ესე (თარგმანი)

ენ კარსონი – კვლავ ფლობერი

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

საგნები უეცრად ძირს ცვიოდნენ და იმსხვრეოდნენ. ან იშლებოდნენ. ავტომანქანები სწორი კურსიდან უხვევდნენ. ძაღლები უღონოდ ეცემოდნენ ძირს. უახლოეს უდაბნოში იმ დღეებში  ბგერით ზემოქმედებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ტარდებოდა. მთელი დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში შემრჩა ეს შფოთვაო, წერდა ქალი. რომანისტი იყო და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ ყოველთვის სურდა, შეექმნა  ახალი ტიპის რომანი. თუმცა თანდათან ხვდებოდა, რომ ყველა რომანისტი ამაზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც არ კარგავდა ამგვარი რომანის დაწერის იმედს. მის შესახებ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ  გულწრფელად და მკაფიოდ უნდა გამოეხატა სათქმელი. რაც მას უნდა დაეწერა, ახლა მე ვწერ.

მისი სილუეტი იმსხვრევა და უჩინარდება.

სად განათავსებდით მესამე ხელსო, ეკითხებიან ცდისპირებს შემოქმედებითი უნარების შეფასებისას. ყოველ შემთხვევაში, ასე გამიგონია. იქნება თუ არა ახალი ტიპის რომანი მესამე ხელის მსგავსი? მაღიზიანებს ეს სიტყვა – შემოქმედებითი უნარები. რა თქმა უნდა, ისე არა, როგორც მესამე ხელი გამაღიზიანებდა. შემოქმედებითი უნარები კი არ მატულობს, არამედ სულ უფრო იკლებს. ბარტი ისე გარდაიცვალა, რომ ეს ტერმინი არ განუმარტავს. გამახსენდა ფლობერის და სხვათა მცდელობები. სხვებიც უარყოფდნენ შემოქმედებითი უნარების არსებობას, ისე, რომ არც კი ესმოდათ ამ ტერმინის მნიშვნელობა. სავარძელი, რომელშიც ვზივარ…. მისი უცნაური ნახჭები… უკანა პარმაღიდან ზამთრის გამო შინ შემოტანილი ძველი მოწნული სავარძელი… საბანში გახვეული აქ ვზივარ, ლამპასთან, უზარმაზარი შავი ფანჯრების გვერდით, ამ დეკემბრის ღამით, დილის ოთხის ნახევარზე. მინაში სამზარეულო ირეკლება. მინა იმდენად ცივია, რომ შეხების სურვილი არ მიჩნდება. სამზარეულოს დამაყრუებელი სიჩუმე  ღამით… ჩემი სავარძლის ჭრიალი…

ახალი ტიპის რომანს არ უნდა ჰქონდეს ძველის ნიშან-თვისებები – სიუჟეტი, ფინალი.   ის არ უნდა ანიჭებდეს მკითხველს მწერლის ჩანაფიქრის მიხვედრის სიამოვნებას. საჭიროა არა ამ ნიშან-თვისებების უარყოფა, არამედ – გაუქმება. უარყოფა, თავისთავად, უსუსურია, რეაქტიული, ეგოისტური. თუკი  ოდესმე მართლაც დავწერ, წერა მთლიანად შთანმთქავს და წაშლის ყოველივეს. ჩემი ქმნილების მსგავსი ვიქნები, მაგრამ ეს ქმნილება არ იქნება სამოთხის, ჯოჯოხეთის, ქაოსის, სამყაროს, ტროის ომის ან სიყვარულის ისტორია. ის, უბრალოდ, ჩემი თვითგამოხატვა იქნება.  ტექსტში არ მოიძებნება იმის დამადასტურებელი ხარვეზები, რომ ავტორმა სრულად ვერ გამოხატა სათქმელი. იმის თქმა მინდა, რომ ეს იქნება ისტორია არაფრის და, იმავდროულად, ყველაფრის შესახებ. მაგრამ ახლა, როდესაც ბუნდოვნად ვგრძნობ, რომ მეტ-ნაკლებად ზუსტად ვიმეორებ ფლობერის სახელგანთქმულ წერილში[1] გამოთქმულ აზრებს (ყველა მაშინვე მათ იმოწმებს, როდესაც ამგვარი რომანის დაწერის სურვილი უჩნდებათ), ვიცი: უკან მოვიტოვე ემოციები, მკაფიოობა, ლოგიკური დედააზრი – ყოველივე ის, რაც ჩემი საკუთარი იყო (თუმცა,  „საკუთარი“ იგივეა, რაც „სხვისი“). ახლა ჩემი „მე“ ცარიელია, უგონო, ბუნდოვანი… უეცრად კვლავ დავინახე აჩრდილი, რომელმაც ადგილი დამითმო… მან უკან დაიხია და ოდნავ გასაგონი ჩქამით გაუჩინარდა, შემდეგ განთიადმა ჰაერი ცისფრად შეაფერადა. და  კვლავ:

თვით ამ გაჭიანურებული ღამესავით შემცივნებული და დაღლილი, წამოვდექი და საბანი დავკეცე. მინდოდა მშიერი  ვყოფილიყავი, მაგრამ არ მშიოდა. მსურდა, ბანაობა მომნდომებოდა, მაგრამ სურვილი არ მიჩნდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ როგორც კი ქაფქაფა წყალში ვწვებოდი, წამიერად ვუბრუნდებოდი ბავშვობას. აი, ისევ ხუთი წლისა ვარ. კვირადღის საღამოა. მეშინია. რისი მეშინია? არ ვიცი. სკოლისა, სადაც ორშაბათს უნდა წავიდე? მაგრამ სკოლაში სიარული მიყვარდა. ან, შესაძლოა, თავიდან არ მიყვარდა. მოგვიანებით შემიყვარდა. ყველა შემთხვევაში, ტვინსა და სხეულში შიშის ყოვლისმომცველი ნაკადი, ერთი დიდი, მხურვალე ტალღა მომედო. ეს იყო – შესაძლოა – დროის განცდა, რომელსაც მიჰქონდა სხეული კვირა ღამიდან ორშაბათ დილამდე, შემდეგ – მომდევნო ორშაბათ დილამდე, და ასე უსასრულოდ, ნებსით თუ უნებლიეთ. აურაცხელი წუთები აიძულებს სხეულს, გადაინაცვლოს ამ წუთიდან იმ წუთამდე, ერთფეროვნებიდან ერთფეროვნებამდე, მოქმედებიდან მოქმედებამდე, სანამ არ განადგურდება. ესაა აუტანელი, შეუქცეველი,  გამანადგურებელი მოძრაობა წინ, წყვდიადში – მაგრამ, რა არის ეს წყვდიადი? და განა სხეული (ხუთი წლის ასაკში) ძალზე ნორჩი არ იყო, რომ ყოველივე ეს აეტანა? შეიძლებოდა თუ არა თავის დახსნა? ვისთვის უნდა მეთხოვა შეწევნა? სად იყო მტრული ძალები, სად? და რა იყო ეს მძაფრი, მხურვალე აღგზნება, როდესაც სხეული აბაზანაში თითქოს გამჭვირვალე ხდებოდა და მღეროდა? შემდეგ ყველაფერი მთავრდებოდა. როდის უჩნდება ამ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს  განსხვავებული განცდები? არის თუ არა ბავშვობა უბიწო? სად მთავრდება ბავშვობა – სადაც სრულიად ახლებური განცდების მოლოდინი იწყება? თვით უბიწოება გამსჭვალულია ეგოტიზმით, როდესაც მგზნებარე, მტკიცე, პატარა „მე“ მოითხოვს, რომ „მე“-დ დავრჩე. და საამისოდ საჭირო სიტყვებს პოულობს. რომ შემეძლოს სიტყვების პოვნა, შევძლებდი, მათთვის რეალურობა მიმენიჭებინაო, გავიფიქრე. სწორედ ასეთ წუთებში ხდები  მწერალი.

თავდაპირველად ენერგიამ, რომელიც აუცილებელი იყო ახალი „მე“-სთვის, დაჩრდილა მღელვარება და კითხვები: რა დავწერო? ვის სჭირდება, რომ ვწერო? დავწერე ჩემი მეგობრის, მარტას შესახებ, რომელსაც შემთხვევით უამრავი მონეტა დაუცვივდა ბიბლიოთეკაში.დავწერე, თუ როგორ წავედი შობადღეს ეკლესიაში   დედამთილთან ერთად. დავწერე  თოვლის შესახებ. როდესაც  თოვლის აღწერა დავიწყე, ჩემი ნაწერი არ მომეწონა. და წინადადებები მომაჩერდნენ თავიანთი, ცარიელი, ულმობელი შემზარავი სახეებით. ეს  ნუმიზმატიკური ბიბლიოთეკა იყო-მეთქი, მინდოდა დამემატებინა, მაგრამ წინადადებებს არ ვებრალებოდი.  პრიმიტიული სიცრუეა, რასაც მარტას შესახებ წერ, შეჩერდიო, ყვიროდნენ წინადადებები. კვლავ თოვლზე წერო? – მქირდავდნენ. შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ვწერდი დედამთილისა და შობადღის შესახებ – მომწონდა ეს ამბავი. ვფიქრობდი, რომ კარგად აღვწერე, თუ როგორ იჩოქებდნენ მლოცველები ეკლესიაში.

ქადაგების დროს ფეხები გადავაჯვარედინე, მაგრამ ამ პოზაში უხერხულად ვიგრძენი თავი. ერთხელ ბერლინში, ვახშმობისას, იმ კაცის გვერდით ვიჯექი, რომელიც ლუკმა-პურს იმით შოულობდა, რომ გერმანელი გამომცემლისთვის ამერიკულ კრიმინალურ ლიტერატურას თარგმნიდა. სამსახურიდან დაითხოვეს… ვერაფრით მოვიფიქრე წინადადებისთვის – „მან ფეხები გადააჯვარედინა“, რაიმე არაუხამსი გერმანული შესატყვისი. ნუთუ არ არსებობს? ვაკვირდებოდი ჩემს ფეხებს და ვხედავდი მხოლოდ ორ წვეტიან მუხლს, რომლებსაც შავი წინდები შემოტმასნოდა. იქაურობა მალულად შევათვალიერე და მივხვდი, რომ ფეხები არავის ჰქონდა გადაჯვარედინებული. ეკლესიისნაირ ადგილებში ყველა იცავს ქცევის წესებს? ამ წესების შესახებ ხომ არ მსჯელობდნენ, სანამ შემოვიდოდი? ეკლესიაში ერთმანეთის მიბაძვით ვიქცევით წესიერად. რძალ-დედამთილს შორისაც ასე ხდება. ჩვენ, ყველანი, ვბაძავთ წესების მცოდნე ადამიანებს. „ყოველთვის ვიგონებ საკუთარ თავს“ (სარტრი). შობისთვის საჩუქრად მივიღე წიგნი ეგზისტენციალისტების შესახებ – იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც კიცხავენ მიბაძვას, და რომლებსაც ყოველგვარი სავალდებული წესები გულს ურევთ. ახლა მეორე ფეხი გადავიდე ფეხზე. რა მნიშვნელობა აქვს,  გადავაჯვარედინებ თუ არა ფეხებს? განა სწორი ხაზები, ეთიკური თვალსაზრისით, უმჯობესია, ვიდრე მრუდები? რატომ ვუწოდებთ ჯიბგირებს „ხელმრუდებს“? გამახსენდა, როგორ ვსწავლობდი სკოლაში პითაგორას. ძველ  ფილოსოფოსს. არაეგზისტენციალისტს. პითაგორამ შეადგინა ყველაფრის ნუსხა, რაც კი ამქვეყნად არსებობს. ეს ნუსხა ორი სვეტისგან შედგებოდა. მარჯვენა სვეტში ჩაწერა: სიკეთე, მამაკაცი, სინათლე, ზღვარი, სწორხაზოვანი, მყარი; მარცხენაში: ბოროტება, ქალი, სიბნელე, უსაზღვრო, მრუდი, არამყარი. წესიერება შიშს გულისხმობს. ოჰ, ეს ტროელი ელენე!  განა სწორად იქცეოდა? ალბათ, არა. ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია ცხოვრება გაუმრუდოს ქალს, და ნებისმიერი მამაკაცი სჩადის ამასო, თქვა სუინიმ.

სარტრს მოეწონებოდა სუინი. წესიერება შიშს გულისხმობს. წინადადებები – სულელური გამოგონებაა. პითაგორას დროიდან მოყოლებული, სიმრუდე და ოდინდელი სიძულვილი ქალებისადმი ხორცშესხმული იყო სულელურ  წინადადებებში, რომლებიც მსჭვალავდა ისტორიას, ფილოსოფიასა და რომანებს… უეცრად გამახსენდა, როგორ დაუცვივდა მონეტები მარტას ნუმიზმატიკის ბიბლიოთეკაში. მათი ცვენის ხმა  სწორედაც რომ მონეტების ცვენის ხმას წააგავდა და სხვას არაფერს. მხოლოდ მონეტები წკრიალებენ ასე. ნუმიზმატმა დაუბღვირა. მარტას მხოლოდ მოგვიანებით გაეცინა, იმ წუთს კი სიცილისთვის არ სცხელოდა. დედამისი იწვა საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. გონს მოდიოდა ცხრასაათიანი ოპერაციის შემდეგ. ან არ მოდიოდა გონს. მარტას სურდა, რომ ნუმიზმატს ეს სცოდნოდა. მგონი, მარტა კიბის ბაქანზე ტიროდა. ერთხელ მე და მარტა ერთად გავემგზავრეთ საბერძნეთში, მწერალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. სანამ იქ ვიყავით, არაფერს ვწერდი, მხოლოდ ესკიზებს ვხატავდი  ალბომში. ყველა ესკიზს „წყლიანი ჭიქა“ დავარქვი, ისე, თითქოს საბერძნეთში გამუდმებით წყლიანი ჭიქა მედგა თვალწინ და სულაც არ ვფიქრობდი რომანის ახალი სახეობის ან თუნდაც რამდენიმე არასულელური წინადადების შეთხზვაზე. ესკიზები მულტფილმის კადრებს წააგავდა. მათზე რუს პოეტს წყლიანი ჭიქა კიბეზე აჰქონდა,  თურქი კიპრიოტი-რომანისტი წყალს ორ ჭიქაში ასხამდა, ესპანელ მწერალს კი წყლიანი ჭიქა საუზმის შემდეგ მაგიდაზე, უამრავი ტოსტის უკან დავიწყებოდა.  ტოსტების დახატვა გამიჭირდა. პერუელმა პოეტმა მითხრა, რომ ვიდეოფირზე გადაღებული ჰქონდა, როგორ სვამდა მისი ლამა ჭიქიდან წყალს. გამიხარდა,  რადგან ლამებს კარგად ვხატავდი. ნობელის პრემიის ყოფილმა ირლანდიელმა ლაურეატმა მიამბო, როგორ სვამდა წყალს ჭიქიდან სემუელ ბეკეტი ბარში… სერბიელი პოეტი ავტობუსიდან ჩამოვარდა. მას არავინ თანაუგრძნობდა. წყალს არასოდეს სვამდა! ბოლო დღეს მწერლები „ათენას ჭოტის“ კოსტიუმებში გამოეწყვნენ. დაუვიწყარი მოგონებაა! მათი სულელური ხელმოწერები… საბერძნეთში გატარებული არდადეგების შემდეგ მე და მარტა მივხვდით, რომ სასტუმროს ერთ ნომერში  ცხოვრება ჩვენთვის სრულიად აუტანელი იყო. ახლა თვალები ცრემლებით მევსება. თვითონაც არ ვიცი, რატომ ვტირი. „წყლიანი ჭიქის“ ალბომის ბოლო გვერდზე  სასტუმროს ცარიელი აივნებია დახატული. ვიღაცას მიუწერია „დილის ხუთი საათი“ და, იქვე: „უკვე დადგა ხვალინდელი დღე“, უამრავი მწვანე და ცისფერი ნიშნაკებით. არ მახსოვს, ვინ დაწერა ეს.

© The New Yorker

© არილი

15 ოქტომბერი, 2018

[1] იგულისხმება 1852 წლის 16 იანვარს  ლუიზა კოლესადმი ფლობერის მიერ გაგზავნილი წერილი (16.01.1852), სადაც მწერალი აღიარებს: „მინდა დავწერო წიგნი არაფრის შესახებ –  წიგნი, რომელსაც არავითარი გარეგანი საყრდენები არ ექნება და რომელიც მხოლოდ სტილის შინაგანი ძალით შეინარჩუნებს თავის სიმყარეს, ისე, როგორც დედამიწა ინარჩუნებს მყარ მდგომარეობას ყოველგვარი საყრდენის გარეშე; ასეთ  წიგნს თითქმის არ ექნება სიუჟეტი ან, უკიდურეს შემთხვევაში, სიუჟეტი თითქმის შეუმჩნეველი იქნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ყველაზე უფრო მშვენიერი ის ნაწარმოებებია, სადაც მატერია მინიმალურად შეიგრძნობა; რაც უფრო მეტად უახლოვდება გამოხატულების პლანი აზრს, რაც უფრო მეტად უჩინარდება სიტყვა აზრთან შერწყმისას, მით უფრო მშვენიერია. ვფიქრობ, მომავლის ხელოვნება ამ გზით წავა“ (მთარგმნ.).

Facebook Comments Box