ერთ-ერთი პირველი, რაც დღეს თვალში გვეცემა და გვეუცნაურება მხატვარ გრელოს ნახატზე “ნადიმი ტფილისში” (Les festin de Tifflis), რომელიც ჟან შარდენის წიგნშია დაბეჭდილი და ასახავს ქორწილს ქართლის მეფის ოჯახში, თბილისის სამეფო სასახლეში, არის მთელი ამ სანახაობის მოსალოდნელზე მეტად აღმოსავლური იერი. ვფიქრობ, ამ შთაბეჭდილებას, უწინარეს ყოვლისა, სტუმრების სამოსთან ერთად, მათი ჯდომის წესი ქმნის: ფიცარნაგზე ფეხმორთხმით მსხდომი მექორწილეების წინ გაშლილი სუფრა. ნადიმი XVII საუკუნის 70-იან წლებში გაიმართა (უფრო ზუსტად – 1673 წლის 16 თებერვალს).
იოანე ბატონიშვილს თუ დავუჯერებთ, ადრე ქართველები სხვაგვარად ისხდნენ: “ყოველნი კაცნი სხდებოდნან სკამებთა ზედა, და აქვნდათ გრძელნი სტოლები, ფიცრისაგან ქმნილნი, წინდასადგმელნი პურის საჭმელად” (იოანე 1984: 560).
იოანეზე რამდენიმე ათწლეულით ადრე და უფრო საყურადღებო კონტექსტში იგივე აქვს ნათქვამი ვახუშტი ბატონიშვილს: ქართველებმა ძველად “არა დაუტევიან ღმერთნი, და მეფე და ჩუეულებანი თÂსნი. ტაბლასა ზედა სჭამდიან და ნადიმობდნენ, სკამთა ზედა სხდიან, ბოდიშობდიან ქუდის მოÃდით, ვითარცა აწ მთის კაცნიცა, სმიდიან ღÂნოსა, სჭამდენ Ãორცთა პირუტყუთა და ნადირთათა, ნადიმობდნენ მეფისა თანა და ურთიერთთა თანა” (ვახუშტი 1973: 24). როგორც ვხედავთ, ვახუშტი ზნეობრივი ქცევის ერთ სივრცეში ათავსებს ღვთის ერთგულებას (რა ვუყოთ, რომ ძველ, წარმართ ქართველებზე და მათ ღმერთებზე არის საუბარი), მეფის ერთგულებას და ტაბლასთან სკამზე ჯდომას. მეფის ერთგულება და ტრადიციის, წესების ერთგულება ერთმანეთთან კავშირში არის მოაზრებული: ის ძველი ქართველები “მეფეთა თÂსთა მიუდრეკელად ერთგულებდენ, გარნა თუ სძლია ვინმე მძლავრთაგანმან არა დაემორჩილიან, არამედ კუალად იპყრიან თÂსნივე წესნი” (იქვე, გვ. 24).
ეს კარგი წესები “თათართა ყეენობის” დროს შეიცვალა: “წესნი ესენი რომელნიმე ფლობასა თათართა ყეენობისასა შეიშლებოდნენ, ვითარცა დაბლა ნოხთა ზედა სხდომანი, ეკლესიათა შინა მოუხდელობა ქუდისა თუ არა ჟამად, რამეთუ საუფლოთა სიტყვათა ზედა მოიÃდიდიან, თÂნიერ მისსა არა, არცაღა ბოდიშობდიან ქუდის მოÃდით, და სხუანიცა უჯერონი მრავალნი, ვითარცა იტყÂს ორცოლიანობასა და სამცოლიანობასა, და მეფეთა წინააღმდგომობასა, და განდგომილებასა” (იქვე, გვ. 30). როგორც ვხედავთ, ვახუშტი საერთო ზნეობრივი გადაგვარების ერთ-ერთ გამოხატულებად მიიჩნევს სკამების ნაცვლად ნოხებზე ჯდომას, რაც ისეთივე “უჯერო წესია”, როგორც ეკლესიაში ქუდმოუხდელად დგომა, მრავალცოლიანობა და მეფეთა ორგულობა.
თვით ვახუშტის დროს ისევ ეს შერეული ქართულ-სპარსული და ქართულ-ოსმალური წესები იყო გაბატონებული ქცევაშიც, კულინარიაშიც, არქიტექტურაშიც: “აწინდელთა ჟამთა აქუნდათ წესნი იგინივე და შერეული ყიზილბაშთა ესენი, რამეთუ სხდიან ნოხთა უსკამოდ, Ãელითა სჭამდიან. სანოვაგე ქართველთა და კახთა უმეტეს ყიზილბაშთა რიგისა, ხოლო მესხთა – ურუმთა და იმერთა – ურუმულთაგან შერეული; და სასახლეთა შენებანი მათივე რიგისა და არღარა ქართული თÂნიერ დარბაზისა” (იქვე, გვ. 31).
ჰო მაგრამ, რამდენად შეეფერება სიმართლეს ვახუშტის ცნობა, რომ ადრე სკამებზე ისხდნენ ტაბლების წინ და ხალიჩაზე ფეხმორთხმით ჯდომა მხოლოდ მოგვიანებით სპარს-ოსმალთა გავლენით დამკვიდრდა? საბედნიეროდ, ჩვენამდე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სასწაულებრივად მოაღწია “ხელმწიფის კარის გარიგებამ”: მისი ერთადერთი ხელნაწერი სწორედ მაშინ გამოგავეს ქართლის ერთ სახლში ნაგავთან ერთად ოთახიდან, როდესაც მის კარში ექვთიმე თაყაიშვილი შედიოდა: “ხელნაწერი, რომელშიც დაცულია გარიგება Ãელმწიფის კარისა, ჩვენ ვიპოვეთ რამდენიმე წლის წინათ ქართლში მოგზაურობის დროს ერთს გაპარტახებულ სახლში და ამოვიღეთ ნაგავიდან, რომელიც ჩვენს თვალს წინ გამოგავეს ოთახიდან” (ჯავახიშვილი 1967: 417. “გარიგება” ქვემოთ ციტირებული იქნება ამ წიგნიდან, სადაც მისი ტექსტი რედაქტორმა სიმონ ყაუხჩიშვილმა შეიტანა ძეგლის აღმომჩენ-პირველგამომცემის წინასიტყვაობასთან ერთად).
“ხელმწიფის კარის გარიგება” საშუალებას გვაძლევს დოკუმენტურად ფიქსირებული სახით გავეცნოთ სასახლის ცხოვრებას შარდენისა და ვახუშტის ეპოქაზე რამდენიმე საუკუნით ადრინდელი დროისათვის (როგორც ე. თაყაიშვილი წერს: “კ. გარიგება შედგენილია არა უადრეს მეცამეტე საუკუნის დასასრულისა და არა უგვიანეს მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრისა” – ჯავახიშვილი 1967: 421).
შემთხვევითობაა, მაგრამ სკამსა და ტაბლას მაშინვე წავაწყდებით, როგორც კი “კარის გარიგების” კითხვას ვიწყებთ (ხელნაწერს დასაწყისში აკლია ერთი რვეული და შემთხვევითობა ის არის, რომ გადარჩენილი ტექსტი რამდენიმე წინადადების შემდეგ სწორედ ჩვენთვის საინტერესო სკამსა და ტაბლას მიადგება): საახალწლო სუფრაზე მეფეს “საღვინეთ წინ ქვე დასმენ მაღლა სკამითა, ტაბლას წინ დაუდგმენ და ველურის ტახის თავს მოხარშულს წინ დაუდგმენ“ (ჯავახიშვილი 1967: 442), ე. ი. სკამი და ტაბლა საახალწლო რიტუალის საკანონმდებლო დონეზე ფიქსირებული ელემენტებია.
შემდგომაც, როცა ზოგ განსაკუთრებით საპატიო სტუმარზეა საუბარი, პურად მათი დასხმის წესში სკამებიც არის გათვალისწინებული და ტაბლებიც: ისინი “დაისხმიან დიდროანითა სკამითა, მას ზედა ოქსინოებითა და სასთაულითა, წინა ტაბლებითა და ზედა ტაბიკითა. და რა ზედა სამი ჯამი მეფესა წინა დაუდგან, ექვსი ჯამი მათ წინა დადგან. აქათ დარბაზსაც სდგმიდენ მწდე, განაღამცა თÂთო ადგა“ (ჯავახიშვილი 1967: 454). ე.ი. მათთვის განსაზღვრულია: დიდი სკამები, რომლებზეც ძვირფასი ქსოვილია გადაფარებული და ბალიში დევს, მაგიდები, მაგიდაზე ლანგრები და ჯამები.Dყოველ მათგანს მიჩენილი ჰყავს თითო მწდე, ვინც საჭმელსა და სასმელს მიაწვდის.
შარდენის ჩამოსვლის დროისთვის ვითარება ამ მხრივ სრულიად შეცვლილი ჩანს – ქორწილის ამსახველ სურათზე სკამს და ტაბლას ვერსად დაინახავ. დაზუსტებას მხოლოდ ერთი მომენტი საჭიროებს. აღწერიდან ვიცით, რომ ქორწილს ეპისკოპოსები და კათალიკოსიც ესწრებოდნენ: “მთავარი სიღრმეში იჯდა <…>. მთავრის ვაჟიშვილი და ძმები ისხდნენ მის მარჯვნივ, ეპისკოპოსები – მარცხნივ, ხოლო ნეფის ადგილი მათ შორის იყო. მთავარმა მე ეპისკოპოსის გვერდით დამსვა კაპუცინებთან ერთად. <…> ცოტა ხნის შემდეგ, როცა ყველანი მოვთავსდით, შემოვიდა ნეფე, რომელსაც კათალიკოსი მოუძღოდა” (შარდენი 1975: 344 და 346). როგორ ისხდნენ ეპისკოპოსები და კათალიკოსი, ნუთუ, ისინიც ფეხმორთხმულები?
ნადიმის ეს მხარე ნახატის სიღრმეშია და კარგად არ ჩანს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ეპისკოპოსები და კათალიკოსიც ფეხმორთხმულნი მსხდარიყვნენ, რამდენად ძნელი წარმოსადგენიც უნდა იყოს ეს.
ყოველ შემთხვევაში, როდესაც თბილისის სამეფო სასახლეში აღმოჩნდა გრაფი დე გრაი დე ფუა (თუმცაღა ეს შარდენზე თითქმის მთელი საუკუნით გვიან, 1769 წელს, მეფე ერეკლე II-ის მეფობისას მოხდა), იქ ასეთი სურათი ნახა: “შევედი დიდ დარბაზში, სადაც არავითარი ავეჯი არ იყო. კიდევ თხუთმეტი წუთი ვიცადე. ბოლოს გააღეს დიდი, ორალთიანი კარი და მიმიწვიეს შესასვლელად. მეფე ერეკლე იჯდა თავის ბიძასთან პატრიარქთან, თავის ვაჟებთან და სიძესთან, თავად ციციანოვთან ერთად. ყველანი ფეხზე წამოდგნენ. პატრიარქი დაწინაურდა, პირჯვარი გადამსახა. მე მას ხელზე ვემთხვიე, თანახმად ჩვეულებისა, რომელშიც გათვითცნობიერებული ვიყავი. ისინი დასხდნენ. ერეკლემ მეც შემომთავაზა დაჯდომა, მაგრამ რადგანაც ყველანი ფეხმორთხმულნი ისხდნენ ხალიჩაზე და ჩემთვის კი ასე დაჯდომა შეუძლებელი იყო, ვუპასუხე, რომ იმ თაყვანისცემის გამო, რომელსაც განვიცდი მისი უდიდებულესობის მიმართ, არ ძალმიძს დავჯდე მის წინაშე. მან კვლავ შემომთავაზა და განმიცხადა, რომ არ მომისმენს, ვიდრე არ დავჯდები. იძულებული გავხდი გამემხილა მისთვის ნამდვილი მიზეზი – ის, რომ ევროპული სამოსი მოუხერხებელი იყო ამგვარად დასაჯდომად. <…> რადგან სასახლეში არც ერთი სკამი არ იყო, მომიტანეს სკივრი, რომელზეც იმგვარად ვიჯექი, რომ ყველა დანარჩენი ჩემზე დაბალი იყო” (დე ფუა 1985: 47). აქ ნახსენები პატრიარქი არის ანტონ პირველი, იმ ეპოქის ქრისტიანული აზროვნების მთავარი ბურჯი და ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მღვდელმთავარი ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. ცხადია, იგი უსკამოდ ჯდომის წესს, ვახუშტისგან განსხვავებით, ზნეობრივ პლანში არ განიხილავდა და გადაგვარებად არ თვლიდა (თანაც, მეორე მხრივ, სხვაგვარად როგორ დამჯდარიყო სასახლეში, სადაც არ იყო არც ერთი სკამი).
შარდენის მონათხრობში პატარძალი არ ჩანს (ტერასაზე, სადაც საქორწილო ნადიმი იმართება, ქალები არ არიან), მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თავის ადგილას ისიც აუცილებლად ფეხმორთხმით იჯდებოდა, რაშიც სხვა უცხოელის, – ფრედერიკა ფონ-ფრეიგანის (მართალია, უფრო გვიანდელი) მონათხრობიდანაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ: “ქორწილის დღეს პატარძალი, თავიდან ფეხებამდე საბურველში გახვეული, ძვირფასი ქვებითა და სხვა სამკაულით მორთული, ჯდება ხალიჩაზე ჯვარედინად მოკეცილი ფეხებით. პატარძალი რჩება ამ მდგომარეობაში ვით ხის ქანდაკება” (ციტირებულია: ბალახაშვილი 1951: 25).
XIX ს-ის 50-იან წლებში ზურაბ ანტონოვის პიესაში “მზის დაბნელება საქართველოში” (დაიდგა 1853 წ.) რეტროგრადი პერსონაჟები მხოლოდ ძველი სუფრის გასტრონომიულ მხარეს როდი მისტირიან, არამედ გმობენ სუფრასთან ჯდომისა და მისი გაწყობის ახალ წესსაც. თავადს არ მოსწონს მაგიდასთან ჯდომა: “დაგსმენ ტოლია თუ რაღაცა ეშმაკი იმაზედა და ელი ამ ხანს და იმ ხანს საჭმელსა, უნდა ჩამოგიშეშდეს ფეხები ბევრის ჯდომითა; მერე მოგიტანებენ, დაგიდებენ წინ თეფშსა და ერთს საათს ცარიელი თეფშისათვინ გაცქერინებენ; ახლა მოგიტანებენ, ბატონო, დანა ჩანგალსა და შესცქერი, თუ როდის მოგივა საჭმელი” (ანთოლოგია 1991: 50). აქ ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა წინადადება, რომლითაც სკამზე ჯდომის შედეგია აღწერილი: “უნდა ჩამოგიშეშდეს ფეხები ბევრის ჯდომითა” – ფეხმორთხმით ჯდომას მიჩვეული ადამიანისთვის სკამზე ჯდომა არაბუნებრივი და დამღლელი გამხდარა.
აზნაური ჩანგლის უკმაყოფილოა, ხელით ჭამის წესს მისტირის: “აი იმ ჩანგლის მომგონს დაექცეს ოჯახი! ბატონო, ერთს სადღაც ჯანდაბას შეუხვდი ტოლზედ სადილათა და, მეც სხვის მიხედულობითა ჩანგლით დაუწყე ჭამა; გამიწყრა ღმერთი, ვიძგერე ი ტიალი ტუჩში და გავიხეთქე: წამსკდა, ბატონო, სისხლი და, თქვენმა მზემა, ნახევარ თუნგი მეტი მედინა; გამოვარდი გარეთ ლანძღვითა, ოჯახი თქვენც დაგექცათ და თქვენს მასპინძლობასაცა-მეთქი! ბატონო, რა გვიჭირდა, ჩანგალი რომ არა გვქონდა, რომელი სჯობს (აჩვენებს ხუთ თითსა.) ამ ღვთისგან მოცემულ ჩანგალსა? მართალია, გემრიელათ არ გვაჭმევს!” (იქვე, 51).
როგორც ვხედავთ, არამხოლოდ ნოხზე ჯდომა, ხელით ჭამაც, რაც ვახუშტისთვის ქართული ჩვეულებების ყიზილბაშური გავლენით შერყვნის შედეგია (“სხდიან ნოხთა უსკამოდ, Ãელითა სჭამდიან”), XIX საუკუნის, თუმცაღა აშკარად გონებაშეზღუდული, პერსონაჟისთვის მამაპაპური ცხოვრების წესის შემადგენელი ერთ-ერთი ძვირფასი ელემენტია: “რა გვიჭირდა, ჩანგალი რომ არა გვქონდა, რომელი სჯობს (აჩვენებს ხუთ თითსა) ამ ღვთისგან მოცემულ ჩანგალსა?”
ამის შემდეგაც, უკვე 60-იან წლებში, ერთი ფელეტონისტის არც მთლად სიმპათიური პერსონაჟი, ნოვატორი მექორწილე, – მან უარი თქვა ძველებურ დიდ ქორწილზე, რადგან ის უამრავ ხარჯს მოითხოვდა და თავის ქორწილში მღვდლისა და მეჯვარის მეტი არავინ დაპატიჟა, – მხოლოდ სტუმართა რაოდენობის მხრივ ამჟღავნებს მიდრეკილებას სიახლისაკენ. სხვა მხრივ, მისი ახალშერთული ცოლი და სტუმრები სუფრას ძველი წესით, ტახტზე ფეხმორთხმით უსხედან: “ოთხნი პირნი სხედან ტახტზე მოკეცილები; ლურჯი სუფრა წინ გაშლილი, ნახევარი თუნგი ღვინო, მწვანილი და სხვა რაც რამ შეეფერება შინაურ ვახშამს. თურმე ნუ იტყვით, ის ოთხნიც ვინ იყვნენ! ნეფე, დედოფალი, მეჯვარე და მღვდელი, რუმბსავით გასიებული” (ჟურ. “ცისკარი”, 1863 წ., № 11. ციტირებულია: ბალახაშვილი 1951: 27).
კიდევ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მაგიდა და სკამები იმდენად მყარად დამკვიდრდა ყოფაში, რომ ფიროსმანის პერსონაჟები ბუნების წიაღშიც კი მეტწილად მაგიდას უსხედან. იშვიათად თუ შეხვდები სუფრასთან ფეხმორთხმულ ადამიანებს. ოღონდ, ისინი ისე მოხერხებულად, ისე ბუნებრივად სხედან, რომ ეს პოზა მათი არჩევანი იმდენადვე შეიძლება იყოს, რამდენადაც გარემოებებისგან თავსმოხვეული პურობის წესი.
ჩვენთვის საინტერესო ეპოქის სასახლის სცენების წარმოსადგენად გამართლებული არ იქნებოდა მამუკა თავაქარაშვილის ნახატების მთლიანად უგულებელყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც დოკუმენტური ჩანახატებია და არც თბილისშია შექმნილი: ეს არის “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები, რომლებიც, ავტორმა, იმერეთის მეფის მდივანმა კაცმა, დადიანის ტყვეობაში ყოფნისას დახატა. მაგრამ, ჯერ ერთი, მხატვრის ხელწერა ერთი საყურადღებო თავისებურებით გამოირჩევა, მის ნახატებში უფრო მეტად “აისახა მხატვრის თანამედროვე ქართული სინამდვილე, უპირველესად ყოვლისა ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო დეტალები” (ბერიძე 1967: 96), ვიდრე მისი ფანტაზიები პოემისეული არაბეთის და ინდოეთის გამო (ე. ი. აქ უშუალო შთაბეჭდილებები აშკარად უფრო მეტია, ვიდრე სხვა მხატვრების გავლენა ან საკუთარი გამონაგონი) და, გარდა ამისა, ეს სინამდვილე ძალიან ჰგავს იმას, რაც ზემოთ მოყვანილი ტექსტებისა და ბევრი სხვა მასალის მეშვეობით თბილისის სასახლეების შესახებ შეიძლება წარმოვიდგინოთ: ჩანს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სასახლეების ყოფა-ცხოვრებაში დიამეტრული განსხვავება არ იყო (ყოველ შემთხვევაში, ფეხმორთხმით ჯდომის თვალსაზრისით მაინც).
მამუკა თავაქარაშვილისთვის უცხო არ არის სკამი და მაგიდა, მაგრამ ორივე ერთად ერთადერთ ნახატში აქვს მოცემული – თავის ავტოპორტრეტში, რაც, უთუოდ მის პროფესიას უნდა მიეწეროს: მამუკა მდივანი და კალიგრაფი იყო.
სხვა ნახატებში პერსონაჟი ერთადერთხელ ზის სკამზე, და თანაც იქ, სადაც სკამის აუცილებლობა უკვე პოემის ტექსტიდანვე მომდინარეობს: “ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა”. აღსანიშნავია, რომ ამავე ნახატზე ქალი პერსონაჟი ზის ტახტზე, მაგრამ ფეხმორთხმული. სხვაგან ყველგან პერსონაჟები, თუ სხედან, სხედან ფეხმორთხმით.
სუფრა სამ ნახატზეა მოცემული. მათგან ერთზე, ისევე როგორც შარდენის ტექსტში, ასახული არის ქორწილი სასახლეში. სწორედ ამ ნახატზე სხედან მექორწილეები ტახტზე, ცხადია, ფეხმორთხმით, და წინ სუფრა აქვთ დაგებული (მხატვრული ხელწერის თავისებურებებს ყურადღება თუ არ მივაქციეთ, შეიძლება ითქვას, სხედან ისევე და წინ ისევე აქვთ გაშლილი სუფრა, როგორც ეს გრელოს ნახატზეა მოცემული).
სუფრის გამოსახვის წესი ყველგან ერთნაირია: გრძელი და ვიწრო ტილო სიგრძივ გაყოლებული წითელი და მწვანე ზოლებით. თითოეული მოქეიფის წინ დევს, როგორც წესი, ორ-ორი პატარა მოგრძო პური, თითო დანა, ხელში უჭირავთ ან მაგიდაზე დევს თითო ფეხიანი პატარა თასი ღვინისთვის, დევს თითო დიდი ფეხიანი ჯამი, და ერთ სურათზე, – ორი ცივად მოხარშული დედალი (თითო-თითო თითოეული მესუფრისათვის).
თითქოს მამუკას ილუსტრაციებში ასახულ სუფრას მისტირის თავადი ინდო “მზის დაბნელებაში”: “ვეჟო, რა გვიჭირდა, რომ ტოლზედ არა ვჭამდით პურსა, დავფენდით კაი საფენსა, გავშლიდით ზედ სუფრასა და მოუსხდებოდით გარშემო: პური კაცის თავს ოროლი მოვიდოდა, ხორაგი აუარებელი, და ხორცი, რისაც უნდა ყოფილიყო, სულ მთელ-მთელი ასო; ღვინის სმას ნუღარ ბრძანებ, დაგვადგებოდა თავს მერიქიფე და ჯიხვებით სწორედ წვიმასავით გვაყრიდა; ისე ვილხენდით ხოლმე, და კიდევ, სუფრიდგან რომ ავდგებოდით, ჩვენი ნასუფრალით ათი კაცი კიდევ გაძღებოდა, და ამათი ნასუფრალით ერთი კატაც ვერ გაძღება” (ანთოლოგია 1991: 52).
მართალია, მამუკასთან სუფრა ასე უხვად არსად არის დატვირთული, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თითო მესუფრეზე ორ-ორი პური და, არათუ თითო ასო ხორცი, თითო მრგვალად მოხარშული ქათამი მოდის.
ლიტერატურა:
ანთოლოგია… 1991: 52 ქართული კლასიკური დრამატურგიის ანთოლოგია. თბილისი: გამომცემლობა “ქართული თეატრი”, 1991.
ბალახაშვილი 1951: ბალახაშვილი იაკობ. ძველი თბილისი. თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა, 1951.
ბერიძე 1967: ბერიძე ვახტანგ. ძველი ქართველი ოსტატები. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1967.
დე ფუა 1985: დე ფუა 1985: დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ. ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ჯუმბერ ოდიშელმა. თბილისი: გამომცემლობა “მეცნიერება”, 1985
ვახუშტი 1973: ქართლის ცხოვრება, ტ. IV. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფფოსა საქართველოსა. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1973.
იოანე 1984: ბატონიშვილი იოანე. კალმასობა. კ. კეკელიძისა და ა. ბარამიძის 1936-1948 წწ. ორტომიანი, შემოკლებულ-გამოკრებილი გამოცემის განმეორება. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1984.
შარდენი 1975: შარდენი 1975: ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ). ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა. თბილისი: გამომცემლობა “მეცნიერება”, 1975.
ჯავახიშვილი 1967: ჯავახიშვილი ივანე. ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეოთხე. დასაბეჭდად მოამზადა და ივ. ჯავახიშვილის არქივში დაცული მასალით შეავსო სიმ. ყაუხჩიშვილმა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 1967.
© “არილი”