომლის მიხედვითაც უნდა მივისაკუთროთ ბერძნული როგორც სხვა. სხვა როგორც ბერძნული. ეს კი ნამდვილი გიგანტომახიაა.
ვინაიდან ბერძნული არც თანდაყოლილია და არც ჩანერგვადი. იგი ბუნებრივი არაა: მემკვიდრეობით არ ერგება, ვერ გადაიცემა, ვერ შენარჩუნდება, ვერ უზრუნველყოფ, ვერ დაირეგისტრირებ.
ბერძნული არ ნიშნავს არქეოლოგიური გათხრების აღმოჩენებს და სიძველეთა არტეფაქტებს. სავაჭრო შეთანხმებებსა და სამთავრობო აქტორთა მოლაპარაკებებს; სამინისტროს განცხადებებს და ტურისტულ პაკეტებს.
ბერძნული არის შეძენილი რამ.
მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუკი მისი მოპოვების მცდელობა სწორი გზით წარიმართება.
შეგვიძლია გავხდეთ ბერძნულები?
ბერძნული ხდება ვინმე მაშინ, როცა ბერძნების პირისპირ დადგება.
ვდგავარ პირისპირ – ნიშნავს, რომ ჩემსა და სხვას შორის არსებობს მანძილი.
უფრო მეტიც – ნაპრალი, უფსკრული.
ნაპრალი გვაშორებს ბერძნებისგან.
უფსკრული წევს ჩვენსა და საბერძნეთს შორის.
თუმცა ნაპრალი და უფსკრულია წინაპირობა ჩაფიქრებისა.
რატომ არ ხდება ჩაფიქრება ამ გეოგრაფიულ რეგიონში? ვინაიდან ერთობა, გაიგივება, იდენტობა გამორიცხავს ჩაფიქრებას.
იგივე ანუ იდენტური უმიზნო რამაა.
ჩაფიქრება გულისხმობს მიზანს.
ერთობა, იგივეობა, იდენტობა გამორიცხავს ჩაფიქრებას, რამდენადაც მიზანს მოცემულობად და გარანტირებულად თვლის, ერთხელ და სამუდამოდ მოპოვებულად მიიჩნევს.
თუმცაღა ჩაფიქრება დანაკარგიდან აღიძვრება, არყოფნიდან, დანაკლისიდან. ჩაფიქრება აღიძვრება გააზრებიდან არაფრისა.
იგი ძუძუმტეა არაფრისა.
იგივე უცხოობისა.
მხოლოდ როგორც უცხოებს გვაქვს უფლება ვსახლობდეთ აქ, ამ მხარეში.
ზღვები, კუნძულები და მთები გიგანტურ აფიშებზე გაიყიდა.
მხოლოდ როგორც უცხოებს გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ ამ ენაზე.
მოუსმინეთ ტელეპოლიტიკოსთა აფაზიურ ნაბოდვარს.
მხოლოდ როგორც უცხოებს გვაქვს უფლება, რომ ვახსენოთ ბერძნები.
შეხედეთ თქვენ გარშემო მაცხოვრებელთა მასას, რომლებსაც სახეზე აღჰბეჭდვიათ სრული მარცხი.
თუმცაღა, ჩვენ წინ ასპარეზი იშლება – ვეება, მაგრამ რთულად გასავლელი. იგი მხოლოდ შიშვლებსა და უსტატუსოებს მიგვიღებს. მხოლოდ არაფრის სამოსით მოსილებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია აქ კიდევ იარსებოს ცივილიზაციამ. თუ ეს საერთოდაც გვაღელვებს.
შეგვწევს ძალა საიმისოდ, რომ გავიგოთ ეს შეტყობინება?
შეგვიძლია, რომ მისი ამაღორძინებელი ტონი ამოვიცნოთ?
მივხვდეთ მის გამომხსნელ განზომილებას? მის მაცოცხლებელ იმპულსს?
შეგვიძლია გავიგოთ, რომ მხოლოდ მას შეუძლია ამოგვიყვანოს საფლავებიდან? შეწყვიტოს ჩვენი მარადიული გადანაცვლება კუბოდან კუბოში?
ჩვენ გარშემო ყველაფერი ღაღადებს, რომ არა, არ შეგვიძლია.
და მაშ, რაღა რჩება?
ადამიანები.
ადამიანები, რომლებიც იბადებიან, ავადდებიან, ბერდებიან და კვდებიან, ყოველდღიური არეულობის ხახუნში ურთიერთშემყვარებელნი და ურთიერთდამამხვრეველნი. სამშობიაროები, საძინებლები, საავადმყოფოები და სასაფლაოები… რა უთარგმნელი ტკივილია.
თუმცა კი, სხვა მაინც არის სხვა.
ერთი მხრივ, მიმდინარე ადამიანურობაა და მეორე მხრივ, სხვა.
ესეც ჰაინერ მიულერის წანამძღვარი.
„იმისათვის რომ რაღაც მოხდეს, რაღაც უნდა დაიწყოს; იმედის პირველი ფორმა შიშია, ახლის პირველი ვიზუალი – ძრწოლა“.
როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან რთულადაა.
ამიტომაც არ გვეძლევა.
იმისთვის რომ მოგვეცეს, ჯერ ჩვენ უნდა მივეცეთ. ჩვენ არაფერი არ გვეკუთვნის.
ჩვენი საკუთრება მხოლოდ არაფერია.
ანუ მანძილი.
მანძილთა ჯამად თვლიდა სიცოცხლეს პენძიკლისი.
მანძილი.
ამან შვა კავაფისის პოეზია.
კავაფისი იყო ბერძნული, ვინაიდან შორს, სხვაგან იყო იგი. არ იყო აქ, არ იყო ერთად, არ იყო მათი, მათ თავისად არ მიიჩნევდა. იცოდა, რომ მათ არ ფლობდა.
ბერძნული. ამაზე უფრო საპატიო წოდებად არაფერი მიაჩნდა.
აი, ამას ეთქმის ბერძნული.
ცდილობდე მანძილის დაფარვას და არ შეგეძლოს.
„საბერძნეთი, – დაასკვნის ლაკუ-ლაბარტი, – უნდა ყოფილიყო მთელი თავბრუსხვევა და ერთიანად მუქარა: ესაა ხალხი, ცივილიზაცია, რომელიც უწყვეტად ავლენს თავს ვერშემძლედ იმისა, რომ საკუთარ თავს დაეწიოს. ეს უკიდურესად ტრაგიკული რამაა, თუ მართალია ის, რომ ტრაგიკულობა მისაბაძის ჩამოშლითა და სტანდარტების გაქრობით იწყება“.
შეგვიძლია მივიღოთ და საკუთარ თავზე ავიღოთ ეს ჩამოშლა და გაქრობა?
თუ საერთოდაც გვაღელვებს ეს.
თუ არა და, შევწყვიტოთ მითვისება იმისა, რაც ეკუთვნის სხვებს. ბერძნებს.
დასასრულს, ისევ სათაურს დავუბრუნდები.
„ჩვენ და ბერძნები“.
სიტყვა „და“, როგორც ალბათ ჩაფიქრებული იყო, არ არის კავშირი. კი არ აერთებს, აცალკევებს. წყვილს განაშორებს.
ამ საკითხში, რომელიც გვაწუხებს, იმისათვის რომ ერთობა შედგეს, იგი ჯერ განშორებამ უნდა გამოწვრთნას. იმისათვის რომ ქორწინებას აზრი ჰქონდეს, განქორწინებას უნდა ჰქონდეს ძალა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრაგედიის მექანიზმი უნდა არსებობდეს.
ანუ არა მისი მერკანტილური წარმოდგენა ყველაზე უფრო ვულგარულ და გარყვნილ ვერსიად იმ ყველაფრისა, რაც კი დამამშვიდებელი არსებობს, არამედ მისი გამოუცემელი ვერსიის სისხლიანი წარმოდგენა იმად, რაც კი რამ შემაშფოთებელი არსებობს.
ბერძნული როგორც შემაძრწუნებელი.
დროა, ამ გეოგრაფიული რეგიონის მაცხოვრებლები ბოლოს და ბოლოს შეძრწუნდნენ იმით, რაც არიან, იმით, რაც არ არიან და იმით, რასაც ვერასდროს შეძლებენ რომ იყონ.
[1] 2000 წელს დიმიტრის დიმიტრიადისმა ეს ტექსტი პირველად მოხსენების სახით წარმოადგინა ათენის ფრანგულ ინსტიტუტში. ტექსტი პირველად გამოქვეყნდა გაზეთის Τα Νέα დანართში «Πρόσωπα» (20.05.2000). მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბეჭდა დიმიტრიადისის კრებულებსა და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: Δημήτρης Δημητριάδης, «Εμείς και οι Έλληνες» (ένθετο), Το πέρασμα στην άλλη όχθη, Εκδόσεις ΆΓΡΑ, Αθήνα 2005.
[2]დანართი ფრიდრიხ ჰოლდერლინის ტომიდან „ელეგიები, ჰიმნები და სხვა ლექსები“, მთარგმნელი სტელა ნიკოლუდი, ΑΓΡΑ, 1996, გვ. 213-234.
© არილი