რეცენზია

ზურაბ კალანდაძე – ზღვრული სიტუაციების მხატვარი

tamaz badzagua 6 piesa

თამაზ ბაძაღუა, 6 პიესა, თბ., ინტელექტი, 2013.

ჩვენგან ნაადრევად წასული მწერლის, თამაზ ბაძაღუას ლექსებმა მკითხველის ყურადღება გრძნობათა სიმძაფრით მიიქცია. ამ ლექსებში ყველაზე მნიშვნელოვანია: მოუსვენრობა, შფოთი, ზღვრული სიტუაციების ელდა, შემთხვევითობა, სამყაროში გადაგდებული ადამიანის მარტოობა. ეს მოტივები აშკარად ჩანს პოეზიაში, დრამატურგიაში კი თამაზი ეძებდა იმ ენას, რომლითაც ყოველივე ამას გადმოსცემდა. ვფიქრობ, რომ ეს გზის მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან თუ პოეზიაში ძიება უფრო სპონტანურ ხასიათს ატარებდა, დრამატურგიის კანონიკა ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვდა ასათვისებლად. მიუხედავად ამისა, თამაზის პიესებში მაინც გამოსჭვივის ინდივიდუალური მსოფლშეგრძნება, რომელიც თანდათან მოერგო დრამატურგიის „დაუწერელ კანონებს“. ამის შესახებვე წერს წიგნის წინასიტყვაობაში ირაკლი სამსონაძე: „ეს გამოჩნდა კიდეც თამაზის ერთ-ერთ პიესაში „ღამე და თუთიყუში“. ხელობის თვალსაზრისით სწორედ ამ ნაწარმოებში იგრძნობოდა ოსტატობის ის დონე, რომელიც პიესიდან პიესაში სავარაუდოდ იმავე ხარისხში გააჟღერებდა დრამატურგ თამაზ ბაძაღუას, როგორც უკვე ჟღერდა პოეტ თამაზ ბაძაღუას სახელი”.
დრამატურგიის ჟანრშიც რომ ისევე ბევრის მომლოდინენი ვიყავით თამაზისგან, როგორც პოეზიაში, ამის მიზეზი თვითონ ამ პიესებში იყო საძიებელი. რამდენად სცენიურია ეს ნაწარმოებები, ალბთ, ნაცადმა დრამატურგებმა და სცენის ოსტატებმა უნდა განსაჯონ, რაც შეეხება ლიტერატურულ მხარეს, ვფიქრობ აქ ყველაფერი კარგად არის შესრულებული.

ყოველი ფრაზა ემოციური ტონალობითაა შეფერილი, სისხლსავსეა და მიზანმიმართული. ფრაზის სტილური მიმოქცევა მწერლის ენობრივ გაწაფულობაზე მეტყველებს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მრავალ კომპონენტზე, რომელიც სცენურ-ვიზუალურ გადაწყვეტას უნდა დაექვემდებაროს.

რამდენიმე პიესა ადრევე დაიდგა ქართული თეატრების სცენებზე. ბოლოს განხორციელდა „ღამე და თუთიყუში“ – ერთაქტიანი დრამა. პიესის მთავარი გმირი გალოთებული კაცია, რომელსაც ცოლი გაექცა. კაცი არ არის განურჩეველი ცოლის მიმართ, მას უზომოდ, რაღაც სასოწარკვეთილი სიყვარულით უყვარს ის. ყოველივე ამას ემატება ცოლის არა უბრალოდ გაქცევა, არამედ წასვლა სხვა კაცთან. ერთი მსახიობის თეტრისთვის დაწერილი კაცის წყვეტილი მონოლოგი სავსეა ტანჯვით, უიმედობით, რისხვით და აგრესიით. აქა-იქ თითქოს სინანულიც გამოსჭვივის. კაცმა ეს-ესაა მოკლა ცოლის საყვარელი და ახლა სამართალდამცავების მოსვლას ელოდება. მისი აღსარება უკვე ფსიქიკურად შეძრული ადამიანის მონოლოგია.

წყვეტილ აღსარებაში განფენილია თხრობა. რა მოხდა, როგორ მოხდა, რა ვითარებაში მოხდა – ყოველივე ელვისუსწრაფესად გაირბენს პერსონაჟის მეხსიერებაში და მოკლე შტრიხებით აღიბეჭდება საუბარში. ის გრძნობს თავის დანაშაულს, მაგრამ გრძნობს იმასაც, რომ დანაშაული გარდაუვალი იყო.

პიესა „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!“ ზღვისპირა ქალაქის ცხოვრებას აგვიწერს. ამ პიესაში თითქოს რაღაც დახშული წრეა გარშემოწერილი. პერსონაჟები ცდილობენ ამ წრის გარღვევას, მაგრამ ვერ ახერხებენ. ზღვისპირა პროვინციაში მოწყენა სუფევს, გადაუღებლად წვიმს. ქართულის მასწავლებელი ბონდო, ხელმოცარული, გალოთებული რომანტიკოსია, მისი ილუზიები უკვე დამსხვრეულია, მის ცხოვრებაში დამდგარა ჟამი განვლილის შეფასებისა. არცერთი მისი მოწაფე ფილოლოგი არ გამხდარა და ამის გამო ბონდო ფიქრობს, რომ ის ვერ შედგა, როგორც მასწავლებელი. თბილისიდან ჩამოსული ორი სტუდენტი ფილოლოგი ბიჭი, ბონდოს ლიტერატურაზე ესაუბრება. მათი საუბრის თემა არამხოლოდ პოეზიაა, არამედ სინამდვილისადმი გაუცხოების დამთრგუნველი გრძნობა. ერთ-ერთი მათგანი ზღვისპირა ქალაქის მასწავლებელს შესჩივის: „კიდევ კარგი წამოვედი. მეტი აღარ შემეძლო, ალბათ შუა ქუჩაში ვიბღავლებდი და გული გამისკდებოდა”.

ბიჭები ბონდოს მეშვეობით ქირაობენ ბინას და პერსონაჟების წრე იკვრება. აქ არიან გოგონებიც, ქალებიც, ბიჭებიც, ბონდოც. ყველას რაღაც აწუხებს, რაღაც გამოუვალობის განცდა. გოგონები და ბიჭები ვერ გარკვეულან თავიანთ გრძნობებში და საკუთარ თავს კედელივით აწყდებიან. იგივე ვითარებაა პიესაში „ძველი როიალი“. აქ აქცენტი მამა-შვილის ურთიერთობაზე კეთდება. მამა ძველი თაობის კაცია, როგორც თვითონ ამბობს, იმ თაობისა, რომელსაც რაღაცის რწმენა ჰქონდა. მისივე სიტყვით კი ახალი თაობა რწმენადაკარგული თაობაა. „გაბრაზებული ახალგაზრდები ქვეყანას ვერ ააშენებენ. თქვენ ცხოვრებას დაცინვით იწყებთ“ – ამბობს მამა, სახელად ნიკო, და ცხადია, რომ მის ნათქვამში ჭეშმარიტების მარცვალი მართლაც მოიძევება. შვილი კი, ზაზა, უპირისპირდება და აკრიტიკებს, და ისიც თავისებურად მართალია. ზაზას აზრით, მამების რწმენა სიცარიელეზე იყო დაფუძნებული და ამ ფუტურო რწმენამ დაბადა ურწმუნობა.

„ძველ როიალში“ ყურადღებას იქცევს დიალოგების თავისებური წყობა. მათ შორის აზრობრივი კავშირი დარღვეულია, პერსონაჟებს შორის არ არის ნამდვილი, შინაგანი კავშირი, რაც დიალოგებშიც არის გამჟღავნებული. პერსონაჟები საუბრობენ, მაგრამ ეს საუბარი „ურთიერთაცდენილია“. ერთი პერსონაჟი მიმართავს მეორეს, მაგრამ მათი საუბრის თემა და საგანი სრულიად განსხვავებულია. ამ ხერხს თამაზ ბაძაღუა ოსტატურად იყენებს.

შეიძლება ისეთი აზრიც დაგებადოს, რომ ეს ერთგვარი „ცნობიერების ნაკადია“. ერთი პერსონაჟის „ცნობიერების ნაკადს“ კვეთს მეორეს ასეთივე სპონტანური მეტყველება.

პიესა „ფანჯრებს იქით“, ისევე, როგორც „ღამე და თუთიყუში“, ერთი პერსონაჟის მონოლოგია და აქაც თამაზ ბაძაღუა წარმოდგება ემოციურად დამუხტული დრამის ავტორად, ტრაგიკოსად. ქალი, რომელმაც ნაყოფი მოიშორა და ღრმა აპათიას მიეცა, სარწეველაში თავის ბავშვს წარმოისახავს. ქალი ხელით არწევს სარწეველას და თან აღსარება-მონოლოგს წარმოთქვამს. ეს ილუზიებდამსხვრეული ადამიანის აღსარებაა. აღსარების ბოლოს ქალი სარწეველადან ბალიშს ამოიღებს და მოისვრის, სარწეველას გადააბრუნებს, იატაკზე ჩაიკეცება და ირინდება, ზედა სართულიდან კი მხიარული მუსიკის და ცეკვის ხმა ისმის.

ისტორიულ თემაზე შექმნილი პიესები („იფიგენია“, „მარადიული მონები“) მასალის ცოდნით არის დაწერილი. ამ პიესებსაც გამოარჩევს ლიტერატურული შესრულების დონე, სისხლსავსე ენა, დახვეწილი ფრაზა. ისტორიულ ფონზე გაშლილი მოქმედება ხასიათის კონტურებსაც მკაფიოდ წარმოაჩენს.

© “არილი

Facebook Comments Box