ინტერვიუ

ზაზა აბზიანიძე – ჩემი ცხოვრების წიგნები

ესეისტი და საბავშვო მწერალი ზაზა აბზიანიძე თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიამბობს:

ითხვის პირველი მოგონება

შვიდ წლამდე ჩვენი ოჯახის იმდროინდელი ცხოვრების სულ რამდენიმე   ფრაგმენტი დამამახსოვრდა. წიგნი მხოლოდ ერთგან ფიგურირებს. დაახლოებით ხუთი წლის ვიქნებოდი და, რაღა თქმა უნდა, უკვე შეყვარებული: პატარა, უსაყვარლეს, პრანჭია სომეხ გოგოს ჯულიეტა(!) ერქვა. ტრაგედია აქაც დატრიალდა, მაგრამ შექსპირისაგან განსხვავებული სიუჟეტით  – ჯულიეტა რაღაც სახადმა იმსხვერპლა და თბილისისათვის ტიპურ ეზოში სულისშემძვრელი კივილი არ წყდებოდა… ყველაზე მკაფიოდ გასვენების დღე მახსოვს, როდესაც მეორე სართულის აივნის გისოსებს ჩაფრენილი, ვუცქერდი, როგორ გამოასვენეს პატარა ხის კუბო ფერმკრთალი ჯულიეტათი და რა მწარედ დავიტირე ჩემი პირველი სიყვარული…  მშობლები დელიკატურად არ გამკარებიან. მარტო ღამით, დაძინების წინ, დედა საწოლთან ჩამომიჯდა და კარგა ხანს მიკითხავდა რაღაც გრძელ ზღაპარს (ალბათ „მძინარე მზეთუნახავს“), რომლის ბედნიერმა დასასრულმა როგორღაც დამამშვიდა და მალევე მიმეძინა კიდეც… ალბათ, სხვა რაღაცებსაც მიკითხავდნენ (ლიტერატორები იყვნენ, ბოლოს და ბოლოს), მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ბავშვობის საყვარელი წიგნები საწერი მაგიდის უჯრაში მიდევს და თანამიმდევრობით დაგისახელებთ: „რწყილი და ჭიანჭველა“ (1945 წ.)  – გაზეთის ქაღალდზე, რაღაც უსუსური ილუსტრაციებით, მაგრამ არცერთი დღევანდელი პოლიგრაფიული შედევრი არ მითბობს გულს ისე, როგორც ეს „გზავნილი“ იმ შორი და სათუთი დროიდან… რამდენიმეს კიდევ ჩამოვთვლი (რაღაც გული ამიჩუყეს!): იოსებ გრიშაშვილის ნაჩუქარი „მეც ყურები დამაჭერი“; ლევან გოთუას საბავშვო პოემა (!) – „მელია და ცუტუნა“ (ესეც ავტორის ინსკრიპტითაა!); კიპლინგის „რიკი-ტიკი-ტავი“ (აქ უკვე მთარგმნელების წარწერაა: მერი იანქოშვილისა და ნათელა კეშელავასი, მეგობრობდნენ ჩემს მშობლებთან); ბაბუაჩემის, ნიკო აბზიანიძის   – „სურათები ცხოველთა სამყაროდან“ (ბიოლოგიას ასწავლიდა ქუთაისის სკოლაში და ბრემის ჩანაწერები გადმოაქართულა);  იმავე წლებში გამოცემული „წითელქუდას“ რუსული თარგმანი, მარშაკის „ხანძარი“ და ლევ ტოლსტოის „საბავშვო მოთხრობები“. სულ ესაა მთელი ჩემი იმდროინდელი განძი…

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

რომელიმე ერთ წიგნს, რომელმაც მოზარდობის დროს შემცვალა, ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საერთო ჯამში, სწორედ  იმ წლებში წაკითხულმა წიგნებმა გამომძერწა. წიგნიერების „პროდუქტი“ ვარ! რაღაც ძნელი წარმოსადგენია, სხვანაირად რომ ყოფილიყო ლიტერატორების ოჯახში (თუმცა, გულწრფელად თუ ვიტყვი ამნაირ „გამოძერწვას“ პრაქტიკულ ცხოვრებაში არაერთი პრობლემაც შეუქმნია!).

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვალა

ორი მწერალი იყო ასეთი – ფრანც კაფკა და ლუის კეროლი: იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც გასული საუკუნის 60-იანმა, „ლღვობის წლებმა“ სულზე მოუსწრო! ოცი წლისანები ვიყავით, ჯერ კიდევ ჩაუმქრალი რომანტიზმითა და ცნობისწადილით. სწორედ ამ დროს გამოიცა ფრანც კაფკას სოლიდური, შავყდიანი პროზაული კრებული. კაფკას ტექსტის ჩაკვირვებული მკითხველი შიშით იგრძნობდა რაღაცას, ძალიან ნაცნობს, იმ მიუწვდომელ, „განგებასთან გათანაბრებულ“  ძალაუფლებაში, რომლის ნებით, უდანაშაულო ბანკის მოხელე  „იოზეფ კ.“-ს, თავს გაუჩეჩქვავენ „პროცესის“ ფინალში… გენიოსის ინტუიციით იწინასწარმეტყველა კაფკამ ტოტალიტარიზმის ეპოქის დადგომა და ჩვენ, დაპყრობილ ქვეყანაში დაბადებული, პატარა, „მოაზროვნე ლერწმები“ განწირულებივით ჩავეჭიდეთ ამ შავ, 600-გვერდიან კრებულს… არცერთი, მანამდე წაკითხული წიგნი, ამგვარი ეგზისტენციალური შიშით არ წამიკითხავს და არცერთს ასე მკაფიოდ არ  წარმოუსახავს პიროვნების უმწეობა ტოტალიტარული მონსტრის წინაშე…

ლუის კეროლი!  („ალისი საოცრებათა სამყაროში“ და „ალისის მოგზაურობა სარკისმიღმეთში“) იმ ასაკში წავიკითხე, როდესაც ზღაპრებს აღარ ეტანებიან,  ოცდაშვიდი წლისამ. არაფერი მსგავსი არც ჩემთვის ნაცნობ ლიტერატურულ ზღაპრებში, არც ფანტასტიკის ჟანრში (რომელიც მაინცადამაინც არც მიტაცებდა) არ შემხვედრია… ეს იყო „ჯადოსნური სარკეების“ ოთახში მარტოდ დარჩენილი ბავშვის გაოგნება! არშემდგარმა მათემატიკურმა გენიამ „პარადოქსული ლიტერატურის“  შედევრი შექმნა  –  ფენომენალური „ონომასტიკური თამაშებით“, თავად ამ თამაშის წესების, დროისა და სივრცის ისეთი შენაცვლებით, სადაც დაინახავდი რეალობის აბსურდს და ირწმუნებდი აბსურდის რეალობას!

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ ვწერდი – ჯერ ლექსებს, მერე დღიურებს… მშობლებს ზღვარსგადაცილებული იმედები ჰქონდათ ჩემი „პოეტობის“ (თან ჩემი ნათლია  –  გიორგი ლეონიძეც აგულიანებდა!) და აქეთ-იქით დაარბენინებდნენ უმწიფარ ხელნაწერებს… დღიურები, ღვთის მადლით, გადანახული მქონდა და, რაღაცაზე გაღიზიანებულმა, ბუხარში დავწვი… პირველი სტატია კი სტუდენტობისას გამოვაქვეყნე 1961 წელს („ვაჟა-ფშაველა და ედგარ პო“)  და ახლა, წამიერად, გული გამითბო იმის გახსენებამ, რომ „წიგნი, რომელმაც  წერის სურვილი  გამიჩინა“, გერონტი ქიქოძისა და ალექსანდრე აბაშელის მიერ 1936 წელს გამოცემული ვაჟა-ფშაველას ერთტომეული იყო.

წიგნი ან ავტორი,რომელსაც ვუბრუნდები

წიგნი, რომელსაც აი, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ხელახლა ვუბრუნდები და ყოველი მორიგი წაკითხვისას, რაღაც ახალ, მანამდე თვალსაწიერს მიღმა დარჩენილ „მარგალიტს“ აღმოვაჩენ  – გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეა“!  ჩემი არჩევანის მიზეზებზე (ობიექტურსა თუ სუბიექტურზე) – წიგნი დაიწერება! წიგნი არა, მაგრამ ერთი ესსე კი მივუძღვენი, სადაც ვამბობ, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან  მთელი ქართული ლირიკული პროზა „ნატვრის ხის“ ჩრდილქვეშ ამოიზარდა… ისიც გამიფიქრებია, რომ მგონი, „პროზაიკოსმა გოგლამ“ აჯობა კიდეც პოეტ სეხნიას…  სუბიექტური მიზეზები საკმარისზე მეტი იყო იმისათვის, რომ ამ ყდაგაცრეცილ, ასჯერ გადაკითხულ „სამაგიდო წიგნს“ საკულტო საგნის ქარიზმა შეეძინა: „ნატვრის ხის“ 1962 წლის გამოცემის პირველი ეგზემპლარი (რაც წარწერაშია ხაზგასმული!) გოგლამ თავის უმცროს მეგობრებს – ჩემს მშობლებს იმავე წლის მარტში უსახსოვრა  – ეს მისი უკანასკნელი საჩუქარი იყო…

წიგნი ან ავტორი,რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

დიამეტრულად განსხვავებული მოტივებით აღარ ვუბრუნდები ამა თუ იმ წიგნს: პირველი მოტივი ბუნებრივი და გასაგებია – არ მომეწონა, ვერ გავითავისე, აღიარებული ავტორია, მაგრამ „ჩემი“ არაა; მეორე მოტივი პარადოქსულია, რადგან, ხშირად, აღარ ვუბრუნდები იმ წიგნებსაც (ქართულსა თუ უცხოურს), რომლებზეც გავიზარდე და ოდესღაც აღტაცებული ვიყავი – ეს შეიძლება ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ იყოს, ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ან რემარკის „სამი მეგობარი“… და კიდევ არაერთი, ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი საკულტო წიგნი…  ვერ ვუბრუნდები – რადგან განხიბვლის მეშინია; მესამე მოტივი „თავდაცვითი ინსტინქტითაა“ ნაკარნახევი და, როგორც წესი –  დოკუმენტურ პროზას ეხება. სიტყვაზე  –  ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს  მეორედ გადავიკითხო  ანა ფრანკის დღიური ან სოლჟენიცინის „არქიპელაგი  გულაგი“… (ცხადია, აქ „თავისუფალი მკითხველის“ პოზიციიდან ვლაპარაკობ და არა ლიტერატურის ისტორიკოსის, რედაქტორისა  თუ გამომცემლის).

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

წიგნს „კეთროვანთა ზღაპრები“ ერქვა, 2018 წელს იყო გამოცემული, ხოლო ავტორი გახლდათ ფსიქიატრი და ქართული მედიცინის ისტორიის ფუძემდებელი – ლადო კოტეტიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილის უმცროსი ძმა. მეტი ყურადღებით რომ  მედევნებინა თვალი ჩვენი ლიტერატურული პრესისათვის, ამ ავტორს ოცი წლის წინ  აღმოვაჩენდი – ზაალ ჩხეიძისა და მანანა ჯანელიძის პუბლიკაციებით ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“. „კეთროვანთა ზღაპრებიდან“ კი, ნიმუშად,  „გოჩმანას“ გავიხსენებ: მოთხრობას ადამიანზე, რომლის ჩაგვრის „მიზეზი იყო პატარა ტანი და ზედმეტად სასაცილო გარეგნობა“!  იშვიათი ფსიქოლოგიზმით, ექსპრესიითა და თანალმობით აღწერილ „პატარა ადამიანის“ ამ დრამას უყოყმანოდ დაუწყვილებდი მიხეილ ჯავახიშვილის პროზის  შედევრს – „ჩანჩურას“, რომლის გამოქვეყნება 1903 წელს, გაზეთ „ცნობის ფურცელში“ XX საუკუნის ქართული პროზის დაბადებად ითვლება!

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

პერსონაჟები, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებდი, ბუნებრივია, პერიოდულად  იცვლებოდნენ: აბა, რომელ ნაკითხ ბიჭს არ გაუიგივებია საკუთარი თავი ტომ სოიერთან ან ჰეკლბერი ფინთან?! შემდგომში, სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“  თავისი მაგნეტიზმით: ჰოლდენ კოლფილდი ყველა „ხილული მახასიათებლით“ –  მარგინალისა და ინტროვერტის  – ჩემი აბსოლუტური ანტიპოდი იყო, მაგრამ რაღაც, ძალიან სპეციფიკურ მიზეზთა გამო,  უსაყვარლეს ლიტერატურულ გმირად და მიუღწევად „სულიერ ორეულად“ იქცა…  ადამიანი, რაც უფრო იზრდება, თუ ნარცისიზმით არაა შეპყრობილი, რაღა თქმა უნდა, პოულობს „ორეულებს“  სხვადასხვა პერსონაჟში: ერთისათვის – ეს ალიოშა კარამაზოვია, მეორისათვის – დორიან გრეი! მაგრამ, საზოგადოდ, ამგვარი „მიმეტიკური ძიებანი“ ისეთ ინტიმურ ასოციაციებს იწვევს, იმდენად დრამატულია, რომ, საბოლოოდ  „სულიერ ექსჰიბიციონიზმში“ გადადის და ამას მხოლოდ პოეტი თუ გაბედავს… და ისიც, ზოგჯერ, სიცოცხლის ფასად… ესსეისტები ნაკლებ გულახდილნი ვართ…

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

არ მიყვარს „ნომენკლატურული მწერლობა“ – არც პერსონები და არც მათი „შედევრები“, რომლებიც ახალ სინამდვილეში ანტიშედევრები აღმოჩნდნენ. არ გეგონოთ, რომ მარტო საბჭოთა სინამდვილეს ვგულისხმობ… დამოუკიდებლობის ოცდაათმა წელმა ბოლომდე ვერ ამოძირკვა ცნობიერებაში გამჯდარი 70-წლოვანი   მითოლოგემები, კლიშეები  და „თანამედროვეობის კლასიკოსთა რეკომენდებული ნუსხა“…  ეს ყველაფერში მჟღავნდება:  XX საუკუნის ლიტერატურის ისტორიისადმი მიძღვნილ ნაშრომებში თუ ანთოლოგიებსა და კრებულებში…  აგრეთვე ვერ შევიყვარე თვითირონიას მოკლებული, „კოტურნებზე მდგარი“ მწერლები, რომლებიც (ლამის აკვნიდან) გამიზნულად „მუშაობდნენ“  ბიოგრაფიული მითის შექმნაზე. აქ რამდენიმე მაგალითის მოხმობა მინდოდა ჩვენი მწერლობის წინა თაობებისა თუ თანამედროვე „ცნობადი სახეებიდან“,  მაგრამ, ბოლოს, მაინც თავი შევიკავე… 

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩემი უსაყვარლესი მწერლის – მარსელ პრუსტის  საკულტო შვიდტომეულის („დაკარგული დროის ძიებაში“) მარტო პირველი ორი და  (რატომღაც) მეექვსე ტომი მაქვს წაკითხული. ამას ვერც ავხსნი: ამ სამი ტომის კითხვისას მთელი ჩემი ემოციური რესურსი გავხარჯე, თუ იმდენად ზუსტად ვიცოდი, რას დაწერდა პრუსტი დანარჩენ ტომებში, რომ წაკითხვას აზრიც აღარ ჰქონდა?!  – ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად ასე იყო… ამ ფონზე ბოლომდე არწაკითხული კიდევ რამდენიმე რომანი რომ ჩამომეთვალა, თან ქართველი ავტორების, ვგონებ, არცერთი არ გამინაწყენდებოდა…

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე, ასეა დასათაურებული – „ცხოვრება ორ სამყაროში  – გრიგოლ რობაქიძე“. ავტორი გახლავთ ჩემი უმცროსი კოლეგა და კონკურენტი „საბას“ წლევანდელი კონკურსის ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე. შემიძლია ვთქვა, რომ გრიგოლ რობაქიძეზე აკაკი ბაქრაძის ბრწყინვალე ბიოგრაფიული ნარატივის შედეგ, ასეთი საინტერესო გამოკვლევა არ წამიკითხავს. სრულიად გულწრფელად მივულოცე გამარჯვება. იგრძნო! „ორი სამყაროს“ მეტაფორას თუ განვაგრძობ –  „კონკურენციის სამყაროდან“, სპონტანურად, „კოლეგიალური სოლიდარობის სამყაროში“ გადავინაცვლეთ…

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

გია ჯოხაძის “Terra Historika”-ს, თან – მეორედ! ამჯერად, ერთობლივი საგამომცემლო პროექტი ჩავიფიქრეთ  და „აუცილებელი ინვენტარის“ ფუნქციას ასრულებს. პირველი წაკითხვის შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ: თავი ნაკითხი ადამიანი მეგონა და, თურმე, რამდენი რამ არ მცოდნია! ჩემს თავს ვეკითხებოდი: როდის მოასწრო ამ ექსტრავერტმა ასე ანალიტიკურად შეესწავლა და შეეფასებინა ეს ზღვა მასალა?! (სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ – დღემდე მგონია, რომ ნამდვილი მეცნიერი ნელა უნდა დადიოდეს და ექსპანსიური არ უნდა იყოს!). მთავარი, რაც მენიშნა: იშვიათად ბუნებრივი და ლაღი, ზოგჯერ – იუმორნარევი წერის მანერა  – ისტორიკოსისა და ლიტერატორის ჰარმონიული თანაარსებობის შედეგი… მოკლედ, მართლაც გავთვითცნობიერდი, თუ რას ნიშნავს  ისტორიისადმი სემიოტიკური მიდგომა; რით განსხვავდება წარსულის ისტორიული და კოსმოლოგიური აღქმა; როგორია ისტორიის ენის ევოლუცია. როგორღაც, „შინაური დისკუსია“ გვქონდა თემაზე – ქართველი მწერლები და ევრაზიული კულტურა. ბევრი რამ ახალი ამოვიკითხე წიგნის იმ თავში, რომელსაც „მარადი შუა საუკუნეები“ ჰქვია და საქართველოს ისტორიის საბედისწერო ეპიზოდებზე მოგვითხრობს. ყველა შემთხვევაში, მეგობრის წიგნთან მიბრუნება ამ მეგობართან დაუსწრებელი კონტაქტია და ასეთ დროს საკუთარ თვალებში მაღლდები…

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

პიტერ აკროიდის „ოსკარ უაილდის ანდერძი“ (1984)  – სრულიად მომაჯადოებელი წიგნი, სადაც უაილდად გარდასახული აკროიდი წერს დღიურს-აღსარებას, რომელიც, რუსული თარგმანის წინათქმას თუ დავუჯერებთ, – „აღიქმებოდა უფრო უტყუარად და გულწრფელად, ვიდრე თავად უაილდის აღიარებანი “De Profundis”-ში“.  დაბოლოს, რადგან თაკო ჭილაძის თარგმნილი აკროიდის  „შექსპირი“, ხოლო  გიორგი წიკლაურისა – „ლონდონი“ უკვე გვაქვს, – გავასამოთ!!!

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ, ელენე ჯაფარიძის „ბელზებელია“! შარშან გამოსცა „პეგასმა“ და პრეზენტაციის წინა ღამე გამათენებინა… ახალგაზრდობისას, სრულიად შემთხვევით, ერთი გამოჩენილი ბიოლოგის, საინტერესოზე-საინტერესო წიგნი წავიკითხე – „Наука о боли“ („მეცნიერება ტკივილის შესახებ“), რომელშიც ევოლუციური „კიბე“– ამებიდან  –  ადამიანამდე, განხილული იყო ტკივილზე რეფლექსიის ინტენსივობის მიხედვით  (ამებას საერთოდ არაფერი არ სტკივა –  არც თავისი და არც სხვისი!). ეს იშვიათი წიგნი მიგახვედრებდათ, რომ წარმოსახულ, ანალოგიურ კიბეზე, მარტოოდენ ადამიანებს თუ განათავსებთ, ემპათიის მიხედვით – უმდაბლეს საფეხურზე მყოფნი – ამებებს გაუთანაბრდებიან!  ჩათვალეთ, რომ ის ერთი ღამე ადამიანების ნიღბებს ამოფარებულ ამებებთან გავატარე. „ბელზებელი“ ნაკლებ ტრაგიკული იქნებოდა, რომ ავტორისეული თხრობა ერთ, ღვთისგან მივიწყებული საბავშვო სახლის რეალურ ისტორიაზე არ იყოს დაფუძნებული… გადადებ ამ სულისშემძვრელ წიგნს და როდესაც პირველი შოკი გაგივლის და ირგვლივ მიმოიხედავ, ეს მონათხრობიც აღარ გიკვირს, რადგან  დაუსჯელი აგრესიულობა, ოჯახური ძალადობა თუ ბავშვის ელემენტარულ უფლებათა უგულებელყოფა – ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა…

© არილი

Facebook Comments Box