საპყრობილეში სიგრძეზე ჩამწკრივებულ ორსართულიან საწოლებზე პატიმრებს ძინავთ. მათ სახეებს ჭერში ერთმანეთზე მიყოლებული ნათურების მბჟუტავი სინათლე ეფინება. ღრიჭოებიდან იმდენად უბერავს, რომ პატიმართა სადგომის სუნი არავის უნდა აწუხებდეს, მაგრამ, თუ ვინმე მაინც გრძნობს უსიამოვნებას, საბნის ქვეშ შეყოფს თავს – შენი სუნი მაინც შენია!
ქარი ფანჯრებს აზანზარებს – ხანდახან გაუთავებლად, განუწყვეტლად… ქარის ახალი და ახალი ნაკადი აწყდება ფანჯრებს და ყველაფერი ხმაურობს… ზოგჯერ, როცა ქარი შესუსტდება, ხმაური ნელდება, სიმშვიდის შეგრძნება ჩნდება და თითქოს ამ სიმშვიდით სულმოთქმული რომელიმე პატიმარი ხვრინვას ამოუშვებს, მაგრამ მას მაშინვე რამე ნივთს, მაგალითად, ფეხსაცმელს ესვრიან. თუმცა, ფეხსაცმლის სროლას ყველას ვერ გაუბედავენ და ზოგიც მანამდე ხვრინავს, სანამ ამას ზედამხედველის მოთმინება აიტანს.
კედელზე გაკრული შინაგანაწესის მიხედვით ხვრინვა არ იკრძალება, იმის მიუხედავად, რომ შინაგანაწესის სულისკვეთება კრძალავს ყველაფერს, რაც პატიმარს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ყოველდღიურობას…
ყველაფერი, რისი ჩადენაც სურდა, პატიმარს საპყრობილემდე შეეძლო ჩაედინა! სწორედ ამიტომ იმყოფება აქ და, თუ რაიმე აკრძალვა შინაგანაწესში არ არის ასახული, ზედამხედველები გამოხატავენ ამკრძალავი სიტყვიერი შეგონებით!
საზედამხედველო ოთახში, რომელსაც საპყრობილისგან სათვალთვალო სარკმელი ჰყოფს და საიდანაც საპყრობილე მთელ სიგრძეზე მოჩანს, კამერტონივით ისმის ქარის და ხვრინვის შემოტევები. ზედამხედველი ჯერ სამსახურებრივი პასუხისმგებლობით იტანს ატონალურ ხმაურს. თუმცა, შემდეგ ხვდება, რომ მის მოვალეობრივ კულტურას არ მოეთხოვება საპყრობილისეული შომბერგით ტკბობა. ხვრინვითი თავხედობა იმასაც აფიქრებინებს, რომ პატიმრები მისი განწყობილების გასაფუჭებლად ხვრინავენ და საბოლოოდ, იმაშიც რწმუნდება, რომ პატიმარი მხოლოდ მაშინ კი არ უფუჭებს ადამიანს განწყობილებას, როდესაც დანაშაულს სჩადის, არამედ მაშინაც, როცა საპყრობილეშია განწესებული კედელზე გაკრული მკაცრი შინაგანაწესის შესაბამისად.
პატიმრების დესტრუქციულ განზრახულობებზე გაღვივებულმა აზრებმა ზედამხედველი მძინარე პატიმრების დათვალიერების აუცილებლობაში დაარწმუნა, იმის მიუხედავად, რომ წუთი წუთზე შემცვლელს ელოდებოდა და მალე საპყრობილის ყველა უსიამოვნება და ფილოსოფიური დილემა მისთვის უნდა გადაებარებინა.
– პატიმარი კანონიერებისა და წესრიგის მტერია! – ფიქრობს ზედამხედველი. – როგორც კი შესაძლებლობას მისცემ, მაშინვე დაარღვევს წესრიგს. უფრო მეტიც, პატიმრები მაშინაც მზად არიან უგულებელჰყონ კანონიერება, როცა ამის შესაძლებლობას არ აძლევენ. აი, ამიტომ არსებობს ზედამხედველი! აი, ამიტომ არ უნდა დაუტოვო პატიმარს არცერთი უფლება საპყრობილეშიც!
ზედამხედველი საწოლების რიგს მიუყვება და მძინარე პატიმრებს თვალს აყოლებს. მბჟუტავი სინათლე დამნაშავე სახეებს ეფინება. მათი გამომეტყველებიდან ძილის დროსაც დამნაშავეობა გამოსჭვივის.
ქარი მინებს აზანზარებს და ძნელად მიხვდები, საიდან მოისმის ხვრინვის ხმა. ამიტომ ზედამხედველი ყოველ პატიმარს აკვირდება, ვისაც თავი საბნის ქვეშ არ ჩაუმალვს.
ზედამხედველი ხვრინვის მიმართულებით ერთ-ერთ საწოლს მიუახლოვდა. აქ მწოლიარე პატიმრის მძინარე გამომეტყველებაც კი ცხადჰყოფდა, რომ მას მხოლოდ უსუსური ადგილი ეკავა დამნაშავეთა იერარქიაში…
– ეს ხომ ის პატიმარია, რომელსაც ყოველთვის ურტყამენ! – გაიფიქრა ზედამხედველმა. – დიახ, ისაა! ბოროტმოქმედი და, იმავდროულად, უსუსური! მას უნდა, რომ წესრიგი დაარღვიოს! იგი სიამოვნებით შელახავს კანონიერებას, მაგრამ ხვრინვას იგი ვერ გაბედავს! მის უსუსურ არსებობას ხვრინვა სრულიად დაასამარებდა ამ საპყრობილეში! ხვრინვისთვის აქ გაბედულებაა საჭირო, გაბედულება! თუმცა, სულაც არაა ჩარტყმისთვის განწირული ეს უსუსურება შესაცოდებელი, რადგან სანამ მას რტყმას დაუწყებდნენ, იგი ცხოვრებას თავად ამძიმებდა, – გაიფიქრა ზედამხედველმა და მომდევნო საწოლს გადახედა…
– ამას სულაც არ აქვს უსუსური გამომეტყელება, – გააგრძელა მან ფიქრი, როცა მომდევნო საწოლს გადახედა. – ასეთი უბირი და უხეში გამომეტყველება აშკარად იმაზე მიანიშნებს, რომ მას აქ არავინ ურტყამს. მაგრამ მისი უბირი იერი სწორედ იმაზეც მეტყველებს, რომ მას არ გააჩნია ძალადობისთვის საკმარისი შარმი! და მოძალადის შარმის უქონლადაც ვერავინ შეძლებს აქ ხვრინვას!”
მერე ზედამხედველმა მზერა მომდევნო საწოლზე გადაიტანა და საკაცობრიო სკეპტიციზმით აღსავსე გამომეტყველების მქონე ის ბოროტმოქმედი ამოიცნო, რომელმაც სამოქალაქო მღელვარების წლებში იარაღის შესაძენად ცოლის სამკაულები გაყიდა, მაგრამ მალევე გააანალიზა, რომ ნებისმიერი სამოქალაქო მღელვარება პოლიტიკაა და ნებისმიერი პოლიტიკა – სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ამ სიბრძნის შეცნობის შემდეგ გადაწყვიტა, ესარგებლა შეცნობილი სიბრძნით – შეძენილი იარაღით ჯერ საკუთარი ცოლის სამკაულები გამოიხსნა და მერე სხვათა ცოლების სამკაულების დაუფლებას მიჰყო ხელი. იგი სამოქალაქო მღელვარების დასრულებისთანავე დააპატიმრეს და ამის შემდეგ მის სახეს ძილშიც არ მოშორებია საკაცობრიო სკეპტიციზმი.
– ასეთი გამომეტყველებით ადამიანი არც იღიმება და არც ტირის, – გაიფიქრა ზედამხედველმა. – მას შურისძიება აქვს ჩაფიქრებული და ცდილობს, ყურადღება არასოდეს მიიპყროს. ამიტომ არც ხვრინავს!
მოულოდნელად ქარი შესუსტდა, ფანჯრების ზანზარიც მაშინვე ჩაცხრა. ზედამხედველმა ამ დროს ზუსტად იგრძნო, საიდან ისმოდა ხვრინვა და ხმის ზუსტი მიმართულებით დაიძრა…
– აი, სად მოკალათებულა გამბედაობა – ჩაილაპარაკა ზედამხედველმა და ის იყო საწოლს უნდა მიახლოებოდა, რომ ხვრინვა შეწყდა…
ზედამხედველი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება, სუნთქვის შეკავება, ანუ ობსტრუქციული აპნოეა, რაც სუნთქვის დარღვევაა ხვრინვის დროს, მაგრამ გაუთავებელი პაუზის შემდეგ დარწმუნდა, რომ სულაც არ არის ეს ძილის აპნოე, რომ პატიმარმა, უბრალოდ, საფრთხე იგრძნო და ხვრინვა შეწყვიტა…
არავინაა გონიერ პატიმართაგან, რომელიც ზედამხედველის წინაშე ხვრინვას გაბედავს თუნდაც ძილში! – გაიფიქრა მან, – საფრთხე იგრძნო და გაყუჩდა… მათ მხოლოდ ერთმანეთის წინაშე შეუძლიათ გაბედონ ხვრინვა! – გაიფიქრა და მშვიდი ზედამხედველური სიამაყით გაეშურა გასასვლელისკენ.
***
თვალების გახელის და გამოფხიზლებისთანავე პატიმარი აცნობიერებს, რომ იქ იმყოფება, სადაც გაღვიძების ყოველ ჯერზე კიდევ ერთხელ უნდა შეეგუოს საპყრობილის კედლებზე გამოქვეყნებულ შინაგანაწესს, რომლის მიხედვითაც ეკრძალება ყოველივე იმის ჩადენა, რაც მას სურს. აკრძალვების ჩამონათვალი პატიმარს არ ავალდებულებს ზედამხედველის მიახლოვებისთანავე გამოფხიზლებას, ამის აუცილებლობას პატიმარი ვალდებულების გარეშე გრძნობს. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოფხიზლდე და ხვრინვა მანამდე შეწყვიტო, სანამ ზედამხედველი თავზე დაგადგება. ღმერთი არ ზედამხედველობს ადამიანთა მოდგმის ცდუნებებს ისეთი პასუხისმგებლობით, როგორც ზედამხედველები უთვალთვალებენ პატიმრების მიერ კანონების და წესების დარღვევას. და, თუ ღმერთი მხოლოდ ადამიანშია, ზედამზედველი ყოველ ადამიანს თავზე ადგას, როცა ის პატიმარია!
საპყრობილეში თუ წევხარ, თავზე კი ზედამხედველი გადგას, რომელსაც ხელფასს იმისთვის უხდიან, რომ მაშინაც კი დაგთრგუნოს, როცა, უბრალოდ, შენი სასუნთქი ორგანოები ვიბრირებენ, კარგად გრძნობ, თუ როგორ აღძრავს ძალაუფლება მორჩილებას. ეს პატიმრის მშვიდ ამოსუნთქვაშიც ვლინდება, როცა ზედამხედველი მისი საწოლის სიახლოვიდან საპყრობილის გასასვლელისკენ მიემართება.
***
ადამიანი ამოუხსნელობების სამყაროს ტყვეა! იგი მის ვრცელ უსასრულობაში არსებობს და არ აქვს მნიშვნელობა, ამოუხსნელობათა კონკრეტულად რომელ საპყრობილეში იქნება გამოკეტილი! ამიტომ, ეს საპყრობილე სამყაროში გამოკეტილობის მხოლოდ ერთ-ერთი მცირე საიდუმლოა.
რატომ არის ადამიანი საპყრობილეში?! იმიტომ, რომ ის, რაც გადაწყვეტილების მიმღები საზოგადოებისთვის დანაშაულია, ზოგიერთი ადამიანისთვის ბედისწერაა, გარდაუვალობაა; უამრავი ადამიანი არ არის საპყრობილეში, რადგან გადაწყვეტილების მიმღები საზოგადოების ძვირფას ყურადღებას გადაურჩა; უამრავი ადამიანი არ არის აქ, რადგან უფრო მოხერხებული, უფრო დახვეწილი, უფრო განსწავლული აღმოჩნდა; შეიძლება, განსხვავებული ბედისწერა ერგო და შეიძლება, იმის გამოც არ იმყოფება აქ, რომ გადაწყვეტილების მიმღები საზოგადოების წევრად გაჩნდა ამ ქვეყნად…
ამიტომ არ არსებობს პატიმარი, რომელიც გაქცევაზე არ ფიქრობს…
გაქცევაზე ყველა ფიქრობს – ყველა, მაგრამ მათ არ იციან, სად უნდა გაიქცნენ.
პატიმარმა კი ზუსტად იცის, სად უნდა გაიქცეს, მაგრამ იმის მოფიქრებას, თუ როგორ უნდა გაიქცეს, შეიძლება, საპყრობილეში გასატარებელი მთელი ცხოვრება დასჭირდეს.
გაქცევაზე აქ მხოლოდ ზედამხედველები არ ფიქრობენ, რადგან მათ გაქცევა არც აკრძალული აქვთ და თან ცხოვრობენ აქ სულის ამოხდამდე ზედამხედველებად…
***
საზედამხედველო ოთახში დაბრუნებულმა თავის შემცვლელს პატაკი ჩააბარა. პატაკის შინაარსი, ფორმალურად, პატიმრების მდგომარეობას ასახავდა, მისი შემცვლელის შესახებ კი სრულიად ემოციური შთაბეჭდილებები ეუფლებოდა.
– ასეთი ზედამხედველობა რა საკადრისია! – ფიქრობდა იგი, – დგას და ნამძინარევი სახით უბეს იქექავს… უბეს ყველა კაცი იქექავს, მაგრამ, როცა ჯამაგირს ზედამხედველობისთვის გიხდიან, უბის საქექად კი არ უნდა იმყოფებოდე საპყრობილეში, არამედ იმისთვის, რომ პატიმრებს ყოველწამიერად აგრძნობინო იმ სასჯელის სიმძიმე, რაც მათ კანონმა და წესებმა დააკისრა! შეიძლება, ზოგჯერ პატიმრებისადმი სათანადო სიძულვილისთვის სრულფასოვნად ვერ განეწყო, მაგრამ, დაუშვებელია, პატიმარის პასუხისმგებლობათა აღმასრულებლისთვის შეუფერებლად გამოიყურებოდე!
ქარი უბერავს. ზემოთ უზარმაზარ ღრუბლებს მიაქანებს, ქვემოთ კი ხეების დალეწვას, სახურავებიდან თუნუქის ფურცლების აგლეჯას ლამობს, ერთმანეთში ურევს წამოხვეტილ მტვერსა და ნაგავს. ყველა მხრიდან რაღაც ხმაური ისმის – ყველაფრის ხმაური, რაც ქარს ემორჩილება. საპყრობილე კი მყარად ნაშენი კედლებით კანონისმიერი სიმტკიცით იცავს დამნაშავეთა საბუდარს.
***
ზედამხედველი სათვალთალო ოთახიდან საპყრობილის ეზოში გამოდის და განაწესის შესაბამისად უსაფრთხოების კედლის გარედან შემოსავლელად მიეშურება. დაწესებულება ვახტის გასასვლელით უნდა დატოვოს. ქარი მაზარის კალთებს თოკზე გაფენილი სარეცხივით უფრიალებს… მიაბიჯებს ვახტისკენ და, როგორც ყველა მამაკაცს, რომელსაც სამხედრო უნიფორმა მოსავს და ღამეებს საწოლში არ ატარებს, ქალის სხეული ენატრება – ქალისა, რომელსაც ალერსის წესები გაკვეთილივით აქვს დაზუთხული. ქალთან გატარებული ღამის გახსენებას სიამოვნება და ახალი ღამის გატარების სურვილი მოაქვს. მეხსიერება სავსეა ასეთი ღამეებით, რადგან სხვა არაფერი მოიძიება ასეთ დროს მეხსიერებაში.
უსაფრთხოების კედელზე და ვახტის შენობაზე მიმაგრებული ამკრძალავი ნიშნები შეგონებანია პატიმრებისთვის, რომ საპყრობილის საზღვრებთან მიახლოებაც კი არ გაბედონ. უშუალოდ ვახტის შენობას რამდენიმე ადგილზე ბათქაში ჩამოშლია, ფანერებიც მორღვევია და ქარის ყოველ დაქროლებაზე გამოფიტულ ჟღერადობას გამოსცემს, მაგრამ ზედამხედველს ამ ნაგებობის იერშელახულობა არ აღელვებს. იგი ზარს რეკავს და ვახტიორი ქალი საკეტს ხსნის. აქედან ორი გზაა: პირველი – ვადებულებებისკენ უსაფრთხოების კედლის გარშემო და მეორე – ვახტიორის მყუდრო სამყოფელისკენ.
ვახტიორის ოთახში ღილაკებია, რომლებითაც იხსნება საპყრობილის შესასვლელი და გასასვლელი ყველა კარის საკეტი. ამ საკეტების გარეშე ვერაფერს გახდებოდა ქვეყნის ვერც ერთი სასამართლო და პროკურატურა, რომლებსაც ეფუძნება ძალაუფლება და რომლებითაც ძალაუფლება იკარგება… ვახტის სათვალთვალო სარკმელები ლითონის მსხვილი მოაჯირებითაა დაცული სწორედ ამ ძალაუფლებით აღჭურვილი ვახტიორი ქალის უსაფრთხოებისთვის. ლითონის მოაჯირების წყალობით იგი მიუწვდომელია როგორც ძალადობრივი, ასევე, მოტრფილალე ზრახვებისთვის. სქესობრივი მიდრეკილებებისადმი მდგრადობა ვახტიორ ქალში საპყრობილის საჭიროებების შესაბამისად გამოაწრთეს, მაგრამ გულისცემა, რომელიც მარტოობისას, ღამის საათებში წარმოიქმნება, ძლევს ასკეტურ ღირებულებებს, თუნდაც საპყრობილის ტერიტორიაზე; თუნდაც ისეთ ადამიანებში, რომელთა განკარგულებაშიც საპყრობილის ყველა კარიბჭეა.
***
და იგი ვახტის სამხედროფარაჯიანი ქალღმერთის წინაშეა. ზედამხედველის თვალებში ვნებაა ჩაბუდებული. დიდი ადგილია ვნებისთვის ადამიანის თვალებში და დიდი უნარი – რომ შემხვედრი ვნება მოიპოვოს. ისინი სხდებიან ლითონის მოაჯირებიან სიმარტოვეში და გრძნობენ, რომ უნდათ, სადმე დაწვნენ. იქვე ჭრიალაფეხებიანი ტახტია. ვახტიორ ქალს სახეზე ნელსაცხებელი ქონივით უბზინავს. ზედამხედველს ქონის შეგრძნება გულს ურევს, მაგრამ მის თვალებში ოდნავაც არ ქრება ვნება, რადგან წინ მთელი ღამეა, ვახტიორი ქალი კი არ არის მხოლოდ ქონიანი სახე. მას აქვს რაღაც უფრო აღმგზნები, ამაფორიაქებელი…
მამაკაცისთვის ძნელია ღამით მარტოობა და ყველაფერს იღონებს, იმისთვის რათა მარტოობა მდედრთან ერთად გადაიტანოს. ღილაკებით აღჭურვილ ქვეყნის ამ ყველაზე შეუღწეველ სამყოფელში განმარტოებული მდედრიც სიამოვნებით მინაბავდა თვალებს ზედამხედველის მკლავებში. ამიტომ მათ სჭირდებათ რაიმე გრძნობიერი – სიტყვები, გამოხედვები, რომ ზურგი შეაქციონ კაცთა მოდგმას და მოვალეობებს. ამისთვის ხანგრძლივი საუბარი არ გამოდგება, როგორც ეს რომანტიკოს მეძავებს სჩვევიათ. ქალმა ფარაჯაზე ღილი შეიხსნა და უსარგებლო ფორმალობების გარეშე მის სხეულს ოფლის წვეთებად ეწუწება ზედამხედველის ვნებები. ჭრიალებს სამყარო და მშვიდად მოისმის ქარის ხმაური.
***
ქალი პატიმრის ოცნებაა – ვახტიორი ქალებით დაწყებული, ყველა დანარჩენით დამთავრებული. პატიმარს საპყრობილის კედელზე ქალის მკერდი ჰქონდა ამოკაწრული. მკერდის ნაკაწრს ტუმბოზე მოთავსებული ნივთები ეფარებოდა და თითქოს ამ ნივთებით იყო დაფარული იგი სხვა პატიმრებისა და დანარჩენი სამყაროსგან. დაძინებამდე იგი ნივთებს მიმოწევდა და ამოკაწრულ ქალის მკერდს შესცქეროდა ხოლმე.
მასტურბირებისთვის, რა თქმა უნდა, იმ ყველაზე მძიმე ნივთს უთავაზებდნენ, რასაც კი საპყრობილეში მოიძიებდნენ, ამიტომ მკერდის მხოლოდ ცქერით კმაყოფილდებოდა. კედელზე ამოკაწრული მკერდი მას სამყაროსთან აკავშირებდა. ის სიამოვნების ტალღა, ის ვნება, რასაც მკერდის მონახაზი აღუძრავდა, შეაგრძნობინებდა, რომ ადამიანთა მოდგმის ნაწილი იყო, რომ მისი სრულფასოვანი წარმომადგენელივით შეეძლო ტკბობა განეცადა ამ ყველაზე ამაღლებული ხორციელი საიდუმლოთი. ამ ვნებამ იქამდეც კი აიყოლია, კედელზე ამოკაწრული მკერდის ზომის გადიდება გადაწყვიტა, მაგრამ ბათქაში ჩამოიფშხვნა და მკერდი ჩამოიშალა…
ახლა პატიმარი კედლის ბათქაშჩამოფხვნილ ფრაგმენტს შესცქეროდა. გრძნობდა, რომ კედელზე ამოკაცრულმა ნახატმა, რომლის სიშიშვლესაც ტუმბოზე ჩამწკრივებული ნივთებით უმალავდა მთელ საყაროს, ის გრძნობები გაუღვივა, რომლებიც დასათმობად აღარ ემეტებოდა.
– არ შეიძლება გრძნობების გარეშე ადამიანის დატოვება, რა კანონებიც გინდა გქონდეს დარღვეული! – ფიქრობდა იგი. – ყველაზე სისასტიკი სასჯელი შეიძლება დაგაკისრონ, მაგრამ გრძნონების გარეშე ადამიანის დატოვება სისასტიკის საზღვრებს სცდება, შეუძლებელია შეეგუო სასჯელს, რომელიც უსამართლოდ სასტიკია!
და ამიტომაც არ არსებობს პატიმარი, რომელიც გაქცევაზე არ ფიქრობს…
***
საპყრობილიდან თავის დაღწევას, სულ ცოტა, იმედი სჭირდება. იმედს ყოველთვის ორი მხარე აქვს, რომელთაგან პირველი რწმენაა თავისი მისტიკური დამაჯერებლობით, მაგრამ მეორე მხარეს ყოველთვის სასტიკი რეალობაა!
გაქცევის აკრძალვა ბანალური სისასტიკეა, რადგან, ერთი მხრივ, არ არსებობს კანონი, რომელიც გაქცევის სამართლიანობის შესაძლებლობას დაუშვებდა და, მეორე მხრივ, სულაც არაა შეუძლებელი ისეთი გაქცევის წარმოდგენა, უსამართლობით რომ იქნებოდა ნასაზრდოები.
უფრო ღრმა და ფილოსოფიურია სისასტიკე მაგალითად, სიკვდილმისჯილთა და სიკვდილით დაუსჯელთა მიმართ. სიკვდილით დაუსჯელთა სისასტიკე მოსატანიც არაა სიკვდილით დასჯილთა სისასტიკესთან, მაგრამ სიკვდილით დაუსჯელთა ბედნიერება სულაც არ არის ამაღლებული სიკვდილით დასჯილთა ბედნიერებაზე…
– გაქცევა ერთდროულად სიკვდილთან შეგუებაცაა და შეუგუებლობაც, რადგან იგი სისასტიკის საპასუხო თამაშია. გარბიხარ, რომ ვერ მოგკლან და მაშინაც გარბიხარ, როცა გკლავენ! – ფიქრობს პატიმარი, – შესაძლოა, სიკვდილმისჯილობა ყველაზე შემამსუბუქებელი მოტივაცია ყოფილიყო გაქცევისთვის, რადგან დაგხვრეტენ და აღარასოდეს დაგჭირდება გაქცევა, მაგრამ ვინ გარგუნებს სასიკვდილო განაჩენს ასე ხელსაყრელად, რომ გაქცევის ტვირთი შეგიმსუბუქდეს…
აი, ასე უსაფრდება სისასტიკე პატიმარს, რომლის ცხოვრების არსიც გაქცევაა.
***
პატიმრების გაქცევაზე სათვალთვალო კოშკურებში დადარაჯებული ზედამხედველებიც ფიქრობენ. ისინი საუკეთესოდ ფლობენ შაშხანას ნებისმიერი გაქცევის აღსაკვეთად და ამისთვის სახელფასო დანამატსაც კი არ ითხოვენ.
– მიუღებელია დამატებითი საზღაური იმ ადამიანების გაქცევის აღკვეთისთვის, რომლებისთვისაც საპყრობილე ბედისწერაა, რომლებიც იმის გამო იმყოფებიან აქ, რომ ვერც პრივილეგირებულ პერსონებად დაიბადნენ და ვერც საზოგადოების მორჩილ წარმომადგენლებად ჩამოყალიბდნენ. – ფიქრობენ კოშკურებში ზედამხედველები.
***
ღირსების საკომპენსაციოდ კოშკურების ზედამხედველები ორმაგ ულუფას და კოლოფ სიგარეტს იღებენ. ასევე, იღებენ ხელმძღვანელთა პატივისცემას და იღებენ იმედს, რომ თითქმის არასოდეს მოუწევთ ფიქრი გაქცევაზე არც საპყრობილიდან და არც სამყაროდან. თუმცა, ახლახან, რამდენიმე კვირის წინათ, საპყრობილეში აღრიცხვის დროს პატიმრის დანაკლისი გამოვლინდა…
გაიქცა. ისე გაიქცა, რომ მისი გაქცევის ნაკვალევიც ვერ აღმოაჩინეს. ამით კი გამოაშკარავდა, რომ არც ერთი ზედამხედველი, რომელმაც სათვალთვალო კოშკურიდან უნდა აღკვეთოს გაქცევა, არ იმსახურებს ორმაგ ულუფას, არც ერთ კოლოფ სიგარეტს და თითქმის არ იმსახურებს გარანტიას, რომ არასოდეს მოუწევს გაქცევაზე ფიქრი.
ამიტომ საეჭვო არაა, რომ ზედამხედველები ტყვიას არ დაიშურებდნენ და უარს არ იტყოდნენ ღირსეულ პრივილეგიებზე, მაგრამ პატიმრის გაქცევის სტრატეგია სწორედ სათვალთვალო კოშკურებში ჩასაფრებული ამ ზედამხედველებისგან შეუმჩნევლად თავის დაღწევის საიდუმლოა. ზედამხედველების ღირსებაზე და პრივილეგიებზე ფიქრის ფასი კი შეუძლებელია აღემატებოდეს პატიმრების გაქცევაზე ფიქრის ღირებულებას. ამით დასტურდება, რომ პატიმარი გაქცევისთვისაა გაჩენილი.
და ამიტომაც, მმართველობის თეორია აღმასრულებელი პრივილეგიით იცავს ზედამხედველს, რომელიც საკუთარი შეხედულებებით კი არა, ზედამხედველთა კოლექტიური ინსტინქტებით მოქმედებს. კოლექტიურ აზროვნებას ზემდგომები გამოიმუშავებენ და სწორედ მათი ნააზრევით ყოველ მომდევნო გაქცევას ზედმიწევნით ზუსტად აღკვეთს ქვემდგომი კოლექტიური ზედამხედველი.
– მძიმე ცხოვრება ყველაფერს გააკეთებინებს პატიმარს, ყველაფერს მოაფიქრებინებს, თუნდაც იმას, რომ შეუმჩნევლად გაიქცეს, რომ კვალიც არ დატოვოს, მაგრამ პატიმრის შეცოდება არ შეიძლება! ტყვიის დანანება არ შეიძლება! ესენი თვითონ ამძიმებენ ცხოვრებას… უფრო მეტიც, ესენი ჩვენს ცხოვრებასაც ამძიმებენ! – აი, ასე ფიქრობენ სათვალთვალო კოშკურებში ჩასაფრებული კოლექტიური ზედამხედველები.
***
– ამას მე მოვკლავდი! – ფიქრობს პატიმარი კოშკურაში ჩასაფრებულ ზედამხედველზე, რომელიც საპყრობილის ფანჯრიდან მოჩანს. – იმასაც მოვკლავდი – ფიქრობს მეორეზე და დანარჩენ კოშკურებში მყოფებზეც, რომლებიც პატიმრის სარკმლიდან არ მოჩანან… – მაგრამ ეს მხოლოდ შურისძიება იქნებოდა. არა, მე მათ არ მოვკლავდი, მე ვისურვებდი, რომ გაქცეული ვიყო – უბრალოდ, გადამძვრალი საპყრობილის ამ კედელზე და ჯერ კიდევ ცოცხალი, თუნდაც ვგრძნობდე, რომ ახლა მომკლავენ…
… ან უკვე ვიყო გაქცეული და თუნდაც მკვდარი, როცა მეცოდინებოდა გაქცევის ფასი და არა მხოლოდ ის, თუ როგორია გაქცევის სურვილი…
პატიმარმა ჯერ შუბლზე მიიდო თითები, შემდეგ – ტუჩებზე. – ალბათ, სიცხე მაქვს, – გაიფიქრა მან. ოდნავ წამოჯდა და პლედი უკეთ მოიხვია. ასე ზედამხედველიც უკეთ მოჩანდა კოშკურაზე.
– პლედი უნდა ვიშოვო, კიდევ ერთი პლედი უნდა ვიშოვო, რადგან სიცივე რთული გადასატანია, – გაიფიქრა მან, მაგრამ მაშინვე შეეწინააღმდეგა თავის ნაფიქრალს. – არა, რად გინდა პლედი, იარაღი უნდა იშოვო, გაქცევისთვის საჭირო რაიმე იარაღი, რადგან პატიმრობა უფრო მძიმედ გადასატანია!
და, თუ გასაქცევი იარაღი გაქვს, იმის ალბათობაც მაღალია, რომ კოშკურაში მოკალათებული ზედამხედველის დახმარებით, საერთოდ, ცხოვრებიდან განდევნილი აღმოჩნდე! ამას დადებითი მხარეც აქვს – შეიძლება, იმაზე ადრე შეძლო სამყაროს არსის დანახვა, ვიდრე ეს ფიზიოლოგიური წესრიგით იქნებოდა შესაძლებელი; სამყაროს არსში იმაზე ადრე შეიძლება ჩაიხედო, ვიდრე წარმოგედგინა.
– ყოველი გაქცევა მომდევნო გაქცევას ართულებს, – ფიქრობს პატიმარი. -გაქცევის შემდეგ ყველა ზედამხედველი გაცხოველებული ცდილობს მიზანში ამოიღოს ნებისმიერი, თუ მოეჩვენება, რომ ნაბიჯი ააჩქარა უსაფრთხოების კედლის მიმართულებით, მაშინაც კი, თუ ქარი უსაფრთხოების კედლისკენ დაუბერავს.
მან იცის თავისი საქმე ისე მარტივად და ისე ზუსტად, როგორც ტყვიამ იცის მარტივად და ზუსტად, როგორ იქცეს შენი სიკვდილის ნივთიერ მტკიცებულებად. და ამ დროს იგრძნობა, როგორ აფურთხებს ზედამხედველი პატიმარს სულში, რომ გაიქცეს, რომ ოდნავ მაინც შეეხოს საპყრობილეზე შემოვლებულ უსაფრთხოების კედელს…
პატიმარიც აფურთხებს მას თავის წარმოსახვაში, და ცდილობს, სულმა არ წასძლიოს, ქარმა არ გაარბენინოს და თავი შეიკავოს, რომ ჯერ არ გაიქცეს…
– ფრთხილად, არ აჰყვე ქარს, ის შენი მტერია, შენი მაცდური! – ფიქრობს პატიმარი, – ყველა წარმატებული გაქცევის ისტორია მხოლოდ იმ პატიმრების ნაამბობია, რომლებიც ვერ გაიქცნენ და რომლებიც წარუმატებლად გაიქცნენ, ვერ გაექცნენ მარადისობას…
***
ვახტიორი ქალი ზედამხედველის დაოკებულ ვნებას შეიგრძნობს მისი სხეულის ნაწილებთან განშორების შემდეგ. ზედამხედველი კი ცდილობს საცვალი ამოიცვას და სწრაფად გახდილ პერანგში სახელოები მოძებნოს. მაზარის მორგების შემდეგ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ეძებს. ვახტიორი ქალი კი ვნებით აღვსილი სულგრძელად ათავისუფლებს მას იმ ღილაკებით, რომლებსაც ეფუძნება ძალაუფლება.
ახლა მთავარია, მოვალეობაზე იფიქრო, რადგან შენი მოვალეობა ისაა, რომ ყველას თავისი მოვალეობა შეასრულებინო – ფიქრობს ზედამხედველი. – შეიძლება ქალის სხეულით ტკბობა პროფესიული საზომით სისუსტეა, მაგრამ ზუსტი მოქმედებისას არ ფიქრობენ სუსტ მხარეებზე, როგორც არ ფიქრობენ, რომ საათის კბილანები და ზამბარები გაცვეთილია, თუ ისრები დროს ზუსტად აჩვენებენ.
საპყრობილის გარშემო შემოვლებული უსაფრთხოების კედლის მთელ სიგრძეზე მოკლე ინტერვალებით განთავსებული ფარნები ქანაობს და შეკირული კედლის მთელ სიბრტყეზე სინათლის ლაქები ირხევა. კედლის გასწვრივ ხეებს არ რგავენ, რომ გაქცეული პატიმრის მიზანში ამოღებას ხელი არ შეუშალოს.
გვიანი ღამეა და უსაფრთხოების კედლის მიმდებარე გზაზე იშვიათად თუ ჩაივლის მანქანა. მოსახვევის სიღრმიდან მობრუნების დროს მანქანის ფარნების სინათლის წრფივი ნაკადი შორეულ სივრცეს სერავს და ბოლოს, კედლის გასწვრივ მიმავალ ზედამხედველს თვალს უბნელებს. მანქანებში მსხდომი მგზავრები მზერას ყოველთვის აყოლებენ გრძელ, შეკირულ უსაფრთხოების კედელს…
კედელი ქალაქის ბუნებაა, ბუნებაში – ცივილიზაციის საწყისი, საპყრობილეში კი ჰორიზონტია. პატიმარს კედლის შიგნიდან ყველა აგურის განლაგება ზეპირად ახსოვს. ზედამხედველს კი კედლის არსი განსხვავებულად ესმის, რადგან მას ეს კედელი ორივე მხრიდან საგულდაგულოდ შესწავლილი აქვს.
– დაზარალებული ადამიანების გულის მოსაგებად რომ საპყრობილეში მოძალადეებს გამოამწყვდევ, ეს პრიმიტიული სარგებელია. – ფიქრობს ზედამხედველი. – საპყრობილე მმართველობითი თეორიისთვის ზუსტად იგივეა, რაც სარდაფია თავშენახული ოჯახისთვის, სადაც გამოუსადეგარ ხარახურასთან ერთად, საჭიროების შემთხვევისთვის, სანოვაგესაც ინახავენ. აი, ამაშია ამ კედლების ძალა და საჭიროება! ყოველთვის შეიძლება აქ ის ადამიანი გამოიწრთოს, რომელიც ხვალ უსამართლობას შეებრძოლება. ამიტომ არ შეიძლება, ტყვია დაიშურო არც ერთი გაქცეულისთვის და, თუ მაინც გაიქცა, მან შეიძლება მმართველობამდეც მიაღწიოს. აი, ამ შემთხვევისთვის კი, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა პოტენციური გამქცევის სრულყოფა და აქედანვე დავანახოთ მას ჩვენი საჭიროება მომავალი მმართველობისთვის!
***
უსაფრთხოების კედლის მიღმა მოძრავი მანქანების მგზავრები უსაფრთხოების კედელს თვალს აყოლებენ. იციან, რა სულის და გამომეტყველების პატრონებიც ბრძანდებიან ამ კედლის მიღმა, რომ ეს სწორედ ის ხალხია, რომლებსაც ძალუძთ გაგძარცვონ, გამოგაცარიელონ და გამოცარიელებული ცხოვრებაც არ შეგარჩინონ. მაგრამ ამრეზით უცქერენ მაზარააფრიალებულ ზედამხედველს. ვინმემ შეიძლება თავიც გამოყოს მანქანის ფანჯრიდან, დაასიგნალოს და გადააფურთხოს, რადგან გრძნობს, რომ ეს სწორედ ის ზედამხედველია, რომლის მსგავსმაც შეიძლება მისი პატიმრობაც უზრუნველჰყოს მომავალში.
მძღოლმა, რომელმაც საპატიმროს კედელს ჩაუარა, გაიფიქრა, რომ ყველაზე გარდაუვალი პატიმრობა ცხოვრების პატიმრობაა! ამ საპატიმროს კედლებზე შეიძლება ვინმე გადაბობღდეს და გაიქცეს, ამ ცხოვრებას კი ვერავინ გაექცევა, რადგან გადასაბობღებლად კედლებიც არ გააჩნია! უფრო მეტიც, საპყრობილეში ადამიანებმა იციან, რომ პატიმრები არიან და გასაქცევად აქვთ საქმე, ცხოვრებაში კი ისიც არ იციან, რომ უნდა გაიქცნენ…
***
ქარის ყოველ დაქროლებაზე საპყრობილის სახურავზე აგლეჯილი თუნუქის ნაფლეთები ხმაურობს. უსაფრთხოების კედლის შიგნით აკრძალულ ზონაში ძაღლები ყეფენ. სათვალთვალო კოშკურებში მოდარაჯე ზედამხედველები მოჩანან…
– არ შეიძლება, მეშჩანი გახდე, – ფიქრობს ზედამხედველი – ესეც ვალდებულებაა, ამაღლებული ვალდებულება! რა უნდა ობივატელს?! მისთვის მთავარია, ენა მოიქავოს. ძნელი არაა იმის გაგება, რომ ჰუმანურ აზრებს ამჯობინებენ. – ჰუმანისტი ტყვიას არავის ესვრის, ის ჰუმანური აზრებისთვის იღებს ჯამაგირს, მაგრამ ვის რაში სჭირდება ამდენი ჰუმანისტი. ზოგისთვის თავის გასატანად ტყვია რჩება, რომლითაც უნდა იმსახურო. რა თქმა უნდა, იოლია ჰუმანისტობა, მაგრამ ჩვენ სიმკაცრისთვის გვიხდიან ჯამაგირს. ობივატელს კი რა უნდა, თავისი კურტიზანული ზრახვებით?! ის, რომ დაგისიგნალოს და ამით ისიამოვნოს! არ შეიძლება ობივატელი შეგეცოდოს, შეიძლება ადამიანი შეგეცოდოს, რომ მისივე მსგავსი არსება ობივატელია! ბოლოს და ბოლოს, ეს ობივატელი ხომ არ დადის ამ ქარში ისე, რომ მიტოვებულ ლოგინზე კი არა, თავის მოვალეობებზე ფიქრობდეს!
***
ახლა მეც მასთან ერთად უნდა ვიყო, – გაიფიქრა მან გაქცეულ პატიმარზე. – სად იქნება ახლა?! სადაც უნდა იყოს, პლედზე ალბათ აღარ ოცნებობს. მე კი პლედი ვერ ვიშოვე, რომ სვიტერივით გამოვჭრა… აზრადაც არ მომივიდოდა, რომ მარტო გაიქცეოდა. არა, არ ვბრაზდები იმიტომ, რომ ესე სჯობდა, მაგრამ ხომ უნდა ეთქვა მაინც, რომ მარტო მიდიოდა, ან რომ მიდიოდა, ეს მაინც ხომ უნდა ეთქვა… ალბათ, მუხლები უკანკალებდა. მეც ამიკანკალდებოდა და კრინტს არ დავძრავდი არავისთან. მეც ესევე მოვიქცეოდი, როცა ყველა გასაქცევი ნაბიჯი უკვე გათვლილია და მთავარია, მიაფურთხო იმას, რომ შეიძლება ტყვიებით დაგცხრილონ, რომ სიცოცხლის შემდეგ შეიძლება რამდენიმე ნახვრეტი შერჩეს საპყრობილის კედელს შენი ამქვეყნად ყოფნის ნიშნად…
იქნებ უჩემოდ უნდა წასულიყო, რადგან შეიძლება, ორივე ერთად ვერ გავქცეულიყავით…
– აქ ვარ, გაქცევის სურვილო! ჩემი არსებობის მტერო! – ფიქრობს პატიმარი, -არა, ასე არ უნდა გიწოდებდეს პატიმარი, შენ ხომ იმას მკარნახობ, რაც ჩემი ცხოვრების აზრია! ასე ტყვიის საფრთხე მალაპარაკებს! სად აქვს პატიმარს იმის უნარი, რომ ტყვიის საფრთხეს არ შეუშინდეს! ჰო, შეიძლება, არ აქვს პატიმარს ამის უნარი, მაგრამ იმდენი ჭკუა მოგეთხოვება, რომ ხელებში არ ჩაგაკვდეს გაქცევის მიზანი!
– დაუბერე ქარო და ამაჩქარე! კანონები და წესები მხოლოდ ისე მოქმედებენ, რომ ვერაფერი შეძლო ძალმომრეობის წინააღმდეგ. შეაქციე ზურგი ტყვიას და გაიქეცი, იქნებ აგცდეს იგი, რომელიც შეიძლება შენთვის ჩამოასხეს. სხვანაირად არ აგცდება, არაფერი არ აგცდება, თუ არ გაიქეცი!
სამყარო ყველგან სასტიკია და ყველგანაა გაკრული მისი სისასტიკის ფორმულა კედელზე მიწებებული შინაგანაწესივით. ამ სისასტიკეს უნდა გაექცე სამართლიანობისთვის ან უსამართლობის გამო მაინც!
– ახლა რომ აქ იყოს, ვკითხავდი, ღმერთი თუ არსებობს მეთქი, – ფიქრობდა იგი გაქცეულ პატიმარზე, – და მიპასუხებდა, რომ არსებობს, რადგან გაქცევამდე ღმერთიც არსებობს…
არ მინელდე ქარო, მე ვაიძულებ ამ ჩემს გაციებულ ფილტვებს, ბევრი ჰაერი მომაწოდოს, რომ არ შევეგუო ამ კედლებს…
ისევ აყეფდნენ უსაფრთხოების კედელთან ძაღლები და ისევ ისმოდა შენობების სახურავიდან თუნუქის ფურცლების ხმაური. ზედამხედველი იდგა იქვე, სათვალთვალო კოშკურაზე, იდგა კოლექტიური ზედამხედველივით და გასაქცევ პატიმარს ელოდებოდა.
© არილი