პოეზია

ეკა ქევანიშვილი – ლექსები

სახლის გაყიდვა

სახლსა აქვს ერთი აივანი, ორი სართული
ავტოფარეხი. დახვეული კიბე, მანსარდა,
რკინის ჭიშკრის ორივე მხარეს ყვავილების ხეივანია
მანდარინის ხეების მწკრივი – ფარი ზურგიდან.
შინაური ცხოველები არ გვყოლია.

სახლში დარჩა უკლებლივ ყველა ფოტოსურათი:
ჩაყრილ საძირკველს დაჰყურებს კაცი,
ფოტოდან ბრწყინავს სველი ცემენტი.
ამოყვანილ კედელს ეყრდნობა და იღიმის.
მამა, ბაბუა, მეზობელი,
მათ სახეებს მკრთალად შემორჩა საღებავის თეთრი წვეთები.
სახელდახელოდ შეკრული ქუდი, ძველი გაზეთის,
ყვება როგორ აშენდა სახლი.
ყვება შიგნით როგორ შევსახლდით.
და მერე როგორ გავნაწილდით დილის ცხრიდან –
ვინ სკოლაში, ვინ სამსახურში
და ვინ დარჩა დიასახლისად.

სხვა დეტალები:

ფეიხოას ხე, გამოვითვალე, ოცი წლის გახდა.
სახლის უკან დამარხული განძია ჭრელი თუთიყუში – შორეული
კუნძულებიდან მეზღვაურებმა ჩამომიყვანეს.
ჩემი ხიდან მეზობლის ხემდე გაბმულია თოკი, წერილებს
ვცვლიდით ასე. როცა ღამით ყველას ეძინა.
ციტრუსისსუნაკიდებული დაცოცავდა სიყვარული.
როცა ღამით ყველას ეძინა.
აუზთან მდგარ თაბაშირის გედს ნისკარტი მოტეხილი აქვს.
ოდნავ დაფრთხა, როცა პირველად ავიფარეთ ყურზე ხელები.

ყველაფერი ასეთად დარჩა, ასე დავტოვე.
ამიტომაც ვყიდი ძველი მდგომარეობით.
დანგრეული მე არ მინახავს, უკან გახედვა ავკრძალე და
როგორც სიზმარში,
აფეთქების ხმაც გაფერმკრთალდა.

ოდესმე რომ დავბრუნდებოდე…
უჯრაში მიდევს ცნობა – დასტური, რომ:
”ეს სახლი თქვენი იყო,
თქვენი იქნება, ათასმა კაცმა რომც იყიდოს.
რომ დაანგრიოს, რომ გააშენოს მის ადგილას თუნდაც ედემი”…
აზის ბეჭედი, საკუთრების, ფლობის, ქონების.
ეს ფარატინა ქაღალდი ზოგჯერ ისე მძიმეა,
თითქოს მასზე კვადრატული მეტრების ნაცვლად,
(რომ ამხელა და ამხელა იყო ეს ჩემი სახლი)
დგას მთელი ეზო. ჩემი გაკრული ხელმოწერა კი
ჰკიდია ფურცელს
როგორც ნახევრად ჩამოვარდნილი აბრა ჭიშკარზე
ქუჩის და ნომრის აღმნიშვნელი.

მე ვყიდი ამ სახლს.
რომლის ფასი – მიზეზია.
ფასი – ხიდია.
რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ მივუახლოვდეთ.
რომლის ფასი მე დავწერე მცოცავ წერილში.
შენს ენაზე.
მაშინ – შეცდომას მართლწერაში გაუსვი ხაზი.
დარჩეს ასე – შეცდომა ჩემი,
ფასი იგივე.
შენ მყიდველი.
მე გამყიდველი.
თუ დავბრუნდი, ერთად ვიქნებით.

ბესლანი, შორიდან

მძიმე დღე იყო.
დილით თმა ისე დავივარცხნეთ…
და ბაფთებიც და ტანსაცმელიც.
არც თბილ რძეზე გვითქვამს უარი.
დიდხანს ვცქმუტავდით, რამე რომ არ დაგვვიწყებოდა.
ჩანთა რამდენჯერ ჩავალაგეთ და ამოვალაგეთ,…
კაცი დიდხანს იდგა კარში და გვაცილებდა.
მე წავიყვანე მისი შვილი სიკვდილში.
მე ვკარი ხელი ზარ-ზეიმით.
ვთქვი: შენ აქ დარჩი, რა მოხდა, ერთხელ
ცეცხლზე შემოდგმულ სადილს მიხედე.
შენ აქ დაგვხვდი, ჩვენ დავბრუნდებით.

სახლის კარი მარტომ შევაღე.

ის კი დღემდე აბრალებს ვიღაც პრეზიდენტებს,
ჩემს სიზმრებში რომლებიც მუდამ მასტურბირებენ,
როცა სკოლა უცებ ფეთქდება.
ისინი ამ დროს დაბერებულ გენიტალიებს ექაჩებიან და არაფერი.
ნეტარება მათთან არ მიდის.
ხოლო ამ დროს სკოლა ფეთქდება.

ისინი კი, თითქოს შეუსწრეს,
დაბნეული სახეებით გვისამძიმრებენ.
ათას ანთებულ ტელეკამერას უყვებიან
„…რომ უმცირესი დანაკარგებით”
„…ოპერაცია”….
როგორ გადარჩა
ხუთასი და მოკვდა სამასი.
დარჩა სამასი და მოკვდა ასი.
მოკვდა ერთი.
ერთი ხომ მოკვდა.
თითქოს ცოტაა.

შავნიღბიანი ალი ასე არ მაღიზიანებს.

მისგან არავინ ელის დათმობას.
სიბრალული – ხუთ შვილთან ერთად და ცოლთან ერთად და სახლთან ერთად
და გადამწვარ სოფელთან ერთად ჩადო მიწაში.
ალისი მესმის.
მანაც არ იცის – ვისი ნებით, ვისი ბრძანებით.
ვერც მე ვხვდები.
როგორ მოხდა,
ორთქლიანი საწვნით ხელში, ტელევიზორს უნდა მიაკვდეს.
მაინცდამაინც ამ დღეს დაემთხვეს,
არაკაცური საქმე როდესაც დაავალეს, მისი შვილის და ქალის სიკვდილი.
ასე ცოცხალი მე – არ ვითვლები.

ვინ გადაწყვიტა, მომდევნო კადრში
მკლავებზე უნდა გადავიწვინო აფეთქებული მისი სხეული
და კაცს ვუთხრა,
შეხედე, ვერ ცნობ? შენი შვილია, მე გავაჩინე.
რატომ შებრუნდი.
რა არ მოგწონს მის მოწყვეტილ, სისხლიან ტანში?
რას უწუნებ გადამტვრეულ ხერხემლის მალებს?
ცალი თვალი რომ დარჩა ღია და სახეზე რომ დაედო მწვანე?

ალისი მესმის.
მეც გავწირავდი.

მუდმივია ეს შეგრძნება – მისი ტარების.
რასაც არ უნდა ვაკეთებდე,
მიჭირავს ისე, თითქოს მშიერს აფრიკაში მომაჩეჩეს
ფქვილის ტომარა.
აფრიკა მახსოვს ეკრანიდან,
თავი ჩვენც ასე გადავაქნიეთ, როცა ძვლებზე კანგადაკრულმა ბავშვმა
ნამცხვარზე წაიოცნება.
იმ რეპორტიორს ამ კადრისთვის გამოუწერეს, ალბათ, პრემია.
ჩვენც ზუსტად ასე გვეხვეოდნენ. სანახაობა:
მეჭირა როგორც მკვდარი ჩიტი.
როგორც ჰაერი.
როგორც ყველაფერი მძიმე, მსუბუქი – უძლურება ამ წონისაა.

საღამოები ყრუ, დაგუდული.
ჩვევად შემრჩა,
ღამე – დილისთვის კაბას ვუმზადებ.
დაჟინებით ვდებ მესამე თეფშს მაგიდასთან.
ვსხედვართ ჩუმად, შეთქმულები
არც ერთი სიტყვა მკვდარზე – წარსულში.
მკვდარი შენა ხარ!

რადგან ამ სახლში
ყველა სეზონზე დგას შემოდგომის პირველი დღე.
ზარი დიდი ხნის დარეკილია.

მოჩვენებები, ეშბას ქუჩა.33

ეს წუთია შეწყდა დაბომბვა.
ეს წუთია წავიდა სახლი ცაში,
წაფარფატდა.
მოვიდა ნაფოტების წვიმა.
ამ წუთის მკვდარი ვარ.
ჯერ თბილი ვარ, უსისხლოებო,
ხელი არ მოჰკიდოთ ღობეს, ღობე ჩემია.
ეს წუთია, რაც მოსწორდა ჩემი ეზო,
გადახლეჩილი ხეებიდან მოცოცავს სისხლი.
როგორ ვყვაოდით,
როცა უეცრად დაიგრგვინა.
და კვამლი როცა გაიფანტა, ყრუ ვიყავი
და კვამლი როცა გაიფანტა,
ცხვირი მქონდა გამურული და ვიდექი და ვამაგრებდი ჭიშკარს.
მორყეულ სახელურს ვეჭიდებოდი,
ჩამოლეწილ კარადებს შორის გეძებდი.
ცეცხლმოდებულ ფარდებს ვფანტავდი.
ნათესებს კი კალიების გუნდი ეხვია.
საიმედო დაცვა – ჩემი ყველა საფრთხობელა,
ჩარჭობილი ცხვირით მიწაში,
დასტიროდა მოსავალს, რომელიც ვერ გადაარჩინა.

ამ წუთიდან
მე ვარ მაოხრებელი მკვდარი და
არ შემეხოთ.
რადგან დღეიდან ჩვენი აჩრდილები ყველა სახლის
ყველა ღრიჭოში შეეტევიან.
რადგან ჩვენი აჩრდილები,
რადგან ჩვენი აჩრდილები,
განსაკუთრებით ზამთრობით,
ყინვიან საღამოებში
საკუთარი ოთახის ძებნაში
დაიწყებენ კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლას.
სხვისი ოთახების შეღებას.
ნუ გეშინიათ, ჩვენ ჩვენსას ვეძებთ,
თქვენს სიმშვიდეებთან არაფერი გვესაქმება.
არ გვეცმევა თეთრი ფარხთუნა პერანგები.
არ გვეცმევა არაფერი მსგავსი,
ჩვეულებრივი მოღიმარი
ბიჭი და გოგო, უბრალოდ ჩუმად,
განუყრელი ლურჯი ჯინსებით
ვივლით ერთი ბედნიერებიდან მეორეში,
როგორც უფულოდ – მაღაზიებში.

ეს წუთია რუხ ცას უცნაური სეტყვა წამოსცდა
ცხელი სეტყვა.
ამ გადამწვარ ტყეს,
ამ წართმეულ სოფელს,
უკან დახეულ ზღვას ვდარაჯობთ ანკესით,
ჩვენამდე რომ მოგვათრევინა.
ვდარაჯობთ ბადით და მუხლამდე რეზინით ბოტით,
იქნებ თევზებმა გაგვიხსენონ და გამოცურონ.

თქვენთან ჩვიდმეტი წელი გავიდა.
აქ – ეს წუთია მორჩა დაბომბვა.
მანძილს ვჯობდით მხოლოდ წარწერით:
კვლავ
ეშბას ქუჩა. 33.
„ეკატერინე
მიყვარხარ.
მორჩა“

ბოლო ფრაზის ბოლო ასო გახვრეტილია.

უღელტეხილი ერწო, ვჩერდებით

ეს გზა არ იყო შემოვლითი,
გზა მოკლე იყო, უსწორმასწორო, დახვეული,
უღელტეხილზე ამოჭრილი.
თითქოს ვიღაცამ სუფთა ფურცელზე გაუთავებლად ხატა წრეები.
გზა შედიოდა უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხის სახლებში,
ხალხის გულებში, ცხოვრებებში და სულ მეგონა, გაჩნდებოდა
ამკრძალავი ნიშანი ერთ დღეს – ხაზის აქეთ არ გადმოხვიდეთ.
ჩვენი მანქანა მარკით „ნივა“ (ტყეე–ღრეებში რადგან ვცხოვრობდით),
მაშინ იყო სპილოსძვლისფერი.
გზა კი ხრიოკი.
მოულოდნელი. ხიფათიანი, ჯვრებით სავსე. მარმარილოს ქვებით მორთული.
„აქ გადავარდა“. ამდენი წლის.
იქვე წყარო – ამის წყარო, იმის ადგილი.
სხვისი სიკვდილით მონიშნულ გზაზე
ჩვენ სიჩქარეს ვანელებდით.
სხვა თუ მოკვდა, რა იცი, იქნებ შენც გადავარდე.
და არავინ იცოდა მაშინ, ბევრი წელი
ამ გზის მტვერს რომ ვეღარ ვნახავდით.
და ვერავინ ხვდებოდა მაშინ, ამ ადგილებს
ვაშლის დამპალი გულივით რომ მოვიცილებდით.

ცხინვალში იდგა ქვის შენობები.
ასე მახსოვს, ერთ სახლს ერქვა სიკვდილის სახლი.
ლეგენდა ყვება,
აქ ვინც დასახლდა ყველა ამოწყდა.
აქ ვინც ცხოვრობდა შვილი მოუკვდა.
აქ ვერავინ გაიხარა.
ამ სახლს არავინ არ იყიდის.
სანამ თავისით არ დაინგრევა.

მახსოვს აჭედილი დარაბები. მახსოვს დაცული რადიუსი.
და სულ ვფიქრობ, რომელიმე ბომბი დაეცა თუ თავისით.
და სულ ვფიქრობ, ის ლეგენდაც თუ მოკლა ომმა.

ომამდე კი,
აბრას ეწერა სოფელი კეხვი.
ამით ვხვდებოდი, რომ ნახევარი გზა გავიარეთ.
და ეს იყო დათქმული დრო და დათქმული პური,
გაოფლილი და მომღიმარი ხაბაზი რომ გვაწვდიდა ხოლმე.
დღეს სულ მგონია, ყოველ ჯერზე ჩემს მგზავრობას
დასავლეთიდან აღმოსავლეთით,
ეს კონკრეტული თონე აკლია,
ამ კონკრეტული პურის სუნი,
იმ კონკრეტული ხაბაზის მკლავი,
გამოწვდილი ვიწრო სარკმლიდან.

აკლია ენა. სხვისი ენა. სხვა ხალხის ენა.
ერთ საერთო წინადადებას მოაჭრეს თითქოს შემასმენელი.

გზა დღეს არის შემოვლითი.
გზა არის გრძელი.
აბრაც – წარწერით “სოფელი კეხვი”
ჩაურჭვიათ სხვა ადგილას,
ნაუცბათევად აშენებულ დასახლებაში,
სადაც შხამიან მწვანე კედლებს ქარი ერევა,
სადაც ერთი სუსტი წვიმა თითქმის წარღვნაა.

ობალა, პატარა ქალაქი

ობალა ებრაელია.
დაბალი, წითური ებრაელი.
ობალას ყველა იცნობს.
მისი მაღაზია ამ ქალაქის ცენტრშია.
ქალაქი კი ორი ქუჩაა და ერთი მოედანი.
მაღაზია არც დიდია და არც პატარა.
მარჯვნივ – ფერადი ქსოვილებია,
მარცხნივ ბრჭყვიალა სამკაულები და ვარდისწყალი.
უკან, სიღმეში საწყობია. იქ მარტო რჩეულები შედიან.
უფრო სწორედ, რჩეულები ჰგონიათ თავი.
ობალასათვის ყველა ერთია. ოღონდ ფული გადაუხადე.
გაივლი–გამოივლი, მის მაღაზიას გვერდს ვერ აუქცევ.
გინდა–არ გინდა შეიხედავ.
ობალ, რამე ხომ არ მიგიღია?
ობალასთან ხლამიც ბრწყინავს.
ობალასთან სულ რიგებია.
დაბადების დღეა – ობალაა. ქორწილია და მაინც ობალა.
თუ მაღაზია დაკეტილია, ის დღე მკვდარია.
იმ დღეს სახლში არ ვაგვიანებ.
თუ ღიაა, ხურდას ვაგროვებ.
რას იყიდი ამ ხურდით, არ ვიცი,
გამჭვირვალე ბურთულას თუ ერთ მეტრ ხავერდს – თოჯინების კაბებისათვის.
მთავარია, მაღაზიიდან რამე გამომყვეს.

დახლის მინა სქელია და მძიმე.
ერთ ადგილას ამოტეხილი.
როცა ჩვენი ებრაელი არ გვიყურებს, შიგნით თითებს ვყოფთ.
მერე მოდის და გარეთ გვყრის.
თვალიერება აკრძალულია.
ობალა გვიცნობს.
ვინ ვისი შვილია, ვის მამას რამდენი ფული აქვს.
ვისგან შეიძლება გამორჩენა. ვინ რაში გამოადგება.
მაგრამ არასოდეს არაფერს გვჩუქნის
კმაყოფილია მთელი კვირის ნაგროვებ ფულს თუ ჩავუჩხრიალებთ
და მოგვაქვს სახლში უსარგებლო ხარახურა,
ჭრელი ზარდახშა. ოდეკოლონის მძიმე კოლოფი.

ის ერთადერთი ნივთი, რომელიც მე შემიყვარდა,
ბრწყინავდა დახლქვეშ.
ოქროსფერი, მოელვარე თვლებიანი ყელსაბამი.
და ყოველდღე,
სკოლიდან თითქოს სასადილოში შევიარე, დავყურებდი,
როგორც კატლეტს მშიერი ბავშვი,
დავკანკალებდი
არ გაიყიდოს. არ გაიყიდოს.
ისიც ვიცოდი, არავინ მე მას არ მიყიდდა,
ის ძვირი იყო, მე კი პატარა.
ობალას კი ჩვენი სურვილები ფეხებზე ეკიდა.
ობალა არასოდეს დააკლებს ფასს.
არასოდეს გვაჩუქებდა და მე ეს ვიცოდი.

ვიტრინა კი ერთ ადგილას გატეხილია.
ჩვენი პატარა ხელები თავისუფლად შეეტევა და
ამ ყელსაბამს ამოაცურებს.
ობალას ამ დროს ქსოვილების სექციაში ევაჭრებიან.
აი, ის ჩემს ხელისგულზეა.
გველივით დახვეული ულამაზესი
გველივით მაცდური და მიმზიდველი.
ობალას არაფერი გაუგია.
რა ეგონა. კინწისკვრით რომ გაგვაგდო იმ დღეს.
ესეც ბავშვური შურისძიება.

ობალას მაღაზიის ადგილას ახლა ბაღია.
ებრაელებმა ჩვენი ქალაქი ერთბაშად და უცებ დატოვეს.
წლების შემდეგ გავიგე, რომ ობალა მოკვდა.
უჟმურობა ვაპატიე.
მე კი მარჯვენა ხელი ამეწვა.

მაინც როგორი წლები იყო.
ტანსაცმელს ვიკერავდით.
საჩუქრებს კი გაზეთებში ვახვევდით.

ნადირობა, ზამთარი
…………………………….

იცით, როგორი ზამთარია,
ისე თოვს,
მეზობელმა რომ დამინახოს უნდა ავხტე.
იცით, რომელი ზამთარია, ექვსი წლის რომ ვარ.
ყინავს. ვდგავარ ცისკენ თავაღერილი
სახურავიდან თოვლი დგაფუნით წამოვა და რამდენიმე ლოლოს მოტეხავს.
მე სახლის უკან ვიმალები და ყინულს ვლოკავ.
ამ დილითაც გზა მამაჩემმა გაკვალა ნიჩბით.

კვირადღე თენდება.
ვიცი, დადის ჩვენი მთავარი კაცი სიბნელეში,
პირველ სართულზე.
მიდის ჩვენი ოჯახის კაცი
დროის მოსაკლავად
რიჟრაჟის გამოსაჭერად.
მიდის დასაღლელად.
მიდის ორლულიანი თოფით და სანადირო დანით.
მაღალი ჩექმით და ხაკისფერი ქურთუკით.
ნაბდის ქუდით და ტყვიების ასხმულით.
ისეთი ლამაზია მამაჩემი! მე კი ექვსი წლის.
და ისეთი ლამაზია მამაჩემი!
ისეთი ახალგაზრდაა მამაჩემი.
ისეთი ძლიერია მამაჩემი..
მე კი უდარდელი.
მე ვითომ მძინავს.
სინამდვილეში, ჩემი ლოდინი დაწყებულია.

ზეპირად ვიცი რა დევს ჩანთაში.
ზეპირად ვიცი, რას ჩურჩულებს დედაჩემი,
როგორ უმაღლებს ხმას დედაჩემი,
როგორც ვერ იგებს დედაჩემი,
როგორ წუწუნებს დედაჩემი,
როგორ ეჭვიანობს დედაჩემი,
ტყეზე, ძაღლებზე, თოფზე, გზაზე.


მერე მთელი დღე ვედებოდით ათას ერთ საქმეს,
მთელი დღე ვამტვრევდით და ვარჩევდით კაკალს,
დღეში ათჯერ ქრებოდა სინათლე,
მთელი საღამო ხრჩოლავდა ლამფა.
მერე მოდიოდა ღამე და ჩვენ,
როგორც ორი მოწყენილი ბუ,
გადიდებული თვალებით ვსხდებოდით სათვალთვალო ფანჯარასთან.
ცეცხლი ტკაცუნობდა.
ჩვენ კი ვიცდიდით.
აი როგორ აიარა მამაჩემის მანქანამ გაუვალ თოვლში.
აი როგორ გადმოდგა თოფით
აი როგორ იქუხა
აი როგორ გაწითლდა თოვლი
აი როგორ დაენანა შველი
აი როგორ გაექცა მელა.

დედაჩემი
სცემდა ბოლთას
მერე ეშლებოდა სახე
მერე მალავდა თვალებს
მერე უყურებდა ტელეფონს
მერე რეკავდა
პოლიციაში. რეკავდა საავადმყოფოში,
ფოსტაში,
ბოლოს ღმერთთან.
და ყველას კაცი იყო სახლში – ჩვენის გარდა.
გარეთ კი თოვდა.

საათში ერთხელ ან იქნებ ესეც მეჩვენებოდა.
შორს გაივლიდა სხვისი მანქანა.
ჩვენ კი გავრბოდით ჭიშკრისკენ ასეთ ყინვაში და ისევ უკან.
დედა ტიროდა.
მე კი ასამდე ვითვლიდი და
ვწყევლიდი ყველა ნადირობას ამქვეყანაზე
ასე ვიცდიდით.
სანამ თითქმის ძილში წასული უცებ ვიტყოდი.
ახლა მოვა.
და ხუთ წუთში
თოვლს ჩვენს აღმართში ფოსფორისფრად ანათებდა
მისი მანქანა.

როგორი ზამთრები იცოდა, რომ იცოდეთ.
როცა მამაჩემი კვირაობით სანადიროდ დადიოდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box