რამე ყლეობა არ გამომივიდეს მეთქი, გავიფიქრე, ამ ამბის წერა რომ დავიწყე. ყლეობა რა სიტყვაა, სირობა დაწერეო, შიგნიდან გამომძახა ვიღაცამ. ვიღაცამ კი არა, კარგად ვიცი ვინც, მაგრამ ეს „მეორე მე“ არ მინდა ვახსენო. ეგრევე სტილში ჩამიჯვამს. ვიფიქრე და მერე ჩაირთო და აღარ გაჩერდა – ბაბუაჩემი რო ცნობილი ასტროფიზიკოსი იყო და რა დასამალია, შიგადაშიგ მიწვევით თამადაც და როგორ გეკადრება მაგის შვილიშვილს ასეთები და ეს დედ-მამაც, პრინციპში, პატივცემული ხალხი, კათედრა, რამე. წნევა აუწევთ. და ფეისბუქზე რო ნახევარი მეზობლობა/ნათესაობა მყავს მეგობრებში და ვინ ვის მიუტანს ენას. აეხლა მაგათი ამრეზილი მზერები შემიძლია ამ ჩემ ორმოცს მიტანებულ ასაკში? და მერე ისიც გამახსენდა, რაშიც მყარად ვარ დარწმუნებული და ერთმა პოპულარულმა პოეტმაც მითხრა, ენა ვითარდება, ზეცოცხალი ორგანიზმია და ლიტერატურაში არ უნდა დამყაყდეს და დამიწდეს და ყლეობას ყლეობა უნდა დაერქვას როცა საჭიროა და არა რამე უფრო კდემამოსილი. თორე მძღნერი რო ათქვეფილი ნაღებით მორთო და ზედ ერთი ცალი მოცხარიც შემოადგა, მაგას დაემსგავსება ყველაფერი, რისი აღწერაც გინდა. ტყუილია რა. ხოდა, კომპრომისების დედაც მოვტყან. მაგან დამღუპა. მოკლედ, ტრაკის ჟიმჟიმი მქონდა, არადა სათქმელი მოდიოდა, მაგრად მოთქრიალებდა, პირველი დღის მენსტრუაციასავით, იმ ნაბიჭვარზე უნდა დამეწერა, ჩმორთავად რო მაქცია და მერე მიმატოვა. ეს მიმატოვაც რა დედამოტყნული სიტყვაა, მთლად არც მინდა ვაღიარო და დაწერაც კი თვითშეფასებას მიგდებს, კი არ ვქვითინებ და რამე, უკვე მოვინელე, მარა რო ვიცი ჩემს მერე სხვას დაახვია თავბრუ და ჩააქვესკნელა? აუ, რა ჩააქვესკნელა, რა თავბრუ! ნუ გერიდება, გაბედე, დედა მოუტყნა! აეგრე. ეგრე არ ვიტყოდი ჩემ მეგობრებთან? ვიტყოდი. ვამბობდი კიდეც მაგარი გამწარებული როცა ვიყავი. როცა წავიდა. აბა, ვის ვეპრანჭები და რა სიტყვაკაზმულობა მემართება? თან კიდე, ეგრე მწარე რატო იყო და, გეტყვით, ვითომ რო რაღაცას წარმოადგენ, უფრო სწორედ, ეგრე გგონია, კედლისხელა ტილოებს ხატავ და გამოფენები, ნიუ იორკები, ტოკიოები, რა კოპენჰაგენი და ისა კიდე, ოსლო! დიდ დარბაზებს რო ავსებ ამ შენი ცხოვრებისხელა ტილოებით და ტიპები ყბაჩამოვარდნილები დადიან, შენ რომ მეტრნახევარი ხარ სულ და სადღაც იატაკზე დაგეძებენ კისერჩამოგრძელებულები, აბაო, ვინ გოგომ დახატაო ესო. რაღაც პონტში გჯერა კიდეც, რა მაგარი ხარ. და ამ დროს – ეს გიკიდებს. თან, მოდი და ნუ დაიჯერებ ამ გამორჩეულობას, ყველა გეტენება – გაუნათლებელი ჟურნალისტები, რაზე ხატავთ კითხვებით, შეხედე რა შე ბნელო, ცოტა დაძაბე ეგ სამგრამიანი ტვინი. რა რაზე ვხატავ? კურატორებიც, ცნობილები, ხახადაფჩენილები – რო უნდა გეცნენ და გადაგსანსლონ, მაგათ გარეშე რო ფეხს ვეღარ გადაადგამ მერე ცხოვრებაში. ხო ხვდებით, რა და როგორაა. როცა გაარტყამ და პოპულარული ხდები. მე მგონია, ეგრე დამემართა. თორე ჩემზე მხეცებიც არიან, მარა ვერაფერს ყიდიან, სარდაფებში ულპებათ ტილოები. პოპულარობასაც კიდე, ვინ როგორ ირგებს რა. ჩემთვის ეგაა – მარტო ტყავის შიგნით რო ხარ შენ – შენ, დანარჩენად – საყველასო ხარ გამხდარი და ყველა ხელებს გიქლასუნებს, გყნოსავს, ყურს გადებს, გაკვირდება. და ამან კიდე, აესე, აიღო და სამი წელი მტყნა, მტყნა და მერე მორჩაო, დაახვია. გადაგიყვარეო, მტკიცა. და იცით როგორი სახე ჰქონდა მაგ დროს? ჩამოთლილი კლდესავით ბასრი. მეთქი, ჩავუვარდე ეხლა ამას მუხლებში თუ ტრაკზე გავიხე და მდუმარედ დავახვევინო? თან ხო ვიცოდი სტრატეგიები როგორ უნდა მიმართო მაგ დროს, უფრო ღირსეული რო გამოჩნდე. ჩემი ფეხები. 79 მარტო სმს მივწერე იმ დღეს. მოდი მოდის მუდარით. მინუს უსასრულობა მქონდა თავმოყვარეობა, საკუთარ ნარწყევში რო გორაობ, იცი, მარა არ ამოდიხარ მაინც. 79 სმს! და იცით, 79-ზევე მიპასუხა. არ დაეზარა. მოდის ვწერდი, არას მიბრუნებდა. შაქარყინულის დათხელებული ნატეხივით დავიდნე ენაზე პასუხები და ის საღამო გამახსენდა, ჩემი ნაწუწნი ალუბლის კარამელიანი ენა რომ შევუყავი პირში თითქმის ერთი დღის გაცნობილს. იმ დღეს კი, მეთქი გავალ ეხლა, ხელში რამე ნაჯახს ავიღებ და დავიწყებ ამ კორპუსის ნგრევას. ეეერთი. და ოორი. და სამი! არა, ჯობია, მაგის კორპუსის ნგრევა დავიწყო მეთქი. მერე მაგრად დასისხლიანებული გადავვარდები მეთქი უკან და თავს დავცხებ და ხმამაღლა ვიტირებ, ყურადღებას მივიქცევ და ხო ხდება კინოში, მოვა და გადაიფიქრებს წასვლას და მერე როგორცაა, ხელში აყვანები და არ დამტოვოები და ბოდიში, ყლე ვიყავი ფრაზები, მაპატიე. გადავიხარხარო მინდა. შეშლილივით ვიცინო. მიქნია კიდეც. მიწისქვეშა გადასასვლელში მიყვირია. სხვაგან ვერ გავქაჩე, შემრცხვა. ხოდა, იმ დღეს მეთქი, რო ვამბობ, ეგ დღე იყო, ბოლოს რომ მაინც მოვიდა წავედის სათქმელად. მოვიდა რა, ვაიძულე, მინდოდა, ბარემ ბოლომდე მოესხა. არა, ვიტყუები. იმედი მქონდა, კიდევ ვცდი მეთქი, გავიხდი, შემოვეხვევი, რავიცი, ცისარტყელას გადავახტები. ეგ დღე იყო, როცა ვეღარ დავძარი, ბებიაჩემისდროინდელი კაკლის კომოდივით დამძიმდა უცებ, ზედ არ მიყურებდა, ისე ბაზრობდა სიყვარულის არარსებობაზე და პლატონი და არისტოტელეც არ გამოურია ამ დროს? შე დედააფეთქებული, კუბოში ვწვები, ხედავ, სისხლი ცალკე მიდის და ხორცი ცალკე მტოვებს, ვფიქრობ, ესე ადამიანი როგორ უნდა მიაგდო ნაგვის პარკივით, ურნასთან მიახლოებაც რო გეზარება და ჰაერშივე აგდებ და დაბერტყების ხმა გესმის. ურნის ძირზე დახეთქების და გახეთქვის და შენ კიდე მშვიდად გზას აგრძელებ.
ხოდა ზემოთ რომ სამი წელი ვახსენე. ყურით კი არ მომითრევია. მთელი თეორია დავდე მაგაზე – მერე რა თუ პირად გამოცდილებაზე დამყარებული და დილეტანტური, მკიდია დღეს აღიარებული ფსიქოდასკვნები, მე ჩემსას გეტყვით. რა და, ორი წელი ისეთი პონტია რა, იტან. ვერც იმას იტყვი რო სიყვარული ჩამოყალიბდა, ფიფთი ფიფთიზეა – არი თუ არ არი? ეს „ისაა“ თუ არა და იხარშები ამ ეგზისტენციალურ (ხოაზზეხართრა) კითხვებში, მისდევ რა, მიყვები, გსიამოვნებს, არანაირი ფაზა არაა, მაკარონის ბანძი სუპია, უფასო სასადილოში დახვრეპილი. ხუთი და შვიდი წელი კიდე – ან ისეა დასრულებული, ან ასე. ან ოჯახს შეუვარდები წელში (ეს გამოთქმაც ასწორებს, ოჯახიც ხო ჭიდაობაა ყველა გაგებით), შვილს გააჩენ, დაუსრულებლად წვინტლების წმენდაში ხარ, პედიატრების მოსაცდელში ჩამოყუდებული ან გაიშვიათებული სექსის დროს მძინარე. ან კიდევ – უკვე მორჩენილია რა ეგ ამბავი, ფაფუ. შავებიც გახდილია. არაფერია სალაპარაკო, მიწაში ხო არ ჩაყვები. და ეს სამი წელი, ოოო. ეს სამი წელი სხვა ამბავია, დებო. ეს, იცით, როგორი სამი თუ მესამე წელია? ცეცხლი რო ეს-ესაა ჩქარა, აი, ბოლო ალი გაწვა ძირს, მსხვილ-მსხვილ მოელვარე ნაკვერჩხლებზე გაერთხა. და აეს ნაკვერჩხალია ეგ სამი წელი, უნაცრო, აი, რო ბრიალებს ჯერ კიდევ, ოხშივარი ასდის და წითლად ბოლავს. ერთი წვრილი წკირი რო მიაგდო ცეცხლის ენები გადაგსანსლავენ. და მაგ დროს რომ მოგაფსამს ვინმე. კაი, არ გვინდა ასე დრამატულად, წყალს მოგიშვებს.
კარგი, ვუთხარი. ოღონდ ბოლოჯერ იყავი ჩემთან. კარგი, მითხრა, გაიხადე. დიდ, სიპ ქვასთან წოლას ჰგავდა იმღამინდელი სიყვარული. მშრალი რომ წვები და მშრალივე დგები, საკუთარი თავი შუაზე გაჭრილი ვაშლიდან გამომძვრალი პატარა მატლი რომ გგონია. იმ დამპალს თვალები ბოლომდე დახუჭული ჰქონდა – ჩემი დამახსოვრება არ სჭირდებოდა. მხოლოდ ერთხელ გაახილა, როდესაც სახეზე ჩემი ცრემლები იგრძნო და ცალი ხელით ფრთხილად მოიწმინდა. და მერე სირივით ვიმეორებდი, სამი დღე არ დავიბან! ვფიქრობდი, სუნი დამრჩება. და ვკოცნიდი. ვკოცნიდი, თითქოს კანის ამოწოვა შემეძლო. თითქოს ამით შეიძლებოდა სიყვარულის გახანგრძლივება. კაცი მტოვებდა და მე ბანაობაზე ვფიქრობდი. რა სისაწყლეა. და სანამ მე ბანაობაზე ვფიქრობდი, ის ზანტად ადგა, მუხლებამდე ჩაწეული შარვალი ამოიწია, თითქოს მოფსა. მეტი არაფერი. ეგ დღე იყო. წავიდა. ასფალტზე კი, იმ ადგილას, სადაც მთელი ეს დრო იდგა მისი კრემისფერი ტრაკშიპერო მანქანა, შავი მართკუთხედი დარჩა, მისი ამოჩემებული ავტოსადგომის ცარიელი საფლავი. რა პოეტური ვარ! გარშემო სხვა ყველაფერი თეთრი იყო – მსხვილად თოვდა. თაფლის ფიჭებს გავდა სინათლით ამოვსებული კორპუსები. რა მაღალმხატვრულია. ჰაჰაა. მე ცარიელ შავ მართკუთხედს ტელეფონის ფოტოკამერა დავუმიზნე და ბოლო, 479-ე ფოტო გადავიღე. ყველა სხვა ფოტოზე, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აკვიატებულად ვიღებდი (და მერე შესაბამის ფოლდერში ვინახავდი კოდური სახელწოდებებით) ამავე ფანჯრიდან, მისი მანქანა ამ ადგილზე იდგა. როდესაც მისი მანქანის ბორბლების ხმაური მიწყდა, ფარდა გადავწიე და კაპიტულაცია გამოვაცხადე – ავტირდი. აესეთი ყლეობა დამემართა დებო და რა ვქნა, გადავყლაპო?
სხვა რა გზა გაქვსო! ნინამ მითხრა. მე შენ გეუბნებოდი! გეუბნებოდი, რომ თვითკმაყოფილი იდიოტი იყო და ბოზი! და უნდა შეშვებოდი და მაგის ნაყიდ ზიზილ-პიპილებს არ გამოკიდებოდი! შენ კიდევ ამბობდი, ჭკვიანია და პირველი კაცია, რომელიც მამხიარულებსო! ერთ ჯერზე ექვსი ორგაზმი მაქვსო! შტერივით იცინოდი თითის ერთ გაქნევაზე! არადა, გტანჯა და დედა მოგიტყნა! კარგად მოგიხმარა და დაახვია! რაც შენ უნდა გექნა, ის გიქნა! ეგ დამპალი ღორი ბებერი იმპოტენტი! არასოდეს, არასოდეს აღარ ახსენო მისი სახელი! აღარასოდეს! გაიგე? ეს ჩემი მეგობარი მიყვიროდა ასე. მაგ დღის მერე. მეკიდე მეგონა ჩემ ნახატში გადავცხოვრდი, ჯერ რომ არ დამეხატა და იცით იქ რა ხდებოდა, მაგარი ღადაობა კი იყო, ვიღაც გოგო იძირებოდა ჭაობში – ნელა, ბუყბუყით, არც შველას ითხოვდა, არც თავის გადარჩენას ცდილობდა. ეე, ვგავარ მეთქი, გამეფიქრა. კიარადა, გაყინული ტვინი ოდნავ შემერხა. მერე დიდხანს ვფიქრობდი, რა მექნა, მომეკიდებინა ქეჩოში ხელი, ამომეთრია და მშრალ ნაპირზე მიმეგდო თუ, ბოლომდე მეყურებინა, როგორ დაფარავდა ტალახი ჯერ ცხვირს, მერე შუბლს, მერე კეფას და მშვიდად გასწორდებოდა ჭაობის ზედაპირი. უცებ ავდექი, წინსაფარი ავიფარე, ორმეტრიანი ტილო იატაკზე დავაგდე, ზედ დავემხე და ხატვა დავიწყე.
მარა მოიცა, მოიცა, ეგ მერე იყო. ეეე, ეგრე არ გეგონოთ, მუზა მოვა, თავზე ხელს გადაგისვამს, მხარზე დაგაფრინდება ნაზად, ჰელლლო. შენც ზედ მოაჯდები და გააჭენებ თუ როგორცაა და ლა ლა ლა… გამოჯანმრთელდები. უი, სიყვარული არა ყოფილა. გატაცება ყოფილა ფრაზებით. დადებ და დადებ შედევრებს და მერე მალევე გაღიარებენ და მერე რამე გამოფენაზე ნიუ იორკში ან ტოკიოში (რა კოპენჰაგენი და რა ოსლო!) ძაან აღიარება და ამბავი და იქ ვიღაცა მილიარდერს დაევასები და ახალ საყვარელს ააგდებ. აი, როგორი მხატვრული ფილმია რა. მეკიდე დოკუმენტურში ვარ, დიდი ხანია დებო. გესმით ჩემი? აი, ასეთში, იმ ჩაჯმული დღესასწაული დღის მერე (მაინც ხო მოვიდა, იიშ!) რამდენიმე დღე გულზეხელებდაკრეფილი რო წევხარ და ჭერს უყურებ. ჭერში საინტერესო არაფერი ხდება, მაქსიმუმ სამჯერ 24 საათი გაუძლო – ბოლოს გბეზრდება და აღიარებ, რომ არავითარი სიყვარული არ ღირს ასეთ მოწყენილობად. ვაღიაროთ, ამდენი ტანჯაც აღარ შეგიძლია და თან ეს სტატიკური პროტესტი უბედურებასაც რაღაცნაირად აწყალწყალებს – არც ამძაფრებს, არც აქრობს.
როცა ამასაც აღიარებ, პოზას იცვლი, გვერდზე ბრუნდები და მოკუნტული აშტერდები კედელს. კედელი ცივია და უტყვი, ამიტომ ხუჭავ თვალებს და დაუსრულებლად ახვევ წარსულს. ამ დროს ტვინის რამდენიმე ღილაკია აქტიური – Back, Delete, Back, Delete, ხანდახან – Save. მერე ტრაკს წევ, მიდიხარ უახლოეს აფთიაქში და უძილობის წამალს ყიდულობ. თუ პირველად სვამ, სიფრთხილეა საჭირო, აქ ყურადღება: რადგან დალევიდან ათ წუთში მოულოდნელად შეიძლება შეტორტმანდე და საწოლამდე ძლივს მიაღწიო – მომდევნო ჯერზე უფრო ადვილია, უკვე იცი, რომ გამოწერილ ძილს ლოგინში უნდა დახვდე – როგორც სიკვდილს ღრმა მოხუცებულობაში. ძილი – ერთ-ერთი მთავარი მაშველი რგოლია ამ ამბავში – მშვიდად ითიშები და ყველა ზარის, ყველა სმს-ის მოლოდინი ქრება. ტკივილს სძინავს. ერთ კვირაში, ან ცოტა მეტში, როდესაც კომპიუტერის ჩართვის ძალას იპოვი, ისტერიულად იწყებ მისი რაიმე კვალის ძებნას – სადმე რამე თუ დაწერა, ვინმეს თუ გაუღიმა, იქნებ ისიც უბედურია? ვინ არის ის სხვა, ვინც ჩაგანაცვლა? ტელეფონი გამუდმებით ხელში გიჭირავს. დარეკო? დარეკავს? მივწერო? მომწერს? იქნებ დარეკოს? ხომ არ რეკავდა და გამომრჩა? იქნებ შემთხვევით წავშალე მისი გამოგზავნილი რაიმე მესიჯი? ტელეფონით დადიხარ ტუალეტში, აბაზანაში, ერთი ოთახიდან მეორეში – რომ დარეკოს? იქნებ მოვენატრე? და როდესაც არაფერი ხდება, მიდიხარ ვინმე ცნობილ ჰომეოპათ აპოლონ ბენქსთან და ის ხელისგულზე პუფებში ჩაყრილი პენოპლასტის ბურთულების მსგავს თეთრ აბებს გილაგებს. ერთ თვეში დაგავიწყდება, გეუბნება. და შენც დაიმედებული ტოვებ მის კაბინეტს – სიყვარულის დასამარცხებელი რეცეპტი გამოწერილია. თან, უკვე საქმეც გაქვს – საათები უნდა დათვალო, რომელი როდის დალიო – არ უნდა აგერიოს. მეტი თავდაჯერებულობისა და ბოლომდე შეტევის დასტურად კი ფსიქოლოგსაც აკითხავ. ფსიქოლოგს ახლობლებში არ ეძებ. მარტივი დაგუგვლის წესით პოულობ რამდენიმე საძიებო სიტყვით: დეპრესია. ქალები. მიტოვებული ქალები. თავიდან რაღაც ანონიმური ალკოჰოლისტების ჯგუფის მსგავსს პოულობ – კლასიკური მოდელი – დასტრესილი ქალები წრეზე სხდებიან და თავის ამბებს ყვებიან, თუმცა მალევე ხვდები, რომ არც მათი ამბები გაინტერესებს და მითუმეტეს, შენსას მათთან ვერ მოყვები. შეკავებული მოთმინებით რომ გისმენენ ხოლმე ან ნაძალადევი ყურადღებით. ამიტომ, ინდივიდუალური სეანსი.
და კიდევ, დამიჯერეთ – დამეჯერება – თუ ფსიქოლოგი ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვი – არაფერი გამოვა. ყველაზე დიდი იდიოტიზმია უცხო ადამიანს, რომელსაც ძალიან ცამდე კიდიხარ, უხსნა, როგორ გიყვარდა. ფლეყვ. მან კი შენი ტირილით დასიებული თვალები და ერთი საათის განმავლობაში ამ ტირილის გამო წამოსული წვინტლების ხოცვა აიტანოს. ბოდიში, არ მჯერა. მაგ დროს სულ მის მაგიდაზე დატოვებული იმ დღის სეანსის საფასური მახსენდება და მგონია, რომ ამბავი გავყიდე. თან ისე, ჯიგრულად, სარფიანად. ის უფრო ვირტუალურ რობოტად უნდა აღიქვა. ფსიქოლოგთან ცოტა უფრო საინტერესოა ვიდრე ჰომეოპატთან – ეს უკანასკნელი მხოლოდ იმას გეკითხება, რა გაწუხებს. ფსიქოლოგს კი ყველაფერი წვრილად აინტერსებს. თან, მხოლოდ შენგან მოთხრობილი კი არა, მიმტოვებლის პირითაც. ამიტომ მის ოთახში ორი სკამი დგას. ერთი შენი, მიტოვებულის, მეორე მისი, ვინც წავიდა. როდესაც შენს სკამზე ზიხარ – შენს ამბავს ყვები. როდესაც მის სკამზე გადაჯდები – ამბავს, რომელსაც, სავარაუდოდ, „ის“ მოყვებოდა. ელექტრო სკამზე უარესია – ბოლომდე გათქმევინებს სიმართლეს – რასაც ფიქრობდი, რაც გეგონა, რაც, პრინციპში იცოდი და არ აღიარებდი. შენი ამბის მოყოლის დროს ცხარე ცრემლებით ბღავი. როგორი საწყალი იყავი! როგორ გიყვარდა! როგორ ყველაფერი გააკეთე! როგორ დაჩმორდი! და მაინც, როგორ მიგატოვა. ძალიან გეცოდება შენი თავი. უფ, როგორ გეცოდება. ნიკაპიც კი გიკანკალებს. მისი ამბის მოყოლისას კი ხმა ცინიკური გიხდება – ის, შენი პირით ყვება, რომ შენთვის არაფერი დაუძალებია. შენ ყველაფერი იცოდი. არაფერს დაგპირებია. შენ კი მაინც გიყვარდა. აბა რა გეგონა! ბევრი რომ არ გავატრაკო, ბოლოს „ზედმეტი“ მოითხოვეე – ერთად ყოფნა. სუ ერთად ყოფნა. და ვის არ მოუთხოვია რო? ვისაც ტრაკი ეყო ამის სათქმელად დ ასაღიარებლად, ვის არ მოუთხოვია!!! გულში მაინც. ხოდა ხო. მერე იმ ფსიქოლოგმა, მოდი აბა, ერთი, შენი ცხოვრება დახატეო, ფურცელიც მოგაწოდა. შენ კიდე ცხვარივით გამოართვი და ვითომ შენი თავი დახატე, კიდე მოშორებით ერთი დიდი ხეც მიადგი, და ძირში ორ ქვა მიუგდე. და ღობე კიდე. და ამიხსნა და ამიხსნააა. ყოველთვის ვიღაც ძლიერს ეძებოო, აი, ეგ ხეა შენი მფარველიოო, ეგ ქვებიო კიდე, თვითგვემაოო. ცოტა მგონი არ დავუჯერე და კაიო, წერილი მიწერეო. რამდენიც დაგეწერება, ოღონდ ორშაბათამდე უნდა მოასწრო და თან, წერილის ბოლოში, დაემშვიდობეო. კარგი მეთქი და დაპირება დაპირება იყო, სულ მუცელი ამოვიტრიალე, ისეთები გავიხსენე და ვწერე, ვწერე და გავიხსენე და წერას კი მოვრჩი, მაგრამ ჯანდაბა, ვერ ვემშვიდობები და ვერ. მოდი, „ნახვამდის“ დავწერ მეთქი და უაზროდ ინფანტილური გამოვიდა, შეხვედრამდე? საცოდავ იმედს რომ იტოვებ, მაგას გავს, მშვიდობით? გამაღიზიანებლად პათეტიკურია. ააა. ვიცი – კარგად. კარგად უნდა დავწერო და ეგარი. „კარგად“ კარგი სიტყვაა – შეგიძლია დააგდო და წახვიდე. არაფერს გამოხატავს. ორშაბათს ხუთი თაბახის ფურცლით ხელში გამოვცხადდი ჩემ რობოტ ფსიქოლოგთან, თან მზად ვიყავი, თავიდან ბოლომდე წამეკითხა, მარა მაგას არავინ აპირებდა. ახლაო, საზეიმოდ გამომიცხადა, ეგ წერილი წვრილად დახიე და გადაყარეო.ზუსტად ასე მითხრა. წვრილადო. დააქუცმაცეო. ახლა ავკრიფო მეთქი? და არაო, გაეცინა. ახლა წადი და თავს მიხედეო, ზუსტად ასე მითხრა, ჩემი საშველი შენ არაფერი გჭირსო. იმ დღის საფასური გადავიხადე და გამოვედი. თან ვფიქრობდი, ვა, ესე გავთავისუფლდი მეთქი ნეტა სიყვარულისგან, თან ორას ლარზე მეტი არ დამიჯდა მეთქი? და უცებ, ამ ყალბი ბედნიერების წუთებში, ის ორასი ლარი გამახსენდა, ჩემი ზამშის ყავისფერი შუზები რომ ღირდა, ბალახისფერი მწვანე თასმებით. რა დასამალია და, ფეხსაცმელებისთვის სულს გავყიდი და მან ხო ეს კარგად იცოდა უკვე. აიღე, წამოიღეო და სალაროსთან დაუდევრად დააგდო ის ორასლრიანი. სუ კუნტრუ-კუნტრუშით არ გავყევი? ახალი ფეხსაცმელები მანქანაშივე ჩავიცვი და საკუთარი ფეხების მეტი აღარავინ მახსოვდა. ეგ ადრე იყო რო მიტყდებოდა, თავიდან რა, ახალი დაწყებული როცაა ამბავი, ყურებს როგორ იწმენდ და ტრუსიკს როგორ იცვლი, ეგენი რო არ უნახავს და ზღვრები არსებობს, ხო ხვდებით, უნიტაზზე დამჯდარიც არ დაუნახიხარ, მაგ ეტაპზე, მიტყდებოდა მეთქი, მეთხოვა, რო ეს მიყიდე, ის მიყიდე, თითი დამედო ნივთებზე. მერე უკვე წავიდა და წავიდა ბატერფლაი ცურვა, ამბავი, თამამად ვთხოვდი საყურე მინდას, ჯინსები მინდას, ჩინურში ჭამა მინდას, ზღვაზე წასვლა მინდას, სასწაული მინდას. მერე ისიც გამახსენდა სანამ ამ შუზებზე დახამებული საკუთარ ფეხებს დავყურებდი, მისი მანქანა როგორ მოექცა ზემოდან ქალაქს, როგორც გაჩერდა რომელიღაც მიმალულ კუთხეში ისე, რომ ღამის ქალაქის მილიონი ციცინათელა გამოჩენილიყო და როგორ ამოუყვა მისი ხელი ჩემს ფეხებს შუზებიდან ზემოთ – რაღაცნაირად დაღლილად, ნებართვის აღებით. მერე როგორ ვხედავდი მის თვალებში საკუთარ ანარეკლს და არ გადამიყვარო, იცოდე მეთქი. არ მითქვამს, გულში ვიმეორებდი და ტვინს ვუტყნავდი, ხო გიყვარვარ, ხო გიყვარვარ მეთქი და არა. სეფეს ეს არასოდეს უთქვამს, არც დასაწყისში, არც შუაში, არც ბოლოს. არასოდეს.
***
ორმეტრიანი ტილო იატაკზე დავაგდე, ზედ დავემხე და ხატვა დავიწყე. მერე მეორე. მერე მესამე, გადაბმულად, სანამ მახსოვდა. ყველა მისი ორგაზმი დავხატე – მეტრნახევარი – ორზე. ორი თვე ვხატე. ოცი ტილო კედელზე ავაყუდე. ოცნაირი დავხატე და ოცჯერ გავთქვი. ჩემი აგენტი რომ შემოვიდა, გაშრა. მერე ტელეფონი აიღო და სადღაც დარეკა. ორ თვეში გამოფენა გაიხსნა. კოპენჰაგენი და ოსლო არა ისა! ეგრევე ტოკიო. ხოდა ასე, ამიტო ვამბობდი, რამე ყლეობა არ გამომივიდეს მეთქი, ამ ამბის წერა რომ დავიწყე, დებო. წლების მერე მოულოდნელი შეხვედრები და მზერები და მხატვრული ფილმები და მოთხრობები არ ყოფილა. მარტო ეს იყო ამ ამბის დასასრული – კაცი, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე ჩამომახია, და მე ეს ვაღიარე, უკვდავი გავხადე. ის კი ვერაფერს მიხვდა.
© არილი