რეზო ინანიშვილზე რამე რომ დაწეროს კაცმა, ან ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს, ან ოდნავ თავხედი. მე არც პირველის პრეტენზია მაქვს და არც მეორისთვის მემეტება თავი. მისმა შემოქმედებამ უკვე დიდი ხანია, დაიმკვიდრა თავისი ღირსეული ადგილი ქართული მწერლობის სათავკაცოში და ვეჭვობ, მას ჩვენი ხოტბა რამეს ჰმატებდეს. ჩვენ მხოლოდ ქედის მოხრა გვმართებს მისი დიდი ნიჭის, ოსტატობისა და სინაღდის წინაშე. თუმც რეზო ისეთი კაცი გახლდათ, ეს ქედის მოხრაც დიდად არ ეპიტნავებოდა. აი, სიყვარულზე კი უარს არ იტყოდა, ვინაიდან სიყვარულისთვის იყო ამქვეყნად მოვლენილი: უყვარდა ყველაფერი, რაზეც წერდა, ვიზეც წერდა და ვისთვისაც წერდა. ამიტომ მის ნათელ სულს ჩვენგან მხოლოდ სიყვარული ეგების.
მე თავს ბედნიერ კაცად ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე მისი მეგობრობა მხვდა წილად, მისი ადამიანური სითბო, მისი ნათელი ღიმილი…
ის ისეთივე იყო, როგორც მისი მოთხრობები. იგი თვითონ იყო თავისი ნაწარმოებების უმთავრესი პერსონაჟი – დიდი ბიბო, კეთილი, დინჯი, სერიოზული. მომღიმარი და მომღერალი თვალები ჰქონდა, თაფლისფერი.
მელნიან და პასტიან კალმებს ვერ ჰგუობდა. მუდამ წვერწათლილი ფანქრები ჰქონდა და იმით წერდა წვრილი, ლამაზი, ჩარიკრიკებული ასოებით.
შესანიშნავად ხატავდა. ეს ნახატებიც მას ჰგავდა. იგი თითქოს თავის გარშემო ყველაფერს იმსგავსებდა. ასე დაიმსგავსა ცოლი, შვილები, ჩვენც, მეგობრებიც. მის სიახლოვეს მყოფნი ჩვენც თითქოს სხვანაირები ვხდებოდით, უფრო ნაღდები და კეთილები. მასთან სხვაგვარი ყოფნა წარმოუდგენელი იყო.
შეთამამებულები ვყავდით მე და თენგიზ მირზაშვილი, ანუ ჩუბჩიკა. ჩვენზე უფროსი იყო თითქმის ათიოდე წლით. მაგრამ ვუყვარდით და გვათამამებდა. ეხლა ჩვენ როგორ გვიყვარდა?!
ერთად გვქონდა მოვლილი საქართველოს ბევრი კუთხე-კუნჭული. სოფელი უყვარდა, გლეხებში ჯდომა და მასლაათი. ბერიკაცები, დედაბრები, ბავშვები… ხალხური ლექსები ხომ “ტანზე ჰქონდა გამონაყარი”. ჩემს დანახვაზე ამოიტრიალებდა მეხსიერების ჯიბე-უბეებს, ამოქექავდა ჩემთვის უცნობ ლექსს და კეთილი ნიშნის მოგებით მეტყოდა:
– აბა, ბალღო, ეს ლექსი თუ გაგიგონია, “იის ნათქვამი” – და დაიწყებდა:
“- ნეტავი შენ, ენძელაო,
სამჯერ მოხვალ სერზედაო.
ერთხელ მოვალ, მოვშავდები,
ამ დასაწვავ ხევზედაო,
ბიჭები ქუდზე მაჭკნობენ,
გოგოები – ყელზედაო”.
თან დააყოლებდა: – როგორია?! – ჩემი და ჩუბჩიკას აღფრთოვანებული ყიჟინა უფრო იშტაზე მოიყვანდა, იუმორის საღერღელს აუშლიდა და რამდენადაც შეეძლო, ეშმაკური ღიმილით მოგვდგებოდა:
– აი, შენ და ჩუბჩიკა რო იძახით, ქართლელები ვართო, ეგ რანაირი ქართლელები ხართ, როცა ის ლექსები, მე რომ ქართლში ჩამიწერია, თქვენ გაგონილიც კი არა გაქვთ.
– აბა, რომელი?! – ავუშარდებოდით ორივენი.
– აი, თუნდაც ესა:
“ჭიჭიკაანთ ქორწილი ქნეს,
ხარი დაკლეს ბელეშაო,
პატარძალი მოიყვანეს,
ტრაკი უგავ ღელესაო,
შიგა ხნავენ, შიგა თესვენ,
შიგ ალბობენ წნელებსაო,
გუთნისდედა ჩაუყლაპავს,
მეხრე იქნევს ხელებსაო”.
– ბიჭო, რით არ არის ბოსხი ან რაბლე?! – დავცემდი ყიჟინას მე.
– ბოსხი ვიყო! – დაიწყებდა მაიმუნობას ჩუბჩიკა.
ჩვენს ხარხარზე და ღრიანცელზე რეზო უცებ სერიოზულ სახეს მიიღებდა და მთელ ლექციას წაგვიკითხავდა:
– ეე, ცეტებო, ხომ არ გგონიათ, რომ ეს გუშინ შექმნილი ლექსია, უწმაწური და სამაიმუნო. აქ ისეთი შრეებია წარმართობის ხანისა, ისეთი დანალექები, რომ არც დაგსიზმრებიათ. თქვენ ეს უბრალო გავასქელი დედაკაცი ხომ არა გგონიათ?! – ნაყოფიერების ღვთაებაა და ეს ორგიასტულობა და ეროტიზმიც იმ უხსოვარი დროიდან მოდის.
– რეზო, ის ლექსი როგორ არის, გოგლას რომ უყვარდა? – ჩააცივდებოდა ჩუბჩიკა, ვითომ მართლა არ ახსოვდა. რეზო ოინს მიუხვდებოდა:
– შე მაიმუნო, იცი რო უწმაწურობების თქმა არ მიყვარს და გინდა ძალით ამტეხო, არა?! – დაიმორცხვებდა რეზო. – აი, მაგისთანა მოუკრეფავების ოსტატი მანდ გიზის, ეგ ჩამოგიფქვავს. – ჩაიცინებდა რეზო და ჩემსკენ გამოიშვერდა ხელს. მე ჩემი მხრიდან შევუტევდი:
– რა იყო, რა იმერელი გასათხოვარი გოგოსავით ინაზები, გარეკახელი გაგრია არა ხარ?! თანაც ფოლკლორს რა ბოდიშები უნდა?!
– კარგი, ჯანი გაგვარდეთ! გეტყვით:
“ნინოწმინდელი ქალები
სანაძლეოზე ფსამენო,
გრძელოზე უდევთ ღარები,
პატარძეულსა რწყამენო,
იქ მოყვანილსა მწვანილსა
ქალაქელები სჭამენო”.
იტყოდა და ხელს ჩემსკენ და ჩუბჩიკასკენ გამოიშვერდა, ვითომ ქალაქელებში თქვენ იგულისხმებითო.
ერთხელ თუშეთში, შენაქოში თუ დართლოში სუფრაზე მიგვიწვიეს და რეზო თავმდაბლურად სუფრის ბოლოს ჩამოჯდა. მე და ჩუბჩიკამ, რასაკვირველია, არ დავაყოვნეთ და თითქმის ერთდროულად ჩავილაპარაკეთ: “საწყალი ბერი ქედანი ბოლოში მოიგდიანო”. ასე შეერქვა, უფროსობის გამო, “ბერი ქედანი”, შემოკლებით “ქედო”.
ერთხელ ზამთარში ჩუბჩიკა მოსკოვში იყო წასული. იქიდან მოხვედრილა სენეჟში, მხატვრების შემოქმედებით სახლში. უცებ მირეკავს და მეუბნება:
– სენეჟიდან გირეკავ. აბა, თუ მიხვდები, გვერდით ვინ მიდგას? – რა ვიცი-მეთქი. – არა, გინდა თუ არა, გამოიცანიო.
ვიცი, ჩუბჩიკამ თუ რამე აიჩემა, აღარ მომეშვება. დავიწყე ფიქრი: – პიკო ან დიმა ერისთავი რომ იყვნენ, ან გიგლა ფირცხალავა და ჯემალ ლოლუა, ასეთი ტონით არ მკითხავდა. მხატვრების ყოფნა მხატვრების სახლში ლოგიკურია და დიდ გამოცანას არ წარმოადგენს. უცებ გონება გამინათდა და ყურმილში ჩავძახე: – ქედო-მეთქი.
ჩაწბილდა ჩუბჩიკა. კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ახალ შეტევაზე გადმოვიდა:
– კარგი, ეგ გამოიცანი, მაგრამ აბა, თუ ეგეთი მაგარი ხარ, ქედოს თათარიახნად კაფია უთხარი.
– ბიჭო, ტელეფონით კაფიაობა აღარ გამიგია. – ვცადე თავის დაძვრენა, მაგრამ ჩუბჩიკა ლამის ტელეფონის ყურმილში შემოძვრა. რაღას ვიზამდი, ამოვიოხრე და მივუგდე:
ჩემგან გადაეც ქედოსა,
ხელი ხვანჯარზე ედოსა,
რუსის დიაცებს ერიდოს,
არავინ წამეედოსა.
ჩუბჩიკამ გაიხარა, ყურმილი ქედოს გადასცა და გამამეორებინა ჩემი “შედევრი”. იმანაც გულიანად იცინა, თან დააყოლა:
– თქვენისთანა ონავარი ბალღებისთვის თურმე არც დრო არსებობს და არც მანძილი. დამაცა, ჩამოვალ და ორივეს მოგივლით! – დაგემუქრა ქედო, მაგრამ ეს მუქარა იმით აასრულა, რომ სახლში დაგვპატიჟა:
– წამოდით, დილით როზამ ლობიო შემოდგა ქოთნით. კაი წნილი მაქვს და კაი ხაშმური ღვინო, “დევის სისხლი”. დავსხდეთ და მთისა და ბარისა ვთქვათ.
რა შვილები ვიყავით, უარი გვეთქვა! მამაპაპურად მოგვალხინა და ასე იყარა ჩვენზე “ჯავრი”. თუმცა ჯავრის ამოყრას რაც შეეხება, ეს შემდეგ მოხდა, თუშეთში, დიკლოს ტყეში. ცოტა “პიკანტური” ამბავია, მაგრამ რომ არ მოვყვე, ალბათ გული გამისკდება.
თუშეთის სამოთხიდან გავყურებთ დაღესტნის ხრიოკ მთებსა და პიტალო კლდეებს. გვაოცებს ასეთი სხვაობა. ხუთნი ვართ: ოთარ ჯიშკარიანი, დავით დონდუა, რეზო, ჩუბჩიკა და მე. უცებ ჩუბჩიკამ მუჯლუგუნი მკრა და მიმანიშნა რეზოზე, რომელიც გრძელი ჯოხით ხალიჩად დაფენილ წიწვებში იქექებოდა. ჩუბჩიკამ წამჩურჩულა: – ერთი ჰკითხე, რას ეძებსო. ვკითხე. რეზომ ნიკაპი ჯოხზე ჩამოდო, სერიოზული სახე მიიღო და მისთვის ჩვეული სიდინჯით შორიდან დაიწყო:
– შარშანწინ როზას ბიძაშვილმა ჩემ ბალღებს ციყვის ფიტული აჩუქა. იმ ციყვს ხელში გირჩა ეჭირა. ბალღების ძიძგილაობაში ის გირჩა დაძველდა და დაიძენძა. ეხლა ახალ გირჩას ვეძებ, რო ციყვს ხელში დავაჭერინო.
ჩუბჩიკა ფხუკუნ-ფხუკუნით წიწვებში ჩაჯდა. “სატოპკე” აწეული იყო და მე სხვა გზა აღარ მქონდა. იმწამსვე “გამოვაცხე” ორპირული კაფია:
– ციყვს უნდა დავაჭერინო,
დავეძებ გრძელსა გირჩასა.
– ციყვს ხელში დააჭერინე,
რაც ლაჯებსშუა გიჩანსა.
ჩვენი ხორხოცის ექო “პინგ-პონგის” ბურთივით აწყდებოდა გაღმა დაღესტნის ფრიალო კლდეებს. რეზოს არ გაუცინია, უცებ შეტრიალდა და ჯოხის კაკუნით სწრაფად წავიდა სოფლისკენ. ჩვენ ძუნძულით ავედევნეთ. თან გვიკვირდა: – ნუთუ ჩვენგან ეწყინა ასეთ ხუმრობა?! დაბნეულები მივდევდით შორი-ახლო. უცებ შედგა, შემოგვიბრუნდა და მოგვაძახა:
ვახუშტი კოტეტიშვილო,
ფინთად ნუ იქნევ ენასა,
განათლებული კაცი ხარ,
ქვეით რად მიწყებ პწკენასა?!
მე ახლა შეძლებისდაგვარად “შევარბილ-შევალამაზე” ქედოს პასუხი, რომელსაც დიდი ღრიანცელი და ყიჟინა მოჰყვა. თითი მოვკაკვე და იმ საღამოს ჩუბჩიკას პროტესტის მიუხედავად, “დავასველეთ” ქედოს გამარჯვება და ამის აღსანიშნავად “ძლევის ქედო” დავარქვით.
რეზო, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხაშმელი იყო. მეუღლე კი უჯარმელი ჰყავდა. ბოლო ხანებში უჯარმაში უფრო ხშირად იყო დაბუდებული. გომბორის გზაზე ან ავლისას, ან ჩამოვლისას აუცილებლად შევუვლიდთ ხოლმე. ერთხელ მე და ალექსი ჭინჭარაულმა შევუარეთ. მარტო დაგვხვდა, სამუშაო ფორმაში, ხრეშ-ცემენტში ამოგანგლული.
– ეხლა ამ დროს რომ მომადექით, რით გაგიმასპინძლდეთ?! ხელს გადავიბან, ტანთ გამოვიცვლი და სახინკლეში გადავიდეთ. თქვენ აბა, აქაური ხინკლით ვერ გაგაკვირვებთ, მაგრამ ვნახოთ, იქნებ ივარგოს.
ხინკალმა მართლაც ივარგა. არც არაყსა და ლუდს შეურცხვენიათ თავი. ნაჯაფარმა რეზომ თვალები მოჭუტა და დაიწყო:
– ამასწინათ როზას ბიძაშვილმა სახლის მშენებლობიდან მონარჩენი ექვსასი ცალი ბლოკი მომიტანა. ვითმინე, ვითმინე, ორი იმდენი მე მივუმატე და ვითომ რაღაც მშენებლობა წამოვიწყე. იმიტომა ვარ ამ დღეში. ეხლა კი მივხვდი, თუ კაცის ჯავრი გჭირს, ექვსასი ბლოკი უნდა მიუტანო ღამე და ეზოში დაულაგო. გაიღვიძებს, ნახავს და საგონებელში ჩავარდება. დაიწყებს სახლის მშენებლობას, იმ ექვსასს ხუთი იმდენი კიდევ დასჭირდება და შავ დღეში ჩავარდება საწყალი.
მე და ალექსიმ ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა. ეს იყო ყველაზე დიდი “ბოროტება”, რის გულში გავლებაც შეეძლო რეზო ინანიშვილს.
კიდევ ბევრი რამ მაგონდება, მაგრამ კმარა. რაც ვთქვი, იქნებ ესეც არ უნდა მეთქვა. ზოგიერთ ძალიან სერიოზულ და ცხვირაბზეკილ მკითხველს შესაძლოა ეჩოთიროს კიდეც აქა-იქ გაპარული სკაბრეზობები. მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ასეთები ამ ჩემს წერილს არ წაიკითხავენ. თუ წაიკითხავენ და იმათზე ახიც იქნება!
მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი ბოლოს: – ხშირ-ხშირად იკითხეთ, მეგობრებო, რეზო ინანიშვილი, ის მხოლოდ ბავშვების მწერალი არ იყო, უფრო დიდებისა. თანაც დიდი მწერალი!
11 მაისი, 2001 წ.
© არილი