პოეზია

ვაჟა ხორნაული

* * *
იის და კაცის თვალებში
თითქოს სამოთხის ნამია,
ჰაერში ანგელოზების
ფრთათა სითბო და ჩქამია,
გული გალობს და მაღლდება
(მისთვის ავდარიც დარია),
ნექტარი მაცოცხლებელი
უფლის პეშვიდან დალია.

სიყვარულისთვის გახსნილა
ზესკნელ-ქვესკნელის კარია.

ვით ცა და დედამიწა

გოგო და ბიჭი

თითქოს არსაიდან მოსულნი,
თითქოს გაზაფხულის
მწვანე ხელისგულზე ამოზრდილნი
უკვდავების ყვავილებივით.

გოგო და ბიჭი.

თვალებში სიყვარულის სიმღერა,
სამყაროს შექმნის დროინდელი,
ზეციერის გულიდან მონაბერი.

გოგო და ბიჭი.

სიკვდილის სიხარული
და სიცოცხლის დღესასწაული.

ვით ცა და დედამიწა,
უერთმანეთოდ სამყაროს ვერ დაამშვენებენ.
ვით ცა და დედამიწა,
ხარობენ ერთმანეთის სითბო-სინათლეში
გოგო და ბიჭი…

არწივი

ცის ტალღებს ააშრიალებს,
იფრენს წინაპრის კვალზედა,
ლამაზ ჩრდილს გადაატარებს
ხან ხმელზე, ხანაც – ზღვაზედა,
არც კლდეზე ჩაეძინება,
არც – ღრუბლის ლეგა ბანზედა,
სიმაღლეებით დაღლილი
ფრთებს დაასვენებს ქარზედა,
სივრცეებს შეეწირება,
ფერფლად ჩამოვა მთაზედა.

პაპა და შვილიშვილი

სარეცხის თოკზე ფრთებით დაკიდებულ
ფრინველივით ფართხალებს ხალათი,
გვარიანად გაცვეთილ-გამოხუნებული,
და თითქოს ჩავლილი საუკუნის
ბინდში ამოვლებულ ფოლაქებს
რკინის რიკულებზე გაუდის რაკარუკი
და იქვე ბზრიალებს
პერანგი თეთრი და პატარა,
ნაპერწკალა ყვავილებით აკისკისებული.

* * *
გულო, სარკმელო უფლისა,
სამყაროს ხმებით სავსეო,
ასეთი თავდავიწყებით
რამ შეგაყვარა სამზეო?!

ვინც სამტროდ ადევნებული
გადაგიდგება გზაზეო,
ვერ გაგიმეტებს… დაგლოცავს,
იებს მოისხამს ხმაზეო.

გულო, ზვარაკო უფლისა,
მავალო იმის კვალზეო,
ზოგჯერ ქვესკნელში ღიღინებ,
ზოგჯერ – ზესკნელის ბანზეო.

ათი ათასჯერ შეჭრილო
მარადი დარდის ფხაზეო,
სიცოცხლეა თუ სიკვდილი,
რამ შეგაყვარა ასეო?!

გულო, ნათლულო უფლისა,
საგალობლებით სავსეო,
შენ რომ არ მყავდე, მალ-მალე
ვინ ამანთებდა ცაზეო?!

ერთგულება

განსაცდელის ჟამი თუ დაუდგათ,
ერთმანეთს ისე ჩაეჭიდებიან
და მიენდობიან,
როგორც მიწისძვრისას კედლები.

* * *
დარდის ფიალა ბევრჯერ დავცალე,
სიხარულისაც მდენია ცრემლი.
ბედნიერება, როგორც წაწალი,
იყო და თანაც არ იყო ჩემი.

ხან მიერთგულეს და ხან გამცვალეს,
ვყოფილვარ მგზავრი განწირულ გემის.
ბედნიერება, როგორც წაწალი,
იყო და თანაც არ იყო ჩემი.

ფერმკრთალ ფერდობებს ზეცა ამწვანებს,
იცვლება ფერი ფუძის და ჭერის…
ბედნიერება, როგორც წაწალი,
არის და თანაც არაა ჩემი.

* * *
ქვის მსროლელი
ყელამდე ოქროშია,
ოქრომჭედელს
ენატრება ნამცეცი ოქროსი.

* * *
დერეფანში ვიღაცა დადის
და ნაბიჯების ხმაზე ეტყობა,
რომ არც მომავალში
დაინდობს დარდი…

* * *
სიცოცხლე –
გაბზარულ ხელადაში
ჩასხმული წყალივით.

* * *
დარდის ციცაბოებს
სიყვარულის
წრიაპებით დაკიდებული.

* * *
ვარსკვლავები ერთად რომ ენთებოდნენ,
ვარსკვლავები ერთად რომ ქრებოდნენ,
ვინღა იფიქრებდა,
რომ სამყარო ღმერთის შექმნილია?!

* * *
ერთი სტრიქონია
ცხოვრება მთელი:
“ველოდი. ველი.”

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box