Uncategorized

ზურა ჯიშკარიანის “სწრაფი, ღამისიერი” – ცნობიერებით ინფიცირებული

ავტორი: თაკო წულაია

ზურა ჯიშკარიანი, “სწრაფი, ღამისიერი”, სულაკაურის გამომცემლობა

კიბერპანკის სათავეების ძიებისას ისე მოვიქეცი, როგორც ჟანრის კანონები მოითხოვს: ხელოვნურ ინტელექტს მივწერე. აღმოჩნდა, რომ ეს ტერმინი პირველად  ჩნდება 1983 წელს და ამერიკელი მწერლის, ბრიუს ბეთკეს პატარა მოთხრობის სათაურია, რომელიც შემდეგ სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრის სახელწოდებად იქცა. თუმცა როგორც ტერმინის, ისე ჟანრის პოპულარიზაციაში მთავარი როლი მაინც უილიამ გიბსონმა და მისმა „ნეირომანსერმა“ შეასრულეს. მოკლედ რომ განვმარტოთ, კიბერპანკს გამოარჩევს ტექნოლოგიურად განვითარებულ, მაგრამ დეჰუმანიზებულ სამყაროში გამოკეტილი ანტიგმირი, რომელიც ერთგვარი მარგინალია და უპირისპირდება ძალაუფლების სტრუქტურებს, რომლებიც ქალაქებსა თუ დასახლებებს მართავენ. ანტიგმირის ბრძოლის საშუალებები ტექნოლოგიებია. კიბერპანკის სამყარო აგებულია დისტოპიური ქალაქებისგან, რომლებშიც ცხოვრების ხარისხი მეტისმეტად დაბალია. ამ დისტოპიურ ქალაქებში კი დაეხეტებიან ნიჰილისტები ან/და ისინი, ვინც ჯერ კიდევ იბრძვიან. ასეთ რეალობაში პერსონაჟებსა და ავტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ ტრანსჰუმანიზმი და ეგზისტენციალიზმი, რადგან ერთდროულად დაეჭვებულნი არიან საკუთარ ეგზისტენციასა და ზოგადად, სამყაროს არსებობაში, რომელიც, შესაძლოა, რომელიმე ორგანიზაციის ან ბოროტი გონის სიმულაცია აღმოჩნდეს. ამიტომ ჩნდება კითხვები – ვინ ხარ სინამდვილეში, რა არის შენს ონტოლოგიაში ნამდვილად შენი და არა გარეშე ძალების მიერ თავსმოხვეული, როგორ და როდის იბადება ცნობიერება, არის თუ არა საკმარისი ცნობიერების დაბადება, რომ საკუთარ არსებობაში იყო დარწმუნებული და ა. შ.

ზურა ჯიშკარიანის რომანი პირველივე გვერდებიდანვე ამჟღავნებს ზემოთ ხსენებულ ყველა ნიშანს: წარმოუდგენელი ტექნოლოგიური განვითარება, რომლის პარალელურადაც ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული კოლაფსია ქალაქებში; ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული კომპიუტერული უნარები აქვთ, მაგრამ კანონგარეშე მოქმედებენ და იმპერიას ებრძვიან; აპოკალიფსი; სხვადასხვა მარგინალური ჯგუფი, განსხვავებული მიზნებითა და ინტერესებით; და, რა თქმა უნდა, შეკითხვები, რომლებიც ნებისმიერ რეალობას აყენებს ეჭვქვეშ.

„სწრაფი, ღამისიერი“  ავტორის მეორე რომანია. მასში მოთხრობილია იმ რეალობის შესახებ, რომელიც მთავრდება. საქმე ისაა, რომ აპოკალიფსი ახლოვდება, სულ ცოტაღაა დარჩენილი და ქვეყნებს, ადამიანებს თუ ადამიანთა ჯგუფებს ამ მოვლენის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია აქვთ შემუშავებული. თუმცა, ვერსიათა მრავალფეროვნების მიუხედავად, შეთანხმებულები არიან თარიღზე. ამის პარალელურად, განსაკუთრებით გააქტიურებულია ვიდეოთამაშების პერსონაჟების შავი ბაზარი, რომელსაც, სხვებთან ერთად, ამარაგებს რომანის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა – კიარა. მაგრამ კიარა მხოლოდ დამკვირვებელია, ტექსტში მკითხველის „შემცვლელი“, რომელმაც ნამდვილ პროტაგონისტს ყველა ის შეკითხვა უნდა დაუსვას, რომლებიც, შესაძლოა, კითხვისას ჩვენ გაგვჩენოდა. ნამდვილი პროტაგონისტი კი რენე დეკარტია, ოღონდ არა ისტორიული ფიგურა, არამედ მისი ციფრული ვერსია, რომელიც ცნობიერებით დაინფიცირდა და ჩვენ თვალწინ გადის თვითშემეცნების, სამყაროს ნამდვილობაში დაეჭვებისა და ღმერთის აღიარების რთულ გზას.

სწრაფი, ღამისიერი ციტატებითაა სავსე. ჯიშკარიანის ციტატები სამნაირია: ციტატები, რომელთა ავტორებსაც ასახელებს. ციტატები, რომლებზეც ამბობს, რომ „ვიღაც ავტორს“ ეკუთვნის; და ციტატები, რომლებიც ენობრივ ქსოვილში ისეა გახლართული, რომ ამოცნობა მხოლოდ ამ ციტატების წინასწარი ცოდნითაა შესაძლებელი. დოსტოევსკის, ემილ ჩორანის, ბორხესის, ნიცშეს, გალაკტიონის ფრაზები გაბნეულია ავტორისეულ ნარატივში, თუმცა თუ ნებისმიერი წერის აქტი სინამდვილეში მხოლოდ გადაწერაა (როგორც ჰემინგუეი ამბობდა), ან არ არსებობს ახალი იდეა და მწერლები მენტალურ კალეიდოსკოპში გატარებული ძველი იდეებით გადიან ფონს (როგორც მარკ ტვენს მიაჩნდა), ან „ტექსტი ციტატებისგანაა მოქსოვილი“, ხოლო ყოველი ტექსტი მანამდე დაწერილ ტექსტებს ჰბაძავს და თავის მხრივ, „მანამდე“ დაწერილი ტექსტიც ჰბაძავს რომელიმე სხვა ტექსტს და ასე დაუსრულებლად (როლან ბარტის აზრით), მაშინ საჭირო არც არის ავტორების მონიშვნა, რადგან ყოველი ტექსტი მაინც ინტერტექსტია, წინამორბედების ექო და ხმა, რომელიც შემდეგ ტექსტებში განმეორდება.

დავუბრუნდეთ რენეს, ვიდეოთამაშის პერსონაჟს, რომლის თავგადასავალიც ცნობიერების თავგადასავალია. ავტორი კი ცდილობს, დააკვირდეს და აღწეროს პროცესი – როგორ ჩნდება ციფრულ გონებაში რაღაც, რაც არც კოდებიდან და არც ალგორითმებიდან არ გამომდინარეობს.

ეს თავგადასავალი სამოთხის ალეგორიით იწყება.

სამოთხის ამბის ჰანს ბლუმენბერგისეული ინტერპრეტაცია ასეთია („და ისევ: რა მოხდა სამოთხეში?): „ადამი უნდა მოკვდეს, როცა შემეცნების ხის ნაყოფს ჭამს. მაგრამ ის არ კვდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ კვდება, არამედ მხოლოდ იმ ბაღიდან განიდევნება, სადაც სიცოცხლის ხე დგას, რომლის ნაყოფიც უკვდავებას მიანიჭებდა, მასთან მიღწევა რომ დასცლოდა. ეს განუსაზღვრელად შეყოვნებული სიკვდილით დასჯაა. უფრო ზუსტად, სიკვდილისგან თავის დაღწევის საშუალების წართმევაა“.

ჯიშკარიანის რომანის შემთხვევაშიც, სამოთხეში მთავარი არა სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა, არამედ სიკვდილის არსებობა-არარსებობაა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ როცა ჩვენი რომანის გმირი რენე-ადამი „შემეცნების ხის ნაყოფს ჭამს“, ესე იგი, მასში ჩნდება ცნობიერება, მას თავად უჩნდება სიკვდილის სურვილი, რაც სინამდვილეში სიცოცხლის სურვილია, რომელიც სიკვდილის არსებობაზე თანხმობაში ვლინდება. რენეს, შემმეცნებელ, ციფრულ არსებას, ადამისგან განსხვავებით, სიკვდილი არა სასჯელად, არამედ სიცოცხლის ბუნებრივ დასასრულად (ან გაგრძელებად) მიაჩნია და როცა სიცოცხლეზე ოცნებობს, ოცნებობს სიკვდილზე, არა როგორც მის საპირისპირო ფენომენზე, არამედ მის განუყოფელ ნაწილზე. ამიტომაც რენე საკუთარ ონტოლოგიას უარყოფს, მზადაა, რომ ციფრული უკვდავება მოკვდაობაზე გადაცვალოს და ადამიანად იქცეს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ცნობიერება არ ჩნდება ერთბაშად და გაჩენისთანავე არ ავლენს თავის სრულ პოტენციალს. ის ნელ-ნელა ვითარდება, იცვლება, სხვადასხვა ეტაპს გადის. სანამ რენე ღმერთის არსებობას დაიჯერებს (რადგან თუ ღმერთი არ არსებობს, მასში ღმერთის იდეა ვერ გაჩნდებოდა), მანამ მისი ცნობიერება თავს, პირველ ყოვლისა, ეჭვებით ავლენს – სანამ რენე დაასკვნის, რომ აზროვნებს, მაშასადამე არსებობს, ნებისმიერი საგნის არსებობა საეჭვოა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სამყარო შენს მოსატყუებლად შექმნილი სიმულაციური თამაში არ არის. თუ ამ თამაშიდან გამოგაღვიძებენ, ვერც იმის გარანტია გექნება, რომ რეალობაში გამოიღვიძე. მეტიც, თუ როგორმე რეალობას მაინც მიაგნებ, ზუსტად ვერასოდეს გეცოდინება, შენ თვითონ რამდენად რეალური ხარ. იქნებ მხოლოდ კოდები ხარ და შენი ყოველი ფიქრი წინასწარ გაწერილი სცენარის რომელიმე ეპიზოდში წერია?

 მკითხველს არ გაუკვირდება, თუ აღმოაჩენს, რომ მისი შეკითხვები არსით ძალიან ჰგავს ვიდეოთამაშის პერსონაჟის შეკითხვებს. რასაც ვფიქრობთ და ვამბობთ, ნამდვილად ჩვენი ფიქრები და სიტყვებია, თუ ნარატივდიზაინერების შემოქმედება? როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩვენ, პერსონაჟებმა, ჩვენი, ავთენტური სურვილები, როცა გარშემორტყმული ვართ კოდერების, მწერლების, კრეატივშიკების მთელი არმიით? არმიას უნდა შევუერთდეთ თუ მის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, რათა თავი ნარატივების ტყვეობიდან დავიხსნათ?

თუ წიგნის ერთ-ერთი თავის ეპიგრაფს ვენდობით, სინამდვილე გაცილებით უფრო შემზარავია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ამიტომ რენეს გვერდით არსებობენ ისინი, ვინც არა გაცოცხლებას, არამედ სიცოცხლის კვდომის მსგავსი მდგომარეობებით შევსებას ცდილობენ. ასე ჩნდება სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, ასე ჩნდებიან მძინარეები, მოთამაშეები – ადამიანები, რომლებიც „სიმულაციურ სავარჯიშო დარბაზებში“ ვარჯიშობენ, თამაშობენ, რადგან როცა საკუთარი ცხოვრების მართვა აღარ შეგიძლია, როცა შენს ცხოვრებაში მთავარი გმირი აღარა ხარ, სხვების მართვას იწყებ და ალტერნატიული რეალობის წევრობისკენ ისწრაფვი.

რენეს ანდროიდული თვალები აღსასრულს ხედავენ, რომელიც რესტარტია თუ ბანალური დასასრული, არავინ იცის. მაგრამ რენეს არარა არ აშინებს: ამ დროს ის უკვე თავისუფალია ნებისგან, მას მართავს შემეცნება და არა ნება („ესაა არსებობის ყველაზე სწორი ფორმა: როცა ყველაფერს გრძნობ, მაგრამ არაფერს აგროვებ“).

რენეს სურდა, ყოფილიყო მოკვდავი და როცა მოკვდავი გახდა, უკვე აღარაფერი სურს. რადგან სწორედ სურვილები იწვევს ტანჯვას (რამდენიც არ უნდა დაიკმაყოფილო, აუცილებლად ჩნდება სხვა, ახალი სურვილი, რომელიც ისევ დაკმაყოფილებას ითხოვს), რენე აღარც იტანჯება. იგი იმ მდგომარეობაშია, როცა აღარაფერი გაშინებს, მათ შორის არც არარა, რომელსაც თვალს უსწორებ.

„მათთვის, რომელთა ნება გარდაიქმნა და საკუთარი თავის უარყოფამდე მივიდა, ეს ჩვენი ასე რეალური სამყარო მთელი მისი მზეებით და ირმის ნახტომებით – არარაობაა“.

თუ ასეა, მაშინ არარაობის არარად ქცევაც ვერ იქნება მტკივნეული. პირიქით, ისეთი განცდა დაგრჩება, თითქოს ყველაფერმა იპოვა თავისი ადგილი და, როგორც იქნა, სამყარო იქცა იმად, რაც არის.

© არილი

Facebook Comments Box