გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა საუკუნის ორი დიდი გერმანელი მწერლის – თომას მანის და ჰერმან ჰესეს მიმოწერა. ეს მიმოწერა მრავალი ნიშნით არის საინტერესო; აქ ირეკლება მესამე რაიხის აღზევების, მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიების და საბოლოოდ ნაციზმის განადგურების ეპოქა. თომას მანი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, ჰერმან ჰესე შვეიცარიაშია გამოკეტილი. ასეთია მათი ხვედრი. გერმანიაში ორივე მწერალი აკრძალულია. ამ პერიოდში იქმნება თომას მანის „იოსები და მისი ძმები“ და „დოქტორ ფაუსტუსი“, იქმნება აგრეთვე ჰესეს „თამაში რიოში მარგალიტებით“.
ამ მიმოწერაში, ჩემი აზრით, საინტერესოა ლიტერატურული კონტექსტი, საუბრები ლიტერატურაზე, თვალშისაცემია შტრიხები, რომლებიც მწერლების პორტრეტებს შემოწერენ. მიმოწერას წინ უძღვის ჰერმან ჰესეს რეცენზია თომას მანის რომანზე „სამეფო უდიდებულესობა“. ამ რეცენზიაში ჰესე წერს: „ აქ ის ძალა გვაკლია, „ბუდენბროკებში“ რომ გვიტაცებდა, ალბათ ამიტომაც განვსჯით შედარებით მკაცრად, ცივი გონებით; თან გვიკვირს, ესოდენ დიდ შემოქმედს ასეთი ფატალური თვისებები რომ ახასიათებს. მთელი მისი თავდაჯერებულობის მიუხედავად, შეცდომებსაც უშვებს და აშკარა უგემოვნობასაც ავლენს. რა სასაცილოდ ჟღერს, თომას მანი და უგემოვნობა! და მაინც, ეს ასეა“.
უკვე საინტერესოა – ჰესე ლაპარაკობს თომას მანის უგემოვნობაზე. პირად მიმოწერაში მსგავსიც კი არაფერი შეინიშნება. იქ სრული თანხმობაა ორ მწერალს შორის.
განვაგრძოთ ჰესეს რეცენზია: „თომას მანი არის მწერალი, მაგრამ ამავდროულად კიდევ უფრო დიდი ინტელექტუალია. ის ნიჭიერია, მაგრამ არ გააჩნია ბალზაკის ან თუნდაც დიკენსის გულუბრყვილობა“.
ჰესესადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში თომას მანი გერმანულ პერიოდიკაში ამოკითხულ ცნობას იხსენებს. იქ საუბარია იმის შესახებ, რაც ერთ-ერთ სხდომაზე თქმულა – ლექსის დაწერა ყველა ნამდვილ მწერალს უნდა შეეძლოსო. ვიღაცას წამოუძახია თომას მანის სახელი, აქაოდა, ისიც ვერ წერსო ლექსებს, სხვას კი უთქვამს, ვერ წერს, რადგან არ არისო ნამდვილი მწერალი. ამას თვითონ თომას მანი ატყობინებს ჰერმან ჰესეს. გაკვირვებას იწვევს ამხელა მწერლების გარემოცვაში ასეთი იაფფასიანი გამკენწლავი ფრაზების არსებობა.
ნიშანდობლივია ერთი რამ: ხსენებულ წრეში თომას მანი უფრო ინტელექტუალად არის მიჩნეული, ვიდრე მწერლად. თვითონ ჰესეც კი აცხადებს, მას დიკენსისეული ან ბალზაკისეული ნაივობა აკლიაო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, ამგვარ შთაბეჭდილებებს არაფერი აკავშირებს ჰესეს პირადი მიმოწერის იმ ფრაგმენტებთან, სადაც თომას მანის ფიგურა მორალურ საყრდენად არის წარმოდგენილი. აი, რას წერს ჰერმან ჰესე თომას მანს: „ შიგადაშიგ, როდესაც სიტუაცია მძიმდება, თავს დეპრესიულად ვგრძნობ, თქვენზე ვიწყებ ფიქრს და ყოველთვის კეთილად გიხსენებთ“.
საყოველთაოდ ცნობილია თომას მანის ემიგრაციაში წარმოთქმული სიტყვები: „სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ არისო“. ასეც იყო. ამიტომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას მიაწერდნენ ამ კაცს და რას საუბრობდნენ მის შესახებ. ერთი რამ უეჭველია: ფაშიზმის აღზევების პერიოდში ის უკვე უაღრესად სერიოზულ ფიგურად მიიჩნეოდა, ამიტომაც მუდმივად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა. რაც შეეხება ჰერმან ჰესეს შენიშვნებს, ეს შენიშვნები ლიტერატურულ სფეროს არ გასცილებია, ჰესე გულწრფელი იყო და არავითარ ტენდენციურობას არ ამჟღავნებდა, რასაც ფიქრობდა, იმას ამბობდა. გარდა ამისა, თუ ერთ რეცენზიაში ჰესე გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამდა, სხვაგან, თომას მანის ესეების კრებულის წერილობით შეფასებაში განსხვავებულ შეხედულებებს უზიარებდა მკითხველს. აი, ვთქვათ, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნებული წერილის ფრაგმენტი: „ სიხარულით მივიღე თომას მანის ახალი ესეების კრებულის „ოსტატობის ვნებანი და სიდიადე“ გამოსვლის ამბავი. ყოველი განმეორებითი შეხვედრა ამ ენერგიულ მწერალთან გვაგრძნობინებს, რომ ის მხოლოდ უბრწყინვალესი შემოქმედი და ძალიან ჭკვიანი, გონებამახვილი ადამიანი კი არ არის, არამედ ერთგული, მყარი და გამძლე პიროვნებაა“.
ამის შემდეგ ჰესე საუბრობს მანის ბიურგერობაზე და ამბობს, რომ მანი იყო ბიურგერი ამ სიტყვის საუკეთესო და კეთილშობილური გაგებით, მაგრამ არ იყო მეშჩანი. ახალგაზრდა ენთუზიასტებისთვის ის თურმე ზედმეტად ჭკვიანი, ინტელექტუალური და ირონიული ადამიანი ყოფილა, მაგრამ ეს შეფასება სრულად ვერ გამოხატავს მის შესაძლებლობებს. ის უზომო შესაძლებლობების შემოქმედია. ყოველივე ამას ფიქრობს ჰესე, ამ განაზრების საბაბი კი, როგორც ვთქვით, თომას მანის ესეების კრებულია.
მიმოწერა მძიმე პოლიტიკური მოვლენების ფონზე მიმდინარეობს. ამიტომაც წერილებში – პირდაპირი თუ არაპირდაპირი მნიშვნელობით – ამ მოვლენების ანარეკლი ილანდება, მაგრამ ამ ვითარებაშიც კი შეუძლებელია მწერლებმა ლიტერატურაზე არ ისაუბრონ. ერთგან ჰესე თავისი ლექსების პატარა წიგნზე ესაუბრება თომას მანს და უგზავნის კიდეც ამ კრებულს. ჰესე წერს: „ ამ ფორმით მინდოდა თავიდანვე ჩემი ცნობილი ლექსების კრებულის გამოცემა, მაგრამ გამომცემელი არ დამეთანხმა, ცხვირი აიბზუა…“ საინტერესოა ეს ყოფითი დეტალი. საუკუნის მწერალს, ჰერმან ჰესეს გამომცემლობა უარს ეუბნება ავტორის მიერ შედგენილი რჩეული ლექსების გამოცემაზე. შემდეგ ვითარება იცვლება: „გამომცემლობიდან სულ ახალ-ახალ მოთხოვნებს ვიღებდი, მე კი ისევ ჩემს პირვანდელ აზრზე ვიდექი. როგორც იქნა, ჩემმა მოთმინებამ ნაყოფი გამოიღო და გამომცემლობა დამთანხმდა“. წიგნი გამოიცა და ავტორმა იგი თომას მანს გაუგზავნა. მანი აფასებს პოეტურ კრებულს და წერს: „ეს მელოდიურობის ნამდვილი საგანძურია! ნამდვილი ხელოვნებაა! მართლაც რომ სალბუნია ტანჯული სულისთვის!“ მშვენიერი შეფასებაა! თანაც ვინ აფასებს? თომას მანი! არადა, რომელიღაც გამომცემელი ლექსების წიგნის გამოცემაზე უარს ამბობდა!
ჰერმან ჰესესადმი მიწერილი ერთი წერილი განსაკუთრებით მკაფიოდ ავლენს თომას მანის პიროვნულ იერს, მის მოუსვენარ და მაძიებელ ხასიათს და, თუ გნებავთ, მის სულით გაუტეხლობას. ამ წერილში ლაპარაკია იმაზე, რომ გამოჩნდა ერთი ლიტერატურით დაინტერესებული შეძლებული ქალბატონი, რომელიც გამოყოფს საჭირო თანხას ჟურნალის გამოსაცემად. თომას მანი დიდი ენთუზიაზმით არის შეპყრობილი და ამბობს: „სურვილი, აუცილებლობაც კი ასეთი გერმანული ჟურნალის არსებობისა რაიხის ფარგლებს გარეთ, უდავოა, და ზოგადად, დადებითად მიიღეს“.
ამ მცირე მონაკვეთში კარგად ჩანს თომას მანის მიზანსწრაფულობა და ძალთა კონცენტრირების იშვიათი უნარი. საქმე ის არის, რომ მძიმე პოლიტიკური ატმოსფერო და, ზოგადად, ემიგრაციაში ყოფნა ათმაგად ამძიმებდა დევნილი მწერლების შემოქმედებით მუშაობას. თომას მანი კი ცდილობს აქაც მიაგნოს გამოსავალს. რა უნდა ქნას? უპირველეს ყოვლისა, მშვიდი სამუშაო პირობები უნდა შექმნას. ამისთვის კი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემა აუცილებელ პირობად ესახება. გავიხსენოთ ჰესესადმი მიწერილი ადრეული წერილი, სადაც მანი წერს: „გერმანული ამბები ისე მოქმედებს ჩემზე, მორალურ-კრიტიკულ სინდისს იმდენად მიღიზიანებს, რომ, როგორც ჩანს, შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ვახერხებ. ეტყობა, დროა, წერილობით ჩამოვაყალიბო ჩემი უკომპრომისო და დიდი შინაგანი სივრცის მატარებელი პოლიტიკური მრწამსი“.
წერილებიდან ჩანს, რომ გერმანელ მწერალს თავისი პოლიტიკური მრწამსი არ ჩამოუყალიბებია, მან სხვა გამოსავალს მიაგნო: ლიტერატურული ჟურნალის გამომცემელი მოიძია და სასურველი ვითარება ამგვარად შექმნა. ამის შემდეგ თომას მანი შეეცადა, ჰერმან ჰესეც მიეზიდა და ჩაერთო ჟურნალის ავტორთა ჯგუფში. მისი შესაშური ენთუზიაზმი ყოველ ფრაზაში გამოსჭვივის: „რა კარგი იქნებოდა, თქვენც რომ ჩართულიყავით! არ ვიცი, ამჟამად როგორი დამოკიდებულება გაქვთ გერმანიისადმი, მაგრამ იმის თქმა კი ზედმეტია, რომ თქვენი მონაწილეობა ამ კარგად გაანალიზებულ გეგმებში მეტად სიმბოლური და პრაქტიკული ხასიათის იქნებოდა“.
ჰესეს პასუხი თავშეკავებულია. ის ამბობს, რომ ცოტას წერს და პრინციპულად არ ასრულებს დაკვეთებს, „რაიხის გარეთ“ არსებულ ლიტერატურულ ჟურნალში მწვავე პუბლიკაციები მას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, მისი ორივე და გერმანიაში ცხოვრობს – ესეც გასათვალისწინებელია; ჰესე დასძენს, რომ მისივე მეგობარი ფრანც შალი რამდენიმე კვირაა ვიურცბურგში ციხის იმავე პოლიტიკურ განყოფილებაში ზის, რომელშიც თომას მანის ნაცნობი ფიდლერი იჯდა. ამის შემდეგ კი ჰერმან ჰესე სრულიად გასაოცარ რამეს წერს: „ დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი მიმოწერა, უკვე წლებია, გესტაპოს ხელშია“. ამას, როგორც ჩანს, თომას მანიც ვარაუდობს, მაგრამ მათი მიმოწერა მაინც უაღრესად თავისუფალია, წრფელი და შეუზღუდველი.
და აი, ამ მიმოწერის პერიოდში ჰერმან ჰესე სამოცი წლის შესრულდება. ამ თარიღის
გამო იუბილარისადმი გაგზავნილი თომას მანის მისალოცი ბარათი ალბათ ყოველგვარ აღნიშვნას აღემატება. ეს არ არის ჩვეულებრივი ბარათი, ეს არის ჰესეს უნიკალური პიროვნული და შემოქმედებითი პორტრეტის სახელდახელოდ შესრულების ცდა. ამგვარი იმპროვიზაციული სისხარტე და დინამიურობა სძენს ხიბლს მანის წერილს. აქ იგრძნობა გერმანელი მწერლის ხელწერა – უნიკალური და პარადოქსული ცხოვრებისეული მოვლენების განჭვრეტა, კერძოდ, შემოქმედი ადამიანის პიროვნული წყობის ზუსტი ეპითეტებით დახასიათება. თომას მანი ჰესეზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, გერმანული სამყაროს განუმეორებლობაზე აკეთებს აქცენტს: „არ არსებობს რამე იმაზე მეტად გერმანული, ვიდრე ეს მწერალი და მისი ცხოვრების ნაღვაწია – არაფერია ასეთი გერმანული, ამ სიტყვის ძველი, მხიარული, თავისუფალი და სულიერი გაგებით… მისი წმინდა და გაბედული, ფანტაზიით სავსე და, ამავე დროს, ღრმადინტელექტუალური შემოქმედება სავსეა გადმოცემებით, კავშირებით, მოგონებებით, საიდუმლოებებით და ამასთან, სულაც არ არის ეპიგონური“.
თომას მანი ხაზს უსვამს ჰერმან ჰესეს, შვაბი ლირიკოსის და იდეალისტის კავშირს ვენის ეროტოლოგიური „სიღრმისეული ფსიქოლოგიის“ სფეროსთან. რაც შეეხება „ტრამალის მგელს“, გერმანელი მწერლის აზრით, ის თავისი ექსპერიმენტული სიმამაცით არ ჩამოუვარდება ჯოისის „ულისეს“ და ჟიდის „ყალბი ფულის მჭრელებს“.
ჰესეს შემოქმედება თომას მანისთვის ჩვენი ეპოქის ყველაზე ნათელი და უმაღლესი გონებრივი ნაღვაწია. მანი ამბობს, რომ ჰესე თავიდანვე გამოარჩია და სიმპატიით ადევნებდა თვალს მის ზრდას. ამ სიმპათიას განაპირობებდა ერთი მხრივ, მსგავსება მანისავე სულიერ სამყაროსთან და, მეორე მხრივ, მისი განსხვავება. მსგავსებაზე თომას მანი გაკვირვებული და გაოცებული საუბრობს. მისთვის რომანი „თამაში რიოში მარგალიტებით“ უაღრესად ახლობელია, საკუთარი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. შემოქმედების შეფასებას ჰესეს პიროვნებისეული შტრიხები მოსდევს. აი, რას წერს „ბუდენბროკების“ ავტორი: „მე მიყვარს ის, როგორც კაცი და ადამიანი, მისი მხიარული, აზრით გამსჭვალული, კეთილი და ეშმაკური არსი, ღრმა, ლამაზი ხედვა მისივე, სამწუხაროდ, სნეული თვალებისა, რომელთა სიცისფრე ანათებს მოხუცი შვაბი გლეხის გამხდარ და მკვეთრნაკვთიან სახეს“.
ძალზე შთამბეჭდავი შტრიხებია, როგორც შემოქმედებითი, ისე პიროვნებისეული პორტრეტის შემომწერი და შემავსებელი. თუმც ამით არ მთავრდება ერთი მწერლის მიერ მეორის დახასიათება. აქ ერთი მეტად იშვიათი თვისებაა „ტრამალის მგელის“ ავტორისა შენიშნული – ეს არის თავმდაბლობა, მისი არაამბიციურობა; მანი უსურვებს ჰესეს, რომ მიუხედავად მისი ნაკლები ამბიციურობისა, სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოეხვეჭოს, გაესრულებინოს „თამაში რიოში მარგალიტებით“ და წილად ხვდომოდეს ღირსეული ჯილდო – ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
ჰესე უდიდესი მადლიერების გრძნობით პასუხობს თომას მანს და ამბობს, მეგობრების შეძენა ადვილია, ეს არასდროს გამიჭირდება, თუმცა უღალატო ადამიანების პოვნა ნამდვილად ძნელიაო.
ორი დიდი მწერლის მიმოწერა ადასტურებს, რომ ისინი ერთმანეთის მონათესავე სულები არიან. მათი სასოწარკვეთილი და მაინც იმედიანი ურთიერთგადაძახილი ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნების ცდაა. მხოლოდ დროდადრო მათ მიმოწერაში პესიმიზმი გამოსჭვივის. ერთ წერილში ჰესე ამბობს, რომ მისი მეუღლე განადგურებულია, რადგან მის ოჯახსა და მეგობართა წრეში მრავალი საშინელება მოხდა. ამის შემდეგ მწერალი ნატრობს თვალები დახუჭოს და გადაგვარებულ სამყაროს ზურგი შეაქციოს. უიმედობას კი მხოლოდ იმიტომ არ ნებდება, რომ სჯერა, წერის გაგრძელებას შეძლებს. მას ხელს უშლის მოძალებული ავადმყოფობა.
თომას მანის და ჰერმან ჰესეს მიმოწერა უმძიმესი საუკუნის უაღრესად დრამატული და ნათელი დოკუმენტია. ფაშიზმის აღზევებით გამოწვეულმა ნიჰილიზმმა, უსასტიკესმა მეორე მსოფლიო ომმა პიროვნების სრულ ნიველირებას შეუწყო ხელი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პიროვნული უნიკალობისა და განუმეორებლობისადმი პატივისცემა დაიკარგა. მასობრივი ფსიქოზის ხანაში ზნეობრივი რელატივიზმი გაბატონდა.
თომას მანმა და ჰერმან ჰესემ კი ამის სპირისპიროდ ადამიანური სახე და ურთიერთპატივისცემა შეინარჩუნეს, ისინი სხვებსაც საამისოდ მოუწოდებდნენ, რასაც თვალნათლივ მოწმობს მათი მიმოწერა. წიგნი გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა.
© არილი