ბირთვისი. ადრე
ფოტო კარგი მაშინ გამოდის, როცა ის გიღებს ვისაც უყვარხარ.
ციფრულ ფოტოებს ერთი უპირატესობა აქვთ.
ისინი შეგიძლია დაზუმო და ადამიანებს თვალებში შეუვარდე.
გაიარ-გამოიარო.
აქ კი, ალბომის სურათებში
ძლივს ვარჩევ, ხელი ვინ გამომხვია, ვის გვერდით ვდგავარ,
წელიწადის რომელი დროა, რა მაცვია, რაზე ვფიქრობდი.
საშველი – ფოტოს უკანა გვერდი
მიწერილი თარიღი თეთრზე – 2000 წელი,
ბირთვისი,შემოდგომა. წავედით ათნი.
ცეცხლზე – ყავა, რკინის ჯამით, შიგ ცვივა ფერფლი.
ყველა ეწევა.
შედედებული რძის კოლოფი წვრილად გავხვრიტეთ
და ენაზე, წვეთი სიტკბო ჩამოვატარეთ.
არავინ მიყვარს. აღარავინ.
თითქოს მუცელი გამომფატრეს და მთელ სხეულში,
მგონი, გაგიჟდა, გული სცემს ბოლთას.
ვინც მიყვარდა, გასულ კვირაში ჰქონდა ქორწილი.
ტაშ-ფანდური, ზურნა, დუდუკი,
თეფშის მტვრევა, შავი ვარდების გოიმური თაიგული..
იქნებ არც ისე, მაგრამ ეს სიტყვა მიადვილებს მოვყვე ამბავი
როგორ გასხვისდა უცებ ჩემი ადამიანი.
წინა კვირაში – აბაზანაში ვარ ჩაკეტილი.
ხმის დასახშობად ყველა ონკანი მოშვებულია.
ბირთვისში წასვლა თუ გადაკარგვა – გადაწყვეტილი.
და აი, ისიც. ტყე, ბოდიალი.
ღამეა, ცივა. სიტყვებს ფორმა აქვთ – გრძელი ორთქლის.
ბენე მთვრალია, კარავში სძინავს. დღეს გავიცანით.
თან რამდენიმე წყვილიც გვახლავს – რეალური და პოტენციური
ორ სააათში ტყიდან გამოვლენ,
ჩვენ დავინახავთ მათ ტუჩებზე სიყვარულის კვალს
და არაფერი გაგვიკვირდება, რადგან გუშინ გავხდით ოცი წლის.
რადგან სხეულებს ამ ასაკში გმირობები არ აინტერესებს.
ეს ის დროა, როცა დილით არასდროს ეძებ რა ჩაიცვა.
სკამის საზურგე – დახუნძლული ჯინსით, სვიტრებით.
ეს ის დროა, როცა ჟანგბადის ზედმეტი დოზა ყელში გიჭერს
და ხარ ისეთი თავისუფალი, ისეთი მშვიდი – თითქოს
საზღვართან, ბოლო სოფელში უკვე მოთოვა.
რა უნდა მოხდეს, რომ ძველებურად ასე უფულოდ,
ერთი ზურგჩანთით
გზას დავადგეთ გაურკვეველი მიმართულებით.
არ ვდარდობდეთ, შევძლებთ თუ არა გაყინული წყლით
ტანის დაბანას,
კარავში ვისთან ერთად მოვხვდებით,
ნასვამებს გული რომ აგვერიოს,
უცხო ხალხის ხომ არ შეგვრცხვება.
რა უნდა მოხდეს.
რომ დაბრუნდეს ეს შეგრძნება – სიღარიბით ბედნიერების,
უსიყვარულოდ თავისუფლების.
და ყველაფერი ეს ერთადერთ
ფოტოზე იყოს შემორჩენილი.
გახსნა
ორ კვირაში მოვა წერილი
ჩემი უცნობი მეგობრისგან – სხვა ქვეყნიდან. სხვა ქალაქიდან.
გაბერილი კონვერტი მარკით.
დღესასწაული თუ დაემთხვა, გზავნის ბარათსაც.
ან სარვამარტოს – ნარცისებზე შემოხვეული თეთრი ლენტები,
ან საახალწლოს – თოვლის ბაბუას საჩუქრების გუდის გვერდით,
შემოუსვამს ციყვი მარხილზე.
ორ კვირაში ნელი ფოსტა მოაჩაქჩაქებს
უნახავი ადამიანის ამბებს, სურვილებს – სულ ცოტათი გაზვიადებულს.
მდიდარმა ბიძამ როგორ უყიდა ველოსიპედი.
გვესმის, ვპატიობთ.
მაგრამ ეს ხდება ოცი წლის წინ
და ასეთი მეგობრობა იშვიათია.
…
დღესაც ვხსნი ფოსტას. ვხსნი ფორუმებს.
სიმარტოვეს ვუხსნი პაროლებს.
ვუმეგობრდები განურჩევლად, მცირე შერჩევით.
და ჩემი სიის მეგობრების ავატარები
როგორც დაშლილი ბანქოს დასტა ყრია გარშემო.
ავატარიდან მამის ნაცვლად, დედის მაგივრად
შემომცქერიან თოთო ბავშვები,
დაბერილ ლოყებს, ჩაჩხვლეტილ ღიმილს
როგორც საშვებს, მათი მშობლები აფრიალებენ –
მფეთქავ ქსელში შემოსაძრომად.
თრთის ფეისბუკიც.
გინეკოლოგის სავარძელზე გაშლილია ჩვენი ფეხები.
თავიდან ოდნავ მოკრძალებულად.
ლ ლიკე ყოუ,
შემდეგ თამამად მოვყვებით ვიღაც ”სუნიანი” როგორ აგვეკრა,
მიწისქვეშა ტრანსპორტის ამბებს გავუზიარებთ
მათ, ვინც მიწას რამდენიმე საფეხურით არ ჩასცდენია.
ვყვებით, როგორ აიწია ვერცხლისწყალმა სიცხის საზომზე.
ვიხდით მადლობას –
თუ უცებ ვინმემ ამის პასუხად
შემოგვწირა ვირტუალური ჟოლოს მურაბა.
გგონია გათბი, გამოკეთდი,
მოხვდი გაშლილ სტადიონზე ფრედის კონცერტზე,
სულელურმა ტესტმაც გაგართო, როცა გამცნო როდის მოკვდები.
ისიც ვიცი
ვინ არის შენი მეგობარი,
ელექტრონულმა სივრცემ მამცნო ორი წამის წინ.
ცოტა კი მიკვირს – რა საერთო გაქვთ –
ალბათ, ფოტოზე ხარ მიმზიდველი.
ან რაიმე ბრძნული დაწერა –
ბანალური სააღდგომო მისალოცივით
ყველასათვის მისაღები და გასაგები – ვერასოდეს გააპროტესტებ.
ამ მორევში შენით შეცურე და ახლა მხოლოდ სინქრონულად
ხელს თუ მოუსვამ.
ოკუპაცია. სპირალი
გაიცანით მისი ხელოვნური თანამგზავრი.
სულ ახლახანს დაიმეგობრა.
ერთი თვეა ერთად წვებიან, ერთდროულად იღვიძებენ.
ზის ჩუმად, თავისთვის,
არც იზრდება, არც გული უცემს.
ციცქნა საცობი,
საზრიანი მისი დარაჯი,
მისი მცველი,
ზის საშოს კართან
და
მოახლოებულ სიცოცხლეებს, როგორც ვირუსებს
უკან აბრუნებს.
რამდენიც გინდა,
სადაც გინდა იქ გიყვარდეს.
არ დაჟანგდება.
სპირალი – მუცლის ოკუპაცია.
სიყვარულის მიწაზე უდგას რკინის ფესვები
და ყველაფერი არის მარტივად.
ახლა ყველა ბედნიერია.
მე კი ვფიქრობ,
ვინ დაარქვა ნეტავ ამ ლითონს
კეთილშობილი?
დამსგავსების თეორია (ცოლები და ქმრები)
ხარი რომ ხართან დააბა, იქნება ორი ხარი და არაფერი მეტი
ჩემი მეგობარი ჭანო
ერთხელ, თვალი რომ გავახილე
მომეჩვენა, ერთმანეთს ვგავდით
და შემეშინდა.
ათი წელი იყო გასული.
გავიფიქრე, ათი წლის წინ ვინც შემიყვარდა, ვისთან ერთადაც
გადავწყვიტე მქონოდა სახლი, მტვერსასრუტი,
მაცივარი, ქურა, მანქანა..
ნუთუ მაშინაც ასე მგავდა და თუ მგავდა, რატომ იყო საინტერესო მასთან დარჩენა?
ორი “მე” როგორ ეტეოდა ამ ვიწრო კარში.
ორი “ის: რატომ დადიოდა კვირას ბაზარში?
ღიმილის. დგომის, სიარულის, წოლის მანერა – ერთი ერთზე.
”როგორ უხდებით”.
”ერთმანეთს ასე შეაბერდით”
”თქვენი უღრუბლო ცხოვრებები”
”არასოდეს მოხვდეთ წვიმაში” .
და თუ მაინც.
ვითომ მიწიდან ამოიზარდა,
გაშალოს დიდი შავი ქოლგა,
შენ კი მხარზე თავი დაადო.
თუ ეს არის იდეალური წყვილის ფორმულა,
ასე არ მინდა,
ვთქვი და ლოყაზე დანა დავისვი.
იპოვეთ ათი განსხვავება ვთქვი და გავხდი, ვთქვი და გავსივდი.
ადრე თითქოს ქერა ვიყავი, ახლა გავშავდი,
ადრე თვალებში ფორთოხლის ქერქებს ვიწურავდი, ახლა ვამშრალებ.
მძულდა ფეხბურთი, ახლა ვყვირი შენზე ხმამაღლა,
ყრიდი ტანსაცმელს მთელ ოთახში, ახლა ალაგებ.
თუ ვბრაზდებოდი, უწმაწური სიტყვების ლავა ესხმოდა ოთახს
სამაგიეროდ, ცივდებოდა ჩემი დარდი,
ახლა კი მშვიდად: გმადლობ, ბოდიში. უკაცრავად, გადავამლაშე.
ერთხელ ჩვენ გვითხრეს,
ფერი ფერსა და მადლი ღმერთსა
მე კი გავწყვიტე.
დღეს ისევ მიყვარს.
ახლა უფრო.
და ჯერ ვანსხვავებ.
© kalmasoba.com