ქართველმა პოლიტიკურმა ემიგრანტმა ელიზბარ მაყაშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი 64 წელი საფრანგეთში გაატარა. ის დაიბადა კახეთში, 1905 წელს. 1922-27 წლებში მონაწილეობდა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ პარტიზანულ ბრძოლებსა და არალეგალურ მუშაობაში. 1927 წელს იძულებული გახდა გაქცეულიყო სამშობლოდან. ის სამხრეთ საფრანგეთში დაფუძნდა. იქვე დაქორწინდა და ფრანგი მეუღლისგან ეყოლა ქალიშვილი. პერიოდულად ჩადიოდა პარიზში, რათა მონაწილეობა მიეღო ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის გარდაიცვალა ქალაქ ნიმში, 1991 წლის 6 ივნისს.
ქვემოთ გთავაზობთ ნაწყვეტს მისი მოგონებებიდან, რომელშიც აღწერილია ტიციან ტაბიძის ოჯახში გამართული ქეიფი. მოგონებების ხელნაწერი საქართველოში ბატონ რეზო ნიკოლაძის საშუალებით მოხვდა.
პოეტ ტიციან ტაბიძეს მეუღლედ ჰყავდა ჩვენი ახლო ნათესავი, ნინო მაყაშვილი, ქართული სილამაზით შემკული, წარმოსადეგი ქალი. ის და მთელი მისი ოჯახი შინაურულ და მეგობრულ ურთიერთობაში იყო ჩვენს ოჯახთან. ის თითქმის ჩვენი ოჯახის წევრად ითვლებოდა. ასე რომ, ტიციანი (შინაურთათვის ტიტე) ერთ-ერთ ჩვენ სიძედ ითვლებოდა. ჩემთან ყოველთვის კარგ ურთიერთობაში იყო, ცოლისძმას მეძახდა და პატიმრობის დროს (რაც ძალიან ხშირი იყო) ამანათებს და საჭმელს არ მაკლებდა ციხეში.
ერთხელ, 1924 წლის მიწურულს, რაღაც მანქანებით ისევ გადარჩენილი დახვრეტას, თუმცა კი უნივერსიტეტიდან გარიცხული, როგორც შემჩნეული კონტრრევოლიუციონერი, უმუშევარი და მთავრობის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი, თავისუფლად დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში. ამ ხეტიალის დროს შევეჩეხე ტიტეს, ჩვეულებრივ სუფთად გამოწყობილს, განუშორებელი მიხაკის ყვავილით გულზე. გამიღიმა, მომესალმა. ტკბილი, სასიამოვნო და გულწრფელი იყო მისი ღიმილი. ხელი მკლავში გამიყარა და სეირნობა განვაგრძეთ. “ჩემო ელიზბარ, ძალიან მიხარია უბედურებისგან შენი გადარჩენა და ჯანმრთელად ყოფნა. ძალიან მინდოდა შენთან შეხვედრა და შემთხვევით რომ არ მენახე, მაინც ვაპირებდი შენს ნახვას. ალბათ იცი, რომ ზეგ ნინაობაა, ჩემი მეუღლის დღეობა. სადილზე მიწვეული მყავს ბევრი მეგობარი, პირველ რიგში – ჩვენი ქართველი მწერლები და პოეტები. შენც უსათუოდ უნდა დაესწრო შენი ბიძაშვილი ნინას დღესასწაულს. იცოდე, გელით!” პატარა ყოყმანის შემდეგ (ჩაუცმელობის გამო) დავყაბულდი. “კოხტა ყარალაშვილს გამოუარე და მოდით ჩვენსა ზეგ 11 საათზე”, დაამთავრა ტიტემ.
დანიშნულ დღეს კოხტას მივადექი, უკვე კინომსახიობს, ჩემს დიდ მეგობარს. რუსთაველს შევუყევით ყვავილებით ხელში. შემოგვეყარა ცეკვა-სიმღერითა და ოხუნჯობით განთქმული კოსტა კობიაშვილი. “საით? ალბათ საქეიფოდ?” “არა, კოსტა, ჩვენ განათლებულ სახლში ვართ დაპატიჟებულნი”, პასუხობს კოხტა. “მეც წამოვალ”. “კაცო, სუნი აიღე?! ჩემი დღეობა კი არ არის, ნინაობაა, ტიციანის ცოლის დღეობა. ჩვენ დაპატიჟებულნი ვართ”. “მეც მოვდივარ. მე პატიჟი არ მინდა, ტიციანის მეგობარი ვარ”, იძახის კოსტა. აგვეკიდა.
ტიტესთან რომ მივედით, კარი გაიღო და ნინო შემოგვეგება, გადამეხვია, და-ძმურად გადამკოცნა და შინ შეგვიპატიჟა. დედა-შვილურად ჩამიკრა ბარბარე მაყაშვილმა, ნინოს დედამ. კარებში მომღიმარი სახით მოგვეგება ტიტეც. მოგვესალმა, შეგვიპატიჟა. სუფრა გაშლილი დაგვხვდა. უკვე მოსულიყვნენ სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი, იოსებ მჭედლიშვილი და სხვა პოეტები. ქალიშვილებიც იყვნენ, ერთიმეორეზე მოხდენილნი. ყველას მივესალმეთ.
სუფრაზე აუარება სანოვაგე და ხვანჭკარა ღვინო დაგვხვდა. ალექსანდრემ (შანშიაშვილმა) მე და კოხტას გადმოგვხედა და ტიტეს მიუბრუნდა: “კაცო, ტიტე, ამ ალაზნის ველზე გაზრდილ შვილებს რას გვიშვრები? ხვნაჭკარა რა ჩვენი საქმეა, კახური დაგვალევინე!” “ჩემი თავი გენაცვალოთ!” დაიძახა ტიტემ და მალე მაგიდაზე “საეროს” ბოთლები გაჩნდა. სუფრას შემოვუსხედით. გვერდს გვიმშვენებდნენ მსახიობი ქალები: თ. ჭავჭავაძე, თიკო ღვინიაშვილი და სხვები, რომელთა გვარები აღარ მახსენდება. თითოეულს წერწეტა ტანი და ქართული სილამაზე ამშვენებდა. გვაკლდა პოეტები გრიშაშვილი, გალაკტიონი, მგონი ქუჩიშვილიც, რომლებმაც წერილობით მოულოცეს ნინოს დღესასწაული და მოუბოდიშეს, რომ ვერ დაესწრნენ სხვადასხვა საპატიო მიზეზის გამო. დარბაზი იყო დიდი და ნათელი. იქვე, ცალკე მაგიდასთან ისხდნენ დამკვრელებიც ჭიანურით, თარით და დოლით. არც ერთს არ დაევიწყებინა ტიტეს სუფრა. კარზე კაკუნი გაისმა. შემოვიდნენ იუმორისტი თაგუნა, “ეშმაკის მათრახის” ყოფილი რედაქტორი და კოპალი (კოპალაძე). ორივეს კარგად ვიცნობდი მეტეხიდან. ამიტომაც იყო, რომ ძმურად გადამკოცნეს. დიდი სიხარული გამოიწვია თაგუნას – კომიკური მწერლის და მოსწრებული სიტყვის პატრონის მოსვლამ.
სუფრაზე მყოფებმა მადის მოსასვლელად თითო ჭაჭის არაყი დავლიეთ. ალექსანდრე წამოდგა და თავისი დინჯი კახური კილოთი სუფრას მიმართა, ძველი ქართული სუფრის წესზე მოითხოვა თამადის დანიშვნა: “პაოლო, სუფრის თამადად მე პირადად შენ გასახელებ. თუ შენ არ იქნები სუფრის უფროსი, ყველას ეწყინება და ალბათ შენც”, დაამთავრა ღიმილით სანდრომ. ყველამ ჭიქით ხელში მიულოცა პაოლოს თამადობა. მას უარი არ უთქვამს, არ განაზებულა, უსიტყვოდ იკისრა სუფრის ხელმძღვანელობა. მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა ჭიქით ხელში, მოწიწებით მოიხსენია წმინდა ნინო, ვაზის ჯვრით ქრისტიანობის შემომტანი საქართველოში, და დალია ნინო ტაბიძის სადღეგრძელო. ლამაზად სტყორცნა, ლექსად და ექსპრომტად. დამკვრელებმა დასცხეს ძველი ქართული მეომართ ტუში, შემდეგ კი კოხტა ყარალაშვილმა კობიაშვილთან ერთად მრავალჟამიერიც შემოსძახა. ბანიც კარგი მისცეს. მე თინა ღვინიაშვილისა და მწერალ კლდიაშვილს შორის მოვხვდი. სადღეგრძელო სადღეგრძელოს მისდევდა პაოლოს მშვენიერი ქართულით, რომელიც თითოეულ სადღეგრძელოს იქვე შეთხზული ექსპრომტით ამთავრებდა. მისი თამადობა დამღლელი არ იყო, პირიქით: სუფთა ქართული სულით იყო გამსჭვალული. ყველანი მოწიწებით ვუგდებდით ყურს. პაოლომ საქართველოს სადღეგრძელო შესვა, თუმცა მტრის ხელში დატანჯულის, მაგრამ მაინც მშვენიერის. ყველას სიამოვნება და აღტაცება შევნიშნე. მხოლოდ კლდიაშვილის თვალები გამოიყურებოდნენ რაღაცნაირი შიშით. “ამას ეშინია,” გავიფიქრე ჩემთვის. თიკოს თითქმის ბავშვობიდან ვიცნობდი. მოგვიხდა კიდეც თელავის თეატრში ერთად გამოსვლა. ხმადაბლა ვბაასობდით და ვიგონებდით წარსულ ბავშვობის წლებს. სიმღერა სიმღერას მოსდევდა. საამოდ ტრიალებდა ჭიანურის, თარის და დოლის ტკბილი ხმები. დაიწყო ჩვენი მამა-პაპური ცეკვა დარბაისული (დღეს ლეკურად წოდებული). მარჯვედ ჩამოუარა წრეს კობიაშვილმა და თიკო გაიწვია საცეკვაოდ. ლამაზი და მოხდენილი იყო მათი ცეკვა და დიდი ტაშითაც დააჯილდოვეს. სად იყო ცისფერყანწელთა და ახლადშემოსული ფუტურისტული, ბევრისთვის გაუგებარი საუბარი! აქ იყო ნამდვილი და შეუდარებელი ქართული სუფრა, მშვენიერი ქართული ენა. აღტაცებით ვუსმენდი პაოლოს თამადობას და შუშხუნა ექსპრომტებს. არაჩვეულებრივი, ღვთიური ნიჭი მოჩანდა მასში.
სხვათა შორის მაგონდება, რომ სუფრაზე მიწვეულნი იყვნენ ქართველი მოჭიდავეები. ტიციანი ქართული ჭიდაობის დიდი მოყვარული გახლდათ. ორი ფალავანი კუნთიანი მკლავებით დინჯად და დარბაისლურად იჯდა. დაიწკრიალა დარბაზის კარის ზარმა. ტიტემ კარი გააღო და დაიძახა: “ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!” ყველანი კარებს მივაჩერდით. გამოჩნდა უბრალოდ, მაგრამ სუფთად ჩაცმული, ულვაშითა და მოკლე წვერით, ჩვენი სახალხო მგოსანი ეთემ გურჯი. მარცხენა მკლავზე ნაბადი გადაეგდო და მარჯვენა ხელში კალათა ეჭირა. თითქმის ყველანი ფეხზე წამოვდექით. “გაუმარჯოს, გაუმარჯოს!”, ისმოდა ხმები. ეთემ გურჯმა ნაბადი გვერდზე გადადო და კალათით ხელში სუფრას მიუახლოვდა. წინ პაოლო შეეგება და ძმურად გადაჰკოცნა. შემდეგ თავისთან მიიწვია და გვერდით მოისვა. ეთემ გურჯს ამღვრეულ თვალებზე ეტყობოდა, რომ უკვე ცოტა გადაეკრა. ფეხზე წამოდგა, ერთი ჭიქა კახური ურიგოდ გადაჰკრა და თამადას სიტყვის ნება სთხოვა. “ბრძანე, ეთემო, ბრძანე”. იმანაც ცოტა აღელვებულმა და პატარა ხრინწით ხმაში დაიწყო. ვამბობ მის სიტყვას დაახლოებით და მოკლედ.
ძმებო, დებო და შვილებო, ჯერ ბოდიშს მოვიხდი დაგვიანებისთვის. შემოსვლისთანავე მსურს შევსვა ჩვენი ტანჯული მამულის სადღეგრძელო. თუმცა ჩვენს თამადას არ გამოელევა სადღეგრძელოები, როგორც მერცხალს ჭიკჭიკი, მაგრამ მე, მოხუცებულობაში შესულ უბრალო კაცს, თავი მოვალედ მიმაჩნია, როგორც ქართული ადათი და წესი მოითხოვს, ჯერ იმათი მოგონება ვთქვა, ვინც დღეს აღარ არის, განსაკუთრებით კი – ვინც სამშობლოსთვის დაეცა. ეთემმა ტაბახმელაზე იუნკერთა გმირული ბრძოლა გაიხსენა, გაიხსენა საბურთალოზე დახვრეტილები, წინაპართა ბრძოლა. ბოლოს დღევანდელ დღესასწაულს ნინაობას მიადგა: “ხელცარიელი მოსვლა ამ სახლში ჩვენი ნინოს დღეობაზე წესი არ არის. ამიტომაც მომირთმევია მცირე საჩუქარი.” კალათიდან ამოალაგა შოთი პური, ხმელი, დამარილებული თევზი, დოში და სხვა. ბოთლით კახური ღვინოც ამოიღო, ბოლოს კი ხილით შემკული ვაზის ჯვარი. საზოგადოებას ჯვარი გადაწერა და ჯვარსვე მიაბარა დახოცილთა სული. ამან ყველას აღტაცება გამოიწვია, ყველამ მოისურვა ჯვრის ახლოს ნახვა, ზოგი კიდეც მოწიწებით ემთხვია მას. დარბაზში “ვაშა” გაისმა. “აბა, ნასყიდ, მასახელე!”, გადასძახა ეთემ გურჯმა ერთ-ერთ დამკვრელს. ტკბილად ამღერებულ თარს ტირილით აჰყვა ჭიანური, მედოლემ დოლიც მიუმარჯვა. მშვენიერი და სევდიანი ხმით დაიწყო ნასყიდამ:
რათ მორთულხარ შავად, ჩემო დედაო?
რათ დამტირი ცხარედ საფლავზედაო?
მიწაში ვარ, თვალით ვერა გხედავო,
ქვა და ლოდი მაყარია ზედაო.
გახსოვს დედავ, დამხაროდი ხშირადა,
აკვანშიაც ჩამღეროდი ტკბილადა,
გაიზარდე საქართველოს შვილადა,
იქნებ შენს ერს გამოადგე გმირადა.
ეხლა მნახე, დედავ, რა ცუდ დღეში ვარ,
გველ-ბაყაყის და ხვლიკების ხელში ვარ,
ვაი, დედავ, რა უბედურ დღეში ვარ,
მე გახრწნილი და დამპალი ლეში ვარ!
ბაიათმა რაღაც შვება მოჰფინა ჩემს გულს. იმ ქართველ დედას ვნატრობდი, რომელმაც თავის ღრმა მწუხარებაში შვილის საფლავს მიაგნო. მე ამისი ღირსიც არ გამხადა უფალმა. ეთემ გურჯი თვალცრემლიანი წამოდგა, დამკვრელებს მიუახლოვდა და სათითაოდ გადაჰკოცნა (ვფიქრობ, ეს ლექსი-მოთქმა ეკუთვნოდა თვით ეთემ გურჯს). შემდეგ ვაზის ჯვრით ხელში ნინოსკენ გაემართა, მიართვა, ერთხელ კიდევ დალოცა, დღეობა მიულოცა და მამა-შვილურად გადაჰკოცნა. თვალგაბრწყინებული ნინო მხარზე ეამბორა მას. ეს ჩემთვის ენითაუწერელი სურათი იყო. თვალწინ დამიდგნენ ჩვენი წინაპრები. ეთემ გურჯმა სუფრას თვალი გადაავლო. “არ მოსწყინდება ქართველს გაზაფხულისპირს ფრინველთა ჭიკჭიკი, ბულბულის საამური გალობა, მაგრამ რა ვქნა, იძულებული ვარ დარბაზი დავტოვო და ჩემს ქოხს შევეფარო”, წარმოთქვა მან და ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი დარბაზს. “ვერ ვხედავ ჩემს გალაკტიონს, ჩვენს მგოსანთა მეფეს”, თქვა მან (დიდი მეგობარი და პატივისმცემელი იყო გალაკტიონის). შემდეგ გამოგვეთხოვა, თავზე კახური ქუდი დაიხურა, ნაბადი მოიგდო და წასასვლელად მოემზადა. დარბაზმა ტაშის ცემით გააცილა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. სუფრა კვლავ პაოლომ გამოაფხიზლა. კვლავ სადღეგრძელოები გაჩაღდა პაოლოს შეასანიშნავი ექსპრომტებით. კვლავ მხიარულება მოიტანა თაგუნას, კოხტას და კოსტას მოსწრებულმა სიტყვებმა. შემდეგ ისევ პაოლო წამოდგა და თავისი სასიამოვნო ხმით კვლავ ექსპრომტად წარმოთქვა:
დე, გაგიჟდეს ჭიანური,
დე, გაგიჟდეს ჩვენი თარი,
ვთხოვ და კიდეც იცეკვავებს
ახალგაზრდა ელიზბარი.
ეს უკვე მე მომმართვდნენ. დიდ ხანია არ მეცეკვა, მაგრამ ამ ლექსმა სიამოვნების ჟრუანტელი მომგვარა. წამოვდექი, წრეს შემოვუარე, ბიძაშვილი ნინოს წინ გავჩერდი და თავი მოწიწებით დავუკარი. ნინოს არ დაუგვიანებია, ნარნარით გამომყვა საცეკვაოდ. ცეკვის დროს ბურანში ვიყავი. ბოლოს ჩვენი ცეკვა დასრულდა, ერთხელ კიდევ გადავკოცნე ნინო. გაისმა ვაშას ძახილი და ტაშის გრიალი. ჩემს ალაგს დაუბრუნდი. უცებ რაღაც უხილავმა ძალამ მომიარა, ფეხზე წამოვხტი და მეც ექსპრომტად შევძახე:
რომ ქართველმა ცეკვა იცის,
ვერ დავწამებთ ჩვენ მას ცილსა,
მოდით, ახლა ცეკვა ვთხოვოთ
თვითონ პავლო იაშვილსა!
კვლავ ვაშა, კვლავ ტაში, “გთხოვთ, გთხოვთ”, გაისმა ხმები. პაოლო ფეხზე წამოდგა გაბრწყინებული სახით და მოხდენით მიპასუხა:
ლექსი მტყორცნე მეგობარო,
ლექსი ტკბილი, თანაც მწვავე,
ცეკვის ნიჭი არ მქონია,
მე ლექსით ვარ მოცეკვავე!
დღესასწაული გრძელდებოდა. დაილია თითოეული იქ მყოფის სადღეგრძელო. ყველას შეხვდა პაოლოს ლექსი. ლექსის დამახსოვრება ბავშვობიდანვე მეხერხებოდა, მაგრამ ეხლა ვატყობ, რომ ბევრ რამეში მღალატობს მეხსიერება. ან ვის შეეძლო პაოლოს გაუთავებელი ექსპრომტების ზეპირად დამახსოვრება! მახსენდება კიდევ ერთი მისი ლექსი მიმართული მოჭიდავე ვანო კასპელისადმი:
საამოა ქართველთ ცეკვა,
ბუნებრივი, არა ძნელი,
ალბათ ცეკვით ჩვენ დაგვატკბობს
მოჭიდავე ეს კასპელი.
დამკვრელებმა ბაღდადური დაჰკრეს, კასპელმა კუნთიანი მკლავები გაშალა, ბაღდადი ხელში მოიმარჯვა და ლამაზი ბუქნით შემოუარა წრეს.
ნადიმი გაგრძელდა, ტკბილი და სასიამოვნო. არსად არავითარი პოლემიკა, არავითარი ჭირვეულობა, სუფთად იქნა დაცული ქართული სუფრის ტრადიციები. მოვიდა ჩემი დღეგრძელობის ჯერიც. პაოლო ფეხზე ადგა, დიდი მჭევრმეტყველებით შემაქო, ბევრი რამ თქვა, ბევრი რამ მომიწონა. ცოტა არ იყოს, ეჭვი გამიჩნდა. არა პაოლოს სიტყვების გულწრფელობაში, არამედ საკუთარ თავში. “რა გავაკეთე ისეთი, რომ ამხელა ქება დავიმსახურე? ვცდილობდი მომეხადა ჩემი ვალი სამშობლოს წინაშე და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ შევძელი”, ვფიქრობდი ჩემთვის. შემდეგ მთლად ჩემსკენ შემოტრიალებულმა ექსპრომტიც მაჯახა:
რა ძნელი ხარ და რა მკაცრი
ეკლიანო შენ აღმართო!
მოდი ახლო ქართველურად
მსურს, რომ ხელი ჩამოგართო!
პაოლო ხელგამოშვერილი წამოვიდა ჩემსკენ, მეც შევეგებე, ხელი მხურვალედ ჩამომართვა, გულში ჩამიკრა და ნამდვილად ძმურად გადამკოცნა. ამასაც ტაშით შეხვდნენ. კოხტამ წკრიალა ხმით შემოსძახა ჩემი საყვარელი სიმღერა “ვინა სთქვა საქართველოზე, ეგ არის ლომი კვდებაო”. ყველა მოწიწებით და აღფრთოვანებით უსმენდა, ეძინა მხოლოდ ძლიერ დამთვრალ ახალგაზრდა პოეტს, გერონტის. გრძელდებოდა ქეიფი და სიამოვნება. სადილს ვახშამი მოჰყვა. სიტყვა მიეცა თითოეულ სტუმარს, თითოეულმა პოეტმა წარმოთქვა თავისი შეთხზული ლექსი, ერთიმეორეზე უკეთესი. თაგუნამ ხალხი გაამხიარულა, როცა წარმოთქვა იუმორისტული ლექსი გრიშაშვილზე (მხოლოდ ნაწილი მახსოვს):
გრიშაშვილმა მთხოვა:
დაწერე რამეო
და ჩემს საღამოზე
წარმოსთქვი ხვალეო.
მე კი ვუპასუხე:
“აბა სად ვიშოვო
მუზა გასახეთქი?
მუზას მე გასესხებ,
ნუ სწუხდები მასზე,
არა გვიან, ძმაო,
ხვალევე დილაზე.
დილით ადრე მუზამ
ზედი-ზედა მტყორცნა:
ჩქარა დაწერეო
კოცნა, კოცნა, კოცნა.
და მეც კოცნას ვუძღვნი,
ვინც ლამაზი აქ ზის,
განა მხოლოდ ჩემის –
გრიშაშვილის მუზის.
მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა კოტეტიშვილმა. უსურვა თამადას დღეგრძელობა.
შუაღამე გადასულიყო. თამადის დღეგრძელობა უკვე ქეიფის დასასრულად ითვლებოდა. “აბა, პაოლო, გვითხარ ერთი შენი სახუმარო ქუთათური!” პაოლო წამოდგა და ნამდვილი ქუთაისური კილოთი ლექსად აღწერა ქუთაისის სასეირნო ბაღი საღამოთი (ბულვარად წოდებული), იქ მოსეირნე უსაქმო ქალ-ვაჟი და მათი არშიყობა. მახსოვს მხოლოდ დაბოლოება, რომელშიც ლაპარაკია ერთ სკამზე მყუდროდ მჯდარ წყვილზე. ქალი ეურჩება გრძნობით აღვივებულ ვაჟს:
სად მოჩოჩავ, გერასიმ,
გეიწიე იქით რაცხა,
ხედავ, ხალხი მიდი-მოდის,
ეგონება ვინცხას რაცხა.
ნადიმი დამთავრდა. ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და მე გავუდექი ჩემი ცარიელი ოთახის გზას. კოხტამ სახლამდე მიმაცილა. სინათლის აუნთებლად და გაუხდელად ლოგინზე მივწექი. ეს იყო ჩემი უკანასკნელი სიამოვნება და სიხარული. ჩემდა საუბედუროდ და თან ამაყი გულით კვლავ ჩავები საშიშ მოძრაობაში, სამშობლოს სიყვარულით და პირადი შურისძიებით აღსავსე. აქ უკვე ჩემი დევნა გახშირდა. რკალი თანდათანობით შევიწროვდა. ჩემს გამო შეავიწროვეს ჩემი მეგობრები. იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამშობლო და გადმოვხვეწილიყავი უცხოეთში.
P. S. როდესაც თავისი მშვენიერი სიტყვების შემდეგ ეთემ გურჯმა ჩვენი სუფრა მოულოდნელად დატოვა, მისი ეს მოქმედება მე ცოტა არ იყოს მეუცხოვა. ძველი ტრადიციების მქონე ქართველი კაცის მიერ უჯეროდ ღვინის დალევა მაკვირვებდა, ეს ჩემთვის გაუგებარი იყო და მგონი სხვებზეც ასეთივე შთაბეჭდილება დატოვა. მინდოდა გამერკვია თუ რაში იყო საქმე.
სარწმუნო წყაროებიდან გავიგე, რომ ამ მარტოხელა კაცს, არ ვიცი რა საშუალებით გაუზრდია მიტოვებული ჩვილი, რომლისთვისაც სახელად მალხაზა დაურქმევია. ბავშვი გაზრდილა, ნიჭიერიც გამომდგარა სიმღერაშიც და წერაშიც. შემდეგ კი, საუბედუროდ, არალეგალურ ბრძოლაშიც ჩაბმულა, აქტიური მონაწილეობა მიუღია 1924 წლის აჯანყებაში, დაჭრილა კიდეც მგონი დაბა ვაზიანთან და კომუნისტ ჯალათებს ჩავარდნია ხელში. დიდხანს ეთემმა შვილობილზე არაფერი იცოდა. შემდეგ გაიგო, რომ ჩეკაში ჰყავდათ და რაღაცნაირად შეხვედრა დაუნიშნია ვიღაც ბობოლასთან სწორედ იმ ნინაობის დღეს. აი, რატომ დატოვა იმ დღეს სუფრა. შეხვედრაზე კი მისთვის პირდაპირ მიუხლიათ, რომ მისი საყვარელი მალხაზა უკვე კარგა ხნის დახვრეტილი იყო. ამაზე გულდათუთქულ ეთემს ეს ლექსი დაუწერია:
ჩვენ ღვინოს ვსვამდით, არრას ვგრძნობდით გალეშებულნი,
შენ კი გხვრეტავდა გიჟი შულმანი გამხეცებული,
შენ რომ გხვრეტავდა, მე ვხვრინავდი, მეძინა ტკბილად,
იმ დიდ კალოზე, საბურთალოზე, გმარხავდნენ წყვილად.
და არცა ვნანობ, რაც ჩავიდინე,
ძალად გამხადეთ მე ეხლა თქვენი,
მაგრამ რა ვქნა, რომ სიცოცხლე მინდა,
შულმანის ხელით დახვრეტას ველი.
ეთემი გურჯო, აბა, რას იტყვი,
თუ რამე გჯერა,
მაინც ბოლოა ჩვენი დახვრეტა,
ოხ, ბედისწერა!
ვფიქრობ, ეს სიმღერა მან ჩვენი ქეიფიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა.
პუბლიკაცია მოამზადა ბიძინა მაყაშვილმა
© “არილი”