ესე

დიმიტრი ბახუტაშვილი – ბოროტმოქმედი თორნიკე ჭელიძე

კაფკა ნერვიულად ეწევა სასამართლოს შესასვლელთან. მერე ლითონის დერეფანს გაივლის, კუთხეში დაბმულ ცერბერს თავზე მოეფერება. მიმავალს რომ დაინახავს, მოხუცი კარისკაცი რაღაცას ჩასჩურჩულებს დარბაზის კარს და ისიც გაიხსნება, ზუსტად იმდენად, რომ ადამიანი შეეტიოს. შევა კაფკა და მიყვები. მოძრაობის ენით იტყვი, მეც ამასთან ვარო. დარბაზი კი არა, ოთახია, ხის სკამებით, ხის კედლებით, სკამების განლაგება ჰგავს კათოლიკური ტაძრისას, თვალებით ეძებ ამბიონს, ამბიონზე თემიდა დგას, თეთრი, თეთრი, ვერსალივით, მაგრამ თვალები ნახევრად აქვს ახვეული, იჭყიტება. ოთახში საკმაოდ ბნელა. სხედან შუშის პროკურორი, ქვიშის ადვოკატი და ბრინჯაოს მოსამართლე, იქნება ცვილის მუზეუმის მსგავსია, არქეტიპების მუზეუმი, სადაც ექსპონატები დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან. სანამ შენ ამას ფიქრობ, მოსამართლის უკან კედელი იხსნება, 9 ¾ ბაქნიდან კალის ჯარისკაცებს გამოჰყავთ ბოროტმოქმედი თორნიკე ჭელიძე, არსაიდან, ნისლიდან ცხადში.

თორნიკე თითქოს მართლა თორნიკეა, კანი კანია, სახეზე ჭრილობებიც ნამდვილს ჰგავს. ისიც ისე იყურება, თითქოს ექსკურსიაზეა. „ვახ“ – აწერია სახეზე. კალის ჯარისკაცები მხოლოდ ფეხებს ამოძრავებენ და აქეთ-იქით ქანაობენ, მუხლებს ზემოთ არ ირყევიან, ერთს სპილენძის დროშა უჭირავს. ტელეფონი გამორთული გაქვს, თორემ გუგლში მოძებნიდი, რისი სიმბოლო შეიძლება იყოს.

თორნიკეს ხელს ჩაურტყამ, თბილია, ნამდვილად ნამდვილია. ასე თუ ვნახავთ ერთმანეთსო, გეუბნება, იცინის. თმა გაუზრდია თორნიკეს. ისედაც ქრისტეს კანონიკურ ხატს ჰგავდა და უფრო დამსგავსებია, დაღლილა, დაწმენდილა, თავის თავში შებრუნებულა, სადაც ის ბიჭია, დანგრეულ ოროთახიანში „უკანასკნელ ქრისტიანებს“ რომ კითხულობდით, იაფიანი არყით მთვრალები და ცრემლი გახრჩობდათ, მამა რომ მოუკვდა და ობოლ დას რომ კედელივით გადაეფარა, მარიენი რომ უყვარდა და მასწავლებლობაზე ოცნებობდა.

შუშის პროკურორი ირხევა, გეშინია, მაგრამ ვერ წამოიყვირებ, გამჭვირვალეა და მხოლოდ ფრჩხილებზე წასმული ლაქი ჩანს მკვეთრად, მისი ხელების ყველა მოძრაობა ძვირადღირებული ლაზერ შოუსავით მოჩანს სიბნელეში. თმას ისწორებს. ამასობაში მოსამართლეც შეირხევა, მტვერს ჩამოიბერტყავს და გამოაცხადებს, რომ განიხილება საქმე ნომერი ამდენი და ამდენი, ბოროტმოქმედი თორნიკე ჭელიძის წინააღმდეგ.

მერე ხმას იღებს პროკურორი და მონოტონური ხმით ჰყვება, რომ თორნიკე „ახორციელებდა წინააღმდეგობის გაწევას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის წინააღმდეგ მიმართული არანორმატიული ლექსიკონის ფარგლებში“.

ქვიშის ადვოკატი ცხარდება, მარცვლებს ყრის, მაგრამ ვერ ამჩნევენ, თითქოს ეგრეც უნდა იყოს, ცხარდებოდეს. როგორც ჩანს, ეს არის ამ ოთახის რუტინული მუსიკალური ფონი.

კაფკას უნდა კიდევ ერთ ღერს მოუკიდოს, მაგრამ აქ არ შეიძლება, სიგარეტის ღერი ხელში უჭირავს და სრესს.

შემოჰყავთ მოწმე, ჩანჩურა, საყვარელი პოლიციელი, შარვალს იწევს ნერვიულად და სულ უფრო წითლდება, ბიბლიაზე იფიცებს დედას. ირკვევა, რომ თორნიკე ჭელიძე, რომელიც გადაადგილდებოდა საჯარო ბიბლიოთეკის წინ საეჭვო მიმართულებით, ჭონქაძის ქუჩაზე დააკავა ჩანჩურამ, აღკვეთა „მის მიერ განხორციელებული წინააღმდეგობის გაწევის ქმედება“ და გალახა. პერიოდულად აკვირდება ბოროტმოქმედს, ცდილობს წარმოიდგინოს, როგორ დააკავა, დაიჯეროს, რომ მართლა შეეძლო ჭონქაძის ქუჩის ბოლოში დაეკავებინა ეს უცხო კაცი, რომელიც გადაადგილდებოდა საჯარო ბიბლიოთეკის წინ.

თორნიკე ამბობს, რომ დააკავეს სხვაგან და სხვებმა. უეცრად მე მჯერა ჩანჩურასი და იმის, რომ დაკავებისას მას ეხმარებოდა რამდენიმე ალტერ ეგო, ერთი პიროვნება, პოლიციური ჰიპოსტასი, რომელსაც ბოროტმოქმედმა თორნიკე ჭელიძემ უწოდა მონა. ასე მითხრა „შე მონაო“, ამბობს. ამაზე ყველანი ვიცინით, ვიცინით დიდხანს, გულწრფელად, ხმამაღლა. სანამ პოლიციელს გამარჯვებას მიულოცავენ გარეთ მოჯარებული კოლეგები და დარბაზიდან თორნიკეს ხელბორკილებით არ გაიყვანენ, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანს ამ არქეტიპების მუზეუმში, სევდაში.

ოდესმე, ბავშვისსახიან ანგელოზებს მოაქვთ დიდი ზოლიანი ნაჭრები და ქვეყანას იმით ხურავენ, შუაში ჩადგმულ მაღალ ბოძზე ჭიმავენ და ზედ აწერენ: შაპიტო „საქართველო“.

© არილი

Facebook Comments Box