ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
როგორ უნდა აღვიქვათ ისეთი ნაწარმოები, როგორიც “ულისეა”? დავუშვათ, რომელიმე “კეთილსინდისიერ” მკითხველს სურს, გულდასმით გაეცნოს ამ წიგნს და, ამასთან, არ შეყოვნდეს მის 31-ე, 152-ე, 314-ე გვერდებზე. წარმოიდგინეთ მისი რეაქცია სტივენის, შემდეგ კი – ბლუმის შინაგან მონოლოგებზე: როგორ განაცვიფრებს მკითხველს უეცარი ვარაუდი, რომ ეს მონოლოგები მძლავრად ზემოქმედებს მისი აზრების უწყვეტ, მდუმარე კომენტარზე. საზრიან მკითხველს უთუოდ თავს შეაწყენს გაჭიანურებული, დეტალებით ჭარბად გაჯერებული პასაჟები. მის იმედგაცრუებასა და გაღიზიანებას გამოიწვევს წიგნის საყოველთაო აღიარება და ამ გრძნობას მხოლოდ ნაწილობრივ შეარბილებს იმის შეგნება, რომ “ულისეს” ძნელად გასაგები იდიომების უმრავლესობა უფრო ქუჩის ჟარგონს განეკუთვნება, ვიდრე – ლიტერატურულ მეტყველებას. ამგვარ მკითხველს, როგორც წესი, აოგნებს ჯოისის სტილი, ზოგჯერ კი ის ემორჩილება მის მომნუსხველ ძალმოსილებას. ხშირად მკითხველი კრიტიკულად (თუმცა ფარული მღელვარებით) ეკიდება სიტყვებისა და განცდების იმ ნაკადს, რომელშიც ასახულია 1904 წლის ერთი დღე. “ითაკაში” მას აოცებს, რომ არავითარი აშკარა ცვლილება არ შეიმჩნევა ლეოპოლდისა და მოლის, ან სტივენისა და ლეოპოლდის ურთიერთდამოკიდებულებებში. მას, უდავოდ, აღაშფოთებს ის ეპიზოდი, როდესაც (565 გვერდის შემდეგ) ბლუმის მზრუნველობაზე სტივენი შეურაცხმყოფელი, ანტისემიტური სიმღერით პასუხობს და არ სურს, მას ღამე გაათევინოს თავისთან. ამგვარ მკითხველს უნდა აუხსნათ, რატომ არ იწვევს მოლის ადიულტერი ნაწარმოების ბოლო ნაწილში ბლუმის კონფრონტაციას ქალთან, და უნდა განუმარტოთ აგრეთვე მომხიბვლელობა “ნაბიჯების ორმაგი ექოსი, რომელიც ღვთის მიერ შექმნილ მიწაზე ხმიანობს, აგრეთვე – აკორდეონის ჰანგებისა, გზიდან რომ გაისმის”. დაუსაბუთეთ მკითხველს, რომ ბლუმის ყოყმანს (“მკვლელობა? არასოდეს, რადგან ორმაგი ბოროტმოქმედება მიუტევებელია. დუელი? არა. განქორწინება? ახლა – არა”) უპირატესობა უნდა მიენიჭოს ე.წ. “ჰეროიკული” სიტყვებისა ან ქმედებების წინაშე. ამასთან, საბოლოო ანგარიშში მსგავსი მკითხველი, ალბათ, თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან უამრავ დროსა და ენერგიას შეალევს წიგნს და მაინც ვერ მოახერხებს იმ გასაოცარი მდგომარეობის მიღწევას, რომელსაც თავის შექცევას უწოდებენ.
რატომაა, რომ “ულისე” გზას უკეტავს მკითხველებს სიამოვნებისკენ, რომელსაც ისინი მგზნებარედ ესწრაფვიან? რატომაა, რომ მისი გმირები თითქოსდა ცდილობენ, გადაავადონ ნაწარმოების სრულიად ახლებური გაგება, თუმცა იმედს გვიტოვებენ, რომ ამგვარი გაგება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუნდაც – ხვალ? რატომ მთავრდება რომანი მღელვარე მონოლოგით, სადაც გამოთქმულია ურთიერთსაპირისპირო (შეუთავსებელიც კი) სურვილები და თვალსაზრისები? რატომ უტოვებს “ულისე” ქანცგალეულსა და დარეტიანებულ მკითხველს უკმარისობის გრძნობას? თუ ჯოისის ქმნილება არ შეაშინებს მკითხველებს კითხვის პროცესის მოულოდნელობით, ის სიგიჟემდე მიიყვანს მათ მძვინვარე ვნებებით.
“ულისე” არ გვანუგეშებს მკაფიო დასკვნებით, რადგან ნაწარმოების ძირითად მიზანს წარმოადგენს არა გმირების აღწერა-დახასიათება, არამედ – მკითხველთა შინაგანი გარდასახვა. გმირები, ერთი მხრივ, თავიდან ირიდებენ მკითხველებს, მეორე მხრივ კი – ბიძგს აძლევენ მათ, გაიაზრონ სამყაროსთან, ტექსტთან, იდეებთან და ადამიანებთან მიმართებების ახალი შესაძლებლობები. ჯოისის პერსონაჟები უგულებელჰყოფენ მკითხველთა მისწრაფებას, ადვილად (და, მაშასადამე, წინდაუხედავად) გააიგივონ თავი მათთან; ნაწარმოების ენა, აგრეთვე უძალიანდება მისი იოლად ათვისების მცდელობას. როდესაც წყდება გაიგივების ან მექანიკური გაგების პროცესი, მკითხველს თვითრეფლექსიის საშუალება ეძლევა, თუმცა დროის ეს ინტერვალი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვისაც, რომ შევუკურთხოთ ავტორსაც და მის ნაწარმოებსაც. მკითხველთა მასტიმულირებელი ან დამაბნეველი ახლებური პერსპექტივები ხორცშესხმულია ჯერ კიდევ “დუბლინელებში”, სადაც მწერალი მიმართავს ე.წ. epiclesis-ს მოთხრობათა დაბოლოების აღსანიშნავად. ჯოისი მიუთითებდა, რომ epiclesis გახლდათ საბრალმდებლო სიტყვის იმ მომენტის აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინი, რომელსაც ბიძგი უნდა მიეცა შესაძლო ტრანსფორმაციისთვის “დუბლინელებში”. ჯოისის გმირები “იყინებიან” იმ ზღვარზე, რომლის მიღმა მათი ცნობიერი წვდომა შეუძლებელია. ამ უძრავ ცხოვრებას, ამ “nature morte”-ს არ ახლავს გარკვეული კომენტარი. ავტორი არ მოგვიწოდებს, შემწყნარებლობა გამოვიჩინოთ მისი გმირების მიმართ. აქაც (როგორც შემდგომ “ულისეში”) მწერლის ტექნიკა მიზნად ისახავს მკითხველთა სულიერ გარდახორციელებას. ჯოისი გასაოცარი გამჭრიახობით განჭვრეტს ყოფის მომაკვდინებელ ზემოქმედებას ჩვენზე. ამასთან, მისი სტრატეგია სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს, ერთი მხრივ, გამოცდილ მკითხველებზე, მეორე მხრივ კი – ადვილად “ფროიდიზებად” ახალგაზრდებზე, მაგრამ უკლებლივ ყველას ის ეხმარება, გარდაქმნან მათი ცხოვრების “ენა” “მეტყველებად” (ანუ მოიპოვონ ის შეფარდებითი თავისუფლება, რომელიც, ფრანგ ენათმეცნიერთა მიხედვით, ასოცირდება მეტყველებასთან).
“ულისეს” ერთ ეპიზოდში, კერძოდ, “მზის ხარებში”, სტივენი ამბობს, რომ მიმართება გმირსა და მკითხველს შორის, სხეულისა და სულის მიმართების მსგავსად, ზოგჯერ უეცრად კონფლიქტურ ხასიათს ღებულობს. ჩვენ ხშირად უშფოთველად ვაკვირდებით გმირებს, რომლებიც უმკლავდებიან საკუთარ ვნებებს და მით უფრო იოლად მოვთოკავთ ხოლმე ანალოგიურ განცდებს. მაგრამ როდესაც გმირი ვერ ბედავს, ბოლომდე ჩასწვდეს ძალზე არსებითი, გადამწყვეტი მოვლენის არსს, მისი მარცხი სტიმულს აძლევს მკითხველს, ბოლომდე მიიყვანოს ეს ინტელექტუალური ძალისხმევა. სტივენი ვარაუდობს ამგვარ შესაძლებლობას და ლიტერატურულ-თეოლოგიური არგუმენტების მეშვეობით ასკვნის, რომ იმედგაცრუება მატერიალური სამყაროს მიმართ განაპირობებს სულის ტრიუმფებს: სამშობიაროში, მოქეიფეთა წინაშე ის წარმოთქვამს ბლეიკის ან იეიტსის სულისკვეთებით გამსჭვალულ დეკლარაციას, რომლის სტილი ელისაბედის ეპოქის ქრონიკებს მოგვაგონებს:
“იცოდეთ ყველამ, თქვა მან, რომ მარადისობის სრა-სასახლეები დროის ნამუსრევზე აიგება. რას ნიშნავს ეს? ვნების გრიგალი ახმობს მაყვლოვანს, მაგრამ შემდეგ ის იქცევა დროის ჯვარზე აყვავებულ ვარდად. დაიმახსოვრეთ. ქალის საშოში სიტყვა განკაცდება, მაგრამ სულში ყველა არსების შემოქმედისა, საქმე უკვდავ სიტყვად იქცევა. ასე მოხდა სამყაროს შექმნის შემდგომ. Omnis caro ad te veniet”.
სტივენი ავითარებს თეორიას ნაყოფის მომწიფებისა და დაბადების ენობრივი გამოხატულებების შესახებ. ამ თეორიას გმირი უკავშირებს ლიტერატურულსა და ქრისტიანულ წარმოდგენებს, რომლებშიც ასახულია ურთიერთმიმართებები ამქვეყნიურ ცხოვრებასა და საიქიოს შორის. მისი აზრით, მიწა და ცა, სხეული და სული დაპირისპირებული და, ამასთან, სადარი ორეულებია, რომლებიც მორიგეობით წარმოშობენ ერთმანეთს. სიტყვა (ან სული) განკაცდება ქალის სხეულში, მაგრამ ამ მოკვდავი სხეულის აღსასრული ხელახლა ზრდის უკვდავ სიტყვას. თეორია სხეულისა და სიტყვის ურთიერთშენაცვლებადობის შესახებ მიესადაგება აგრეთვე მდუმარე, ორმხრივ დიალოგს ავტორსა და მკითხველს შორის, რომელთა მედიატორია დაწერილი, მატერიალური ტექსტი. შემოქმედების პროცესში ავტორი განასხეულებს თავის სიტყვებს, მაგრამ მკითხველიც შემოქმედის როლში გვევლინება, როდესაც “თარგმნის” აღქმულ ტექსტს მის იმგვარ ნაირსახეობად, რომელიც პერმანენტულად ზემოქმედებს ცხოვრების მისეულ გაგებაზე. სტივენი მიიჩნევს, რომ განვითარება რიტმული და ორმხრივი პროცესია. სიკვდილი და სიცოცხლე ურთიერთს აწონასწორებს, ისე, რომ ცხოვრებისეულ ასპარეზზე გმირის დამარცხებამ შეიძლება აიძულოს აღელვებული მკითხველი, თვითონ განახორციელოს გმირის მიზნები.
ჯოისის სიტყვები “განკაცდება” ტექსტის სხეულში, მაგრამ არასრულყოფილმა განკაცებამ შეიძლება რაღაც უფრო სრულყოფილი აღმოაცენოს მკითხველის სულში. როდესაც სტივენი მსჯელობს დროის ნამუსრევზე აგებული მარადისობის სრა-სასახლეების შესახებ, ის გულისხმობს უილიამ ბლეიკის ჩანაწერებს, რომლებშიც გადმოცემულია პოეტის ყოველდღიური წარმოსახული საუბრები ცამეტი წლის წინ გარდაცვლილ ძმასთან. ბლეიკი აღნიშნავს: “ყოველი მოკვდავის აღსრულება უკვდავების მონაპოვარია”. ბლეიკი მარადისობას უპირატესობას ანიჭებს დროსთან შედარებით; სულის სრა-სასახლეები ნაცარტუტად აქცევს დროის ნამუსრევს. ამასთან, ჯოისი, ისევე, როგორც მისი თანამემამულე იეიტსი, მიიჩნევს, რომ სული და სხეული გარდუვალად დაპირისპირებული და, თანაც, ურთიერთდაკავშირებული ძალებია. ხელოვნება და ცხოვრება ერთმანეთის შეტრიალებული სარკისებრი გამოსახულებებია. სწორედ ამიტომ ჯოისი არ ცდილობს, რომ მისმა გმირებმა იოლად მოაგვარონ მათი პრობლემები. თუკი მკითხველსა და ტექსტს აკავშირებს შებრუნებული მიმართებები, ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ გმირების წარმატებები აზარალებს მკითხველებს? და იქნებ გმირების მარცხმა მკითხველებს სულიერი სიმხნევე მიანიჭოს? ჯოისის წარმოსახულ სამყაროში ტექსტი წარმოგვიდგება როგორც ეკალი ან ჯვარი, რომელზეც აღმოცენდება და იფურჩქნება ახალი რეალობები. შემეცნების ან გარდასახვის მიზნით ავტორიცა და მკითხველებიც “უნდა მიელურსმონ უმოწყალო წარმოსახვის ჯვარს”. ეს არაა მაზოხიზმის ან სადიზმის გამოვლინება, რადგან ავტორსა და მკითხველებს, ჩვეულებრივ, უკვე გააჩნიათ ამგვარი ჯვარცმის გამოცდილება. საკითხავია, შესაძლებელია თუ არა პერიოდული გათავისუფლება (მეტყველება) და როგორ იქცევა ჯვარმცმელი წარმოსახვა – თუ მას გავიაზრებთ, როგორც გზაჯვარედინს – ცხოვრების განახლების საშუალებად?
ჯოისის მსოფლაღქმის ქრისტიანული საფუძველი გამოაშკარავდება, თუ გავითვალისწინებთ ამ რელიგიის ამოსავალ მომენტებს. მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისის ირლანდიაში ქრისტიანული პერსპექტივა გზაჯვარედინს კი არა, ფართო შარაგზას წააგავდა, ეს კი ქვეყანას უქადდა აღმსარებლობათა ისტორიულად განპირობებულ სიმრავლეს. ძნელი იყო ქრისტიანობის მიერ სულიერი რეალობების უპირატესი შეფასების შერიგება ცხოვრების პრაქტიკულ საჭიროებებზე ზრუნვასთან, ამ უკანასკნელს კი ჯოისი იუდაიზმს უკავშირებდა. სტივენი უნდა შეეჯვაროს (დაპირისპირების ან თანალმობის მეშვეობით) ბლუმს, რაც წარმოქმნის “Blephen. Stoom”-ს. უილიამ ბატლერ იეიტსის პოემა “ვარდი დროის ჯვარზე” აგრეთვე გაჯერებულია ქრისტიანული მსოფლაღქმის სხვადასხვაგვარი დანაშრევებით: ვარდი განასახიერებს არა მარტო გვემილსა და აღმდგარ იესოს, არამედ – მრავალტანჯულსა და აღორძინებულ ირლანდიასაც, აგრეთვე – მარადიულ მშვენიერებას, რომელსაც პერიოდულად ანადგურებს ჟამთასვლა, რათა ის კვლავ და კვლავ განახლდეს. ვარდი, რომელსაც ხოტბას ასხამს იეიტსი, ეჯვარება ქრისტიანულ ტრადიციას და ხაზს უსვამს მას: ესაა ქალური საწყისის გამოხატულება და, ამასთან, მოკვდავ სხეულში მფეთქავი გული. ვარდი ჰყვავის იმის წყალობით, რომ გარემოცულია წარმავალი სამყაროთი.
თუ მკითხველი დაძლევს საკუთარ სურვილებს, უარყოფის უდაბნოც კი აყვავდება. სტივენის აზრით, ვნებათა გრიგალის ქროლვით გამხმარი მაყვლოვანი იქცევა ჯვარზე აყვავებულ ამგვარ ვარდად.
თუ კონტექსტს ოდნავ შევცვლით და ეკლისა და ვარდის სიმბოლოებს გამოვიყენებთ ნარატივისადმი, რომელიც უკეთ შეესაბამება “ფინეგანის ქელეხს”, ვიდრე “ულისეს”, მაშინ მკითხველები წარმოგვიდგებიან ეკლებზე ამოსული ასკილის ვარდის სხვა ნაირსახეობებად. ყოველი მათგანი “მთვლემარე სილამაზეა”, რომელსაც ტექსტი მორიგეობით აძინებს და აღვიძებს. ზოგჯერ დაძინება მოვალეობაა: ანა ლივია პლურაბელი ბოლო მონოლოგში, რომელსაც ის წარმოთქვამს “ფინეგანის ქელეხში”, საუბრობს “მძინარე სილამაზეთა”, როგორც “მძინარე მოვალეობათა” შესახებ, რომელთა გაღვიძებასაც ის სულაც არ ესწრაფვის. ასკილის ვარდის მსგავსად, მკითხველებს აცდუნებს მთვლემარე მსმენელებად ქცევის შესაძლებლობა. ჯოისი ახასიათებს ამგვარ მსმენელებს, როგორც ცოდვისკენ მიდრეკილ “მთვლემარე სილამაზეებს”. ამგვარად, მკითხველთა მთავარი მოვალეობაა, დროდადრო იძინონ და გაიღვიძონ, იყონ “მთვლემარე სილამაზეები”, რომელთაც ხან აწამებენ, ხან კი – ელაციცებიან. ძილის დროს ისინი ვერ იცნობიერებენ, გაღვიძებისას კი მწვავედ შეიგრძნობენ, რაოდან შემაძრწუნებელია ცხოვრების სიზმარი. ტექსტის მსგავსად, მკითხველი “ფურცელია”, მაგრამ ესაა მთვლემარე, შევსებული, შესწორებადი ფურცელი, რომელსაც სხვების გაღვიძების უნარი შესწევს. მკითხველის ახალი ცხოვრება მაშინ იბადება, როდესაც მას ჯვარზე აკრავენ სხვა მკითხველები ან ტექსტი, ან კიდევ – დამარცხებული (და არა წარმატებული) გმირი. სემუელ ბეკეტი უფრო აშკარად მიუთითებს ტექსტის ამ ასპექტზე. “გოდოს მოლოდინში”-ს დასასრულს ვლადიმირი უყურებს თავის მთვლემარე მეგობარს, ესტრაგონს, და კითხულობს: “მეძინა თუ არა, როდესაც სხვები იტანჯებოდნენ? მძინავს თუ არა ახლა? ხვალ, როდესაც გავიღვიძებ ან – მეგონება, რომ გავიღვიძე – რას ვიტყვი დღევანდელი დღის შესახებ?” ის აკვირდება მძინარე პარტნიორს, შემდეგ კი ფიქრობს: “მეც მიყურებს ვიღაც. ჩემზეც იტყვიან, მას სძინავს, მან არაფერი იცის, დაე, იძინოსო”. ესაა თვითრეფლექსიით განპირობებული დაეჭვება, რომლის პროვოცირებასაც მიზნად ისახავს ჯოისის მთელი რომანი: მიხვედრა იმისა, რომ სწორედ მაშინ გვღვიძავს, როდესაც ვთვლემთ და უგრძნობელნი ვართ გარესამყაროს მიმართ. ესტრაგონის მსგავსად, ჯოისის გმირები იმით ამთავრებენ, რომ იძინებენ და ელოდებიან ხსნას, რომელიც ჩვევად არ იქცევა. ისინი გამოხატავენ თავიანთ მოწყენას, კაეშანს, მოუთმენლობას, სასოწარკვეთილებას, მაგრამ მკითხველის ძალებს აღემატება, განაცხადოს ვლადიმირთან ერთად, “აი, აქ, ახლა, მთელი კაცობრიობა ჩვენა ვართ, მოგვწონს ეს თუ არა. მოდით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ძალგვიძს, სანამ ძალზე გვიანი არ იქნება”.
© “ლიტერატურა – 24 საათი”