პოეზია

ზურა პაპიაშვილი – აბა, რა გითხრა, დედაჩემო და სხვა ლექსები

აბა, რა გითხრა, დედაჩემო

1.

აბა, რა გითხრა, დედაჩემო, საით წავიდე,

გზებს ყველას ერთი ფერი აქვს და თანაც სიმუქე

აკრავს ყველაფერს, რასაც ვხედავ. ამ გზით გაიქცნენ,

შენ რომ გეგონა აქ რჩებოდნენ, მაგრამ სისუსტემ

სუყველას კართან მიაბიჯა, ვინც დამცინოდა,

ვეღარ გაუძლეს მსუნაგ ცოლებს და საელჩოებს,

მათ პირველებმა მიაშურეს და გაჰყვიროდნენ,

იბრძოლეს, მაგრამ სხვისას მაინც არ დაელოდნენ…

და ასე მოხდა, ვერც დაგტოვე, ვერც გაგექეცი,

ვერც დაგემალე და ძველ ამბავს ვიხსენებ ისევ,

ფეხის ფართხუნით შუა გზაში რომ წაგექეცი,

და წამოდგომა ასე ძნელი აღმოჩნდა დღემდე,

და ასე შევრჩი ამ შენს თვალებს, ნაღველით სავსეს,

ტკბილი სიბერე ვერ მოგეცი და ახლა მიჭირს,

კართან დახვედრა, შეგებება სიახლის მაცნის,

რომელიც ალბათ აღარ მოვა და აღარც მიკვირს

(მან ხომ დიდი ხნით მიმატოვა, ხან მეც არ მჯერა),

დაბადებიდან ანუ ჩემი მოვლენის დღიდან,

კალთას გამობმა ერქვა ამას, უფრო დარჩენა,

თან სიხარულად რომ გექცა და თან მძიმე ტვირთად,

მეც ვერ ვიშორებ ძველ ტკივილებს არა და რაა?

ტკივილის განცდა, როცა უკვე მუმია გქვია,

როცა შენიდან იღბალამდე იმსიგრძე გზაა,

რომ ვერასოდეს დაგეწევა ნასროლი ტყვია.

2.

ყოველთვის, როცა ღამის ფიქრებს ვეხიზნებოდი,

ვფიქრობდი სახლზე, სადაც ყველა ცხოვრობდა ერთად,

და მეც მინდოდა მისვლა მათთან, ვეჯიბრებოდი,

საკუთარ თავს, რომ დამეძლია თამაში ცეცხლთან,

სახლი ვთქვი, მაგრამ მე იმ სახლში არვინ მელოდა,

არც დიდი გულით, არც სიყალბით, არც მონატრებით,

და ამიტომაც სულ მერჩივნა ყოფნა მიწაში,

რომელიღაცა თავშესაფრის მაღალ კედლის ქვეშ.

ჰოდა, იმ სახლში ახლა უკვე ცივი ქვებია,

სიცარიელემ გამოჭამა ყველა სურვილი,

აღარც იქ მისვლა, არც დამხვედრი, უკვე წლებია,

აღარ არსებობს. აღარც მე მკლავს მისვლის წყურვილი.

ჰოდა, ასეა, მარტოდ მარტო ვებრძვი მშრალ სირცხვილს,

რომ მე ოდესმე იმ სახლამდე  მისასვლელ გზასთან,

მინდოდა მისვლა, ყველა ერთად და ყველა ირგვლივ,

ჩემთან მოსასვლელ აღმართის გზას ცივად რომ გასცდა…

3.

კვამლივით ასდის წარსულს სუნი უნიათობის,

და ახლა ჩემს სახლს ვდარაჯობ და ყოველ დღე გიცქერ,

რომ მიუსვლელად არავისთან, უკიაფობის,

ზეგანს მივყვები ცარიელი ჯიბით და ვიკვლევ,

ჩემს ხასიათებს, თვისებებს და სიმცირის ზომებს,

რომ პატარა ვარ, თან რა დიდი ტკივილებისთვის,

რომლებსაც ვიტევ, მთავაზობენ ცხოვრების ფორმებს,

დაუკითხავად, ძირითადად ყოფნას სხვებისთვის,

შენ არ იდარდო, რასაც დარდობ, როგორ ვიცხოვრებ,

შენს ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ რას გავაკეთებ,

ამ ძველ ქალაქში როგორც სხვები, ისე ვიმყოფებ

მეც იმ სამყოფელს… თუ არა და დროს გავაჩერებ…

და ტვინს შევუხრავ შეკითხვებით, რაც კი ოდესმე

დაბადებულა ამ ჩემს თავში მკვდრადშობილივით,

ჯერ კიდევ, როცა ბავშვი მერქვა და ვერ მოვერგე

უცხო სარივით, უცხო ბაღში დარჭობილივით,

ვკითხავ და პასუხს ალბათ მაინც ვერ ვეღირსები,

ასე მგონია, შეცდომები მაღლიდან მოგვდევს,

შენგან რა მინდა, დედაჩემო, რას გეპირები,

განა არა სჯობს? ყველაფერი ერთბაშად მორჩეს.

4.

სინამდვილეში არაფერი ჯერ არ მორჩება

და ზამთრის დღეებს კვლავაც ისევ ერთად დავითვლით,

გაზაფხულამდე მზე გამოვა, ყინვა მოკვდება,

ქალაქის ქუჩებს დარდიანად მშვიდად გავივლით,

შენ ისევ ისე, მომავალზე როცა დამიწყებ…

მე წარსულს ბრაზით შეგაშველებ გულისტკივილით,

მერე ორივე გავჩუმდებით, ენას გავიკრეფთ,

ისევ ბედ-იღბალს მივადგებით მწარე ჩივილით,

ჰოდა, ასეა, დედაჩემო, ვერაფერს გეტყვი,

გზებს ყველას ერთად აღმოაჩნდა ფერი სიმუქის,

და არც გაქცეულს, არც დარჩენილს, არ შემრჩა ბედი,

გარდა მედლისა, ოქროსია, ოღონდ სისუსტის.

ამანათი

ამანათი დამესიზმრა წუხელ,

როგორც ბავშვი, სიხარულით ვხსნიდი,

არაფერი აღარ იყო უკვე,

და ცარიელ, ბნელ მოლოდინს ვცლიდი,

მაგრამ ყუთი ისევ ისე ჩუმად,

კვლავ ვიღაცის მანიშნებდა დუმილს,

კართან თითქოს ვიღაც იდგა ურცხვად,

ვიღაც თითქოს სულ არ გრძნობდა წუხილს –

ცარიელმა ყუთმა მოკლა უკვე,

მოლოდინი იმ ახალის მოსვლის,

ვისაც ელი, ის არ მოვა თურმე,

ვინც არ გინდა, უსიკვდილოდ მოდის,

ჰოდა, ახლა სიზმარ სიზმარ ვეძებ,

ნამდვილ ყუთს და ნამდვილ მომსვლელს ჩემთან,

იქნებ ისიც სიზმარ სიზმარ მეძებს,

იქნებ სულაც, ბნელში ვცხოვრობთ ერთად.

* * *

სადღაც დაგინახე, ისევ შორს იყავი,

ისევ ნაწყენი და ისევ მომტირალი,

თითქოს მიდიოდი, თანაც აქ რჩებოდი,

თითქოს მელოდი და თითქოს არ მელოდი,

თვალებს დაბნეულს და ისევ ჩაშავებულს,

უკვე გზა ეპოვათ. წარბებს გაქვავებულს,

ვეღარ ვუძლებდი და შენს ჩრდილს მივყვებოდი,

ვითომ დაუღლელი, სულმთლად ვიღლებოდი,

სულ მთლად დავიცალე ძველი სიზმრებისგან,

ძველი სიტყვების და ძველი ფიქრებისგან,

სადღაც შეუხვიე, უკვე ლანდს ვხედავდი,

სხვისი ოცნებების, სახლის კარს ღებავდი.

* * *

ვერაფერს გეტყვი ახლა ამ წუთას,

ახლა ამ წუთას ვერაფერს ვხედავ,

ყველა სიმრგვალე იქცა მარყუჟად,

ყველა მარყუჟი ჩემს კისერს ხედავს.

ვერაფერს დავწერ ახლა ფურცელზე,

ყველა ფურცელი სავსეა ლურჯად,

ჩემი ბრალია, ასე უთქმელზე,

რომ გამოვაღე ეს ძველი უჯრა,

და ახლა ძველმა წერილმა უცბად,

სულ დამავიწყა წერაც და ფიქრიც,

ვერაფერს გეტყვი ახლა ამ წუთას,

მარყუჟში გაყრილ უმწეო კისრით.

ცხარე არაყი

ვერაფრით შეცვლი,

პირველ გემოს, ცხარე არაყის,

როგორც ალიყურს, – წამოდებულს,

უფროს კაცისგან,

სულ გახსენდება ის გემოც

და ის ალიყურიც,

თუ გადადიხარ მოქმედების,

პირველ ხაზიდან,

თუ უბრუნდები გავლილ გზაზე

მწყობრად დარჩენილ,

სიზმრებს, რომლებსაც

კვლავ უყურებ უცხო თვალიდან,

და მაინც ისევ,

ფეხაკრეფით გინდა წახვიდე,

ცხარე გემოს და ალიყურის,

ძველი სახლიდან.

და მაინც გიყვარს, გულში ჩუმად,

სკოლის ასაკი,

როცა პირველად

გადაჰკარი მწარე არაყი,

როცა პირველმა ალიყურმაც არ დააყოვნა,

და ამ ნატკენით, რაღაც დროით მაინც გადარჩი.

სიცხადის ეკლები

ავდექი, ღამეა, ვერაფერს ვერ ვხედავ,

წასულხარ, სკამიც და მაგიდაც ცივია,

ქუჩების მბჟუტავი სინათლეც მბეზრდება,

არ მინდა ფანჯარას შემოვრჩე. ნისლია.

წავყვები სიზმრებს და უსაგნო სახლებში,

კვლავაც მიმიღებენ, უფერო კედლები,

სულ მარტო ვივლი და სულ მარტო გავთბები,

მომბეზრდა ძალიან, სიცხადის ეკლები,

ავდექი, ღამეა, ვერაფერს ვერ ვხედავ,

უშენოდ სკამიც და მაგიდაც ცივია,

უშენოდ მე მხოლოდ სიზმრები მექნება,

უჩემოდ რაც გინდა, რაც გინდა გიქნია.

* * *

და ახლა ვდგავართ, სადაც უკვე არავინ არ დგას,

არავინ უცდის სიბრაზეს და არ ხტება წყალში,

და ახლა ჩუმად ვიმეორებთ, გადამხტართ მანტრას,

ლოცვას, რომელსაც ბუტბუტებდნენ გაზუთხულს თავში,

და ახლა ჩუმად ვუმეორებთ ერთმანეთს შიშებს,

არავინ არ დგას, არც არავინ მოისმენს ამდენს,

და მაინც ხიდზე, სადაც უკვე არავინ იწყებს,

დილიდან გმინვას, მარტო ჩვენ ვართ და ამის ჩამდენს,

ეკუთვნის ალბათ ერთი პეშვი, ბედნიერ ღამის,

ან თუნდაც დილის დავარცხნილი სხივები მზისგან,

და მაინც ისევ მიტოვებულ ხიდზე ვართ წამით,

და მერე ალბათ სალანძღავი ვიქნებით სხვისგან,

მათგან, რომლებმაც ვერ გაბედეს ამ ხიდზე დგომა,

ვერც გადახტომა, ვერც სიმღერა, ვეღარც სიმშვიდე,

და მაინც წამით ისევ გვიწევს ნაპირთან დგომა,

მართლება თავის, რომ თავები მაინც მივყიდეთ,

ადგილს, რომელზეც აღარავინ აღარ დგას უკვე,

და მხოლოდ ჩვენ ვართ (ალბათ ბოლო ვიქნებით, რადგან),

ბულდოზერები მოიწევენ ხიდისკენ მრუდედ,

ბულდოზერები ჩაგვიშლიან ამ ბოლო განცდას.

* * *

ხომ ხდება ასეც, მხოლოდ ითვლი ჩაზნექილ შრეებს

და ამოზნექილ კუზებს უფრო დიდხანს უყურებ,

ვერაფერს იგებ, უთვალთვალებ ხმაურის წრეებს,

ხალხი რომ მოთქვამს, აი, მტერსაც რომ არ უსურვებ,

ხომ ხდება, როცა განზე ხარ და თანაც შუაში,

ექცევი ისე, ნება შენთვის არვის უკითხავს,

დგახარ და იცდი, არ მოგსვლია გაცლა ჭკუაში

და შენი წიგნი, საკითხავი, უცხოს უჭირავს,

და ასეც ხდება, იმ შენს სახლში უცხო გაჩნდება,

სამყოფელს ჩუმად წაგართმევს და წესს ვერ მოჰკითხავ,

ჩაზნექილი შრე და გამხმარი კუზი გაქრება,

შეეგუები სხვის წაკითხულ მცნებებს მორჩილად.

* * *

უკვე აღარ ვარ, რაც ვიყავი, ისიც შენა ხარ,

უკვე ყველაფერს, დავიწყებულს შევცქერ ფერადად,

ეს ზამთარიც ხომ (როგორც ყველა, ძუნწი ზამთარი),

არაფერს მარგებს ზაფხულისას, ჰო და ჩამჯდარი,

ამ სავარძელში ჩაძინებულ თვალებს ვაღვიძებ,

და შემდეგ ჩემში წამსვლელსა და მომსვლელს ვარიდებ

ერთმანეთისგან, რომ არ  ჭამონ, რომ არ დაჭამონ,

მათ ერთმანეთი გულმოსულზე ტყუილ-ამაოდ,

მე კიდევ ვზივარ ამ ზამთარში, ასე უსაქმოდ,

არც საქმე მხიბლავს და არც ამას აღარ უარვყოფ,

უკვე აღარ ვარ და რაც დავრჩი, ისიც შენა ხარ,

ძვირი დაგვიჯდა ყველა კოცნის ჩუმად შენახვა.

© არილი

Facebook Comments Box