ინტერვიუ

“დიოგენეს” განვლილი გზა – რა გეგმები აქვთ გამომცემლობაში?

ესაუბრა თაკო წულაია

 

გამომცემლობა „დიოგენე” 1995 წელს შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში ასობით წიგნი გამოსცა. სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, კლასიკოსები და თანამედროვე ავტორები, თარგმანები და ქართული ტექსტები, სამეცნიერო და სასწავლო წიგნები –  მათი თარო ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანია.

„არილი” „დიოგენეს“ წარმომადგენლებს ახალი სერიის, „NONFICTION“-ისა და მკითხველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ კონცეფციაზე გაესაუბრა. წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ იმასაც, თუ ვინ არის გამომცემლობის მთავარი მოკავშირე, რა წარმატებები და წარუმატებლობები გამოუვლიათ დღემდე და რა არის არსებითი და მთავარი მათთვის წიგნების გამოცემის პროცესში.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ შევიტყვეთ, რომ გამომცემლობა „დიოგენეს“ პრიორიტეტი იცვლება. შემოდგომიდან დაიწყება ახალი სერიის გამოცემა, რომელიც არამხატვრულ ლიტერატურას გააერთიანებს, რაც თქვენი ძირითადი ხაზი გახდება. დაგეგმილი სერიის, „NONFICTION“-ის მრავალფეროვნებას ის ოთხი წიგნიც მოწმობს, რომლებიც უკვე დააანონსეთ, მკითხველმაც დადებითად მიიღო ახალი ამბავი, თუმცა, როგორც თავად აღნიშნეთ, ეს პროცესი მაინც სანახევროდ უცნობ მიწაზე ფეხის შედგმას ჰგავს. მოგვიყევით ამ გადაწყვეტილების წინაპირობებსა და თქვენს პროგნოზებზე… რატომ ცვლით საგამომცემლო პოლიტიკას? რას ფიქრობთ, რამდენად დააინტერესებს მკითხველს ის ავტორები, რომელთა გამოცემასაც აპირებთ და ქართულ საგამომცემლო სივრცეზე რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას?    

ძნელი წარმოსადგენია მკითხველი, რომლის ნამდვილ თუ წარმოსახვით თაროზე მხოლოდ მხატვრული ან არამხატვრული ლიტერატურა დევს; ადამიანი, რომელიც კაფკას რომანს მღელვარებით კითხულობს, მის დღიურს და წერილებს კი გულგრილად გადადებს განზე. „დიოგენეს“ პრიორიტეტი სინამდვილეში არ შეცვლილა. ჩვენი ერთადერთი მოკავშირე ისევ ის ცნობისმოყვარე მკითხველია, რომელიც წლებია, მისთვის სრულიად უცნობი ავტორის წიგნსაც კი დანდობილად იღებს ხელში, რადგან, ყდაზე დატანილი ლოგოს წყალობით, ტექსტის ხარისხი ეიმედება. ჟანრი ასეთ მკითხველზე ამინდზე მეტად არ მოქმედებს.

სერია „NONFICTION“-ის დაწყების მიზეზი კი იგივეა, რაც ნებისმიერი სხვა სერიის. წიგნები უფრო იოლად საცნობია, წიგნის მაღაზია, ძალაუნებურად, სერიას ერთ თაროზე ამწკრივებს, რაც მეტ ყურადღებას იპყრობს. შემგროვებლობის უწყინარი ინსტინქტის ხსენებაც ღირს. მოკლედ, „NONFICTION“-ში შემავალი წიგნების უსერიოდ ან უკვე არსებულ სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ გამოცემა მშვიდად შეიძლებოდა, მაგრამ მარკეტინგი, სამხედრო ორკესტრი და ჟრიამული ვარჩიეთ. მსგავსი მხიარულების წინააღმდეგი არც მკითხველია ხოლმე. წიგნების სერია ერთგვარი ჩინური შირმაა – თვალსაც ახარებს და გონივრული ორგანიზების პატარა ნიმუშიცაა.

სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფიაზე“, ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“, ვიქტორ ფრანკლის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ და სიმონ ვეის „ღმერთის მოლოდინი“ – ამ წიგნებით დაიწყება ახალი სერია, დასაწყისი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რატომ მაინცდამაინც ეს წიგნები? სერიის კონცეფციაზე რამდენად ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის ხსენებული ტექსტები?

როგორც სერიის ანონსში წერია, ის, რაც „NONFICTION“-ში შემავალ ძალზე განსხვავებულ ავტორებს აერთიანებს, მაძიებელი სული, ნააზრევის მასშტაბურობა და კარგად წერის უნარია. წიგნის შერჩევის საწყის ეტაპზე შინაგანი დიალოგი, ისევ და ისევ, იმ იდეალურ ცნობისმოყვარე მკითხველთან იმართება, რომელიც ლისაბონის მიწისძვრის ქრონიკასაც დიდი ინტერესით კითხულობს და სიმების თეორიაზე დაწერილ წიგნსაც არანაკლები გულისყურით ეცნობა. ოღონდ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ცხადია, ეს ჰარმონიული დიალოგი არ კმარა. პირველ შეკითხვაში ნახსენები „უცნობ მიწაზე ფეხის შედგმა“ და მასთან დაკავშირებული შიში, დიდწილად, მთარგმნელებსა და რედაქტორებს უკავშირდება. ეს უცნობი მიწა, სინამდვილეში, უკაცურიცაა. შეგულებული წიგნის გამოცემის გადაწყვეტილების მიღებამდე, ვეძებთ მთარგმნელებს, რედაქტორებს, დარგის სპეციალისტებს, რომლებიც წიგნის ქართულად გამოცემაში შეიძლება ჩაერთონ. ხშირად ეს ძიება უშედეგოა, ამიტომ ბევრი იდეა იდეადვე რჩება. თუმცა იღბლიანი გამონაკლისებიც არსებობს. ამ გამონაკლისებს სერია „NONFICTION“-ში ვუყრით თავს.

წელს საბას „დებიუტის“ ნომინაციაში თქვენი გამომცემლობა ორი წიგნითაა წარმოდგენილი. ზოგადად, როგორია ახალი ავტორებისა და „დიოგენეს“ ურთიერთობა? რამდენად ხშირად აძლევთ შანსს დებიუტანტ მწერლებს ან მთარგმნელებს?

„დებიუტისა“ და „ახალი ავტორის“ ცნებაც ზემოხსენებული შირმაა, ოღონდ ამჯერად უმწიფრობის გადასაფარად გაშლილი, სხვა პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს. შესაბამისად, დებიუტანტი-არადებიუტანტის დიქოტომია გამომცემლობაში არ გამოიყენება. ტექსტი ან ხარისხიანია ან არა. „შანსის მიცემა“ კი იმდენად ძლიერი ნათქვამია, რომ შედეგად ან მადლიერებით აღსავსე ავტორს (მთარგმნელს) გულისხმობს, ან არმიცემული შანსით ტრავმირებულს. ცხადია, სინამდვილეში, მიდგომა ორივე მხრიდან გაცილებით საღი და პრაქტიკულია. კვლავაც, ტექსტი ან ხარისხიანია ან არა.

როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, როცა ახალი წიგნის გამოცემას ეხება საქმე? რამდენად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კომერციულობა?

შეკითხვის პირველ ნაწილს უკვე მეტ-ნაკლებად ვუპასუხე. რაც კომერციულობას ეხება, წიგნის წარმატების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, თუკი ჟანრულ ლიტერატურაზე არაა საუბარი. არც ავტორის საერთაშორისო სახელი იძლევა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება (ბარნსი, ბენვილი, მანრო, რუშდი, ზებალდი და ა.შ. ამის მაგალითებია). წარმატების პოტენციალის საზომ ინსტრუმენტს ალღო ჰქვია და, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა გამომცემლის არსენალშია, ქარის მიმართულებას ცუდად საზღვრავს.

რა შეგიძლიათ, გვითხრათ ბოლო წლების ტენდენციებზე? რა აინტერესებს ქართველ მკითხველს?

ტენდენციების თვალსაჩინოებისათვის სტატისტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც, საქართველოს შემთხვევაში, ან არ არსებობს, ან არასანდოა. ერთი გამომცემლობის მონაცემების, ვარაუდების,მიხვედრების განზოგადება არ იკმარებს. ქართველი მკითხველის ინტერესი კი არაფრით განსხვავდება სხვა ქვეყნების მკითხველის ინტერესისგან – უბნის ჭორსაც ხალისით ეცნობა და ეკლესიასტეს სიბრძნესაც რუდუნებით უღრმავდება.

თქვენს ერთ-ერთ გამორჩეულ სერიაზე უნდა გკითხოთ. „დიოგენეს ბიბლიოთეკას“ დასამახსოვრებელი დიზაინი აქვს, ზოგიერთი ავტორი პირველად გაგვაცნო, ზოგიერთი კი – ხელახლა და უკეთ. როგორ გაჩნდა ამ სერიის შექმნის იდეა? როგორ ხედავთ მის მომავალს? არამხატვრულ ლიტერატურაზე კონცენტრირება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ ჩრდილში გადაინაცვლებს და იშვიათად შეემატება ახალი თარგმანები?

„დიოგენეს ბიბლიოთეკა“ ათი წლის წინ, 2012-ში დაიწყო და მასთან გრძნობების მთელი მრავალფეროვნებაა დაკავშირებული, ამ გრძნობების ყველა გრადაციის ჩათვლით. იდეა დიდი თანამედროვე ავტორების გამოცემა იყო, რომლებსაც იმ წლებში ხელს ძნელად ჰკიდებდნენ. დამოკიდებულება დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც კინოგახმოვანებისადმი. ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თითქმის ყველა, ვინც ჯერარდაწყებული სერიისა და გამოსაცემი ავტორების შესახებ იგებდა, ამბობდა, რომ ჰენრი მილერი ან ჯეკ კერუაკი „ქართულად არ გადმოვა“, „მთელი მუღამი დაიკარგება“, „სლენგს და ბილწსიტყვაობას ვერაფერს უზამთ“ და ა. შ.

ამ ათი წლის განმავლობაში მომხდარი პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გარდატეხა, რომელიც სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკას“ უკავშირდება, 90-იანი წლებისას ჰგავს. სიტყვა „ასანთი“ ან „ლუდი“ 90-იანებში ბევრისთვის ყალბად ჟღერდა, დღეს კი მათი ჩამნაცვლებელი ბარბარიზმების გაგონებისას ვიშმუშნებით.

რაც ენობრივ კდემამოსილებას ეხება, ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომის“ თარგმანზე მუშაობა ამ მხრივ სანიმუშოა (ეს წიგნი სერია „ამერიკელებში“ გამოიცა, მაგრამ „ამერიკელები“ იგივე „დიოგენეს ბიბლიოთეკაა“, ოღონდ სხვა სერიად გასაღებული). დიდი ბრძოლის გადატანა იყო საჭირო (მათ შორის მთარგმნელისა და რედაქტორის შინაგანი ბრძოლაც იგულისხმება), სანამ წიგნის ერთ-ერთი თავის სათაურად „საშოს გიჟის“ ნაცვლად გაცილებით ბუნებრივი ვარიანტი დაიწერებოდა.

ცხადია, ამ სერიას წარუმატებლობაც უკავშირდება. დამარცხების სუფთა, შეურეველი გემო. „დიოგენეს ბიბლიოთეკის” ორი წიგნი, პოლ ოსტერისა და ჯ. მ. კუტზეეს მიმოწერა („აქ და ახლა“) და ჯულიან ბარნსის შოსტაკოვიჩის შესახებ დაწერილი რომანი („დროის ხმაური“) ორიგინალებზე ერთი თვით ადრე გამოიცა, ანუ ამ წიგნების მსოფლიო დებიუტი ქართულად შედგა. რეაქცია მოულოდნელი იყო – სრული გულგრილობა, ან გულგრილობად შენიღბული აგრესია. მკითხველთა უმეტესობისთვის გულწრფელად სულერთი იყო ეს ყველაფერი, ნაწილი კი „მეტიჩრობის” ბრალდებით გვიტევდა.

რაც სერიის დიზაინს შეეხება, თავდაპირველად ფრანგული ტრადიცია ავიღეთ ნიმუშად, როცა სადა ყდაზე (რომლისთვისაც ძალიან ძვირფასი ქაღალდი შეირჩა) ავტორისა და სათაურის გარდა არაფერია. ამ ყდამ, სამწუხაროდ, ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია და კომპრომისზე წასვლა ანუ დიზაინის შეცვლა მოგვიხდა. საბედნიეროდ, კომპრომისი მხოლოდ ამით შემოიფარგლა. სერია, რა თქმა უნდა, გრძელდება.

გარდა მხატვრული ლიტერატურისა, სასკოლო სახელმძღვანელოებსაც გამოსცემთ, რისი სპეციფიკაც, ცხადია, სრულიად განსხვავებულია. მოგვიყევით ამ განსხვავებებზე, რა სირთულეები იჩენს თავს მათზე მუშაობისას?

სასკოლო წიგნების სპეციფიკა ისაა, რომ გამომცემლობამ და ყველა იმ ადამიანმა, ვინც სახელმძღვანელოს ქმნის, ამა თუ იმ დარგის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს რაც შეიძლება ზუსტად უნდა შეუსაბამოს. სასწავლო საათების რაოდენობა, საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული თემები, სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, ტექნიკური კრიტერიუმები – განათლების სამინისტროს შესაბამისი კონკურსისთვის მომზადებული მასალა ყველაფერს უნდა ითვალისწინებდეს, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოს კანონით განსაზღვრული სტატუსი მიიღოს. შესაბამისად, ავტორის თუ რედაქტორის ნებისმიერი ღირებული იდეა მკაცრ ჩარჩოში უნდა მოექცეს და ეს რთული რუტინული ამოცანაა. გარდა ამისა, სახელმძღვანელოზე მუშაობისას ადრესატის – მასწავლებლების და მოსწავლეების – შესაძლებლობებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინება უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე სხვა წიგნების შემთხვევაში.

ქართული პოეზია და პროზა, თარგმანები სხვადასხვა ენიდან, სასკოლო სახელმძღვანელოები, არამხატვრული და სამეცნიერო ტექსტები, საბავშვო ლიტერატურა – ყველა მიმართულებით გამოსცემდით და გამოსცემთ წიგნებს. დიოგენე“ ერთ-ერთი პირველი გამომცემლობაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარდა წიგნების გამოცემისა, რამდენიმე საინტერესო პროექტის ორგანიზატორიც იყავით. საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით „დიოგენეს“ გავლილ გზას, მის მრავალწლიან ისტორიას? რა უცვლელი ღირებულებები გაქვთ და რა შეიცვალა დროთა განმავლობაში?

რაც დრო გადის, „დიოგენე“ თითქოს სულ უფრო ამართლებს თავის სახელს და ეს ბევრ რამეში ვლინდება. მთავარი მუდმივი ძიებაა, რომელსაც სისავსისა და სიცარიელის შეგრძნებების ლოგიკური მონაცვლეობა ახლავს. და, რა თქმა უნდა, არსებითი უცვლელია – აღმოჩენის გაზიარების სიხარული.

© არილი

Facebook Comments Box