თარგმანი

ელიფ შაფაქი – ჩემი ცხოვრების წიგნები

ელიფ შაფაქი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

ბებიაჩემის სახლში ვიყავი, ანკარაში, თურქეთში. 6 წლის უნდა ვყოფილიყავი. კითხვა ბებიას რეცეპტების წიგნიდან და ტრადიციული შუა აღმოსავლური სასიყვარულო ისტორიებიდან ვისწავლე – ლეილა და მაჯნუნი, ფერჰატი და შირინი.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“. თურქეთში გრაფიკულ რომანად გამოსცეს და ვაღმერთებდი. მხოლოდ კი არ წავიკითხე და გადავიკითხე, დავხატე ყველა პატარა ნახატი, რომლებიც მასში იყო – ქუდები, კაბები, გილიოტინა. მიყვარდა ისტორია და ახლა ვაცნობიერებ, რომ, ალბათ, რაღაც პერსონალურიც ხდებოდა: ჩემი მშობლების დაშორების შემდეგ მამაჩემი საფრანგეთში დარჩა და ხელახლა დაქორწინდა. მას ახალი ოჯახი ჰყავდა, ნახევრად – ფრანგული, ნახევრად – თურქული. სრულიად ჩამოშორებულები ვიყავით ერთმანეთს დიდი, დიდი ხნის განმავლობაში. ასე რომ, განსაკუთრებით დაინტერესებული ვიყავი იმ წიგნებით, რომლებიც საფრანგეთის სისხლიან ისტორიასთან იყო დაკავშირებული.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები და ამბები ძალიან მიყვარდა. როცა დაახლოებით 12 წლის ვიყავი, გერმანელი მწერლის, მიხაელ ენდეს „დაუსრულებელი ამბავი“ წავიკითხე და ძალიან მოვიხიბლე. ბავშვი, ბასტიანი, რომელსაც მოძალადეები დევნიან, იძულებულია, წიგნების მაღაზიაში დაიმალოს, სადაც აღმოაჩენს უცნაურ წიგნს – ეს ბიჭი და ამბავი მრავალმხრივ განსაკუთრებულია ჩემთვის.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ვირჯინია ვულფი. „ორლანდოს“ პირველად წაკითხვა ჰგავდა ცივ, მაგრამ ულამაზეს ლურჯ ზღვაში ჩახტომას. მანამ არ ვიცოდი, თუ შეიძლებოდა ფიქციის ასე წერა – ასეთი სინაზით! საუკუნეებს შორის მოგზაურობა, გეოგრაფიული შეზღუდვები, გენდერული საზღვრები. არ ვამტკიცებ, რომ წიგნი მთლიანად გავიგე პირველად წაკითხვისას, მაგრამ რაღაც რადიკალურად შეიცვალა ჩემ შიგნით. ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ წამიკითხავს „ორლანდო“ და ყოველთვის თავისუფლების ის განცდა მაქვს, რომელიც პირველი წაკითხვისას მქონდა.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

ადრეული ასაკიდანვე იმისათვის მჭირდებოდა კითხვა, რომ ჩემ გარშემო სამყაროს აზრი გამეგო. წიგნები ახალ სამყაროებს ხსნიდნენ, ახალ შესაძლებლობებს. მწერლობა მოგვიანებით გადავწყვიტე. როცა 18 წლის ვიყავი, გვარი შევიცვალე. შაფაქი იმიტომ შევარჩიე, რომ მისი მნიშვნელობა მომწონს (განთიადი, გარდამავლობა) და იმიტომაც, რომ დედაჩემის სახელია. ასე რომ, მამის გვარის ნაცვლად დედის სახელის გამოყენება ძალაუფლების იერარქიის გადატრიალებას ჰგავდა. გაბრიელ გარსია მარკესი და ალბერ კამიუ – ორივენი ძალიან მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩემთვის ახალგაზრდობისას.

წიგნი, რომელსაც დავუბრუნდი

მიხეილ შოლოხოვის „წყნარი დონი“ და ივო ანდრიჩის „დრინის ხიდი“. ორივე წიგნი მრავალშრიანია, ქსოვილი უზარმაზარია და ხელახლა წაკითხვაა საჭირო.

წიგნი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

ნიკოლაი გოგოლის „მკვდარი სულები“. მიყვარდა, როცა პირველად წავიკითხე, წარმოუდგენლად ძლიერი და ვიზუალურად მიმზიდველია, შენთან რჩება დიდხანს, მაგრამ არ მგონია, რომ კიდევ წავიკითხავ. და სრულიად სხვა მიზეზების გამო ძალიან მცირე სურვილი მაქვს კერუაკის წიგნის „გზაზე“ წაკითხვის. მიუხედავად იმისა, რომ მომწონდა მისი დამოუკიდებელი სული და კრიტიკული აზროვნება, გაბერილი მასკულინური ეგო უაღრესად შემაშფოთებელია.

იგნი, რომელიც გვიან აღმოვაჩინე

ჰერბერტ უელსის კითხვა იმაზე ცოტათი გვიან დავიწყე, ვიდრე უნდა დამეწყო, მას შემდეგ, რაც წაკითხული მქონდა ოლდოს ჰაქსლი, ურსულა ლე გუინი და ჯორჯ ორუელი. უელსი საინტერესო მოაზროვნეა, მთხრობელი, რომელსაც შესანიშნავი ფუტურისტული წინასწარმეტყველებები აქვს და ექსტრაორდინარულად აფასებს ადამიანის უფლებებს. რაც უფრო მემატება ასაკი, უფრო და უფრო ღირებული ხდება.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

აიად ახტარის „მშობლიური ელეგიები“. ბასრი და ჩამთრევი.

ჩემი კომფორტული საკითხავი

უცნაურად ჟღერს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ემილ ჩორანის წიგნები იყო ჩემი კომფორტული საკითხავი. „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“, „სასოწარკვეთის მწვერვალებზე“, „ხრწნის მოკლე ისტორია“.

მისი პესიმიზმი ისეთი მკაცრი და ბნელია, რომ მასთან შედარებით უფრო ოპტიმისტურად გრძნობ თავს.

© არილი

Facebook Comments Box