ესე (თარგმანი)

ვლადიმირ ნაბოკოვი – თარგმანის ხელოვნება

Nabokov 75556

ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

სამგვარი ბოროტება შეინიშნება ვერბალური ტრანსმიგრაციის უცნაურ სამყაროში. პირველი და შედარებით მცირე ბოროტება ის აშკარა შეცდომებია, რომლებიც ან ენის უცოდინრობითაა გამოწვეული, ან არასწორად დამახსოვრებული სიტყვებით. უბრალო ადამიანური სისუსტეა, შესაბამისად, მისატევებელიც. ჯოჯოხეთთან უფრო ახლოსაა მთარგმნელი, რომელიც განზრახ ტოვებს სიტყვებსა თუ პასაჟებს – თავს არ იწუხებს მნიშვნელობის კარგად გააზრებით; ან ეშინია, წარმოსახვით მკითხველებს ეს სიტყვები თუ პასაჟები ძალიან ბუნდოვნად ან მეტისმეტად უხამსად არ მოეჩვენოთ. დაუფიქრებლად ეთანხმება ლექსიკონში ნაპოვნ ზედაპირულ განმარტებებს, ან ერუდიციაზე წინ სიხისტეს აყენებს: ურჩევნია, ავტორზე ნაკლები იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ, წესით, მას ძალიან კარგად უნდა იცნობდეს. მესამე, ყველაზე საშინელი სიმდაბლე ისაა, როცა შედევრს აშალაშინებენ, აპრიალებენ, საძაგლად ალამაზებენ და იმ ფორმას აძლევენ, რომელიც საზოგადოების რწმენა-წარმოდგენებს ყველაზე მეტად შეესაბამება. ეს დანაშაულია და იმგვარადვე უნდა დაისაჯოს სამარცხვინო ბოძზე გაკვრით, როგორც პლაგიატორებს სჯიდნენ მე-17 საუკუნეში.

პირველ კატეგორიაში მოხვედრილი ლაფსუსები, თავის მხრივ, ორ ჯგუფად იყოფა. უცხო ენის არასაკმარისი ცოდნის გამო შესაძლოა ჩვეულებრივი გამოთქმა მნიშვნელოვან განცხადებად იქცეს – სიტყვებად, რომლებსაც ავტორი არაფრით არ იტყოდა. “Bien-être général” თამამ მტკიცებად იქცევა: კარგია გენერლობაო. “ჰამლეტის” ფრანგმა მთარგმნელმა ერთობ დახვეწილი გემოვნების მქონე ამ გენერალს ხიზილალაც კი გაუწოდა[1]. ჩეხოვის გერმანულ თარგმანში მასწავლებელი საკლასო ოთახში შედის და მაშინვე “გაზეთში თავჩარგულს” ვხედავთ – ერთმა თავდაჯერებულმა კრიტიკოსმა აქედან დაასკვნა, ერთობ სავალალო მდგომარეობა იყო განათლების მხრივ რევოლუციამდელ რუსეთშიო. ჩეხოვი კი უბრალოდ საკლასო ჟურნალს გულისხმობდა, რომელიც მასწავლებელს მოსწავლეების გვარების ამოსაკითხად ან გაკვეთილის თემებისა თუ ნიშნების შესამოწმებლად უნდა გადაეშალა. მეორე მხრივ, ინგლისური რომანის უმანკოზე უმანკო სიტყვები “first night” და “public house” რუსულ თარგმანში “ქორწილის ღამედ” და “ბორდელად” იქცა. ეს მარტივი მაგალითებიც საკმარისია. სასაცილოა და ყურს ცუდად ხვდება, მაგრამ ბოროტი ზრახვები ნამდვილად არავის ჰქონია. ხშირად ასეთი მცდარი წინადადებებიდანაც გამოვიტანთ სწორ აზრს, თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ.

პირველი კატეგორიის მეორე ჯგუფში უფრო რთული შეცდომებია, რომლებსაც ლინგვისტური დალტონიზმის შეტევა იწვევს, მოულოდნელად რომ აბრმავებს ხოლმე მთარგმნელს. ზოგჯერ რაღაც ყურით მოთრეული იზიდავს, მაშინ როცა აშკარა პასუხი წინ უდევს (რისი ჭამა ურჩევნია ესკიმოსს – კარაქის თუ ესკიმოს? ესკიმოს!); ან გაუცნობიერებლად აგებს საკუთარ ინტერპრეტაციას მცდარ მნიშვნელობაზე, რომელიც ტექსტის წაკითხვისას ჩარჩა გონებაში და წარმოუდგენლად – ზოგჯერ კი მართლა ბრწყინვალედ – ამახინჯებს უბრალო სიტყვასა თუ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ მეტაფორას. ერთ ძალიან წესიერ პოეტს ვიცნობდი, რომელიც რთული და საწვალებელი ტექსტის თარგმნას შეეჭიდა და ფრაზა “is sickled o’er with the pale cast of thought” ისე თარგმნა, რომ მცხრალი მთვარის შუქი მოჰფინა ყველაფერს. ეგონა, სიტყვა “sickle” ახალი მთვარის ნამგლისებურ ფორმაზე მიანიშნებდა. ერთი გერმანელი პროფესორი კი ვერ ჩაწვდა რუსული იუმორის გრძნობას, “მშვილდისა” და “ხახვის” რუსული შესატყვისების მსგავსებით რომ გამოიხატება და პუშკინის ზღაპრის თარგმნისას “მშვილდივით მოღუნული ნაპირი” “ხახვის ზღვად” თარგმნა.

მეორე, ბევრად უფრო სერიოზული ბოროტება – რთული, ჩახლართული პასაჟების გამოტოვება შესაძლებელია მისატევებელიც კი იყოს მაშინ, როცა მთარგმნელი ჩიხშია მოქცეული და გამოსავალს ვერ ხედავს. მაგრამ რა ამაზრზენია ის თვითკმაყოფილი, გონებაშეზღუდული არსება, ვინც აზრს ბოლომდე სწვდება და შიშობს, ვიღაც ბრიყვი ამ სიტყვებზე არ წაბორძიკდეს, ან მეფისწულმა ერთი ამბავი არ ატეხოს! იმის ნაცვლად, რომ დიდი მწერლის მკლავებში ნეტარებით გაინაბოს, დგას და დარდობს, კუთხეში მოთამაშე პატარა მკითხველი საშიში და ბინძური რამეებით არ გაერთოსო. ვიქტორიანული მოკრძალების ყველაზე მომხიბვლელი მაგალითი, რომელიც კი მინახავს, “ანა კარენინას” ერთ-ერთ პირველ ინგლისურ თარგმანშია. ვრონსკი ეკითხება ანას, რა დაგემართაო. ანა კი პასუხობს: “I am beremenna”. უცხოელი მკითხველი გაკვირვებულია, ეს რა უცნაური და საშინელი აღმოსავლური სენი შეჰყრიაო. მიზეზი? – მთარგმნელმა იფიქრა, ფრაზა “ორსულად ვარ” ზოგიერთ უმანკო სულს მეტისმეტად დაზაფრავს და მოდი, რუსულ სიტყვას დავტოვებო.

თუმცა ასეთი გადასხვაფერება და ინტონაციის შეცვლა დიდი ცოდვა არ არის მესამე კატეგორიის ცოდვებთან შედარებით. აქ უკვე გაიძვერა მთარგმნელი გაფხორილი დადის და ყველას აჩვენებს მაჯებს, რომლებზეც ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ბორკილები ადევს. შაჰრაზადის საძინებელს საკუთარი გემოვნებით აწყობს და პროფესიული ელეგანტურობით ცდილობს, თავის მსხვერპლს გარეგნობა შეულამაზოს. ამიტომაც, რუსულ თარგმანში შექსპირის ოფელია უბრალო მინდვრის ყვავილებით კი არ შემოდის, არამედ მდიდრული, თვალწარმტაცი ყვავილებით.

There with fantastic garlands did she come

Of crowflowers, nettles, daisies and long purples.

რუსული თარგმანი ისევ ინგლისურად რომ ვთარგმნოთ, ასეთ სახეს მიიღებს:

There with most lovely garlands did she come

Of violets, carnations, roses, lilies.

ყვავილების ბრწყინვალება თავის სათქმელს ამბობს და ამასთანავე, მალავს დედოფლის უკმეხობასაც, როცა იმგვარ არისტოკრატულობას მიაწერს, რაც მას, სამწუხაროდ, არ ჰქონია. “მწყემსების ბილწსიტყვაობის” ხსენებაც აღარ გამოდის, რაც ზუსტად ამავე მიზანს ემსახურება. სხვა საკითხია, ვინ შეკრავდა ასეთ თაიგულს, “ჰელიესა” თუ “ეივონის” კოსმეტიკური ფირმების გარდა.

თუმცა პირქუშ რუს მკითხველს ასეთი შეკითხვები არ დაუსვამს – ჯერ ერთი, იმიტომ რომ ორიგინალს არ იცნობდა, მეორეც – ფეხებზე ეკიდა ბოტანიკა, და მესამეც – შექსპირთან მხოლოდ ის აინტერესებდა, როგორ დაინახეს გერმანელმა კომენტატორებმა და ადგილობრივმა რადიკალებმა “მარადიული პრობლემები”. ამდენად, არავინ დაინტერესებულა გონერილას ფინიის ბედით, როცა შემდეგი სტრიქონი:

Tray, Blanche and Sweetheart, see, they bark at me

უმოწყალოდ დამახინჯდა და ასეთი სახით მოგვევლინა:

“მწევრების ხროვა ყეფს ჩემს ფეხებთან”.

მთელ კოლორიტს, ფაქიზად მოსახელთებელ, განუმეორებელ დეტალებს მოუღეს ბოლო ამ მწევრებმა.

მაგრამ ტკბილია შურისძიება – გაუცნობიერებელი შურისძიებაც კი. რუსულ ენაზე დაწერილ მოთხრობებს შორის გოგოლის “შინელი” მართლაც უდიდესია. მისი მთავარი მახასიათებელი – ერთგვარი ირაციონალურობა, რომელიც უბრალო თავშესაქცევ ამბავს ტრაგიკულ განზომილებას ანიჭებს – ორგანულად უკავშირდება გამორჩეულ სტილს, რომლითაც ეს მოთხრობაა დაწერილი: უცნაურად მეორდება ერთი და იგივე უაზრო ზმნიზედა და გამეორებული სიტყვები ერთგვარ იდუმალ წყევლად იქცევა; უბრალო აღწერების კითხვისას უცებ აღმოაჩენ, რომ ქაოსის საფრთხე სულ ახლოსაა და გოგოლმა ამა თუ იმ უწყინარ წინადადებაში ისეთი სიტყვა შეაპარა, მთელ პასაჟს კოშმარული ცეცხლით რომ ააბრიალებს. თითქოს ხელის ცეცებით მივიწევთ წინ, ბრმად, მოუქნელად – ავტორმა სავსებით ცნობიერად გადმოიტანა უხეში, მოუზომავი ჟესტები ჩვენი სიზმრებიდან.

ამის ნასახიც აღარ არის დარჩენილი სიტლანქით, სითავხედით, სიმშრალით გამორჩეულ ინგლისურ თარგმანში. იხილეთ კლოდ ფილდის თარგმანი (და მეტად ნუღარ იხილავთ). ქვემოთ მოყვანილი მონაკვეთის კითხვისას სულ მგონია, რომ მკვლელობის მოწმე ვარ, უმწეოდ შევყურებ და არ შემიძლია, რამე ვიღონო.

გოგოლი: “…მისი [წვრილი მოხელის] ბინა მესამე თუ მეოთხე სართულზე… ერთი-ორი მოდური სამშვენისით, მაგალითად, ღამის სანათით – თავგანწირვის ფასად შეძენილი სამშვენისებით…”

ფილდი: “…სადღაც შეძენილი პრეტენზიული ავეჯით გაწყობილი…”

დიდი თუ მცირე უცხოური შედევრების დამახინჯებამ შესაძლოა უცოდველი მესამე მხარეც ჩაითრიოს ფარსში. სულ ახლახან ცნობილმა რუსმა კომპოზიტორმა მთხოვა, იქნებ ინგლისურად თარგმნო ლექსი, რომლისთვისაც ორმოცი წლის წინ მუსიკა დავწერეო. ისიც აღნიშნა, ინგლისური თარგმანი რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს რუსულ ტექსტთან და მის ჟღერადობას უნდა იმეორებდესო. ეს, საუბედუროდ, ბალმონტის ნათარგმნი ედგარ პოს “ზარები” აღმოჩნდა. იოლად მიხვდებით, რას წარმოადგენს ბალმონტის თარგმანები, თუ გეცოდინებათ, რომ მის შემოქმედებაში ერთ მელოდიურ სტრიქონსაც კი ვერ იპოვით – თითქმის პათოლოგიურია ეს უუნარობა. საკმარისი რაოდენობის ბანალური რითმებით და ხელში მოხვედრილი პირველივე მეტაფორებით, მთარგმნელმა დიდი ტკივილებით ნაშობი პოს ქმნილება იმად აქცია, რასაც ნებისმიერი რუსი მელექსე წამებში შეთხზავდა. ინგლისურად თარგმნისას მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, როგორ მეპოვა სიტყვები, რომლებსაც რუსული სიტყვების ჟღერადობა ექნებოდა. ერთ დღეს თუ ვიღაც გადააწყდება რუსული თარგმანის ჩემეულ ინგლისურ თარგმანს და ბრიყვულად გადაწყვეტს, რომ რუსულად თარგმნოს, ამ ლექსს პოსი აღარაფერი შერჩება – ბალმონტიზდება და ბალმონტიზდება… ბოლოს კი ალბათ “ზარები” სულაც “სიჩუმედ” იქცევა.

კიდევ უფრო გროსტეკული რამ დაემართა ბოდლერის განსაცვიფრებელ, სიზმარეული სახეებით სავსე ლექსს “Invitation au Voyage” (“Mon amie, ma soeur, connais-tu la douceur”). რუსული თარგმანი მერეჟკოვსკის კალამს ეკუთვნის, რომელსაც ბალმონტზე ნაკლები პოეტური ნიჭი ჰქონდა.

ასე იწყება:

“ძვირფასო პატარძალო,

აქაურობას გავეცალოთ…”

უცებ საიდანღაც გაჩნდა ხალისიანი მელოდია, რომელიც მთელი რუსეთის მეარღნეებმა და ქუჩის მუსიკოსებმა აიტაცეს. წარმომიდგენია, რა სახეს მიიღებს რუსული სახალხო სიმღერის ფრანგული ვერსია:

“Viens, mon p’tit,

A Nijni…”

და ასე შემდეგ.

პირწავარდნილი მატყუარები, გულჩვილი ბრიყვები და უუნარო პოეტები უკვე ვახსენეთ. მათ გარდა, არსებობს მთარგმნელების სამი ტიპი. სხვათა შორის, ამას არაფერი აქვს საერთო ზემოთ ნახსენებ სამგვარ ბოროტებასთან, უფრო სწორად, სამივე ტიპის მთარგმნელებმა შეიძლება დაუშვან ერთნაირი შეცდომები. ეს ტიპებია: სწავლული, რომელსაც ძალიან უნდა, რომ მთელმა მსოფლიომ იმგვარად დააფასოს რომელიღაც უცნობი გენიოსის შემოქმედება, როგორც თავად აფასებს; კეთილი ზრახვებით მოქმედი შავი მუშა; და ბოლოს, პროფესიონალი მწერალი, რომელიც უცხოელი მწერლის თარგმნით იქცევს თავს. იმედი მაქვს, სწავლულისთვის მთავარი სიზუსტე იქნება, საქმეს პედანტურად მიუდგება: გვერდებს ქვემოთ დაურთავს სქოლიოებს, ერთიანად კი არ დაახვავებს წიგნის ბოლოში; გრძელზე გრძელ, დეტალებით გაჯერებულ შენიშვნებსაც არ მიაწერს. აი, ის გამრჯე ქალბატონი კი, ვიღაცის თხზულებების ბოლო ტომის სათარგმნად მიცემული დრო რომ ეწურება, ვშიშობ, არც სიზუსტეს მიაქცევს დიდ ყურადღებას და არც განსაკუთრებულ პედანტურობას გამოიჩენს. სულაც არ მინდა იმის თქმა, თითქოს სწავლული უფრო ნაკლებ უხეშ შეცდომას უშვებდეს, ვიდრე შავი მუშა. როგორც წესი, არც ერთს არ აღენიშნება შემოქმედებითი ნიჭის მსგავსი რამ – წარმოუდგენლად შორს არიან ამისგან. ვერც სწავლა და ვერც გულმოდგინე მუშაობა ვერ აანაზღაურებს სტილისა და წარმოსახვის უქონლობას.

მივადექით ჭეშმარიტ პოეტს, რომელსაც ეს ღირსებები უდავოდ აქვს და თავისუფალ დროს ვერლენისა თუ ლერმონტოვის თარგმნით იქცევს თავს. მან ან ორიგინალის ენა არ იცის და აუღელვებლად იყენებს ე. წ. სიტყვასიტყვით თარგმანს, პწკარედს, რომელიც მოუმზადა მასზე ნაკლებად ნიჭიერმა და ცოტა უფრო განსწავლულმა ვინმემ, ან ენა იცის, მაგრამ სწავლულის სიზუსტე და პროფესიონალი მთარგმნელის გამოცდილება აკლია. ამ შემთხვევაში მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ რაც უფრო დიდია პოეტის ნიჭი, მით უფრო ეცდება, უცხოური შედევრი თავისი სტილის მჩქეფარე ტალღებქვეშ მოაქციოს და საბოლოოდ ჩაძიროს. ავტორს კი არ ემსგავსება, პირიქით, მას იმსგავსებს.

ახლა შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მთარგმნელი იმისთვის, რომ იდეალურად თარგმნოს უცხოური შედევრი. პირველ რიგში, ისეთივე ნიჭიერი უნდა იყოს, როგორიც მის მიერ არჩეული ავტორია, სულ ცოტა, იმავგვარივე სახის ნიჭი მაინც უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ – მხოლოდ ამ მხრივ – იდეალური წყვილები იქნებოდნენ ბოდლერი და პო, ან ჟუკოვსკი და შილერი. მეორე მოთხოვნა: საფუძვლიანად უნდა იცნობდეს ორივე ერს და სრულყოფილად უნდა იცოდეს ორივე ენა, ამასთანავე, ავტორის სტილისა და მეთოდების შესახებ ყველა დეტალს ყურადღებით უნდა გაეცნოს; კარგად უნდა ერკვეოდეს სიტყვების სოციალურ წარმომავლობაში, მოდურობის პერიოდებში, ისტორიასა და სხვადასხვა ეპოქაში წარმოქმნილ ასოციაციებში. ამ ყველაფერს მესამე მოთხოვნასთან მივყავართ: ნიჭსა და ცოდნასთან ერთად, მთარგმნელს მიბაძვის უნარიც უნდა ჰქონდეს – უნდა შეეძლოს ავტორად გარდაისახოს, მისი სახასიათო მანერები და მეტყველება გადაიღოს, ქცევა და აზროვნება გაითავისოს; ამ დროს უკიდურესად დამაჯერებელი უნდა იყოს.

ცოტა ხნის წინ რამდენიმე რუსი პოეტის თარგმნა ვცადე – ისეთი პოეტების, რომლებიც ან საშინლად დაამახინჯეს წინა მცდელობებისას, ან არასოდეს უთარგმნიათ. რა თქმა უნდა, ინგლისურზე უკეთესად რუსული ვიცი, დაახლოებით იმ განსხვავებით, რაც სხვა სახლებთან საერთო კედლების მქონე სახლსა და სამემკვიდრო მამულში წამომართულ სასახლეს შორისაა – მოკრძალებულ კომფორტსა და ყოველდღიურ ფუფუნებას შორის. ამის გამოა, რომ შედეგით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ამ საქმიანობისას რამდენიმე წესი აღმოვაჩინე, რომლებიც შესაძლოა სხვა მწერლებს გამოადგეს.

პუშკინის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ლექსი ამ სტრიქონით იწყება:

Yah pom-new chewed-no-yay mg-no-vain-yay

მარცვლების ჩაწერისას შევეცადე, რაც შეიძლება ზუსტად შემერჩია ინგლისური ბგერები. ასეთი მიბაძვა საძაგლად კი გამოიყურება, მაგრამ ახლა არა უშავს. “chew” და “vain” ფონეტიკურად უკავშირდება სხვა რუსულ სიტყვებს, რაღაც მშვენიერისა და მნიშვნელოვანის აღმნიშვნელს, სტრიქონის მელოდია კი, შუაში ამ სავსე, მწიფე “chewed-no-yay”-თი, ურთიერთგამაწონასწორებელი m-ები და n-ები თავსა და ბოლოში – რუსის ყურისთვის მეტად ამაღელვებელი და სასიამოვნოა. ნებისმიერი მსახიობი მიხვდება ამ პარადოქსული კომბინაციის არსს.

ახლა, თუ ლექსიკონს გადაშლით და ამ ოთხ სიტყვას მოძებნით, სულელურ, არაფრისმთქმელ და თან კარგად ნაცნობ წინადადებას მიიღებთ: “მე მახსოვს საოცარი წამი”. რა უნდა ქნა, როცა ჩიტს ესროლე და მოარტყი, მაგრამ სამოთხის ჩიტის ნაცვლად ხელთ გალიიდან გაფრენილი თუთიყუში შეგრჩა, რაღაც სულელურ ფრაზას რომ გაჰკივის და მიწაზე ფართხალებს? რაც უნდა დაძაბო წარმოსახვა, ვერაფრით დაარწმუნებ ინგლისელ მკითხველს, რომ “მე მახსოვს საოცარი წამი” – სრულყოფილი ლექსის სრულყოფილი დასაწყისია. ჩემი პირველი აღმოჩენა ისაა, რომ გამოთქმა “სიტყვასიტყვითი თარგმანი” მეტ-ნაკლებად აბსურდულია. “Yah pom-new”-ს წარსულის წყლებში ბევრად უფრო ღრმად და ბევრად უფრო უშფოთველად შეჰყავხარ, ვიდრე ინგლისურ “I remember”-ს, გამოუცდელი მყვინთავივით რომ იქნევს ხელებს, მიშველეთო. “chewed-no-yay”-ში მომხიბლავი რუსი “ურჩხულის” სახელი ისმის, ასევე ჩურჩულით ნათქვამი “მომისმინე”, “მზის სხივი”, სხვა მშვენიერი რუსული სიტყვები… ფონეტიკურად და აზრობრივად ის სიტყვების გარკვეულ სერიას ეკუთვნის, ეს რუსული სერია კი არ ემთხვევა იმ ინგლისურ სერიას, სადაც შესულია “მე მახსოვს”. მეორე მხრივ, “remember”, რომელიც, შესაბამისად, “pom-new”-ს სერიას ვერ უთავსდება, ნამდვილი პოეტის ხელში, თავისივე ინგლისურ სერიაში აღმოჩნდება. ჰაუსმენის ლექსის სტრიქონში “What are those blue remembered hills?” მთავარი სიტყვაა “remembered”, რომელიც რუსულ თარგმანში ხდება “vspom-neev-she-yesyah” – საშინელი, მიგრეხილ-მოგრეხილი, ხორკლიანი სიტყვა. აბა, რა ფარული კავშირი უნდა მოიხელთო “ცისფერთან”? ინგლისურში კი ეს ისე იოლად გამოგივა… საქმე ისაა, რომ სიცისფრის რუსული განცდა და ხსოვნის აღმნიშვნელი რუსული სიტყვა განსხვავებულ სერიებშია.

სიტყვების ასეთი ურთიერთკავშირი და სხვადასხვა ენის ვერბალური სერიების შეუსაბამობა კიდევ ერთ წესს აღმოგვაჩენინებს, კერძოდ: სტრიქონში სამი მთავარი სიტყვა ერთმანეთს უმაგრებს ზურგს და თან რაღაც ისეთს უმატებს, რაც მანამდე არ ჰქონია – არც ცალკე და არც სხვა კომბინაციებში. ფარული ღირებულებების ასეთი გაცვლა შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ სიტყვებს შორის უბრალო კონტაქტით, არამედ ზუსტი პოზიციით, როგორც სტრიქონის რიტმთან, ასევე ერთმანეთთან მიმართებაში. მთარგმნელმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ბოლოს და ბოლოს, არსებობს რითმების პრობლემაც. “mg-no-vain-yay”-ს ორი ათასამდე რითმული შესატყვისი მაინც მოეძებნება, გონების დაძაბვის გარეშეც რომ მოგადგება ენაზე. აი, “moment”-ს კი ერთიც კი ვერ მოვუფიქრე. არც ისაა შემთხვევითი, რომ “mg-no-vain-yay” სტრიქონის ბოლოშია – პუშკინს მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული ექნებოდა, რომ რითმული შესატყვისის ძებნა დიდხანს არ მოუწევდა. თუმცა ინგლისურ თარგმანში სტრიქონის ბოლოს “moment”-ის მოთავსება ამ პირობას ვერ მოგვცემს – მხოლოდ ბრიყვი, უგუნური მთარგმნელი თუ მოიქცევა ასე.

და აი, პუშკინის ლექსის მეტად თავისებური, ჰარმონიული პირველი სტრიქონის პირისპირ აღმოვჩნდი. სხვადასხვა მხრიდან შევხედე, გულმოდგინედ დავაკვირდი, ზემოთ ნახსენებ გზებს მივმართე და საქმეს შევუდექი. გამაწვალა და ღამის დიდი ნაწილიც შეიწირა. ბოლოს და ბოლოს, ვთარგმნე, მაგრამ ჩემი თარგმანის აქ მოტანა მკითხველს არასწორ წარმოდგენას შეუქმნიდა – დაარწმუნებდა, თითქოს სრულყოფილება მარტივად მიიღწევა რამდენიმე სრულყოფილი წესის დაცვით.

© არილი


[1] იგულისხმება იდიომატური გამოთქმის “caviar to the general” სიტყვასიტყვითი თარგმანი.

Facebook Comments Box