
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
მოთხრობა „მედოლე ყმაწვილი დამოუკიდებლობის დღეს“ დაიწერა ორმოცდაათიანი წლების შუა ხანებში, მას შემდეგ, რაც ე.ლ. დოქტოროუმ, რომელიც იმ დროს ოცი წლის ასაკს გადასცდა, დაასრულა სამხედრო სამსახური გერმანიაში. დოქტოროუს ბიოგრაფმა, ბრიუს ვებერმა, ეს მოთხრობა ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში იპოვა, დოქტოროუს არქივში. მოთხრობა The New Yorker-ში გამოქვეყნდა 2024 წლის ივლისში.
ჩვენს ქალაქში, ისევე, როგორც სხვა ქალაქთა უმრავლესობაში, ოთხი ივლისის დღესასწაულს აღვნიშნავდით აღლუმით, მთავარი მოედნის ირგვლივ და ასევე, მერიის შესასვლელთან წარმოთქმული საზეიმო სიტყვებით. რასაკვირველია, ცერემონიას აუცილებლად უნდა დასწრებოდა სამოქალაქო ომის ვეტერანი. იმ დროს, რომელზეც ვწერ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ერთი ვეტერანი – ბუნებრივია, კონფედერატი – გაძვალტყავებული ბერიკაცი, სახელად ჯონ სიუეტი. ჯონი მედოლედ მსახურობდა ტომას ჯონათან ჯექსონის[1] არმიაში და მიიჩნეოდა, რომ ის შეესწრო ყველაფერს, რაც კი შენანდოას ველზე მოხდა. მაგრამ თვით ჯონი არასოდეს ჰყვებოდა თავისი ახალგაზრდობის შესახებ და, ალბათ, ას ორი წლისა გახლდათ, როდესაც, ბოლოს, დათანხმდა, სათავეში ჩასდგომოდა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმს.
როდესაც ჯონი დღესასწაულში მონაწილეობაზე დათანხმდა, აღლუმის კომიტეტი სახტად დარჩა. ჩვეულებრივ, ბერიკაცი ზურგს აქცევდა ხოლმე მიმსვლელებს და ათწლეულების განმავლობაში უარს ამბობდა დღესასწაულში მონაწილეობაზე. საქმე ისაა, რომ ქალაქის მცხოვრებთ არც ისე ეამაყებოდათ, რომ სამოქალაქო ომის ამგვარი ვეტერანი ჰყავდათ: ჯერ ერთი, როდესაც ჯონს ყოველ დაბადების დღეს ეკითხებოდნენ, რა უნდა ყოფილიყო მისი დღეგრძელობის მიზეზი, ის გენებს ასახელებდა; მეორეც, ჭირის დღესავით სძულდა ბავშვები; მესამეც, იმდენად ღრმა მოხუცი იყო, რომ სახეზე ნაოჭები გასწორებოდა და ლამაზ, უკბილო ქალიშვილს წააგავდა.
შესაძლოა, მიმსვლელებს ჯონის ამღვრეული, მრისხანე თვალები და მოხრილ მხრებში ჩამალული პატარა თავი აშინებდათ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ხალისით ელაპარაკებოდა, იყო მისი ქალიშვილი, სამოცდაათი წლის შინაბერა, რომელიც ჯონს უვლიდა დაბზარულ ხის სახლში, ქალაქის ცენტრის მახლობლად. დილაობით სვამდა ყავისფერ პარმაღზე, რომელსაც დამტვრეული მოაჯირი ჰქონდა, ხოლო ირგვლივ სარეველები და მინდვრის ყვავილები ყვაოდა. აქ დღის პირველ ნახევარში მოხუცებული ტკბებოდა მზის სხივებით; შუადღეს, როდესაც ჯონი გამოიძინებდა, სახლის უკანა მხარეს მიჰყავდა და იქ სვამდა იმ ხნის განმავლობაში, სანამ მზე ნელ-ნელა გადაინაცვლებდა რკინიგზის სადგურისა და ბურთულსაკისრების ქარხნისკენ, ბოლოს კი თვალს მიეფარებოდა. ჯონის ასაკი ყველასთვის უცნობი იყო; არავის ახსოვდა, რომ ჯონს რამე მახვილგონივრული ეთქვა; არავის ახსოვდა, იყო თუ არა ჯონი მათი მამის ან, თუნდაც, ბაბუის მეგობარი.
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, როგორ გამოიყურებოდნენ სამოქალაქო ომის ვეტერანები აღლუმებზე. ისინი, ჩვეულებრივ, უსახურავო მანქანებში ისხდნენ და, მედლებით შემკულნი, განურჩევლად, უაზროდ იმზირებოდნენ. ასე გამოპრანჭავენ ხოლმე მაიმუნებს, რათა ლამაზად გამოიყურებოდნენ. ჯონი დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ მანქანაში არ ჩასვამდნენ და სამხედრო ფორმაში არ გამოაწყობდნენ. რასაკვირველია, ზოგიერთს ეს არ მოეწონა – ჩვენი ამერიკული ლეგიონის უფროსს, ლინდსი გრეისონს, ეჭვი ეპარებოდა, იყო თუ არა, საერთოდ, ჯონი სამოქალაქო ომის ვეტერანი – რომელი ვეტერანი იტყოდა უარს სამხედრო ფორმის ტარებაზე? იმასაც კი აპირებდნენ, ომის რომელიღაც სხვა მონაწილე ჩამოეყვანათ კოლდუელის ოლქიდან: ამბობდნენ, რომ იქ ცხოვრობდა კაცი, რომელიც მართლაც იბრძოდა ამ ომში – უბრალოდ, მედოლე როდი იყო – და რომ მას ჰქონდა ლონგსტრიტის მიერ ხელმოწერილი მადლობის სიგელი. მაგრამ ეს მითქმა-მოთქმა მალევე შეწყდა და როდესაც ოთხი ივლისი დადგა, აღლუმს სათავეში ჯონ სიუეტი ჩაუდგა. ეს სანახაობა არასოდეს დამავიწყდება.
ჯონი იმდენად მოხუცებული იყო, რომ დგომაც კი უჭირდა, თუ არაფერს ვიტყვით სამხედრო ნაბიჯით სვლაზე. ქალიშვილს მიჰყავდა. უკან მიჰყვებოდნენ ქალაქის მერი, სახანძრო რაზმის ორკესტრი, „კონფედერაციის ქალიშვილები“ და დანარჩენები. სამხედრო ნაბიჯით ასეთი ნელი სვლა შეუძლებელი გახლდათ. ორკესტრი ჩაჩუმდა, რადგან სამხედრო მარშის რიტმი აღლუმის მონაწილეთა მსვლელობის რიტმს აღარ შეესაბამებოდა და მალე მთელი აღლუმი გადაიქცა საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი, დაბნეული ადამიანების ბრბოდ, რომელიც ამ მოხუცებულს ისე მიჰყვებოდა, როგორც მოწაფეები მიჰყვებოდნენ ხოლმე ბერძენ ფილოსოფოსებს. ლინდსი გრეისონი, ლამის იყო, დასაბმელი გახდა.
მაგრამ მოხუცი ჯონისთვის – და მთელი ქალაქის მოსახლეობისთვისაც – ეს აღლუმი იყო; ჯონი მივიდა მერიის საფეხურებთან. არ ავიდა ორატორებისთვის განკუთვნილ თეთრად შეღებილ ტრიბუნაზე, არამედ გვერდზე გადგა. მისი „ამალა“ დაიბნა. არაფერი არ ხდებოდა ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო. ჯონი თითქმის უსინათლო გახლდათ, მაგრამ წელში გამართული იდგა და სხვებს არაფერი დარჩენოდათ, იმის გარდა, რომ ცოტაოდენი ჩოჩქოლის შემდეგ ერთ ადგილას გახევებულიყვნენ. მესაყვირემ საყვირი ძირს დაუშვა და საპატიო ყარაულის წევრები თავიანთ ფლაგშტოკებს დაეყრდნენ. რამდენიმე ბიჭი და გოგონა იცინოდა და ყბედობდა, მაგრამ ჯონმა დაიწყო ლაპარაკი ისე, როგორც ლაპარაკობენ მოხუცები, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია, რომ ვინმემ არ მოუსმინოს.
ხშირად ვყვები ხოლმე ამბავს იმის შესახებ, რაც იმ დღეს მოხდა და ყოველ ჯერზე წარმომიდგება ჯონ სიუეტი. აი, ის დგას ბრბოს წინ და თითქოს ზეწარში უნდა იყოს გახვეული, მოხეტიალე ინდოელი ბერების მსგავსად, ან კვერთხი უნდა ეჭიროს, იღლიებქვეშ კი ორი ქვის ფირფიტა ჰქონდეს ამოჩრილი. იმ ცხელ დილას ის თითქოს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი არ იყო. ცაზე მზე ვარვარებდა და ქროდა მხოლოდ ნელი სიო, რომელიც აფრიალებდა მხოლოდ კონფედერაციის პატარა ალმებს, მანქანებზე რომ მიემაგრებინათ, ხოლო ორატორებისთვის განკუთვნილ ცარიელ ტრიბუნაზე ვეება დროშები უძრავად ეკიდა. Walgreen’-ის გარდა ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. ჯონი დინჯად, სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა. მეეჭვება, რომ ვინმეს – წინა რიგებში მდგომთა გარდა – გაეგონა მისი ნათქვამი, მაგრამ მთელი ქალაქი გარინდული უსმენდა. „მანასასში,- თქვა მან, – სამარქაფო რაზმს ექვსი საათის განმავლობაში ველოდებოდით… შემდეგ საბრძოლველად წავედით…. და მარშით ჩავუარეთ საველე ქირურგიის ჰოსპიტალს… დოლზე ვუკრავდი ხელებისა და ფეხების გორასთან… რომელიც ჩემზე უფრო მაღალი იყო.“
ჯონის გვერდით მორცხვად იდგა მისი ქალიშვილი, რომელსაც მამის იდაყვი ეჭირა, უფრო ჯონის დედას ჰგავდა, ვიდრე მის ქალიშვილს. შავი კაბა ეცვა და დამნაშავესავით იღიმებოდა, ისე, რომ არავის უყურებდა, – თითქოს ეს სიტყვები ათასჯერ ჰქონდა გაგონილი მათი სახლის ჩახუთულ ნოტიო ჰაერში და ეუხერხულებოდა, რომ ჯონმა ისინი მზეზე გამოიტანა.
„მალე, – განაგრძობ ჯონმა, – ზეკიალ შუფორდი, რომელიც ჩემ მარცხნივ მოდიოდა, დაეცა. ტყვია კისერში მოხვედროდა… პირიდან სისხლი წამოსკდა… შევეცადე, ჭრილობა ხელით დამეფარა ან ტყვია ამომეღო… მაგრამ ზეკიალი უკვე მომკვდარიყო. მაშინ ნაკადულთან ჩავედი… დოლზე დასაკრავი ჯოხები ნაკადულს გავატანე… დოლზე ფეხებით შევდექი და დავამსხვრიე… შემდეგ ხელებიდან სისხლი ჩამოვიბანე და შინისკენ წავედი…. ჯებ სტიუარტი[2] ბრიყვი იყო… სწამდა, რომ დიდებას ვიხვეჭდით. ჰოდა, მისტერ ლიმ[3]… არ დაუშვა ის შეცდომა, რომელიც დაუშვა ჯებ სტიუარტმა… რომელსაც თქვენ ყველანი უშვებთ… იცოდა, რომ ზოგჯერ ადამიანი იძულებით იბრძვის, ძალდატანებით მონაწილეობს ომში…. და იცოდა, რომ ეს ადვილი არაა“. ჯონმა რამდენჯერმე გააწკლაპუნა ტუჩები. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კიდევ რაღაც ჰქონდა სათქმელი, მაგრამ უეცრად წინ გადაქანდა. მისმა მოღიმარმა ქალიშვილმა უფრო ღონივრად ჩასჭიდა ხელი და წაიყვანა. ხალხმა უკან დაიხია და გზა დაუთმო მამა-შვილს. შემდეგ ჯონმა ჩაუარა ლინდსი გრეისონს, რომელიც ეთათბირებოდა მერს, როგორ გაეგრძელებინათ დამოუკიდებლობის დღის ტრადიციული დღესასწაული. რამდენიმე წუთის შემდეგ მოედნის მეორე მხარეს მდგარი პოლიციის მანქანა დაიძრა და ჯონს ჩაუარა. პოლიციის უფროსმა, ედ რეინიმ, ქუდი მოიხადა და ბერიკაცს შინ მიყვანა შესთავაზა. ჯონმა თავი გააქნია, მაგრამ მისმა ქალიშვილმა რეინის თანხმობით უპასუხა, რადგან ჯონს სახე ასწითლებოდა და დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა. ამიტომ ედმა და კიდევ ერთ-ერთმა პოლიციელმა მამა-შვილი მანქანაში ჩასვა. წამის შემდეგ ჯონ სიუეტი მოედნიდან გაუჩინარდა. ამის შემდეგ ლინდსი გრეისონი, მერი, საშუალო სკოლის დირექტორი და „კონფედერაციის ქალიშვილების“ ადგილობრივი ფილიალის უფროსი, მისის კოქსი ორატორების ტრიბუნაზე ავიდნენ. ცერემონია დაიწყო. მაგრამ ყველაფერი რიგზე როდი იყო: მიკროფონი ხრიალებდა; მზე აცხუნებდა და მას შემდეგ, რაც ორკესტრმა დაუკრა ჰიმნი და „დიქსი“[4], მოედანი ბევრმა მანქანამ დატოვა, ხოლო ბავშვები ქუჩებში დაიფანტნენ. Walgreen’-ის გამყიდველი თვალს ვეღარ ადევნებდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს, რადგან ხალხი უკვე შედიოდა მაღაზიაში და ალუბლის ნაყინს ითხოვდა.
დღესასწაულების უმრავლესობის დროს ნაშუადღევი ძნელად ასატანია და ოთხი ივლისის ეს ნაშუადღევი ისეთივე იყო, როგორც – ნებისმიერი სხვა. ცარიელ, დანაგვიანებულ მოედანზე ცხელოდა. ქალაქის მცხოვრებნი სადილობის შემდეგ თავიანთ სახლებში თვლემდნენ ან მარაოებით გაგრილებას ცდილობდნენ. როგორც ჩანს, ყველამ შეიტყო ჯონ სიუეტის მიერ წარმოთქმული სიტყვის ესა თუ ის ვერსია, მაგრამ ერთიანი თვალსაზრისი ძალზე ნელა ყალიბდებოდა. მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ, როდესაც მზე დასავლეთისკენ გადაიწვერა და ჯო ჰოლერმა გახსნა თავისი ბარი (საგანგებოდ მიღებული ნებართვით), მისი მუდმივი მუშტრები შეიკრიბნენ და შეძლეს ერთმანეთისთვის ეკითხათ, თუ რას ფიქრობდნენ მომხდარის შესახებ.
რვა საათისთვის მოედანი კვლავ გამოცოცხლდა; მამაკაცები, რომლებსაც ოჯახები ქალაქგარეთ გაჰყავდათ, ჯოს ბარის წინ აჩერებდნენ მანქანებს, კარებს ღიად ტოვებდნენ და ბარში შედიოდნენ ლუდის დასალევად და იმის გასაგონად, თუ რაზე ლაპარაკობდნენ იქ შეკრებილნი. ცხრა საათისთვის უმრავლესობის თვალსაზრისი ჩამოყალიბდა და შუაღამეს, როდესაც სატვირთო მატარებლების ღამის დისპეტჩერი, ფრედ უორენი, დეპოში მივიდა, ეს თვალსაზრისი გააცნო ყველა მემანქანეს, რომლებმაც დეპოს ჩაუარა. იმის გათვალისწინებით, რომ მოხუცი ჯონი ამდენი ათწლეულის განმავლობაში დუმდა და არავის აძლევდა იმის საშუალებას, აღლუმზე გამოსაფენი თოჯინასავით მოჰქცეოდნენ, როგორც ჩანს, ყველამ მიიჩნია, რომ მის მიერ წარმოთქმული სიტყვა ოთხმოცი წლის დეზერტირის აღსარება გახლდათ.
რა თქმა უნდა, ყველა ისეთი თავდაჯერებული არ იყო, როგორც ლინდსი გრეისონი; ლუდისგან სახეაწითლებული ახმახი ლინდსი ხუთ ივლისამდე ლაქლაქებდა იმის შესახებ, რომ გამოაშკარავდა ძველი საიდუმლო – ის, თუ რატომ არაფერს ამბობდა მოხუცი ჯონი სამოქალაქო ომის შესახებ და რატომ არ ატარებდა თავის რუხი ფერის შარვალს. წარმოიდგინეთ, ლინდსიმ გვიან საღამოს ჩემს ოფისში კედელთან მიმამწყვდია და მომთხოვა, სარედაქციო სტატია დამეწერა „ჩვენი ქალაქის შემარცხვენლის“ შესახებ. თავის დახსნა მხოლოდ მაშინ შევძელი, როდესაც მისის გრეისონი მოვიდა და ქმარი შინ წაიყვანა. თუმცა ქალაქის ყველა მცხოვრები როდი იყო ისე მტრულად განწყობილი ჯონ სიუეტის მიმართ, როგორც ლინდსი, მაგრამ უმრავლესობა ეთანხმებოდა მას: მეთოდისტური ეკლესიის მღვდელმა, მისტერ ჰარპერმა მომდევნო კვირადღეს ეკლესიაში ქადაგება წაიკითხა გულმოწყალებისა და პატიების შესახებ და თქვა, რომ ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ ყმაწვილი იმ ნორმებით, რომლებითაც განვსჯით ზრდასრულ მამაკაცს. მე ყველაფერი ვიღონე, რაც კი შემეძლო; გამოვაქვეყნე ჯონ სიუეტის მიერ წარმოთქმული სიტყვა, ისე, როგორც ის ჩავიწერე, გაზეთის იმავე ნომერში განვათავსე სარედაქციო წერილი იმის თაობაზე, რასაც გულისხმობდა, ჩემი აზრით, ეს სიტყვა. შეიძლება, ზოგიერთნი მეთანხმებოდნენ, მაგრამ ეს საჯაროდ არავის გაუცხადებია. როგორც ჩანს, მომიხდება ვისწავლო ჩემი თვალსაზრისის დაცვა იმ ოლქში, სადაც დავიბადე.
თვით ჯონი გაზეთებს არასოდეს კითხულობდა. და თუკი ხვდებოდა, რაოდენ რთული ვითარება შეიქმნა ქალაქში, ეს არასოდეს გამოუმჟღავნებია, ყოველ დილას გამოდიოდა თავის პატარა დაჩრდილულ ვერანდაზე და ყოველ შუადღეს, ძილის შემდეგ, სახლის უკანა მხარეს ჯდებოდა. ოქტომბერში გარდაიცვალა და ეს იყო ჩვენი მედოლე ყმაწვილის დასასრული. მისი შვილთაშვილი ჩამოვიდა და ჯონის ქალიშვილი თან წაიყვანა (დაკრძალვას მხოლოდ ჩვენ სამნი დავესწარით, თუმცა, რასაკვირველია, მოხუცებულისთვის ეს სულ ერთი იყო), მომდევნო წლის ოთხ ივლისს აღლუმის კომიტეტმა ჩამოიყვანა სხვა ვეტერანი კოლდუელის ოლქიდან და, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, მერთან და ლინდსი გრეისონთან ერთად, აღლუმზე უსახურავო მანქანით ჩამოატარა. რასაკვირველია, აღლუმის შესახებ გაზეთში ცნობა გამოვაქვეყნე. ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს იმის აღწერა, თუ როგორ ტარდება დამოუკიდებლობის დღე ჩვენს ქალაქში.
The New Yorker
1 ივლისი, 2024
[1] ტომას ჯონათან ჯექსონი (1824-1863) – აშშ-ს კონფედერაციული შტატების გენერალი სამოქალაქო ომის წლებში, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გენერალი აშშ-ს ისტორიაში.
[2] ჯებ სტიუარტი (1833-1864) – კონფედერაციის არმიის სარდალი, გენერალ-მაიორი.
[3] რობერტ ედვარდ ლი (1807-1870) – გენერალი, კონფედერაციის არმიის მთავარსარდალი, მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ამერიკელი მხედართმთავარი.
[4] „დიქსი“ – აშშ-ს სამხრეთი შტატების ერთ-ერთი არაოფიციალური ჰიმნი.
© არილი