ილია ჯიბღაშვილი
ზოგჯერ რთულია ზუსტად უპასუხო
თეატრალურ ინსტიტუტში მეორე თუ მესამე კურსზე ვიქნებოდით… აუდიტორია კი ზუსტად მახსოვს, იმ დროისთვის ჩვეული და ბანალური 62-ე, დღეისთვის საოცრად ნოსტალგიური და ალბათ აღარც არსებული. ბატონი ერლომის ერთ ლექციას, ცნობილი ტელეწამყვანი დაესწრო (ვინაობას მნიშვნელობა არა აქვს), გადაცემის გაკეთებას აპირებდა და რადგან 90-იანი წლების ბოლოს ფოკუს-ჯგუფები, საზოგადოებრივი აზრის კვლევის სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობდა, თემის შესასწავლად ჩვენი ჯგუფი აირჩია. სცადა მცირე სოციალური გამოკვლევა ჩაეტარებინა.
მომავალ კინოსცენარისტებს ერთადერთ კითხვაზე უნდა გვეპასუხა – რა არის სამშობლო? პასუხი უნდა დაგვეწერა და ერთი კვირის თავზე ჩაგვებარებინა. ერთი კვირა ისე სწრაფად გავიდა, როგორც სტუდენტობის დროს გადის ხოლმე და კვირის თავზე ის ცნობილი ტელეწამყვანი ისევ გვეწვია. ჯგუფში ოცდაათამდე ვიყავით და როგორ გგონიათ, რამდენმა უპასუხა დასმულ კითხვას? არცერთმა. უფრო ზუსტად, ვერცერთმა. როდესაც იმედგაცრუებული ტელეწამყვანი წავიდა, მეგონა ერლომი საყვედურს ან რაიმე მსგავსს მაინც გვეტყოდა უპასუხისმგებლობის გამო. თუმცა მისი რეაქცია ამჯერადაც არასტანდარტული იყო, თავი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელის მოძრაობით მოიფხანა, გაგვიღიმა და კმაყოფილმა თქვა – ძალიან გამიკვირდებოდა რომელიმეს რომ გეპასუხათ, აბა როგორ უნდა დაწერო რა არის სამშობლო? ვერც მე ვერ დავწერდი…
სამყაროში არსებობს კითხვები, რომლებზეც რთულია ზუსტად უპასუხო, მაგალითად – რა არის სამშობლო? ან – ვინ იყო ერლომ ახვლედიანი?
ჯარჯი აქიმიძე
ერლომი და ჯოკონდას ღიმილი
1983 ან 84 წლის ზაფხული იდგა. იდგა მკვდარი უძრაობის ხანა, პერსტროიკის ნიავიც კი არ ქროდა, ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში და პეტერბურგს ჯერ კიდევ ერქვა ლენინგრადი. ზაფხული კი იმიტომ მახსოვს, რომ თეთრმა ღამეებმა ერთბაშად აგვირიეს დღე და ღამე მე და ერლომს. მე რატომ მოვხვდი ამ გაუგებრობაში, არ მახსოვს. მარინე, ერლომის მეუღლე, დისერტაციის მოსამზადებლად იყო ჩამოსული. ერლომი კი უბრალოდ ისვენებდა, – იჯდა მთელი დღე და ჩაუქრობლად ეწეოდა სიგარეტს.
ვცხოვრობდით ვასილიევის კუნძულზე, ერლომის შორეული ნათესავის, ივერის, ოროთახიან “კომუნალკაში”. ივერის მეუღლე მხატვარი იყო და შესაბამისად, ორივე ოთახი მისი ნახატებით, თაბაშირის ფიგურებით და ალბომებით იყო სავსე.
პირველსავე საღამოს, ძველ ქალაქში სეირნობისას, სახლიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალში, მოციონზე გამოსულებმა აღმოვაჩინეთ ერთი “ტკბილი” ნახევარსარდაფი – სავსე მჟავე ლუდის სუნით, ბახუსის ადგილობრივი მოყვარულებით და უიაფესი ლუდთან და არაყთან მისაყოლებლებით.
სახლში დაბრუნებამდე, შესაბამისი რაოდენობის ლუდის, არყის, არყის და მერე ისევ ლუდის შემდეგ, მოსწავლე-მასწავლებელს ლენინგრადის ქუჩებში თეთრი ღამე თეთრად დაგვათენდა. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ცოცხალ და გარდაცვლილ მეგობრებზე, ჩემს მთაში სიარულზე, ჩვენს სტუდენტურ თავგადასავლებზე, ქალებზე, სმაზე, ჩვენს ოჯახებზე… მთელი საღამოს განმავლობაში დრამატურგიაზე სიტყვა არ დაგვიძრავს. სახლში დაბრუნებულებმა ერთხმად დავასკვენით, რომ თეთრი ღამეების დროს ლენინგრადში ყოფნას არაფერი ჯობდა.
მეორე დღეს, მარინეს მიერ გამოტანილი განაჩენი ულობელი აღმოჩნდა; მე და ერლომს გვევალებოდა ყოველ დილას, მარინეს ნაშოვნი საშვებით მთელი დღის ერმიტაჟში გატარება. ერლომმა გააპროტესტა განაჩენი, საზეიმოდ დახია მუზეუმის საშვი და განაცხადა, რომ ამ თაროებზე იყო ერმიტაჟიც, პრადოც, მეტროპოლიტენ მუზეუმიც, ლუვრიც, უფიციც და თვით ფიროსმანის მირზაანიც. არგუმენტი შეუვალი აღმოჩნდა, თაროებზე ჩამწკრივებული იყო ყველაფერი, ეტრუსკებიდან დაწყებული, ველასკესი, მიქელანჯელო, რემბრანდტი… ყველაფერი, სოცრეალიზმით დამთავრებული.
მარინეს არგუმენტმა, რომ ყველა მუზეუმს და ყველა ტილოს აქვს თავისი სული, ისტორია და განუმეორებლობა, ერლომისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
სამაგიეროდ მე აღმოვჩნდი მსხვერპლი. მე ვერ დავხიე ერმიტაჟის საშვი და შესაბამისად, ყოველ დილას მივდიოდი მუზეუმში, მარინე და მარინა – მარინეს დისერტაციის საქმეებზე, ივერი – სამსახურში, ერლომი კი იჯდა, არ აქრობდა სიგარეტს და ათვალიერებდა ალბომებს.
ასე გავძელით სამი დღე.
მეოთხე დღეს, ერმიტაჟიდან გასავათებულს, სახლის შემოსასვლელ არკასთან ერლომი დამხვდა. ჩვენ უსიტყვოდ გავბოდიალდით ქუჩაში. საღამოს მოციონი სრული კრახით დასრულდა – ბოლო ჩაკიდული აღარ უნდა დაგველია. და აი, შედეგიც: სახლის არკაში, ერთადერთ ამოწეულ ქვაფენილს წამოდებული ერლომი სასწაულად გადაურჩა დაცემას, მაგრამ რად გინდა, ერლომის სათვალე და ორივე მინა “ბრაკი პარპრიზივით” სულ მილიმეტრ-მილიმეტრ დაიმსხვრა.
ერლომი ბუნებრივი -12-ით მაშინვე დაბრმავდა. მე ჩემი -6-იანი სათვალე მსწრაფლ შევაშველე და დავრჩით არკაში -6-იანი მხედველობით მოსწავლე-მასწავლებელი. თეთრმა ღამემ გვიშველა და ნაცნობმა არკამ – შინ მშვიდობით დავბრუნდით.
სახლში მორიგი სიურპრიზი გველოდა. მარინემ საზეიმო ხმით გამოგვიცხადა, რომ ერმიტაჟში ერთი კვირით ჩამოაბრძანეს და ვინჩის ჯოკონდა, რომ სპეციალურად ჩვენთვის 2 სპეც-საშვი იშოვა და რომ ზეგ ორივე უსიკვდილოდ უნდა წავსულიყავით მუზეუმში. მხოლოდ ამის შემდეგღა შეამჩნია, რომ ერლომს ჩემი სათვალე ეკეთა, მე კი უსათვალოდ ვიყავი.
მეორე დღეს მარინემ ყველაფერი გააკეთა, რომ ერლომისთვის სათვალე გაეკეთებინა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა რუსულ ბიუროკრატიას და “ნე პოლოჟენოს”.
გადაწყდა – საშვების გაუქმება არ გამოდიოდა, გადაცვლით არავინ გადაგვიცვლიდა… მოკლედ, მე და ერლომი, დავსებული თვალებით უნდა წავსულიყავით უკვდავი ჯოკონდას სანახავად. იქვე მივიღეთ მეორე დავალებაც, აუცილებლად უნდა გვენახა მარინეს პედაგოგი, ლიდია ნიკოლაევნა.
მეორე დღეს ერმიტაჟამდე რენუარის დაბურუსებული ნახატებივით გზას 40 წუთი მოვანდომეთ და წინ საოცარი სანახაობა გადაგვეშალა. ალბათ ლენინსაც კი შეშურდებოდა, იმხელა რიგი დაეყენებინა. პატიოსნად ვიპოვეთ რიგის ბოლო და დღესაც იქ ვიდგებოდით, წითელსამკლაურიან მუზეუმის თანამშრომელს ერლომის ხელში წითელი სპეც-საშვი რომ არ დაენახა.
სპეც-რიგი სულ ასიოდე კაცს ითვლიდა და ეს ნიშნავდა, რომ ყოველ 30-კაციან ჯგუფს ორი სპეც-რიგელი ემატებოდა.
2 საათში სრულიად საბჭოთა კავშირმა ჩაიარა ჩვენ წინ და პატივი გვერგო, ტაჯიკების დელეგაციასთან ერთად შევსულიყავით მონა ლიზას სანახავად.
კი ვიცოდი, რომ მონა ლიზა მატისის “ცეკვასთან” შედარებით მინიმუმ ათჯერ მცირე ზომის იყო, მაგრამ ასეთ მინიატურულ ტილოს ნაღდად არ ველოდი. უზარმაზარ დარბაზში, ცალკე კედელზე ეკიდა და ვინჩის ყველაზე იდუმალი ქალი. ნახატს დარბაზის მთელ სიგრძეზე გაბმული წითელი ლენტის გამო 5 მეტრზე ახლოს ვერ მიუახლოვდებოდი.
ერლომი მიხვდა, რომ ამ დისტანციიდან -6 მხედველობით, მხოლოდ ფერადი ლაქა ჩანდა და სათვალე დამიბრუნა. მიუხედავად აღდგენილი მხედველობისა, ამ სიშორიდან ვერც მე აღმოვაჩინე ჯოკონდას იდუმალი ღიმილი ჯოკონდას ბაგეზე.
ზუსტად 5 წუთში ჩვენი ჯგუფის აუდიენცია დასრულდა და მოძმე ტაჯიკებთან ერთად ჩქარი ნაბიჯით დაგვატოვებინეს დარბაზი.
კიდევ კარგი, შენობიდან გასვლამდე გაგვახსენდა მარინეს დანაბარები, თორემ უკან ვინღა შემოგვიშვებდა. გასასვლელ კარში მდგარ წითელსამკლაურიანს, მუზეუმში დაბერებული ქალბატონის, ლიდია ნიკოლაევნას ადგილსამყოფელი ვკითხეთ.
10 წუთის შემდეგ, რამდენიმე მუზეუმის თანამშრომლის თანხლებით, მარინეს დიპლომის ხელმძღვანელის, მუზეუმის სწავლული მდივნის, აკადემიკოს ლიდია ნიკოლაევნას კაბინეტის წინ ვიდექით.
ქალბატონმა ლიდიამ, ჭიქა ჩაით გამასპინძლების და ბანალური კითხვა-პასუხის შემდეგ, ჩამჭრელი შეკითხვით მოგვმართა – რას ვიტყოდით ჯოკონდაზე. ერლომი შეეცადა, მაქსიმალურად გამოევლინა დიპლომატიური ნიჭი და სათვალეების ისტორიის მოყოლა დაიწყო. დაწყობილები, ცხვრებივით როგორ მიგვრეკეს, რომ გაბმული ლენტის გამო ძნელად თუ ვინმე აღიქვამდა ჯოკონდას ხიბლს, რომ 5 წუთში თითქმის სირბილით დაგვატოვებინეს იქაურობა, ამ ყველაფრის თქმა ერლომს აღარ დაჭირდა.
ლადნა, ია ვამ პაკაჟუ დრუგოი ერმიტაჟ – გვითხრა მასპინძელმა და ენერგიული ნაბიჯით წინ გაგვიძღვა. ჩვენ მოვხვდით მიწისქვეშა სივრცეში, რომელმაც, ჩემი ბეცი თვალების მიუხედავად, შოკში ჩამაგდო. ყველა ის ცნობილი ნახატი, რომელიც მთელი კვირა დარბაზ-დარბაზ, ძებნა-ძებნით ვათვალიერე, ერთ უგრძეს და უსასრულო ლაბირინთის კედლებზე იყო გამოფენილი. ანუ აღმოჩნდა, რომ რასაც ახლა ჩემი -6-ით ვხედავდი, იყო ორიგინალი და რაც მანამდე ვნახე, ასლი ყოფილა. მოკრძალებულ კითხვაზე, აბა იქ ხალხი რას ნახულობდა, ერმიტაჟის სწავლულმა მდივანმა მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გვიპასუხა, რომ ყველაფერი ფასეული აქ, ამ მიწისქვეშეთში ინახებოდა.
თურმე ჯერ სად ვართ, მთავარი წინ გველოდა.
ლიდია ნიკოლაევნა ერთ მომცრო დარბაზში შეგვიძღვა. მე და ერლომს რამდენიმე წამი დაგვჭირდა სიტუაციაში გასარკვევად. ოთახში მოლბერტებთან ხალხი იდგა და რაღაცას ხატავდა. კედელზე რაღაც ნახატი ეკიდა. ახლოს მისულებმა, აღმოვაჩინეთ, რომ ეს უკანასკნელი, არც მეტი, არც ნაკლები, და ვინჩის ჯოკონდა იყო.
ერლომმა ზევით აიშვირა თითი და ჩვენს ექსკურსიამძღოლს გაკვირვებულმა შეხედა.
– ტამ კოპია, ნო ხაროშაია კოპია, ა ეტა, ნასტაიაშაია ი ანა პერედ ვამი. მოჟეწე სმატრეწ, სკოლკა უგოდნა.
ხუთი წუთის შემდეგ ერლომმა ჰაერის უკმარისობა მოიმიზეზა, დახურული სივრცის ფობია დაიბრალა და სწავლულ მდივანს ისღა დარჩენოდა, მუზეუმის კატაკომბებიდან სუფთა ჰაერზე გამოვეშვით.
დამშვიდობებისას, იმავე კითხვაზე, როგორ მოგეწონა ჯოკონდა, ერლომმა კვლავ დიპლომატიური პასუხი არჩია – ალბათ კარგია, მაგრამ მაინცდამაინც კარგად სახვით ხელოვნებაში ვერ ვერკვევი.
– ნუ იქნებით ძალიან თავმდაბალი, თქვენ ხომ ფიროსმანის ავტორი ხართ – უთხრა ლიდია ნიკოლაევნამ, ორივეს ხელი ჩამოგვართვა და დაგვტოვა.
ხმა არ ამოგვიღია, ისე მივედით სახლამდე.
არკაში ერლომი უცებ გაჩერდა, ჩემი სათვალე საჩვენებელი თითით შეისწორა და მითხრა:
– გურამი იცი რატომ იყო კიდე მაგარი?
მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე.
– გამოვიდა და ლენინის ძეგლს თოფი ესროლა.
შებრუნდა და გააგრძელა გზა.
ნინო დადვანი
ფერფლი
როცა ძალიან მენატრება, მახსენდება მისი ერთი ჟესტი – საუბრისას სიგარეტის ხელისგულზე დაფერფლება იცოდა… საერთოდ უამრავი ასეთი, სრულიად აბსურდული რამ ახასიათებდა. მაგრამ იცით, არ მიყვარს, როცა ერლომ ახვლედიანს გულუბრყვილობას აბრალებენ, როცა ყურადღებას ამახვილებენ მის უცნაურობასა და დაბნეულობაზე. თავად არ უყვარდა არაფერი უცნაური და არასდროს უჩლექდა ენას ყოფიერებას. უპირველეს ყოვლისა, რეალისტი იყო და იმდენად ყოვლისმომცველი იყო სინამდვილის მისეული აღქმა, რომ ვინ არ დაიბნევა ასეთ სისავსეში. მას მერე, რაც აღარ არის, ერლომზე როცა ვფიქრობ, ვფიქრობ მხოლოდ მის ტკივილზე… იმ ბურუსზე, სადაც აქ ყოფნიდან ნელ-ნელა გადაინაცვლა და იმ სიცხადეზე, რომელიც ყველაზე მეტად სურდა. არა, არც ვფიქრობ, უბრალოდ, მუდმივად თან დამყვება მისი უკანასკნელი დღეების განცდა, მარცვალ-მარცვალ გასარჩევი, უამრავი კითხვით სავსე ჯამი დამიტოვა, დავიბენი და გავურბი მასზე ფიქრს. მაგრამ ძალიან არ მიყვარს, როცა ერლომზე გულაჩუყებით საუბრობენ და დაბნეულობას აბრალებენ. როცა მენატრება, თვალწინ რამდენიმე წამით დამიდგება რამე ასეთი – კვამლში გახვეული სავარძელში ზის, მე მთელი ყურადღება მის თითებში მბჟუტავ სიგარეტზე მაქვს გამახვილებეული, ნახევრად ჩაიწვა… მას კი ერთხელაც არ დაუფერფლებია, ანგარიშმიუცემლად ვფიქრობ მხოლოდ ფერფლის სვეტზე, რომელიც სულ უფრო იზრდება – აი ახლა დაეცემა იატაკს, აი ახლა… ის კი უცებ ხელისგულს შეუშვერს ფერფლს და ამბობს – ბავშვობისას თეთრგვარდიელს მეძახდნენ… ეს მე არ მომწონდა… – სვეტი რბილად ჩაიფშვნება მის ხელისგულში.
ოთარ პერტახია
დრო და ერლომი
2010 წლის ოქტომბერში მისი ახლობლების კაფეში შევხვდით ერთმანეთს. უკვე ავად იყო, მაგრამ დამოუკიდებლად გადაადგილება ჯერ კიდევ შეეძლო. ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. ბევრი ვილაპარაკეთ. ყველაფერი აინტერესებდა: რაღაცეები მოვუყევი ჩემ შესახებ, კმაყოფილი იყო.
დროის რაღაც მონაკვეთში უცებ ბავშვივით მოიბუზა, მაგრამ მალევე გაუნათდა შუბლი და როგორც მის ერთგულ მოწაფეს, თანამოაზრესა და მეგობარს ჩუმად მითხრა:
– მაგრამ მე მაინც დედას ვუტირებ მაგას…
გაოცებულმა შევხედე:
– მაგას, მაგას… დროოს, კაცო, დროს! აბა! დედას ვუტირებ! – დაამატა და მხნედ გამიღიმა…
ვიგრძენი, რომ რაღაც აწუხებდა, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი ფიზიკური მდგომარეობა. თითქოს მამხნევებდა და იმედს მაძლევდა. ვირწმუნე, რომ კიდევ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებდა…
ერლომის დაკრძალვის დღეს, მისმა მომვლელმა ქალმა, ელენემ, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გვერდში ედგა მძიმედ დაავადებულ ერლომს და სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებდა, მითხრა: უკვე ლოგინად ჩავარდნილი ბევრ უცნაურ რამეს ამბობდა ხოლმეო. ერთხელაც ღრმა ფიქრებიდან გამორკვეულ ერლომს ელენესთვის უთქვამს, როგორ მეცოდება დროო.
ხმა ვერ ამოვიღე. ტანში გამცრა. გამახსენდა 2010 წლის ოქტომბერში ჩვენი შეხვედრის საღამო. ერლომის სიტყვები… თითქოს რაღაცას მივხვდი…
ირმა ჩუბინიძე
ერლომი და მისი ხანდაზმული მეგობრები
ბატონი ერლომი, მგონი, სულ სიკვდილზე ფიქრობდა. ოღონდ, მის ფიქრებში სიკვდილი არ იყო ისეთი საშინელი და სულისშემძვრელი, როგორც ხშირად წარმოგვიდგენია, პირიქით, რაღაც ძალიან ჩვეულებრივი, მოსალოდნელი, შინაურიც კი იყო. როცა გავიცანი, უკვე ბევრი სიკვდილი ჰქონდა ნანახი. ასაკის მატებასთან ერთად კი დაიწყო და აღარ დასრულდა – ბევრი მეგობარი გარდაეცვალა. ყველას სიკვდილს სხვადასხვანაირად შეხვდა, თავისი პასუხი გასცა.
ერთ დილას, გვიან შემოდგომაზე, მალხაზმა (ერლომის დისშვილმა) დამირეკა, დათო ჯავახიშვილის გარდაცვალების ამბავი მითხრა და მთხოვა, ერლომთან ავსულიყავი, რადგან სახლში მარტო იყო. დათოსთან ჩვენც ძალიან ვმეგობრობდით და ვაკეში აღმართს დამძიმებული და გულნატკენი ავუყევი. არ ვიცოდი, როგორ მიმესამძიმრებინა, რა მეთქვა. სახლში დამხვდა. აფორიაქებული და დაბნეული იყო. თავადვე მომისამძიმრა და დამამშვიდა – ნუ გეშინიაო. მერე ერთხანს კიდევ იბორიალა ძველი სახლიდან გადარჩენილ ორ ოთახში და გადაწყვიტა, დათოს სახლში წასულიყო. ჩუმად მივდიოდით. უნივერსიტეტთან ეკლესიაში შევედით. ტაძარში მხოლოდ მე და ერლომი ვიყავით. ის ყველა ხატთან სათითაოდ მივიდა და საკმაოდ დიდხანს გაჩერდა. მივხვდი, რომ გარდაცვლილი მეგობრის ნახვა ძალიან უმძიმდა და უზენაესს შველას სთხოვდა. ტაძრიდან გამოსული სულ სხვა, დამშვიდებული ერლომი იყო. დათოს სახლში რომ მივედით, უკვე ღამდებოდა. ერლომი მშვიდად იდგა და დათოს ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა. ვიფიქრე, რომ შეეგუა. მხოლოდ გასვენების დღეს მივხვდი, რომ შევცდი. როდესაც დათო ჯავახიშვილის ცხედარი ბინიდან გაიტანეს, თვალი მოვკარი ერლომს. ის კუთხეში იდგა, სახეზე ხელები მიეფარებინა და ბავშვივით ხმამაღლა ტიროდა. დათოს წასვლის შემდეგ ერლომი საბოლოოდ შეურიგდა სიკვდილს და სულმთლად გაუნაწყენდა სიცოცხლეს. დათოს წასვლის შემდეგ ერლომი და მისი ხანდაზმული მეგობრები ერთმანეთს დაემსგავსნენ.
არ ვიცი, როგორ შეხვდა თავის სიკვდილს. ძალიან კი ელოდა. ერთხელ, დაახლოებით ოთხი წლის წინ, ვესტუმრე, მოვიკითხე, გავიგე, რომ ცუდად გრძნობდა თავს და ჩავეკითხე – რა აწუხებდა. ჯერ ისე სკრუპულოზურად აღმიწერა ჩივილები, თითქოს ექიმი ვყოფილიყავი. მერე მიამბო: გუშინ ძალიან ცუდად გავხდი, ფეხზე ვერ ვიდექი, გული ძალიან აჩქარებული მქონდაო. ვკითხე – კახას რატომ არ დაურეკეთ-მეთქი (ბიძაშვილისშვილს, ექიმს, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და ერლომს ყოველთვის ყურადღებას აქცევდა)? ეგ არც გამხსენებია, ვიწექი ჩემთვის და ვცდილობდი, ის წამი არ გამომპარვოდა, როცა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში გადავაბიჯებდიო.
რაც აღარ არის, ჩემს გულში სულ ვეკითხები ხოლმე: ბატონო ერლომ, მაინც როგორი იყო ის წამი, როცა მარადისობის კარი შეაღეთ? – პასუხი არ ისმის. იმედი მაქვს, რომ ,,ის წამი” სულაც არ ჰგავდა მარტის იმ ცივ დილას, როცა ქალაქში ერლომის გარდაცვალება გაიგეს.
ქეთი პატარაია
მწერალი და მწერები
„მწერები, ბუნების უცნაური გაფიქრებანი, რამდენ აზრსა და განცდას ბადებენ ჩემში! მათი სიმცირე განუზომელ სევდასა მგვრის. ისინი, ხანდახან ასეთი განცდა დამეუფლება, სხვა სიცოცხლეა ჩვენი, ამ პაწაწინა სხეულში მომწყვდეული. ჩვენც მათსავით უმწეონი, მიუსაფარნი, ზიზღის მომგვრელნი, უპატრონონი, მომაბეზრებელნი, არასაჭირონი ვართ. იქნებ ისინი უფრო მეტად გამოხატავენ ჩვენს რეალურ არსებობას“ (ერლომ ახვლედიანი: „კოღო ქალაქში“).
ამ რომანს, მწერლისა და კოღოს შესახებ, დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. ამ ნაწარმოებს ახალგაზრდობაში ერლომი ჯერ ზეპირად უყვებოდა თავის მეგობრებს; მერე პირველი (როგორც თვითონ თვლიდა – დაუმთავრებელი) ვარიანტი წააკითხა ახლობლებს; მერე ესეც გადადო და ამ ხელნაწერის ნაწილი თავის უამრავ დაწერილ თუ დაუწერელ ფურცელში დაკარგა და ისევ ზეპირად განაგრძო მისი (ისევე, როგორც თავისი ბევრი სხვა დაუწერელი ნაწარმოების) წერა. მისმა განუყრელმა მეგობარმა, დათო ჯავახიშვილმა, ამის გამო ერლომს მეტსახელიც მოუგონა – „მწერლომი“.
90-იანი წლების ბოლოს სახლის დალაგებისას შემთხვევით იპოვა საქაღალდე წარწერით: „კოღო ქალაქში“ და თავიდან განუახლდა წერის სურვილი. მუშაობის დაწყება უჭირდა. დამირეკა და დახმარება მთხოვა. ჩემი – ერლომის ყოფილი სტუდენტის და მუდმივი მოწაფის როლი უკვე კარგად ვიცოდი: ის სახლში იყო და ცდილობდა დაეწერა, მე კი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ავდიოდი მასთან, დაწერილს წამიკითხავდა, მოვუსმენდი, აზრს გამოვთქვამდი, დასაწერის გეგმას გამიზიარებდა. დანარჩენ დღეებში ტელეფონით ვურეკავდი, მის ამბავს ვკითხულობდი, ვამხნევებდი და რომანის მომდევნო თავის დაწერას ველოდებოდი. ცდილობდა, ეს მოლოდინი არ გაეწბილებინა და ისე „მაბარებდა“ ნაწერს, თითქოს მე ვყოფილიყავი მისი მასწავლებელი ან უფროსი მეგობარი. ზაფხული იდგა. ერლომის ფარღალალა სახლი საღამოობით სინათლეზე მოფრენილი მწერებით ივსებოდა. ერლომი ირწმუნებოდა: ამ რომანის წერისას, ისევე, როგორც ჩემს რომანში, მართლა დამტრიალებს თავს ერთი და იგივე კოღოო. მე ხუმრობით ვეკითხებოდი: ნეტა რითი ცნობთ-მეთქი. ერთ საღამოს აღელვებულმა დამირეკა: ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა, ის კოღო ყურში შემიფრინდა და ახლა იქ მიწუის და არ გამოდისო. „ეტყობა, არ მოეწონა თქვენი ნაწერი და ყურში შეგიფრინდათ, რომ კოღოს ნამდვილი ისტორია გიკარნახოთ“ – ვიხუმრე მე. ერლომი ძალიან გახალისდა: აი, ახლა კი გამომივა რომანიო. ორი დღე გავიდა და ერლომს ყურის და თავის ტკივილი დაეწყო. ახლა შეწუხებულმა დამირეკა: ის კოღო ჯერაც ყურში მიწუის, იქედან ვერაფრით ვერ გამომყავს და რაიმე მიშველეო. მე ჯერ ყურის ექიმთან წასვლა შევთავაზე, მაგრამ უარი მივიღე. მერე კი შეფიქრიანებულმა მოვძებნე სახლში რაც კი ხალხური მედიცინის შესახებ წიგნები გვქონდა და წამალსაც მივაგენი: „თუ ყურში რაიმე მწერი ჩაგიძვრათ, ჩაიწვეთეთ ოდნავ შემთბარი აბუსალათინის ზეთი და ნახევარ წუთში ყური ბამბით ამოიწმინდეთ“. რეცეპტი სასწრაფოდ ბატონ ერლომს ვუკარნახე. მეორე დილას ერლომის სატელეფონო ზარმა გამაღვიძა: „ეს რა გამაკეთებინე – აღშფოთებული იყო იგი – ზეთი როგორ ჩამაწვეთებინე!“ „რა მოხდა, ყური დაიზიანეთ?“ – გული გამისკდა მე. „არა, ყური კარგად მაქვს, კოღო მოკვდა“. „აბა, რას ელოდით, ბატონო ერლომ, რომ იმ კოღოს ცოცხლად ამოიყვანდით?“ „როგორ არ გესმის, კოღო მოკვდა და ამ კოღოს მკვლელი მე კი არა, შენა ხარ“ – გამომიტანა განაჩენი.
უცებ ვიგრძენი, რომ ერლომის ცხოვრებასა და ნაწერებს შორის ძალიან მკრთალი გამყოფი ხაზი იყო. ზოგჯერ ერლომი იმას წერდა, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, ზოგჯერ კი რაღაცას დაწერდა და ეს მოგვიანებით გადახდებოდა თავს, ზოგჯერაც მისი არსებობა მისივე კალმის წვერს მიჰყვებოდა.
მამუკა ტყეშელაშვილის ნახატი
© “არილი”