რაზე უნდა დაწერო, იცი?
იმ დროებაზე, შენ და ყურშა კლასელებიც რომ იყავით და მეზობლებიც, გვერდი-გვერდ ეზოებში რომ ცხოვრობდით, იმ ქუჩაზე, რომელზეც ტრამვაი დადიოდა, ორი ტაძარი იდგა და ერთ-ერთიდან ორგანის ხმა გამოდიოდა ყოველ კვირადღეს. მეტსახელი „ყურშა“ ყურების ზომასთან რომ არ იყო დაკავშირებული და ასე იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ მზერა ჰქონდა ბოხვერა ნაგაზის, თავს რომ ჩამოდებს თათებზე და ამოგყურებს გულუბრყვილოდ, ჯანიანიც რომ იყო, თექვსმეტკილოიან გირს ცალი ხელით ოცჯერ მაინც რომ სწევდა მხრის სიმაღლიდან თავზემოთ.
კლასელობასთან და მეზობლობასთან ერთად, კინოს სიყვარულიც რომ გაახლოებდათ, ისეთი ფილმების ნახვის სურვილი, რომლებზეც ბევრს ილაპარაკებდით და დაიმახსოვრებდით ფრაზებს, გადამწყვეტ მომენტებში რომ წარმოთქვამდნენ მოქმედი პირები.
ერთხელაც, „სასწავლო ნაწილმა“ ბიჭი რომ შემოგიყვანათ რომელიღაც გაკვეთილზე და გითხრათ, დღეიდან ეს თქვენი კლასელი იქნებაო, თქვენხელა, ცამეტი წლის ბიჭი, რომელსაც ოფოფის ქოჩორივით აფშეკოდა თმა, ცოტა ხანში, მთელი სკოლა რომ ლაპარაკობდა მასზე, უცნაური, დაუჯერებელი ამბების მოყოლით რომ გამოიჩინა თავი და ხანდახან უფროსკლასელებიც რომ ჩერდებოდნენ ხოლმე დერეფანში მის მოსასმენად. კინო მასაც რომ უყვარდა თურმე, განსაკუთრებით ეკრანიზაციები, წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმები, ასეთები თქვენც, შენც და ყურშასაც რომ მოგწონდათ, მაგრამ მისგან განსხვავებით ვერ ამბობდით – წიგნი ჯობიაო, რადგან წაკითხული არ გქონდათ არც „თხუთმეტი წლის კაპიტანი“, არც „ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი“ და არც „ადამიანი – ამფიბია“.
კითხვის სიყვარული მის მიერ მოყოლილ ამბებსაც რომ ეტყობოდა, ყველასი არა, მაგრამ უმეტესი მათგანის პერსონაჟები საყოველთაოდ ცნობილი წიგნების გმირები რომ იყვნენ, მაგალითად – შერლოკ ჰოლმსი, რომელიც ჩვენი ახალი კლასელის მტკიცებით, თბილისს სტუმრობდა ერთი დიდად გახმაურებული მკვლელობის გამოსაძიებლად.
რასპე რომ შეარქვა ამ ბიჭს ვიღაცამ, „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლების“ ავტორის სახელი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ რომ არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა და, მიუხედავად ამისა, ყველამ ამ მეტსახელით რომ დაუწყო მიმართვა.
გაკვეთილების შემდეგ, სკოლას, უფრო სწორად, მის შემოგარენს, უმცროსკლასელების მშობლების გარდა, ქუჩის ბიჭებიც რომ სტუმრობდნენ, ყველაზე ხშირად ერთ–ერთ მათგანს რომ ხედავდით, თქვენზე ორი–სამი წლით უფროსს, პატარა, მრგვალი თვალებითა და წვრილი ტუჩებით რომელიღაც ჯიბგირს რომ ჰგავდა „პარიზის საიდუმლოებებიდან“, იმ მოსწავლეებს რომ ერჩოდა, ფულს სძალავდა ან რაიმე ნივთს – თუნდაც პასტის კალამს, ვისგანაც ხიფათს არ ელოდა.
სწორედ მას რომ გადაეყარა ცუდად ეს თქვენი რასპე, „თქვენი“ იმიტომ რომ, მანამდე, დანარჩენ კლასელებს შორის შენ და ყურშა გამოგარჩიათ და თავისი საიდუმლო გაგანდოთ, შინისაკენ მიმავლებს აგედევნათ და ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ გითხრათ – სკოლაში ყოფნა მირჩევნია სახლში ყოფნას, იქ სულ დავიდარაბაა, მამა ხშირად სვამს და დედა სულ ეჩხუბებაო, გაოცებულები რომ დაგტოვათ თავისი გულახდილობით და გათქმევინათ, ეს რა უცნაური ვინმე ყოფილაო… ამის შემდეგ რომ მოხდა ის, რაც მოხდა, ორი–სამი დღის მერე წვრილტუჩება ჯეელმა, რომელიც სკოლის მოპირდაპირე შენობის კედელთან იყო აყუდებული, მოსწავლეების ჯგუფში ჩამდგარ რასპეს ქაქანს რომ მოჰკრა ყური, თხრობის დასრულება რომ დააცადა, თითით რომ მიიხმო თავისთან და უთხრა ის, რაც უთხრა… ვინც იმ დროს იქ იყო, უკლებლივ ყველამ რომ დაინახა, როგორ გაუფუჭდა ხასიათი თქვენ კლასელს და როგორ ნირწამხდარმა დატოვა იქაურობა.
მეორე დღესაც, სკოლაში მოსულს, აშკარად რომ შეეტყო უგუნებობა, შესვენებებზე ერთხელაც რომ არ გადგა ფეხი საკლასო ოთახიდან, კრინტი რომ არ დაძრა, არაფერი რომ მოყვა, შენც და ყურშასაც, ვისაც გული გადაგიშალათ, როდის-როდის, ცალ-ცალკე ჩაციების შემდეგ რომ გითხრათ, რა შეემთხვა. ერთი კაცის ამბავი რომ მოუყოლია, კინოაფიშების მხატვრის, რომელსაც სხვა მხატვრებივით რამდენჯერმე კი არა, ფილმის ერთხელ ნახვაც რომ ჰყოფნიდა თურმე, რათა ლამის ფოტოგრაფიული სიზუსტით გამოესახა მთავარი გმირები უზარმაზარ, ქალაქის ყველაზე დიდი კინოთეატრის მთავარი შესასვლელის თავზე გადმოსაკიდებელ აბრაზე, ვიღაცას რომ უკითხავს, ყველაზე მეტად გაკვირვებულს – მეხსიერებით ხატვის ასეთი უნარით, ვინ არის ეგ კაციო, ამას რომ უთქვამს: მამაჩემიო და აი, ამ პასუხს რომ ჩასჭიდებია წვრილტუჩება.
კედელზე აყუდებულს თავისთან რომ მიუხმია, დაუზუსტებია, მართლა მამამისი ხატავდა თუ არა აფიშებს, პასუხით რომ დაკმაყოფილებულა, ქება რომ დაუწყია მისი, უთქვამს, აბა, ეგ იქნება მთავარი კაცი იმ კინოთეატრში, დირექტორზე უფრო მთავარიო, რასაც რასპე თავის კანტურით დათანხმებია და იმავწუთას ისეთი რამე უჯახებიათ მისთვის, რასაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის შთაბეჭდილება მოუხდენია, წვრილტუჩებას თვალები რომ მოუწკურავს და უბრძანებია, ჰოდა, რაკი ეგრეა, მაგისთვის დიდი არაფერი იქნება ბილეთების დადება, მიხვალ, ეტყვი და ხვალ ამ დროს აქ მომიტან ორ ცალსო…
რასპეს მამა მართლა მხატვარი რომ ყოფილა, ოღონდ არა კინო-აფიშების, თავიდან ბოლომდე გამოგონილი ამბის მოყოლისას რომ გასჩენია სურვილი – საკუთარი მამისთვის მიეწერა განსაკუთრებული უნარი, ახლა რომ ამბობდა, არ ვაპირებდი ამას, არ ვიცი რამ მიბიძგაო.
ბილეთები ფილმზე – „ბაბეტა მიდის ომში“, სადაც უმაგრესი ქერა გოგო – ბრიჯიტ ბარდო თამაშობდა, რომ არ იშოვებოდა და მათი მოპოვება მხოლოდ გადამყიდველებთან რომ შეიძლებოდა, ამისათვის კი ფული რომ უნდა გქონოდა, ბილეთის ნამდვილ ღირებულებაზე სულ ცოტა ოთხჯერ მეტი.
დახმარება რომ გადაწყვიტეთ, ოღონდ ყურშას სხვანაირად რომ წარმოედგინა ეს საქმე და შენ – სხვანაირად, ის რომ ამბობდა, მივიდეთ იმ ტიპთან და ვუთხრათ, შეეშვასო, შენ რომ იძახდი – ბილეთები ვუშოვოთო, რომ შეთანხმდით, რის ვაი–ვაგლახით რომ დაიყოლიე ყურშა, რომელსაც გულზე არ ეხატებოდა ქუჩის ბიჭები, რასპე ლეკვივით რომ შემოგცქეროდათ ხან ერთს, ხან მეორეს.
ფულიც რომ იშოვეთ და ბილეთებიც, ფული – ბუკინისტისგან, რომელსაც ალექსეი ტოლსტოის ხუთტომეული ჩააბარეთ ათ მანეთად, ბილეთებზე კიდევ ოქროსუბნელ გადამყიდველს რომ დაადექით შინ, ოთხ ენაზე აყაყანებულ ეზოში, გოგოლის ქუჩაზე და აბუზღუნეთ – აქ რატომ მაკითხავთ, რა გინდათ, უბნის ინსპექტორი დამაყენონ მეზობლებმაო?!.
დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას მარტო რომ გაუშვით რასპე, თუმცა თქვენ შორიახლოს რომ დადექით, მოფარებულში, წვრილტუჩება ისევ კედელთან რომ იდგა, ოღონდ მარტო არა, ამალა რომ ახლდა თავისნაირების, შენ ვერა და ყურშა რომ მიხვდა, რატომ მიყუდებოდნენ გათლილი ქვებით მოპირკეთებულ კედელს „პარიზის საიდუმლოებების“ სხვა მოშავო პერსონაჟებიც, რომ აგიხსნა, უბნელ ქუჩის ბიჭებს უნდა რომ აჩვენოს, რა მაგარია, როგორ მოაქვთ მასთან „შეწერილი“ ბილეთებიო, ამასობაში რასპემ წვრილტუჩებას რომ გადასცა ის, რისი მიტანაც აიძულეს, გამობრუნება რომ დააპირა და შეაყოვნეს, წვრილტუჩებამ რომ შეაყოვნა, რაღაც უთხრა, კარგი რომ არაფერი, უკვე თქვენკენ წამოსულის გამომეტყველებით რომ მიხვდით.
“კაროჩეო“, დღეიდანო, კვირაში ერთხელ მოიტან ორ ბილეთსო, საღამოს სეანსზე, სასურველია რვა საათიანზეო, უთქვამს, უთქვამს კი არა, უბრძანებია მისთვის.
„სასურველია“-ზე რომ გაჭედა ყურშამ, ამ სიტყვამ რომ მოჭრა ყური, ის რომ მოეჩვენა დამცირებისა და უტიფრობის მთავარ გამოხატულებად, რამდენჯერმე რომ იკითხა, მართლა ეგ სიტყვა ახსენაო და ჰოო, რომ მოისმინა ორჯერ, სამჯერ, წამომყევითო რომ გითხრათ და დაწინაურდა, ჩქარი, ბრაზიანი ნაბიჯებით რომ გადაჭრა ქუჩა, წვრილტუჩებას რომ დაუდგა წინ, თვალი თვალში გაუყარა და აჯახა, ბილეთები დააბრუნე, ბიჭოო… ბიჭოთი მიმართვა მაგარი შეურაცხმყოფელი რომ იყო ნებისმიერი, განსაკუთრებით კი, ქუჩის ბიჭისთვის თანაც ქუჩის ბიჭებისვე თანდასწრებით.
მზერისთვის მეტი სიმკაცრის მისანიჭებლად თავი წინ რომ წაიგდო წვრილტუჩებამ და წარბებსქვემოდან ახედა ყურშას, შენი „ბიჭო“ ვინ არისო? კბილებს შორის რომ გამოსცრა და მარჯვენა ხელი შარვლის უკანა ჯიბისკენ წაიღო, ამ მოძრაობამ, რომელსაც დასაკეცი დანის ამოღება და გაშლა უნდა მოჰყოლოდა, ოდნავადაც რომ არ დააფრთხო, პირიქით უფრო რომ გააბრაზა მის წინ მდგომი ბიჭი და გააკეთებინა ის, რასაც არავინ ელოდა, რომ დაავლო, დაავლო კი არა – შემოაჭდო ორივე ხელი წვრილტუჩებას, მკლავები რომ დაუბორკა, ასწია და ჰაერში რომ აასავსავებინა ფეხები, მისი თანმხლებები უცნაურად რომ მოიქცნენ, ერთი პირობა რომ აიჯაგრნენ, ყურშაზე რომ გაიწიეს თითქოს, მაგრამ მერე შეჩერდნენ, დაელოდნენ, როგორ მოიქცეოდა მათი ამხანაგი, დაემორჩილებოდა თუ არა, ასხმარტალებული და აყვირებული – გამიშვი, ბიჭოო, ყურშას სიტყვებს, მცირე პაუზებით გამეორებულებს – მთხოვე და გაგიშვებო…
რომ დაემორჩილა, სთხოვა და ყურშამაც რომ მოაშორა სალტეებივით შემოჭდობილი მკლავები, შენ ჰაიჰარად შემოხსნილი და მარჯვენა ხელის მტევანზე დახვეული ქამრის გამოყენება რომ აღარ დაგჭირდა, აღარ დასჭირდა რასპესაც, რომელმაც შენ მოგბაძა – მასაც ეკეთა სასკოლო ფორმის ლითონის ბალთიანი ქამარი…
პირველად იმ დღეს რომ დალიეთ ლუდი, ფული რომ გქონდათ, ალ. ტოლსტოის ხუთტომეულში ბუკინისტისგან აღებული, გადამყიდველისთვის ბილეთების გამორთმევის შემდეგ მორჩენილი ხუთი მანეთი, უბნის რომელიმე დუქანში კი არა, ალექსანდრეს ბაღთან, სასტუმრო „თბილისის“ სარდაფში რომ ჩახვედით, ნახევარლიტრიანი კათხები ბოლომდე გაავსებინეთ და სანამ შეკვეთილი ხინკლების წასაღებად დაგიძახებდათ თეთრჩაჩიანი მებუფეტე, ნახევრამდე რომ ჩაცალეთ ისინი, რასპეს პირველივე ყლუპის შემდეგ რომ შეეტყო, დიდად რომ არ ესიამოვნა მუქი ქარვისფერი სასმლის მომჟავო გემო, მაგრამ რომ არ ჩამოგრჩათ შენ და ყურშას, მედგრად რომ გააგრძელა ლუდის ყლურწვა.
რომ ალაპარაკდით, შენ რომ უთხარი ყურშას, სწორად მოიქეცი, ბილეთები რომ აღარ მოთხოვე, ისე იყო გაფარჩაკებული, კიდევ დამატება აღარ სჭირდებოდაო, რომ გითხრა, ბილეთები სულ აღარ მახსოვდა ბოლოსკენ, მარტო ის მინდოდა მეთქმევინებინა – გთხოვ, გამიშვიო, წვრილტუჩებას გაფარჩაკებაზე რასპემ რომ თქვა, ბრიჯიტ ბარდოს ყურება გადაატანინებს მაგ ამბავსო და მოაყოლა, მე მაგ გოგოს შიშველი ფოტო მაქვს ნანახი, რომ დგას და ხელში ლეოპარდის ტყავი რომ უჭირავსო…
არ ეშვები ხო, ტყუილების ლაპარაკს, რომ გაგეცინათ შენც და ყურშასაც, შიშველი კი არა, ჩაცმული კინოვარსკვლავების ფოტოების ნახვას ძლივს რომ ახერხებდით და ამასაც მხოლოდ მალულად, საგაზეთო კიოსკებში ორმაგ ფასად ნაყიდი ჟურნალების, ჩეხური „ეკრანისა“ და პოლონური „ფილმის“ მეშვეობით, რასპეს თურმე სხვა ჟურნალი ჰქონდა დათვალიერებული – ალბომივით სქელი, ფერადი, პრიალა ფურცლებიანი, შორეულ ქვეყანაში გამოცემული, ზღვისპირა ქალაქის პორტში უცხოელი მეზღვაურისგან ნაყიდი, მყიდველი მეზობლის, მისი ტოლი ბიჭის უფროსი ძმა რომ ყოფილა, ზღვისპირა ქალაქებში მივლინებებით მოსიარულე ახალგაზრდა კაცი, გადამალული რომ ჰქონია ეს ჟურნალი რამდენიმე კოლოფ „ფილიპ მორისთან“ ერთად, მაგრამ უმცროს ძმას მაინც რომ მიუგნია და იმის საჩვენებლად, როგორი განძის მფლობელი იყო, რასპესთვის რომ დაუთვალიერებინებია…
თამბაქოს ბოლითა და ცხელი ხინკლების ოხშივრით გაბუღული სარდაფიდან ამოსულებმა, გრძელი გზით რომ არჩიეთ შინ დაბრუნება, რომ ჩაუარეთ კინოთეატრ „სპარტაკს“, „იმელის“ შენობას, ელბაქიძის დაღმართით ჩახვედით ხიდთან, გადაიარეთ, აუყევით მარჯანიშვილის ქუჩას და გაუხვიეთ მარჯვნივ, პლეხანოვზე, ყოფილი ვორონცოვის, იმჟამად კარლ მარქსის მოედნისკენ…
რომ მიაბიჯებდით სამი ბიჭი გრძელ გამზირზე, რომელიც ბოლოსკენ ვიწრო და მყუდრო იყო ძველ ქუჩასავით და არ ფიქრობდით იმაზე, რა კარგად აღწერდა რასპეს მიერ მოყოლილი ბოლო ამბავი (რომელშიც დაუჯერებელი არაფერი იყო გარდა იმისა, რაღა მას ჰყავდა ასეთი მეზობელი) და მთელი ეს „იმელ–პლეხანოვ–ვორონცოვ–კარლმარქსები“ ქვეყანას, სადაც ცხოვრობდით და კიდევ მეოთხედი საუკუნე მოგიწევდათ ცხოვრება…
*****
გარეგნულად გადასხვაფერებული, შფოთიანი, დამოუკიდებლად ცხოვრების მოსურნე ქვეყნის მოქალაქეებად რომ მოუკაკუნეთ ორმოც წელს შენ და ყურშამ, ისევ განუყრელი მეგობრები რომ იყავით, ისევ გვერდი-გვერდ ეზოებში რომ ცხოვრობდით, კვირაობით ისევ რომ გამოდიოდა ორგანის ხმა თქვენს ქუჩაზე მდებარე ტაძრიდან, ოღონდ ტრამვაის რკინის ბორბლები რომ აღარ ღრჭიალებდნენ
მოსახვევებში, რელსები აყრილი, სადენები ჩამოხსნილი რომ იყო საყოველთაო განუკითხაობის ჟამს…
რასპეს იშვიათად რომ ნახულობდით, წელიწადში ერთხელ, შემთხვევით თუ გადაეყრებოდით სადმე მცირე ხნით, სკოლის დამთავრების შემდეგ თქვენი გზები რომ გაიყო, მან უნივერსიტეტში რომ გააგრძელა სწავლა, ისტორიკოსის დიპლომი აიღო და მასწავლებლობას ჟურნალისტობა ამჯობინა, გაზეთში დაიწყო მუშაობა; თქვენ კიდევ, სასურველი ხელობის შესასწავლად ტექნიკუმებიდან ტექნიკუმებში წოწიალის, დიდ და მცირე მშენებლობებზე ბეტონის ზელვისა და საზიდრების თრევის, საუკუნის ბოლო ათწლეულში აზვირთებულ სახალხო მღელვარებისა და გაჩაღებულ ომებში მონაწილეობის შემდეგ, მეორადი საბურავების ყიდვა-გაყიდვას რომ მიჰყავით ხელი და ქალაქის მთავარი ბაზრობის ერთ მოზრდილ ფარდულში დაიდეთ ბინა… იქ, იმ ფარდულში რომ გაიგეთ რასპეს წარმატების ამბავი, შემთხვევით რომ მოხდა ეს, შებინდებულზე, მოშივებულებმა, ძეხვი და პური რომ მოატანინეთ ურიკის დამტარებელ ბიჭს და გაზეთი, რომელშიც მწირი საკვები იყო გახვეული, მაგიდის მაგივრობის გამწევ ტაბურეტს რომ გადააფარეთ, ხელი რომ გადაუსვი ზედაპირს დაჭმუჭნულობის გასასწორებლად და მოულოდნელად, ყოფილი კლასელის ფოტომ რომ შემოგანათა სვეტებად დაყოფილი გვერდიდან…
ფოტოს ტექსტიც რომ ახლდა, სადაც ეწერა, ჟურნალისტმა, აქამდე მახვილგონივრული სტატიებით რომ გვანებივრებდა, მწერლობა სცადა და ჩვენი ლიტერატურისთვის უჩვეულო, იდუმალებით აღსავსე რომანი შემოგვთავაზაო, ყურშამ რომ თქვა, ამ ამბავს აღნიშვნა უნდაო, მტვირთავი ბიჭი რომ აღარ შეაწუხა და თავად მოარბენინა სასმელი, ბოლო დროს სულ მიზეზებს რომ ეძებდა ასი-ორასი გრამის ჩასარტყმელად და შენ რომ ეჯაჯღანებოდი, გალოთდებიო, ამჯერად, ვეღარაფერი რომ ვერ უთხარი და შენც რომ ჩაიწვი გულ-მუცელი ვითომ ქარხნული და სინამდვილეში, ვინ იცის, სად, რომელ სარდაფში „გამოხდილი“ კონიაკით…
მეორე დღესვე რომ გაიქეცი რასპეს წიგნის საყიდლად, ნაძალადევში, გადასასვლელ ხიდთან, ძველისძველ, გაპარტახებას და გასხვისებას გადარჩენილ მაღაზიაში რომ მიაგენი, უხეიროდ აკინძულ, წვრილი შრიფტით დაბეჭდილ ეგზემპლარს, გზაშივე რომ დაიწყე მისი ფურცლა, დეზერტირების ბაზრის ხმაურიანი შემოგარენის გავლით დიდუბისკენ მიმავალმა, მთელი დღე რომ იკითხე ერთმანეთზე ახორხოლავებული საბურავების ძირში მოკალათებულმა…
წიგნის წინასიტყვაობის ავტორის, რომელიღაც ცნობილი ლიტერატორისგან განსხვავებით, სულაც რომ არ მოგეჩვენა ძალიან უცნაურად რასპეს მიერ მოყოლილი ამბავი, პირიქით, რომ გეცნაურა, გაგახსენდა ბავშვობაში მისგან მოსმენილი, ერთი-მეორეზე დაუჯერებელი ისტორიები, კითხვისას ის ინტერვალი რომ ამოივსო თითქოს, რომელიც წარსულსა და აწმყოს შორის არსებობდა, თითქოს ამ ინტერვალის გარეშე გავაგრძელე ყოფილი კლასელის ყურისგდება…
ორმოცი წლის რასპე ლოტკინის მთის ბოშათა დასახლების, იქ მცხოვრები, კონტრაბანდული სიგარეტებით მოვაჭრე მკითხავი ქალის, მისი მიწური ქოხის შიდა კარის შესახებ რომ ჰყვებოდა, სხვა ქოხების კართაგან არაფრით გამორჩეულის, სიძველისგან გაყავისფრებული ფიცრებით შეკრულის შესახებ, რომლის სრულიად შემთხვევით შეღების შემდეგ, „მარლბოროს“ ან „ქემელის“ საყიდლად მისული ახალგაზრდა, ერთობ ჭკუამხიარული კაცი, მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთში, მადრიდთან ახლოს დაბანაკებულ ბოშებთან ხვდებოდა, ცხენებგამოშვებულ, წრიულად განლაგებულ ფურგონებს შორის აბორიალებულ, კბილებში ყალიონგაჩრილ კაცებსა და თმაგაშლილ, კაბების ბოლოებაფრიალებულ ქალებთან, ბანაკში, სადაც მოსაღამოებულზე, როცა კოცონები დაინთებოდა, თვალებბრიალა გოგოს – პრესიოზას მოსანახულებლად ახალგაზრდა იდალგო – მიგელ დე სერვანტესი მოვიდოდა…
ამ მცირე რომანს თუ ვრცელ მოთხრობას, სხვა არანაკლებ თავშესაქცევ და ფიქრების აღმძვრელ თხზულებებს რომ მოაყოლებდა რასპე და წლების შემდეგ ისევ რომ შეგახსენებდათ თავს შენ და ყურშას, რომელიც ასევე გულმოდგინედ ნთქავდა მის წიგნებს, უღიმღამო ბროშურებიდან ფერადყდიან, მიმზიდველ გამოცემებად გარდაქმნილებს…
წლების შემდეგ დაჭმუჭნული გაზეთის ნაცვლად, ტელევიზიით რომ შეიტყობდით ახალ ამბავს, შავ–თეთრი „კორფუჯის“ მეშვეობით, რომელსაც საბურავებით სავსე ფარდულში შემოტანისა და მოთავსების წუთიდან იგივე დანიშნულება მიენიჭებოდა, როგორიც თქვენი ბავშვობისდროინდელ „ხაზის რადიოს“ – ჩართული ყოფილიყო და ეხმაურა დილიდან საღამომდე…
რასპე რომ გამოჩნდებოდა ეკრანზე, თმაშეთხელებული, წვერმოშვებული, რომელიღაც გადაცემის წამყვანთან მოსაუბრე, ცოტას რომ ილაპარაკებდა, მაგრამ სულ დასამახსოვრებელ რამეებს, თავმდაბლობას რომ გამოავლენდა, მის მიმართ გამოთქმული საქებარი სიტყვების პასუხად რომ იტყოდა, მე მწერალი არა ვარ, მთხზველი ვარო, ერთი ცნობილი კაცის გამონათქვამს რომ გაიხსენებდა – ბავშვობაში დაუჯერებელ ამბებს თუ თხზავ, მატყუარას გეძახიან, ხოლო დიდობაშიც იგივე საქმით თუ ხარ დაკავებული, მწერალსო… და დაამატებდა, მეც ბავშვობაში დაწყებულ საქმეს ვაგრძელებ და ამას მეგობრებს ვუმადლი, კლასელებს, ორ უშიშარ ბიჭს, ისინი რომ არა, გამონაგონების თხრობას დიდი ხნის წინ შევწყვეტდი, ისინი გამომესარჩლნენ, მათ დამაძლევინეს შიში მაშინ, როდესაც დასჯა მომინდომეს სრულიად უწყინარი, საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად მოგონილი ტყუილისთვისო…
ერთმანეთს რომ გადახედეთ და მიხვდით, ვის გულისხმობდა „ორ უშიშარ ბიჭში“, ათას ჭირვარამ გამოვლილი გულები რომ აგიჩუყდათ, ყურშას, რომელიც ცოტა ნასვამი იყო, ცრემლი რომ ჩაუდგა თვალში, შენ რომ იყოჩაღე და გაახალისე, ის რომ გაახსენე, როგორ აფხარკალებდა ფეხებს მიწას მოწყვეტილი, შებოჭილი წვრილტუჩება, რასპეს დასჯის მოსურნე, რომელმაც მოგვიანებით, უკვე მოწიფულმა ქუჩიდან მილიციაში რომ გადაინაცვლა პირდაპირ და ქუჩის ბიჭებისადმი გამოვლენილი დაუნდობლობით სტაჟიან „ოპერებს“ გადაასწრო…
თავის, ცოტა არ იყოს, ირონიული მოწონების შემდეგ – თურმე ნუ იტყვი, მწერალი გადაგვირჩენია მომავალი თაობებისთვისო, იმ სიტყვებს რომ ჩაეძიეთ, რომლებითაც რასპე წვრილტუჩებასთან დაპირისპირების გამომწვევ ამბავს აფასებდა და „შეცდომის გამოსასწორებლად მოგონილს“ უწოდებდა, გონების გვარიანი დაძაბვა რომ დაგჭირდათ მათ ასახსნელად, ნასვამობის მიუხედავად, ყურშამ რომ გაჯობა მეხსიერების სწორი მიმართულებით ამუშავებაში და ის დღე აღიდგინა, როცა რასპემ მოულოდნელი გულახდილობით გაგაკვირვათ და მოხდა ისე, რომ სწორედ ამ გულახდილობას მოჰყვა ამბის გამოგონება მამაზე, შენც რომ გაგეხსნა ტვინი, რომ თქვი, რასპეს გამოგონილ ამბებს შორის ეს ერთ–ერთი იმ იშვიათთაგანი იყო, რომელიც რეალურ, არალიტერატურულ პერსონაჟს ეხებოდაო და ამის მიზეზად ნახსენები გულახდილობა დაასახელე – მამის სმის მოყვარულად მოხსენიება თქვენთან, ახლადგაცნობილ ბიჭებთან; შენი ღრმა რწმენით, ამას რომ უთვლიდა შეცდომად საკუთარ თავს რასპე და მის გამოსასწორებლად, მის საპირწონედ თხზავდა ამბავს დამახსოვრების არაჩვეულებრივი უნარით დაჯილდოებულ, კინოაფიშების უბადლო მხატვარ მამაზე…
იმ საღამოს, გვერდი-გვერდ ეზოებში, თქვენ-თქვენ სახლებში დაბრუნებულებმა შინაურები რომ შეაფიქრიანეთ უჩვეულო ქცევით, დაღლილობის მომიზეზებით საძინებლებს რომ არ მიაშურეთ პირდაპირ, მარტოებმა რომ არ ივახშმეთ სამზარეულოებად გადაკეთებულ პატარა შუშაბანდებში, ოჯახის წევრები რომ მოისვით გვერდით და ელაპარაკეთ ყველაფერზე, რაც მათ აინტერესებდათ, თქვენი ტიხრებით დაქსელილი ფანჯრებიდან გვიანობამდე რომ გამოდიოდა თბილი, მოყვითალო შუქი…
ქალაქის განაპირას მდებარე კორპუსის ერთ პატარა ბინაში ასეთივე შუქი რომ ანათებდა მწვანე მაუდგადაკრულ საწერ მაგიდას, მაგიდასთან რასპე რომ იჯდა წვერწამახული ფანქრით ხელში და წვრილი, დაფერდებული ასოებით რომ ავსებდა მოზრდილი ბლოკნოტის ცალხაზიან ფურცლებს, მორიგი ჩანაფიქრის განხორციელებას რომ შედგომოდა, ვატერლოოსთან, „ასი დღის“ ბოლო საბედისწერო ბრძოლაში სასწაულებრივად გადარჩენილ ძველი გვარდიელების, ქვემეხების ცეცხლისა და რუსეთის ყინულებში ნაწრთობი ორი გრენადერის თავგადასავლის აღწერას, ბურბონების მიერ სასიკვდილოდ გაწირულ მარშალ ნეის გადარჩენას რომ დაისახავდნენ მიზნად და ვერ შეძლებდნენ, საფრანგეთიდან გაქცევა რომ მოუწევდათ ამის შემდეგ და მარსელიდან თურქულ გემს რომ გაჰყვებოდნენ უცხო მხარეში, ხანგრძლივ, ხიფათებით აღსავსე მოგზაურობას შავზღვისპირეთის ერთ პატარა, მთაგორიან ქვეყანაში რომ დაასრულებდნენ, მის მთავარ ქალაქში დაფუძნდებოდნენ და თავიანთი ცხოვრების თანმდევ ფათერაკებში მორიგ თავის გაყოფამდე, ოღროჩოღრო გზებზე ჯაყჯაყით გავერანებული ეტლების ბორბლების შეკეთებით და გამოცვლით დაკავდებოდნენ…
© არილი