ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

ზაზა ციციშვილი – ნაპოვნი კონტექსტები

dakarguli konteqstebi

გიორგი მაისურაძე, დაკარგული კონტექსტები. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2012

წლევანდელ „საბას“ დაჯილდოებაზე განსაკუთრებულ სიახლეებს ნაკლებად ვვარაუდობდი, გამარჯვებულთა სავარაუდო ვინაობებსაც ვხვდებოდი წინდაწინ და ველოდი მორიგ პომპეზურ ღონისძიებას ორკესტრით, პიჯაკებით, საღამოს კაბებით, დიდი ტაშით, პუბლიკის წინაშე წარმდგარი გამარჯვებული მწერლების დაკომპლექსებული და მოკლე სიტყვებით და ა.შ., თუმცა ამ მხრივ წლევანდელმა „საბამ” მოლოდინები სასიამოვნოდ გამიცრუა.

მწერლის უმთავრესი საქმე, ცხადია, წერაა, თუმცა მწერლის მიერ თქმულმა სიტყვამაც რიგ შემთხვევებში შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მძინარე გამოაღვიძოს და ახალი, მნიშვნელოვანი თემები შემოიტანოს ჩვენი მოსაწყენი და უმნიშვნელო პოლიტიკური ყოფის ასპარეზზე. ქართველ მწერლებს კი მსგავს ტრიბუნებთან დადგომისას, ყოველთვის აკლდათ გამბედაობა, არადა, ვინ იცის რისი შეცვლა შეეძლოთ მათ ართქმულ სიტყვებს. წლევანდელი „საბას“ დაჯილდოება საყოველთაო ყურადღების ცენტრში ორი მწერლის, გიორგი მაისურაძისა და ნაირა გელაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო მოექცა და ეს ცალსახად კარგია. უნდა ნახოს ხალხმა, რომ მწერლები საკუთარ თავში გამოკეტილი სექტა არაა, რომლებიც რაღაც დაჯილდოებებს იწყობენ, ერთმანეთს აქებენ, მხოლოდ გაუგებარ და უცნობ ნაწარმოებებზე საუბარი ემარჯვებათ და ამ ქვეყანას არ არიან. მწერალი, უნდა ეს თუ არ უნდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ქსოვილის შემადგენელი ნაწილია და სხვებისგან განსხვავებით, ხშირად აქვს ტრიბუნა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ასე მოიქცნენ ზემოთ დასახელებული მწერლებიც, რომელთაგან ყურადღებას ამჯერად გიორგი მაისურაძეზე გავამახვილებ.

„სამწუხაროდ, ლიტერატურას ჯადოქრობა არ შეუძლია, არადა, ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ ისეთი კანონი არსებობს, რომელსაც ადამიანის მარიხუანას მოხმარებისათვის ციხეში გასტუმრება და გამომწყვდევა შეუძლია, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ზოგჯერ წამქეზებლობაში ეჯიბრებიან, სადაც ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და შეუწყნარებლობა იქადაგება, სადაც 17 მაისს ჩვენ არნახული სისასტიკის და ძალადობის აღლუმის მომსწრენი აღმოვჩნდით. ასეთ დროს, ლიტერატურას განსაკუთრებული ადგილი და განსაკუთრებული ფუნქცია უნდა ჰქონდეს”.

ეს სიტყვები გიორგი მაისურაძის წიგნის, „დაკარგული კონტექსტები“ სრულფასოვან შესავლად ან სულაც ლაიტმოტივად გამოდგება. საქართველომ უკანასკნელი საუკუნის მანძილზე დიდი ქარტეხილები გამოიარა და დღემდე ვერ აღწევს თავს ამ მოჯადოებულ წრეს.

Hჰომო-სოვიეტიკუსები წარმატებით შეცვალეს ჰომო-პოსტსოვიეტიკუსებმა, რომლებიც წინამორბედებისგან ბევრი არაფრით განსხვავდებიან, მეტიც – მათ უტრირებულ კარიკატურებსაც კი ჰგვანან ალაგ-ალაგ. ქვეყანა და ადამიანები, რომლებიც იმპერიის შემადგენლობაში თამაშობდნენ, ირგებდნენ და თავს იწონებდნენ რჩეული პროვინციის როლით, იმპერიის დანგრევის შემდეგ უფუნქციობისგან ცოტათი დაიბნენ კიდეც, თითქოს არც ელოდნენ მოვლენების ამგვარ განვითარებას. მათი იდენტობა იმდენად მჭიდრო კავშირში იყო იმპერიის ზიზღსა თუ სიყვარულთან, რომ ასეც გაგრძელდა შემდეგ. რადიკალური რუსოფობები თითქოს ვერ პატიობდნენ იმპერიას დაშლას და მათ უპატრონოდ მიტოვებას, ხოლო რადიკალური რუსოფილები გარდასულ დღეთა აღსადგენად ყველაფრის გასაკეთებლად იყვნენ მზად. არსობრივად კი ადამიანთა ეს ორი სახეობა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდა, რადგან ორივეს იდენტობა მჭიდროდ უკავშირდებოდა იმპერიას. მითი დაჩოქების შესახებ, ყოველთვის იჯდა ჰომო-სოვიეტიკუსის გონებაში და შევარდნაძემ უბრალოდ ხორცი შეასხა მას, ნებსით თუ უნებლიეთ. ავტორის ფავორიტი განმარტებით, მითი ხომ ისაა, რაც არასდროს არსებულა და ამავდროულად ყოველდღიურად ხდება. ეს იყო განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აბსურდის თეატრი, რომლის მომსწრეც თავად გახდა ავტორი, რომელსაც განსაკუთრებული ოსტატობით აღწერს ბოლო თავში და ალბათ, წიგნის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდადაც ხდის.

უმამოდ დარჩენილი ერი შეაწუხა შინაგანი სიცარიელის აუტანელმა განცდამ, რომლის ამოვსებაც სასწრაფოდ გახდა საჭირო.  გამომდინარე იქიდან, რომ მარტო აღმოჩენილმა ქვეყანამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ადგა და მოიქცა ისე, როგორც ყოფილი მამა იქცეოდა და გარდაიქმნა „მცირე“ იმპერიად. შეიცვალა მხოლოდ ფორმები, არსი კი კვლავ იგივე დარჩა. ქვეყანამ თავი ჩაგრულად წარმოიდგინა და სუბლიმირება სხვის ჩაგვრაში დაიწყო, უფრო – პატარების. იქ ოსეთიო, იქ აფხაზეთიო, იქ უმცირესობებიო.

სიცარიელე შეავსო თანამედროვე საქართველოს სუბუტექსმაც, ანუ მართლმადიდებლობამ, როგორც ავტორი აღნიშნავს. „ლოცვის გაძლიერება“ ერთგვარად ნარკოტიკული საშუალების დოზების გაზრდის მეტაფორად შეგვიძლია აღვიქვათ; იმ ნარკოტიკისა, რომელიც მძიმე რეალობისთვის თვალს არ გვასწორებინებდა და გამოგონილ, ვირტუალურ რეალობაში გადავყავდით. ადრინდელი კომპარტია ეკლესიამ ჩაანაცვლა და ეს ჩანაცვლება იმდენად ნათელი და ხილული იყო, რომ მოქმედების ფორმებიც კი არ შეუცვლია. კერძოდ კი, როგორც ერთისთვის, ასევე მეორისთვის მტერი იყო დასავლეთი, მასონები, ბინძური კაპიტალისტური სამყარო, რომელიც ამ პატარა რჩეული ერის წალეკვას ესწრაფოდა. ხალხიც მიეცა ვირტუალური რეალობით ტკბობას და, საბოლოოდ, სულაც დაივიწყა ის მძიმე სოციალური რეალობა, რომელში არსებობაც უხდებოდა. არავინ ჩიოდა საჭმლის არქონას, რადგან უფრო დიდი საფრთხე, საფრთხე სულიერი წარწყმედისა, დასავლეთის მასონთა ლოჟებიდან დღითი დღე გვიახლოვდებოდა. ამავე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ლოკალური „ებრაელებიც“. განმარტებისთვის: ის, რასაც ებრაელები წარმოადგენდნენ ნაცისტურ გერმანიაში, საქართველოში გახდნენ გეები, „პედერასტები“. ტერმინი გასცდა მის პირველაღმნიშვნელს. „პედერასტი“ სრულებითაც არ ნიშნავდა მამაკაცს, რომელსაც მამაკაცისადმი ჰქონდა სექსუალური ლტოლვა. ის ნიშნავდა ყოველივე უცხოს, საძულველს, არაქართულს, შემოგდებულს. მეტიც, მოვლენებმა იმდენად პარადოქსული სახე მიიღო, რომ ხშირად „პედერასტი“ აღმოჩნდებოდა ჰეტეროსექსუალი. ტერმინს აღარანაირი საერთო აღარ ჰქონდა სექსუალურ კუთვნილებასთან, რადგან ნამდვილი გეი შეიძლება არ ყოფილიყო „პედერასტი“, თუ ის თამაშის წესებს მიიღებდა, დაგმობდა საკუთარ თავს და სინანულის ღრმა გრძნობით განიმსჭვალებოდა, ხოლო იგივე მერაბ მამარდაშვილი კი ნამდვილად ერგებოდა ამ ტერმინს, რამეთუ მისი აზროვნება უცხო, მტრული და არაქართული იყო.

მოჩვენებითი ყოფა, ახალი სიმულაკრი, მოჩვენებითი რევოლუციით გაგრძელდა. რევოლუციით, რომელიც სინამდვილეში უფრო ჩანაცვლება იყო, ვიდრე ნამდვილი რევოლუცია. ვარდების რევოლუცია ერთი დიდი მუტანტი გახლდათ მეცხრამეტე საუკუნის ნაციონალიზმისა, შუა საუკუნეების ქრისტიანული მესიანიზმისა და საბჭოთა სამხედრო-პატრიოტული და აღმზრდელობითი პროპაგანდისა. ცხადია, ამ ნაზავიდან ვერაფერი ხეირიანი ვერ გამოვიდოდა. სინამდვილეში რევოლუცია ემსახურებოდა არა პროგრესს, არამედ რეგრესს, რომელიც შეგვიძლია პარადოქსული სლოგანით გამოვსახოთ – წინ დავით აღმაშენებლისკენ! რევოლუციამ მოიტანა ახალი სიმბოლოები, ახალი აზროვნების სისტემა, ახალი მითები, რომლებიც სინამდვილეში კარგად დავიწყებული ძველი იყო. მარტოდ დარჩენილმა ქვეყანამ ისევ დაიწყო მამის ძიება, რომლის იმპერიულ კალთასაც ერთ მოკრძალებულ პროვინციად შეეფარებოდა, ისევ ძველი იდენტობა, რომელსაც ვერაფრით ვაღწევთ თავს. ასეთ მამა-მარჩენლად კი ამერიკა წარმოისახა, რომლის აბსოლუტური ფეტიშიზაცია მიმდინარეობდა რუსეთის აბსოლუტური დემონიზაციის პარალელურად. ეს ორი რამ ერთმანეთს ასულდგმულებდა და ავსებდა კიდეც. ამერიკა კი განსაკუთრებით მისაღები აღმოჩნდა ქვეყნისთვის, რადგან თავად გაუჩნდა მსოფლიოს მამობის პრეტენზია, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ წამოსული ახალი პატრიოტული ტალღის შემდეგ, ჯორჯ ბუში-უმცროსის მმართველობის პერიოდში. ჩვენთვის მსოფლიო ისევ ამბივალენტური გახდა, როგორც ყოველთვის იყო – ჩვენები და სხვისები, მტრები და მოყვრები, კარგები და ცუდები. ბუშის ჩამოსვლა და მისი დახვედრა წააგავდა ბრეჟნევის დახვედრას, თუმცა, თუ ბრეჟნევის შემთხვევაში გულწრფელი ემოცია ნაკლები იყო, რადგან ბატონი ჩამოდიოდა ყმებთან, ბუშის შემთხვევაში ემოციები გულწრფელობას არ უჩიოდნენ – ჩამოვიდა კაცი, რომელიც უნდა გამხდარიყო ჩვენი მამა, რაც მთელ ერს ასე უნდოდა.

ავტორი ახალი მითების რაობასაც განმარტავს საკმაოდ თვალნათლივ და ევროპასთან სალაპარაკო ახალი ენის აბსურდულობას წარმოაჩენს. ევროკავშირის შექმნის არსი გახლდათ თანასწორობა, მიუხედავად ამა თუ იმ ერისა და ნაციის წარსულისა. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება მოითხოვოს აწმყოში პრეტენზიები ისტორიის საფუძველზე. საქართველომ კი ამ ფონზე მსგავს ევროპასთან სასაუბროდ ისეთი ენა აირჩია, რომელიც ღიმილის მეტს არც არაფერს მოგვრიდა ევროპელ პოლიტიკოსებს. ქართველები გამალებით ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ უძველესი ევროპელები, რომ საქართველო იყო ევროპის აკვანი, მეტიც – რომ ევროპა არაერთხელ გადაგვირჩენია და ერთგვარად დავალებულიც კია ის ჩვენგან. მსგავსი აქცენტები ორმსოფლიოომგამოვლილი და ნარცისული ნაციონალიზმმოხდილი ევროპისთვის აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა.

ეს წიგნი არის ქართული იდენტობის საკმაოდ ზუსტი ანატომია. მწყობრი ლოგიკითა და მოქნილი პუბლიცისტური უნარებით აღჭურვილი ავტორი ისე დამაჯერებლად არქმევს სახელებს იმას, რასაც თითქოს ისედაც ხვდებოდი, რომ აუცილებლად მოიყვანს მკითხველს აღტაცებაში და ცოტათი მწარე გემოსაც კი დაუტოვებს პირში. ეს მწარე გემო საკუთარი არსის თუ არარსის შეცნობითაა გამოწვეული და ძალიანაც ბუნებრივია, თუ წიგნის ადეკვატურ და აზრიან მკითხველს ზუსტად ეს გემო დარჩება. ამ წიგნში მკითხველი პოულობს იმ კონტექსტებს, რომელიც ქვეყანამ დაკარგა.

დაბოლოს, „დაკარგული კონტექსტების“ კითხვის შემდეგ კიდევ ერთი აზრი მომივიდა – მოდი, ასე გადაჭრითაც ნუ ვიტყვით, რომ კარგ ლიტერატურას ჯადოქრობა არ შეუძლია.

© “არილი

Facebook Comments Box