პროზა (თარგმანი)

დონ დელილო – ბაადერ–მაინჰოფი

gerhard richter 342

ინგლისურიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ქეთი ქანთარიამ

2000 წლის 11 სექტემბრის ამბებიდან ძალიან მალე დონ დელილომ დაწერა ესსე, რომლის სახელწოდებაა ,,მომავლის ნანგრევებში: განსჯა ტერორიზმისა და დანაკარგის შესახებ სექტემბრის აჩრდილქვეშ“. მას რამდენიმე თვეში მოჰყვა მოთხრობა ,,ბაადერ-მაინჰოფი“, ბოლოს კი რომანი Falling Man, და ჟანრობრივად განსხვავებული ეს სამი ტექსტი (რომანის თემატიკა ისევ 11 სექტემბრის ამბების გარშემო ტრიალებს) სამართლიანად ითვლება არა მხოლოდ მსოფლიო ტერორიზმის, არამედ თანამედროვე მსოფლიოში ამერიკის როლის შესახებ განსჯის, ხელახლა შეფასების მცდელობად. რა კითხვებს სვამს ავტორი? უპირველესად ალბათ მკითხველიც მასთან ერთად იწყებს ფიქრს: რას აკეთებს ამერიკა ისეთს აღმოსავლეთში, რომ მოწინააღმდეგეს ამგვარი თავგანწირული დანაშაულის ჩადენის სურვილი უჩნდება?

ჩვენ მიერ წარმოდგენილ მოთხრობას თუ მივუბრუნდებით, კითხვა ისევ მსგავსია და ამ კითხვას პერსონაჟის გონება უტრიალებს. რატომ ჩაიდინეს ეს? ჯერ ის გავარკვიოთ, ვისზეა საუბარი. ულრიკე მაინჰოფი, გუდრუნ ენსლინი და ანდრეას ბაადერი 1960-70 წლების რადიკალურ-მემარცხენული ტერორისტული ორგანიზაციის, RAF-ის წევრები იყვნენ, მაგრამ ტერორისტებად არ დაბადებულან. ,,სახელმწიფომ მოკლა“ პრინციპს მიმსგავსებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთებად ისინი ახალმა გერმანულმა სახელმწიფომა აქცია, რომელსაც, სხვა ტიპის კრიტიკასთან ერთად, ზოგი ახალგაზრდა გერმანელი ნაცისტური აზროვნების გადმონაშთებთან სამარცხვინო ,,კოჰაბიტაციაში“ ამხელდა. მერე მათ საპროტესტო აქციაში მეგობარი მოუკლეს, სტუდენტი რუდი დუჩკე. დანარჩენი შესანიშნავად უწერია ანა კორძაიას თავის ესსეში ,,ძალიან სახიფათო ფრაუ მაინჰოფში“, რომელიც “ცხელი შოკოლადის” საიტზე შეგიძლიათ ნახოთ. და აი, მოთხრობის პერსონაჟი, გოგონა, დაჟინებით უტრიალებს კითხვას: რატომ ჩაიდინეს ეს? გოგონა გრძნობს, რომ განწირული რადიკალების ისტორიაში არის რაღაც, რაც მათ მიმართ თანაგრძნობისმაგვარ გრძნობას ბადებს, რეალობის ეს ამგვარი გადაფასება კი – სიცარიელის შეგრძნებას ბადებს, რადგან მას არასდროს უფიქრია სახელმწიფოს როლზე სხვაგვარად, არასდროს არ უთქვამს ახალგაცნობილი მამაკაცივით: ,,ან სახელმწიფომ მოკლა“. როგორც ჩანს, გოგონას ამ ცხოვრებაში წესრიგი უყვარს და კაცი, რომელიც დაუგეგმავ რამეებს სთავაზობს, მისი სინამდვილიდან უცხო სხეულივით განიდევნება (თუმცა სიმართლეს თითქოს სხვადასხვა მხრიდან უახლოვდებიან და ამიტომ ,,ვინ იცის“, მოთხრობის ფინალურ ნაწილში მათ მაინც ერთ სივცრცეში ვხედავთ: Moma-ში, ისევ გერჰარდ რიხტერის ნახატების წინ). სამაგიეროდ მთელი მოთხრობა იმ სულიერი გამოცარიელების ატმოსფეროთია გაჯერებული, რომელსაც სხვა, გლობალური წესრიგის და სამართლიანობის განცდის ხელიდან გამოცლა აჩენს. და, მგონი, არის კიდევ რაღაც – შეიძლება მეშლება – დიქოტომია: ერთი მხრივ, ქალი და მამაკაცი, რომელთაც აქვთ სიცოცხლე, ახალგაზრდობა, თავისუფლება, მაგრამ არ იციან, რა უყონ ამ ყველაფერს, მეორე მხრივ კი ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს პირველიც, მეორეცა და მესამეც, იმის გამო, რომ ,,იქ იდგნენ“, სადაც იდგნენ, სხვაგვარად არ შეეძლოთ.

 

ქალი გრძნობდა, რომ მის გარდა ოთახში კიდევ იყო ვიღაც. ხმაური არ გაუგონია, რაღაც მოუხელთებელი იგრძნო ზურგს უკან, ჰაერის ოდნავი ამოძრავება. მანამდე მარტო იჯდა დარბაზში, გალერეაში გამოფენილი ნახატები იყო მხოლოდ მის ირგვლივ – თხუთმეტი ტილოსაგან შემდგარი სერია, და მათ შემყურეს ისეთი განცდა დაუფლებოდა, თითქოს ჭირისუფლად ეჯდა ვიღაც ძალიან ახლობელს, ნათესავს ან მეგობარს.

დარდში თანაზიარობაც სწორედ ასე წარმოედგინა.

ახლა ულრიკეს უყურებდა, მის თავს და ტორსს, ყელზე დარჩენილ თოკის კვალს, თუმცა, ზუსტად არც იცოდა, რით ჩამოიხრჩო მან თავი.

მერე გაიგონა, როგორ წამოვიდა ვიღაც გრძელი სკამისკენ, რომელზეც თავად იჯდა – მამაკაცის მძიმე, ფლატუნა ნაბიჯების ხმა მოესმა, ფეხზე წამოდგა და იმ ნახატს მიუახლოვდა, რომელზეც ულრიკე იყო გამოსახული, სამ, ერთმანეთის მსგავს ნამუშევართაგან ერთ-ერთს, რომელზეც მკვდარი ულრიკე ციხის საკნის იატაკზე წევს, თავი – პროფილშია შესრულებული. ტილოები ერთმანეთისგან ფორმატით განსხვავდებოდა. ქალის სხეული – თავი, კისერი, ყულფისგან დატოვებული ზოლი, თმა, სახის ნაკვთები თითოეულზე დაბინდულად იყო დახატული, თითქოს მნახველისგან საბურველი ჰყოფდა, ესა თუ ის დეტალი რომელიმე მათგანზე უფრო მკაფიოდ იყო გამოსახული: პირი, რომელიც ერთგან გადადღაბნილი ჩანდა, სხვა ნახატზე თითქმის ნატურალურად გამოიყურებოდა; რაღაც საერთო პრინციპის მოხელთება შეუძლებელი იყო.

–    როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე?

ქალი მისკენ არც კი მიბრუნებულა.

–    რამდენი ჩრდილია. ფერები კი საერთოდ არ აქვს გამოყენებული.

–    არ ვიცი, – მიუგო ქალმა და ნახატების სხვა ციკლისკენ წავიდა, რომელსაც ,,ჩაცხრილული კაცი“ ერქვა. აი, ეს იყო ანდრეას ბაადერი. ადრე გუნებაში მხოლოდ მისი გვარი ჰქონდა, მაინჰოფი კი მისთვის ყოველთვის ულრიკე იყო. გუდრუნიც.

–    ვცდილობ გავიაზრო, რა დაემართათ.

–    ყველამ თავი მოიკლა. ან სახელმწიფომ მოკლა ისინი.

–    სახელმწიფომ, – თქვა კაცმა და მერე ისევ გაიმეორა, დაგუბებული, მელოდრამატული ხმით, რომელიც მხატვრულ კითხვას უფრო მოუხდებოდა.

ქალს ბუნებრივად მოჩვენებოდა, თავი უცნობისაგან გაბეზრებულად ეგრძნო, მაგრამ ამის ნაცვლად საკუთარი თავის მიმართ გაუცნობიერებლი გაღიზიანება დაეუფლა. სახელმწიფოზე ასეთი ტონით არასდროს ულაპარაკია, ხალხის უზენაესი ძალაუფლება დაუნდობელი მანქანის კონტექსტში არასდროს აღუქვამს. ეს მისი ლექსიკონის სიტყვები არ იყო.

ორი ნახატი, რომელზეც საკანში ნაპოვნი მკვდარი ბაადერი იყო გამოსახული, ერთნაირი ფორმატის იყო, მაგრამ ჩანდა, რომ მხატვარი თემას თითოეულ მათგანში სხვადასხვაგვარად მიუდგა, და ახლა სწორედ ამაზე ჰქონდა გამახვილებული ყურადღება – ამ განსხვავებაზე, ხელზე, პერანგზე, ამოუცნობელ საგანზე ამ და მეორე ტილოს კიდეში, რაღაც შეუსაბამობაზე თუ გაუგებარზე.

–    მე არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, – თქვა ქალმა, – მხოლოდ იმას გეუბნებით, რა ვარაუდებიც ხალხში არსებობს. ეს ამბავი ოცდახუთი წლის წინ მოხდა. არ ვიცი, როგორ აღიქვეს ეს ყველაფერი მაშინ, გერმანიაში, ეს აფეთქებები და ადამიანების გატაცებები.

–    წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, თქვენ ასე არ გეჩვენებათ?

–    ზოგი თვლის, რომ ყოველი მათგანი თავ-თავიანთ საკნებში დახოცეს.

–    წინდაწინ დათქვეს. ესენი ხომ ტერორისტები იყვნენ. ხოლო ტერორისტები, როცა სხვა ადამიანებს არ კლავენ, თავს იკლავენ, – თქვა კაცმა.

ქალი ანდრეას ბაადერს უმზერდა, ჯერ ერთ ტილოზე, მერე – მეორეზე. მერე მზერით ისევ პირველ ტილოს დაუბრუნდა.

–    არ ვიცი. თუ ასეა, შეიძლება ეგ უარესიც იყოს. მაშინ უფრო სევდიანი გამოდის მათი ამბავი. რამხელა ნაღველია ამ ნახატებში.

–    ნახეთ, აქ ერთ-ერთი იღიმება, – თქვა კაცმა.

ღიმილით გუდრუნი იღიმებოდა. ნახატზე, რომელსაც ,,კონფრონტაცია 2“ ერქვა.

–    დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ღიმილია. თუმცა, შეიძლება იღიმება კიდეც.

–    ეს ყველაზე ნათელი სახეა ამ დარბაზში. შეიძლება, მთელ მუზეუმშიც. იღიმება, – თქვა კაცმა.

ქალი დარბაზის მეორე მხარეს, გუდრუნის პორტრეტისკენ მიტრიალდა და გრძელ სკამზე მჯდომარე, მისკენ ნახევრად მობრუნებული შემელოტებული, კოსტიუმიანი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ყელსახვევი ოდნავ შეეხსნა. მზერით დაურბინა. მამაკაცი მას უყურებდა, ქალი – ციხისსამოსიან გუდრუნს, რომელიც კედელს იყო მიყუდებული, და ერთ-ერთ, საშუალო ზომის ნამუშევარზე თითქოს… ჰო, იღიმებოდა. სამი ტილო ეკიდა გუდრუნის გამოსახულებით: ერთზე იღიმებოდა, მეორეზეც, მესამეზე თითქოს არც იღიმებოდა.

–    ამ ნახატების აღსაქმელად გარკვეული განათლებაა საჭირო. სხვაგვარად ჭირს ამ გამოსახულებების ერთმანეთისგან გამოცალკევება.

–     ძალიანაც გასაგებია ყველაფერი. უბრალოდ უნდა უყურო. უნდა უყურო, სხვა არაფერი.

გოგონას საკუთარ ხმაში ოდნავი საყვედურის ინტონაცია მოესმა. მოშორებული კედლისკენ დაიძრა, ტილოსკენ, რომლის ნახევარზე მაინც ერთმანეთზე ახროხლილი წიგნის თაროები იყო გამოსახული, და კიდევ რაღაც მუქი, გაურკვეველი საგანი – შესაძლოა, საკიდზე ჩამოკიდებული პალტო.

–    თქვენ ალბათ სტუდენტი ხართ, ან სახვით ხელოვნებას ასწავლით, – თქვა კაცმა, მე კი, სიმართლე გითხრათ, სამსახურს ვეძებ და ერთი გასაუბრებიდან მეორემდე დრო აქ გამყავს.

გოგონას არ მოუნდა გამოტყდომოდა, რომ აქ ორი სრული დღე გაატარა, ის დღე კი მესამე იყო. მომდევნო კედლისკენ გადაინაცვლა, რომელიც გრძელ სკამთან უფრო ახლო იყო. მერე მამაკაცს მიუბრუნდა.

–    ძვირი სიამოვნებაა აქ სიარული, – თქვა მამაკაცმა, – თუ აბონემენტი არ გაქვთ.

–    არ მაქვს.

–    ესე იგი, სახვით ხელოვნებას ასწავლით.

–    არა, არ ვასწავლი.

–    ალბათ, ერთი სული გაქვთ, მოვკეტო, არა? ,,მოკეტე რა, ერთი, ბობ“. ოღონდ მე ბობი არ მქვია.

ნახატზე ადამიანების დიდი ჯგუფი კუბოებს ეზიდებოდა. გოგონა თავიდან ვერ მიხვდა, რომ ეს კუბოები იყო. ბრბოც კი ვერ შენიშნა თავიდან, კარგა ხანი დასჭირდა ამის მისახვედრად. ეს ხალხი ნაცრისფერ ბუნდოვან მასად იყო გამოსახული, ოღონდ წინა პლანზე, შუა ნაწილიდან ცოტა მარჯვნივ მნახველისკენ ზურგშექცევით მდგარი ადამიანების ფიგურები მოჩანდა, ოდნავ უფრო შორს, ტილოს ზედა ნაწილში კი – რაღაც გამონათებასავით, რაც ალბათ უფრო მიწის ზოლი ან გზა უნდა ყოფილიყო, და გოგონას რაღაც ხანი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ სამი მოთეთრო ლაქა ნახატის ცენტრთან ახლოს კუბოები იყო, რომლებიც ბრბოს გამოეტარებინა და მიწაზე დაესვენებინა.

ამ კუბოებში ესვენა ანდრეა ბაადერის, გუდრუნ ენსლინის და იმ მამაკაცის გვამები, რომლის სახელიც გოგონას არ ახსოვდა. ისიც თავის კამერაში იპოვეს მოკლული. ბაადერივით. გუდრუნი – ჩამომხრჩვალი.

გოგონამ იცოდა, რომ ეს ულრიკეს მერე მოხდა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ. ულრიკე, გოგონამ ასე იცოდა, 1976 წლის მაისში გარდაიცვალა.

დარბაზში ორი მამაკაცი შემოვიდა, მათ კვალდაკვალ ხელჯოხიანი ქალი შემოჰყვათ. სამივე იმ სტენდთან დადგა, რომელზეც ნამუშევრებისთვის დართული განმარტებები იყო და კითხვას შეუდგნენ.

კუბოებიან ნახატზე კიდევ იყო რაღაც, რაღაც ძნელად მოსახელთებელი. გოგონამ ეს მხოლოდ მეორე დღეს, გუშინ შენიშნა, და შენიშნა თუ არა, ამ რაღაცამ მასზე შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება მოახდინა და თვალს ახლაც ვერ აშორებდა – ტილოს ზედა ნაწილში, შუაგულიდან ოდნავ მარცხნივ საგანი იყო გამოსახული, შეიძლება ხე, ხის გაურანდავი ჯვრის მსგავსი ფიგურა.

გაიგონა თუ არა, რომ ხელჯოხიანი ქალი მოპირდაპირე კედლისკენ გაეშურა, ნახატს მიჯრით მიუდგა.

გოგონამ იცოდა, რომ ეს ნამუშევრები ფოტოების მიხედვით იყო შექმნილი, მაგრამ თვითონ ფოტოები არ უნახავს, და ამიტომ არ იცოდა, იდგა თუ არა ფოთლებშემოძარცული ან გამხმარი ხე სასაფლაოს უკან, ანდა ზედ კენწეროსქვეშ გარდიგარდმო გამოზრდილი ორი ტოტი, რომლებიც მას ჯვარს ამსგავსებდნენ.

ახლა უკვე გვერდით ედგა, – მამაკაცი, რომელსაც აქამდე ესაუბრებოდა.

–    მითხარით, რას ხედავთ. გულწრფელად მითხარით. მინდა, ვიცოდე.

ამ დროს დარბაზში ხალხი შემოვიდა: გიდს დამთვალიერებლების ჯგუფი შემოჰყვა და მათკენ გაექცა თვალი. უყურებდა, როგორ იკრიბებოდნენ ციკლის პირველ ნახატთან, რომელზეც ულრიკე გაცილებით უფრო ახალგაზრდა ქალადაა გამოსახული, ვიდრე ბოლოს იყო, თითქმის გოგონად, სევდიანი, ჩაფიქრებული სახით. მისი ხელის მტევანი კი თითქოს მის გარს შემოჯარულ სიბნელეში დაცურავს.

–    ახლაღა ვხვდები, რომ პირველ დღეს ეს ნახატები თითქმის უაზროდ მითვალიერებია. მეგონა, რომ ვუყურებდი, მაგრამ თურმე მხოლოდ პირველი შთაბეჭდილება მიმიღია. დღესღა ვიწყებ ამათ აღქმას.

გვერდით ედგა, ერთად უმზერდნენ კუბოებს, ხეებს და ადამიანების მასას. გიდი ჯგუფისთვის ნამუშევრების შესახებ თხრობას შეუდგა.

–    მერე რას გრძნობთ ახლა, რაკი აღქმა ახლა დაიწყეთ? – ჰკითხა კაცმა.

–    არ ვიცი, მიჭირს ახსნა.

–    მე, მაგალთად, ვერაფერს ვგრძნობ.

–    მგონი უსუსურობის განცდა მიჩნდება. ეს ნამუშევრები თითქოს იმის განცდას გიჩენენ, თუ რა უსუსურია ადამიანი.

–    ამისთვის მოდიხართ აქ, მესამე დღეა? იმისთვის, რომ საკუთარი უსუსურობა შეიგრძნოთ? – კითხა კაცმა.

–    იმიტომ მოვდივარ, რომ მიყვარს ეს ნახატები. სულ უფრო და უფრო მეტად მიყვარდება. თავიდან მაბნევნდნენ. ახლაც, ცოტა არ იყოს. მაგრამ ახლა ვიცი: იმიტომ მოვდივარ, რომ მიყვარს ეს ნახატები.

საქმე კი ჯვარში იყო. გოგონამ ნახატზე ჯვარი დაინახა და ისეთი გრძნობა დაეუფლა – შეიძლება, მართებული იყო ეს გრძნობა, შეიძლება, მცდარი – რომ ნახატი რაღაც ისეთი ელემენტი იყო, რომელიც შენდობაზე აფიქრებდა, თითქოს ეს ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ტერორისტები, მანამდე – ულრიკე, ასევე ტერორისტი, შეუნდობარნი არ დარჩებოდნენ.

მაგრამ გვერდით მდგარი მამაკაცისთვის ჯვარი არ უჩვენებია. არ სურდა მასთან ამაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, აცნობიერებდა, რომ ჯვარი არ მოლანდებია, მხატვრის დაუდევარ მონასმებს შორის არ მოსჩვენებია, მაგრამ პრიმიტიული დაეჭვების მოსმენა სხვა ადამიანისგან ახლა არ სურდა.

მერე სასაუზმოში გავიდნენ და ვიწრო ბარის გასწვრივ გამწკრივებულ სკამებზე ჩამოსხდნენ. ბარი ფანჯარას მთელს გაყოლებაზე გასდევდა, გოგონა მეშვიდე ავენიუზე მოსიარულე ადამიანების მასას ადევნებდა თვალს და საჭმლის გემოს ლამის ვერ გრძნობდა. ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, თითქოს ნახევარი მსოფლიო აქ მირბი-მორბოდა.

–    პირველი დღის გააქტიურებული ვაჭრობა გამომრჩა, – თქვა კაცმა, – როცა ბირჟაზე აქციების ფასი დაუჯერებლად იზრდება, ხანდახან ოთხასი პროცენტით ორი საათის განმავლობაში. კუდებს მივუსწარი, როცა უკვე ყველაფერი გაყიდული იყო.

ამასობაში ყველა სკამი დაკავებული აღმოჩნდა და ახალშემომატებულებს ფეხზე მდგომელებს უხდებოდათ ჭამა. გოგონას შინ წასვლა და ავტომოპასუხის ჩანაწერების მოსმენა მოუნდა.

–    ახლა სულ ამ შეხვედრებზე დავრბივარ. სახეს ვიპარსავ, სულელივით ვიღიმები. ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია, – თქვა კაცმა, მსუბუქად, ღეჭვა-ღეჭვით.

მაღალი, ჩასხმული კაცი იყო, რაღაცნაირი თავისუფალი მოძრაობები ჰქონდა, დუნე მოუქნელობა. ვიღაცამ გოგონას წინ ხელსახოცის ასაღებად ხელი გაიწვდინა. გოგონა ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა აქ, რატომ ესაუბრებოდა ამ მამაკაცს.

–    არც ფერებია ამ ყველაფერში, არც რამე აზრი, – ჩაილაპარაკა კაცმა.

–    არა, იყო აზრი იმაში, რაც მათ გააკეთეს. სწორი არ იყო მათი საქციელი, მაგრამ არც სიბრმავე იყო მასში და არც სიცარიელე. ჩემი აზრით, მხატვარიც სწორედ ამ სიმართლეს ეძებდა. როგორ მოხდა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა? Mმგონი სწორედ ამ კითხვას სვამს. როგორ მოხდა, რომ ყველა მათგანი მოკვდა.

–    აბა სხვანაირად როგორ უნდა დამთავრებულიყო? თქვენ მითხარით ეს სიმართლე, – თქვა კაცმა, – თქვენ ხომ სახვით ხელოვნებას ასწავლით უნარშეზღუდულ ბავშვებს.

გოგონას გაუჭირდებოდა თქმა, საინტერესო მოეჩვენა მისი ნათქვამი თუ დაუნდობელი, მაგრამ ფანჯრის მინაში საკუთარ სახეზე თავშეკავებული ღიმილი დაინახა.

–    სახვით ხელოვნებას არ ვასწავლი.

–    ამ ფასთფუდის საჭმელს მე პირადად უფრო ნელა ვჭამ. გასაუბრება ოთხის ნახევარზე მაქვს. ნელა ჭამეთ. და მიამბეთ, რას ასწავლით.

–    არსად არ ვასწავლი.

გოგონას აღარ უთქვამს, რომ სამსახური მანაც დაკარგა. უკვე დაიღალა იმის გამუდმებული მოყოლით, როგორი სამუშაო ჰქონდა გამომცემლობაში, რომელიც სასწავლო ლიტერატურას გამოსცემდა. რაღა საჭირო იყო ამის თქმა, როცა აღარც სამუშაო ჰქონდა და აღარც მისი გამომცემლობა არსებობდა.

–    სამწუხაროდ, ნელა ჭამის ჩვევა არ მაქვს. გამუდმებით მიხდება საკუთარი თავისთვის შეძახება. მაინც არ გამომდის.

მაგრამ მიზეზი სხვა იყო. გოგონას არ უთქვამს, რომ სამსახურს ეძებდა, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ რაღაც აქვთ საერთო. არ უნდოდა, მათ შორის თანალმობის თუ მეგობრობის მსგავსი გრძნობა გაჩენილიყო. სჯობდა, საუბრის ტონი დამაშორიშორებელი, გამაცალკევებელი ყოფილიყო.

ვაშლის წვენს სვამდა და ქუჩის გამვლელ-გამომვლელთა მასას გასცქეროდა, მათ სახეებს, რომლებიც რაღაც წამებით ყოველთვის გასაგები და შეცნობადი ეჩვენებოდა, შემდეგ კი სამუდამოდ ერეცხებოდა მეხსიერებიდან.

–    ჯობდა, ნამდვილ რესტორანში წავსულიყავით. აქ ძნელია საუბარი. თავს მყუდროდ ვერ გრძნობთ.

–    არა, არაფერია. მშვენივრად ვარ აქ. დროც არ მაქვს ახლა საამისოდ.

კაცმა თითქოს აწონ-დაწონა მისი ნათქვამი, გუნებაში არ შეეპუა და იხტიბარი ოდნავაც არ გატეხვია. გოგონამ გაიფიქრა, ტუალეტში ხომ არ გავიდეო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. მკვდრის პერანგი გაახსენდა. ანდრეას ბაადერის პერანგი, რომელიც ერთ ნახატზე უფრო ჭუჭყიანი თუ უფრო სისხლიანი ჩანდა, ვიდრე ციკლის მეორე ნახატში.

–    სამაგიეროდ, თქვენ თვითონ გაქვთ შეხვედრა სამ საათზე დანიშნული, – უთხრა კაცს.

–    ოთხის ნახევარზე. მაგრამ მანამდე დიდი დროა. ის სულ სხვა სამყაროა. იქ ყელსახვევს ვიკეთებ, შევდივარ, ვჯდები, სახელით ვეცნობი, – კაცი წამით შეყოვნდა, მერე გოგონას შეხედა, – ახლა წესით უნდა მეკითხებოდეთ, ,,ვინ ხართ, გამეცანით“.

გოგონამ ისევ დაინახა ღიმილი თავის სახეზე. მაგრამ არაფერი უთქვამს. გაიფიქრა, რომ შეიძლება ულრიკეს ყელზე დანახული ნაჭდევი სინამდვილეში ნაჭდევი კი არა, თოკი იყო – თოკი, და არა მავთული, ან ქამარი ან რამე სხვა.

–    ახლა თქვენი რეპლიკა დიალოგში უნდა იყოს: ,,ვინ ხართ?“ ისე კოხტად მიგიყვანეთ ამ ფრაზამდე, თქვენ კი თქვენი რეპლიკით არ ისარგებლეთ.

ჭამა დაამთავრეს, მაგრამ ქაღალდის ჭიქები ჯერ არ დაეცარიელებინათ. ილაპარაკეს ბინის ქირაზე, ქირის ფასებზე ქალაქის ამა თუ იმ უბანში. გოგონას არ უნდოდა თქმა, სად ცხოვრობდა. სინამდვილეში სულ სამი კვარტლის დაშორებით ცხოვრობდა, შეუხედავ აგურის სახლში, რომელსაც, ყველა მისი ნაკლის მიუხედავად, უკვე საკუთარი ცხოვრების ტექსტურის ნაწილად აღიქვამდა და ყოფიერების სიმძიმისაგან იმდენად გამოყოფილი ჰქონდა, მასზე დაჩივლებას გუნებაშიც ვერ გაივლებდა.

მერე დიდხანს არჩევდნენ ადგილებს, სადაც სირბილი და ველოსიპედით გასეირნება შეიძლებოდა. კაცმაც უთხრა, სად ცხოვრობდა და რომელ მარშრუტებს ირჩევდა სარბენად, გოგონამ კი დაიჩივლა, რომ ველოსიპედი სახლის სარდაფიდან მოპარეს, ხოლო როცა კაცმა ჰკითხა, სად ცხოვრობდა, უხალისოდ, მაგრამ მაინც უთხრა, კაცი კი, რომელიც თავის დიეტურ სოდიან სასმელს სვამდა, ფანჯარაში იყურებოდა, ან, შესაძლოა, სულაც ფანჯარას უყურებდა, სადაც მათი მკრთალი ანარეკლები წყვილად მოჩანდა.

 

როცა გოგონა აბაზანიდან გამოვიდა, კაცი სამზარეულოს ფანჯარასთან ისე იდგა, თითქოს ელოდებოდა, როდის ჩაიდგამდა სულს რაღაც, რასაც გასცქეროდა. მაგრამ იქ არაფერი იყო, აგურის მტვრიანი კედლის და მინის გარდა: მეზობელ ქუჩაზე მდგარი შენობა, რომლის ზედა სართულზე რაღაც საწარმო იყო განთავსებული, ფანჯრისკენ ყრუ კედლით იდგა.

სტუდიოს ტიპის ბინა იყო, ნახევრად გამოყოფილი სამზარეულოთი. კუთხეში პატარა საწოლი იყო მიდგმული, ზედ ჭრელი ბერბერული პლედი ეფარა – ერთადერთი რამ ბინაში, რაც ყურადღებას იპყრობდა.

გოგონამ იცოდა, რომ წესით, კაცისთვის დასალევი უნდა შეეთავაზებინა. უხერხულად გრძნობდა თავს, რადგან მოულოდნელი სტუმრების მიღებას არ იყო მიჩვეული.

–    დიდი ხანია, აქ ცხოვრობთ?

–    თითქმის ოთხი თვეა. მანამდე ვმომთაბარეობდი, – თქვა გოგონამ, – ხან ბინას ვქირაობდი, ხანაც მეგობრებთან ვცხოვრობდი ცოტ-ცოტა ხანს. განქორწინების შემდეგ სულ ასე იყო.

–    განქორწინების? – ეს ისეთივე შეცვლილი ხმით თქვა, ისეთივე რიხიანი ბარიტონით, როგორც მანამდე ,,სახელმწიფო“.

–    მე ცოლი არასდროს მყოლია. გჯერათ? ჩემი მეგობრების უმეტესობა ამ ასაკში… თუმცა, რა უმეტესობა, ყველა ასეა: ქორწინება, განქორწინება, ბავშვები. თქვენ არასდროს გდომებიათ ბავშვები?

–    არასდროს? ოდესმე ალბათ მომინდება, კი.

–    მე სულ ბავშვებზე ვფიქრობ. ეგოისტად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ასე ვუფრთხი ოჯახის შექმნას. მერე რა, რომ სამსახური არ მაქვს. დღეს თუ ხვალ მექნება, თან კარგი. ამას რა მნიშვნელობა აქვს. სინამდვილეში ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავზარდო თოთო, ერთი ციდა ადამიანი.

მერე ხის დაბალ ყავის მაგიდასთან, რომლზეც გოგონა ყოველთვის ჭამდა ხოლმე, გარდიგარდმო ისხდნენ და ლიმონის ნაჭრებიან სელტერის წყალს სვამდნენ. ეს საუბარი გოგონას ცოტათი აკვირვებდა. არა, ლაპარაკი არ უჭირდა, თავს მაშინაც კი არ გრძნობდა უხერხულად, როცა საუბრის დროს მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდებოდა ხოლმე. გოგონა გრძნობდა, რომ კაცი პატიოსნად და გულწრფელად მსჯელობდა.

მერე მამაკაცის მოსულ სხეულზე სადღაც ფიჭურმა ტელეფონმა დარეკა. კაცმა მოკლედ ისაუბრა, მერე ისე, რომ ტელეფონი ხელიდან არ გაუშვია, ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა.

– ჯობდა გამომერთო. მაგრამ ადამიანი სულ ფიქრობ, ვთქვათ-და გამოვრთე, ვიცი, რას გამოვტოვებ? იქნებ რაღაც წარმოუდგენლად არაჩვეულებრივს.

– ზარს, რომელიც ამ ქვეყნად ყველაფერს ცვლის.

– რაღაც არაჩვეულებრივს. მთელი ჩემი ცხოვრების ზარს. ჩემს ფიჭურ ტელეფონსაც ამიტომ ვცემ პატივს.

გოგონას საათისკენ მოუნდა ახედვა.

–    ახლა გასაუბრება არ უნდა გქონოდათ? გაგიუქმეს?

არაო, უთხრა კაცმა, გასაუბრებასთან ამ ზარს კავშირი არ აქვსო, და გოგონამ თვალი კედლის საათისკენ გააპარა. ვერ გადაეწყვიტა, უნდოდა თუ არა, რომ კაცს გასაუბრება გამოეტოვებინა. შეუძლებელია, რატომ უნდა სდომებოდა.

–    მგონი, თქვენც ჩემსავით ხართ მოწყობილი, – თქვა კაცმა. – მაინცდამაინც რაღაც მნიშვნელოვანის ზღურბლზე უნდა აღმოჩნდეთ, მანამდე მზად არ ხართ. მხოლოდ მერე ეკიდებით რამეს სერიოზულად.

–    მამობას გულისხმობთ?

–    სიმართლე გითხრათ, გასაუბრება თავად გავაუქმებინე. იქ რომ იყავით, მაშინ. – კაცმა თავის მოძრაობით აბაზანაზე მიანიშნა.

გოგონა უცნაურმა პანიკამ აიტანა. კაცმა სელტერის წყლის ბოლო ყლუპი მოსვა და თავის უკან-უკან გადაწევა დაიწყო, მანამდე, სანამ ყინული პირში არ ჩაუსრიალდა. მერე ერთხანს ჩუმად ისხდნენ, ყინულის გადნობას ელოდებოდნენ. მერე კაცი ჯიქურ შეაცქერდა. შეხსნილი ჰალსტუხის ცალ ბოლოს ხელში აწვალებდა.

–    მითხარით, რა გინდათ.

გოგონა არ განძრეულა.

–    იმიტომ, რომ ვგრძნობ, თქვენ ჯერ მზად არ ხართ და არ მინდა, რამე ნაჩქარევად გავაკეთო. მაგრამ ისე, რომ დავფიქრდეთ, აქ კი ერთად მოვედით.

გოგონა არ უყურებდა.

–    მე ისეთ კაცებს არ მივეკუთვნები, თავის ჭკუაზე რომ უყვართ ქალის ტარება. მე ჩემს ნებას თავზე არ მოგახვევთ. მითხარით, რა გინდათ.

–    არაფერი.

–    საუბარი, ერთმანეთის მოსმენა – სულ ერთია, რაც თქვენ გინდათ. გრძნობა, – განაგრძო კაცმა, – ამ ცხოვრების მთავარი ნაწილი არ არის. გრძნობა როგორც მოდის, ისევე მიდის. ჩვენ კი აქ ვართ, ამიტომ ეგებ…

–     მინდა რომ წახვიდეთ. გთხოვთ.

კაცმა მხრები აიჩეჩა:

–    ნება თქვენია.

მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.

–    თქვენ მკითხეთ, რა მინდა. მე მინდა, რომ წახვიდეთ.

კაცი იჯდა და არ ინძრეოდა. მერე თქვა:

–    იცით, ეს გასაუბრება უმიზეზოდ არ გამიუქმებია. არც ეს ჩვენი საუბარია ამის მიზეზი.

აი, გიყურებთ ახლა. თავს ვეუბნები, იცი ვის ჰგავს ის ახლა? ავადმყოფს, რომელმაც საამქვეყნოდ იბრუნა პირი.

–    გარწმუნებთ, რაც მოხდა, შეცდომაა. ჩემი შეცდომა.

–    ხვდებით, რას ვამბობ? მე და თქვენ აქ მოვედით. როგორ მოხდა ეს? არანაირი შეცდომა არ ყოფილა. მოდით, ვიყოთ მეგობრები, – უთხრა კაცმა.

–    მე კი მგონია, რომ უნდა დავამთავროთ ეს ამბავი.

–    რა დავამთავროთ? ვაკეთებთ რამეს?

კაცი ცდილობდა, რბილად ელაპარაკა და მომენტის სიმძაფრე ასე შეერბილებინა.

–    როგორც გამოჯანმრთელების პირას მყოფი ავადმყოფი-მეთქი. ჯერ მუზეუმში ვიყავით, ეგ რომ გავიფიქრე. კარგია. მშვენიერია. ახლა კი ორივენი აქ ვართ. და რაც არ უნდა გაგვეკეთებინა ან უნდა გავაკეთოთ, ეს დღე, როგორც მოვიდა, ისე გავა.

–    აღარ მინდა ამის გაგრძელება.

–    ვიყოთ მეგობრები.

–    არ არის ეს ყველაფერი სწორი.

–    არა, ვიმეგობროთ.

ინტიმურობა, რომელიც კაცს ხმაში შეეპარა, იმდენად ხელოვნური იყო, რომ გოგონამ საფრთხედ აღიქვა. ვერ გაეგო, რატომ იჯდა ჯერ იქ, სადაც იჯდა. კაცი მისკენ დაიხარა და ხელი მხარზე დაადო.

–     ჩემს ნებას თავს არასდროს არავის ვახვევ. არ მჩვევია ასეთი რაღაც.

გოგონამ ხელი უკან გამოსწია და ფეხზე წამოდგა. და წამოდგა თუ არა, რაღაცნაირად მამაკაცის სხეულით აღმოჩნდა გარემოცული. უნებურად თავი მხრებში ჩარგო.

კაცს არც მისი მოხვევა უცდია, არც მკერდზე ან თეძოებზე მოფერება, მაგრამ მისი ძალდაუტანებლად დატყვევება მაინც მოეხერხებინა. გოგონა ერთხანს თავს ისე გრძნობდა, თითქოს საერთოდ აღარ არსებობდა, მთლიანად ჩაბრუნდა საკუთარ თავში, ჩაჩუმდა, სუნთქვა შეიკრა და დაიმალა. მერე თავი გაითავისუფლა. მამაკაცმა ამის საშუალება მისცა, მაგრამ ისეთი დაჟინებით, ისეთი მუშტრის თვალით უცქერდა, რომ გოგონა ლამის ვეღარ ცნობდა. კაცი მზერით აფასებდა, რაღაც საშინელი, მწველი მზერით აფასებდა.

–    ვიყოთ მეგობრები, – უთხრა ისევ.

გოგონა გრძნობდა, რომ თავს აქნევდა, თითქოს არ სჯეროდა, რაც ხდებოდა, თითქოს მომხდარის უკან დაბრუნება, გაუგებრობისთვის მიწერა შესაძლებელი ყოფილიყო. კაცი უმზერდა და უმზერდა. გოგონა საწოლის გვერდით იდგა, და კაცის მზერაში სწორედ ეს ინფორმაცია იკითხებოდა, ეს ორი რამ, ერთად, გოგონა და საწოლი. კაცმა მხრები აიჩეჩა, თითქოს ამბობდა, ,,ეს არის ის ერთადერთი რამ, რაც ბუნებრივად შეიძლება მოხდეს. აქ ერთად ყოფნას რა აზრი აქვს, თუ რაც მოსახდენია, ვერ მოხდება?“ მერე რამდენიმე აუჩქარებელი მოძრაობით, რომლებმაც თითქოს ოთახი შეავსო, პიჯაკი გაიხადა. დაჭმუჭნილ თეთრ პერანგში, გაოფლილი, უფრო ტანმსხვილი ეჩვენა – მისთვის სრულიად უცხო მამაკაცი. კაცს პიჯაკი განზე გაწეულ, გაშლილ ხელში ეჭირა.

–    ხედავთ, რა ადვილია, -თქვა მან. – ახლა თქვენი ჯერია, ფეხსაცმლით დაიწყეთ. გაიხადეთ, ჯერ ერთი, მერე – მეორე.

გოგონა სააბაზანოსკენ წავიდა. არ იცოდა, რა ეღონა. კედელს მიუყვებოდა, თავჩაქინრული, გარშემო ვერაფერს ხედავდა. მერე სააბაზანოში შევიდა. კარი მიხურა, მაგრამ ჩაკეტვის შეეშინდა. იფიქრა, რომ კაცს ეს გააღიზიანებდა, რამეს ჩაადენინებდა, ვინ იცის, იქნებ დაემტვრია რაღაც, ან უარესიც ექნა. ამიტომ საკეტი აღარ გადაუწევია. გადაწყვიტა, რომ არც გადაწევდა, მანამდე მაინც, სანამ კაცი აბაზანაში შემოსვლას არ დააპირებდა. ჯერჯერობით დარწმუნებული, ან თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ახლა ყავის მაგიდასთან იდგა.

–    გთხოვთ, წადით, – თქვა გოგონამ.

 

ისე არაბუნებრივად ჟღერდა მისი ხმა, ისე გაუბედავად, რომ მის გაგონებაზე შიში უარესად მოეძალა. მერე გაიგონა, როგორ ამოძრავდა კაცი. აუჩქარებლად, ძალდაუტანებლად, ლამის სასეირნო ნაბიჯით, რადიატორს ჩაუარა, ფეხქვეშ რაღაც აუჩხრიალდა, მერე საწოლს მიუახლოვდა.

–    უნდა წახვიდეთ აქედან, – გაუმეორა, ახლა უფრო ხმამაღლა.

კაცი საწოლზე იჯდა და ქამრის ბალთას იხსნიდა. სწორედ ეს იფიქრა გოგონამ, როცა ოთახიდან მომავალი ხმა გაიგონა, შარვლის გასაყრელში ქამრის გამოტარების ხმა, მერე ბალთის ენამ გაიწკაპუნა. მოესმა, როგორ გაიხსნა კაცმა ელვა-შესაკრავი.

გოგონა ისევ სააბაზანოს კარს უკან იდგა. ცოტა ხანში გაიგონა, როგორ უხშირა კაცმა სუნთქვას, თითქოს რამე სამუშაოს ასრულებდა დიდი კონცენტრირებით, თან ცხვირით, მოგუდულად სუნთქავდ. გოგონა ჩუმად იდგა და ელოდა, თავდახრილი აწვებოდა კარის სახელურს. სხვა აღარაფერი დარჩენოდა, მხოლოდ სმენა და ლოდინი.

მოამთავრა თუ არა კაცმა, ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა, მერე გოგონამ ისევ გაიგონა კაცი ამოძრავების ხმა, ტანისამოსის აშარიშურება. პიჯაკს თუ იცვამდა. მეორე სააბაზანოს მიუახლოვდა. გოგონამ გაიფიქრა, რომ კარის ჩაკეტვა მანამ ჯობდა, სანამ კაცი საწოლზე იჯდა. გოგონა იდგა და ელოდა. მერე იგრძნო, როგორ მიაწვა კაცი კარს, მისგან ერთ ინჩზე, მთელი სხეულის სიმძიმით, მაგრამ თითქოს გასაღებად არ აწვებოდა, უფრო მოყრდნობოდა. გოგონამ უხმაუროდ გადასწია საკეტის ენა. კაცი ისევ ზედ კარზე იყო მოწოლილი, ხმამაღლა სუნთქავდა და ლამის კარს შემოდნობოდა.

–    მაპატიე, – თქვა კაცმა.

ძლივს ისმოდა მისი ხმა, კვნესას უფრო გავდა. გოგონა იდგა, ელოდებოდა. კაცმა თქვა:

–     ბოდიშს გიხდი. მაპატიე, თუ შეგიძლია. არ ვიცი, კიდევ რა ვთქვა.

–    გოგონა ელოდა, როდის წავიდოდა კაცი. როგორც იქნა, გაიგონა, როგორ გადაიარა კაცმა ოთახი და როგორ მიიხურა ბინის კარი, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ ელოდა. მერე სააბაზანოდან გამოვიდა და შემოსასვლელი კარი ჩარაზა.

ახლა ყველაფერს გაორებულად ხედავდა. იქ იყო, სადაც ყოფნა უნდოდა, მარტო, მაგრამ ახლა ვეღარაფერს აღიქვამდა ადრინდელივით. ნაძირალა. ახლა ოთახში ყველაფერს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ყველაფერი ისეთი იყო, როგორც იყო, მაგრამ თან იმ ასოციაციებად ქცეულიყო, რომლებიც გონებაში ებადებოდა. სასეირნოდ გავიდა ქუჩაში, მაგრამ შინ დაბრუნებულს ახალგაჩენილი ურთიერთკავშირები არ გაჰქრობია. ყველაფერი რაღაცას აგონებდა: ყავის მაგიდა, საწოლი, სააბაზანო ოთახი. ნაძირალა. გოგონამ მის სახლთან ახლოს მდებარე პატარა რესტორანში ივახშმა და დასაძინებლად ადრე დაწვა.

მომდევნო დილას, როცა ისევ მუზეუმში მივიდა, კაცი დარბაზში მარტო იყო, მის შუაგულში, გრძელ სკამზე, შემოსასვლელისკენ ზურგშექცევით იჯდა და ციკლის უკანასკნელ ნამუშევარს შესცქეროდა, დანარჩენებზე უფრო დიდი ზომისას, და იმათში ყველაზე სულისშემძვრელს – ნახატს, რომელზეც კუბოები და ჯვარია გამოსახული და ,,დაკრძალვა“ ჰქვია.

© The New Yorker, 2002

© “არილი

Facebook Comments Box