ემილ მიშელ ჩორანის ესე ურუგვაელი მწერალი ქალის, სუსანა სოკას შესახებ მოგვითხრობს. იგი 1907 წელს დაიბადა, გამოსცემდა ლიტერატურულ ჟურნალს, თარგმნიდა პოეზიას, 1936 წელს კი ურუგვაიში სტუმრად ჩასული ანრი მიშო გაიცნო და მალე მათი ურთიერთობა მხურვალე, თუმცა ხანმოკლე სიყვარულში გადაიზარდა. სუსანა სოკა 1959 წელს გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად – თვითმფრინავი, რომლითაც იგი პარიზიდან მონტევიდეოში ბრუნდებოდა, დაიწვა. ბორხესმა მის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა, რომელიც 1960 წლის კრებულში შევიდა, ხუან კარლოს ონეტიმ კი რომანი “ხუნტაკადავერესი” – 1964.
აი, სულ ეს არის, რისი გაგებაც მოვახერხე ამ უცნაური ქალის შესახებ, მაგრამ როცა ხელახლა გადავიკითხე ტექსტი და ეს რამდენიმე დეტალი მისი ბიოგრაფიიდან, უკმარისობის გრძნობამ მაგა გამახსენა, კიდევ ერთი ლათინოამერიკელის, ხულიო კორტასარის მაგიური ქმნილება “კლასობანადან”: მაგა, რომელიც პარიზს გამოექცა და მონტევიდეოში (თუ პერუჯაში, ან იქნებ სულ სხვაგანაც) გაემგზავრა… ვის გვერდითაც ორასიო ოლივეირა “ჰიპნოტურ, ზებუნებრივ უხერხულობას” გრძნობდა და ამ უხილავის შიშით ატანილი ფილოლოგიურ თამაშებს აფარებდა თავს.
მთარგმნელი, 2001 წ.
იგი მხოლოდ ორჯერ ვნახე. სულ რამდენიმე საათით. მაგრამ სასწაული ხომ დროით არ იზომება. ზმანებასავით მომევლინა და უეცრად დამატყვევა მისმა არამიწიერმა გარეგნობამ, ჩურჩულმა (იგი კი არ ლაპარაკობდა, შრიალებდა), გაუბედავმა მოძრაობებმა. მისი მზერა არც ადამიანებისკენ იყო მიმართული და არც საგნებიკენ, საქციელით კი საოცრად მომხიბლავ აჩრდილსა ჰგავდა. “ვინ ხართ? საიდან მოხვედით?” – მინდოდა მეკითხა. თუმცა ეს კითხვა, ალბათ ჰაერში გამოეკიდებოდა, იმდენად იყო შეზრდილი საიდუმლოსთან და მისი ძირს, სიცხადესთან დაშვება წარმოუდგენელი ჩანდა. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რატომ დათანხმდა იგი საერთოდ ესუნთქა, რა შემთხვევითობამ აიძულა სუნთქვის ცდუნებას აჰყოლოდა. ვერც იმას გავიგებთ, თუ რას ეძიებდა იგი ჩვენს შორის. მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას დარწმუნებით: ეს ქალი არ იყო ამ ქვეყნისა და ჩვენს ზნედაცემულ სამყაროში მისი დარჩენის მიზეზი ან ხათრი უნდა ყოფილიყო, ან დამღუპველი ცნობისმოყვარეობა. მხოლოდ ანგელოსებსა და უკურნებელ ავადმყოფებს თუ ძალუძთ გაგრძნობინონ ის, რასაც ამ ქალის გვერდით განიცდიდი: ჰიპნოტური, ზებუნებრივი უხერხულობა!
პირველი შეხვედრიდანვე შემიყვარდა მისი თავმდაბლობა, განსაკუთრებული, დაუვიწყარი კრძალვა, რისი წყალობითაც იგი ხან უხილავი ღმერთის მსახურებაში დაფერფლილ ქურუმ ქალს ემგვანებოდა, ხანაც მიღმურის ნოსტალგიით ან ექსტაზის უნაპირობით გადაღლილ სულთამხილავს.
ყველა ადამიანური უნარით, მრავალი ნიჭით დაჯილდოვებული, იმავდროულად თითქოს არაფერზე იყო დამოკიდებული, არამედ რაღაც უზენაეს სიღატაკეს ელტვოდა და განწირული იყო უხმოდ ეჩურჩულა თავისი უპოვარობის გამო. რა უნდა ჰქონოდა მას, რას უნდა დაუფლებოდა, ან რისი უნდა ერწმუნა, როცა დუმილი მისი არსი გახდა, დაბნეულობა კი მთელი სამყარო? რაც მეტს ფიქრობ ამ ქალზე, მით უფრო ნაკლებად გიჩნდება სურვილი ეპოქის საზომებითა და ჩვეულებათა კვალდაკვალ შეაფასო იგი. ეს ქალი თითქოს რაღაც უძველესი წყევლის მსხვერპლი გახდა. იგი სხვა მხარესა და სხვა ეპოქაში უნდა შობილიყო, ჰეივორტის დიუნებს შორის, ნისლსა და უკაცურობაში, დები ბრონტეების გვერდით…
დაკვირვებული კაცი ადვილად ამოიკითხავდა მის სახეზე, რომ იგი დიდხანს არ დარჩებოდა ჩვენს შორის, რომ დღეგრძელობის კოშმარი აცდებოდა მას. ამ ქალს სიცოცხლეშივე ისე ცოტა რამ ჰქონდა საერთო სიცოცხლესთან, რომ ყოველი მისი დანახვა უკანასკნელი გეგონა. განშორება მისი ბუნების უმთავრესი ნიშანი იყო, ბედის ანარეკლი, კვალი მიწიერი არსებობისა. იგი ამას შარავანდედივით იხდენდა არა კადნიერების, არამედ უხილავთან წილნაყარობის გამო.
თარგმნა
მალხაზ ხარბედიამ