ინტერვიუ,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პოლემიკა

დისკუსია ჰოვარდ ფილიფს ლავკრაფტის შესახებ

საუბრობენ ლესლი კლინგერი და ნილ გეიმანი

ინგლისურიდან თარგმნა ქეთევან არაბულმა

ნილ გეიმანი: ლესლი კლინგერი, ვის შესახებაც უნდა გიამბოთ, ჩემი ადვოკატია. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. იმ ამბიდან, რომელიც ახლა მომაგონდა, ათ წელზე მეტია გასული. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რედაქტორმა, მაიკ დირდამ, Baker Street Irregulars[1]ის შეხვედრაზე მიმიწვია. აღნიშნული შეკრება უსაქმურთა, გადამდგარ მოსამართლეთა და იმ ადამიანთა საიდუმლო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელთა წევრებიც წარამარა ირწმუნებიან, რომ შერლოკ ჰოლმსი არსებობს და მის შესახებ ყველა დეტალი იციან. ამ ორგანიზაციაზე ინფორმაციას პირველად აიზეკ აზიმოვის ესეში წავაწყდი. ჩემს წარმოდგენაში, Baker Street Irregulars-ის წევრები მარტორქებს წააგავდნენ. შესაბამისად, ოდნავ ხუმრობით თუ ვიტყვი, იმ საღამოს მარტორქებთან ვახშამი განვიზრახე. პირველ რიგში, სმოკინგი ვიქირავე. ადვილი შესამჩნევია, რომ ამგვარი ჩაცმის სტილის მიმდევარი არ ვარ, მაგრამ სხვა რა გზა იყო. დარბაზში ნელა შევაბიჯე და სწორედ ამ დროს დავინახე მაიკლ დირდა. ამან, სიმართლე გითხრათ, შვება მომგვარა, ვინაიდან, ის მთელ წვეულებაზე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი. მაიკლმა ერთ კაცთან მიმიყვანა და მითხრა: „აი, ეს არის ლესლი კლინგერი.“ მან პირველივე წამიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ლესლი ყველას იცნობდა, ამიტომ არაჩვეულებრივი კომპანიონი გამოდგა. იმ დროს ის შერლოკ ჰოლმსის ნაწარმოებთა კომენტირებით იყო დაკავებული, რაც ბრწყინვალედ გამოუვიდა. ასეთივე წარმატებით გაართვა თავი „დრაკულასაც“. ამ ამბებიდან მცირე ხნის შემდეგ ლესლიმ დამირეკა: „ნილ, მე მზად ვარ „ქვიშის კაცზე“ ვიმუშაო“. შემოთავაზებაზე ხუმრობით ვუპასუხე: – „ეგ, არც ისე საჩქარო ამბავია. ჩემს სიკვდილამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი.“ გავიდა მცირე ხანი და მე თავად დავურეკე კლინგერს, რათა გამემხილა, რომ „ამ ბოლო დროს, რაღაცები მავიწყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ამბავი უნდა დავაჩქაროთ”.
ურთიერთობის ადრეულ ეტაპზევე შევნიშნე, რომ ლესლი ხანდახან უცნაურ კითხვებს სვამდა. მაგალითად: „ნილ, უკვე შეადგინე ანდერძი?“ ცხადია, ამ ყველაფერს, ნაწილობრივ ხუმრობით გავეპასუხებოდი ხოლმე: „კი, ის 20 წლის წინ დავწერე, როდესაც უცხო ქვეყანაში ვცხოვრობდი და სხვა ადამიანზე ვიყავი დაქორწინებული.“ ამ ფაქტის გათვალისწინებით, დანამდვილებით შემეძლო იმის თქმა, რომ ანდერძი დაწერილი მქონდა. ლესლიმ გონებამახვილურად შენიშნა, რომ ეს მოვლენა აღნიშვნად არ ღირდა. სწორედ ამიტომ შევთავაზე: “ხომ არ გააკეთებ ამას ჩემთვის?” რაზეც მომიგო: “დიახ, დიდი სიამოვნებით”. მას შემდეგ ის ჩემი ადვოკატია და შიგადაშიგ მაიძულებს, რომ ზრდასრული ადამიანების საქმეებით დავკავდე. ხანდახან მართლაც აუცილებელია, რომ კაცმა ამგვარი რაღაცები აკეთოს. მას ყველაფერი ჩემზე უკეთ გამოსდის, თანაც დიდებული ადამიანია, რაც ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას.

ლესლი კლინგერი: დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. აუცილებელია აღვნიშნო, რომ როდესაც ვესაუბრებოდი გამომცემელს ამ ტურის შესახებ, მან ამგვარი რამ შენიშნა: „ძალიან სასიამოვნო იქნება, თუკი მხარს დაუჭერ ისეთ ახალგაზრდა მწერლებს, როგორებიც პიტერ სტრაუბი და ნილ გეიმანი არიან“. წარმოიდგინეთ, ისიც კი მითხრეს – მათ ძალიან წაადგებათ შენს გვერდით გამოჩენაო.
დღეს ლავკრაფტზე გვიწევს საუბარი. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემ წინ არსებული წიგნი ლავკრაფტის ახლად ანოტირებული ანთოლოგიაა. არსებობს სხვა ვერსიებიც: ს.ტ. ჯოშიმ, მსოფლიოში ლავკრაფტის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მკვლევარმა, შეადგინა ლავკრაფტის მოთხრობების სამი მცირე კრებული თავისი შენიშვნებით. მე არც ისე ორიგინალური კაცი ვარ, რის გამოც არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ წიგნში ბევრი საინტერესო ფაქტი და სურათი შევიტანე.


ნ. გ: როგორც ჩანს, შენს ადრეულ ანოტაციებსა და ამჟამინდელს შორის არის რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ შერლოკ ჰოლმსის მოთხრობების კომენტირებისას აშკარა იყო შენი პოზიცია. მაშინ მტკიცედ გჯეროდა, რომ შერლოკ ჰოლმსი რეალური ფიგურაა. გწამდა, უოტსონის არსებობაც, ხოლო კონან დოილი მხოლოდ ერთგვარ შემაკავშირებლად წარმოგედგინა, რომელიც მათ თავს გადამხდარ ამბებს აღწერს. ამრიგად, შენ მხოლოდ მაშინ განმარტავდი რაიმეს, როცა რაღაც გაურკვეველი ხდებოდა სიუჟეტში.


ლ. კ: მართლაც ეგრე იყო. ეს სწორედ ისაა, რასაც შერლოკის მიმდევრები „თამაშს“ ეძახიან. თუკი სიუჟეტს ამგვარად მივუდგებით, მისგან მაქსიმალური შედეგის მიღებაა შესაძლებელი. როცა საქმე გვაქვს ისტორიულ დოკუმენტებთან, მაშინ შეგვიძლია მათ კულტურული არგუმენტები მივაშველოთ, რათა კვლევა საფუძვლიანი გახდეს და კარგადაც გამოიკვეთოს ის ფონი, რაც შემდგომ ქმნის სიუჟეტს. გარდა ამისა, შერლოკის მიმდევრებს უყვართ კამათი იმის შესახებ, თუ “რატომ გააკეთა ჰოლმსმა ეს, ამის ნაცვლად”. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ: “მან ამ თავსატეხს არასწორი ამოხსნა მოუძებნა” და ა.შ. დრაკულას შემთხვევაში, მომიწია რაღაცები გამეერთიანებინა. ლავკრაფტის ამბავი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ ჰგავს, მაგრამ არც დიდად განსხვავდება მათგან. თავად მწერალი წერდა: კარგად მოფიქრებული ზღაპრული ისტორია თავის თავში თაღლითობასაც უნდა მოიაზრებდეს. თქვენ უნდა წეროთ ისე, თითქოს ამბის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი რეალურია, ხოლო ერთი პროცენტი გამონაგონი. არსებობს არაერთი დეტალი, იქნება ეს კულტურული, ისტორიული, თუ სხვა, რომლებიც სამუშაო პროცესს გვიადვილებს.

ლავკრაფთან მიმართებით ერთი საინტერესო ამბავიც მახსენდება: როდესაც პირველად ვთქვი, თუ რა პროექტზე ვიწყებდი მუშაობას, ოჯახის წევრები გაკვირვებით მომაჩერდნენ და ბოლოს ერთხმად შესძახეს: „მოიცა, მოიცა, ვინ?“


ნ. გ: მოდი, ლეს, ჩვენ საუბარს რაიმე კონკრეტული მიმართულება მივცეთ. ვინ იყო ჰ. ფ. ლავკრაფტი?


ლ. კ: ლავკრაფტს უსამართლოდ მიიჩნევდნენ განდეგილად. ის უცნაური კაცი იყო და ეს მართლაც კარგი სიტყვაა მის დასახასიათებლად. ერთი სიტყვით, ლავკრაფტი იყო თავისებური ჯენტლმენი, რომელიც დაიბადა 1890 წელს, გარდაიცვალა 1937-ში. თავისი ცხოვრების საწყისი წლები როდ აილენდზე გაატარა. უცნაურია, რომ მას თავი მეთვრამეტე საუკუნის ჯენტლმენის რეინკარნაციად წარმოედგინა. ლავკრაფტმა ხაზი გადაუსვა წერის კომერციულ ასპექტებს. ის რაღაც მომენტში იმ ეტაპამდეც კი მივიდა, რომ მისთვის სულ ერთი იყო, თუ რამდენი ადამიანი წაიკითხავდა მის ნაწერებს, რადგან მას სრულებით არ ადარდებდა მკითხველთა რაოდენობა.
ლავკრატფი გამორჩეული ნიჭის მქონე, განსწავლული კაცი გახლდათ, რომელმაც პოეზიას შვიდი წლის ასაკში მოჰკიდა ხელი. ის არ დადიოდა კოლეჯში, თუმცა ამის მიუხედავად გამორჩეულ ინტერესს იჩენდა მეცნიერების მიმართ. შედეგად, ლავკრაფტმა ადრეულ ასაკშივე დაიწყო ადგილობრივი გაზეთისათვის სტატიების წერა ასტრონომიაზე. ცოტა მოგვიანებით მან თანამოაზრეები შემოიკრიბა გარშემო, რაშიც ძალიან დაეხმარა „გაერთიანებული პრესის ასოციაცია[2]. ეს იყო საკმაოდ უცნაური რამ, რომელსაც ინტერნეტამდე სამყაროში არსებული ფეისბუქ ჯგუფის მსგავსი სივრცეც შეიძლება ვუწოდოთ. ეს ასოციაცია დამწყებ მწერლებს აერთიანებდა. ისინი გამოსცემდნენ საკუთარ ჟურნალებს და მათ ერთმანეთში ავრცელებდნენ. ლავკრაფტი ამ ჯგუფს ედგა სათავეში. საკვირველია, არა? მართლაც უჩვეულოა ამგვარი რამ ისეთი კაცისგან, რომელიც საზოგადოებისგან განცალკევებით ცხოვრობს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მას კოლეგებთან კომუნიკაცია, ძირითადად, წერილების საშუალებით ჰქონდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ის განუზომლად ბევრს წერდა.


ნ. გ: მოდი, აქვე შევნიშნოთ, რომ ზოგიერთი მისი წერილი 50,000 სიტყვამდეც აღწევს!


ლ.კ: მართალია. რამდენიმე მათგანი სამოცდაათი გვერდია. ვვარაუდობთ, რომ მან სიცოცხლეში დაახლოებით 100,000-მდე წერილი დაწერა. მათ შორისაა, ღია ბარათები, რომელთაც შემჭიდროებით წერდა, რათა რაც შეიძლება ცოტა ადგილი დაეკავებინა და მეტის დაწერა მოესწრო. აღსანიშნავია მისი ვრცელი წერილებიც, რომლებიც არაერთ თემას მოიცავენ, დაწყებული ნაყინებითა და კატებით, დამთავრებული ანტიკური ეპოქის ისტორიითა და პოლიტიკით. მას მიმოწერა ჰქონდა ფენტეზის ჟანრის ადრეული პერიოდის მწერლებთან, როგორებიც: რობერტ ჰოვარდი[3] და კლარ ეშტონ სმიტი[4] გახლდნენ. მათ გარკვეული თემის გარშემო საერთო მისწრაფებები აერთიანებდათ, რის გამოც ერთმანეთში აზრებს ცვლიდნენ. ზემოთ აღნიშნული მიმოწერა ნელ-ნელა ქვეყნდება. მათი გამოცემა 1960-იანი წლებიდან დაიწყო და დღეს უკვე 15 ტომამდე გვაქვს, თუმცა დარჩენილი ჯერ კიდევ ბევრია. ამ ნაწერების კითხვა უდიდესი სიამოვნებაა.
ლავკრაფტმა მხოლოდ ოთხმოცდახუთი მოთხრობა დაწერა. მისი ნაწარმოებები თავდაპირველად Weird Tales[5]-ში გამოჩნდა, რომელიც მაკულატურულ გამოცემას წარმოადგენდა. ვფიქრობ, ახლა უკვე არსებობს ამ ჟურნალის რამდენიმე თანამედროვე ანალოგი, თუმცა იმ ეპოქაში ეს ამ ჟანრის მწერლებისთვის ერთადერთი სივრცე იყო, სადაც მათ ნაწერების გამოქვეყნება შეეძლოთ. ჟურნალი ფულს ძალიან მომჭირნედ იხდიდა. ლავკრაფტი დაახლოებით ოცდახუთ დოლარს იღებდა თითო მოთხრობაში და იმისათვის, რომ საჭირო ოდენობის ფული გამოემუშავებინა, მან ახალ საქმიანობასაც მიჰყო ხელი: სხვა ადამიანების მიერ დაწერილ ისტორიებს იბარებდა და მათ ანაზღაურების სანაცვლოდ არედაქტირებდა, ხშირ შემთხვევაში, თავიდანაც კი გადაწერდა ხოლმე მათ. ზოგიერთი ასეთი მოთხრობა, რომელიც შემდგომში გამოიცა კიდეც, უფრო მეტად ლავკრაფტის ნამოქმედარს წარმოადენს, ვიდრე საკუთრივ ავტორისას.


ნ. გ: როგორც მახსოვს, ის ჰარი ჰუდინთან ერთადაც წერდა, არა?


ლ. კ: დიახ. ჰუდინის შესახებ ხალხმა ბევრი არაფერი იცის, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ნამდვილი კინოვარსკვლავი იყო, რომელიც სათავგადასავლო ჟანრის ფილმებში მონაწილეობდა. მას უნდოდა დაეწერა ჯაშუშური ისტორია, რომლის სიუჟეტიც პირამიდების ქვეშ არსებული კულტის გარშემო განვითარდებოდა, ამისათვის კი, დახმარება ლავკრაფტს სთხოვა. ზოგადად, ლავკრაფტს იშვიათად ბეჭდავდნენ, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ის საკუთარ სიცოცხლეში მხოლოდ ერთი წიგნის გამოქვეყნებას მოესწრო („ჩრდილი ინსმუტის თავზე“). მწერალი გარდაიცვალა 1937 წელს კუჭის კიბოთი. ეს საშინლად მტანჯველი სიკვდილი იყო, რომელიც დეტალურად აღწერა „სიკვდილის დღიურში[6].“ მხოლოდ მწერლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტეს მისმა მეგობრებმა, რომ ის სამყაროს უნდა ეხილა. აი, საიდან დაიწყო ყველაფერი…


ნ. გ: იმის თქმა გინდა, რომ ის ადამიანთა ძალიან ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი?


ლ. კ: ზუსტად. იყო ასეთი კაცი, აუგუსტ დერლე[7],რომელმაც თავის მეგობარ დონალდ ვანდრეისთან ერთად პატარა კომპანია შექმნა. დერლე არასოდეს შეხვედრია ლავკრაფტს, თუმცა მათ ხშირი მიმოწერა ჰქონდათ. მან და ვანდრეიმ, რომელიც ლავკრაფტის კარგი მეგობარი იყო, გადაწყვიტეს, გამოექვეყნებინათ წიგნი სახელწოდებით „უცხო და სხვა მოთხრობები“. აღნიშნული კრებული დაბეჭდვისთანავე გააგზავნეს კრიტიკოსებთან, რომლებიც აღტაცებულები შეხვდნენ ამ წიგნს.


ნ. გ: სწორედ ამიტომაც დააარსეს ამ ადამიანებმა თავიანთი გამომცემლობა, „არკჰემ ჰაუსი“.


ლ. კ: დიახ. სახელი შეირჩა იმ ქალაქის მიხედვით, სადაც ლავკრაფტის ისტორიების უმეტესობა ვითარდება. თუმცა ისინი სხვა მრავალ რამესაც ბეჭდავდნენ. ფაქტი ერთია, რომ ლავკრაფტის გამოცემები ყველაფერს ჩრდილავდა. მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ედმუნდ უილსონი, ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკოსი. მან დაწერა წერილი ლავკრაფტის შესახებ. მას სძულდა იგი. ო, როგორ ეჯავრებოდა და ვერ იტანდა. მახსენდება ფილმი ამადეუსზე, სადაც იმპერატორი ამბობს, რომ მუსიკა კარგია, მაგრამ, მეტისმეტად ბევრი ნოტია. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა უილსონს ლავკრაფტის ისტორიებთან დაკავშირებით. ის წერდა: ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აქ ზედმეტად ბევრი სიტყვაა. ლავკრაფტმა განზრახ განავითარა არქაული სტილი და გამოიყენა ბევრი მაღალფარდოვანი სიტყვა. ხშირად, დაახლოებით ნაწარმოების მეოთხედი, ავტორი იმის ახსნას უნდება, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის ტერმინი.


ნ. გ: მახსოვს, როგორ ვცდილობდი ცამეტი წლის ასაკში ლავკრაფტის წაკითხვას. მაშინ მომიწია ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის შეძენა, რომელიც ორი უშველებელი ტომისაგან შედგება. მას გამადიდებელი შუშა მოჰყვება თან. ეს ყველაფერი იმისთვის დამჭირდა, რომ გამერკვია, რას ნიშნავდა სიტყვა “batrachian” (ბაყაყის მსგავსი).


ლ. კ: უილსონს სძულდა ეს ყველაფერი. მან ლავკრაფტს იმავე ბნელ კუთხეში მიუჩინა ადგილი, სადაც Baker Street Irregulars-ის წევრებს. რეალურად, ლავკრაფტი 1970-იან წლებში აღმოაჩინეს, როდესაც პოპ კულტურამ უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში შეაღწია. ახლა მას ასწავლიან სხვადასხვა კურსის ფარგლებში. ის ფაქტი, რომ ნორტონი[8] მზად იყო თავის სერიებში ჩემი ანოტირებული წიგნი შეეტანა, ამ პროცესისთვის დამატებით სტიმულად იქცა.
ნილ, მე ლავკრაფტი საკმაოდ გვიან წავიკითხე. ეს კი სრულიად განსხვავდება შენი გამოცდილებისაგან, ვინაიდან, როგორც მახსოვს, მას ადრეულ ასაკში გადაეყარე.

ნ. გ: დაახლოებით თერთმეტი-თორმეტი წლის ვიყავი. არაჩვეულებრივი დრო იყო ფანტასტიკის ჟანრის წიგნების წასაკითხად. ამერიკაში და უფრო მცირე ოდენობით ინგლისშიც არსებობდნენ გამომცემლობები, რომლებმაც ამ ჟანრის მრავალი დიდებული ავტორი დააბრუნეს ბეჭდურ სამყაროში.


ლ. კ: ეს ამბები დაახლოებით 70-იან წლებში დაიწყო.


ნ. გ: იმ პერიოდში Granada Books-ის ინგლისურ გამოცემაზე შესანიშნავი მხატვარი, ბრიუს პენინგტონი მუშაობდა. პენინგტონმა შექმნა ყდები რამდენიმე წიგნისათვის, რომლებიც შემდგომში კლარკ ეშტონ სმიტმა დაბეჭდა. მე ხელში სწორედ ეს გამოცემები ჩამივარდა. ერთ-ერთი წიგნის უკანა ყდის დათვალიერებისას თვალი ჰ. ფ. ლავკრაფტის სახელს მოვკარი. სწორედ აქ გადავაწყდი მას პირველად. მალევე მოვიძიე მისი წიგნი „უცხო და სხვა მოთხრობები.“ პირველივე ნაწარმოები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ისტორია ერთი ბიჭის გარშემო ვითარდება, რომელიც ცდილობს კოშკზე ასვლას და სიბნელისგან თავის დაღწევას. როდესაც ის კოშკის თავზე მოექცევა, გარეთ გამოსვლას მოახერხებს, თუმცა მისი დანახვისთანავე ადამიანები ყვირილს დაიწყებენ. ბიჭი მიხვდება, რომ იგი თავადაა საშინელი მონსტრი და კოშკიდან ჩამოსვლას დაიწყებს. ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ ისტორია საკმაოდ ბუნდოვნად ჟღერს, თუმცა იგი ლავრკაფტის ნახელავია და არც ისე ურიგოდ იკითხება. საგულისხმოა, რომ იმ დროს, როდესაც ამ წიგნს ვკითხულობდი, თერთმეტი წლის ცინგლიანი ბავშვი ვიყავი. გასაკვირი არცაა, რომ ლავკრაფტის დანსენისეული ისტორიებით დიდად აღფრთოვანებული ვერ დავრჩი. დანსენიც სწორედ იმ ხანად წავიკითხე და მახსოვს, ვფიქრობდი, რომ მას წერა არც ისე კარგად გამოსდიოდა. გავიდა დრო და „ქთულჰუს ძახილს“ გადავაწყდი, რომელიც ძალიან მომეწონა. მომაჯადოვა იმ განცდამ, რომ მთელი ნაწარმოების განმავლობაში აისბერგის წვეტს ვხედავდი. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ის, რამაც ჩემი, როგორც ახალგაზრდის, ლავკრაფტით დაინტერესება გამოიწვია. საუბარი მაქვს მის უზარმაზარ, თვითმყოფად სამყაროზე, რომლისაც სრულყოფილად მხოლოდ თავად თუ ესმოდა. ჩვენ მის შემოქმედებაში მუდმივად ვაწყდებით დეტალებს, რომლებიც ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელ ისტორიებს აკავშირებს, თუმცა მათ სრულყოფილად ახსნას ვერასოდეს ვახერხებთ. უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ლავკრაფტის გადმოცემის უნარით. წარმოიდგინეთ, როგორი უჩვეულოა, როცა მისი გმირები მაშინაც კი წერენ, როდესაც სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგანან. „ის კიბეზე ამოდის, მისი ხმა მესმის, ო ღმერთო ჩემო, კარი იღება“ – კითხულობ ამ მონაკვეთს და ფიქრობ: კი მაგრამ, რას აკეთებს მთხრობელი? განა ასე რთულია უბრალოდ დადოს კალამი და გაიქცეს?


ლ. კ: ლავკრაფტის მთხრობელები, როგორ წესი, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათ შესახებ აღსანიშნავი მხოლოდ ისაა, რომ ისინი იკვლევენ საგნებს, რომლებსაც ჯობდა არც არასოდეს შეხებოდნენ.


ნ. გ: ამასთან ერთად, ზოგიერთი მათგანი სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა ახალ საცხოვრებელში. ისინი ხშირად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის გაფრთხილებებს. მაგალითად, ”თქვენ არასწორი ბინა იქირავეთ”.


ლ.კ : ლავკრაფტის რამდენიმე მოთხრობა, რომელთა შორისაცაა „უცხო,“ ჩემს კრებულში ვერ მოხვდა. უნდა ითქვას, რომ ამის გამო საზოგადოების უკმაყოფილებაც დავიმსახურე. ვეცადე, კრებულში მისი საუკეთესო ნაწარმოებები შემეტანა, როგორებიცაა: „ქთულჰუს ძახილი“, „ჩრდილი ინსმუტის თავზე“, „ჩარლზ დექსტერის საქმე” და „სიგიჟის მთებთან.“


ნ. გ: ლავკრაფტის კითხვა ქვიშაში რაღაცის ძიებას ჰგავს. იცი, რომ იქ რაღაც აუცილებლად დაგხვდება. შესაბამისად, შენც აგრძელებ თხრას მანამ, სანამ არ მიაგნებ იქ დამარხულ ისტორიას. ჩემს ერთ-ერთ პირველ მოთხრობას „მე, ქთულჰუ“ ერქვა, რომელიც 19-20 წლის ასაკში დავწერე, თუმცა ცხადია არსად გამომიქვეყნებია. წლების შემდეგ იგი სრულიად შემთხვევით დაიბეჭდა ერთ-ერთ ჟურნალში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამ მაკულატურული გამოცემის წარმომადგენელმა მკითხა, რაიმე ხომ არ მქონდა ლავკრაფტის გავლენით დაწერილი. სწორედ ამ დროს ამომიტივტივდა გონებაში ეს მოთხრობა. გაგზავნისას თან დავურთე საკმაოდ ვრცელი წერილი, რომელიც ჰ. ფ. ლავკრაფტსა და პ. გ. ვუდჰაუსის პირად მიმოწერას ეხებოდა. ვფიქრობ, ჩემამდე ეს არავის გაუკეთებია…


ლ. კ: სხვათა შორის, ეს სერიოზული განაცხადია. ხომ იცი სხვებიც არსებობენ…


ნ. გ: მაგრამ ლეს, მე მათ შორის პირველი ვიყავი.
ახლაც კარგად მახსენდება ის დრო, როცა პირველად გამოვიდა მიუზიკლი სახელწოდებით, „ქთულჰუს ზაფხული“, რომლისთვისაც სიმღერის ტექსტებიც კი დავწერე.
ლავკრაფტის შესახებ სულ ორი რამ მაქვს გამოქვეყნებული. პირველად, ეს იყო მოთხრობა სახელწოდებით “კვლავაც არაფერი სამყაროს აღსასრულის გარდა.” ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ მაიკლ რივსმა დამირეკა და ასეთი რამ შემომთავაზა: „ჰეი, ნილ, ანთოლოგიას ვადგენ იმ მოთხრობებზე, სადაც შერლოკ ჰოლმსი ქთულჰუს ხვდება. როგორ ფიქრობ, შეძლებ ჩემს დახმარებას?“ ღმერთო ჩემო, ეს ყველაზე გიჟური რამ იყო, რაც კი ვინმეს ჩემთვის უთქვამს. წარმოიდგინეთ, შერლოკ ჰოლმსი და მასთან დაკავშირებული რაციონალურობა. ამ პერსონაჟის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი საგნისა თუ მოვლენის არსში წვდომა შეუძლია. მას შეუძლია უბრალოდ შეხედოს ადამიანს და მცირე ხნიანი დაკვირვების საფუძველზე დაასკვნას, რომ ის 35 წლის ლატვიელი მხატვარია, მარცხენა ყურში სმენა აქვს დაქვეითებული, სახლში კი კოკერსპანიელი ელოდება. ლავკრაფტის შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდაა. შენ არ შეგიძლია საგანთა არსს სრულყოფილად ჩაწვდე. წინ შეიძლება გედგას არსება, რომელსაც უყურებ, მაგრამ ვერ ხვდები, რომ ის ოდესღაც უფორმო კოსმოსში მცხოვრები ღმერთის გადმონაშთია. მის ნამდვილ სახეს ვერ აღიქვამ, რადგან ეს აუცილებლად გადაგიყვანს ჭკუიდან. ახლა კი წარმოიდგინე, რომ რივსს ამ ორი პერსონაჟის ერთ კონტექსტში მოქცევა სურდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ საქმისთვის ხელი მომეკიდა. მაინც რა შეიძლება მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი მთელს სამყაროს ლავკრაფტისეულად მოვაწყობდი და მასში შერლოკ ჰოლმსს დავასახლებდი? იცით, არსებობს მოთხრობები, რომლებიც თავისთავად იწერებიან და ამ შემთხვევაშიც სწორედ ეს სცენარი გათამაშდა. წერის პროცესში მუდმივად მქონდა შეგრძნება, თითქოს ნაწარმოების სიუჟეტი თავად მიმიძღოდა წინ და ყოველ დეტალს მკარნახობდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მე მომიწია ჰიუგოს პრემიისა და სხვა მრავალი ჯილდოს აღება. გარშემომყოფები, ალბათ, ზედმეტად ჭკვიანად აღმიქვამდნენ, მე კი ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს და ვერც კი ვხვდებოდი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.


 ლ. კ: ახლა კი, მინდა მეტად სერიოზულ თემაზე გადავიდე. საუბარი მაქვს, მსოფლიო ფენტეზის ჯილდოს გარშემო დატრიალებულ აზრთა სხვადასხვაობაზე. ამ ჯილდოს მფლობელებს გადაეცემათ ლავკრაფტის ბიუსტი. ბოლო რამდენიმე წელია წამოიჭრა ამ ქანდაკების შეცვლის იდეა, რადგან, როგორც მოგეხსნებათ, ლავკრაფტი რასისტი იყო.

ნ. გ: ნამდვილად ასეა.


ლ. კ: იცით, ეს შემაშფოთებელი ფაქტია. როდესაც კითხულობ ლავკრაფტის მიმოწერას, იქ ნათლად ჩანს, რომ მას სძულდა ებრაელები, შავკანიანები, ესპანელები, პორტუგალიელები, იტალიელები, ერთი სიტყვით თითქმის ყველა, ვინც არ იყო ანგლო-საქსი პროტესტანტი როდ აილენდიდან. ის დაქორწინებული იყო ებრაელ ქალზე, რაც, ცოტა არ იყოს, აუხსნელი მოვლენაა. თავად ლავკრაფტი ამბობდა, რომ მისი ცოლი “კარგი” ებრაელი იყო, რადგან არ ჰგავდა მისი ეროვნების სხვა წარმომადგენლებს. ის არ იქცეოდა მათი წესის მიხედვით. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ლავკრაფტს 2 წლით ნიუ-იორკში ცხოვრება მოუწია და ეს მისთვის წარმოუდგენლად უსიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. მას სძულდა ყველაფერი, რაც ამ ქალაქს უკავშირდებოდა. ეს თითქოს ჯოჯოხეთში ყოფნას ჰგავდა, სადაც იგი გარშემორტყმული იყო მისთვის სრულიად მიუღებელი ხალხით. იგი მათ ქოფაკებს ეძახდა. ეს დეტალი ლავკრაფტის პიროვნების ასახსნელად საგულისხმო შტრიხია.

 
ნ. გ: რა თქმა უნდა, რასისტული ელემენტების არსებობა კარგი არ არის, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მათ გარეშე ლავკრაფტის თხრობისათვის დამახასიათებელი მხატვრული ეფექტის მიღწევა შეუძლებელია.


ლ. კ: ვფიქრობ, რომ ლავკრაფტის ნაწარმოებებზე დიდ გავლენას ახდენს მისი მიმართება რასიზმთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ავტორის მშობლები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. თავად ჰოვარდსაც მთელი ცხოვრება თან სდევდა ეს განცდა, რომ ბოლოს თვითონაც მათ ბედს გაიზიარებდა.


ნ. გ: სიგიჟის შიში, კოსმოსურ სიცარიელეში მცხოვრები შემზარავი არსებების შიში…ჩვენ ხომ ამ არსებებისთვის მტვრის უმცირესი ნაწილაკები ვართ. აი, რა აძლევს ლავკრაფტს შინაგან რწმენასა და ძალას. შეგიძლია წარმოიდგინო სიფილისის შიშით შეძრული ადამიანი?


ლ. კ: სიფილისით გარდაიცვალა ლავკრაფტის მამა, თუმცა თავად ამ ყველაფერს მენტალური აშლილობა უწოდა. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ჩემს წიგნში შერლოკ ჰოლმსს ხშირად ვახსენებ. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თავად ლავკრაფტი შერლოკის დიდი მოყვარული იყო. ცნობილი დეტექტივის შესახებ ჟურნალ The Strand-ში პირველი მოთხრობების გამოჩენისას ის ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო. მან დააარსა შერლოკ ჰოლმსის მიმდევართა კლუბი სადაც, თავად შერლოკი იყო, ყველა დანარჩენი კი ნაკლებად მნიშვნელოვან პერსონაჟებს განასახიერებდნენ. ლავკრაფტის ეს გატაცება მის ლიტერატურაზეც აისახა. მაგალითად მოთხრობა – „მონადირე ძაღლი“ აშკარად „ბასკერვილების ძაღლს“ ეხმიანება. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ლავკრაფტის კითხვისას მე ყოველთვის ვხედავ იმ უხილავ ძაფებს, რომლებიც მის ნაწარმოებებს შერლოკ ჰოლმსთან აკავშირებს.


ნ. გ: არსებობს მოსაზრება, რომ ლავკრაფტმა საკუთარი მითოსში წინამორბედი მწერლების შემოქმედება გააერთიანა. რას ფიქრობ ამ საკითხზე?


ლ.კ: პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ლავკრაფტი საკუთარი თავით იმედგაცრუებული იყო. მისი აზრით, იგი არ იყო საკმარისად კრეატიული. კარიერის რაღაც ეტაპზე აღნიშნა კიდეც: “მე ვხედავ, რომ ჩემი ნაწარმოებები ძალიან წააგავს პოსეულ, ანდაც დანსენისეულ ამბებს. კი მაგრამ, სად არის ლავკრაფტისეული ისტორიები?” ლავკრაფტი მარტივად ექცეოდა სხვა მწერლების გავლენის ქვეშ.


ნ. გ: არასდროს მქონია ის განცდა, რასაც მწერლები ხშირად განიცდიან, როცა ფიქრობენ რომ “ო, ღმერთო ჩემო, როგორ აღმოვჩნდი არსებული იდეიდან მოცემულ შინაარსამდე.” ლავკრაფტი ყოველთვის ღიად საუბრობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც მასზე ამა თუ იმ ფორმით ახდენდნენ გავლენას. მაგალითად ახლა გამახსენდა, რომ „ფსიქოპატის“ ავტორს, რობერტ ბლოხს, სულ რაღაც 16 წლის ასაკში ჰქონდა მიმოწერა ლავკრაფტთან.

ლ. კ: ნამდვილად ასეა. ეს მწერლები ინტერნეტამდე სამყაროში ცხოვრობდნენ და საერთო პროდუქტის შექმნას ცდილობდნენ. თანამედროვე სამყაროში, რა თქმა უნდა, ეს აღარავის უკვირს.
ნ. გ: როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, ლავკრაფტს საკუთარი ლიტერატურის სხვებისათვის გაზიარება უყვარდა. მისი გარდაცვალების შემდეგ არასოდეს არავის უთქვამს, რომ რაიმე ფორმით ფლობდა ან განაგებდა მის შემოქმედებას. სწორედ ამიტომ, ადამიანებს ლავკრაფტის შთაგონებით სხვადასხვა ნაწარმოების შექმნა არასოდეს შეუწყვეტიათ, რაც ძალიან კარგი ამბავია. ამაზეა ნათქვამი, რომ ჯინი, რომელიც ლამპარში სახლობდა, უკან აღარასდროს დაბრუნებულა…


[1] Baker Street Irregularsშერლოკ ჰოლმსის მიმდევართა ორგანიზაცია, რომელიც 1934 წელს კრისტოფერ მორლიმ დააარსა. დღეს ის 300 ადამიანს აერთიანებს მთელს მსოფლიოში.

[2] გაერთიანებული პრესის ასოციაცია – საინფორმაციო სააგენტო, რომელიც 1907 წლის 21 ივნისს დაარსდა. იგი მორზეს ტელეგრაფის საშუალებით ყოველდღიურად 10 000 სიტყვას გადასცემდა.

[3] რობერტ ჰოვარდი – ამერიკელი ფენტეზის ჟანრის მწერალი. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში შექმნა ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა: „შავი სანაპიროს დედოფალი“ და „დრაკონის საათი.“ მას ლავკრაფტთან დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებდა.

[4] კლარკ ეშტონ სმიტი – ამერიკელი მწერალი და მხატვარი. მისი ნაწარმოებები განეკუთვნება ფენტეზის, საცმეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრებს. რობერტ ჰოვარდის მსგავსად, მასაც მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა ლავკრაფტთან.

[5] Weird Tales – ამერიკული საშინელებათა და ფანტასტიკის ჟანრის მაკულატურული ჟურნალი. დაარსდა 1922 წელს. მის თავდაპირველ გამოცემებში იბეჭდებოდა ისეთი ავტორების მოთხრობები, როგორებიც არიან ჰ. ფ. ლავკრაფტი, სიბური ქვინი და კლარკ ეშტონ სმიტი.

[6] 1936 წელს ლავკრაფტს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. იგი სიკვდილამდე აწარმოებდა დღიურს, სადაც საკუთარი ავადმყოფობის შესახებ დეტალურ ჩანაწერებს აკეთებდა.

[7] აუგუსტ დერლე – ამერიკელი მწერალი და ანთოლოგისტი, გამომცემლობა „არკჰემ ჰაუსის“ დამფუძნებელი. პირველად ლავკრაფტის მოთხრობები სწორედ მისი ინიციატივით დაიბეჭდა.

[8] ნორტონი – ამერიკული გამომცემლობა, დაარსებული 1923 წელს ნიუ-იორკში. კომპანია ცნობილია ანთოლოგიებისა და კრიტიკული გამოცემების სერიებით.

© არილი

Facebook Comments Box