სიკვდილი აკაკუნებს
თარგმნა ეკა ჭიალაშვილმა
მოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ “დეილი ნიუსის” ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი – ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება.
ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?
(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).
სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!
ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?
სიკვდილი: სიკვდილი ვარ.
ნეტი: ვინ?
სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.
ნეტი: ვინ ბრძანდებით?
სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?
ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?
სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?
ნეტი: ჰოო.
სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?
ნეტი: არა.
სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც “ფრესკა” იყოს.
ნეტი: ვითომ ხუმრობაა…
სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება… მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).
ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?
სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?
ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.
სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?
ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.
სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.
ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.
სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.
ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?
სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას… ხო აზრზე ხარ… (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.
ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?
სიკვდილი: გატეხეთ! არ გამტყდარა. ოდნავ გაიღუნა. არაფერი გაგიგონია? ძირს ჩამოვაგდე.
ნეტი: ვკითხულობდი.
სიკვდილი: ეტყობა მაგრა გაგიტაცა ხო იცი! (ხელში იღებს გაზეთს, რომელსაც ნეტი კითხულობდა). “ადგილზე დააკავეს მარიხუანას ორგიაში მონაწილე სტუდენტი გოგონები”. არ მათხოვებ?
ნეტი: ჯერ არ დამიმთავრებია.
სიკვდილი: ეეჰ, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გითხრა, მეგობარო…
ნეტი: ქვემოთ, ზარი რატომ არ დარეკეთ?
სიკვდილი: გეუბნები, შემეძლო ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდა? ასე კი ცოტა დრამატული ელფერი აქვს. ჰო, რაღაც ამდაგვარი. “ფაუსტი” წაგიკითხავს?
ნეტი: რა?
სიკვდილი: ვთქვათ და მარტო არ ყოფილიყავი. ზიხარ ვიღაც მნიშვნელოვან ხალხთან ერთად. მე, სიკვდილმა, ზარი დავრეკო და წინ ისე ჩაგიაროთ, ვითომც აქ არაფერიაო. აბა, რაებსა ჩმახავ, ტვინი სადა გაქვს?
ნეტი: მომისმინეთ, მისტერ. უკვე ძალიან გვიანაა.
სიკვდილი: ჰოო. აბა, მოდიხარ?
ნეტი: სად მოვდივარ?
სიკვდილი: სიკვდილში, ძმაო. იქ, იმ ყველაზე მთავართან! სამოთხე, ბედნიერი და უზრუნველი იმქვეყნიური ყოფა (მერე საკუთარ მუხლს დახედავს). გეუბნები, ძალიან სერიოზული ჭრილობაა-მეთქი. მგონი, პირველ საქმეზევე განგრენა ავიკიდე.
ნეტი: ერთი წუთი მაცადე. დრო მჭირდება. წამოსასვლელად ჯერ არა ვარ მზად.
სიკვდილი: ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. დიდი სიამოვნებით, მაგრამ – რა გიყო, დრო მოგივიდა.
ნეტი: დრო რანაირად მომივიდა, როცა სულ ეს-ესაა “მოდისტ ორიჯინალში” დავიზღვიე თავი.
სიკვდილი: რა ბედენაა, ერთი-ორი დოლარით მეტი გექნება, თუ ნაკლები.
ნეტი: აბა, შენ რა გენაღვლება? ალბათ მთელ ხარჯებს გინაზღაურებენ.
სიკვდილი: აბა, მოდიხარ თუ არა?
ნეტი (ახედ-დახედავს): მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დამიჯერებია, რომ სიკვდილი ხართ.
სიკვდილი: რატომ? აბა, ვის ელოდი, როკ ჰადსონი გამოგეცხადებოდა?
ნეტი: არა, ეგ რა შუაშია.
სიკვდილი: ვწუხვარ-მეთქი, იმედი თუ ვერ გაგიმართლე.
ნეტი: კარგი, არ გეწყინოთ. არც კი ვიცი… ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ უფრო… როგორ გითხრათ… უფრო მაღალი იქნებოდით.
სიკვდილი: ხუთი ფუტი და შვიდი დიუმი. წონას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო სიმაღლისა მქვია.
ნეტი: იცით, რაღაცით მეც მგავხართ.
სიკვდილი: აბა, ვის უნდა ვგავდე? მე ხომ შენი სიკვდილი ვარ.
ნეტი: იქნებ, ცოტა მადროვოთ. ერთი დღე.
სიკვდილი: არ შემიძლია. სხვანაირად როგორღა გითხრა?
ნეტი: მხოლოდ ერთი დღე. ოცდაოთხი საათი.
სიკვდილი: რაში გჭირდება? რადიოთი გადმოსცეს, ხვალ წვიმა იქნებაო.
ნეტი: იქნებ რაიმე იღონოთ?
სიკვდილი: მაინც, რა?
ნეტი: ჭადრაკს თამაშობთ?
სიკვდილი: არა, არ ვთამაშობ.
ნეტი: ერთხელ თქვენი სურათი ვნახე, ჭადრაკს თამაშობდით.
სიკვდილი: ეგ მე არ ვიქნებოდი, რადგან ჭადრაკს საერთოდ არ ვეკარები. კუნკენი კიდე შეიძლება.
ნეტი: კუნკენს თამაშობთ?
სიკვდილი: კუნკენს თუ ვთამაშობ? პარიზი ქალაქია?
ნეტი: კარგად გამოგდით, სხვათა შორის.
სიკვდილი: ძალიან კარგად.
ნეტი: იცით, ახლა რას ვიზამ?
სიკვდილი: მოდი რა, გარიგებები არ გვინდა.
ნეტი: კუნკენს გეთამაშებით. თუ მოიგებთ, უსიტყვოდ მოგყვებით, მე თუ მოვიგე, კიდევ ცოტა უნდა მადროვოთ. სულ ერთი დღე, მეტი არა.
სიკვდილი: რა დროს კუნკენის თამაშია?
ნეტი: რას ბრძანებთ, თუკი ეს თამაში კარგად გეხერხებათ…
სიკვდილი: ისე, თამაშის განწყობაზე კი ვარ.
ნეტი: მოდი რა, თუ ძმა ხარ, ნახევარი საათი წავითამაშოთ.
სიკვდილი: არა, უფლება არა მაქვს.
ნეტი: აი, კარტი და აღარ გვინდა რა, ზედმეტი ლაპარაკი.
სიკვდილი: კარგი, კარგი, თანახმა ვარ. თამაში ხასიათზე მომიყვანს.
ნეტი (იღებს კარტს, ბლოკნოტსა და ფანქარს): ნამდვილად არ ინანებთ.
სიკვდილი: თუ ღმერთი გწამს, ნუ მევაჭრები. აიღე კარტი, “ფრესკა” მომეცი და საჭმელიც მოაყოლე რამე. სტუმარი შემოგესწრო, კარტოფილის ჩიპსები მაინც არა გაქვს, ან მარილიანი ჩხირები?
ნეტი: ქვემოთ შოკოლადი “M&M” მაქვს.
სიკვდილი: M&M! პრეზიდენტი რომ გსტუმრებოდა? ვითომ M&M-ს დასჯერდებოდა?
ნეტი: თქვენ ხომ პრეზიდენტი არა ხართ.
სიკვდილი: კარგი, კარგი. დაარიგე.
(ნეტი კარტს არიგებს, ამოდის ხუთიანი)
ნეტი: მოდით, მეტი ინტერესისთვის თითო ქულაზე ცენტის მეათედს ჩამოვიდეთ.
სიკვდილი: უამისოდ საინტერესოდ არ გეჩვენება?
ნეტი: ფული რომ მეგულება, უკეთესად ვთამაშობ ხოლმე.
სიკვდილი: როგორც გენებოს, ნევტ.
ნეტი: ნეტი. ნეტ ეკერმანი. დაგავიწყდათ ჩემი სახელი?
სიკვდილი: ნევტი, ნეტი – თავი ამტკივდა, რა…
ნეტი: ეგ ხუთიანი გაწყობთ?
სიკვდილი: არა.
ნეტი: მაშინ ამოიღეთ.
სიკვდილი (კარტს ამოიღებს და ხელზე დაიხედავს): უფალო იესო, აქ არაფერიც არ არის.
ნეტი: მაინც როგორია, ჰა?
სიკვდილი: რაზე მეკითხები?
(მერე ისევ აიმატებენ კარტს და ჩამოვლენ, აიმატებენ და ჩამოვლენ)
ნეტი: სიკვდილზე.
სიკვდილი: როგორ უნდა იყოს? განისვენებ და ეგ არის.
ნეტი: მერე აღარაფერი იქნება?
სიკვდილი: აჰა, ორიანებს ზოგავ, არა?
ნეტი: გეკითხებით, მერე აღარაფერია?
სიკვდილი (გაბნეულად): ნახავ.
ნეტი: მაშ, რაღაცას მაინც ვნახავ, არა?
სიკვდილი: ალბათ სხვაგვარად უნდა მეთქვა. ჩამოდი.
ნეტი: შენგან ხეირიან პასუხს ვერ ეღირსება კაცი.
სიკვდილი: მე კარტს ვთამაშობ.
ნეტი: ითამაშე, ითამაშე.
სიკვდილი: თანაც კარტს კარტზე გაღებინებ.
ნეტი: ჩამოსულებს ნუღარ ამოწმებ.
სიკვდილი: არ ვამოწმებ. ვასწორებ მხოლოდ. რომელი კარტი ჭრის?
ნეტი: ოთხიანი. უკვე გაჭრაზე გაქვს საქმე?
სიკვდილი: ვინა თქვა, რომ მაქვს? უბრალოდ გკითხე, რომელია-მეთქი, რა, არ შეიძლება?
ნეტი: განა მეც ეგრე უბრალოდ არა გკითხე, რაიმეს იმედი თუ შემიძლია მქონდეს-მეთქი?
სიკვდილი: მიდი, მიდი, ითამაშე.
ნეტი: რა მოხდა, რომ მითხრა რამე? სად მივდივართ?
სიკვდილი: მივდივართო? “ჩვენ” რა შუაშია? სიმართლე თუ გინდა, ეს შენ მოადენ ზღართანს იატაკზე, დაჭმუჭნულ-დასრესილი ნივთების გროვაში.
ნეტი: მართლა? ერთი სული მაქვს! მეტკინება?
სიკვდილი: ერთ-ორ წუთში გაგივლის.
ნეტი: მაგარია, ხურავს. აი, ამის მოსმენა კი ნამდვილად მჭირდებოდა. კაცმა “მოდისტ ორიჯინალში” დავიზღვიე თავი, ეს კი…
სიკვდილი: ოთხ ქულაზე რაღას იტყვი?
ნეტი: ჭრი?
სიკვდილი: ოთხი ქულა წავა?
ნეტი: არა, მე ორიანი მაქვს.
სიკვდილი: მეხუმრები ალბათ.
ნეტი: არა, წააგე.
სიკვდილი: წმინდაო ღმერთო, მე კი მეგონა, ექვსიანებს უფრთხილდებოდი.
ნეტი: არა. შენი ჩამოსვლაა. ოცი ქულა და ორიც ჩარჩო. ითამაშე. (სიკვდილი კარტს არიგებს). მაშ, იატაკზე უნდა გავგორდე არა? იქნებ დივანთან დავმდგარიყავი, ჰა?
სიკვდილი: არა. ითამაშე.
ნეტი: რატომ არა?
სიკვდილი: იმიტომ, რომ იატაკზე უნდა დაეცე. თავი დამანებე რა! ვცდილობ გონება მოვიკრიბო.
ნეტი: რაღა მაინცდამაინც იატაკზე? აი, რისი გაგება მინდა. რატომ არ შეიძლება, დივანთან ვიდგე და ზედ დავეცე რბილად?
სიკვდილი: ყველანაირად შევეცდები. ახლა შეგვიძლია თამაში გავაგრძელოთ?
ნეტი: მეც მაგას არ ვღაღადებ! მო ლეფკოვიცს მაგონებ. ისიც შენნაირი ჯიუტია.
სიკვდილი: თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. ჩემზე საშინელ არსებას ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი, ამას კი თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. მაინც ვინაა ეგ ტიპი, ბეწვეულით ვაჭრობს?
ნეტი: ნეტა შენ იყო ეგეთი ბეწვეულით მოვაჭრე. წელიწადში ოთხმოც ათასს აკეთებს. ყაითანით გაწყობა და იმის ჯანი. საკუთარი ფაბრიკა აქვს. ორი ქულა.
სიკვდილი: რა?
ნეტი: ორი ქულა-მეთქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?
სიკვდილი: გეგონება, კალათბურთის ანგარიში დამაწერესო ხელზე.
ნეტი: თანაც სულ ყვავებია.
სიკვდილი: ნეტა მაგდენი არ გელაპარაკა.
(ისინი ხელახლა არიგებენ კარტს და თამაშს აგრძელებენ).
ნეტი: წეღან რისი თქმა გინდოდა, ჩემი პირველი საქმეაო, რომ მითხარი?
სიკვდილი: რაც გაიგონე.
ნეტი: რა, ადრე არავინ ყოფილა?
სიკვდილი: როგორ არ ყოფილან, მაგრამ მე არავინ წამიყვანია.
ნეტი: აბა, ვინ წაიყვანა?
სიკვდილი: სხვებმა.
ნეტი: სხვებიც არიან?
სიკვდილი: აბა, შენ რა გეგონა! ყველას თავისი გზა აქვს.
ნეტი: ეგ არ ვიცოდი.
სიკვდილი: საიდან უნდა გცოდნოდა? ისეთს რას წარმოადგენ, მაინც ვინა გგონია თავი?
ნეტი: როგორ თუ ვინა მგონია? რა, არავინა ვარ?
სიკვდილი: არა, როგორ არა ხარ, ტანსაცმელს არ აწარმოებ? მაგრამ საუკუნო მისტერიათა შესახებ რა უნდა იცოდე, რანაირად უნდა მიგიწვდებოდეს ხელი?
ნეტი: რაებს ამბობ? კარგა ბლომად ფულსა ვხვეტავ. ორი შვილი უმაღლესში გავგზავნე. ერთი სარეკლამო საქმეს ეწევა, მეორე დაოჯახდა. მეც ჩემი საკუთარი სახლი მაქვს. “კრაისლერს” დავაქროლებ. ჩემს ცოლს არაფერი აკლია; მოახლეები, წაულას ქურქი, კარგი დასვენება. ამჟამად “იდენ როკში” იმყოფება. დღეში ორმოცდაათ დოლარს იხდის, საკუთარი დის გვერდით რომ იყოს. იმ კვირაში მეც ჩავაკითხავ. ასე რომ, არაფერი შეგეშალოს – ვიღაც გამვლელი კი არა ვარ.
სიკვდილი: კარგი რა, ზედმეტი მგრძნობიარობა რა საჭიროა?
ნეტი: ვინაა მგრძნობიარე?
სიკვდილი: აბა, როგორ მოგეწონებოდა, მეც ეგრე ადვილად რომ გავნაწყენებულიყავი შენზე.
ნეტი: რამე გაწყენინე?
სიკვდილი: შენ არ მითხარი, იმედი გამიცრუეო?
ნეტი: აბა, რას ელოდი? ზარზეიმით უნდა დაგხვედროდი?
სიკვდილი: ვერ გამიგე. პირადად მე შემეხე. ძალიან დაბალი ხარო, ესა ხარო, ისა ხარო.
ნეტი: მე მგავხარ-მეთქი, ის გითხარი. თითქოს ჩემი ანარეკლი იყო.
სიკვდილი: კარგი, კარგი, კარტი დაარიგე.
(ისინი თამაშს აგრძელებენ. მუსიკა ნელ-ნელა მატულობს, სინათლეს სიბნელე ენაცვლება, სანამ ბოლოს ყველაფერს უკუნი არ დანთქავს. მერე ისევ ნელ-ნელა ნათდება, უკვე გვიანია – თამაში დასრულებულია. ნეტი ითვლის)
ნეტი: სამოცდარვა… ერთი – ორმოცდაათი. ეჰ, ძმაო, აგებ.
სიკვდილი (შეწუხებლი დაჰყურებს კარტის დასტას): ვიცოდი, ამ ცხრიანს არ უნდა ჩამოვსულიყავი. ჯანდაბა!
ნეტი: ასე რომ, ხვალ შევხვდებით.
სიკვდილი: როგორ თუ ხვალ შევხვდებით?
ნეტი: ერთი დღე მოვიგე. რას იზამ, უნდა მომეშვა.
სიკვდილი: შენ რა, სერიოზულად მეუბნებოდი?
ნეტი: პირობა პირობაა.
სიკვდილი: ჰო, მაგრამ…
ნეტი: არავითარი მაგრამ. ოცდაოთხი საათი მოვიგე. ხვალ დაბრუნდი.
სიკვდილი: არ ვიცოდი, დროზე თუ ვთამაშობდით.
ნეტი: მით უარესი შენთვის. ყურადღებით უნდა იყო-ხოლმე.
სიკვდილი: ოცდაოთხი საათი რა უნდა ვაკეთო, სად წავიდე?
ნეტი: მე რა მენაღვლება? მთავარია, რომ ერთი დღე მოვიგე.
სიკვდილი: რას მთავაზობ, ქუჩებში ვიხეტიალო?
ნეტი: სასტუმროში დაბინავდი. მოგვიანებით კინოში შეხვალ. კიდევ ორთქლის აბაზანა შეგიძლია მიიღო. საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად არ მიქციო ახლა ეს პატარა საქმე, თუ ძმა ხარ.
სიკვდილი: ერთი ანგარიში კიდევ დაამატე.
ნეტი: ამას გარდა, ოცდარვა დოლარი გმართებს ჩემი.
სიკვდილი: რა?
ნეტი: ჰო, ნაბიჭვარო, აი, აიღე, წაიკითხე.
სიკვდილი (ჯიბეებში იქექება): რამდენიმე ერთდოლარიანი მაქვს. ოცდარვა ვერ შეგროვდება.
ნეტი: არც ჩეკზე ვიტყვი უარს.
სიკვდილი: რომელი ანგარიშიდან ინებებ?
ნეტი: უყურე ერთი, ვისთან მქონია საქმე.
სიკვდილი: შეგიძლია მიჩივლო. სადა მაქვს საბანკო ანგარიში?
ნეტი: კარგი, კარგი. რაცა გაქვს, მომეცი და ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით.
სიკვდილი: მომისმინე, ეგ ფული მჭირდება.
ნეტი: რაში უნდა გჭირდებოდეს?
სიკვდილი: აბა დაფიქრდი, რას ამბობ. შენ ხომ იმქვეყნად ხარ წასაყვანი.
ნეტი: მერე?
სიკვდილი: რა, მერე… იცი, ეგ რა შორსაა?
ნეტი: მერე?
სიკვდილი: მერე საწვავი? გზის ფული?
ნეტი: ჩვენ იქ მანქანით მივდივართ?
სიკვდილი: მაგასაც გაიგებ. (შეშფოთებული) მისმინე, ხვალ დავბრუნდები და შენ შანსს მომცემ, ფული უკან დავიბრუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდადაა ჩემი საქმე.
ნეტი: რასაც მოისურვებ. რამდენსაც გინდა, იმდენს ვითამაშებთ. არ გამიკვირდება, კიდევ ერთი კვირა, ან სულაც თვე მოვიგო. გააჩნია, როგორ ითამაშებ. იქნებ რამდენიმე წელსაც კი გამოვკრა ხელი.
სიკვდილი: ვაჰ, რა შავ დღეში ვარ.
ნეტი: აბა, ხვალამდე.
სიკვდილი (დაიხია კარის ზღურბლამდე): კარგ სასტუმროს ვერ მიმასწავლი? თუმცა რომელ სასტუმროზეა ლაპარაკი, კაპიკი აღარა მაქვს. წავალ “ბიკფორდსში” დავჯდები (ხელში აიღებს გაზეთს).
ნეტი: აბა ჰე, დაახვიე აქედან. ეს ჩემი გაზეთია (ხელიდან ართმევს).
სიკვდილი (გასვლისას): არა, უბრალოდ ვერ მოვკიდე ხელი და ვერ წავიყვანე? მაინცდამაინც ამ აბდა-უბდაში უნდა გამეყო თავი!
ნეტი (ეძახის): ფრთხილად ჩადი. ერთ-ერთ საფეხურზე ნოხი არაა კარგად დამაგრებული (უცებ გვესმის საშინელი ზღართანის ხმა. ნეტი ამოიოხრებს, ლოგინთან მდგარ მაგიდასთან მიდის და რეკავს).
ნეტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მომისმინე. არ ვიცი, ვიღაცა მეკაიფება თუ რა არის, მაგრამ ეს-ესაა სიკვდილი იყო ჩემთან. ცოტა კუნკენი ვითამაშეთ… არა, სიკვდილი. თვითონ მოვიდა, ჰო, ის იყო, ან ვისაც შესაბამისი პრეტენზია აქვს. მაგრამ მო, ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენი ტიპია.
© “არილი”