ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

ზაალ ჩხეიძე – ჩემი სამშობლო არის ვაშლის კურკა

ანუ რა სარგებლობა მოაქვს კარგ დიქტატორულ რომანს

ყველა დიქტატორული საზოგადოება ერთნაირად უბედურია, ყველა დემოკრატიული საზოგადოება კი – თავისებურად უბედური. და საერთოდაც, კარლოს ფუენტესს გაახარებს ღმერთი, რომელმაც, როგორც ლიტერატურული მითოლოგია ამბობს, ქალაქ მეხიკოში, 1967 წლის ერთ მშვენიერ დღეს, პირდაპირ დაავალა (ურჩია, მოუწოდა) თავის მეგობრებსა და ლიტერატურული ოლიმპოს დიად სახელებს, მაგიური თამაშები კარგია, მაგრამ ,,სამშობლოს მამებზე“ რომანების ერთი გრძელი სერია ხომ არ დაგვეწერა, თორემ ასე გაძლება ცოტა გაჭირდებაო. იმ შეხვედრას, როგორც მითი ამბობს, ბევრი ისეთიც ესწრებოდა, ფუენტესისგან დავალება და რჩევა რომ არ ეკუთვნოდა. არ ეკუთვნოდა არც ასაკით, არც მწერლური გაქანებით და ალბათ არც ბიოგრაფიით, მაგრამ ეგრე გამოვიდა, მითი ამბობს, წინადადებით სწორედ ეს გადარეული (და მე თუ მკითხავს ვინმე, მწერლის კვალობაზე უჩვეულოდ სიმპათიური) და მაშინ სულ ახლადსახელმოხვეჭილი მექსიკელი მწერალი გამოსულა. არ ვიცი, მისმა სიტყვამ იმოქმედა, თუ მთავარი როლი მაინც იმ ამბავმა ითამაშა, რომ ლათინურ ამერიკას არც იქამდე აკლდა დიქტატორული რომანები, მაგრამ ფაქტია, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იწყება დიდი ბუმი პოლიტიკური რომანებისა და ფუენტესის დავალებას (თუ რჩევას, თუ მოწოდებას) სულ რამდენიმე წელიწადში ისეთი ხალხი შეასრულებს, როგორებიც ხულიო კორტასარია (,,წიგნი მანუელისა“ ვინც დაწერა), როგორიც მარკესია (,,პატრიარქის შემოდგომის“ ავტორი), როგორიც როა ბასტოსია (,,მე, უპირველესის“ დამწერი), როგორიც კარპენტიერია, ლიოსას რაღა წაქეზება სჭირდებოდა, ,,ქალაქი და ძაღლები“ უკვე გამოეცა, უკვე გამოეცა კი არა, საჯაროდაც უკვე დაეწვათ და ალბათ ,,საუბარი კათედრალშიც“ უკვე დაწყებული ჰქონდა, მაგრამ მითი ამბობს, თავისი დასაწერი ლიოსას დაევალაო, ხოსე დონოსოსაც დაევალა თურმე, ფუენტესის კლასელს, პირველი ალბათ მაგას დაევალა (ისე, ამ ყველაფერთან რა შუაშია და, სულ მაინტერესებს, რა კლასი იყო ეგეთი, როგორ ეწყობა ხოლმე ვარსკვლავები ეგრე, რომ ერთ კლასში უნდა მსხდარიყვნენ დონოსო და ფუენტესი).

ცხადია, რომ ფუენტესის ნათქვამზე მეტად ასტურიასის რომანი უფრო ჭრიდა, ისიც ცხადია, რომ პოლიტიკური რომანის ისტორია დიქტატორული რომანებით არ დაწყებულა, როგორც ყველაფერ სხვას, მასაც ბევრად დიდი, საუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ახალი ტალღა პოლიტიკური რომანისა, ძველზე სასტიკი, ძველზე შეუბრალებელი, ტექნიკურად ჯოისით, პრუსტით და ფოლკნერით განპირობებული, იდეურად კი ალბათ ასტურიასითით და ლოტრეამონით შთაგონებული (ამ უკანასკნელი განცხადებისა მე ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ კარპენტიერი წერს, ჩვენ ყველანი ლოტრეამონიდან, მისი ,,მალდორორის სიმღერებიდან“ მოვდივართო) სწორედ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იწყება და მნიშვნელოვნად (ჯერჯერობით მაინც) და გამოუბრუნებლად შეცვლის რეალური პოლიტიკური რომანის (და არა დისტოპიურის) განვითარების კურსსაც და აქცენტებსაც.

თუ რამით არ არის მდიდარი ქართული ლიტერატურა, პოლიტიკური რომანებით ნამდვილად არ არის, ყოველთვის თითზე ჩამოსათვლელად გამოდიოდა და ჩვენს დროში ხომ კიდევ უფრო იშვიათია. მავანი იტყვის, რომ საზოგადოების დაკვეთის ბრალია და მართალიც იქნება, მაგრამ როდის იყო, რომ დიდი ლიტერატურა მხოლოდ საზოგადოების დაკვეთას მიჰყვებოდა და არა პირიქით, თავად არ კარნახობდა, რაზე შეიძლებოდა ეფიქრა ხალხს, რაზე გაბრაზებულიყო და რაზე გამწარებულიყო. იმდენად ფრაგმენტულია ამ მხრივ ქართული ლიტერატურული პროცესი, რომ მკითხველისთვისაც ძნელია მისთვის თვალის მიდევნება, თავად ლიტერატურულ-პოლიტიკურ-ისტორიული მზერაც მოსუსტებული აქვს და პოლიტიკურ პროცესებს ხშირად უფრო ყოველდღიურობის ნაწილად განიხილავს, ისტორიულს კი, პირიქით, წარსულის კუთვნილებად. არადა, აგერ უკვე ორი საუკუნეა, რომანტიზმიდან მოყოლებული, ახალმა ისტორიულმა რომანმა, ჰიუგოდან, სენკევიჩიდან, კრეინიდან და თვით გენიალური ჰაინრიხ მანიდან მოყოლებული, უარყო (დიდწილად მაინც) თავისი ოდინდელი როლი, წარსულის აღმწერი იარაღის ფუნქცია და უფრო თანამედროვეობის სარკისებური ანალოგის შექმნით დაკავდა. თანამედროვე პოლიტიკური რომანის ერთ-ერთი მშობელი, სხვასთან ერთად, ისტორიული რომანიც არის.

ამას იმიტომ ვყვები, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, კერძოდ 2020 წელს, ქართულ ენაზე გამოვიდა ქართველ-ფინელი მწერლის, ანა ესკურის (ნინა კვაჭაძის), ავტობიოგრაფიული რომანი ,,აღმა, დინების წინააღმდეგ“. ეს რომანი მრავალმხრივ უნიკალური მოვლენაა ქართული ლიტერატურისთვის, მაგრამ როგორღაც ნაკლებად შესამჩნევად ჩაიარა. რომანი კი უკიდურესად საინტერესოა, არა მხოლოდ მისი მაღალი მხატვრული ღირსებების, ისტორიული მნიშვნელობისა და შეუბრალებელი, გულწრფელი სიმართლის გამო, არამედ წმინდად ლიტერატურული, კულტურული ასპექტებიდან გამომდინარე.

ავტორი აღწერს პერიოდს, რომელშიც მოუხდა ცხოვრება, აღწერს მოძალადე სისტემასაც და თავად ჩაგრულ, გულუბრყვილო საზოგადოებასაც, აღწერს გულაგების ცხოვრებას, ოღონდ ამ წიგნს ერთი დიდი ლიტერატურული ბედნიერებაც ახლავს თან, რადგან ტექსტი ავტობიოგრაფიულია, სისტემაც და მსხვერპლნიც ქალის თვალით არიან დანახულნი. არ ვიცი, ალბათ საბჭოთა კავშირს, როგორც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ხორცსაკეპს, არც კაცის სახე არ ჰქონდა (ალექსიევიჩის რომანისა არ იყოს), მაგრამ ქალის სახე ნამდვილად არ ჰქონია. ჩვენი ლიტერატურაც გულაგების მამაკაცურ გამოცდილებას უფრო უზიარებდა ყოველთვის მკითხველს, ქალის მონათხრობი, მით უფრო, მხატვრულ-დოკუმენტური, ამ მხრივ ბევრი ნამდვილად არ მახსენდება. ისიც საყურადღებოა, რომ ანა-ესკურის წიგნი სხვა ბედის, სხვა სიმართლის და თავგანწირვის ტექსტია, ავტორმა ის საკუთარი თავისთვის უფრო დაწერა, არდასაბეჭდად განწირული ტექსტი, რომელიც ოთხმოციანი წლების დასაწყისში ავტორის ისტორიულ სამშობლოში მისი ერთ-ერთი მორიგი სტუმრობის დროს ფინურ ენაზე გამოიცა. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია რა პერიპეტიები მოჰყვა წიგნის გამოცემას, თუმცა საბჭოთა კავშირის უკიდურეს და ბედნიერ დასუსტებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ავტორს არ გაუზიარებია, მაგალითად, ჰერტა მიულერის ბედი. ეს არის წიგნი, რომელიც ათასეულთა ნაცვლად ლაპარაკობს და ათასეულთა ბედს გამოხატავს ერთი ქალის ტრაგიკულ მაგალითზე.

თუმცა ეს წიგნი ჩვენ ამჯერად უფრო როგორც საზოგადოების პირუთვნელი აღწერა გვაინტერესებს, ვიდრე ერთი, თუნდაც შესანიშნავი, ადამიანის თავგადასავალი. ამგვარი წიგნების კითხვისას ყველაზე მეტად მოძალადეთა სისასტიკე კი არ მაკვირვებს, არამედ ყველა წიგნში ერთნაირად აღწერილი, მსხვერპლთა წარმოუდგენელი, შემაძრწუნებელი გულუბრყვილობა. სულერთია, სად ხდება მოქმედება, ჩაუშესკუს რუმინეთში, ჰიტლერის გერმანიაში, ნაირ-ნაირ ლიდერთა საბჭოთა კავშირსა თუ ლათინურ ამერიკაში, ყველგან და ყოველთვის ერთი სცენარი მეორდება. მესმის, რომ ჩემთვის, დამოუკიდებელ (და ცოტათი თუ ბევრად დემოკრატიულ) ქვეყანაში გაზრდილი ადამიანის მხრიდან უსამართლობა და უსინდისობაა, განსაჯოს სხვები, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ტერორის ძალა, მაგრამ ვის შეუძლია, დარწმუნებით თქვას, რომ თავად არასდროს გამოცდის იმავეს, ვის შეუძლია, თქვას, რომ დიქტატორული რეჟიმი და დიქტატორული საზოგადოება ისტორიის კუთვნილებაა მხოლოდ და რომ კაცობრიობა საკუთარ შეცდომებზე თუ არა, განცდილ საშინელებებზე მაინც სწავლობს და იმავეს გადატანა აღარ მოუწევს. ვფიქრობ, რომ არავის. ვფიქრობ, რომ ამგვარი აზრი საშინელი, დაუშვებელი და აკრძალული გულუბრყვილობაა და რომ ამჯერად მაინც დიდი კამიუ მართალია და რომ გულუბრყვილობით გამოწვეული გადარჩენის სიხარული თუ უდარდელობა აუცილებელი გარანტიაა შავი ჭირის განმეორებისა, რომ მხოლოდ კარგად გამახვილებული მეხსიერებაა სუსტი, მაგრამ ერთადერთი იარაღი, რათა ბულონის ტყეში გაჭენებული ცხენი ვეღარ ჩაანაცვლოს საპყრობილედ ქცეული ქალაქის ვირთხისფერმა რეალობამ.

ანა ესკურიც, სხვა ბევრი დიდი მწერლის მსგავსად, სვამს ფოლკნერის იმედიანი პასუხის კითხვას: როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა თავსდატეხილ და ხშირად უპიროვნო უბედურებას? მართალია, როგორც ლათინურ ამერიკული რომანები ჰყვებიან, კამიუსა და ორუელისაგან განსხვავებით, ბოროტება არასდროსაა უპიროვნო, პირიქით, მას ყოველთვის ძალიან კონკრეტული სახელი და გვარი აქვს, ხან მანუელ ოდრია ჰქვია, ხან ალვარო ობრეგონი, ხან კაბრერა, ხან ფრანკო, ხან სტალინი, ხან ჩაუშესკუ და ხან ტრუხილიო, უბრალოდ, ეს პიროვნულობა ხშირად ძნელად მოსახელთებელია, ადამიანის გონებას კი უჭირს ერთი კაცის ხუშტური და პიროვნული სიმახინჯეები საზოგადოების (და კონკრეტული ადამიანების) უმძიმეს ტრაგედიებს პირდაპირი გზით, მეტაფორული გათამაშების გარეშე დაუკავშიროს?

ტირანულ სახელმწიფოში ხომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი შინაგანი მოთხოვნილებებისა, ფიზიკური თუ მორალური შესაძლებლობისა, სისტემის წინააღმდეგ დაუცველია. დაუცველია არა იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ გადარჩება, არამედ იმიტომ, რომ აუცილებლად დაეცემა მორალურად. დაეცემა, რადგან ადამიანს არ შეუძლია ყველაფერს გაუძლოს, არ შეუძლია და, როგორც იმრე კერტესი წერს (ან იქნებ პრიმო ლევი, ან იქნებ ჰერტა მიულერიც), ადამიანს ადამიანური სახე და შეგნება მხოლოდ ორ კვირას მიყვება, მერე კი იგი იქცევა არსებად, რომლის ცნობაც, რბილად რომ ვთქვათ, შეუძლებელია. დიქტატორული რეჟიმები ან აბეჩავებენ, ან რყვნიან კარგ ადამიანებს. რყვნიან და ხრწნიან და აუბედურებენ. რიკარდო არანას ბედი გამონაკლისი არ არის (ლიოსა, ,,ქალაქი და ძაღლები“), არც იაგუარის ბედია გამონაკლისი, ისინი ერთი მედლის ორი მხარეა, ორივე ერთნაირი. საყოველთაო ბოროტებას ხომ უცნაური ,,სამართლიანობა“ ახასიათებს, საზოგადო უბედურებიდან ყოველთვის პირად ტრაგედიად იქცევა ხოლმე.

და თუ ყოველივე ზემოთქმული მართალია, და რადგან ყოველივე ზემოთქმული მართალია, როგორ გაუძლოს კაცმა (ქალმა), როგორ გაუძლოს და არა მხოლოდ გაუძლოს, არამედ გადარჩეს კიდეც. გადარჩეს მარტო ფიზიკურად არა, სულიერადაც. გადარჩენის ხერხთაგან რომელია უფრო ბასრი და მტკიცე იარაღი, აჯანყებული ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, თუ ნებაყოფლობითი იზოლაციონიზმი, პირადი, ეფემერული სივრცის შექმნა ან გამოგონება?  წიგნის მთავარი გმირი ორივე გზას ცდის, უფრო მეტიც, თავსდატეხილ უბედურებაზე ადამიანის რეაქციის ყველა (კამიუს მიერ ,,შავ ჭირში“ აღწერილ) საფეხურს ზედმიწევნითი თანმიმდევრობით გადის და პასუხიც თითქოს შინაგანი რწმენა, სიმტკიცე და მოძალადეთა მიმართ დაუმორჩილებელი (მოემი იტყოდა, რომ ქედუხრელი) სიძულვილი უნდა იყოს. მაგრამ ესკური ყოველთვის ამატებს, რომ წარმოუდგენელი ადამიანური ენერგიაც კი არ იქნება საკმარისი, არ იქნება გარანტი ბოროტების წინაშე არდამარცხებისა. არ იქნება საკმარისი, რომ ძნელბედობაგამოვლილმა ადამიანმა შეძლოს და გაიმეოროს დიდი მიგელ დე უნამუნოს მიერ სალამანკის უნივერსიტეტში მრისხანებით (ან შეიძლება თავგანწირვით) წარმოთქმული სიტყვები: ,,Venceréis, pero no convenceréis”[1]. არ იქნება, რადგან გასაძლებად და გადასარჩენად და არდასამარცხებლად საჭიროა დიდი, ღვთაებრივი, სასწაულებრივი გამართლება, არადა, როგორი საქმეა, საბჭოთა გულაგგამოვლილი ადამიანების მაგიურ იღბლიანობაზე ილაპარაკო კაცმა.

ანა ესკურის შემთხვევაშიც ლეგიტიმურია ,,ლედი ჩატერლეის“ გენიალური შესავალი ფრაზა, რომ ,,ჩვენ ისეთ სასოწარკვეთილ ეპოქაში ვცხოვრობთ, იძულებული ვართ, არ შევიმჩნიოთ ეს სასოწარკვეთა“. მე არ ვიცი, სხვა რით უნდა აიხსნას წიგნში აღწერილი საყოველთაო გულუბრყვილობა არა მხოლოდ მათი მხრიდან, ვისაც აქამდე არ შეხებია სისტემა, არამედ მათი მხრიდანაც, ვინც პირადად იწვნია ტერორი, დაკარგა ძვირფასი ადამიანები, ოჯახის წევრები, სახლი და ხშირად თავისუფლებაც (ამ სიტყვის ყველაზე სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობით). მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ბოლშევიკებისგან ძმამოკლული კაცი საბჭოთა ქვეყნის სამსახურში სრულიად გულწრფელად იდგეს; არ ვიცი, ქვრივს როგორ შეიძლება გაუხარდეს ოცი წლის წინ დახვრეტილი ქმრის რეაბილიტაციის ცნობა, რომ ის ჭეშმარიტად, გულწრფელად და თავდაუზოგავად ემსახურებოდა საბჭოთა ხალხს და საბჭოთა სახელმწიფოს; როგორ შეიძლება, ერთქმარდახვრეტილ ქალს, მეორე ქმრის დახვრეტა და მისი საკუთარი გადასახლება ასე აკვირვებდეს; არ ვიცი, რისი იმედი აქვს, ერთხელ უკვე რეპრესირებულ ადამიანს შუაგულ მოსკოვში, საერთო ტუალეტიან და საერთო სააბაზანოიან ბინაში. ნუთუ ლოურენსი მართლა ამდენად მართალია და იქნებ ბოკაჩოც მართალია, როცა წერს, რომ ადამიანური გულუბრყვილობა ერთ-ერთი ყველა მძიმე და საზარელი სენია, საზარელი თავისთავადაც და კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ საშუალებას აძლევს ბოროტებას, დაუსჯელად გააფართოოს საკუთარი საზღვრები. ნუთუ ჰერტა მიულერი და პრიმო ლევიც მართლები არიან და საშუალოდ ორ კვირას ძლებს და მერე გარემოს ეგუება ადამიანი?

გასაგებია, რომ აჯანყებულები იხოცებიან, მაგრამ ვინც დამალვა გადაწყვიტა, იმან რა ქნას, რამდენად ღრმად უნდა დაიმალოს კაცი (ქალი), რომ სისტემამ ვერ მიაგნოს? როგორ და რით შეიძლება გაავლოს მან საზღვარი გარემოსა და საკუთარ თავს შორის? მშვენიერია თუ შემზარავი აპოლონ ქუთათელაძის გულუბრყვილობა თბილისის ციხეში (აპოლონ ქუთათელაძე მიხეილ მგალობლიშვილს ჰყავს აღწერილი თავის წიგნში ,,1937“. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ მგალობლიშვილისა და ანა ესკურის წიგნები ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს, ორივე ავტობიოგრაფიულია, ორივე ერთსა და იმავე პერიოდს აღწერს, მაგრამ ესკურის წიგნი გაცილებით ვრცელი, მრავალმხრივი და დეტალურია როგორც ხასიათების, ისე ისტორიული თვალსაზრისით), როცა ესერების პარტიის ყოფილი წევრი სერიოზულად ამხნევებს თანამესაკნეებს, ციმბირში გადაგვასახლებენ, მეტი არაფერიო. იქ კი საშიში იმდენიც არაფერია, მეფის რუსეთის დროს ნამყოფი ვარ, თბილი ტანისამოსი წამოიღეთ, აგერ, ხომ ხედავთ, მე როგორი წინდახედული კაცი ვარ, 40 კოლოფი სიგარეტი მაქვს მომარაგებულიო.

არ ვიცი, დასახვრეტად გაყვანილი აპოლონ ქუთათელაძე ფანჯრის რაფაზე დატოვებული უკანასკნელი კოლოფიდან პირველ ღერ სიგარეტს თავად რომ ამოიღებს, ეს თავისუფლების უკანასკნელი და მშვენიერი აქტია, სიკვდილის წინ ადამიანის სისტემაზე გამარჯვების აქტი, თუ აპოკალიფსური უმწეობა; არ ვიცი, რა განსხვავებაა სიგარეტის ამ ღერს, დოჩანაშვილის ფართხუნა, დიდჯიბეებიან შარვალს, ტომაშის პიჯაკსა (კუნდერას ,,ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“) და ლაიფციგში კაბარეს მომღერლის დახეულ წინდებს შორის (ამ ისტორიას მარკესი წერს თავის ასევე ავტობიოგრაფიულ წიგნში ,,მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში“. წერს, როგორ აღმოჩნდნენ მოსკოვში მიმავალი ის და მისი მეგობარი გზად ლაიფციგის კაბარეში, სადაც მომღერალს ნეილონის გამოხეულთითებიანი წინდები ეცვა. როგორ გაარკვია მოგვიანებით, რომ დიდი და ,,მშვენიერი“ საბჭოთა ბლოკი ჰიტლერის დამარცხების შემდეგ თავგანწირვით ებრძოდა ყველაფერ დასავლურს და, მათ შორის, ნეილონის წინდებს. წერს, როგორ შეიძლება იყოს ნეილონის დახეული წინდები პირადი სივრცის ტრაგიკული ზღვარი, ერთდროულად მოგონებაც და ოცნებაც თავისუფლებაზე, ქალური კეკლუცობისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციის ყველაზე ხელშესახები გამოვლინება).

რას შეიძლება ფიქრობდნენ ქალები ციმბირის ბანაკებში; რას შეიძლება ფიქრობდნენ ტიფით ნახევრად მკვდარნი პატიმრებით სავსე ბარჟის გემბანზე; რას შეიძლება ფიქრობდნენ დაპატიმრებიდან ცხრა წლის თავზე გათავისუფლებულნი და მერე ექვს თვეზე მეტ ხანს ისევ ბანაკში, პატიმრობაში დარჩენილნი? იქამდე კი წიგნში მშვიდად და კეთილად (მეტისმეტად კეთილადაც კი) არის აღწერილი მილისა (სინამდვილეში ავტორს ანა-ემილია ესკური ჰქვია, უბრალოდ, თხრობისას, რომელიც მესამე პირში მიმდინარეობს, იგი საკუთარი შუასახელის შემოკლებულ ფორმას ირჩევს) და მისი მეუღლის მეგობრობა სტალინის შვილთან, საქმიან მივლინებებში ყოფნა, სასწავლებლად სიარული და თან ფარული, მაგრამ მკაფიო გრძნობა, რომ რაღაც არასწორი ხდება ირგვლივ, რაღაც საბედისწერო. ჰერტა მიულერივით მილიც გამოიჩენს სასოწარკვეთილ სიჯიუტეს, ოღონდ თუ მიულერი ფაბრიკის (თუ ქარხნის) კიბეებზე ზის, ძირს დაფენილ ცხვირსახოცზე და ელოდება, როდის გადაწყდება მისი ბედი, როდის გადაწყვეტს ,,სამსახური“, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და აღასრულოს პარტიის მიერ კარგა ხნის წინ გამოტანილი განაჩენი, მილი იმავეს დაპატიმრებულთა და გადასახლებულთა ბანაკში აკეთებს. გათავისუფლების დღესაც კი მხოლოდ უარესის მოლოდინი აქვს და ოთახში შესვლამდე გადაწყვეტს: ,,თვალსაც არ დავახამხამებ“.

როგორც მარკესი წერს, დიქტატორულ იმპერიათა მთელი საშინელება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ისინი უამრავ ადამიანს შეიწირავენ, უამრავ ცხოვრებას ამოიჭამენ და არარად აქცევენ, არამედ იმაში, რომ ისინი დაქცევის შემდეგაც აგრძელებენ არსებობას და ცოცხლად გადარჩენილთა სულიდან თუ ცნობიერიდან მათი განდევნა გაცილებით რთული და ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე კონკრეტულ ისტორიულ დროში დამდგარი აღსასრული ამ იმპერიათა. ანა ესკურის წიგნშიც ასეა, მართალია, თავად საბჭოთა კავშირის დაქცევა მასში აღწერილი არ არის, მაგრამ სტალინის სიკვდილი კი აღწერილია და პარალელის გავლება რთული არ უნდა იყოს. საზოგადოება, მიუხედავად ტირანის სიკვდილისა, სახეს არ იცვლის, ისევ შეშინებულია, ისევ ღარიბია, ისევ დამსმენია, ისევ მოძალადეა (ამჯერად უკვე დანამდვილებით ნებაყოფლობით მოძალადე), ისევ ვერაგია. შექსპირი ამჯერადაც მართალია, ბოროტებას განუზომელი ძალა აქვს მიზიდულობისა, მისი გადალახვა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, დანარჩენები კი იოლად ეშვებიან ახალი წესრიგის ფერხულში და ძალიან მალე ნებაყოფლობით აკეთებენ იმას,  რასაც იქამდე დაძალებითაც ძნელად გაბედავდნენ.

ანა ესკურის რომანი მე ყველაზე მეტად ალექსიევიჩის ნაწარმოებებს მაგონებს, კონკრეტული ტირანული საზოგადოების აღწერით, მოთხრობილი ამბების შემაძრწუნებელი სიცხადითა და დაუჯერებელი აბსურდულობით. ჩემს წარმოდგენაში ესკურის რომანს ყველაზე მეტად მარკესის მოთხრობის, ,,სანტას“, შემაჯამებელი სცენა მოუხდებოდა ყდად, როდესაც მკითხველი დანგრეული საგიჟეთის შიდა კედელზე უკვდავი ბელადის (ამ შემთხვევაში ფრანკოს) ობოლ და ამაყ გამოსახულებას მოკრავს თვალს. ცხადია, ,,სანტას“ ეს სცენა ნებისმიერ დროსა და ქვეყანას მოერგება, ეგ არის, ბელადის პორტრეტს ოდნავ შეეცვლება ხოლმე ნაკვთები (კორტასარს თუ დავუჯერებთ, თავისით, ადამიანის ხელის ჩაურევლად), ხოლო დანგრეული საგიჟეთის შიდა კედელი კი აუცილებლად პირვანდელი სახით დარჩება.

დასასრულის მაგიერ

ძალიან მიყვარს მეოცე საუკუნის მიწურულის ამერიკული ლიტერატურის ერთი უცნაური წარმომადგენელი, ჩინური წარმოშობის ქალი მწერალი ანცი მინი და მისი 1993 წელს გამოქვეყნებული რომანი ,,წითელი იელი“. რომანი რატომღაც, ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო, 2000-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა ქართულად, ჟურნალ ,,საუნჯეში“ დაიბეჭდა და მერე წიგნად გამოცემული აღარასდროს შემხვედრია (ასეთი რამ ხშირად სჩვევია ქართულ თარგმანებს, ბევრი სხვა ნაწარმოების დასახელებაც შეიძლება ალბათ, მაგრამ ასეთივე გაუგებარი და სასიხარულო იყო, მაგალითად, როცა უცნაური კუბელის, სირილო ვილავერდეს რომანს, ,,სესილია ვალდესს“ გადავაწყდი.  როგორც ჩანს, ბევრი რამაა დამოკიდებული კონკრეტული მთარგმნელის გემოვნებასა და ლიტერატურულ აკვიატებაზე, აკვიატებათა შორის ყველაზე უკეთეს აკვიატებაზე. ჟესტზე, რომელიც ჩემთვის ზღვაში გადაგდებულ წერილიან ბოთლს ჰგავს, განათლებისა და დიდრონ მწერალთა მოყვარულთათვის არაფრისმთქმელია, მაგრამ როგორც კი თავის მკითხველს იპოვის, სამუდამოდ რჩება მის სულშიც და მის გონებაშიც).

ანცი მინის რომანი ჩინურ რევოლუციაზეა, სისხლიან და აბსურდულ 60-იან წლებს ეხება კომუნისტური ჩინეთისას, თავისი შრომის (ჩვენთვის საკონცენტრაციო) ბანაკებით, აკრძალული სიყვარულებით და მოსწავლეთა მხრიდან მასწავლებლის დასმენებით. მაგრამ ამ წიგნში არის რაღაც, რაც მეტისმეტად მიზიდავს, რომლის გახსენებაც გამუდმებით მაცინებს და ყოველ ჯერზე მარწმუნებს, რომ თუ ჩვეულებრივი ცხოვრება უბრალოდ აბსურდია (ზოგიერთ დიდ მწერალს თუ დავესესხებით), ტირანულ სახელმწიფოში ცხოვრება ასჯერ და ათასჯერ დიდი და შემაძრწუნებელი აბსურდია.

ანცი მინის რომანში (ახლა მასზე დაწვრილებით არ მოვყვები, ბუნებით იგი ანა ესკურის წიგნსაც ჰგავს და მიულერის ავტობიოგრაფიულ, ზემოთ უკვე ნახსენებ, ინტერვიუს ფორმით დაწერილ ნაწარმოებსაც, ,,ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა“) არის ერთი მოკრძალებული და, კაცმა რომ თქვას, მორიგი ეპიზოდი სისტემის მხრიდან ოჯახის დასჯისა. თითქოს რა უნდა იყოს გასაკვირი და, მით უფრო, შესაყვარებელი, მაგრამ მე მიყვარს. ამ ოჯახის ყველა წევრი კომუნისტია, ყოველ შემთხვევაში, ანტიკომუნისტობას, ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო, ანტიპარტიულ ფიქრს ისინი არა მხოლოდ ვერ გაბედავენ, ძილშიც არ დაისიზმრებენ, მაგრამ ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს მთავრობის წარმომადგენლები მოვლენ, ოჯახის წევრებს დაიჭერენ და ბანაკებში გააწესებენ. დასმენით მათ მეზობელი დაასმენს, კაცი (ან ქალი), რომელიც საკუთარი მეზობლების შემდეგ შევა ტუალეტში (ტუალეტები საერთოა, ტუალეტი სინამდვილეში ,,ჩეჩმაა“, ფეხსალაგია). შევა ეს კაცი (ან ქალი) ტუალეტში და გამოსული  აცნობებს სადაც ჯერ არს, ჩემ წინ მოსასაქმებლად ჩემი მეზობელი (ესე და ეს) იყო შესული და მე რომ შევედი მერე, ფეხსალაგის ღრიჭოში გაზეთის ნაგლეჯს მოვკარი თვალი, რომლის ერთ გვერდზეც მაო ეხატა, არადა, ნამდვილად განავლის ორმოში, ზედ თავზე ეგდოო. ოჯახს დაიჭერენ, სწორედ ამ ბრალდებას წაუყენებენ (მკითხველი სწორედ ბრალდებიდან იგებს გადასახლების მიზეზს) და როგორც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში იტყოდნენ, ,,დაკარგავენ“ ან ,,ციმბირს უკან დაატოვებინებენ“.

რა შესაყვარებელია, მაგრამ მიყვარს ამ კაცის (ან ქალის) წარმოდგენა, მოსასაქმებლად შესული ტუალეტის შუაგულში ამოჭრილ ღრიჭოს რომ ჩასჩერებია და ცივი ოფლი ასხამს, ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს, შეატყობინოს სადაც ჯერ არს, თუ არ შეატყობინოს. რომ არ შეატყობინოს და ვინმე მასავით ყურადღებიანს მოუნდეს უახლოეს, მეტისმეტად უახლოეს, მომავალში მოსაქმება, მერე რა ქნას? რა ქნას, როგორ დაამტკიცოს, რომ მას არ ჩაუდენია, მას არ ჩაუგდია, მას არ გამოუხოცავს? როგორც კი შეტყობინებას გადაწყვეტს და, დარწმუნებული ვარ, მალევე გადაწყვეტს, მერე უფრო დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდება. რა ქნას, მოისაქმოს თუ არ მოისაქმოს? ვაიდა, მოვიდნენ! ვაიდა, გამოეხმაურონ შეტყობინებას და მარტო დამნაშავეები კი არ დააპატიმრონ, თვითონაც მიაყოლონ, როგორ გაბედე და მაოს სურათს ზემოდან… როგორ მოიქცა ის პატივცემული პერსონაჟი, ტექსტში არ წერია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მოსაქმებას ვერ გაბედავდა.

ახლა ეს ამბავი რატომ მოვყევი, ადამიანები ხომ ისედაც ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ტირანულ საზოგადოების მეხოტბენი (მოხალისენიცა და მსხვერპლნიც), ხარბნი და ვერაგნი, ბელადმადიდებლები და პარტიას ,,შეწირულები“ ასჯერ უფრო ჰგვანან. მგონია, რომ მათ მზერას მხოლოდ ორი მიმართება აქვს: ერთი აღმავალი, სათაყვანო ობიექტისკენ მიმართული, ხოლო მეორე – დაღმავალი. სამყაროს ირონია აქ ის არის, რომ საბოლოო წერტილი მზერისა, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა.

მე კიდევ ეგენი (ალბათ ჩარლზ ბუკოვსკის ავტობიოგრაფიული რომანის გავლენაა), ანცი მინის პერსონაჟისა არ იყოს, სულ ეგრე, ნაწლავებში განავალგაქვავებულ და ერთი ტუალეტიდან მეორისკენ მორბენალ ადამიანებად წარმომიდგებიან და, რა ვქნა, ცოტათი ლიონ ფოიხტვანგერისაც მჯერა და ეგრე მგონია, კარგი ანტიდიქტატორული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუნქციაც ისაა, ზოგიერთები (რაც შეიძლება მეტნი) ტუალეტში ცივოფლდასხმულნი გამოიჭიროს, გამოიჭიროს და პოს ყორანივით დასჩხავლოს დიდი პოლკოვნიკის უკანასკნელი სიტყვა: ,, …“.


[1] “დაგვამარცხებთ, მაგრამ ვერ დაგვარწმუნებთ!”

© არილი

Facebook Comments Box