ფრანგულიდან თარგმნა ნინო ციმაკურიძემ
1. მონტეროსო უსასრულობაში _ მოკლედ თქმის ქება
თავის “ექვს წინადადებაში მომავალი ათასწლეულისათვის”, იმ ნაწილში, რომელიც სისწრაფეს ეხება, იტალო კალვინო ამბობს, რომ იგი არ იცნობს უფრო სრულყოფილ მოკლე მოთხრობას, ვიდრე გვატემალელი მწერლის აუგუსტო მონტეროსოს ზღაპარია. საუბარია მონტეროსოს უკიდურესად მოკლე ზღაპარზე, რომელშიც სულ ესაა ნათქვამი: “როდესაც მან გაიღვიძა, დინოზავრი ჯერ კიდევ იქ იყო”. კალვინოს ამ კომენტარის წყალობით მონტეროსოს სახელი არაესპანურენოვან მკითხველსაც მისწვდა. ხოლო კალვინომა და მონტეროსომ, რომლებიც მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, გადაწყვიტეს, რომში ერთად ესადილათ. პაემანზე მეუღლეების თანხლებით მივიდნენ. კალვინოცა და მონტეროსოც მორცხვი ადამიანები იყვნენ. თვითონ მონტეროსომ მიამბო ერთ დღეს ბარსელონაში, რომ იმ სადილზე მან და კალვინომ საუბარი ვერ ააწყეს. დანაკლისს ქალბატონების საუბარი ანაზღაურებდა. რამ გამოიწვია ეს დუმილი? სადილობის დაწყებისას მორცხვმა კალვინომ თქვა: “მე ვიცნობ გვატემალას”. მონტეროსოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ფრაზა და მან გაიფიქრა, შესაბამისი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, “მე ვიცნობ რომს”, მაგრამ ასეთი პასუხი სულელური ეჩვენა და სადილის დასრულებამდე ხმა აღარც ამოუღია. “დუმილს, – მითხრა მონტეროსომ, – იწვევს შიში. შაუბრის გაგრძელების შესაძლებლობა ისპობა იმის შიშით, უკვე ნათქვამი არ გავიმეოროო. ზოგჯერ სიტყვები თავიანთ თავს ანადგურებენ.” დინოზავრის განთქმულ ზღაპარზე ერთი ამბავი გავრცელდა ლეგენდასავით. ამბავი რეალურია, მე თვითონა ვარ მისი მომსწრე. ბარსელონაში, “ტრეს ტორესის” უბანში გამართულ კოკტეილზე მონტეროსოს ქალბატონი მიუახლოვდა და უთხრა: “მე ახლა თქვენს დინოზავრის ზღაპარს ვკითხულობ”. მონტეროსო ქალბატონის აზრით დაინტერესდა. “ჯერ ვერაფერს გეტყვით, მიუგო ქალბატონმა. ჯერ მხოლოდ ნახევრამდე მივედი”. მონტეროსოს პროზაში არის მოკრძალება, ლაკონურობა, იუმორი და საოცარი სინთეზი ნარატიული რეფლექსიის, ფილოსოფიური ზღაპრისა და პოეტური აფორიზმებისა. მის “მარადიულ მოძრაობაში”, რომელიც საფრანგეთშიც გამოვიდა, გვხვდება ჟანრების შტამბეჭდავი და ეფექტური რღვევა, რის წყალობითაც ჩვენს წინაშე იშლება ლიტერატურული ფარდაგი თავისი მრავალი მიმართულებით, მოკლე მოთხრობებით, აზრებით, აფორიზმებით, თავისუფალი გადახვევებით და მოკლე უნივერსალური ანთოლოგიით ბუზის შესახებ, მწერისა, რომელიც ავტორისეულ სამყაროში გამოხატავს მავნებლობასა და გენეტიკურ სიჩლუნგეს სახეობისა, რომელიც არ ვითარდება. “სამყარო არ ვითარდება”, ამბობს მონტეროსო, სერვანტესისებრი ღრმა ირონიის დიდოსტატი, რომელიც ადამიანის არსების ფარულ უკიდურესობებს იკვლევს. აბრიელ გარსია მარკესისა და მის მსგავს მწერალთა სახელგანთქმული ფოლკლორული მაგიური რეალიზმის საპირისპიროდ იკვეთება მონტეროსოს შემოქმედება, სრულყოფილი ნიმუში იმისა, რისთვისაც შინაგანი რეალიზმი შეგვეძლო გვეწოდებინა. თუ მაგიური რეალისტები ცდილობენ, ასახონ ფანტასტიკური და ჯადოსნური გარეგანი რეალობა, მონტეროსო, პირიქით, ფსიქოლოგიურ ჩაღრმავებას ეძიებს და მისდევს იმ მიმართულებას, საიდანაც არ გადაუხვევიათ რობერტო ბოლანოს, სესარ აირას, ხუან ვილიოროს, როდრიგო რეი როსას, როფრიგო ფრესანსა და ალან პაულსს, დღევანდელი ლათინური ამერიკის საუკეთესო მწერლებს. ხდება ხოლმე, რომ მოკლე ტექსტების ავტორს დიდი სურვილი უჩნდება, უსასრულოდ გრძელი ტექსტების დაწერაც მოსინჯოს. რათა გაეგოთ, სჩვეოდა თუ არა ეს მონტეროსოსაც, ერთხელ ჰკითხეს, გიყვართ თუ არა პრუსტიო. მისი უჩვეულო მშვენიერი პასუხების მომლოდინეებს მწერალმა უთხრა: “მოკლედ წერა “დაკარგული დროის” კითხვამ მასწავლა. მე ვიფიქრე, რომ სწორედ პრუსტის საპირისპირო უნდა მეკეთებინა.” მე მაინც მგონია, რომ მონტეროსო მოკლე ტექსტების ავტორი კი არ არის, არამედ უსასრულო მოკლე ტექსტებისა. ერთ დღეს მისი ზმანებების სამყაროთი დავინტერესდი და მან მიპასუხა: “მოკლედ გეტყვი: იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხეშეშფრთიანი მწერი, სახელად გრეგორი ზამზა, რომელსაც ესიზმრებოდა, რომ იყო ხეშეშფრთიანი მწერი, სახელად ფრანც კაფკა, რომელსაც ესიზმრებოდა, რომ იყო მწერალი, რომელიც წერდა ერთი მოხელის შესახებ, გრეგორი ზამზა რომ ერქვა და რომელსაც ესიზმრებოდა, რომ იყო ხეშეშფრთიანი მწერი”.
2. სარაგოსაში ნაპოვნი ანეკდოტი _ აქამდე ყველაფერი შესანიშნავად იყო
ხანგრძლივად მდუმარე ადამიანებს რაც შეეხება, ჩემი საყვარელი სცენის მოქმედება ხდება ციურიხში, კაფეში, სადაც ერთ დღეს “პარკების ჯგუფის “ სამი წარმომადგენელი შეიკრიბა (ამბავს გვიამბობს ვალტერ ბენიამინი). არნოლდ ბიოკლინი, მისი ვაჟი კარლი და გოტფრიდ კელერი ჩვეულებისამებრ მუნჯებივით ისხდნენ. სიჩუმეში გასული საკმაო ხნის შემდეგ ახალგაზრდა ბიოკლინი ამბობს: “რა სიცხეა!” სიმუნჯეში გადის კიდევ თხუთმეტი წუთი და მამა ბიოკლინი პასუხობს: “ნიავიც არ იძვრის”. კიდევ რამდენიმე წუთი უნდა გავიდეს, რომ კელერი ადგეს და წარმოთქვას: “საკმარისია! ეს აუტანელია, სულაც არ ვაპირებ, სმა გავაგრძელო შარლატანებს შორის!” როგორც ხედავთ, ამ მონათხრობს დუმილის შესახებ ანეკდოტის სტრუქტურა აქვს და ძალიან ჰგავს მას. მართლაც ანეკდოტივით მიამბო იგი სხვა დროს ერთმა მეგობარმა ისე, რომ პროტაგონისტები არ დაუსახელებია, არც იცოდა, რომ ბენიამინს სერიოზული ჩანაწერი ჰქონდა ამაზე გაკეთებული. საქმე ისაა, რომ, როგორც ცნობილია, ზღვარი დრამატულ მოთხრობასა და ანეკდოტს შორის ძალზე მყიფე და მგრძნობიარეა. ბევრჯერ მინახავს, როგორ ქცეულა ვულგარული ანეკდოტი დიდი სიღრმის მქონე მოთხრობად.
ერთ დღეს სარაგოსელმა რეჟისორმა ლუის ალეგრემ მისი ქალაქის უძველეს კაფეში სახალისო ამბავი მიამბო და მაშინვე გამიჩნდა იდუმალი სურვილი, დრამატულ მოთხრობაში გამომეყენებინა იგი. ამბავი შეეხებოდა ბავშვს, რომელსაც უნარი კი ჰქონდა, მაგრამ არასოდეს ლაპარაკობდა. მიუხედავად ექიმების მტკიცებისა, რომ მას არანაირი ფიზიკური და ფსიქიკური დაზიანება არ აღენიშნება და მშვენივრად შეუძლია ლაპარაკი, ბავშვი სიტყვაუთქმელად ატარებს წლებს. მშობლები წუხან, ბავშვი დუმს. ორმოცი წლისა ისე გახდა, არაფერი შეცვლილა. ერთ დღეს ჩვეულებისამებრ სადილობს და დესერტს რომ გაათავებს, მოულოდნელად ინებებს, დაილაპარაკოს – პირველად ცხოვრებაში. “დესერტი საძაგელი იყო”, – ამბობს იგი. მშობლები, რასაკვირველია, მაშინვე ჰკითხავენ, აქამდე რატომ არაფერს ამბობდიო. “საქმე ისაა, რომ აქამდე ყველაფერი შესანიშნავად იყო”, – პასუხობს შვილი. ცოტა ხნის შემდეგ ეს ამბავი მეტ-ნაკლები სიზუსტით ჩავრთე ჩემს ნოველაში, რომელსაც “დანტე სალამს გიძღვნის” დავარქვი. ვინც კი ნოველის თავდაპირველი ვერსია წაიკითხა, შენიშვნა მომცა, ანეკდოტიდან მომდინარეობსო. გადავწყვიტე, გადამემუშავებინა. ვერსიების ზედახორა დავწერე, მივიდოდი იმ ვარიანტამდე, სადაც არაფერი მოჰგავდა ანეკდოტს, თუმცა ფინალი შევინარჩუნე. როდესაც იგი იტალიურად ითარგმნა, ერთმა ჟურნალმა ვრცელი ფსიქოანალიტიკურ-ლიტერატურული ესეი მიუძღვნა. მისმა მწყობრმა მსჯელობებმა მეც წამართვა ენა გაკვირვებისაგან. მაგალითისათვის, სტატიაში ეწერა, რომ “სიტყვასა და დამწერლობას ბადებს მხოლოდ ცხოვრებისაგან მიყენებული ჭრილობები”.
დიდხანს მტკიცედ მჯეროდა, რომ ეს ამბავი მხოლოდ ჩემი კუთვნილება იყო. მაგრამ ერთ დღეს ჩემდა გასაოცრად წავიკითხე, რომ მწერალ ანტონიო ლობო ანტუნესის ძმაც წლობით არ ლაპარაკობდა, სანამ ერთხელაც რაღაცის გამო დაჩივლება მოუნდებოდა. დედის შეკითხვას, თუ რამ გადაააწყვეტინა ხმის გაღება, მან დაახლოებით ასე უპასუხა: “საქმე ისაა, რომ აქამდე ყველაფერი შესანიშნავად იყო”. გასაგებია, ეს რასაც გამახსენებდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი წავიკითხე, რომ გასაგიჟებლად დიდი დრო დასჭირებია აინშტაინსაც, ვიდრე ალაპარაკდებოდა (ამბობენ, უეჭველად აუტიზმი სჭირდაო) და რომ მასაც ეს ნაბიჯი სადილობისას გადაუდგამს. პირველი თავი კერძი არ მოსწონებია და “ეს სუპი საზიზღრობააო”, უბრძანებია. მასაც დედამ ჰკითხა, აქამდე რატომ არაფერს ამბობდიო, ხოლო პასუხი თვითონვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. დაბოლოს: ვინაიდან აინშტაინს არ შეეძლო წაეკითხა ჩემი ნოველა ანდა მოესმინა ლუის ალეგრეს ანეკდოტი, დიდი შანსია, რომ ქრონოლოგიურად პირველად მას ეკუთვნოდეს “აქამდე ყველაფერი შესანიშნავად იყო”, სიტყვები, რომლებსაც ლობო ანტუნესი თავის ძმას მიაწერს, ხოლო ჩემამდე ლუის ალეგრეს მეშვეობით მოაღწია სარაგოსას ერთ ძალიან ძველ კაფეში. იქნებ ესპანეთში გავლისას თვით აინშტაინი მოჰყვა ამ ამბავს, ოღონდ იმას კი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მისგან ჩემდაუნებურად საფსიქოანალიზე ნოველა გამომივიდოდა.
(c) “ჩვენი მწერლობა“