ვიაჩესლავ ვსევოლოდის ძე ივანოვი (1929-2017) – ლინგვისტი და ანთროპოლოგი, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რუს მეცნიერთაგან, რომლებმაც ფართო აღიარება მოიპოვეს რუსეთის საზღვრებს გარეთ. ვიაჩ. ივანოვი, შესაძლოა, მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და ორიგინალური ფილოსოფოსი გახლდათ. ქვემოთ მოყვანილია ფრაგმენტები ინტერვიუებიდან, რომელიც მას 2013 და 2015 წლებში ჩამოართვეს არნის რიტუპსმა და ულდის ტირონსმა. ინტერვიუების სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ Rigas Laiks–ის საიტზე
– როგორ დაახასიათებთ თქვენს დამოკიდებულებას ღმერთის მიმართ?
– ღმერთი, ჩემი აზრით, პირობითი სახელწოდებაა უზენაესი საწყისისა, რომელმაც ხელი შეუწყო ბიოლოგიური ევოლუციის ორგანიზებას. ესე იგი, ღმერთს უშუალოდ კი არ შეუქმნია ადამიანი, არამედ მან, ვისაც სიტყვა „ღმერთით“ აღნიშნავენ, – მოახდინა მთელი ამ სამყაროს ორგანიზება, ევოლუციის ორგანიზება, იმგვარად, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გავჩნდით, არსებობს თუ არა უკუკავშირი? თუ მსურს მივმართო ღმერთს, სავარაუდოა თუ არა, რომ ის პასუხს გამცემს? ამ კითხვას კონკრეტული პასუხი ვერ გაეცემა, მაგრამ არსებობს გარკვეული ჰიპოთეზები. ჩემი ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ გამორიცხული არაა უზენაესი გონის მიმართული ზემოქმედება ცალკეულ ადამიანებზე. ეს სავსებით შესაძლებელია.
დაინტერესებული არის თუ არა ამაში უზენაესი საწყისი? ვფიქრობ, აინშტაინმა რაღაც ინფორმაცია მიიღო სამყაროს მოწყობის შესახებ – სხვაგვარად ვერ ავხსნით ფარდობითობის თეორიის შექმნას. ვერ გეტყვით, განსაზღვრა თუ არა შეტყობინების წყარომ ის, თუ როგორ მოექცა ამ თეორიას აინშტაინი. მაგალითად, არა მგონია, ღმერთს გაეკონტროლირებინა აინშტაინის საქციელი, როდესაც ამ უკანასკნელმა წერილი მისწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, შედეგად კი ატომური ბომბი ააფეთქეს, მაგრამ, ვფიქრობ, ფარდობითობის თეორიის შექმნაში მას გადამწყვეტი როლი მიუძღვის. უკუკავშირის არარსებობის გამო ადამიანის თავისუფლების ხარისხი საკმარისად დიდია. ასე მგონია, რომ ღმერთისადმი მიმართული ლოცვა ამ ჰიპოთეზას არ ეთანხმება. არ გამოვრიცხავ იმას, რომ „უზენაესი საწყისი“იყოს ძალზე განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც სრულიად სხვაგვარადაა მოწყობილი, ვიდრე – ჩვენი.
მეცნიერულ-ფანტასტიური რომანის ტერმინებს თუ გამოვიყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ესაა ცივილიზაცია,რომელიც, მაგალითად, სხვა სამყაროში არსებობს. თანამედროვე ფიზიკის თანახმად, სამყაროების რაოდენობა დიდია. ამ ცივილიზაციას შეეძლო ჩვენს სამყაროში ბიოლოგიური ევოლუციის ორგანიზება. მაგრამ იმის ვარაუდი, რომ ეს ცივილიზაცია დაინტერესებულია თითოეული ჩვენგანით, ჩემი აზრით, აშკარა გაზვიადებაა. მაგალითად, ბავშვობიდან მაინტერესებს ჭიანჭველები. ისინი ძალზე ჰგვანან ადამიანებს! მატერიალური კულტურის ზოგიერთი მონაპოვარი მათ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე – ჩვენ. სახეობათა რაოდენობის მიხედვით, ჭიანჭვველებს, ჩვენთან შედარებით, მეტი შინაური ცხოველები და მცენარეები ჰყავთ. ჭიანჭველების ბუდე უფრო მახვილგონივრულადაა შექმნილი, ვიდრე ჩვენი ქალაქები. მათ ძალზე ხანგრძლივი ევოლუცია განიცადეს. თუ ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, საერთოდ, დედამიწაზე მცხოვრები ჭიანჭველები, ფუტკრები ან ტერმიტები, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ მასშტაბის მიხედვით უფრო დიდ არსებებს შეიძლება ვაინტერესებდეთ? არაფერს ვამბობ უმთავრეს არსებებზე, უზენაეს გონზე.
– ამ უზენაესმა საწყისმა თქვენ რამე გაუწყათ?
– რამდენჯერმე, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა.
– ხომ არ გაგვიზიარებთ?
– ჩემი აზრით, ეს სტატისტიკურად ხდება. ალბათ. სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველ თაობაში, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიიღო გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ადრესატამდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს. მავანნი უგულებელყოფენ ამ ინფორმაციას, მავანნი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მიხვდნენ ყოველივეს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კაცობრიობის დაღუპვის ალბათობა მაწუხებს. ვერ მოვასწარი, პიატიგორსკისთან ერთად განმეხილა ეს საკითხი, მაგრამ ის გაცილებით უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მე საკმაოდ ხშირად ვხედავ აბსოლუტურად რეალურ საშიშროებას, მაგრამ ვერ ვხედავ თვით დასასრულს, ვერ ვხედავ აპოკალიფსისს. მაგრამ ვიცი, რომ არც ისე დიდი დრო გვაშორებს თავზარდამცემი საშიშროებისგან.
– საიდან მომდინარეობს ის?
– ერთდროულად რამდენიმე წყაროდან. ბიოლოგიური და გეოლოგიური მონაცემების თანახმად, დედამიწაზე კოსმოსური ზემოქმედება დაახლოებით ხუთჯერ მოხდა. ბიოლოგიური ევოლუციის განმავლობაში ყოველ ჯერზე ნადგურდებოდა ცოცხალი ორგანიზმების დაახლოებით 90 პროცენტი, ხოლო დარჩენილი ორგანიზმები იწყებდნენ მოძრაობას სხვა მიმართულებით. როდესაც განადგურდნენ დინოზავრები, არ მოხდა დიდი ქვეწარმავლების შემდგომი განვითარება, მაგრამ, როგორც შორეული შედეგი, გაჩნდნენ პრიმატები, შემდგომ კი – ადამიანები. ადამიანის წარმოშობა იდუმალებით აღსავსე ფაქტია. ამ თვალსაზრისით, ცდებიან ისინი, ვინც ამბობს, რომ მეცნიერება და რელიგია ურთიერთს ეწინააღმდეგება.
არსებითად, მეცნიერებას არავითარი ობიექტური მონაცემები არ აქვს ადამიანის წარმოშობის შესახებ. თანამედროვე გენეტიკა არაფერს გვაუწყებს. საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ ამ საკითხზე, მაგრამ ვერაფერი გაირკვა. რაც შეეხება საფრთხეს, შესაძლებელია ელემენტარული ზემოქმედებები კოსმოსიდან, თუნდაც მეტეორიტები. შესაძლებელია სხვადასხვაგვარი უსიამოვნო მოვლენები დედამიწაზე, რომელთაგან ატომური ომი ყველაზე მარტივია. სინამდვილეში, რამდენიმე ჩერნობილი იმავე შედეგს გამოიწვევს. და, კიდევ, შიმშილობასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, რომელიც აფრიკაში იწყება. შესაძლებელია თითოეული ამგვარი პუნქტის ფორმულირება და მასთან ბრძოლის საშუალებათა ძიება.
მე ვმონაწილეობ ერთი ჯგუფის მუშაობაში, რომლის წევრები 1994 წელს გაეროს ექსპერტები გახლდნენ. არსებობს ბევრი ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ერთგვარი ალტერნატიული გზების შემუშავებას, რათა შეამცირონ ბირთვული დასნებოვნების, საყოველთაო შიმშილის, კაცობრიობის რაოდენობის გაზრდის, ენერგეტიკული რესურსების ამოწურვის შანსები. 60-იან წლებში „რომაულმა კლუბმა“ დაახლოებით იგივე დასკვნა გამოიტანა. კაპიცას ძალზე აღელვებდა ეს საკითხები. ის მთავრობას წერილებს სწერდა – მაგრამ მხოლოდ სტატიის გამოქვეყნების უფლება მისცეს. ახლა კი იტალიელებს უკვირთ, რომ „რომაულ კლუბს“ სერიოზულ ყურადღებას არავინ აქცევდა. აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ კლუბის წევრებს ინფორმაცია გარედან არ მიუღიათ. უბრალოდ, კომპიუტერების მეშვეობით გამოთვალეს ისტორიის დასასრული.
ძალიან მაწუხებს ის, რომ საბოლოოდ ვერ შევძლებთ ჩვენ მიერ დაგროვებული ინფორმაციის გადაცემას. ამ გაგებით, ჩვენი კომპიუტერული ცივილიზაცია უვარგისია. თუ ამოიწურება ელექტროენერგიის წყაროები, კომპიუტერული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი გაქრება. ალბათ, ჩვენი ცივილიზაცია ყველაზე სუსტია მთელი ისტორიის განმავლობაში – მას არა აქვს პირამიდები, გამომწვარი ალიზი, ამოტვიფრული ქვები. გამოდის, რომ მხოლოდ საფლავების ქვები დარჩება…
–გამახსენდა ჩემი საუბარი მათემატიკოს მიშა გრომოვთან. მან მითხრა, ნუთუ არ გესმით, რომ კაცობრიობას დაახლოებით 50 წელი დარჩაო?
– ოპტიმისტური განცხადებაა. ჩემი აზრით, ნაკლები დარჩა.
– ვკითხე, რა გამოსავალს ხედავთ–მეთქი, მან კი მიპასუხა, რომ დარჩა ერთი პატარა შანსი: კაცობრიობამ სასარგებლოს ნაცვლად საინტერესოზე უნდა აიღოს ორიენტაცია.
– არსებობს ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის მცირე ნაწილი გადარჩება. თუ ის მთლიანად დასახიჩრებული და დასხივებული არ იქნება, შესაძლებელია შემდგომ მისი აღდგენა და სიცოცხლის დროის მეტ-ნაკლები გახანგრძლივება. ვფიქრობ, კაცობრიობას ეს უკვე შეემთხვა ერთხელ ან რამდენიმეჯერ. ახლა ძალიან ბევრი მონაცემი მეტყველებს, რომ მართლაც რამდენიმეჯერ მოხდა მიმართულების შეცვლის მცდელობა. უხეშად რომ ვთქვათ, საზოგადოება, რომელიც ენერგიაზეა ორიენტირებული (მისი უკიდურესი ფორმაა თანამედროვე რუსული საზოგადოება, რომელიც მხოლოდ ნავთობითა და ბუნებრივი აირით სულდგმულობს) უნდა გარდაიქმნას საზოგადოებად, რომელიც ინფორმაციაზე იქნება ორიენტირებული. ვინაიდან რეალური ინფორმაცია ეხება საშიშროებებს, ეს ნიშნავს, რომ მივხვდებით, რა საშიშროებები მოგველის და დავიწყებთ მათზე რეაგირებას. ყოველივე ამას დრო სჭირდება. ამასთან, ტექნიკური განვითარების ტემპები ძალზე მაღალია, ხოლო განვითარების ორგანიზაციული ტემპები – დაბალი.
– თქვენი აზრით, კაცობრიობის გადარჩენას, ზოგადად, აზრი აქვს?
– აქვს! ვფიქრობ რომ კაცობრიობას აქვს შანსი რამეს მიაღწიოს, თუკი იმ უმნიშვნელო საკითხებიდან, რომლებითაც ახლაა დაკავებული, სერიოზულ საკითხებზე გადაერთვება.
– კი მაგრამ, აქვს თუ არა რაიმე მიზანი ამ განვითარებას, გამრავლებისა და სიკვდილის უწყვეტი პროცესის გარდა? რა საჭიროა ყოველივე ეს?
– ფიზიკის თვალსაზრისით (არა რელიგია, არამედ ფიზიკა ამტკიცებს ამას!), სამყარო იმგვარად შეიქმნა, რომ მასში შესაძლებელი გახდა ადამიანის არსებობა. ეს ანთროპული პრინციპია. და თუ ასეა, მაშინ მებადება კითხვა: რად სჭირდება სამყაროს ადამიანი? ვფიქრობ, ადამიანი საჭიროა იმისთვის, რომ დააკვირდეს სამყაროს. ჩვენ ან სხვა გონიერი არსებები რომ არ ყოფილიყვნენ, სამყარო მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის გარეშე დარჩებოდა. სამყაროსთვის აუცილებელია, რომ ის აღქმულ იქნას. სულაც არაა საინტერესო, რომ აურაცხელი რაოდენობის ელემენტარული ნაწილაკი ურთიერთმოქმედებს ერთმანეთთან. ეს არაფერს ნიშნავს! მაგრამ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ შეუძლია დაყნოსოს, შეუძლია აღიქვას ნაწილაკთა ეს კომბინაციები ატომებში, როგორც ერიკ ადამსონსი წერს. ამის უნარი გვაქვს, მაგრამ ნაკლებად ვიყენებთ! თუმცა, უნარი ეს უფრო პოეზიის საფუძველია, ვიდრე – ფილოსოფიისა.
– შეგიძლიათ თუ არა, დაასახელოთ რამდენიმე ყველაზე უფრო ღირსეული საქმიანობა?
– იცით, თავის დროზე განმაცვიფრა იმან, რომ ზოგიერთი ადამიანი ყველაზე დიდ მნიშვნელობას პოეტის პროფესიას ანიჭებდა. მართლაც, მშვენიერების აღქმა შეიძლება კულტურის განვითარების ერთ-ერთ ძირითადი მიზანი იყოს. დოსტოევსკიმ თქვა: „მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს“. ეს ადამიანის ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა – მშვენიერების აღქმა, ჰარმონიისა და სტრუქტურის წვდომა. რაც უნდა ეფიქრა ჩემს გარდაცვლილ მეგობარს, საშას, სამყაროში მაინც არსებობს სტრუქტურა, მაგრამ ის არსებობს ფარულ სამყაროში. არა მხოლოდ ცნობიერება, არამედ ადამიანის ფსიქიკის არსებითი ნაწილიც ისეა მოწყობილი, რომ ძალუძს ჩასწვდეს სტრუქტურას, სიმეტრიას, ჰარმონიას. რატომაა, რომ ჩვენი ტვინის ერთი ნახევარი ორიენტირებულია ენაზე, მეორე კი – მუსიკასა და ფერწერაზე? ვფიქრობ, ეს არა მარტო წარსულის ნაკვალევია, არამედ – მომავლის იმედიც. ალბათ, მომავალმა ტვინმა ჯერ კიდევ შეიძლება შექმნას გენიალური მუსიკა. მაგრამ ახლა ჩვენ ამას სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.
– ესე იგი, ღირს გენიალური მუსიკის შეთხზვა?
– გენიალური ლექსებისაც და გენიალური მუსიკისაც. ფერწერის უნარი ჯერ კიდევ ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, გამოქვაბულებში ცხოვრების პერიოდში. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ბედნიერი პერიოდი ისტორიაში. ჩვენ არ ვიცით, გვყავს თუ არა მეტოქეები. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მას ამგვარად ჩამოვაყალიბებ: თუ სამყაროში არ არსებობს კაცობრიობის სადარი მეორე ცივილიზაცია, მაშინ უზენაესი საწყისი გადარჩენის საშუალებას მოგვცემს. ხოლო თუ არსებობს სხვებიც, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ მიმდინარეობს კონკურსი და ამ კონკურსში დამარცხების შედეგად შეიძლება დავიღუპოთ.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც მიხვდით თქვენი ცხოვრების განმავლობაში?
– მივხვდი სხვა ადამიანების მნიშვნელობას. მივხვდი, რომ სხვა ადამიანები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე შენ თვითონ, და ცხოვრება ამ საფუძველზე უნდა ააგოთ. სხვა ადამიანებზე. და არა საკუთარ თავზე.
© არილი