,,ეშმაკეული აიებისა” და ,,შუაღამის შვილების” ავტორი, ბუკერის პრემიის ლაურეატი, სალმან რუშდი უცნობმა პიროვნებამ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ნიუ-იორკში, საჯარო ლექციის დაწყებისას, მოხდა.
Associated Press-ის ჟურნალისტის ცნობით, სცენაზე შავნიღბიანი პიროვნება შემოვარდა, რომელიც მომენტალურად თავს დაესხა მწერალს.
ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, სალმან რუშდი ადგილობრივ საავადმყოფოში ვერტმფრენის მეშვეობით მალევე გადაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
პოლიციის ინფორმაციით, რუშდის საჯარო ლექციის ინტერვიუერმა თავის მსუბუქი ტრავმა მიიღო.
,,დავინახე, თუ როგორ გამორბოდა სცენაზე უცნობი მამაკაცი. საშინელება იყო!’’ – იხსენებს იგი.
თავდასხმის შემდეგ გადაღებულ სატელეფონო კადრებში გარკვევით ჩანს, თუ როგორ ცდილობს რამდენიმე მაყურებელი სცენაზე ასვლას დაჭრილი სალმან რუშდის დასახმარებლად.
შეგახსენებთ, რომ 1989 წელს აიათოლა ჰომეინიმ მწერალს ფატვა მიუსაჯა რომანისათვის ,,ეშმაკეული აიები’’. ირანის სულიერი ლიდერის აზრით, წიგნი ისლამს შეურაცხყოფდა. სწორედ მისი წაქეზებით არაერთხელ სცადეს მწერლის ლიკვიდაცია. 1991 წელს მოკლეს მისი რომანის იაპონელი მთარგმნელი ჰიტოში იგარაში.
ფატვას შედეგად წარმოქმნილი ქაოსის, შიშისა და ხანგრძლივი მალვის შესახებ რუშდი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ,,ჯოზეფ ანტონი’’ (ანტონ ჩეხოვისა და ჯოზეფ კონრადის კომბინაციის შექმნილი ფსევდონიმი) დაწვრილებით ყვება.
,,ჯოზეფ ანტონი’’ (ისევე, როგორც ,,ეშმაკეული აიები’’ გამომცემლობა ,,დიოგენემ’’ დაბეჭდა (მთარგმნელები: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე).
© არილი