“გიმღერებს და ამღერდება…”
ალექსანდრე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ილიას ლექსი დაწერილია 1860 წელს. მის პირველსავე სტროფს რომ წაიკითხავ, მიხვდები – იმ დროს პოეტის ლექსები ხშირად იმღერებოდა სამეჯლისო დარბაზებში:
მისი ლექსი შვებით, ლხენით,
ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
გულს ჩაეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს,
გიმღერებს და ამღერდება…
მერე, თუ ამავე თვალით დააკვირდები იმდროინდელ და უფრო ადრინდელ მწერლობას, დაასკვნი – პოეტის ლექსები იმღერებოდა ყველგან…
“ვის არ სმენია ლექსი ესე, რომ მყის სევდები…”
ქართველი მკითხველისთვის ბავშობიდანვე ნაცნობია ეს სტრიქონები ბარათაშვილის ლექსიდან “ღამე ყაბახზედ”:
“თქვი რამ” ეტყვიან ყაფლანს ზოგნი-ერთი ქალები,
“თუნდ თავსა უფლად, ახლა პრანჭვას ნუ კი მოჰყვები!”
ყაფლანც სულდგმული აშიკობით დაიღიღინებს
გულის საკვდავად და თანდათან ყელს მოიღერებს.
ვის არ სმენია ლექსი ესე, რომ მყის სევდები
არა აჰშლოდეს ჩვენსა ქალსა – ტრფობის ჭირები.
ლექსში ლამის დოკუმენტური გულმოდგინებით არის აღწერილი პოეტის შთაბეჭდილებები გარეთუბანში გატარებული ერთი თბილისური ახალშეღამებისას. ზუსტად არის ცნობილი დრო და ადგილი, სადაც “გულის საკვდავად” მღეროდა ყაფლან ორბელიანი: 1836 წლის ზაფხული, მაშინდელი ყაბახი, შემდეგდროინდელი ალექსანდრეს ბაღის ქვემო ნახევარი.
ზემოთ მოყვანილია ნაწყვეტი ლექსის საბოლოო ვარიანტიდან (ბარათაშვილი 1972: 28). პირველ ვარიანტში (იქვე, 98) ყაფლანის სიმღერას ცოტა მეტი ადგილი ეთმობა და აღწერაც უფრო გულმოდგინეა:
“თქვი რამ”, იტყვიან, “ყაფლან, ყაფლან”, ზოგნი ქალები,
“თუნდ თავსა უფლად! ახლა პრანჭვას კი ნუ მოჰყვები”.
ყაფლანც მორჩილი სატრფოთა მათ დაიღიღინებს
გულის საკვდავად და თან და თან ყელს მოიღერებს.
ვის არ გსმენიათ მის ლმობით თქმა, რომ მყის სევდები,
კეკლუცნო ქალნო არ აგშლიათ გულად მკვიდრები!
კილოს და კილოს ხორხში ამოდ დაარაკრაკებს
და მას ნიავი არე-მარეს შეამუსიკებს.
თვით ალ. ჭავჭავაძის ლექსზე, რომელიც მაშინ ასეთი ძალით უშლიდა კეკლუც ქალებს გულში მკვიდრ ტრფობის ჭირებს, არაფერია ნათქვამი. შესაძლოა იმიტომაც, რომ თანამედროვეთათვის იგი კარგად იყო ცნობილი. დღეს, როცა ლექსს ვეცნობით ეპოქისეული კონტექსტების (მათ შორის, ყაფლანის “ამოდ რაკრაკა” ხმის) გარეშე, ძნელი გასაგებია, რის წყალობით იწვევდა იგი ასეთ “გულის საკვდავ” და “ტრფობის ჭირთა ამშლელ” ზემოქმედებას. ლექსი ასე იწყება:
თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ!..
ერთგზის თქვენცა ტრფიალება
ჩემებრ მწარედ დაგიმონებთ.
მეცა ვიყავ მოქადული,
ვიდრე ჩემად მქონდა გული,
ფიქრთა ვერად შემირყევდა
აშიყთ მტანჯი სიყვარული.
და ასე მთავრდება: <მას შემდეგ, რაც სატრფო ვიხილეო>
მომესია სევდათ გუნდი,
შემომერტყა ბნელი ბუნდი,
ჯაჭვი დამდვა მონებისა,
კისრად ვიღე და დავდუმდი.
“მახსოვს სიამით, ოდეს ტკბილის ხმით…”
სხვა შემთხვევაში, როდესაც ფორტეპიანოზე მომღერალ ეკატერინას ასხამდა ხოტბას, ბარათაშვილს საჭიროდ მიუჩნევია მცირე კომენტარი: სტრიქონებს –
მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულს მოელხინარე… –
ახლავს განმარტება: “ბულბული და ვარდი ლექსია სამღერალო, ნათარგმნი რუსულიდამ თავადის ჭავჭავაძისაგან”.
საკითხი შეისწავლა იოსებ გრიშაშვილმა და გაარკვია, რომ თავად ჭავჭავაძეს უთარგმნია ლექსი თავისი ნაცნობისა, იმხანად საქართველოში მყოფი ა. ი. ოდოევსკისა, რომელიც “ძალიან მოკრძალებული ადამიანი იყო, იგი მართალია ლექსებს წერდა, მაგრამ თავის თავს პოეტს არ უწოდებდა” (გრიშაშვილი 1957: 100).
ამ ლექსის ოთხი სტროფიდან პირველი ორი ასეთია:
– ვარდო რად ხარ თავდახრილი?
რად მარიდებ პირსა შენსა,
არ მომხედავ შენსა მღერალს,
მარად შენთვის აღნაგზნესა?
– რად მოგხედო მაღლად მომთქმელს,
მე გლახ თავსა ჩემსა ვბრალობ;
ვიცი, არც ნამდვილად მეტრფი,
არც საკუთრად ჩემთვის გალობ!
ბარათაშვილი ამ ლექსს “სამღერალოს” უწოდებს, ე. ი. იგი თავიდანვე იმ მიზნით უნდა ყოფილიყო ნათარგმნი, რომ სიმღერად შეესრულებინათ.
აქვე, ამ ერთი ლექსის მაგალითზე, შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვას: რა მელოდიაზე იმღერებოდა ა. ჭავჭავაძის ლექსები? პასუხი ასეთი იქნება: სრულიად სხვადასხვაგვარ მელოდიებზე, იმის მიხედვით, თუ ვინ მღეროდა და რა ინსტრუმენტის თანხლებით.
ეკატერინას ნამღერთან დაკავშირებით ი. გრიშაშვილს მოჰყავს ი. მეუნარგიას სიტყვები: “ეს [ვარდი და ბულბული] მაზურკათ გადაკეთებული იყო და მაზურკის ხმით მღეროდნენ”, და იქვე ურთავს შენიშვნას: “ეს ხმა გავრცელებული ყოფილა საქართველოში. აკაკისაც აქვს ლექსი ამ სათაურით: “მაზურკის ხმაზედ” (იქვე, 100).
ცხადია, სრულიად სხვა მელოდიაზე იმღერებდა ამ ლექსს გათბილისელებული აზერბაიჯანელი ვირტუოზი, რომელიც თავის დასტის თანხლებით გამოდიოდა: “ცნობილი მომღერალი სათარა “ვარდსა და ბულბულს” განსაკუთრებული ეშხით მღეროდა თურმე. გაზეთი “კავკაზი” აღტაცებულია მომღერლის მიერ ამ ლექსის შესრულებით” [1853 წელს -ზ. კ.] (იქვე, 104).
“ეს ლექსი თავისი ჰანგით ისე ყოფილა გავრცელებული, ჩვენს მუზეუმებში დაცულ ხელნაწერთა შორის, ასეთი სათაურიანი ლექსებიც გვხვდება: “იმღერება ვარდო რად ხარ თავდახრილის ხმაზე”… (იქვე, 104) უეჭველია, აქ სწორედ სათარას მიერ შესრულებული ჰანგი იგულისხმება და არა მაზურკის “ხმა”. ამ მელოდიის შესახებ ი. გრიშაშვილი წერს: “სამწუხაროდ, ძნელია აღდგენა იმ ჰანგისა, რა ჰანგზედაც მღეროდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის ამ მშვენიერ თარგმანს” (იქვე, 104).
უცნაურია, მაგრამ იგი ყურადღების გარეშე ტოვებს თავისივე სტატიის დასაწყისში მოყვანილ ცნობას: ორ კრებულში (“სალხინო საზანდარი”, 1870 წ. და ალ. ჭავჭავაძის ლექსების 1881 წლის გამოცემა) ეს ლექსი შესული ყოფილა სათაურით: “საჰარის ხმაზედ”. ამგვარი უყურადღებობის მიზეზი კი ის უნდა იყოს, რომ მითითება – “იმღერება ვარდო რად ხარ თავდახრილის ხმაზე” – რაღაც სხვა მელოდიას უნდა გულისხმობდეს, და არა მსმენელ-მკითხველებისთვის კარგად ნაცნობ “საჰარის ხმას”.
მაგრამ ამ ცნობიდან ის ხომ მაინც ნათლად ჩანს, რომ ლექსი ან (1) საარის ხმაზეც იმღერებოდა და, აგრეთვე, ჩვენთვის უცნობ აღმოსავლურ მელოდიაზეც, მისი სახელი რომ შეუძენია; ან კიდევ (2) “ვარდო რად ხარ თავდახრილის ხმა” ძალიან ჰგავდა საარის ჰანგს.
“დღეს მოგვეცა შვება, ლხენა…”
ზურაბ ანტონოვის პიესა “მზის დაბნელება საქართველოში” (დაიდგა 1853 წ.). მეორე მოქმედება თამაშდება დიდუბის მინდორში, სადაც ხალხი საგანგებოდ არის გასული, მზის დაბნელების სანახავად.
აქ, მეოთხე სცენაში, შემოდიან “შარლატანები შარლატანურათ ჩაცმულნი, თეთრის ქუდებითა”. ჩანს, ეს იმ დროისთვის ახალშემოსული სიტყვა გარკვეულ სოციალურ ტიპს აღნიშნავდა, მას ჩაცმის თავისი სტილიც კი ჰქონია, რომლის ერთი შემადგენელია თეთრი ქუდი. ამაზე უნდა მიუთითებდეს რეპლიკის: “შარლატანურათ ჩაცმულნი, თეთრის ქუდებითა”. პიესის შარლატანები ერთი უსაქმური ლოთბაზარა ხალხია, ხმაურიანი და უხეში გართობით:
“შარლატანები შემოდიან შარლატანურათ ჩაცმულნი, თეთრის ქუდებითა, ცალ-ცალს ხელში უჭირავთ თითო საღვინე ჩაფი ღვინითა, და ცალ-ცალში ჩინურის ჯამები და ერთათ მღერობენ
ივანე. ჰაზარუ!
დარჩო და სხვანი (ერთად). ჰაზბანდარუ! (მღერობენ ერთად.)
ლოთებო ნეტავი ჩვენა, არიალალი,
(ასხამენ ღვინოს ჯამზედ.)
დღეს მოგვეცა შვება, ლხენა თარილალი!
ივანე. ვიპიმ შტოლი?
სამნი ერთად. რაზუმეიცა ვიპიმ.
დალევენ ერთად და მოჰყვებიამ სიმღერას.
ნოემ რომ ერთხელ ინება, არიალალი,
ყურძნის წვენის გემოვნება, თარიალალი! (დაიყვირებენ.)
ივანე. ჰაზარუ!
სამნი ერთად მღერობენ. ჰაზბანდარუ!
თითონ ნუნუას მიუჯდა, არიალალი!
წყალი პირუტყვთ დაანება, თარიალალი! (დაიყვირებენ.)
ივანე. იშო ვიპიმ შტოლი?!
სამნი ერთად. რაზუმეიცა ვიპიმ.
ივანე. ჩვენც ნოესავით ნუნუას მივუჯდეთ და წყალი ნავს კაცებს დავანებოთ”. (…ანთოლოგია 1991: 65)
ავტორმა ალბათ იცოდა, მაგრამ პერსონაჟებს ნამდვილად არ აინტერესებთ, რომ “შარლატანების” ჰიმნად ქცეული ამ სიმღერის ტექსტი არის მცირე ფრაგმენტები – პირველი სტროფის ნახევარი და მთელი მესამე სტროფი – ალ. ჭავჭავაძის 15–სტროფიანი ლექსისა, რომელიც ხელნაწერთა უმეტესობაში უსათაუროა, ერთ მათგანში კი “ლოთური სიმღერა” ჰქვია.
სხვათა შორის, სიმღერისეულ “არიალალი, თარიალალი”-საც კი მოეძებნება წყაროებში საფუძველი: “ხელნაწერებში ყოველ ტაეპს ემატება მისამღერი “იალაი, იალაი” ან “ალიალალი” (ჭავჭავაძე 1986: 281). იქვე ნათქვამია, რომ მისამღერი, ი. გრიშაშვილის აზრით, “მომღერლების მიერ უნდა იყოს ჩამატებული”, მაგრამ ჩვენი თემისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია “ალიალალი”-ს ავტორისეულობის საკითხი, მთავარია, რომ მისამღერი ყოფილა ამ სიმღერის შესრულების მყარად დამკვიდრებული ტრადიციის ნაწილი.
აქვე შეიძლება გავიხსენოთ ყაფლანის და ეკატერინას სიმღერა და დავასკვნათ, რომ ანტონოვის პიესაში ასახულია უეჭველად ყველაზე არამელოდიური და უსიამოვნო მცდელობა ალ. ჭავჭავაძის ტექსტის ამღერებისა.
“კახურმა ღვინომ და ცხონებულ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებმა…”
“სურამის ციხე” (დაიბეჭდა 1859-60 წწ.) ასე იწყება:
ზაფხულის ხვატში დროს სატარებლად მტკვრის პირას ყოველ საღამოს იკრიბება რამდენიმე ჭაბუკი: “იყო ერთი იმ მშვენიერთა საღამოთაგანი, რომლითაც, სიცხის გარდა, ისე მდიდარია ჩვენი საქართველო. ყმაწვილებმა ის იყო იბანეს და ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი იცომდა, ზოგნიც შემომსხდარიყვნენ და ყურს უგდებდნენ დ. ბ., რომელსაც მუხლზედ ედო თარი, უკრავდა და დაბალი ხმით დაღიღინებდა”.
ამის შემდეგ ბიჭები ვახშამს ამზადებენ და რიგრიგობით იწყებენ სურამის ციხის ტრაგიკული ამბის თხრობას. იმ დღეს ამბის კონტურები უკვე გამოიკვეთება, მთავარი პერსონაჟებიც გამოჩნდებიან. ბიჭები გადაწყვეტენ, ერთი მათგანის, სატრფოსგან ვერაგულად მიტოვებული ვარდოს შესანდობარი დალიონ, მაგრამ, როდესაც სმას დაიწყებენ, “რამტენიმე წუთის შემდეგ კახურმა ღვინომ და ცხონებულ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებმა დაავიწყეს ყმაწვილებს ვარდოც და ისიც, რო უნდა დაელიათ იმის შესანდობარი” (…პროზა7 1984: 253).
აქ უკვე პოეტის რომელიმე ლექსის სიმღერად თქმაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ნახსენებია, საერთოდ, ალ. ჭავჭავაძის ლექსები, როგორც იმდროინდელი ლხინის ყველაზე ბუნებრივი მუსიკალურ-ემოციური აკომპანემენტი.
.”ეგ სიტყვებიც კარგია და სიმღერის კილოც, ეგ სწორედ ნამდვილი ქართულია…”
1862 წელს აკაკი წერეთელი სახლში ეწვია “ცისკრის” რედაქტორ ივანე კერესელიძეს. ივანემ სუფრა გაშალა და მიიპატიჟა ჟურნალის რამდენიმე თანამშრომელი. ვიდრე სუფრას მიუსხდებოდნენ, ერთი მათგანი, ალექსანდრე ორბელიანი, ჩიოდა: “სიმღერასაც ვეღარ ვახერხებთ ქართულად… ბაიათებსა და შიქასტებს გავჰკივით. ზურნა-დაფის ხმაზე ჩვენი საქრისტიანო ამოვარდა; მეფეები და ერი ეწამა და ჩვენ დღეს კიდევ მოგვწონს და გვენატრება ის ხმა” (წერეთელი 1961: 22).
სუფრას რომ მიუსხდნენ, “კედელზე ჩამოკიდებული იყო თარი, ჩონგური დაირა, დიპლიპიტო, სალამური, ჭიანური და სხვანი. მასპინძელმა ჩამოიღო თარი, დაუკრა და დაამღერა:
ამა სოფლისა ცხოვრება
ვერცხლით არ მოიპოვება,
მდიდარიც ბევრი ნახულა –
ოხრად რჩენოდეს ქონება…
შემოსძახა და მოუბრუნდა ალექსანდრეს:
– ბატონო, მართალია გძულს ეს სიმღერა, მაგრამ, რა ვქნათ, რომ მაინც კარგია.
– ვინ მოგახსენათ? ეგ სიტყვებიც კარგია და სიმღერის კილოც, უპასუხა ორბელიანმა. – ეგ სწორედ ნამდვილი ქართულია. მე ვამბობ თათრულ კილოზედ და ბაიათებზე” (იქვე, 22-23).
სიმღერას, რომლის სიტყვებმა და მელოდიამაც ისე მოხიბლა ყველაფერ ქართულის ტრფიალი და ყველაფერ აღმოსავლურის მოძულე ალ. ორბელიანი, რომ თარის აკომპანემენტთანაც კი შეარიგა, ალ. ჭავჭავაძის ლექსი ედო საფუძვლად.
და მაინც, ზენიტი უკვე გავლილი იყო: ახლა ვიცით, რომ ჭაბუკი აკაკის უკვე მხოლოდ გამოჩენაც კი მიუთითებს: ახლოს არის ჟამი “სამღერალო ლექსების” სივრცეში ალექსანდრე ჭავჭავაძის განუყოფელი ბატონობის დასასრულისა.
ქართულ ლირიკაში აკაკის ეპოქა იწყებოდა…
ლიტერატურა:
..ანთოლოგია 1991: ქართული კლასიკური დრამატურგიის ანთოლოგია. თბილისი: გამომცემლობა “ქართული თეატრი”, 1991.
ბარათაშვილი 1972: ბარათაშვილი ნიკოლოზ. თხზულებანი. აკაკი გაწერელიას და ივანე ლოლაშვილის რედაქციით. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1972.
გრიშაშვილი 1957: გრიშაშვილი იოსებ. ლიტერატურული ნარკვევები. თბილისი: სახელგამი, 1957.
..პროზა7 1984: ქართული პროზა, წიგნი VII. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1984
ჭავჭავაძე 1986: ჭავჭავაძე ალექსანდრე. თხზულებები. შეადგინა, რედაქცია გაუკეთა, წინასიტყვაობა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ირაკლი კენჭოშვილმა. თბილისი: გამომცემლობა “მერანი”, 1986.
წერეთელი 1961: წერეთელი აკაკი. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. XIII. თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1961.
© “არილი”