Uncategorized

ზურაბ კალანდაძე – ლეღვის ხის ჩრდილი

ela gochaishvili

ელა გოჩიაშვილი, ცხოვრებაგაუმტარი (ლექსები), თბ. „საუნჯე“, 2013.
უცნაურია, ელა გოჩიაშვილს დიდი ტკივილიც აქვს და სიხარულიც, ტკივილნარევი სიხარული. ეს ახლის ქმნის, შემოქმედების სიხარულია. ის თითქოს ქმნის და ამავე დროს შექმნილს სინჯავს და უხარია, რომ ჩანაფიქრმა ხორცი შეისხა. მისი ჩანაფიქრი კი მართლაც ისხამს ხორცს.
ელა გოჩიაშვილის ლექსებისთვის ნიშნეულია თხრობის თავისებურება. ის ორიგინალურ აზრს გამოთქვამს (პოეზია სიბრძნის დარგია) და ეს აზრი ისეთ ენობრივ და სახეობრივ სამოსელშია გახვეული, რომ სხვა პოეტში არ აგერევა.
მაგრამ ეს ცოტაა. ცოტაა იმის თქმა, რომ ელა გოჩიაშვილს პოეტური აზრის გამოთქმის თავისებურება განარჩევს სხვა პოეტებისგან. ამ უნარს წინ უძღვის სათქმელის მნიშვნელოვნება.
ელა გოჩიაშვილს აქვს ღრმა სათქმელი და ამ სათქმელს ის ისეთი  წრფელი ინტონაციით, დამაჯერებელი ტონითა  და ნაივური გულღიაობით ამბობს, რომ ძნელია მკითხველს ეჭვი შეეპაროს, უფრო სწორად, აქ ეჭვზე  არც უნდა იყოს საუბარი.

ტკივილის ამოთქმის ის ინტონაცია, რომელიც ამ ლექსებშია გაცხადებული, მხოლოდ მაშინ იბადება, როცა პოეტს ნამდვილი სათქმელი აქვს. ელა გოჩიაშვილი წერს თავისუფალ და რითმიან ე. წ. კონვენციურ ლექსს და ორივეში თავის ხელწერას ამჟღავნებს. თავისუფალ ლექსებში ცხოვრებისეული სიბრძნე და ზოგჯერ შემაშფოთებელი სიმართლეა გაცხადებული („დედას“, „ადამიანი – ცოცხალმშობიარე“, „ნუგეში“ და სხვ.), კონვენციურ ლექსებში კი ხშირად ოდნავი ირონია გამოსჭვივის, რაც თავისუფლების ნიშნით აღბეჭდავს ამ სალექსო ფორმას.
ელა გოჩიაშვილის ლექსები დაზღვეულია ყოველგვარი პოეტური პოზისგან, ყალბი პათეტიკისგან, ბუნდოვანებისგან, უსაგნო რიტორიკისგან; ყოველივე ეს ხომ მრავალსიტყვაობასთან ერთად მეტად გავრცელებულია სადღეისოდ. გავრცელებულია აგრეთვე ე. წ. სალექსო ფორმების ცვლა, რითმით ჟონგლიორობა, ტექნიკის დემონსტრირება, არადა, ტექნიკის ნამდვილი ფლობა მაშინ წარმოჩნდება, როცა პოეტს სათქმელი აქვს და ამბობს კიდეც. სათქმელი თვითონ იკავებს სივრცეს  და ეს არის არა სალექსო სივრცის შევსება, არამედ მისი ამეტყველება, რადგან  ცარიელი სივრცე შეიძლება შეივსოს და შეიძლება ამეტყველდეს, ანუ გაცოცხლდეს: „აი, მიწა -/ მამაჩემის / ცალუღელა საფლავის გვერდით: /ავი მიწა / მყეფარი მიწა / აი, მიწა, რომელიც მე, / ადრე თუ გვიან / ჭიპლარზე უნდა გამომებას, / და სიკვდილამდე მეტარებინოს./ აი, მიწა – საკაბე მიწა, / გაუჭრელი, / დედაჩემის კარადაში გადანახული / კრეპჟორჟეტივით“.
პროზაული ყოფითობის განზავება პოეზიაში ძველი თემაა. აქ უკვე საკითხი იმისდა მიხედვით არის დასმული, თუ რა ოდენობით და ხარისხით განზავდება ეს ორი სტიქია ერთმანეთში.
ელა გოჩიაშვილს აქაც ზუსტი ინტუიცია და უცდომელი ალღო კარნახობს, როგორ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე, რომ წონასწორობა არ დაკარგოს. ეს ინტუიცია მას თვითონ მნიშვნელოვანმა სათქმელმა გამოუმუშავა. ის ლაპარაკობს ყოველთვის არსებითზე, რა შეიძლება ამას დაერქვას – ფორმის სისადავე თუ სიმკაცრე, ფორმისა და შინაარსის ზედმიწევნით ზუსტი დამთხვევა თუ ფორმისადმი უზრუნველი დამოკიდებულება და სათქმელის აზრის აქცენტირება?
ვფიქრობ, ეს უკანასკნელი. აზრი, ჩვეულებრივი აზრი ისე მიიკვლევს მისი ლექსის კალაპოტს, რომ ზოგჯერ პოეტურ სახედ ქცევას არცკი ცდილობს, არადა, ამ აზრის ერთი ან ორი მობრუნება მთელ ლექსს განსხვავებულ შინაარსს სძენს და თვითონაც პოეტურ  ფიგურად იქცევა. მაშასადამე, აზრი ასეთ შემთხვევაში მშრალი რიტორიკული წარმონაქმნი კი არ არის, არამედ კატალიზატორია, ლექსს ფინალში გადაკვეთს, მის დასრულებას და გაგებას აჩქარებს.
აი, ვთქვათ, უაღრესად საინტერესო ლექსი „ნუგეში“. ეს ლექსი ერთ ლეღვის ხეს ეძღვნება. და თუმცა მან ნაყოფი ვერ გამოიღო, ის მაინც არსებობის ღირსია, ნაჯახისთვის გასამეტებელი არ არის. შეიძლება ნაყოფზე მეტად სიცხეში მოსიარულე მგზავრს მისი ჩრდილი დაეხმაროს. „უპირველესად შენ მენანები, / მერეღა – მგზავრი,/ მშიერი და გაწბილებული./ ნაჯახისკენ ნუ იწვდი სხეულს! / ისეთი ვინმეც ხომ ჩამოივლის – / ნაყოფის არმაძიებელი,/ ჩრდილის მძებნელი/ შრიალის მძებნელი/ ხაოს მძებნელი/ რბილი ხაზების მძებნელი,/ მოვა შენთან, მოვა,/ გეტყვის/ უნაყოფო ხეო, მჭირდები!/ უნაყოფო ხეო, მიყვარხარ!“ ფინალი კი მართლაც შთამბეჭდავია. და აქ წარმოჩნდება შიშველი აზრი, რომელიც მთელ ლექსს მხატვრულობის სამოსელში ახვევს: „არავინ და არაფერი არ ჩნდება ქვეყნად / ერთადერთი და პირდაპირი დანიშნულებით“/.
ელა გოჩიაშვილის რითმიან და თავისუფალ ლექსს შორის მკაცრი საზღვრის გავლება არ შეიძლება. მისი ტკივილის გამოხატვის ფორმა ყოველთვის სხვადასხვანაირია, შინაარსობრივი სათავე კი ერთია. ზოგჯერ პოეტი „ამბავს ჰყვება“ და მაშინ ის თავისუფალი ლექსის მეშვეობით ლირიკული ნოველის პერსონაჟებს ხატავს, ზოგჯერ ხალხურ კილოს მიმართავს („სიკვდილმა ჩამაიარა“), ზოგჯერ კი ჩვეულებრივი კონვენციური ლექსით გამოთქვამს სათქმელს. მის წიგნში, რომელსაც ჰქვია „ცხოვრებაგაუმტარი“, ყველა ეს სალექსო ფორმა ბუნებრივად უთავსდება და ეწყობა ერთმანეთს. უფრო მეტის თქმაც შეიძლება: ყოველივე ეს ერთი სათქმელის ირგვლივ არის თავმოყრილი და ამ ერთ სათქმელს წარმოაჩენს. ჩემი აზრით, ეს არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ელა გოჩიაშვილის პოეზიაში.

© “არილი

Facebook Comments Box