პოეზია

ზვიად რატიანი – წერილი საიდუმლო დედას

zviad ratiani 343

This is my letter to the World
That never wrote to me,
The simple News…
Emily Dickinson

ისევ იმ ძველი სიყვარულით და იმ ძველივე

ერთგულებით გესალმები. წლების მანძილზე

არ გწერდი, რადგან იყო ეჭვი, რომ ჩემს წერილებს

ვიღაც კითხულობს. ალბათ არც ისე

საფუძვლიანი იყო ეჭვი, ალბათ თვითონვე

გამოვუგონე იგი ჩემს თავს, ხვდები, რატომაც.

რათა დროებით დაგმალვოდი. იმედს ვიტოვებ,

რომ მაპატიებ ამ სისუსტეს. ყველამ დამტოვა.

* * *

“ყველამ დამტოვა” ტყუილია და ეს ნათქვამი

მიიღე, როგორც ნივთმტკიცება ჩემი ბინძური

უმადურების – ერთადერთის, რაც მაიძულებს

ვწერო ლექსები. ყველა მათგანი

– ვგულისხმობ ლექსებს – არ შეიცავს თუმცა ოცნებას

ან იმას, რასაც ანდაზაში გულისხმობს ხავსი,

მე მაინც მიყვარს მათი წერა: როცა მოძვრება

გულიდან რაღაც, გარეგნულად ტკივილის მსგავსი,

ოღონდ ხაზს ვუსვამ, გარეგნულად! საერთოდ, არსი

დღეს უკვე არის არა სიღრმე, არამედ გარსი.

რაც ლამაზია, ყველაფერი არ იკოცნება.

შესაბამისად, მეც მრჩება შანსი

გავხდე მორწმუნე. თუნდაც მხოლოდ ლექსის ფარგლებში.

და მე ამ შანსით ვისარგებლებ. ახლა ადრეა.

რწმენა მოიცდის, მირჩევნია ფეხის ათრევა.

თუ თვლი, რომ მსგავსი მკრეხელობა არ მეკადრება,

მაშინ სხვანაირ ცხოვრებაში უნდა გაგეშვი.

* * *

მე ახლა ვზივარ სამსახურში და ჩემს გარშემო

ა რ ა ფ ე რ ი ა, თუ არ ჩავთვლით აპარატურას –

კომპიუტერებს, დანადგარებს. სწორედ საჩემო

არის გარემო, რასაც მხატვრულად

გაუცხოებას უწოდებენ. და ეს ბუნაგი,

მავთულებით და ნათურებით უხვად მორთული,

დღეს ჩემთვის არის უფრო უნაკლო,

უფრო მშვიდია და კომფორტული,

ვიდრე ბუნება, – სხვა რა გითხრა? – ვიდრე საწოლი,

ან ვიდრე ძუძუ, თვინიერი, ჯერ-არ-ნაწოვი.

რაც მთავარია, ამ კედლებში არასდროს ვნანობ,

რომ, ვთქვათ, წარსულში ვეღარაფერს ვეღარ გადავშლი,

ანუ აქ მართლა მარტო ვარ, ანუ

“ყველამ დამტოვა” რჩება ძალაში.

* * *

ისევ იმ ძველი სიყვარულით, როგორც გითხარი,

და იმ ძველივე ერთგულებით, როგორც დავძინე,

გესალმები და იმედია – თუმცა სიხარულს

არ მოგანიჭებს ეს წერილი – არც დაგამძიმებს.

წლები მიდიან, და თანდათან გადავიხარე

იმ აზრისაკენ, რომ შენს გარდა ყველა მამცირებს.

ჩემი არ სჯერათ. თითქოს სჯერათ, მაგრამ არ სჯერათ.

მე ამას ვგრძნობ და, შესაძლოა, არათუ ძველი

სიყვარულით და ერთგულებით, იქნებ ასჯერაც

მეტი სითბოთი გესალმები. არადა წერილს

ეს არ ეტყობა, და პირიქით – თითქმის არცერთი

გულწრფელი ფრაზა აქ არ არის, ანდა ითავსებს

რაღაც ხელოვნურს და უკადრისს, რადგან აქცენტი

გადატანილი არის რითმაზე.

* * *

შევეშვათ რითმებს. კარგად იცი, მათი შეწევნით

ვინმეს მოხიბლვა დიდ გმირობად აღარ ითვლება.

მე არასოდეს – ესეც იცი – მათ არ ვეძებდი

(ეს შენც იცი და, მგონი, რითმებმაც),

რაც ალბათ კუჭის გავლენაა: მიყვარს კერძები,

რომელთაც დაჭრა არ სჭირდება და მიირთმევა

არა დანით და არა ჩანგლით, არამედ ხელით.

და თუ ამ სქემას გადავიტანთ ლექსებზე, მაშინ

მე მიყვარს ცივი პოეზია და არა ცხელი,

არა წვნიანში ჩალბობილი, არამედ ხმელი,

რომელიც თითქმის ქვავდება ხმაში.

* * *

გიგზავნი ლექსებს. ოღონდ ძველებს. ახლები არც მაქვს.

ბევრი არ არის, ათიოდე იქნება ერთად.

როგორც დედასთან არ მრცხვენია, გასარეცხ საცვალს

როცა მივუგდებ, ისევე შენთან

მე არ მრცხვენია ამ ლექსების. და თუ მრცხვენია,

მხოლოდ იმისი, რომ ბოლომდე ვერც მათ მივანდე

ყველა ტყუილი ჩემს შესახებ, შემყვა სიმართლეც,

ხოლო სიმართლე – მოსაწყენია.

* * *

ლექსი რა არის? არაფერი. მხოლოდ ნაწერი.

ვერ გადაარჩევს ტყუილ-მართალს, როგორც საცერი,

ისიც არ იცის – შენ ვინა ხარ, ვისი მბაძველი,

ან მაგიდასთან მთელი ღამე რისთვის გაძელი.

ის ვერ იქნება ბრალმდებელი, და ვერც დამცველი,

რადგან უბრალოდ ნაწერია – მხოლოდ ნაწერი,

სადაც სივრცეში შეზღუდულ და დროში გაწელილ

სევდას ათავსებ. რა თქმა უნდა, ქებას არც ელი.

მისთვის არავინ არ დაგადგამს დაფნის გვირგვინებს;

უფრო პირიქით – ამ სევდასაც ვიღაც გიგინებს,

რაც, თავისთავად, საწყენია, მაგრამ გაძელი…

რამდენჯერ მითქვამს, ვიმეორებ ახლაც იგივეს:

დაე, ლექსებმა ჩემს შესახებ მეტი იცრუონ

და მომაწერონ, რაც არა ვარ. ნება მათია.

რაც არ მიქნია, დამაბრალონ.Gმე კი ვკისრულობ,

რომ მათ არაფერს არ დავუშლი. დემოკრატია.

* * *

დღეს მშრალი ხიდით ვორონცოვზე გადავდიოდი.

მზე ჩადიოდა და ღვიოდა მუქ-მოწითალოდ

თუ მოყავისფროდ ყველაფერი – მტკვარიც, მიდამოც;

ავადმყოფური ფერი იყო, მგონი – იოდის.

ხიდის მოაჯირს დავეყრდენი, წავიპოეტე.

ვუმზერდი წყალს და ირიბ მზეში გათქვეფილ ჭადრებს.

თითქმის გულწრფელად გავიფიქრე: უკვე მოვედი,

და მტკვარს ჩავხედე (ასეთი რამ მომხდარა ადრეც,

მოხდება მერეც), და რაღაცა მანიშნა მტკვარმა…

შენ ცუდს ნურაფერს გაიფიქრებ, მხოლოდ ვთამაშობ.

და ვიცი ცურვაც! მართალია, მთლად თევზი არ ვარ,

მაგრამ არც მტკვარი არის ლამანში,

გადავცურავდი. რა თქმა უნდა, საქმე აქამდე

აღარ მისულა. გამოვფხიზლდი, ჩემ გზას გავყევი

და უკან დამრჩა მშრალი ხიდიც, მღვრიე ნაკადიც

მთელი თავისი ანკესებით, და ბაყაყებით.

* * *

მე გადავედი მოედანზე. იქ შემხვდა ქალი.

ასაკით უფრო გოგო ეთქმის, მაგრამ აბერებს

მუქი თავშალი – მორწმუნეა, ანუ მხევალი

უფლისა ჩვენის. მუდამ მაბნევენ

მსგავსი ქალები; არის მათში რაღაც უსულო…

შემხვდა და რაღაც მომილოცა, მისურვა – მრავალს

კიდევ დავესწრო ღვთის შეწევნით. და მეც ვუსურვე.

რას მილოცავდა, აღარ მითხრა. ჩათვალა, არ ვარ

ისეთი ბიჭი, არ ვიცოდე. ძალიან შეცდა.

შობა-აღდგომა-გიორგობა, ამაზე მეტი

მე სხვა თარიღი არც მცოდნია არასდროს; მეც და

ალბათ ტვითონაც სამი წლის წინ.

ეს ქალი ერთი

თითქმის ლამაზი გოგო იყო სამი წლის წინათ;

მე მას ვიხსენებ ჩვეულებრივს, მუდამ მხიარულს.

რამ დააგროვა მის სიტყვებში ამდენი რკინა?..

ვემშვიდობები; მიწვდის სანთელს, ნაკურთხიაო.

* * *

რატომ გიყვები ამ ყველაფერს? რატომ ჩავთვალე,

რომ ის ხარ, ვისაც ყველაფერი უნდა გავანდო?

რაც უფრო ვტყუი, შენ მითუფრო რად ხარ მართალი?

ან რატომ ვცდილობ, წარმოსახვა დავიავადო

შენით, რომელიც, თუ არსებობ, მისით არსებობ,

ამ წარმოსახვით. ის ყოველდღე გშლის და ხელახლა

ხატავს შენს სახეს, შენს ბაგეებს, თვალებს, ასევე

გიცვლის სახელებს, მაგრამ შენახვა

არ შეუძლია შენი ხატის; და სულ იცვლები.

და თუკი რამე არ იცვლება – მხოლოდ სიბნელე,

რომელშიც ზიხარ და მიყურებ გაფაციცებით,

და გსიამოვნებს, როცა ვიბნევი.

* * *

მე ახლა ვზივარ სამსახურში. ირგვლივ – შკალები,

დანადგარები, ეკრანები, რაღაც ნივთები,

რომლებშიც თითქნის ვერ ვერკვევი; არც ვეკარები.

დანადგარები ასხივებენ. და მე ვსხივდები.

გარეთ ცდილობს და ვერ ღამდება. მე აქ ვარ მარტო.

ღამის დარაჯი. თუ მორიგე.Uრაღაც ასეთი.

თურმე ტყუილად, სულ ტყუილად არ ვაფასებდი

ასეთ საქმეებს: გამორთო, ჩართო

და არაფერზე არ იფიქრო. ჩემში მატულობს

მექანიკური ორეული, რომელიც ათევს

თვითნაკეთ ღამეს, რომლის ხელი ავტომატურად

ჯიბეში ეძებს სანთებელას… პოულობს სანთელს.

გადატეხილა; ორი თითით ვსრეს და ვამრთელებ.

რისთვის – არ ვიცი, მაგრამ ვიცი – უნდა ავანთო.

დანადგარები ასხივებენ, იწვის სანთელი.

იწვის უმიზნოდ. უფრო სწორად, უმისამართოდ.

* * *

იწვის სანთელი და ანათებს ფურცლის მართკუთხედს.

ცდილობს ჩაქრობას; ვეხმარები ჩემი თითებით.

არ მაშინებდეს ერთი სიტყვა, სიტყვა “ნაკურთხი”,

ეჭვი არაა, შენ დაგინთებდი

სანთელს, და იგი ჩემთვის უცხო, შენთვის კი ალბათ

ნაცნობ ენაზე გიამბობდა ამ საღამომდის

ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ყველა მოსაწყენ ამბავს,

ოღონდ არც ისე მოსაწყენად, მე რომ გამომდის.

* * *

შენ იცი, ვინც ხარ. მე არ ვიცი. თუკი რითიმე

ამჟღავნებ შენს თავს, მხოლოდ ერთით: ფურცლის სიღრმეში

რამდენჯერ თითქმის გასაგონად ამოიხვნეშე,

რამდენჯერ თითქმის მომეჩვენა, როგორ ქვითინებ…

რამდენჯერ იყო, ვათხრევინე ფურცელი კალამს,

ფურცლის ქათქათა ზედაპირი, რომელის გმალავს,

რამდენი გრძელი და დამღლელი ღამე ვათენე

და ტყუილია, რომ შეცდომა რამეს გვასწავლის:

ამოვთხრიდი და ვრწმუნდებოდი: ეს მერამდენედ

სხვაში, ჯერ კიდევ ხელუხლებში, გადამასწარი.


* * *

მე ახლა ვზივარ სამსახურში და მეყვინთება;

ვაღებ ფანჯარას, რათა გრილი ჰაერის ტალღამ

გამომაფხიზლოს. სიბნელეა, და მხოლოდ მაღლა

უხმოდ მიფრინავს თვითმფრინავი: ქრება, ინთება

და ისევ ქრება ალისფერი ციცქნა ნათურა…

რა იქნებოდა – მომხდარიყო – და ამ ქვეყნიდან

წავსულიყავი სადმე სხვაგან, სადაც ქართულად

არვინ საუბრობს, არვინ მიცნობს, და იქ მეყიდა

სუვენირები, საჩუქრები – მათთვის, ვინც დამრჩა

საქართველოში; და მეწერა ხელის კანკალით

ბოდიშნარევი წერილები – “მე თვითონ მტანჯავს

ეს განშორება, და ახია”‘- რაღაც ამგვარი.

* * *

შენ იცი, ვინც ხარ. მე არ ვიცი. მხოლოდ გიგზავნი

– ისიც სულ უფრო იშვიათად – მოზრდილ ბარათებს,

სადაც გიმტკიცებ, რომ არასდროს არ გიღალატებ,

რაც ალბათ შენთვის სულერთია, შენი მიზანი

ალბათ არასდროს არ ყოფილა ჩემი ბავშვური

სიყვარული და ერთგულება; არც ის გადარდებს,

თუ ვეღარაფერს ვეღად დავწერ, – რაც, სხვათაშორის,

მალე მომელის, თუკი მანამდე

რაღაც არ მოხდა ცსოვრებაში: თან უეცარი,

და თან სწორედაც მოსახდენი, ნალოდინები;

თუ ისე დარჩა ყველაფერი, როგორც დღეს არი,

ძველი წყლითა და სადინარით, ძველი დინებით.

ქარი წაიღებს ჩემს წერილებს. არ გამოვრიცხავ,

რომ ის წაიღებს არა მხოლოდ თავის მოტანილს;

კიდევ რაღაცას გაიყოლებს… თუ არ მოირწყა,

წალკოტიც ისე გადახმება, როგორც ბოსტანი.

* * *

მე ახლა ვზივარ სამსახურში… მე ახლა ვწევარ

ოქროს ქვიშაზე, თბილ ქვიშაზე, ჩემი ტერფები

დროგამოშვებით ისუსხება გრილი შხეფებით

მორიგი ტალღის, ცა ირწევა, და მისი რწევა

მიდუნებს თვალებს, და მაძინებს, და მე ვნებდები

ბედნიერ სიზმარს, პირველივეს… და ვიწყებ წერას.

მე ვიწყებ წერას… ვიწყებ წერას… ვიწყებ… ვიწყები…

ფურცლის სიღრმეში დასანგრული, შენ მითვალთვალებ

და ასო-ასო მითვლი სიტყვებს, როგორც მრიცხველი.

მე ვიწყებ წერას, ანუ ვამთავრებ

ცხოვრებას, – უკვე მერამდენედ! – ანუ ვიმსხვრევი

და ვეფინები დედამიწას, მთვარეს, პლანეტებს,

და მათთან ერთად ვმთლიანდები… ანუ ვამეტებ.

* * *

არა იმიტომ ვიწყებ წერას, რომ როცა ფარდა

გადაიწია, გარეთ რაღაც ლამაზი ჩანდა,

ვთქვათ – გაზაფხული, ან ყვითელი ფოთლების ფანტვა,

ან მოთამაშე მშვენიერი ბავშვები, ანდა

ქალი, რომელსაც ვეღარაფერს მოარგებ, გარდა

დავიწყებისა. ვიწყებ წერას, რადგანაც ვებრძვი

ჩემს თანდაყოლილ სიარაფრეს, რომელსაც მუდამ

ვგრძნობდი გულით და ვგრძნობდი სისხლით, თვალებით, თუნდაც

კანის ყოველი უჯრედით და ყოველი ბეწვით.

* * *

ისევ იმ ძველი სიყვარულით და იმ ძველივე

ერთგულებით, თუ რაც არის (ამასთანავე

გულიდან თითქმის უნებლიედ გადმოცვენილი

სიტყვებითა და იმ ყველაფრით, რასაც მალავენ

ან ვერ ამბობენ ეს სიტყვები) და ძველი, ძველი

გულუბრყვილობით გესალმები, ხოლოOქაღალდზე

მორჩილად კაწრავს მორჩილ სიტყვებს მორჩილი ხელი

არა იმიტომ, რა თქმა უნდა, რომ მე რაღაცით

უბედური ვარ, ან პირიქით, ან სხვას უკეთესს

ვერაფერს შევძლებ, ან ძარღვებში უცებ იყივლებს

სისხლის ერთერთი ურჩი წვეთი, ან, მითუმეტეს,

რომ მაქვს უფლება სიტყვის (იხილეთ

კონსტიტუცია); ვიწყებ წერას, რომ იშვიათად

და ისიც წამით, მაგრამ მოვწყდე – მიწას, იატაკს,

ცხოვრებას, დაშლილს – ამდენ სიზმრად, ცხადად, ეტაპად,

სამსახურებად, ქალაქებად, მკვდრებად, სუფრებად,

რომ მოვიპოვო ერთადერთი ტკბილი უფლება –

უფლება სიბერის… ასაკისდა მიუხედავად.

აპრილი, 2001

© ”არილი”

Facebook Comments Box